მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 7 » ბუს კვერცხები ===თეონა ბაკურაძე
5:53 PM
ბუს კვერცხები ===თეონა ბაკურაძე

შეყვარებული წყვილები საღამოს ელოდებიან ხოლმე ტბის გარშემო. ტბა არის მწვანე და სქელი. შეყვარებულები იცვამენ მწვანეს, რომ არ გამოჩნდნენ ტყეში და ტანსაცმლიანად გორაობენ ხეებქვეშ. ისეთი შეუმჩნევლები არიან, ისეთები, რომ ხანდახან ერთმანეთს კარგავენ. მერე, გორაობა-გორაობაში აღმოაჩენენ, რომ სხვისი შეყვარებულის ტუჩი აქვთ მოგდებული და დარცხვენილები დგებიან, ტანსაცმელს იფერთხავენ და ლოყააწითლებულები მიიპარებიან თავიანთი ნამდვილი კაბოკლოების საძებნელად. ზოგი ვეღარც პოულობს, ზოგს ახალი მეტად მოსწონს და მოკლედ, ასე საინტერესოდ გადის დღეები, უფრო სწორად მუქი საღამო-ღამეები სქელი ტბის გარშემო.
სანამ გორაობების დრო მოატანდეს, იმ ტბის პირას კონცერტები იმართება ხოლმე. ერთ დღესაც, კერძოდ კი შემოდგომის დღეს, მე და ჩემი ორი მეგობარი ავედით. არ ვიცოდით, რა გველოდა, ქალაქში უაზროდ ხეტიალისას გამვლელების საუბარი შემოგვწვდა და იქიდან გავიგეთ, რომ ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფი რაღაცას აპირებდა სქელი ტბის პირას და ავბოდიალდით ჩვენც, საქმე არაფერი გვქონდა. სანამ ხალხი არ შეგროვდა, მერე არ დაიღალა და ბოლოს ნახევარი არ წავიდა, არ დაიწყეს. ჩვენ ჯიუტად ველოდებოდით, ადამიანებს ვათვალიერებდით და ადგილზე ვძუძგაობდით. მაგრად გაგვეყინა ფეხები, ნუთუ ბათინკებიც ფსევდო გვეცვა? საქმე გააჭირა რა ამ ფსევდომ, რაღაც ფსიქოლოგიური სტატია წავიკითხე რამდენიმე დღის წინ და ისე მომეკრო, როგორც ჩემი მშიშარა ძაღლი მეტმასნება ხოლმე, მეზობლის უზარმაზარი მონსტრი რომ უყეფს. ამეკვიატა და ახლაც სწორედ მაგით ვირთობდი თავს. ფსევდო რაღას აღარ მივუსადაგე ჩემს გარშემო. კონცერტიც ფსევდო გამოდგა.. იმ გაგებით, რომ არანაირი ესთეტიური სიამოვნება არ მოუტანია, ვფიქრობ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არავისთვის და საერთოდ, თავი და ბოლო ვერ გავუგე. მაგრამ ერთ რამეში კი მართლა მაგარი იყო. ესეც, და ყველა სხვა კონცერტიც – ემოციებში.. ვინც გამოვიდნენ და დაუკრეს (ამას თუ დაკვრა ერქვა) მათ ემოციებს ცოცხალი და თანთალა ორგანიზმებად ვხედავდი. მართალია თითოეული მონაწილე ზედ ჩვენს თვალწინ გულმოდგინედ ეცადა, self-ზე კონტროლი მოეხსნა (როგორც იტყოდნენ ყოვლისმცოდნე ფსიქოლოგები) ანუ გამომტყვრალიყო და ისე გამოვარდნილიყო ჩვენს, ანუ კაცმა არ იცის, რისი მოსურნე მსმენელის წინაშე, მაგრამ მე, როგორც ემოციების ყველაზე გულმოდგინე მაძიებელს და გაფაციცებულს, ვერაფერს გამომაპარებდნენ. კარგად ვიცოდი მათი მუხლების კანკალი და ღელვა. ინსტრუმენტების გამოტანის და დაწყობა-აწყობის პროცესიც ისე მიყვარს! ამ დროს ემოციების ბუღი დგას, რომელიც სცენიდან ეგრევე გულში გეყრება. ტანდათან შენც ისე მტვრიანდები ამ ემოციებით, რომ გაფერთხვის სურვილი გიჩნდება და იმ მიზნით, რომ ეს მტვერი შენი გულის ტუმბოდან როგორმე გადაყარო, იწყებ როკვას. როკ-კონცერტებზე, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები როკავენ და არა ცეკვავენ. ცეკვა სხვა რამეა, კონცერტებზე მიდის როკვა. ამიტომაა, რომ არასდროს არ ვიგვიანებ კონცერტებზე, ბევრად ადრეც მივდივარ ხოლმე, თუ მოვახერხე. ანუ, თუ ბილეთის ფული მაქვს და თან არც მენანება. კონცერტებზე მოსიარულე ხალხმა ყველამ კარგად იცის, რომ თუ უფასოდ ან ნაკლებად შესვლა გინდა, კარგა მაგრად უნდა დაიგვიანო. ყველა შემსვლელი შესული როა უკვე და დაცვის ბიჭებიც გაბეზრებულ-მოწყენილები. მათ ხომ ასე ახარებთ შენი ხვეწნა-მუდარით დაჭყანული სახის ყურება.. და მერე რარიგ იბადრებიან, როცა ბოლოს და ბოლოს, მოიღებენ მოწყალებას და „ჯანდაბას, შედიო" გეტყვიან?! განა ძნელია ამის გაკეთება? სულაც არა! თან, მთელი შემდგომი ხანი ის გახარებს და გსიამოვნებს, რომ ფული არ გადაგიხდია და ამდენ პიჟონში, ვინც ისე გამოყეყეჩდა, რომ ამისთანა დაბალი დონის კონცერტზე ბილეთი იყიდა, ერთადერთი შენა ხარ ასე მაგარი, ასეთი მეამბოხე და პატივსაცემად გაქნილი არამზადა, რომელმაც შეძლო და უსასყიდლოდ შემოაღწია! მაშ არადა, ამ სისულელეში ფულს გადაიხდიდი! მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან მაგარია და ერთობ დიდი სიამოვნების მომტანი, თუმცა ხშირად ამის ე.წ. პონტი არაა ხოლმე და მეც, იმ ზემოთმოხსენიებული ყეყეჩებისდა დარად, მორჩილად ვდგავარ სალაროსთან გაჭიმულ რიგში, უზარმაზარფასიანი ბილეთის საყიდლად. ასეთ დროს თვალებს ვარიდებ ხოლმე ფულს, რომელსაც ვაწვდი მოლარეს, რომ მერე ეკლად არ შემესოს, ეს რა ჩავიდინე-მეთქი. აბა?! კონცერტებზე სიარული ერთობ დიდი რისკია _ ნაცნობი, ანუ გამოცდილ-მასიამოვნებელი შემსრულებელიც კი ვერ გიხსნის ხანდახან იმედგაცრუებისაგან, სრულიად უცხოები ხომ საერთოდ, ხასიათს ხშირად აფუჭებენ. ამ ყველაფრის შემდეგ, ცოტა მიძნელდება ავხსნა, თუ რატომღა მიმიწევს გული მსგავს ღონისძიებებზე.. ვერც იმას დავაბრალებ ჩემს თავს, რომ უხეირო მუსიკოსების ხილვა გულზე მეფონებოდეს, როგორც არამონათებულ ვარსკვლავს და ჩემს დაშხამულ გულს ვიოხებდე.. ნამდვილად არა, გულისგამაწვრილებლად რომ ააჩხარუნებენ ხოლმე საკრავს, ან საძაგლად კნავიან, მათ მაგივრად საშინლად მრცხვენია და აღარ ვიცი, სად დავიმალო.. სამაგიეროდ, თუ იყოჩაღებენ და სასიამოვნოდ შეასრულებენ, თვალზე ცრემლი მადგება და ცმუკვას ვიწყებ.. თითქოს რაღაცის იმედიც კი მიჩნდება.
ამ და სხვა მსგავსი ფიქრებით გართულს უცბად ისეთი რამ მეზმანა, რასაც ახლა გაჭირვებით აღგიწერთ და მთელი ჩემი ძალებით ვეცდები, სინამდვილეს ზედმიწევნით მივუახლოვო...
საიდან და როგორ, ღმერთმანი, ახლაც ვერ ვხვდები, წვიმამ დაუშვა, თბილმა! თბილი წყალი გადაგვევლო ყველას და აზრზეც ვერ მოვედი, უკვე სულ დავლპი.. ჩემს ტანსაცმელს რომ დავყურებდი გაოცებული და წამწამებდამძიმებული, Acid JAZZ–ის ულმობელი მელოდია ჩამესმა.. არავინ არ უკრავდა! ჩემისთანა სმენის პატრონს ნამდვლად არ უნდა გამჭირვებოდა იმის მაინც გარკვევა, თუ საიდან მოდიოდა ეს ჯადოქრული რიტმები! ვერაფერიც ვერ გავარკვიე..რაღაც უსიამო გრძნობა გამიჩნდა.. ჩემი მეგობრებიც დაფეთებულ დაშტერებულები შემომცქეროდნენ. უცბად, ზედა ბილიკიდან გორგოლაჭებზე შემდგარი წითელთმიანი გოგო დავლანდე. თავქვე ეშვებოდა და მერედა რას იშველიებდა? სათხილამურო ჯოხებს! ღმერთმანი, ეს უკვე მეტისმეტი იყო, ისედაც დაბნეული, თვალებგადმოკარკლული მივაჩერდი მის ახარხარებულ სახეს, მაინც რას იცინოდა? მაგისთანა სიცილი ჩემს დღეში არ მინახავს, შიგადაშიგ გაჰკიოდა, თავს უკან გადააგდებდა და თვალებმოჭუტული ისე ხარხარებდა, როგორც ალბათ უნდა ხორხოცობდეს ყველაზე დამთხვეული ეშმაკი. ცოტათი შემეშინდა კიდეც. ასეთი არსებისაგან ყველაფერს უნდა მოელოდე. მოკლედ, გასაშტერებელი სურათი იყო! წვიმა_თქეში, უცნაური (თუმცა,კარგი) მუსიკა, ჯოხებიანი და გორგოლაჭებიანი გოგო, თავზე რომაელი ჯარისკაცის ჩაჩქანით, თმების ბოლოები წითლად აღადღადებული.. ხარხარი და შეკივლება... 
გვერდით ჩამიქროლა და დამიტოვა სურნელი, ჩემი ბავშვობისდროინდელი, ყველა ბაობაბზე მაღალი აკაციის ხიდან მონადენი უცხელეს ზაფხულებში.
გვერდით ჩამიქროლა და სანამ იმის მწვანე ტრიკოს ვჭამდი თვალებით, ზედა ბილიკიდან კიდევ მომესმა რაღაც ფართხაფურთხის ხმა. 
boogie-woogie monsters!!!!! ამან გამიელვა ეგრევე თავში და ადგილიდან მოვწყდი.. იმ ჩაჩქანიან გოგოს ავედევნე, მეგობრებმა შემომძახეს რაღაც მაგრამ მაგათი თავი ვის ქონდა, ზურგსუკან ხმაური ძლიერდებოდა, მე კი უკვე ოფლი მასხამდა! აუ, როგორ მეშინოდა, ცალკე შიში და ცალკე თავაწყვეტილი სირბილი ასფალტის გზაზე, უმძიმესი ბათინკებით გულს გამიხეთქავდა მალე, მაგრამ ასე მჯეროდა, რომ თუ გავჩერდებოდი, დამერხეოდა! გოგო დიდად შორს არ იყო ჩემგან, ერთიც არ შემოუხედავს, მიხარხარებდა და ისე გულმოდგინედ უსვამდა იმ ჯოხებს ასფალტზე, რომ ერთი ხანობა ისიც კი ვიფიქრე, ნეტა მეც მქონდეს, ხომ უფრო სწრაფად ვირბენდი მეთქი და სწორედ ამ დროს, ეშმაკმა დალახვროს, კინაღამ ინფარქტმა მგლიჯა: თავსზემოდან რაღაც მწვანე გადმომევლო, მერე კიდე იმ გოგოსაც გადაევლო! ვაიმე, ეს რა იყო, ჩავკვდი მოულოდნელობისაგან, თურმე კიდე ერთი მწვანეტრიკოიანი მიჭოკაობდა, ჭოკებით მოხტუნაობდა, რა! მე კი გავთავდი და! გოგოს სულაც არ შეშინებია, ვფიქრობ კიდეც გაეხარდა, იმიტო რო ხარხარს უმატა და ასე გასინჯეთ, მეც კი გამეცინა.. ალბათ ცოტა შვება ვიგრძენი, იმ რაღაცამ სული რომ არ გამაცხებინა და თავი ცოცხლად დავიგულე. მაგრამ კიდევ მივრბოდი, თითქოს სულ თავისუფლად, აღარც ფეხები მიმძიმდა და გულიც ჩაწყნარდა.. ეს რა დღეში ჩავვარდი მეთქი, ისევ ვფიქრობდი, ოღონდ ამჯერად შეშინებულისა და დამფრთხალის არაფერი მეცხო. ერთი ეგაა, უკან ცოცხალი თავით არ ვიხედებოდი, თითქოს ამიკრძალესო და მივჯლიგინობდი პირმორღვეული. მწვანეებში გამოწყობილი გოგო და ჭოკიანი ბუნდოვნადღა მოჩანდნენ და უცებ მივხვდი, რომ თუ ფეხს არ ავუჩქარებდი, ტყეს ისე შეერეოდნენ, რომ ვეღარ დავინახავდი..ეს გავიფიქრე, თუ არა, იმწამს ასრულდა ჩემი წინასწარმტყველება და ეს ორი დავკარგე!..
ახლაღა შევამჩნიე, რომ მარტო ვიყავი. თითქმის გაშეშებული, ცივი ოფლით სველი კისერიც მივატრიალე, როგორც იქნა – უკან კაციშვილი არ ჭაჭანებდა, არადა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ზურგსუკან უზარმაზარ მწვანეტრიკოიანთა ლაშქარს ვგრძნობდი... რა ჯანდაბა მოხდა?
წვიმა შეწყდა, ჩამოღამდა, ამ ადგილასაც ცხოვრებაში არ მომიდგამს ფეხი... „გვარიანად მირბენია"-გავიფიქრე და ცოტა არ იყოს, გული დამწყდა... ეს ხალხი მაინც არ დამეკარგა.. თუმცა, რას ვაპირებდი, რომც დავწეოდი? და საერთოდ, რა ჯანდაბად გამოვიქეცი? ბორმა მომაწვა ყელში. დებილი ვარ ნაღდი, რა... 
ასეთი აზრებით მივაბიჯბდი სველ გზაზე.. ასფალტზეც აღარ მივდიოდი უკვე, ტყის ბილიკს მივუყვებოდი, მოსაცმელის ბარაქიან ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ლამის ცრემლიც კი მომერია, ასე უაზროდ რომ აღმოვჩნდი ამ უკაცრიელ ადგილას. უცებ რაღაც შარიშურის ხმა გავიგონე, გული შემიხტა და სუნთქვა შემეკრა. ფეხები გამიშეშდა, ნაბიჯს ვერ ვდგამდი ვერც წინ, ვერც უკან, სმენად ვიყავი ქცეული. შარიშურს ხმელი ფოთლები გამოსცემდა, რაღაც ნაცნობი რიტმით.. დავუკვირდი, მხედველობა დავძაბე და ამ დროს, როცა ის ის იყო, რაღაც გავარჩიე, ზედ ჩემს სახესთან იმ მოხარხარე გოგოს სახე ამესვეტა და იმხელა პირი დააღო, რომ დედას გეფიცებით, აქამდე მიკვირს, იმწუთას როგორ არ ჩავისვარე შიშისგან! 
აზრზე რომ მოვედი, უკვე თავქუდმოგლეჯილი გამოვრბოდი გზისკენ, თურმე იმ გოგოს ჩემი შეჭმა აზრადაც არ მოსვლია, უბრალოდ იმ თავის მწვანეტრიკოიანთან ერთობოდა და თავზე რომ დავადექი, დიაცურად გამომლანძღა – პირი მოაღო და სულ წივილ-კივილით მამცნო ჩემი იქ ყოფნის უადგილობა...
ეეჰ, უზარმაზარი ტალახის გუნდებიც ავიკარი ბათინკებზე და საბოლოოდ გავბანძდი. აკი ვიცოდი, რომ შეყვარებული წყვილები საღამოს ელოდებიან ხოლმე ტბის გარშემო. ტბა არის მწვანე და სქელი. შეყვარებულები იცვამენ მწვანეს, რომ არ გამოჩნდნენ ტყეში და ტანსაცმლიანად გორაობენ ხეებქვეშ!!! რა სულელი ვარ, რა მომარბენინებდა, აკი ვიცოდი!
მადლობა ღმერთს, გზა მალე ვიპოვე. აქედან უკვე ვიცოდი, როგორ უნდა ჩავსულიყავი ქალაქში.
ტყუილად აქ არავინ ამოდის... 
უცებ ხარხარი ამივარდა.. მართლაც და, სასაცილო არ იყო, რა ამბავშიც გავეხვიე? ვის მივდევდი, რომ მივდევდი? რა მინდოდა?
ან ახლა რა მიხაროდა? იხვის ტოლმა და კიდევ ბუს კვერცხები მაცივარში!...
...ერთხელ მაინც ვინმემ მითხრას ნორმალურად, რა პონტია ეს ბუს კვერცხები? რა უნდათ ბუსგან??...

კატეგორია: მოტხრობები | ნანახია: 1062 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: