მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 11 » «ჯანმრთელობა მილიონ დოლართან ერთად» ---რატი რატიანი
6:38 PM
«ჯანმრთელობა მილიონ დოლართან ერთად» ---რატი რატიანი
«ჯანმრთელობა» _ ხმამაღლა ვუსურვებ ხოლმე საკუთარ თავს ყოველი დაცემინებისას _ «მილიონ დოლართან ერთად»; ჩემს მიერ განვლილი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი სიცოცხლის დიდი ნაწილი იმ ადგილებში გავატარე, სადაც არაფერი ესაქმებათ პატიოსან მოქალაქეებს. გამოსასწორებელ დაწესებულებებში თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში; წესიერ საზოგადოებაში მიმოფანტული ამ კუნძულების ეკლიანი ზღუდის მიღმა ქაღალდის ყოვლად გონიერად მოფიქრებული, მაგრამ უსარგებლო კანონები არ მოქმედებს _ აქ მათი წვლილი მობინადრეების მომრავლებაზე ზრუნვით იწურება.
რამდენადაც ჩემს სფეროში ცნობილ ავტორიტეტად ვითვლები, როგორც წესი, ციხის იერარქიაში მაღალ საფეხურზე დგომა ასე თუ ისე მინაზღაურებს ხოლმე ოთხ კედელში ჯდომით გამოწვეულ უსიამოვნებას, სამაგიეროდ ადმინისტრაციასთან გაუთავებელი უთანხმოების სახსოვრად მზიურ წნულს ბლაგვი სამართებლით სა¬კუ¬თარი ხელით მიყენებული უზარმაზარი ნაჭრილობევი მიმშვენებს.
ბავშვობიდან ქალები მეხვია გარს; დედა და ბებია მზრდიდნენ, მამა არ მახსოვს. თუ მეზობლის ბავშვები თავიანთ ოჯახებში მამის ძალაუფლებას ემორჩილებოდნენ, მე დაუსჯელად ვაკეთებდი, რაც მომეპრიანებოდა. ვშლიდი და ვაწყობდი რადიომიმღებს. თერთმეტი წლისამ საბრძოლო ავტომანქანა ავაწყე. ამ ჩონჩხის მსგავს მექანიზმს ჩამხშობი არ ჰქონდა, სამაგიეროდ, უკლებლივ ყველა საბჭოთა მანქანაზე დიდ სიჩქარეს ავითარებდა. თექვსმეტი წლის ასაკში მარჯვე ხელების და კრიმინალური მიდრეკილებების წყალობით უკვე ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანი გახლდით და სიგარეტის ნაცვლად მარიხუანას ვეწეოდი. იმ დროს მცირეოდენი წინააღმდეგობაც კი მაცოფებდა და ვცდილობდი ყველაფერი ჩემებურად მეკეთებინა. თუ ამას მაინც ვერ ვახერხებდი, რუსეთის რომელიმე ქალაქში გავრბოდი და შელახულ თავმოყვარეობას უცხო გარემოში ვიწყნარებდი, სადაც ჩემი ასაკთან შეუსაბამო პრეტენზიები არც ისე თვალშისაცემი იყო.
ჩემი პირველი დაოჯახება წმინდა წყლის შემთხვევითობა გახლდათ. ოცი წლის ვიყავი და უღელში თავის გაყოფა აზრადაც არ მომდიოდა, სამაგიეროდ ჩემი შვილის დედის მაღალმა ფეხებმა, ბრგე აღნაგობამ და ქერა თმამ თავი დამაკარგვინა და გონს რომ მოვედი, ეს მომხიბლავი არსება უკვე ბავშვს ელოდებოდა. არც ამ შემთხვევაში შემაწუხებდა სინდისის ქენჯნა, გოგონას მშობლებს თავი რომ არ გამოედოთ და ოჯახის შელახული ღირსების საზღაურად ჩემი თავისუფლება არ მოეთხოვათ. მსგავსი საქმეებისგან თავის დაძვრენის გამოცდილება ჯერ არ გამაჩნდა, ამიტომ მათ ნებას დავყევი. პირმშოს დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე საიუველირო მაღაზიის ძარცვისათვის ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. ეს რომ არა, შესაძლოა გამოსასწორებელი დაწესებულებების ბინადართა ჭრელ კომპანიებში გატარებული წლები შვილის აღზრდისათვის მომენდომებინა და ჩემგან მამა დამდგარიყო, მაგრამ ვეჭვობ, თანდაყოლილი ეგოიზმის და ინფანტილურობის გადამკიდე, რომელიც ასაკთან ერთად ფესვგამდგარ თვისებად მექცა, ამ საქმიდან არაფერი გამოდნებოდა. მოგვიანებით, გრანტის მიმართ უფრო განვიცდიდი მამობრივ გრძნობას, ვიდრე საკუთარი შვილისადმი. ათი წლის ქერათმიან ბიჭუნასთან, ეზოში რომ თამაშობდა სხვა ბავშვებთან ერთად, თავს უხერხულად ვგრძნობდი. გრანტთან ყველაფერი სხვანაირად იყო.
გერმანული ნაგაზის ფუმფულა ლეკვი სამი თვისაც არ იყო, ჩემთან რომ მოხვდა. იატაკს, სადაც მოეპრიანებოდა, იქ რთავდა ნელსურნელებით და სახლის ფლოსტებიდან დაწყებული, ყველა ჩემს ფეხსაცმელს გაუსინჯა გემო. დროთა განმავლობაში ეს ცუდი ჩვევები მოვაშლევინე. თუმცა ჩემს საწოლზე ძილის ცდუნებას ვერავითარი სასჯელის შიშით ვერ უძლებდა. ამის მიუხედავად, ჩვენი პირველქმნილი სამოთხე საათივით გვქონდა აწყობილი; საყვარელ ოთხფეხთან არ მჭირდებოდა თავის მოკატუნება და გამართლების ძებნა ადამიანური ცოდვილი ბუნების ყოველი წვრილმანის ნაკლის გამო. ზამთარ-ზაფხულ ყოველ დილით ექვს საათზე მაღვიძებდა და უკაცრიელ ქუჩაზე ვსეი¬რ¬ნობდით.
ამ დროისთვის ჩემი ყოფილი მეუღლე, რომე¬ლსაც დიდად არ ახარებდა დეკაბრისტის ცოლის ხვედრი, კარგა ხანია სამხედრო კარიერისთვის იღვწოდა და ვიცე-პოლკოვნიკობას აღარა¬ფერი უკლდა. ჩვენი ბინის ერთ ოთახში დედაჩემი ცხოვრობდა ჩემს შვილთან ერთად, რომლის აღზრდაც მთლიანად მას ჰქონდა მინდობილი, მეორეში კი მე და გრანტი. სწორედ მისი წყალობით დაირღვა ჩვენი ოჯახური იდილია.
ერთ დილას, ჩვეულებრისამებრ, შევასრულეთ მოციონი და სახლში ვბრუნდებოდით. მოულოდნელად გრანტს თითქოს ეშმაკი შეუჩნდაო: გადარეულივით შევარდა რომელიღაც ეზოს ღია ჭიშკარში და მეც თან გამიყოლა. როლები წამში გავცვალეთ, ახლა ის მექაჩებოდა სადავით. გეზი უყოყმანოდ აიღო ერთ-ერთი კარისკენ, რომელიც ოთახის გასანიავებლად გამოეღოთ. იმ მოკლე დროში, რომელიც საბელის სიგრძის მანძილის გარბენას მოვანდომე და ზაფხულის ნებიერი დილის სურნელით ამოვსებულ უბადრუკ წინკარში აღმოვჩნდი, იქიდან გრანტის ყეფა და ქალის კივილი მომესმა. საკერავ მანქანასთან სოფლიდან ჩამოსული, შავტუხა სტუდენტი გოგონა მიყუჟულიყო და შეშინებული ადევნებდა თვალს ურჩხულს, რომელიც ჩაბნელებული საწოლი ოთახისკენ იერიშით მიიწევდა. სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი, რომ უკვე ოთახში ვიყავი. სინათლიდან ნახევრადბნელში მოხვედრილმა პირველად ვერაფერი გავარჩიე, თუმცა იქ გამეფებული სიწყნარე, რომელსაც მხოლოდ გრანტის ღრიანცელი არღვევდა, ასე თუ ისე სანუგეშოდ მომეჩვენა. უფანჯრო ოთახის სიმრუმეში წინკარიდან შემოსულ ძუნწ სინათლეზე პირველად აულაგებელი საწოლი დავინახე, რომელზეც ღამის პერანგიანი ფეხშიშველა გოგონა იდგა და დაჟინებით მომჩერებოდა. სანდომიანი სახე ჰქონდა, ღამის პერანგში საკმაოდ ფერ-ხორციანი ჩანდა. არ ვიცი, გრანტის რეკონკისტამ დაამუნჯა თუ დილაადრიან უცნობი მამაკაცის საწოლ ოთახში დანახვამ, მაგრამ ქანდაკებასავით მდუმარე იდგა პიედესტალზე და ხმას არ იღებდა. თავი უხერხულად ვიგრძენი. გოგონას თვალი მოვარიდე და ძაღლის დაშოშმინება ვცადე, რომელსაც წინა ფეხები უკვე აულაგებელ ქვეშაგებში ჰქონდა გაბურდული და მტკიცედ გადაეწყვიტა საწოლის დაპყრობა. დიდი გაჭირვებით მოვთოკე გადარეული ოთხფეხი და ქანდაკებას მივუბრუნდი, რომელიც თვალის დაუხამხამებლად იდგა წინანდელ მდგომარეობაში. დაბნეულმა მოვუბოდიშე და ოთახიდან გასვლა დავაპირე. მოულოდნელად გოგონას მეტყველების უნარი დაუბრუნდა და ჩაილაპარაკა, რომ ორივეს გვიცნობდა _ მეც და ჩემს ძაღლსაც. ქუჩაში გვხედავდა და გაიგო, რომ მეზობლად ვცხოვრობდი. ამ სიტყვებისთანავე კვარცხლბეკიდან დაეშვა, მომიახლოვდა და გრანტს, რომელიც ახალი ოინის მოლოდინში საყელურით მეჭირა, ფრთხილად გადაუსვა ხელი ყალყზე დამდგარ ბეწვზე. გრანტმა კუდი ააქიცინა. გაოგნებისაგან გონს ვერ მოვდიოდი: გადარეულ ძაღლზე რომ არაფერი ვთქვა, ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ ქვასავით უტყვი არსებისაგან ასეთ მეტამორფოზას არ ველოდი. გოგონა ჩემს თვალწინ მომხიბვლელ, უშფოთველ ნიმფად იქცა. მიამიტ სახეზე მშვიდი თავდაჯერება ეწერა. როგორც ჩანს, ოდნავადაც არ გრძნობდა უხერხულობას სიშიშვლის გამო, რომელსაც თხელი ღამის პერანგი ვერ უფარავდა. თავში სასიამოვნო ბურუსი ჩამიდგა _ მისმა აუღელვებელმა სითამამემ და ჰაერში დატრიალებულმა გარდაუვალობის სუნმა ჩემზე ალკოჰოლივით იმოქმედა. ძველი ნაცნობებივით ძალდაუტანებლად ავლაპარაკდით. გამოტყდა, რომ კარგა ხანია თვალს მადევნებდა და გრანტი რომ არა, ალბათ ვერასოდეს გამიცნობდა. მისმა გულწრფელობამ მომხიბლა.
აგვისტოს ერთ შუადღეს სტუმარი მეწვია; ოცდაათს გადაცილებული, გრძელცხვირა, უსიმპათიო ქალი. თხელი თმა კეფაზე კუდად შეეკრა და დაბნეული წრიალებდა ზღურბლთან. იმ დღეს ჯოჯოხეთურად კარგ გუნებაზე ვიყავი _ კარის მეზობელს, არც ისე ახალგაზრდა, გაუთხოვარ ქალს, რომელზეც ხმები დადიოდა, რომ ცოლად უნდა შემერთო (თითქოს მეტი საქმე არ მქონდა), უმსგავსო ოინი მოვუწყე: მის სასტუმრო ოთახში კარადის თავზე შეუმჩნევლად შემოვდე პატარა რადიოგადამცემი და ინტრიგის განვითAარებას დაველოდე. იმავე საღამოს მეტად თავშესაქცევი რჩევა-დარიგების მოწმე გავხდი, რომელსაც ნამცხვრების ფაშფაშა გამყიდველი ჩემს მშვენიერ მეზობელს აძლევდა. მისი ლაპარაკიდან ჩანდა, რომ სწორედ შესაფერისი პარტია ვიყავი შუახნის, გაუთხოვარი ქალისთვის, თუმცა ეს უკანასკნელი თავს ჩემი კრიმინალური წარსულის და კიდევ უფრო არამდგრადი მომავლის გამო იკავებდა. ამ გულუბრყვილო მსჯელობამ ძალიან გამამხიარულა და წინასწარ ვტკბებოდი მხილების სცენით.
დილით ჩემი თვითმარქვია საცოლე შემოვიპატიჟე და უხმოდ, თეატრალური ჟესტით ჩანაწერი ჩავრთე. თავდაპირველად ქალი გონს ვერ მოვიდა და დამბლადაცემულივით იჯდა. მერე კიბორჩხალასავით გაწითლდა და ცრემლები მოადგა, წინასწარ შერჩეული ირონიული ფრაზებით და მკაცრი ტონით ავუხსენი, სანამ ვინმეს ცოლობას დააპირებდე, ყოველი შემთხვევისათვის, აზრი სავარაუდო საქმროსაც ჰკითხე-მეთქი. სირცხვილისა და მრისხანების მოზრდილი ბურთი ყელში გაეხირა. ყველაზე მეტად ახლა ალბათ აქედან გაქცევა უნდოდა. მაგრამ სარგადაყლაპულივით იჯდა, ადგომის თავიც არ ჰქონდა. შემეცოდა, ტონი შევცვალე და ვანუგეშე, რომ ჯერჯერობით ხელმეორედ დაოჯახებას არ ვაპირებდი, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდებოდა, პირველად მას გავიხსენებდი. სიძულვილით და საყვედურით სავსე თვალებით შემომხედა და წავიდა.
სწორედ იმ დღეს, საკუთარი უმსგავსო ოინის გამო ამაყსა და თვითკმაყოფილებისაგან მთვრალს მეწვია სტუმარი. მისგან შევიტყე, რომ ჩემდა უნებურად, ერთ არაფრით გამორჩეულ ბიურგერულ ოჯახში დატრიალებული დრამის მთავარი გმირი გახლდით: მეტალურგიული ქარხნის აღმასრულებელ დირექტორსა და მის პატივცემულ მეუღლეს თავზარი დაეცათ, როდესაც შეიტყვეს, რომ მათ უმცროს ქალიშვილს ბოროტმოქმედი შეყვარებოდა და მის ცოლობას აპირებდა. ამ ამბავმა მის მშობლებზე მეტად მე გამაოცა, გამოგიტყდებით, მსიამოვნებდა გრანტის წყალობით გაცნობილი ცხრამეტი წლის გოგონას ყურადღება, მაშინ როდესაც თვითონ ორმოც წელს ვუახლოვდებოდი, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია მისი შეყვარება. მეტიც, მეზობლის მოულოდნელი გაქრობა უცნაური მეჩვენა, თუმცა ამაზე ფიქრით თავი არ ამიტკიებია. რამდენიმე დღეში ცხოვრების ჩვეულ კალაპოტს დავუბრუნდი. ვიდრე დედაჩემი ავად არ გახდა, ჩემმა ემანსიპირებულმა ყოფილმა მეუღლემ კი, რომელიც უკვე ვიცე-პოლკოვნიკი იყო, ვაჟიშვილი თავისთან არ წაიყვანა.
დედაჩემის ოთახში სულისშემხუთველი სიმყრალე იდგა. დამბლადაცემული მოხუცი საწოლშივე ითავებდა საჭიროებას. იქაურობის დასუფთავება მე მიხდებოდა. ავადმყოფის მოსანახულებლად მოსული მეზობლები მის სიახლოვეს ზუსტად იმდენ ხანს ძლებდნენ, რამდენსაც ამას თავაზიანობის წესი მოითხოვდა და თანაგრძნობის გამომხატველი გამომეტყველებით, რომელსაც ღია პირი ცოტა არ იყოს სულელურ იერს აძლევდა, სუნთქვაშეკრულები ოთახის დატოვებას ჩქარობდნენ.
საბედნიეროდ, მოხუცი მანამდე გაემგზავრა იმ ქვეყანას, ვიდრე ყველას თავს მოაბეზრებდა. მისი გარდაცვალებისთანავე ჩვენს ბინაში ჩემი ძმა გადმოსახლდა პატარა, ავი, ჟღალთმიანი ცოლით, რომელსაც ასთმის ხშირი შეტევებისგან სული ეხუთებოდა და სამი შვილითურთ _ ბავშვებს დედ-მამასთან ერთ ოთახში ეძინათ. მე და გრანტმა დედაჩემის ყოფილ ოთახში გადავინაცვლეთ, სადაც ჯერ კიდევ ტრიალებდა ექსკრემენტების დახუთული სიმყრალე.
როგორც გითხარით, მალევე გადამავიწყდა სანდომიანი სტუდენტი, რომელიც ჩემგან მოშორებით დესპოტ მშობლებს შინაპატიმრობაში ჰყავდათ. სასწავლებელში სიარულის უფლებასაც კი არ აძლევდნენ ჩემთან შეხვედრის შიშით. სტუმარი კი მისი უფროსი და აღმოჩნდა, რომელმაც კუპიდონის როლი იკისრა და ეს ამბავი შემატყობინა.
«როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა, გრანტ» _ ნახევრად ხუმრობით მივმართე ძაღლს უფროსი დის წასვლის შემდეგ. ოთხფეხი საწოლზე ამოხტა და გვერდით მომიწვა.
თავგადადებული ერთგულება და სინაზე, რომელსაც ჩემი პატარა ცოლი (პატარა-მეთქი, რომ ვამბობ, მხედველობაში მისი ასაკი მაქვს, თორემ იმ დროს უკვე ორი წლის გოგონას დედა იყო და წონაშიც გვარიანად მოიმატა) იჩენდა, როდესაც ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ გისოსებს მიღმა აღმოვჩნდი, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა კეთილგონიერი მოქალაქეების არმია, რომელსაც სათავეში მისი მშობლები ედგნენ, ძალ-ღონეს არ იშურებდა მის ჭეშმარიტ გზაზე დასაბრუნებლად, მაგრამ მის მიამიტურ სიჯიუტეს, რომლითაც ჩემზე იყო მოჯაჭვული, ვერაფერი დააკლეს.
ჩემი ოჯახური ცხოვრების იმ მოკლე პერიოდზე, რომელიც მორიგ დაპატიმრებამდე გაგრძელდა, აღარ შევჩერდები, რადგან მოსაყოლი თითქმის არაფერია. მთელი ეს დრო ბლაგვ თვითკმაყოფილებასა და უმოქმედობაში ჩაძირულმა გავატარე. შესაძლოა, მითხრათ, რომ იმ საქმიანობას, რომელსაც ვეწევი, უმოქმედობა ჯობია. პასუხად იმ საცოდავებზე მიგითითებთ, ბლომად რომ დაბანცალებენ ქუჩებში და ას გრამზე ოცნებობენ, ან იმათზე, ვინც საშინლად იტანჯება და ნახმარი შპრიციდან წვეთის გამოწურვას ცდილობს, თუმც იქ კარგა ხანია აღარაფერი დარჩა. ეს არის უმოქმედო ადამიანი იმ სამყაროში, რომელსაც მე ვხედავ, რომელიც ჩემს გარშემოა.
იმ დროისთვის, როდესაც მესამედ აღმოვჩნდი განსასჯელის სკამზე, ორმოცდასამი წელი შემისრულდა, მაგრამ სასამართლო უწყება, რომელმაც ჩადენილი დანაშაულისათვის მთელი ათი წელი მომისაჯა, ურყევი და მტკიცეა განურჩევლად ყველას მიმართ. ოქმში აღნიშნული დაბადების თარიღი მისთვის მხოლოდ რამდენიმე მშრალი ციფრია და არავითარ შემთხვევაში მოახლოებული სამყაროს აგონია ან რამე სხვა. საბედნიეროდ, ბანაკში ყოფნის მესამე წელს მორიგი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული ამნისტია წამომეწია და პატიმრობიდან მთელი შვიდი წლით ადრე გავთავისუფლდი.
დიდი ხანი არ მიმტვრევია თავი იმის მოსაფიქრებლად, როგორ გამომეყენებინა კანონის ნაწყალობევი დრო; მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ყოველდღე ხდებოდა დემოგრაფიული აფეთქებები, ტექნიკა ბგერის სისწრაფით ვითარდებოდა, ომების რიცხვმა იმატა, პოლიტიკოსები კი უფრო დამაჯერებლად ეფარებოდნენ მშვიდობიან მოლაპარაკებებს, როგორც მგლები ბატკნის ტყავს, აქამდე ცივილიზაციის ეს შეშლილი ტემპი ჯერ არ შეხებოდა ჩამქრალი ბუხრის პირას მოკალათებულ ქვეყანას, რომლის ზურგს უკან ნავთქურა ხრჩოლავდა, მაგრამ ყველაფერი შეუმჩნევლად იცვლებოდა საპირისპიროსკენ და ეს ნათლად მხოლოდ მაშინ დავინახე, როდესაც ოთახში, სადაც ორი წელი გავატარე ცოლ-შვილთან ერთად, ჭერამდე ჩახერგილ მუყაოს ყუთებს შორის დარჩენილ ჩიხებში ობობებს ვრცელი აპარტამენტები მოეწყოთ. მტვრიან ხარახურას აბაჟურის გისოსებივით ჩრდილები დაეფინა. იქაურობა ცარიელ საცეკვაო მოედანს გავდა. დიასახლისი მშობლებთან გადაბარგებულიყო, ინფორმატიკის შესწავლას განაგრძობდა და საკუთარი კომპიუტერი შეეძინა. მის საამაყო ელექტროღუმელთან ჩემი ძმის ცოლი ასთმური ხველებისგან იხრჩობოდა და ჩემი ჩამოსვლის აღსანიშნავად ნამცხვარსაც აცხობდა.
ვცდილობ დროს დავეწიო. მოძველებული ტექნიკა სარდაფში ჩავზიდე და ოთახი ძველი მეგობრების და ნაცნობების ნაჩუქარი თანამედროვე აპარატურით ავავსე. ოჯახის აღდგენის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ამ საქმეზე ხელი ჩავიქნიე. მილიონი აუცილებლად მჭირდება მოახლოებული სიბერისთვის, თუმცა ჯანმრთელობა შემერყა. მორიგი ავანტიურისას ავადმყოფობამ მთელი თვით ჩამაგდო ლოგინში. ექიმები მეუბნებიან, რომ სუსტი ფილტვები მაქვს და თავს უნდა გავუფრთხილდე. ასეც ვაკეთებ. მათ ყველა რჩევას ვასრულებ. საკუთარი თავი მიყვარს, კარგად ვიკვებები და ვვარჯიშობ. დილაობით ქუჩაში ვსეირნობ. ნელი ნაბიჯით დავდივარ, წვერგაუპარსავ სახეს დილის მზის სინათლეს ვუშვერ და ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. მშვიდი და კმაყოფილი. მხოლოდ გრანტი მაკლია, მაგრამ ახლა ყოველი დაცემინებისას, როდესაც საკუთარ თავს შევუძახებ «ჯანმრთელობა მილიონ დოლართან ერთად», ავადმყოფობის შემობრუნების შიში მეპარება და ვგრძნობ, რომ ბავშვობა დამთავრდა და პირდაპირ სიბერეში ამოვყავი თავი.
კატეგორია: მოტხრობები | ნანახია: 834 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: