მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 7 » აჩრდილის თაყვანისცემა---იოსიფ ბროდსკი
6:03 PM
აჩრდილის თაყვანისცემა---იოსიფ ბროდსკი

როცა მწერალი არამშობლიურ ენას მიმართავს, მას ან კონრადივით აუცილებლობა აიძულებს, ნაბოკოვივით მწველი პატივმოყვარეობა ტანჯავს, ან ბეკეტივით უფრო მეტ გაუცხოებას ესწრაფვის. მე სხვა ლიგას მივეკუთვნებოდი, რის გამოც 1977 წლის ზაფხულში, ნიუ-იორკში, ამერიკაში ცხოვრების მეექვსე წელს, მეექვსე ავენიუზე მდებარე საბეჭდი მანქანების განყოფილებაში შევიძინე პორტატიული "Lettera 22” და დავიწყე ინგლისურად წერა (ესსე, თარგმანები, ზოგჯერ _ ლექსები) იმ მოსაზრებით, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ზემოჩამოთვლილ მოტივებთან. მაშინაც და ახლაც ერთადერთს ვფიქრობდი: უფრო დავახლოებოდი ადამიანს, რომელსაც მეოცე საუკუნის უდიდეს გონებად მივიჩნევდი _ უისთან ჰიუ ოდენს.
რა თქმა უნდა, მშვენივრად ვხვდებოდი ჩემი ახირების ამაოებას, არა იმიტომ, რომ რუსეთსა და რუსულ ენაში ვიშვი (რომლებზეც უარის თქმას არ ვაპირებ და იმედი მაქვს, vice versa (აქ: არც თვითონ უარმყოფს, გ.ჯ.), არამედ ამ პოეტის უდიდესი ინეტელექტის გამო, რომელსაც, ჩემი აზრით, ვერავინ შეედრება. ფუჭად იმიტომაც ვირჯებოდი, რომ ოდენი უკვე 4 წლის გარდაცვლილი იყო. თუმც, მეგონა, რომ ინგლისურად წერა მასთან დაახლოების საუკეთესო საშუალება, მისი პირობების გათვალისწინება, მისი ინტელექტუალური კოდექსით განსჯა თუ არა, იმის წარმოჩენა მაინც იქნებოდა, რაც მან ინგლისურ ენას შესძინა.
ეს სიტყვები, თვით ამ წინადადების სტრუქტურა, ვისაც ოდენის ერთი სტროფი ან ერთი აბზაცი წაუკითხავს, იმაზე მიუთითებს, რომ მე პირწმინდად დავმარცხდი. თუმც, მე მასთან დამარცხება მირჩევნია სხვებთან მოგებას. თანაც, იმთავითვე ვიცოდი, რომ ჩემი ცდა უნაყოფო აღმოჩნდებოდა. ძნელი სათქმელია, ვის უნდა დავაბრალოთ ეს _ მე თუ ოდენის ლექსებს. მხოლოდ ერთს შევპირდები ოდენს: ინგლისურად წერისას არ დავაქვეითებ მისი მსჯელობის დონეს, არ გავაბიაბრუებ მის სააზროვნო სიბრტყეს. მხოლოდ ერთ რამეს თუ შევძლებთ მათთვის, ვინც ჩვენზე უკეთესია: მათებურად ვწეროთ; ჩემი აზრით, ესაა ცივილიზაციის არსი.
ვიცოდი, რომ ტემპერამენტით და სხვა თვალსაზრისითაც, განსხვავებული ადამიანი ვიყავი და საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მის წამბაძველად თუ ჩამთვლიდნენ. თუმც, ამას კომპლიმენტადაც კი მივიღებდი. ამას გარდა, თავდაცვის მეორე ხაზიც მქონდა: მე ყოველთვის შემეძლო, ისევ რუსულად წერას დავბრუნებოდი; იმ ფრონტზე თავს საკმაოდ მყარად ვგრძნობდი და მას რომ რუსული სცოდნოდა, შეიძლება, ჩემი ნაწერები მოსწონებოდა კიდეც. ჩემს სურვილს, მეწერა ინგლისურად, საერთო არაფერი ჰქონია თავდაჯერებულობასთან, თვითკმაყოფილებასა ან გამორჩენასთან; უბრალოდ, მსურდა, მისი აჩრდილისთვის მეამებინა. რასაკვირველია, იქ, სადაც ის მაშინ იმყოფებოდა, ლინგვისტურ ბარიერებს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ რატომღაც ვფიქრობდი, რომ მასთან ინგლისურად რომ მელაპარაკა, უფრო მოეწონებოდა (თუმც, როცა ეს ამ თექვსმეტი წლის წინ კირხშტეტტენის მოლზე ვცადე, არაფერი გამომივიდა; ჩემი ინგლისური მაშინ საკითხავად და სასმენად უფრო გამოდგებოდა, ვიდრე _ სასაუბროდ. შესაძლოა, ეს უკეთესიც კი იყო).
მას, რაც გვებოძა, უკან ვერასდროს დავაბრუნებთ. ამიტომ, ამ მადლის საფასური იმავენაირად მაინც უნდა გადავიხადოთ. ბოლოს და ბოლოს, ოდენი თვითონაც ასე იქცეოდა, როცა თავისი ლექსისთვის "წერილი ლორდ ბაირონისადმი” "დონ ჟუანის” სტროფს სესხულობდა, ანდა _ ჰეგზამეტრს _ "აქილევსის ფარისთვის”. ვინმეზე ზრუნვა ყოველთვის თვითშეწირვას და მასთან თავის გაიგივებას ითხოვს. მით უფრო მაშინ, როცა წმინდა სულზე ზრუნავ. ამ კაცმა თავისი სიცოცხლით იმდენი შეძლო, რომ მისი სულის უკვდავების რწმენა როგორღაც აუცილებელიც კი ხდება. მისი დანატოვარი სახარებას უტოლდება. იგი სავსეა დაუსრულებელი სიყვარულით _ სიყვარულით, რომელიც სრულად ვერ თავსდება ადამიანის სხეულში და ამიტომაც სჭირდება სიტყვები. ეკლესიები რომ არ ყოფილიყო, შეგვეძლო, მასზე აღგვემართა ეკლესია, რომლის მთავარი მცნება დაახლოებით ასეთი იქნებოდა:
თუ თანასწორი სიყვარული არ შეიძლება,
დაე, მე ვიყო შენზე მეტად შეყვარებული!

2.

თუ კი პოეტს რაიმე მოვალეობა აკისრია საზოგადოების წინაშე, ეს ისაა, რომ კარგად წეროს. უმცირესობაში მყოფს, სხვა არჩევანი არცა აქვს. თუ ამ ვალს არ აღასრულებს, დავიწყება შთანთქავს. მეორე მხრივ, საზოგადოებას პოეტისა არაფერი მართებს. უმრავლესობა ანუ საზოგადოება განსხვავებული კრიტერიუმებით აზროვნებს. მას არ აღელვებს ლექსები, რაგინდ კარგიც უნდა იყოს ისინი. ლექსების წაუკითხველობით საზოგადოება ისეთ სამეტყველო დონემდე ეშვება, რომელზეც იოლად ხდება დემაგოგიისა თუ ტირანის საკბილო. ეს კი საზოგადოებისთვის დავიწყების ეკვივალენტია, რომლისგან ხსნასაც ეს ტირანი რომელიმე სისხლიანი კალოს მოწყობით თუ დააპირებს. 
ოდენის საკმაოდ უფერული თარგმანები პირველად რუსეთში, ოცი წლის წინ წავიკითხე, რომლებსაც წავაწყდი თანამედროვე ინგლისური პოეზიის ანთოლოგიაში "ბრაუნინგიდან _ ჩვენს დრომდე”. "ჩვენი დრო” 1937 წელი იყო, მაშინ დაისტამბა ეს ტომი. საჭირო აღარ არის იმის თქმა, რომ თითქმის ყველა მთარგმნელი და ტომის რედაქტორი მ. გუტნერი მალევე დააპატიმრეს. ბევრი მათგანი დაიღუპა. არც იმის მტკიცებაა აუცილებელი, რომ შემდეგი 40 წლის განმავლობაში თანამედროვე ინგლისური პოეზიის არავითარი სხვა ანთოლოგია რუსეთში არ გამოცემულა და ხსენებული ტომი ერთგვარ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა.
ამ ანთოლოგიაში ჩემი ყურადღება ოდენის ერთმა ბწკარმა მიიპყრო. ის, როგორც მოგვიანებით გავიგე, მისი ადრეული ლექსის "ადგილს ნუ გამოიცვლით” ბოლო სტროფიდან იყო, რომელშიც აღწერილია ერთგვარი კლაუსტროფობიული პეიზაჟი: 
"არავინ წავა იქით, სადაც რელსები წყდება, 
უჩინარდება ოკეანის გლუვი ნაპირი,
არც თვითონ წავა, არ გაუშვებს იქით არც შვილებს”.
ამ ბოლო ფრაზამ _ "არც თვითონ წავა, არ გაუშვებს იქით არც შვილებს” _ თავზარი დამცა: აქ ერთმანეთს ერწყმოდა ჯანსაღი აზრი და უარყოფით გამოწვეული დაძაბულობა. მე, გულღია, გრძნობისმიერ და თვითდამკვიდრებულ რუსულ ლექსზე აღზრდილმა, უცებ ჩავინიშნე ეს რეცეპტი, რომლის მთავარი ინგრედიენტი თავის შეზღუდვა იყო. თუმც, უნდა ითქვას, რომ პოეტურ სტროფებს ახასიათებთ კონტექსტიდან გადახვევა და უნივერსალური მნიშვნელობის მოპოვება. აბსურდულობის ის შიშისმომგვრელი იერიში, რომელიც ამ ფრაზას ახლდა თან, ჩემს არაცნობიერში მაშინვე ვიბრირებას იწყებდა, როგორც კი წერას დავაპირებდი.
ჩემი აზრით, სწორედ ამას ჰქვია გავლენა, თუ იმას არად ჩავთვლით, რომ აბსურდულობის განცდა არასოდესაა პოეტის გამონაგონი. ის სინამდვილეს ასახავს; გამონაგონს ძალზე იშვიათად აღიარებს ვინმე. ის, რითაც ჩვენს შემთხვევაში პოეტის მადლიერნი უნდა ვიყოთ, გრძნობა კი არ არის, არამედ _ მისდამი დამოკიდებულება: მშვიდი, აუღელვებელი, ძალადაუტანებელი, თითქმის, en passant (სხვათაშორის ნათქვამი, გ.ჯ.). ეს დამოკიდებულება ჩემთვის იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ამ სტროფს მეოცე საუკუნის 60-იან წლებში გადავაწყდი, მაშინ, როცა აბსურდის თეატრი ყვაოდა. ამ ფონზე ოდენის მიდგომა მხოლოდ იმით კი არ იყო უცხო, რომ მან ბევრს დაასწრო, არამედ იმით, რომ არსებითად გამორჩეული ეთიკური შინაარსით აავსო თავისი ლექსები. ის, თუ როგორ ექცეოდა ოდენი ლექსს, თითქოს, ამბობდა, ყოველ შემთხვევაში, მე მეუბნებოდა: ნუ იყვირებ, მგელი მოვიდაო, მაშინაც კი, როცა ის ზღურბლს გადმოლახავს! (დავუმატებდი: მაშინაც კი, როცა ის ზუსტად შენნაირად გამოიყურება! ამიტომაც ვერ ჩათვლი მას მგლად).
მართალია, მწერლისთვის თავისი პატიმრობის _ ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი გამოცდილების გახსენება იგივეა, რაც რიგით ადამიანებთან კარგი ნაცნობობით თავის მოწონება, მაგრამ ისე მოხდა, რომ ოდენის უკეთ შეცნობის შესაძლებლობა ჩრდილოეთში გადასახლებისას მომეცა: ჭაობებსა და ტყეებში ჩაკარგულ სოფელში, პოლარულ წრესთან ახლოს. ამჯერად, მეგობრის მიერ ჩემთვის მოსკოვიდან გამოგზავნილი ანთოლოგია ინგლისურენოვანი იყო. იქ ვნახე იეიტსის ბევრი ლექსი. იეიტსი მაშინ რიტორიკულად და, სალექსო ზომების თვალსაზრისით, დაუდევრად მივიჩნიე. ანთოლოგიაში იყო ელიოტიც, რომელიც იმ დროს აღმოსავლეთ ევროპაში უმაღლეს ავტორიტეტად ითვლებოდა. ელიოტის კითხვა დავაპირე.
მაგრამ სრულიად შემთხვევით, წიგნი გადავშალე ოდენის ლექსზე "უ. ბ. იეიტსის ხსოვნისადმი”. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და განსაკუთრებულად მხიბლავდა ელეგიის ჟანრი: მაშინ ჯერ არავინ მომკვდომოდა, ლექსი რომ მიმეძღვნა. ამიტომაც ელეგიებს სხვა ჟანრის ნაწარმოებებზე უფრო ხარბად ვკითხულობდი და ხშირად ვფიქრობდი, რომ ამ ჟანრის საინტერესო თავისებურება ავტოპორტრეტის შექმნის არაცნობიერი ცდა იყო _ ყველა ლექსი, რომელიც კი "in memoriam” დაწერილა, ავტორითაა აჭრელებული თუ დალაქავებული. თუმც, ეს ტენდენცია გასაგებია: ლექსი ხშირად გადაიქცევა ხოლმე მსჯელობად სიკვდილზე, რომლიდანაც ავტორზე უფრო მეტს ვიგებთ, ვიდრე _ თვით გარდაცვლილზე. ოდენის ლექსში ამას ვერ ნახავდი. მეტიც, მალევე მივხვდი, რომ მისი სტრუქტურა ისე იყო ჩაფიქრებული, რომ გარდაცვლილი პოეტისთვის გადაეხადა ხარკი. ოდენი თავიდან ბოლომდე ბაძავდა დიდი ირლანდიელი პოეტის სტილისტური განვითარების სტადიებს: ვგულისხმობ მესამე, უკანასკნელი ნაწილის ტეტრამეტრებს.
სწორედ ამ ტეტრამეტრებიდან, განსაკუთრებით, მისი მესამე ნაწილის რვა სტროფიდან შევიტყვე, როგორ პოეტთან მქონდა საქმე. ამ სტროფებმა დაჩრდილეს იეიტსის უკანასკნელი "ცივი, ბნელი დღის” ბრწყინვალე აღწერა 
"და მომაკვდავ დღეს ვერცხლისწყალმა აუვსო პირი”. მათ დაჩრდილეს დამბლადაცემული სხეულის ქალაქისთვის შედარება, რომლის ქუჩები და მოედნები თანდათან უკაცურდება, თითქოს, ის-ისაა, აჯანყება მიმცხრალიყოს.
მათ თვით ეს ეპოქალური მტკიცებაც დაჩრდილეს:
"...თურმე, ლექსით ვერაფერს შეცვლი”.
ტეტრამეტრით გაწყობილი ეს რვა სტროფი, რომლებიც ლექსის მესამე ნაწილში გვხვდება, ხსნის არმიის ჰიმნის, გამოსათხოვარი გალობისა და საბავშვო სხარტულის ნაზავია:
"დრო არ წყალობს რჩეულთაც,
არ იბრალებს მამაცებს
და მშვენიერ სხეულსაც
გულგრილობით ამაარცხებს.
ენას ეთაყვანება,
მათ, ვინც მისით რაინდობს,
მათ სულებს ემყარება
და მხოლოდ მათ დაინდობს”.
მახსოვს, როგორ ვიჯექი პაწია ქოხში, როგორ გავყურებდი კვადრატული, ილუმინატორისხელა სარკმლიდან სველ გზას, რომელზეც ქათმები დაყიალობდნენ... თან მჯეროდა და თანაც, ეჭვით ვუყურებდი წაკითხულს. ინგლისურის სათანადოდ უცოდინრობას ვაბრალებდი იმ განცდას. თან მქონდა ინგლისურ-რუსული ლექსიკონის უზარმაზარი "აგური”, გამუდმებით ვფურცლავდი მას, ვამოწმებდი ყოველ სიტყვას, ყოველ ფერს, მეიმედებოდა, რომ სწორედ ის მიხსნიდა ფურცელზე გადმოღვრილი აზრისგან. მე მგონი, უბრალოდ, უარს ვამბობდი იმის დაჯერებაზე, რომ ჯერ კიდევ 1939 წელს ინგლისელმა პოეტმა თქვა, "დრო... ენას ეთაყვანებაო” და სამყარო მაინც ძველებური დარჩა.
მაგრამ ამჯერად ლექსიკონმა ვერ დამამარცხა. ოდენმა მართლაც თქვა, რომ დრო (ზოგადი და არა _ კონკრეტული დრო) ენას აღმერთებს. აზრი, რომელსაც ამ მსჯელობამ უბიძგა, დღემდე მოძრაობს ჩემში, რადგან "გაღმერთება” გულისხმობს უმცროსის დაქვემდებარებას უფროსისადმი. თუ დრო ენას ღმერთად მიიჩნევს, მაშ, ენა დროზე მეტი ან უფრო ხნიერი ყოფილა, რომელიც, თავის მხრივ, ბევრად ხნიერია სივრცეზე. მე ასე მასწავლიდნენ და მართლაც ასე ვგრძნობდი. ასე რომ, თუ დრო, რომელიც ღმერთის სინონიმია, უფრო მეტიც _ ღმერთს გულისხმობს, ენას აღმერთებს, მაშინ საიდან მომდინარეობს ენა? ძღვენი ხომ უფრო მცირეა, ვიდრე _ მომძღვნელი? თუ ასეა, ენა ხომ არ არის დროის საცავი? სწორედ ამიტომ ხომ არ აღმერთებს დრო ენას? ამიტომ ხომ არ არის სიმღერა, ლექსი, მეტყველება _ თავიანთი ცეზურებით, პაუზებით, სპონდეებით და ა.შ. ენის მიერ დროის რეკონსტრუქციისთვის წამოწყებული თამაში? ამას ისინი ხომ არ ახორციელებენ, ვისაც ენა ემყარება, ვისითაც დრო ცოცხლობს? და საერთოდ, დიდსულოვნება აუცილებლობას ხომ არ ნიშნავს?
მათი სიმცირისა და ჰორიზონტულობის მიუხედავად, ეს სტროფები წარმოუდგენლად ვერტიკალურად მეჩვენებოდა. ეს, ამავე დროს, ძალზე ბუნებრივი იყო, თითქმის, ლაყბობისას წამოსროლილს ჰგავდა: ჯანსაღი აზრის საბურველში გახვეულ მეტაფიზიკას, საბავშვო ლექსის ნაჭუჭში მოქცეულ ჯანსაღ აზრს. ეს საბურველი, ეს ნაჭუჭი მატყობინებდა ენის არსს და მივხვდი, რომ ვკითხულობდი პოეტს, რომელიც სიმართლეს ამბობს ან სიმართლის გაგონება მისი მეშვეობით შეიძლება.
ყოველ შემთხვევაში, ეს იმაზე მეტი სიმართლე იყო, რაც იმ ანთოლოგიაში ეწერა. შესაძლოა, ასეთი გრძნობა ჩნდებოდა იმ ძალდაუტანებლობის ნაკადის გამო, რომელსაც ამ დაწეულ ინტონაციაში ვჭვრეტდი. "და მხოლოდ მათ დაინდობს...” _ ვფიქრობდი, რომ ეს სიტყვები აქ მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ზევით ატყორცნილი ბწკარები დაეოკებინა: "დრო... ენას ეთაყვანება”.
ამ სტროფებზე დაუსრულებლად ვილაპარაკებდი, ოღონდ მხოლოდ ახლა. მაშინ უბრალოდ შეძრული ვიყავი. თანაც ნათელი გახდა, რომ უნდა მომესმინა ოდენის ყველა შენიშვნა და მახვილგონივრული კომენტარი; მას არასოდეს უსხლტებოდა ხელიდან ცივილიზაცია, რაზეც უნდა ელაპარაკა და რა მდგომარეობაშიც უნდა ყოფილიყო. ვიგრძენი, რომ საქმე მაქვს ახალ მეტაფიზიკოს პოეტთან, უჩვეულოდ ნიჭიერ ლირიკულ შემოქმედთან, რომელიც საზოგადოებრივი ზნეობის მოთვალთვალედ ასაღებდა თავს. ვეჭვობდი, რომ მის მიერ არჩეული ნიღაბი, ენა განაპირობა არა სტილმა და ტრადიციამ, არამედ _ პირადმა თავმდაბლობამ, რომელსაც ოდენს განსაკუთრებული რელიგიური რწმენა კი არ კარნახობდა, არამედ _ ენის ბუნების მისეული განცდა. თავმდაბლობას არ ირჩევენ. 
თუმც, მე ჯერ კიდევ უნდა აღმომეჩინა ჩემი ოდენი. ლექსის "უ.ბ. იეიტსის ხსოვნისადმი” წაკითხვის შემდეგ შევიგრძენი, რომ შევხვდი უფრო მეტად თვინიერ, უფრო ნაკლებად გაღიზიანებულ ავტორს, ვიდრე იეიტსი და ელიოტი იყვნენ, თუმც, ალბათ, _ არა ნაკლებტრაგიკულს. ახლა შემიძლია იმის თქმა, რომ მთლად არ შევმცდარვარ. თუ ოდენის ხმაში მართლაც იგრძნობოდა დრამა, ეს მის პირად უბედურებაზე კი არ მიგვანიშნებდა, არამედ _ საზოგადოებრივ ან ეგზისტენციურ ტკივილზე. ის თავს არასოდეს მოიაზრებდა ტრაგიკული ამბის ცენტრში; საუკეთესო შემთხვევაში, აღიარებდა, რომ ამ სცენას შეესწრო. მე ჯერ კიდევ უნდა მომესმინა მისგან: "ი.ს. ბახს საოცრად გაუმართლა. ღმერთის შესაქებად ქორალებს ან კანტატას წერდა და უშუალოდ უზენაესს მიმართავდა. დღეს, როცა პოეტი იმავეს მოინდომებს, იძულებულია, ირიბ მეტყველებას მიმართოს”. ალბათ, იგივე ითქმის ლოცვაზეც.

3.
აი, ვწერ ამ შენიშვნებს და ვამჩნევ, რომ მხოლობითი რიცხვის პირველი პირი ხშირად გამოყოფს ხოლმე თავის უგვან თავს. მაგრამ ადამიანი ხომ ისაა, რასაც კითხულობს; სხვაგვარად რომ ვთქვა, როცა ზემოთქმულ ნაცვალსახელს გადავაწყდები, ოდენს უფრო მეტად ვამჩნევ, ვიდრე _ სხვა ვინმეს: აბერაცია უბრალოდ ირეკლავს ამ პოეტის ნაწარმოებთა ჩემ მიერ წაკითხულ რაოდენობას. მართალია, ბებერ ძაღლებს ახალ ფანდს ვეღარ ასწავლი, მაგრამ საბოლოოდ, პატრონები თავიანთ ძაღლებს ემსგავსებიან. კრიტიკოსები, განსაკუთრებით კი იმ მწერალთა ბიოგრაფები, რომელთაც დამხასიათებელი სტილი აქვთ, ხშირად, თუნდაც, არაცნობიერად, საგნის აღწერის მათეულ საშუალებებს იყენებენ. უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენ ის გვცვლის, რაც გვიყვარს. ეს სიყვარული ხანდახან საკუთარ ინდივიდუალობასაც კი გაკარგვინებს. იმის თქმა არ მინდა, რომ მე სწორედ ასე დამემართა; მე მხოლოდ იმის თქმას ვლამობ, რომ სხვა შემთხვევაში აბეზარი ნაცვალსახელი "მე”, თავის მხრივ, ირიბი მეტყველების ფორმაა, რომლის ადრესატიც ოდენია. მათთვის, ვისაც ინგლისურენოვანი პოეზია აინტერესებდა _ ვერ ვიტყვი, რომ ასეთები ძალიან ბევრნი იყვნენ _ სამოციანი წლები ანთოლოგიების ეპოქა იყო. შინ მიმავალი უცხოელი სტუდენტები და მეცნიერები, რომლებიც რუსეთში გაცვლითი სისტემით ჩამოსულიყვნენ, ზედმეტი წონისგან თავდაღწევას ცდილობდნენ და პირველ რიგში, ლექსების წიგნებს ტოვებდნენ. ამ პოეტურ კრებულებს გროშებად იძენდნენ ბუკინისტები, რომლებიც შემდეგ გაუგონარ ფასს ადებდნენ, თუკი ამ წიგნების ყიდვას გადაწყვეტდი. მაგრამ თუ ნაცნობი ბუკინისტი გყავდა (ასეთები ყველას ყავს, ვინც ხშირადაა ამ ადგილებში), შეგეძლო, რაღაცნაირად მორიგებოდი: ერთი წიგნი მეორეზე გაგეცვალა ან ორი-სამი _ ერთზე; ან იყიდიდი, წაიკითხავდი, მაღაზიას ჩააბარებდი და ფულს დაიბრუნებდი. თანაც, როცა პატიმრომიდან გამათავისუფლეს და მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი, უკვე სათანადო რეპუტაციით ვსარგებლობდი და წიგნის ზოგ მაღაზიაში საკმაოდ თბილადაც მხვდებოდნენ. ამ რეპუტაციის გამო დროდადრო უცხოელი სტუდენტები მაკითხავდნენ და რადგან უცხო სახლში ხელცარიელი მისვლა არ შეიძლებოდა, საჩუქრად წიგნები მოჰქონდათ. მათგან ზოგს ვუმეგობრდებოდი, რაც ჩემს თაროებსაც ეტყობოდა.
ძალიან მიყვარდა ეს ანთოლოგიები არა მხოლოდ მათი შინაარსის, არამედ _ მათი ყდების მოტკბო სურნელისა და ყვითლად დაფერილი ჩამოჭრილი გვერდების გამო. მათ ძალზე ამერიკული იერი ჰქონდა და ჯიბეშიც იოლად ეტეოდა. შეგეძლო, ტრამვაიში ან ბაღში ამოგეღო და მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის ნახევარს თუ მესამედს იგებდი, ეს წიგნები ელვისებური სისწრაფით ჩრდილავდა ადგილობრივ სინამდვილეს. ყველაზე მეტად მომწონდა ლუის ატერმაიერისა და ოსკარ უილიამსის წიგნები, რადგან იქ ავტორთა ფოტოებიც იყო. ეს ფოტოები შთაგონებას ლექსებზე ნაკლებად როდი მიმძაფრებდა. საათობით ვიჯექი და ყურადღებით ვსწავლობდი შავ-თეთრ კვადრატებს, რომლებზე ესა თუ ის პოეტი აღბეჭდილიყო. ვცდილობდი, გამეგო, რა კაცი იყო; გამეცოცხლებინა მისი სახე და იმ სანახევროდ გაგებული სტროფებისთვის მიმესადაგებინა. შემდეგ მეგობრები იმაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ ალღოს გამოავლენდა, ჩვენამდე ხანდახან მოღწეული ჭორის ნარჩენებს ვიხილავდით და განაჩენიც გამოგვქონდა. დღეს იმის თქმაც შეიძლება, რომ მაშინდელი შეფასებები არც თუ ძალზე შორს აღმოჩნდა ჭეშმარიტებისაგან.
ასე დავინახე პირველად ოდენის სახე. ეს პაწაწინა ფოტო იყო, რამდენადმე ხელოვნური, ჩრდილთან დამოკიდებულებაში _ ძალზე დიდაქტიკურიც: სურათი ფოტოგრაფზე უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე _ მოდელზე. ამ ფოტოს შემხედვარე, დაასკვნიდი, რომ ან ფოტოგრაფს ტანჯავდა გულუბრყვილო ესთეტიზმი, ან მოდელის სახის ნაკვთები იყო მისთვის სრულიად უმნიშვნელო. მე მეორე ვერსია უფრო მომწონდა, ნაწილობრივ, იმიტომ, რომ ტონის ნეიტრალობა ოდენის პოეზიას ახასიათებდა. ნაწილობრივ კი, იმიტომ, რომ ანტიჰეროიკული პოზა ჩვენი თაობის იდეა ფიქსე იყო. ამ იდეის არსი ის იყო, რომ სხვებს უნდა მსგავსებოდი უბრალო ფეხსაცმლით, კეპით, პიჯაკითა და ჰალსტუხით _ სასურველი იყო, რუხი ფერის. უწვერულვაშო უნდა ყოფილიყავი. უისთანს ნაცნობის იერი ჰქონდა. ტკივილამდე ნაცნობი იყო სტროფები ლექსიდან "1939 წლის 1 სექტემბერი”, გარეგნულად იმ ომის დასაწყისად რომ აღიქვამდი, რომელიც ჩემი თაობის აკვნად იქცა, სინამდვილეში კი, ჩვენვე გვახასიათებდა ამ შავ-თეთრი ფოტოსავით:
"ანბანთან ერთად არ გვასწავლეს, რომ ვისაც ბოროტად ექცევიან, თვითონაც ბოროტებას სჩადის?!”
ეს სტრიქონები, რომლებიც მართლაც სცილდება კონტექსტს, გამარჯვებულს მსხვერპლთან ათანაბრებს და ვფიქრობ, ფედერალურმა ხელისუფლებამ ყველა ახლაშობილს მკერდზე უნდა ამოუტვიფროს ისინი, არა მხოლოდ მათი შინაარსის, არამედ _ ინტონაციის გამო. ამ პროცედურას ერთადერთი დასკვნა თუ შეაჩერებდა: ოდენს უკეთესი სტრიქონებიც აქვს. მაგალითად, რა მოვუხერხოთ ამ ფრაგმენტს:
"საგუშაგოთა კედლებს მიღმა დარჩენილები,
ერთი რიგითი დღით ცხოვრებას ამჯობინებენ:
ნათურა ენთოს და მუსიკა ისმოდეს მუდამ!
ხელშეკრულებებს იდუმალად იმისთვის დებენ,
ციხე-სიმაგრე როგორმე რომ სახლს დაემსგავსოს,
გახდეს ისეთი შინაური, როგორც _ ავეჯი;
და ვეღარ ვხვდებით ვინა ვართ და სად ვიმყოფებით,
როგორც ბავშვები, ჩაკარგულნი უსიერ ტყეში,
ღამის წყვდიადის რომ ეშინიათ,
ბედნიერები არასოდეს რომ არ ყოფილან”.
და თუ ჩათვლით, რომ ეს სტრიქონები ზედმეტად ამერიკულია, მეტისმეტად ნიუ-იორკული, რას იტყვით ამ ორ ბწკარზე "აქილევსის ფარიდან”, რომლებიც, ჩემთვის მაინც, აღმოსავლეთ ევროპის ერებს დანტესეულ ეპიტაფიად გამოადგებათ:
"სიამაყე როცა დაკარგეს,
მანამდე მოკვდნენ, 
მოკვდებოდა ვიდრე სხეული”.
თუ ასეთი ბარბაროსობის წინააღმდეგი ხართ, თუ ის ნაზი კანი გენანებათ, რომელსაც ეს ლექსი დაასახიჩრებს, აქვეა სხვა სტროფებიც, რომლებიც უნდა ამოტვიფრონ ყველა არსებული სახელმწიფოს კარიბჭეზე, მთელი ჩვენი სამყაროს კარზე:
"უსაქმურობით გადაღლილი პატარა ბიჭი
ძონძებს ისწორებს, დაეხეტება უკაცურ ველზე...
აფრინდა ჩიტი, ძლივს რომ გადურჩა მის ნასროლ კენჭებს:
ქალიშვილებს რომ ნამუსს ხდიან,
ხალხს რომ ხოცავენ,
აქსიომად ქცეულა მისთვის,
ვისაც არასდროს არ სმენია იმ სამყაროზე,
სადაც ფუჭ სიტყვას არავინ ამბობს,
სადაც ერთი იმიტომ ტირის,
რომ მეორეს სცვივა ცრემლები”. 
ასე რომ, მას, ვინც ახლა შემოგვიერთდება, ამ სამყაროს ბუნება უკვე ვეღარ აცთუნებს, ხოლო აქაურები დემაგოგს ნახევარღმერთად აღარ აღიარებენ.
არ არის საჭირო, ბოშა ან ლამბროზო იყო, რომ ინდივიდის გარეგნობასა და მის საქციელს შორის კავშირი შეამჩნიო: საბოლოოდ, ამას ემყარება მშვენიერების ჩვენეული განცდა. მაგრამ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს პოეტი, რომელმაც ეს დაწერა:
"სხვაგან ქრიან ირმის ჯოგები,
მბზინავი ბეწვი ასობით მილს სხვაგან გათელავს,
უხმაუროდ და ძალიან სწრაფად”.
როგორ უნდა გამოიყურებოდეს კაცი, რომელსაც მეტაფიზიკურ ჭეშმარიტებათა პროზაულ ჯანსაღ აზრად თარგმნა ისევე უყვარს, როგორც _ მეტაფიზიკის აღმოჩენა პროზაში? როგორი იერი უნდა ჰქონდეს მას, ვინც მთელი არსებით ჩაფრენილი თავის ქმნილებას, უფრო მეტს გეტყვით შემოქმედზე, ვიდრე _ რომელიმე თავხედი აგონისტი, რომელიც ჯიქურ ცდილობს სფეროთა გარღვევას? ამთვისიებლობისა და პატიოსნების უნიკალურმა ნაზავმა, კლინიკურმა გაუცხოებამ და თავშეკავებულმა ლირიზმმა თუ სახის უნიკალური ნაკვთები არა, გამორჩეული გამომეტყველება მაინც ხომ უნდა მოგვცეს? შესაძლებელია ამ ნაკვთებისა და იერის ფუნჯით გაცოცხლება? კამერით დაფიქსირება?
მე ძალიან მომწონდა მარკისხელა ფოტოებით ექსტრაპოლირება. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ სახეს, ყოველთვის გვსურს იდეალის მატერიალიზება და ოდენიც ძალზე ახლოს იყო იმასთან, რაც საბოლოოდ იდეალად ყალიბდება (იყვნენ სხვებიც: ბეკეტი და ფროსტი, მაგრამ მე უკვე ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი; რაოდენ საზარელიც უნდა იყოს ამის აღნიშვნა, მათი გარეგნობა შეესაბამებოდა მათ საქციელს).
შემდეგ, რა თქმა უნდა, ოდენის სხვა ფოტოებიც ვნახე კონტრაბანდული გზებით შემოტანილ ჟურნალებსა თუ სხვა ანთოლოგიებში. მაგრამ მათ ვერაფერი შემატეს ადრე ნანახს. ადამიანი უსხლტებოდა ობიექტივს ანდა ობიექტივი ვერ ასწრებდა მის გაშეშებას. დავიწყე იმის გარკვევა, შეუძლია თუ არა ხელოვნების ერთ ფორმას მეორის ასახვა, ძალუძს თუ არა ვიზუალურს სემანტიკურის მოხელთება?
ერთხელ _ ეს იყო 1968 თუ 1969 წლის ზამთარი _ მოსკოვში, ნადეჟდა მანდელშტამმა, როცა მის მოსანახულებლად მივედი, გადმომცა თანამედროვე პოეზიის კიდევ ერთი ანთოლოგია. ეს იყო ძალზე ლამაზი წიგნი, თუ არ ვცდები, როლი მაკენას დიდი შავ-თეთრი ფოტოებით უხვად ილუსტრირებული. ის ვიპოვე, რასაც ვეძებდი. რამდენიმე თვის შემდეგ, ვიღაცას ვათხოვე წიგნი და აღარასოდეს მინახავს ის ფოტო, თუმც, საკმაოდ მკაფიოდ მახსოვს.
ფოტო გადაღებული იყო ნიუ-იორკში, ალბათ, რომელიღაც ესტაკადაზე _ ან გრანდ სენთრალის გვერდით რომაა, ან კოლუმბიის უნივერსიტეტთან, ამსტერდამ ავენიუს რომ ფარავს. ოდენს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს, გადასვლისას გადააწყდნენო. წარბები გაკვირვებით აეზიდა ზევით. თუმც, მზერა მაინც უჩვეულოდ მშვიდი და მახვილი შერჩენოდა. ეს იყო, როგორც ჩანს, ორმოციანი წლების ბოლო _ ორმოცდაათიანი წლების დასაწყისი. ჯერ არ დამდგარიყო დანაოჭებული ოდენის სტადია ("დაჭმუჭვნილი საწოლი”). ჩემთვის ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი ნათელი გახდა.
კონტრასტი ან, უკეთ რომ ვთქვათ, შეაუსაბამობის ხარისხი მის ფორმალურად გაკვირვების ნიშნად შეყრილ წარბებსა და მშვიდ მზერას შორის, ჩემი აზრით, პირდაპირ ეთანადებოდა მისი ლექსების ფორმალურ მხარესა (ორი აზიდული წარბი = ორ რითმას) და მათი შინაარსის დამაბრმავებელ სიზუსტეს.
ის, რაც ფურცლიდან შემომცქეროდა, გარითმული ორი სტროფის ადამიანური ეკვივალენტი იყო. ეს გახლდათ ჭეშმარიტება, რომელიც გულით უკეთ შეიცნობა. ოდენს სწორი ნაკვთები ჰქონდა, უბრალოც კი. მის სახეზე ვერ ნახავდით რაიმე განსაკუთრებულად პოეტურს, ბაირონისებრს, დემონურს, ირონიულს, ქორულ ან არწივისებრ მზერას, რომანტიკულს, სევდიანს და სხვ. უფრო მეტად, ეს სახე იმ ექიმისას ჰგავდა, რომელიც თქვენი ცხოვრებით ინტერესდება, თუმც, იცის, რომ ავად ხართ. ეს იყო სახე _ ყველაფრისთვის მზადმყოფი, სახე _ შედეგი, რეზულტატი. მისი უმეტყველო მზერა წარმოქმნილი იყო სახის დამაბრმავებელი სიახლოით საგანთან, რომელიც, თავის მხრივ,. წარმოშობს გამოთქმებს: 
"ნებაყოფლობითი მოვალეობები”, ”აუცილებელი მკვლელობა”, "კონსერვატიული წყვდიადი”, "ხელოვნური გაუკაცრიელება” ან "ქვიშის ტრივიალობა”. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს, ახლომხედველი სათვალეს იხსნისო, იმ განსხვავებით, რომ თვალთა ამ წყვილის მზერის სიმახვილეს კავშირი ჰქონდა არა ახლომხედველობასთან ან ძნელად გასარჩევ საგნებთან, არამედ _ მუქარასთან, რომლებიც ამ საგანთაგან სჭვიოდა. ეს იყო იმ კაცის მზერა, რომელმაც იცის, ამ მუქარას ვერ მოსპობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცდილობს, აღგიწეროთ როგორც სიმპტომები, ისე _ მთელი დაავადება. ეს არ იყო ე.წ. ”სოციალური კრიტიკა”, თუნდაც, იმიტომ, რომ დაავადება არ იყო სოციალური. ეს ეგზისტენციური სენი იყო. 
საერთოდ, ვფიქრობ, რომ ოდენი შეცდომით მიიჩნიეს სოციალურ კომენტატორად, დიაგნოსტად ან რაღაც ამის მსგავსად. ყველაზე ხშირად ბრალს იმაში სდებდნენ, რომ ის მკურნალობაზე არაფერს ამბობდა. კაცმა რომ თქვას, ამაში თვითვე იყო დამნაშავე: ის ჯერ ფროიდისტულ, შემდეგ მარქსისტულ და საეკლესიო ტერმინოლოგიას იყენებდა. თუმც, სწორედ ამ ტერმინოლოგიის გამოყენება ნიშნავდა მკურნალობას. ეს ტერმინოლოგია მისთვის მხოლოდ სხვადასხვა დიალექტი იყო, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ერთსა და იმავეზე ლაპარაკი. ამ საგანს სიყვარული ჰქვია. გკურნავს სწორედ ინტონაცია, რომლითაც ავადმყოფს მიმართავენ. პოეტი მიმოდიოდა მძიმე, სასიკვდილო სენით შეპყრობილ ადამიანთა შორის, მაგრამ ქირურგს კი არ ჰგავდა, არამედ _ მოწყალების დას. ყველა პაციენტმა იცის, რომ სნეულს ფეხზე აყენებს არა ქირურგიული კვეთა, არამედ _ ზრუნვა და გულმოწყალება. ლექსში "ზღვა და სარკე” ალონსოს უკანასკნელ მიმართვაში ფერდინანდისადმი სწორედ მოწყალების დის ანუ სიყვარულის ხმა გვესმის:
"თუკი ვერ შესძელ ამ სამეფოს შენარჩუნება,
მამაშენივით შენც თუ ბედმა იქ მიგიყვანა,
სადაც აზრი ბრალს წაგიყენებს,
ხოლო გრძნობა მასხრად აგიგდებს,
მიენდე ტკივილს, მისი გწამდეს, მას დაუჯერე!”
არც ექიმი, არც ანგელოზი, მით უმეტეს, არც სატრფო ან ნათესავი, არ გეტყვით ამ სიტყვებს მაშინ, როცა საბოლოოდ დამარცხდებით. ეს მხოლოდ პოეტს შეუძლია ან მაჯისშემტყობს, რომელთაც ამას გამოცდილება და ასევე, სიყვარული ათქმევინებთ.
მე მაოცებდა ეს სიყვარული. არაფერი ვიცოდი ოდენის ცხოვრებაზე: არც მის ჰომოსექსუალობაზე, არც მის ქორწინებაზე ერიკა მანთან და ა.შ _ არაფერი. ერთს კი მკაფიოდ ვგრძნობდი. ეს სიყვარული თვით სიყვარულის საგანზე მეტი იყო. ჩემს წარმოდგენაში ეს გახლდათ ენის მეშვეობით აჩქარებული და გაათმაგებული სიყვარული, აუცილებლობა, რომელიც ენას უნდა გამოეთქვა: ენას _ მე ეს უკვე ვიცოდი _ აქვს საკუთარი დინამიკა და მიდრეკილია (განსაკუთრებით, პოეზიაში) იმისკენ, რომ მისი წარმომშობი ხერხები გამოიყენოს: მეტრი, სტროფები, რომლებიც პოეტს თავის პირველსაწყის დანიშნულებას აცილებს. კიდევ ერთი ჭეშმარიტება სიყვარულზე პოეზიაში, რომელიც ცხადდება ლექსების კითხვისას ის არის, რომ მწერლის გრძნობა ემორჩილება ხელოვნების წრფივ და შეუქცევად მოძრაობას. ამგვარი რამ ხელოვნებაში ლირიზმის უფრო მაღალი ხარისხის გარანტიაა: ცხოვრებაში ამის ეკვივალენტი იზოლაციაა. თავისი სტილური მრავალფეროვნების გამო ეს კაცი უჩვეულოდ სასოწარკვეთილი უნდა ყოფილიყო, რასაც ადასტურებს მისი ყველაზე წარმტაცი, ყველაზე მომაჯადოებელი ლირიკული ლექსები. ეს ნამდვილი სიყვარული იყო, რომელიც სამუდამოდ შემოინახა ენამ. ამ ლექსების ინგლისურენოვნების გამო, სქესს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. სამაგიეროდ, მას ამძაფრებდა ღრმა ტკივილი, რომელიც გამოთქმას ითხოვს. ენა, საბოლოოდ, თვითონ შეიცნობს საკუთარ თავს და ყველა ახალ სიტუაციასთან სურს შეგუება.
როცა როლი მაკენას ფოტოს ვუმზერდი, მსიამოვნებდა, რომ სახეს არ აჩნდა არც ნევროტიკული, არც რაიმე სხვა დაძაბულობა, ის ფერმკრთალი და ჩვეულებრივი იყო, არაფერს გამოხატავდა, პირიქით, იმას ისრუტავდა, რაც მის თვალწინ ხდებოდა. რა კარგი იქნებოდა, ვფიქრობდი მე, ასეთი ნაკვთების ქონა; და სარკის წინ ვცდილობდი ამ გრიმასის მოხელთებას. ბუნებრივია, არ გამომივიდა, თუმც, წინასწარვე ვიცოდი, რომ ჩემი ცდა ფუჭად ჩაივლიდა, რადგან ასეთი სახე ერთადერთი უნდა ყოფილიყო. არ იყო საჭირო მისი მიბაძვა: ის უკვე არსებობდა სამყაროში და მე ეს მიხაროდა.
უცნაურია პოეტთა სახეების ჭვრეტა. თეორიულად ავტორის სახეს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს მკითხველისთვის: კითხვა ნარცისების საქმე როდია, ისევე, როგორც _ წერა, თუმც, იმ მომენტში, როცა პოეტის გარკვეული რაოდენობის ლექსები მოგწონს, მისი გარეგნობითაც ინტერესდები. ეს, როგორც ჩანს, უკავშირდება ეჭვს: ხელოვნების ნაწარმოების სიყვარული ნიშნავს ჭეშმარიტების ან მისი იმ ნაწილის შეცნობას, რომელსაც ეს ხელოვნება გამოხატავს. ჩვენ ბუნებით მერყევები ვართ და გვსურს, დავინახოთ შემოქმედი, რომელსაც მის ქმნილებასთან ვაიგივებთ. ამით გვსურს იმის გაგება, თუ როგორ გამოიყურება ხორცშესხმული ჭეშმარიტება. მხოლოდ ანტიკური ავტორები დაუსხლტნენ ამ სკეფსისს; ნაწილობრივ, ამის გამოც ჰქვიათ მათ კლასიკოსები. მარმარილოში გამოკვეთილი მათი ზოგადი ნაკვთები, რომლებითაც მოფენილია ჩვენი ბიბლიოთეკები, პირდაპირ შეესაბამება მათი ნაწარმოებების არქეტიპულ მნიშვნელობას. წაიკითხეთ ეს სტროფები:
"როცა მეგობრის საფლავზე მიხვალ,
შეგიძლია სცენაც მოაწყო და გაზომო ის სიყვარული,
რომლიდანაც ის წარმოიშვა...
ეს, რა თქმა უნდა, ვერაფერს შეცვლის,
მაგრამ, ჟივჟივი იმ ჩიტივით,
თითქოს, არავინ არ კვდებოდეს
ანდა ჭორი არ მართლდებოდეს,
უაზრობაა...”
წაიკითხეთ და იგრძნობთ, რომ ამ სტროფების მიღმა დგას არა ქერაკულულებიანი, შავთმიანი, ფერმკრთალი, შავტუხა, ნაოჭიანი ან გლუვსახა კონკრეტული ავტორი, არამედ _ თვით ცხოვრება; თქვენ მოგინდებათ ამ ცხოვრების შეცნობა, მასთან დაახლოება. ამ სურვილის მიღმა პატივმოყვარეობა კი არ იმალება, არამედ _ ერთგვარი ადამიანური ფიზიკა, რომელიც ნაწილაკს მასზე დიდ მაგნიტთან აახლოებს. არაფერს ნიშნავს, თუ ყოველივე დამთავრდება და თქვენ ოდენთან ერთად გაიმეორებთ: "მე ვიცნობდი სამ დიდ პოეტს და სამივე პირწავარდნილი ძაღლიშვილი იყო”. მე: "ვის გულისხმობთ?” ის: "იეიტსს, ფროსტს, ბერტ ბრეხტს” (ბრეხტის შემთხვევაში ოდენი ცდებოდა: ბრეხტი არ იყო დიდი პოეტი).

4.
1972 წლის 6 ივნისს, რუსეთიდან ჩემი იძულებითი გამომგზავრებიდან დაახლოებით, 48 საათის შემდეგ, ჩემს მეგობართან _ მიჩიგანის უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის პროფესორ კარლ პროფერთან ერთად (ის ვენაში ჩამოფრინდა ჩემს დასახვედრად) ვიდექი ოდენის საზაფხულო სახლის წინ, სოფელ კირხშტეტტენში და მის მფლობელს ჩვენი მისვლის მიზეზს ვუხსნიდი. შესაძლოა, ერთმანეთს არც შევხვედროდით.
ჩრდილოეთ ავსტრიაში სამი კირხშტეტტენია. ჩვენ სამივეგან ვიყავით და უკან დაბრუნებას ვაპირებდით, როცა მანქანამ წყნარ ვიწრო ქუჩაზე შეუხვია და დავინახეთ ხის ისარი-მაჩვენებელი: "ოდენშტრასე”. ადრე მას, თუკი სწორად მახსოვს, "Hinterholz” რქმევია, რადგან ეს ქუჩა, ტყის გავლით, ადგილობრივ სასაფლაოს უერთდებოდა. აქაურებმა ქუჩას სახელი იმტომ კი არ გადაარქვეს, რომ ამ "Memento mori”-სგან გათავისუფლება სურდათ, არამედ იმიტომ, რომ მათ გვერდით მცხოვრები დიდი პოეტისთვის პატივი ეცათ. ოდენში ეს სიამაყისა და თავმდაბლობის ერთგვარ ნაზავს ჰბადებდა. უფრო გამოკვეთილი გრძნობები ამოძრავებდა იქაური მღვდლისადმი, რომელიც გვარად შიკლგრუბერი გახლდათ. ოდენი არ იკლებდა იმ სიამოვნებას, რომ მისთვის "მამა შიკლგრუბერი” დაეძახა.
ყოველივე ეს გვიან გავიგე. მანამდე კი, კარლ პროფერი ჩვენი იქ ჩასვლის მიზეზს უხსნიდა ჩაფსკვნილი, ოფლიან კაცს, რომელსაც წითელი პერანგი ეცვა და ფართო აჭიმები ეკეთა. მას ხელში პიჯაკი ეჭირა, იღლიაში კი წიგნები ამოეჩარა. ეს კაცი ის-ის იყო, მატარებლით ვენიდან ჩამოსულიყო, ამ ბორცვზე ამოეღწია, ქოშინებდა და საუბარს თავს არიდებდა. უკან გამობრუნებას ვაპირებდით, როცა ოდენი უცებ მიხვდა, რაზე ელაპარაკებოდა პროფერი. მან უცებ წამოიყვირა: "ძნელი დასაჯერებელია!” და შინ შეგვიპატიჟა. ეს გახლდათ უისთან ოდენი. ყოველივე კი, მის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე მოხდა.
ვეცდები, უფრო დაწვრილებით აგიხსნათ. ჯერ კიდევ 1969 წელს ჯორჯ ლ. ქლაინმა, ბრინ მორში მოღვაწე ფილოსოფიის პროფესორმა მომინახულა ლენინგრადში. პროფესორი ქლაინი ჩემს ლექსებს ინგლისურად თარგმნიდა გამომცემლობა "პინგვინისთვის”. როცა მომავალი წიგნის შინაარსზე დავიწყეთ საუბარი, მკითხა, ვინ წარმომედგინა ამ წიგნის წინასიტყვაობის იდეალურ ავტორად. მე ოდენი შევთავაზე, რადგან მაშინ ჩემთვის ინგლისი და ოდენი სინონიმები იყო. თუმც, ჩემი წიგნის გამოსვლის პერსპექტივა ინგლისში სრულიად ირეალური ჩანდა. ამ წამოწყებას სინამდვილესთან მხოლოდ ის აახლოებდა, რომ ყოველივე ამას საბჭოთა კანონები კრძალავდა. 
მიუხედავად ყველაფრისა, საქმე დაიძრა. ოდენს ხელნაწერი წააკითხეს. მას საკმაოდ მოეწონა და წინასიტყვაობის დაწერაზეც დათანხმდა. ასე რომ, ვენაში ჩასვლისას მხოლო ოდენის მისამართი მქონდა...
ახლა, როცა უკან ვიხედები და ჩვენს სამკვირიან საუბარს ვიხსენებ _ ავსტრიაში, შემდეგ კი _ ლონდონსა და ოქსფორდში, უფრო ხშირად მისი ხმა მესმის, ვიდრე _ ჩემი. თუმც, უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდხნიანი დაკითხვა მოვუწყვე თანამედროვე პოეზიაზე, საკუთრივ, პოეტებზე. ეს გასაგებიც იყო, რადგან ერთადერთი ინგლისური ფრაზა, რომელიც უშეცდომოდ ვიცოდი, იყო: 
"ბატონო ოდენ, რას ფიქრობთ...” და შემდეგ ამა თუ იმ პოეტს ვასახელებდი.
შესაძლოა, ეს უკეთესიც იყო, რადგან რა უნდა მეთქვა ისეთი, რაც ასე თუ ისე, მას არ გაეგო? რა თქმა უნდა, შემეძლო, მისთვის მეამბნა, როგორ ვთარგმნე მისი რამდენიმე ლექსი რუსულად და მივიტანე ერთ მოსკოვურ ჟურნალში. მაგრამ ეს 1968 წელს მოხდა. საბჭოთა ჯარები ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრნენ და ერთ ღამით "ბი-ბი-სიმ” გადმოსცა ოდენის ლექსი "ურჩხული მხოლოდ იმას სჩადის, რაც ურჩხულებს ძალუძთ”. ამით ყველაფერი დამთავრდა (ეს ამბავი მას ჩემდამი, ალბათ, კეთილად განაწყობდა, მაგრამ საკუთარ თარგმანებს მაინც არ ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას). რა მეთქვა მისთვის, რომ მისი ლექსების რამდენადმე კარგი თარგმანიც კი არ წამეკითხა? მან ეს ისედაც იცოდა და, როგორც ჩანს _ ჩემზე უკეთაც. იქნებ, ის მეთქვა, რომ გამახარა მისმა ერთგულებამ კირკეგორის ტრიადისადმი, რომელიც ჩემთვისაც ადამიანის შეცნობის გასაღები იყო? მაგრამ შემეშინდა, რომ ამის გამოთქმას ვერ მოვახერხებდი.
უკეთესი იყო, მომესმინა. რადგან რუსი ვიყავი, ოდენიც რუს მწერლებზე მელაპარაკებოდა. "დოსტოევსკისთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებასაც კი არ ვისურვებდი, " _ აცხადებდა იგი. ანდა: "საუკეთესო რუსი მწერალი ჩეხოვია”. "რატომ?” "ის ერთადერთია თქვენს შორის, რომელსაც ჯანსაღი გონება აქვს”. ანდა მისვამდა კითხვას, რომელზე პასუხიც ყველაზე მეტად აინტერესებდა: 
"მითხრეს, რომ რუსები ყოველთვის იპარავენ ავტომანქანის მინასაწმენდებს. რატომ?” მაგრამ ჩემი პასუხი _ იმიტომ, რომ სათადარიგო ნაწილები არ იშოვება _ მას არ აკმაყოფილებდა; მას, როგორც ჩანს, მხედველობაში უფრო ღრმა მიზეზები ჰქონდა. როცა ოდენის ლექსები წავიკითხე, ამას, თითქმის, თვითონაც მივხვდი... შემდეგ მან რამდენიმე ჩემი ლექსის თარგმნა შემომთავაზა. ამან თავზარი დამცა. ვინ ვიყავი, რომ ოდენს ვეთარგმნე? ვიცოდი, რომ მისი თარგმანების წყალობით ზოგი ჩემი თანამემამულის ლექსებმა გვარიანად მოიგო, რასაც მათი ავტორები არ იმსახურებდნენ. ამის მიუხედავად, მაინც ვერ დამეშვა, რომ ის ჩემთვის უნდა გარჯილიყო. ამიტომ ვუთხარი: "ბატონო ოდენ, რას ფიქრობთ... რობერტ ლოუელზე?” "არ მიყვარს კაცები, რომლებსაც უკან მტირალი ქალების აალებული შლეიფი მოჰყვებათ”.
ავსტრიაში ყოფნისას ის მზრუნველი კრუხივით დაჰქოთქოთებდა ჩემს საქმეებს. დავიწყოთ იმით, რომ საფოსტო ყუთში გაჩნდა დეპეშები, მითითებით "უ.ჰ. ოდენისადმი, ი.ბ.-სთვის”. შემდეგ მან ამერიკელ პოეტთა აკადემიას სთხოვა, ცოტაოდენი ფინანსური დახმარება გაეწიათ ჩემთვის. ასე მივიღე პირველი ამერიკული ფული _ უფრო ზუსტად, ათასი დოლარი, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტის პირველ ხელფასამდე ვიმყოფინე. ოდენმა თავის ლიტერატურულ აგენტს ჩამაბარა, დამარიგა, ვის შევხვედროდი, ვისთვის ამერიდებინა თავი, თავისი მეგობრები გამაცნო, მიცავდა ჟურნალისტებისგან და წუხდა, რომ დათმო წმინდა მარკოზის გვერდით მდებარე ბინა _ თითქოს, ნიუ-იორკში, მის სახლში ცხოვრებაზე ოცნებაც კი შემძლებოდა! "თქვენთვის ეს ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა. თუნდაც, იმიტომ, რომ გვერდით სომხური ეკლესიაა. მღვდელმსახურების მოსმენა კი მაშინ უკეთესია, როცა სიტყვები არ გესმის. თქვენ ხომ არ იცით სომხური?” მე სომხური არ ვიცოდი.
შემდეგ ლონდონიდან წერილი მოვიდა _ უ. ჰ. ოდენისადმი, ი. ბ.-სთვის _ ეს იყო ქუინ-ელიზაბეთ ჰოლის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის მოსაწვევი და ჩვენ შევუკვეთეთ ბილეთები ბრიტანეთის ავიაკომპანიის ერთსა და იმავე რეისზე. ამ დროს საშუალება მომეცა, ნაწილობრივ მაინც გადამეხადა მადლობა მისთვის. ისე მოხდა, რომ ვენაში ყოფნისას რაზუმოვსკების ოჯახი გავიცანი (იმ გრაფ რაზუმოვსკის შთამომავალნი, რომლის შეკვეთითაც ბეთჰოვენი კვარტეტებს წერდა). ოლგა რაზუმოვსკაია ავსტრიულ ავიახაზებში მუშაობდა. როცა შეიტყო, რომ მე და ოდენი ლონდონში ერთი რეისით მივფრინავდით, დარეკა ბრიტანულ ავიახაზებში და სთხოვა ამ ორი მგზავრის მეფური პატივით მიღება. ოდენი კმაყოფილი იყო, მე კი _ ამაყი.
ამ დროის განმავლობაში მან რამდენჯერმე მთხოვა, მისთვის სახელით მიმემართა. ბუნებრივია, ვეწინააღმდეგებოდი _ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქედს ვიხრიდი მის წინაშე, არამედ ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობის გამოც: რუსები ამ საკითხებს ზედმეტ ყურადღებასაც კი აქცევენ. ბოლოს ლონდონში ყოფნისას მითხრა: "ასე არაფერი გამოვა. ან უისთანს დამიძახებთ, ან მეც "ბატონ ბროდსკის” გიწოდებთ”. ეს პერსპექტივა ისე უგერგილოდ მეჩვენა, რომ დავნებდი. "კარგი, უისთან, _ ვთქვი მე, _ როგორც გნებავთ, უისთან”. შემდეგ პოეზიის საღამოზე წავედით. მან ხელი ჩამოაყრდნო კათედრას და ნახევარი საათის განმავლობაში კითხულობდა იმ ლექსებს, რომლებიც ზეპირად ახსოვდა. თუკი ოდესმე დროის შეჩერება მომდომებია, სწორედ ეს ნახევარი საათი იყო, ამ დიდ, ბნელ დარბაზში, ტემზის სამხრეთ სანაპიროზე. სამწუხაროდ, დრო არ გაჩერებულა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ _ ავსტრიულ სასტუმროში მისი გარდაცვალებიდან სამი თვით ადრე _ ჩვენ ისევ ვკითხულობდით ერთად. იმავე დარბაზში.
5.
მაშინ ის თითქმის 66 წლის იყო. "ოქსფორდში გადასვლა მომიხდა. კარგად ვარ, მაგრამ ვიღაცამ აუცილებლად უნდა მომხედოს.” როგორც მივხვდი, როცა იგი 1973 წლის იანვარში მოვინახულე, მასზე მეთექვსმეტე საუკუნის კოტეჯის ოთხი კედელი და ერთი მოახლე ზრუნავდა. სასადილოს მაგიდასთან მჯდომს, კოლეჯის მასწავლებლები ავიწროებდნენ. ვიფიქრე, რომ ეს ინგლისელთა სასკოლო მანერა იყო _ ბიჭები ასაკშიც კი ბიჭებად რჩებიან. თუმც, მათი ცქერისას შეუძლებელი იყო უისთანის დამაბრმავებელი ფრაზის გაუხსენებლობა: ”ქვიშის ტრივიალობა”. ეს სიბრიყვე ერთ-ერთი ვარიაცია იყო თემისა: "საზოგადოებას არავითარი ვალდებულება არ გააჩნია პოეტის მიმართ”, განსაკუთრებით კი _ მოხუცი პოეტის მიმართ. საზოგადოება სიამოვნებით უსმენს მისი ასაკის თუ უფრო მოხუც პოლიტიკოსს, მაგრამ ყურს არ უგდებს პოეტს. ამას ბევრი მიზეზი აქვს _ ანთროპოლოგიურით დაწყებული, მაამებლობით დამთავრებული... მაგრამ შედეგი უბრალოა და გარდაუვალი: საზოგადოებას არა აქვს ჩივილის უფლება, თუ პოლიტიკოსი გააცურებს, რადგან როგორც ერთხელ ოდენმა თქვა "რემბოში”: "ამ ბავშვში რიტორის ცრუპენტელობა მილივით გასკდა: სიცივემ შექმნა პოეტი”.
თუ ბავშვში ასე სკდება სიცრუე, მაშ, რა მოუვა მას მოხუცში, რომელიც უფრო მძაფრად აღიქვამს სიცივეს? უცხოელის ბაგეთაგან რაგინდ თავდაჯერებულადაც უნდა გაისმას, ოდენის, როგორც პოეტის, ტრაგიკული მიღწევა ისაა, რომ მან გაათავისუფლა თავისი ლექსი ყველანაირი ტყუილისგან, ბარდული თუ რიტორიკული ცრუპენტელობისგან. ასეთი რამ კოლეგა-მასწავლებლებთანაც გაუცხოებს და თანამოკალმეებთანაც, რადგან ყველა ჩვენგანშია სახედამუწუკებული მამლაყინწა, რომელსაც პათოსი სწყურია. კრიტიკოსად ქცეულ ამ მუწუკოვან აპოთეოზს არაპათეტიკურობა, მომჩვარულობა, ლაყბობა ან დაცემა ჰგონია. მას და მის მსგავსთ აზრადაც კი არ მოსდით, რომ მოხუც პოეტს უარესად წერის უფლებაც აქვს _ თუ ის მართლაც უარესად წერს _ რომ არაფერია იმაზე მეტად უსიამოვნო, ვიდრე მისი ასაკისთვის "შეუფერებელი სიყვარულის” აღმოჩენა და მისთვის მაიმუნის ჯირკვლების გადანერგვა. მოლაყბესა და ბრძენს შორის პუბლიკა ყოველთვის პირველს ირჩევს (და არა იმიტომ, რომ ეს არჩევანი ასახავს პუბლიკის დემოგრაფიულ შემადგენლობას და პოეტთა რომანტიკულ ჩვეულებას _ ახალგაზრდები მოკვდნენ. პუბლიკას არ სურს სიბერეზე და მით უფრო, მისგან გამომდინარე შედეგებზე ფიქრი). უმწიფარობისადმი ამ მიდრეკილებაში გულსაკლავი ისაა, რომ არც ეს უმწიფარობაა მუდმივი. ნეტავ კი, ასე იყოს! მაშინ ყველაფერს სიკვდილის შიშით ავხსნიდით. მაშინ პოეტური "რჩეულების” მოზღვავებას ისეთივე უწყინარ აქტად ჩავთვლიდით, როგორც კირხეშტეტტენის მცხოვრებთა მიერ "Hinterholz\"-ისთვის სახელის გადარქმევას. ეს რომ მხოლოდ სიკვდილის შიშით იყოს გამოწვეული, მაშინ მკითხველებს და განსაკუთრებით, აღფრთოვანებულ კრიტიკოსებს სიცოცხლე თვითმკვლელობით უნდა დაესრულებინათ, მიებაძათ თავიანთი საყვარელი ავტორებისათვის. მაგრამ ასე არ ხდება.
ადამიანის უასაკობისადმი მიდრეკილების ნამდვილი ისტორია გაცილებით სევდიანია. ის დაკავშირებულია არა იმასთან, რომ ადამიანს სიკვდილი არ აინტერესებს, არამედ იმასთან, რომ სიცოცხლის შეცნობა არ სურს. თუმც, უმანკოება ერთადერთია, რაც ბუნებრივად მიიღწევა. აი, რატომაა საჭირო პოეტების _ განსაკუთრებით კი მათი, ვინც დიდხანს იცხოვრა _ ბოლომდე შეცნობა. მხოლოდ "რჩეულის” წაკითხვა არ კმარა. დასაწყისს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა დასასრული არსებობს, რადგან, პროზაიკოსებისგან განსხვავებით, პოეტები მთელ ამბავს გვიყვებიან: არა მხოლოდ თავიანთი ნამდვილი გამოცდილებისა და გრძნობების მეშვეობით _ და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია _ არამედ ენით ანუ იმ სიტყვის მეოხებით, რომელსაც საბოლოოდ ირჩევენ. მოხუცს, თუ მას ჯერაც კალამი უჭირავს ხელში, შეუძლია, აირჩიოს: მემუარები დაწეროს თუ დღიური. თავისი ხელობის ბუნებიდან გამომდინარე, პოეტებს დღიურის წერა ურჩევნიათ. ხანდახან, თავისდა უნებურად, ისინი პატიოსნად გვიყვებიან მათი სულისა და ენის თავგადასავალს, რადგან პირველები არიან, რომელთათვისაც ესა თუ ის სიტყვა კომპრომეტირებული ხდება, ფასს კარგავს. მოგვწონს ეს თუ არა, აქ იმიტომ ვართ, რომ შევიტყოთ არა მხოლოდ ის, როგორ მოქმედებს დრო ადამიანზე, არამედ ისიც, თუ როგორ მოქმედებს ენა დროზე. პოეტები კი, ამის დავიწყება არ ეგების, ისინი არიან, "ვისითაც ენა ცოცხლობს”. ეს კანონი ნებისმიერ რწმენაზე უკეთ უნერგავს პოეტს სიმართლის გრძნობას.
ამიტომ უ.ჰ. ოდენი შეიძლება ბევრი რამის საძირკვლად გამოდგეს. არა იმიტომ, რომ ის ქრისტეზე ორჯერ მოხუცი გარდაიცვალა, ან _ კირკეგორის "გამეორების პრინციპის” წყალობით. ის, იბრალოდ, უფრო დიდ უსაზღვრობას ემსახურა, ვიდრე მე და თქვენ ვითვალისწინებთ. ოდენი ადასტურებს, რომ ასეთი უსაზღვრობა არსებობს. მეტიც: ოდენმა ის უფრო სტუმართმოყვარე გახადა. გადაუჭარბებლად უნდა ითქვას: ყველა ინდივიდმა ერთი პოეტი მაინც უნდა იცოდეს თხემით ტერფამდე: თუ მას ამ სამყაროს წინამძღვრად არა _ ენის კრიტერიუმად მაინც გამოიყენებს. ორივე ამ სფეროს ოდენი ბრწყინვალედ ართმევს თავს, თუნდაც იმიტომ, რომ ეს სფეროები ძალიან ჰგავს ჯოჯოხეთსა და მის კარიბჭეს.
ის დიდი პოეტი იყო (ერთადერთი რამ, რაც ამ წინადადებაში სწორი არ არის, დროა, რადგან ენა, იმას, რაც უკვე მიღწეულია, ყოველთვის აწმყოს ფორმას ანიჭებს) და მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა, მას რომ შევხვდი. თუმც, საერთოდაც რომ არ შევხვედროდი, მისი ლექსების რეალობა მაინც იარსებებდა. ბედის მადლობელი უნდა ვიყო, რომ ამ რეალობას შემახვედრა, მადლობელი უნდა ვიყო უამრავი ძღვნისთვის, ფასდაუდებელი მადლისთვის, მით უფრო, რომ ის კონკრეტულად არავის მიეკუთვნებოდა. შესაძლოა, ამისთვის სულის უშურველობაც დაგვერქმია, სულს რომ გარდასატეხად ადამიანი არ სჭირდებოდეს. ამ გარდატეხის შედეგად ადამიანი წმინდანი კი არ ხდება, სული ხდება ადამიანური და იოლად შესაცნობი. ესეც საკმარისია (და ის, რომ ადამიანი სასრულია) ამ პოეტის თაყვანისცემისთვის.
რა მიზეზითაც უნდა გადაეკვეთა მას ატლანტიკა და გამხდარიყო ამერიკელი, შედეგად ის მივიღეთ, რომ მან შეადუღა ორი ინგლისური კილო და _ მისი სტრიქონების პარაფრაზირება რომ მოვახდინოთ _ ტრანსატლანტურ ჰორაციუსად მოგვევლინა. ასეა თუ ისე, სადაც კი უნდა ემოგზაურა _ ქვეყნებში, სულის გამოქვაბულებში, დოქტრინებსა თუ სარწმუნოებებში _ იმას ემსახურებოდა, რომ მისი არგუმენტაცია გამყარებულიყო, მისი ენა გაფართოებულიყო. თუ პოეზია მისთვის ერთხელ მაინც იყო ღირსების საქმე, მან იმდენხანს იცოცხლა, რომ ლექსი თავის საარსებო საშუალებად აქცია.
აქედან წარმოიშვა მისი ავტონომიურობა, სულიერი სიჯანსაღე, გაწონასწორებულობა, ირონია, გაუცხოება, მოკლედ _ მისი სიბრძნე. მისი პოეზიის კითხვა ერთ-ერთი, შესაძლოა, ჩვენს ხელთარსებული ერთადერთი საშუალებაც კი იყოს, რომ თავი წესიერ კაცად იგრძნო.
უკანასკნელად 1973 წლის ივლისში ვნახე სთივენ სფენდერის სახლში გამართულ ვახშამზე. უისთანი მაგიდასთან იჯდა, მარჯვენა ხელში სიგარეტი ეჭირა, მარცხენაში – ჭიქა და ქადაგებდა ცივი ორაგულის ღირსებებზე. სკამი ძალიან დაბალი შეხვდა, ამიტომ დიასახლისმა ქვეშ ოქსფორდის ლექსიკონის ორი გაცვეთილი ტომი ამოუდო. მაშინ გავიფიქრე, რომ ერთადერთ კაცს ვხედავდი, რომელსაც ამ ტომებზე დაჯდომა შეეძლო.
1983

კატეგორია: სამეცნიერო | ნანახია: 951 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: