მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 11 » ხელოვნებისა და სინამდვილის ურთიერთობის შესახებ
6:35 PM
ხელოვნებისა და სინამდვილის ურთიერთობის შესახებ
ლუიჯი პირანდელომ კრიტიკოსთა ბრალდებას მის ნაწარმოებთა სიუჟეტების პარადოქსული არანამდვილობის შესახებ თავისი რომანის, ,,განსვენებული მატია პასკალის\" ბოლოსიტყვაობაში ასე უპასუხა: ,,ცხოვრებისეული სისულელეები სულაც არაა აუცილებელი სინამდვილეს ჰგავდეს, რადგან ისინი ისედაც ნამდვილია. ხელოვნებაში კი პირიქით ხდება. ნამდვილი რომ გეჩვენოს, საჭიროა, სინამდვილეს ჩამოჰგავდეს. აი, მაშინ კი, სინამდვილის მიმსგავსება სისულელე აღარაა.
ცხოვრებაში მომხდარი შემთხვევა შეიძლება სულელური იყოს. ხელოვნების ნაწარმოები კი, თუკი ის მართლაც ხელოვნების ნაწარმოებია, ამას ვერ აიტანს.
აქედან გამომდინარე, სიბრიყვეა იმის მტკიცება, რომ ესა თუ ის ხელოვნების ნაწარმოები სისულელეა და სინამდვილეს არა ჰგავს. ხელოვნების ნაწარმოებებს არასდროს აუსახავთ იმდენად შთამბეჭდავი სისულელეები, ჩვენ რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება სინამდვილეში\".
ლუიჯი პირანდელოს ეს სიტყვები სწორედ ხელოვნებისა და სინამდვილის ურთიერთობის პრობლემას ეხება და ერთგვარი ირონიით პასუხობს მათ, ვისაც ხელოვნების ნაწარმოების ფასეულობის დასადგენად მისი რეალობასთან მსგავსება აურჩევიათ კრიტერიუმად.
ყველასათვის ცხადია, რომ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ და სამყარო, ხელოვნების ნაწარმოებები დაუსრულებლად რომ ქმნიან, ერთმანეთისგან განსხვავდება. მიუხედავად ამისა, როცა ხელოვნებისა და სინამდვილის ურთიერთდამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, ხშირად მათ კავშირსა და სიახლოვეზე ვამახვილებთ ყურადღებას და არა განსხვავებებზე.
განსხვავებები კი მართლაც თვალშისაცემია და მათგან ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხელოვნების ნაწარმოები ხშირად ფანტასტიკურ ელემენტს შეიცავს. ფანტასტიკას კი სწორედ იმას ვუწოდებთ, რასაც რეალობაში ვერანაირ ადგილს ვერ ვუძებნით.
ხელოვნება ასახავს სამყაროს.... მაგრამ არის კი ეს სამყარო ის, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ? თუ არის, საქმე გვაქვს მის სრულიად განსხვავებულად ასახვასთან და თუ არ არის, უნდა მივიჩნიოთ, რომ სინამდვილე, რომელშიც ჩვენ შევდივართ ხელოვნების ნაწარმოების წვდომის მეშვეობით, ამ ნაწარმოების შედეგი კი არა, მიზეზია. ანუ, ეს სამყარო უკვე არსებობდა იმ დროისათვის, როცა შემოქმედმა ქმნა დაიწყო. მისი ასახვის შედეგად კი ხელოვნების ნიმუში დაგვრჩა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ვითარება, რომელიც ხელოვნების ნაწარმოებში იქმნება, სავსებით გამოგონილი კი არაა, უკვე არსებულის სხვაგვარი გააზრებაა, თუმცა ვინ იცის...
კიდევ ერთი საკითხი, რომლის გადაჭრაც შეუძლებელია და, მიუხედავად ამისა, რომელზე ფიქრიც კაცობრიობას არასდროს შეუწყვეტია, ასეთია:_ რომელი სამყაროა უკეთესი, სამყარო, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, ჩვენთვის ნაცნობი და დროსა და სივრცეში მტკიცე კანონების დაცვით განფენილი თუ სამყარო, ასე დაუნანებლად რომ გვთავაზობს ყოველი მხატვრული ნაწარმოები თუ ფერწერული ტილო.. დაუზარებლად რომ ქმნიან მხატვრები, მწერლები, კომპოზიტორები...? თუ პირველი_ რისთვისღაა საჭირო ახალი სინამდვილის შექმნა, და თუ მეორე, _ მაშინ რატომ არ ვაწყობთ ყველაფერს ისე, როგორც ეს ხელოვნების ნაწარმოებებში გვეძლევა? ამ პრობლემის ცალსახად გადაჭრა შეუძლებელია, მისი ანალიზი კი, პირველ რიგში, ხელოვნებისა და სინამდვილის ურთიერთობის ანალიზს მოითხოვს.
მაინც სად იკვეთება სინამდვილისა და ხელოვნების გზები? სად არის ის კარი, რომლის გავლითაც ერთი, რეალური სამყაროდან მეორე, არარეალურ სამყაროში ვინაცვლებთ? გადაკვეთის წერტილი უეჭველად ხელოვნების ნაწარმოებია. სწორედ მასში ერთდება სინამდვილისეული, ნივთური მხარე და ხელოვნებისეული, გამოგონილი მხარე. ჰარტმანი ამას ხელოვნების ნაწარმოების ორპლანოვნებას უწოდებს. ,,წინაპლანი\" რეალურად შეგრძნებადი, რეალურად არსებული ვითარებაა, ფერწერული ტილოს შემთხვევაში ესაა ტილოზე ,,წაცხებული\" ფერები და გავლებული ხაზები, სწორედ ამ ,,წინაპლანში\" ცხადდება მეორე პლანი- ირეალური, გამოგონილი. პირველ რიგში კი, თუ ხელოვნების ნაწარმოებს მისი ხელშეუხებელი სინამდვილის მიხედვით განვსჯით, იგი ისეთივე ნივთად უნდა მივიჩნიოთ, როგორიც სხვა ნივთებია. ვან გოგის ნახატი ხომ ისევე კიდია კედელზე, როგორც სანადირო თოფი ან ქუდი. (ჰაიდეგერი). ნივთად აღიქვამს ამავე ნახატს მისი გადამზიდველი და შეიძლება აუგი სიტყვაც კი დასცდეს, რამსიმძიმეა ეს ოხერიო, დამთვალიერებელი კი, მას შემდეგ რაც გადამზიდველი ნახატს საგამოფენო დარბაზამდე მიიტანს, უკვე კედელზე დაკიდებულს ნამდვილად აღარ შეაფასებს ზომა-წონის მიხედვით და ყურადღებას მის ფასეულობაზე გაამახვილებს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არანაირი ობიექტური განსხვავება ხელოვნებასა და სინამდვილეს შორის არ არსებობს. მათ სწორედ ადამიანი ასხვავებს, უწესებს რა გასხვავებულ კრიტერიუმებს. საბოლოოდ, ხელოვნებისა და სინამდვილის განსხვავების პრობლემა უბრალო ნივთისა და ხელოვნების ნიმუშის განსხვავების პრობლემაზე დაიყვანება. მაშ ასე, რატომ აღვიქვამთ ჩვენ რეალურ მზესუმზირებს საგნებად, ნივთებად, ვან გოგის ,,მზესუმზირებს\" კი ხელოვნების ნიმუშად? განა საქმე მშვენიერებაშია?! მაგრამ ხანდახან ხომ მხატვართა მიერ ასახული საგანი, ნივთი, არსება რეალურად უფრო მშვენიერია, ვიდრე ტილოზე. ასეთი უნდა ყოფილიყო, ვგონებ, ფიროსმანის მშვენიერი მარგარიტა, რომელმაც უკვდავება მისი სწორედ არცთუ მშვენიერი გამოსახულების წყალობით მოიპოვა.
თუკი ამ ფაქტორსაც გამოვრიცხავთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ხელოვნების ნაწარმოებში სწორედ ის გვხიბლავს, რომ იგი არარეალურია. ვან გოგის მზესუმზირები ნატურალისტური სიზუსტით რომ ყოფილიყო შესრულებული, მერწმუნეთ, მას არავინ უწოდებდა ხელოვნების ნიმუშს, ერთი კია, ფუტკრები ნამდვილად აღარ მოშორდებოდნენ. ზუსტად ამავე მიზეზის გამო ხელოვნების ნიმუშად არ მიჩნეულა საბჭოთა კავშირში შექმნილი უამრავი ნახატი, სადაც ქარხანაში მშრომელი მუშის ტანზე ოფლის წვეთებიც კი დაითვლებოდა. 
უბრალო ნახატს ხელოვნების ქმნილებად სწორედ ის აქცევს, რომ ის არათუ სინამდვილე, მისი ზუსტი ასახვაც კი არაა. თვით ფოტოც კი, ზუსტად რომ იმეორებს ნამდვილი საგნის გრძნობად ფორმას, მხოლოდ მაშინაა ღირებული, როცა ამ საგანს სულ სხვა კუთხით წარმოაჩენს და არა ისეთით, რომლითაც ჩვენ მას სინამდვილეშიც ვხედავთ.
ხელოვნების ნაწარმოების განცდა თავის თავშივე მოიცავს იმის განცდას, რომ რასაც ვუყურებთ, ის ასეთი სახით ყოველდღიურობაში არ არსებობს. ესაა ხელოვნების ნაწარმოებით ესთეტიკური ტკბობის საფუძველი. წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, სხვაგვარად რომ იყოს, ხელოვნების ფუნქციას მართლაც რომ წარმოადგენდეს ყოფიერების უზუსტესი ასახვა. განა რომელიმე მაყურებელი არათუ ტკბობას, ყურებას მაინც შეძლებდა იმისა, თუ როგორ ახრჩობს ოტელო დეზდემონას... ამგვარი მიდგომა ხელოვნებისადმი (ხელოვნებას კი არცთუ იშვიათად სთხოვენ, შეულამაზებლად გადმოსცეს რეალობა) დამღუპველია და ეწინააღმდეგება ნაწარმოების აღსაქმელად აუცილებელ პოზიციას_ ჭვრეტის პოზიციას. (გავიხსენოთ არისტოტელე, კათარზისი მიიღწევა ცქერით). განა ხელოვნების გამარჯვებაა ის, რომ სურათზე გამოსახული ყურძენი ადამიანს მისი შეჭმის სურვილს უღვიძებს? არამც და არამც. მხოლოდ სინამდვილის პრეროგატივაა, ინდივიდს მასში უშუალო ჩართვის მოთხოვნილება აღუძრას, ფერწერულმა ტილომ კი მხოლოდ ცქერით უნდა მოჰგვაროს ტკბობა. ,,ამიტომაც მკითხველი აღარაა მკითხველი, მაყურებელი აღარაა მაყურებელი და მსმენელი აღარაა მსმენელი, თუკი წაკითხული, დანახული და მოსმენილი ვითარება სინამდვილედ ეჩვენება\" (ზ. კაკაბაძე. ,,ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება\"- ნარკვევები). ნაწარმოების მომხიბვლელობის ერთ-ერთი ასპექტი იმაში კი არ მდგომარეობს, მონათხრობი რაც შეიძლება უკეთ მიესადაგებოდეს სინამდვილეს, არამედ იმაში, რომ რაც შეიძლება უჩვეულოდ წარმოაჩინოს ის, რაც სხვა შემთხვევაში სავსებით ჩვეულებრივი იქნებოდა. ეს არის დამაჯერებელი ტყუილის ხელოვნება. 
მაშასადამე, შევთანხმდით, რომ ხელოვნების ნაწარმოების აღქმის უპირველესი პირობა მისი რეალობისგან გამიჯვნაა. რა ხერხით შეიძლება ხელოვნების ქმნილების რეალობისაგან დაცილება? (ეს ფრაზა, შესაძლოა, ოდნავ გაუმართავია კიდეც, რადგან ამა თუ იმ ნაწარმოების ხელოვნების ნიმუშად გააზრება მხოლოდ მას შემდეგ ხდება შესაძლებელი, რაც იგი შემფასებლის თვალში რეალობასთან წყვეტს კავშირს). ამისთვის აუცილებელია ერთგვარი ჩარჩო. ფერწერული ნამუშევრის შემთხვევაში, ჩარჩო პირდაპირი გაგებით უნდა გავიგოთ. ტილო იმიტომ გამოიყოფა ჩარჩოთი, რომ სინამდვილეში არსებულ საგნებს არ შეერწყას, მათში არ ჩაიკარგოს. სხვა შემთხვევაში ჩარჩო წარმოსახვითია და იგი მოიაზრება მაყურებლისა თუ მკითხველის მიერ. 
დაფიქრებულხართ, რატომ არის კინოჩვენების დროს დარბაზი ჩაბნელებული? სწორედ ამგვარად ხდება კინოთეატრში რეალურისა და გამონაგონის გამიჯვნა. მკითხველის რეალური სამყაროსაგან გამოთიშვაა წიგნის კითხვის პირველი საფეხურიც. ხშირ შემთხვევაში თავად ავტორი აფარებს მკითხველის გონებას ფარდებს, მიჯნავს რა მხატვრულ რეალიებს სინამდვილისაგან ჩარჩოს მსგავსი ზღუდით.
მწერალმა თუ ნაწარმოების პირველივე გვერდებზე ვერ მოახერხა მკითხველის ,,გონების ჩამობნელება\", მკითხველი ვერ შეძლებს ნაწარმოების რეალობის მიღებას, მასში ადაპტირებას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელოვნების ნაწარმოების აღმქმელმა უნდა შეძლოს, მასში აღწერილ სამყაროში შეღწევა, მაგრამ მუდამ ანგარიშს უნდა უწევდეს იმ ფაქტს, რომ ამგვარ ვითარებას რეალობასთან უშუალო კავშირი არ აქვს და მისი ემპირიულ ყოფასთან გაიგივება დაუშვებელია. ცხადია, რომ ქმნილების წინაშე მდგომი ინდივიდი მუდმივად არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ მას გამოგონილ სინამდვილესთან აქვს საქმე, ამ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებს ავტორისეული ფაქიზი სიგნალების გაშიფვრას, რომელთა აღქმასაც შემოთავაზებულ რეალობაში ჩართვა ესაჭიროება. მეორე მხრივ კი, იგი არ უნდა ივიწყებდეს იმას, რომ ყოველივე, რასაც იგი ეცნობა, ავტორის თვალითაა დანახული და, შესაბამისად, აუცილებელიც არაა, ემპირიულ სინამდვილეს ემთხვეოდეს. თუკი ამ ორ კომპონენტს შორის ზომიერება ირღვევა, ნიმუშის სრულფასოვნად აღქმა შეუძლებელი ხდება. 
აქვე წამოიჭრება კიდევ ერთი საკითხი, თუკი ხელოვნების ნაწარმოების აღქმის პირობას მისი არარეალურობა ქმნის, რატომღაა დამკვიდრებული აზრი, რომ ხელოვნება სინამდვილის მიბაძვაა? განა სწორედ ამას არ გულისხმობს ტერმინი მიმესისი?! ხელოვნება უკვე არსებული სინამდვილის თავისებური ბაძვაა თუ ჯერ არარსებულის ქმნა? როგორც იმ უამრავ კითხვაზე, ხელოვნებას რომ ეხება, ამაზეც არ არსებობს ცალსახა პასუხი. ხელოვნება უკვე არსებულის მიბაძვაცაა და ახლის ქმნაც. ხელოვნება სინამდვილეს ბაძავს, იყენებს რა მისეულ ფორმებს (თუნდაც, მცირედ განსხვავებულს) და ქნის კიდეც ახალს, აძლევს რა მათ განსხვავებულ შინაარსს.
მართალია, სურათზე გამოსახული შავი კვადრატი ძალიან წააგავს იმ შავ კვადრატებს (უფრო სწორად, მელნით გაფერადებულს), ყველას თუ არა, ყოველ მეორეს რომ დაგვიხატავს რვეულის ბოლო გვერდზე, მაგრამ ის იმით კი არ გვხიბლავს, რომ ზუსტად იმეორებს არსებულ ფორმას, არამედ იმით, რომ მას სხვა კუთხით გვაჩვენებს. მალევიჩის შავი კვადრატი სიმარტივისადმი ადამიანის სწრაფვას საუკეთესოდ წარმოაჩენს და სწორედ ამიტომაა მიმზიდველი. ესე იგი, ხელოვნების ნაწარმოები არც ამ მხრივაა სინამდვილის ზუსტი ასლი.
მხოლოდ ვან გოგის ,,მზესუმზირები\" გვიღვიძებენ სინათლის შეგრძნებას და არა ნამდვილი მზესუმზირები, თუმცა კი ასეთი რამ მათ სინამდვილეში რომ არ ახასიათებდეთ, ვერც შემოქმედი შეძლებდა ტილოზე ამ შეგრძნების გადმოტანას. ფორმა მსგავსია (აქაც ხაზგასმით აღვნიშნავ_არა იდენტური), მაგრამ ფერწერულ ტილოზე წინ სწორედ ისაა წამოწეული, რაც რეალურ საგანში არსებობს თვალისთვის შეუმჩნევლად. გრძნობადი მხარე ისეა ასახული, რომ მან მჭვრეტელში შეფასებითი მხარე გაააქტიუროს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ ხელოვნებას შეუძლებელია (და არც შეიძლება) სინამდვილის ზუსტი ასახვა მოეთხოვოს. ხელოვნების ნაწარმოების ძირეული თვისება არა რეალობასთან ახლობლობა, არამედ მისგან გამიჯვნაა. კავშირი რეალობასა და ხელოვნებას შორის ფორმათა კავშირია. ამ კავშირის დარღვევა უბრალოდ შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ ადამიანმა ქმნილებაში უკვე ნაცნობი ფორმა ვერ აღმოაჩინა, მის შინაარსსა და ავტორის ჩანაფიქრსაც ვერ ჩაწვდება. ჩვენ ვერასდროს შევძლებთ ნაწარმოებში ასახული სინამდვილის ემოციურ აღქმას, თუკი მასში დახატული გმირები ჩვენთვის ჯერაც უცნობი ფორმით არიან წარმოდგენილნი. ვერ მივხვდებით, უნდა განვიცადოთ თუ არა პიესის გმირისადმი ადამიანური ტკივილი, თუკი პიესის გმირი ადამიანი არაა. შეიძლება, ხელოვნების ნაწარმოებში ასახული ფორმა ძლიერ იყოს დაშორებული სინამდვილეს, მაგრამ მასში მაინც უნდა იყოს რაღაც ნაცნობი, რის საფუძველზეც გავიაზრებთ დანამატს. სხვაგვარად ხელოვნების ნიმუში ვერ შედგება.
დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნება მართლაც გულისხმობს ორივე კომპონენტს-მიბაძვასა და ქმნას, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შემფასებელი შეძლებს მის აღქმას. ყოველი ახალი მხატვრული ნაწარმოებიც ხომ უკვე ნაცნობი სიტყვებით ოპერირებს და ახლის თქმას მაინც ახერხებს. იგივე შეიძლება ხელოვნებაზე განვაზოგადოთ. იგი უკვე ნაცნობით ქმნის იმას, რაც ჯერაც არ ყოფილა, უკვე არსებული სინამდვილის მიბაძვით ახალ სინამდვილეს აყალიბებს. 

კატეგორია: მოტხრობები | ნანახია: 779 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: