მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 7 » მგლოვიარე მუზა === იოსიფ ბროდსკი
6:06 PM
მგლოვიარე მუზა === იოსიფ ბროდსკი

როცა გაიგო, ქალიშვილი ლექსების ნაკრების დაბეჭდვას აპირებსო დედაქალაქურ ჟურნალში, მამამ მოითხოვა, რომ მას ფსევდონიმი აეღო და `აღმატებული გვარი არ შეერცხვინა~. ასული დაყაბულდა, და რუსულ ლიტერატურაში ანია გორენკოს ნაცვლად შევიდა ანა ახმატოვა.
ისეც არ ყოფილა, თითქოს თავად შეეჭვებულიყოს საკუთარ ტალანტსა და არჩეული გზის სისწორეში ან ეძებნოს ის სარგებლები, რასაც აძლევს მწერალს გაორებულობა; უმთავრესი მდგომარეობდა აუცილებლობაში, დაცული ყოფილიყო მიღებული წესი, რამდენადაც წარჩინებულ ოჯახებში (და მათ მიეკუთვნებოდა გორენკოების ოჯახიც) ლიტერატორის ხელობას მაღლიდან დაჰყურებდნენ და იგი იმათთვის ესახებოდათ რიგიანად, ვინც ვერ ახერხებდა სხვა რამით გამოეჩინა თავი.
მამის პრეტენზიები, უნდა ითქვას, გადამეტებული გახლდათ. ბოლოს და ბოლოს გორენკოები არ მიეკუთვნებოდნენ ტიტულოვან წარჩინებულებს. მეორე მხრივ, ისინი ცხოვრობდნენ ცარსკოე სელოში _ სამეფო საგვარეულოს საზაფხულო რეზიდენციაში, ხოლო მრავალწლიანი ხასიათის ამდაგვარი მეზობლობა იშვიათად ჩაივლის ამაოდ, მაგრამ ჩვიდმეტი წლის ასულისათვის მთავარი სხვა რამ იყო: ასი წლის წინათ ცარსკოსელოურ ლიცეუმში `უზრუნველად იფურჩქნებოდა~ პუშკინი.
რაც ფსევდონიმს შეეხება, ანია გორენკოს წინაპართა შორის დედის ხაზით იყო ახმატ-ხანი, ჩინგიზის შთამომავალი, ოქროს ურდოს უკანასკნელი განმგებელი. `მე _ ჩინგიზის ჩამომავალი ვარ~, _ ამბობდა იგი არც თუ სიამაყის გარეშე. რუსის ყურისთვის `ახმატოვა~ ჟღერს აღმოსავლურად, უფრო მეტიც, თათრულ ყაიდაზე. ის ეგზოტიკას არ გამოდევნებია, პირიქით: რუსეთში ყველაფერი თათრული მიიღება არა იმდენად ცნობისმოყვარედ, რამდენადაც წინასწარი მიკერძოებით.
მაგრამ ხუთი ღია `ა~ (ანა ახმატოვა) მომხიბლავი აღმოჩნდა, და ის მყარად დამკვიდრდა რუსული პოეტური ანბანის სათავეში. უნდა ითქვას, რომ ეგვე აღმოჩნდა ის პირველი მომგებიანი სტრიქონი, აკუსტიკური უზადობით გამორჩეული, `ახ~-ით, რომელიც სენტიმენტალობით კი არ იყო შობილი, არამედ ისტორიით. არჩეული ფსევდონიმი თვალნათლივ ადასტურებს ინტუიციას და მოჭარბებულ სმენას ჩვიდმეტის წლის გოგონასი, რომლის დოკუმენტებსა და წერილებშიც სულ მალე გამოჩნდა ხელმოწერა: ანა ახმატოვა.
მომავალი ახერხებს ჩრდილი შორს უწვდინოს _ არჩევანი წინასწარმეტყველური გამოდგა.

ახმატოვა იმ პოეტებს მიეკუთვნება, ვისაც არა აქვს არც გენეალოგია, არც რამდენადმე შესამჩნევი `განვითარება~. ისეთი პოეტები, როგორიც ისაა, უბრალოდ იბადებიან. ისინი ევლინებიან ქვეყანას უკვე ჩამოყალიბებული დიქციით და სულის განუმეორებელი წყობით. ის მოვიდა სრული აღკაზმულობით და არასდროს არავის დამსგავსებია, და, რაც, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვერც ერთი მრავალრიცხოვან მიმბაძველთაგანი ახლოსაც კი ვერ მივიდა მის დონესთან. ისინი უფრო მეტად ერთმანეთს ჰგავდნენ, ვიდრე მას.
აქედან გამომდინარე, ახმატოვას ფენომენი არ დაიყვანება მოქნილ სტილისტურ თამაშობებზე და დაკავშირებულია უფრო მალე ბუფონის `მეს~ საქვეყნოდ ცნობილი შეწონასწორების მეორე ნაწილთან.
პიროვნების ღვთაებრივი განუმეორებლობა მოცემულ შემთხვევაში ხაზგასმული იყო მისი გამაოგნებელი სილამაზით. მხოლოდ ერთი თვალის შევლებაც კმაროდა სულის შესაგუბებლად. მაღალ, მუქთმიან, შავგვრემან, ტანმაღალ და დაუჯერებლად მოქნილ, თოვლის ჯიქის მუქი-მწვანე თვალებიანს, მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხატავდნენ, წერდნენ ფერებით, აქანდაკებდნენ თაბაშირით და მარმარილოთი, ფოტოს უღებდნენ მრავალნი და მრავალნი, ამედეო მოდილიანით დაწყებული. მისდამი მიძღვნილი ლექსები, უფრო დიდ ტომს შეავსებდნენ, ვიდრე მთელი მისი თხზულებები.
ყველაფერ ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ მისი `მეს~ გარეგნული მხარე გამაოგნებელი იყო. ნატურის დაფარული მხარე სავსებით შეესატყვისებოდა გარეგნობას, რაც დაადასტურეს მისმა ლექსებმა, რომლებმაც გადაფარეს ერთიც და მეორეც.
მისი მეტყველებისგან განუყოფელია მაღალთა თავშეკავებულობა. ახმატოვა მკაცრი რიტმების პოეტია, ზუსტი რითმებისა და მოკლე ფრაზების. მისი სინტაქსი მარტივია, დაუმძიმებელი დამატებითი კონსტრუქციებით, რომელთა სპირალური აგებულება არცთუ მცირე ხარისხით უდგას ბურჯად რუსულ ლტერატურას. გრამატიკული სისადავით მისი ენა ინგლისურს ენათესავება. საკუთარ თანამედროვეთა შორის ის ჯეინ ოსტინია, და თუ მისი სიტყვები დაბინდულია, ეს გრამატიკის ბრალი სულაც არაა.
პოეზიაში ტექნიკური ექსპერიმენატატორობის ეპოქაში ის დემონსტრატიულად განერიდა ავანგარდიზმს. უფრო მალე, მისი ლექსები მიიდრიკებიან (ისიც გარეგნულად) იმისკენ, რამაც ხელი შეუწყო ბიძგს როგორც რუსული, ასევე მსოფლიო პოეზიის განახლებისა, საუკუნეთა მიჯნაზე, _ სიმბოლისტების ყოვლისმომცველი ოთხსტრიქონედისკენ. მაგრამ ეს გარეგნული დამთხვევა მხარდაჭერილი იყო ახმატოვას მიერ შეგნებულად, და არა დასახული ამოცანის გამარტივების, არამედ გართულების მიზნით. ის, ისევე როგორც ადრეულ სიყმაწვილეში, წესიერებას იცავდა.
არაფერი აშიშვლებს პოეტის სისუსტეს ისე უმოწყალოდ, როგორც კლასიკური ლექსი, ამიტომაც ის იშვიათად გვხვდება წმინდა სახით. არ არსებობს უფრო ძნელი ამოცანა, ვიდრე დაწერო ორი სტრიქონი ისე, რომ მათ გაიჟღერონ თავისებურად, და არა სასაცილო ექოდ ვიღაცის ლექსებისა. მკაცრად დასაზღვრული საზომის პირობებში გამოძახილი განსაკუთრებული ძალით გაისმის, და ამას ვერ შველის სტრიქონის გულმოდგინე დატვირთვა კონკრეტული დეტალებით. ახმატოვას ლექსები არასოდეს ყოფილა მიმბაძველობითი, მან იმთავითვე იცოდა, როგორ დაეძლია მოწინააღმდეგე. 
მისი იარაღი იყო შეუთავსებლის შეთავსება. ერთ სტრიქონში ის გვერდიგვერ ათავსებს ერთი შეხედვით სავსებით დაუკავშირებელ საგნებს. როცა გმირი ქალბატონი ერთი ამოსუნთქვით საუბრობს გრძნობის ძალაზე, აყვავებულ ხიჩატელაზე და მარჯვენა ხელზე მარცხნათი ამოცმულ ხელთათმანზე, ლექსის სუნთქვა _ მისი საზომი _ იცვლება იმ ხარისხამდე, რომ გავიწყდება, როგორი იყო დასაწყისში. სხვა სიტყვებით, ექო იკარგება სხვადასხვაგვარობაში და ანიჭებს მას მთლიანობას. ფორმიდან იგი ნორმად იქცევა.
ადრე თუ გვიან ასეთი რამ ემართება კლასიკის ექოს და აღწერის სხვადასხვაგვარობას. რუსულ ლექსში ეს გააკეთა ანა ახმატოვამ: იმ განუმეორებელი `მე~-თი, რომლითაც მოსილია მისი სახელი. გეძალება აზრი, რომ მისი შინაგანი `მე~ ისმენდა, როგორ აახლოებს ენა რითმის მეშვეობით, ერთი შეხედვით, შორეულ საგნებს, ხოლო გარეგანი `მე~ ადამიანური სიმაღლიდან თვალებით, მხედველობით ამჩნევდა მათ სიახლოვეს. ის აკავშირებდა იმას, რაც ადრე უკვე იყო დაკავშირებული ცხოვრებაში და ენაში _ სამარადჟამოდ, ზეცაში.
აი, საიდან იღებს სათავეს მისი მეტყველების მეფურობა, რამდენადაც მას არ ჰქონდა სიახლის პრეტენზია. რითმა მასთან მსუბუქია, საზომი არანაძალადევი. ხანდახან ის გამოტოვებს ერთი-ორ მარცვალს ოთხსტრიქონედის უკანასკნელ და უკანასკნელისწინა სტრიქონში, რითაც ქმნის ხელწაჭერილი ყელის ან ზედმეტი ემოციური დაძაბულობით გამოწვეული უნებური მოუქნელობის ეფექტს. მაგრამ ამას იქით ის არ მიდიოდა, არ სჭირდებოდა: თავისუფლად გრძნობდა თავს კლასიკური ლექსის სამყაროში და არ მიიჩნევდა საკუთარ სიმაღლეებსა და მიღწევებს რაიმე განსაკუთრებულად იგივე ტრადიციებით მოსარგებლე წინამორბედების ნაღვაწთან შედარებით.
რა თქმა უნდა, აქ ჭარბად არის თვითდამდაბლების ელემენტი. არავინ ისრუტავს თავისთავში წარსულს იმგვარი სისრულით, როგორც პოეტი, თუნდაც იმის შიშით, რომ არ დაადგეს ერთხელ უკვე გავლილ გზას. (აი, რატომ ხდება, რომ პოეტი ასე ხშირად აღმოჩნდება `თავისი დროის~ წინ, რომელიც, როგორც წესი, კლიშეების მორგებით არის დაკავებული.) რის თქმასაც არ უნდა აპირებდეს პოეტი, სიტყვის წარმოთქმის ჟამს აცნობიერებს თავის მემკვიდრეობითობას. წარსულის დიადი ლიტერატურა აწყნარებს მემკვიდრეთა სიამაყეს ოსტატობითა და მომცველობის სიფართოვით. პოეტი საკუთარ ტკივილზე მუდამ თავდაჭერილად ლაპარაკობს, რადგანაც საკუთარი ტანჯვებისა და ნაღველებისადმი დამოკიდებულებით ის ნამდვილი მარადი ურიაა. ამ თვალსაზრისით, ახმატოვა, უდავოდ, გამოვიდა რუსული პოეზიის პეტერბურგული სკოლიდან, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნებოდა ევროპულ კლასიციზმს და ანტიკურ საწყისებს. ამავდროულად მისი შემქმნელები არისტოკრატები იყვნენ.
ის, რომ ახმატოვა მომჭირნე იყო სიტყვასთან დამოკიდებულებაში, გარკვეულწილად აიხსნება იმის გაცნობიერებით, როგორი მემკვიდრეობის შეტანა ერგო მას ახალ საუკუნეში. და ეს იყო შეგუება, რამდენადაც სწორედ მიღებულმა მემკვიდრეობამ აქცია ის მეოცე ასწლეულის პოეტად. ის უბრალოდ მიიჩნევდა თავს, ყველა სიმაღლითა და აღმოჩენით, პოსტსკრიპტუმად წინამორბედების მატიანისა, რომელშიც მათ აღბეჭდეს თავიანთი ცხოვრება. მათი ნაწერები ტრაგიკულია, როგორც ცხოვრება, და თუ პოსტკრიპტუმი მუქია, გაკვეთილი სრულად ათვისებული გამოდის. ის არ წაიყრის თავზე ნაცარს და არ გოდებს შუა ქუჩაში გამდგარი, რადგან ისინი არასოდეს ასე არ იქცეოდნენ. 

პირველ კრებულებს უზარმაზარი წარმატება ჰქონდა კრიტიკასთანაც და მკითხველებთანაც. ჭეშმარიტი პოეტი ნაკლებად ფიქრობს წარმატებაზე, მაგრამ მოდით გავიხსენოთ, როდის გამოვიდა წიგნები. ეს იყო 1914 და 1917 წლები, პირველი მსოფლიო ომის დასაწყისი და ოქტომბრის რევოლუცია. მეორე მხრივ, ხომ ამ მსოფლიო მოვლენების გამაყრუებელ ზრიალში შეიძინა პოეტის ხმამ განუმეორებელი ტემბრი და სიცოცხლისუნარიანობა?
და ისევ გვხვდება თვალში მისი შემოქმედების დასაწყისის წინასწარმეტყველური ხასიათი: მას იქიდან არ გადაუხვევია ნახევარი საუკუნის განმავლობაში. წინასწარმეტყველების ფასი მით უფრო დიდია, რომ რუსეთში მოვლენების გრუხუნი ენაცვლებოდა სიმბოლისტების მომაბეზრებელ უაზრო ლუღლუღს. დროთა განმავლობაში ორივე მელოდია შეერთდა და შეერწყა ახალი ერას მრისხანე პოლიფონიურ გუგუნს, და ახმატოვას ხვდა წილად ამ ფონზე ესაუბრა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ადრეული კრებულები _ `საღამო~, `კრიალოსანი~, `თეთრი გუნდი~ _ მიძღვნილია თემისადმი, რომელსაც ყოველთვის ეძღვნება პირველი კრებულები, _ სიყვარულის თემა. ლექსები მოგვანან ნაჩქარევ ინტიმურ სადღიურო ჩანაწერებს. ისინი მოგვითხრობენ ერთ მოვლენაზე გარეგნული ან ფსიქოლოგიური ყოფისა და მოცულობით არ აღემატებიან თექვსმეტ, მაქსიმუმ ოც სტრიქონს. ისინი მყისიერად გამახსოვრდებათ, და მათ იზეპირებდნენ და იზეპირებენ რუსეთში აგერ უკვე რამდენიმე თაობა.
თუმცა სიმოკლის ან თემის გამო როდი ჩნდება სურვილი რაც უნდა დაგიჯდეს დაიზეპირო ეს ლექსები. არც ერთი, არც მეორე სიახლე არ გახლავთ გაცნობიერებული მკითხველისათვის. სიახლე აქ წარმოჩენილია ავტორის მიდგომაში ძველი თემისადმი. მიტოვებული, სასოწარკვეთილი ეჭვიანობით ან დანაშაულის გაცნობიერებით, გაწამებული გმირი ქალი უფრო საკუთარ თავს სჯის, ვიდრე გამოხატავს გააფთრებას, ხატოვნად შეუნდობს, ვიდრე ბრალს სდებს, უფრო ლოცულობს, ვიდრე გოდებს. ის ისრუტავს მეცხრამეტე საუკუნის რუსული პროზიდან სულიერ სიფაქიზეს და ფსიქოლოგიური მოტივების სიზუსტეს, ხოლო საკუთარი ღირსების შეგრძნებას ითვისებს პოეზიიდან. ირონიისა და განმარტოებულობის არცთუ მცირე წილი უმოკლესი გზა როდია დამშვიდებისაკენ, არამედ მისი სულისა და პიროვნების ანაბეჭდია.
სჭირდება კი აღნიშვნა იმას, რა დროულად მივიდა მკითხველთან მისი ლექსები; პოეზია სხვა ხელოვნებებთან შედარებით გრძნობების სკოლაა, და სტრიქონები, ახმატოვას მკითხველების სულში რომ იბეჭდებოდა, აწრთობდა მათ სულებს უხამსობის წნეხისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. თანაგანცდა პიროვნული დრამისა სიმტკიცეს ჰმატებს ისტორიის დრამის მონაწილეებს. არა აფორისტული სინატიფის გამო ელტვოდნენ ადამიანები მის ლექსებს; ეს იყო წმინდა ინსტინქტური რეაქცია. ადამიანებს თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებდათ; ისტორიის მოგრუხუნე სვლა სულ უფრო ახლოს და ახლოს ისმოდა.
ახმატოვამ ის წინსწრებით გაიგონა: `თეთრი ქარავანის~ ღრმად პიროვნულ ლირიზმს უკვე შეეპარა ჩრდილი მოტივისა, მალე განუყრელი რომ გახდა მისთვის, _ მოუშორებელი საშინელების მოტივი. რომანტიკული ნატურის განცდათა შეკავების უნარი გამოადგა, როცა ყველაფერი შიშმა დატბორა. შიში აღწევდა განცდათა ფორებში, სანამ მათ არ წარმოქმნეს ერთიანი ემოციური ნადნობი, პირველად `თეთრ ქარავანში~ რომ განაცხადა საკუთარი არსებობის შესახებ. კრებულის გამოსვლით რუსული პოეზია შევიდა `ნამდვილ, არაკალენდარულ მეოცე საუკუნეში~ და გადარჩა შეჯახებისას. 
თანამედროვეთა უმეტესობისაგან განსხვავებით ახმატოვა სახტად არ დარჩენილა მომხდარის გამო. რევოლუციის მომენტისათვის მას უკვე შეუსრულდა ოცდარვა _ მეტად ბევრი, რათა ერწმუნა, და მეტად მცირე, რათა გაემართლებინა. როგორც ქალს, მიაჩნდა, რომ მას არ ეკუთვნოდა მომხდარის არც განდიდება, არც წყევლა-კრულვა. სოციალური წესრიგის შეცვლა არ გამხდარა მისთვის ბიძგი მწყობრ ლექსზე უარის სათქმელად და ასოციაციური კავშირების დასაშლელად. ხელოვნება ცხოვრების ბრმა იმიტირებას არ ეწევა იმის შიშით, რომ შტამპების გროვად არ იქცეს. ახმატოვამ შეინარჩუნა ხმაც, ინტონაციაც და, როგორც ადრე, კი არ ასახავდა სამყაროს, არამედ გადატეხავდა გულის პრიზმით. და მხოლოდ ასხმა დეტალებისა, ადრე რომ ემოციურ დაძაბულობას ხსნიდნენ ნაწილობრივ, თითქოს ერთბაშად აღწევს თავს კონტროლს და დიდდება ყოვლისწამლეკავად.
მას რევოლუციისთვის ზურგი არ შეუქცევია, არ დამდგარა განმსჯელის პოზაში. სამყაროს ფხიზელი მზერით უყურებდა და ხედავდა დაუოკებელ სახალხო აფეთქებას, რომელსაც ყოველი ცალკეული ადამიანისთვის არნახული უბედურება და ტანჯვა მოჰქონდა. ამ თვალსაზრისამდე ის მივიდა არა იმიტომ, რომ ამგვარი საშინელი ხვედრი ერგო, არამედ პირველ რიგში საკუთარი ნიჭის გამოისობით. პოეტი იბადება დემოკრატად, და საქმე ის როდია, რომ მისი მდგომარეობა საზოგადოებაში იშვიათად არის მყარი, არამედ იმაში, რომ იგი მიმართავს მთელ ერს იმის ენაზე. იგივე მიემართება ტრაგედიას, ამიტომ პოეზია და ტრაგედია მუდამ გვერდიგვერდ არიან. ახმატოვას, იხრებოდა რა ლექსში ხალხური მეტყველებისაკენ, ხალხური სიმღერის თარგისაკენ, არ გამოუყვია საკუთარი თავი ხალხისაგან განსაკუთრებულად დიდი უფლებით, ვიდრე მაშინდელი ლიტერატურული თუ სხვა ხასიათის მანიფესტების გამომცხობელებს: ის ხალხის უბედურებას ინაწილებდა.
სხვათა შორის, სიტყვები ხალხთან ერთიანობის შესახებ მიანიშნებენ ერთგვარ კეთილგონიერებაზე, რაც წარმოუდგენელია სიტყვამრავლობითი ენამჭევრობის გარეშე. ის კი გახლდათ ერთიანი მთელის ნაწილი, ხოლო ფსევდონიმი ხაზს უსვამდა `კლასობრივი კუთვნილების~ წაშლილობას. იმავდროულად ის გაურბოდა ქედმაღლობას, რაც სიტყვა `პოეტში~ არის ჩადებული: `ვერ ვგებულობ მყვირალა სიტყვებს: პ ო ე ტ ი, ბ ი ლ ი ა რ დ ი...~ ის მოკრძალებას როდი თამაშობდა, არამედ მუდმივად უტრიალებდა თავში მომავლის ფხიზელი პერსპექტივა. ლექსში ერთგულება სიყვარულის თემისადმი ასევე მიუთითებდა ადამიანებთან სიახლოვეზე. ერთადერთი, რაც მას განასხვავებდა, _ იყო ეთიკის დაუმორჩილებლობა იმწუთიერი ისტორიული გარემოებებისადმი.
სხვა მხრივ ის ისეთივე იყო, როგორიც ყველა; დროც მაინცდამაინც არ წყალობდა განკერძოებულობას. მისი ლექსები არ იქცნენ ხმად ხალხისა მხოლოდ იმიტომ, რომ არასდროს ხალხი ერთ ენაზე არ ლაპარაკობს. მაგრამ ახმატოვას ხმა არ ეკუთვნოდა არც საზოგადოების ნაღებს, მასში მკაფიოდ იყო უარყოფილი ხალხთა მასების გაღმერთება, გამჯდარი რომ იყო რუსი ინტელიგენციის სისხლსა და ხორცში. ამ ხანების სიახლოვეს მის ლექსებში თავჩენილი `ჩვენ~-ით ის ცდილობდა თავი დაეფარა ისტორიის მტრული გულგრილობისაგან, და არა მან, _ ენის სხვა მატარებლებმა გააფართოვეს ნაცვალსახელის მნიშვნელობა ლინგვისტურ უკიდურესობამდე. მომავალმა დაამკვიდრა `ჩვენ~ სამუდამოდ და განამტკიცა მათი პოზიცია, ვისაც ის ეკუთვნოდათ.
ახმატოვას რევოლუციისა და ომის დროის `მოქალაქეობრივ~ ლექსებს შორის ფსიქოლოგიური სხვაობა არ არსებობს, თუმცა მათ შორის მანძილი თითქმის ოცდაათ წელს უტოლდება. `ლოცვა~ მაგალითად, თუ დაწერის ვადას არ მივაქცევთ ყურადღებას, ადვილად შეგვიძლია დავუკავშიროთ ახალი რუსული ისტორიის ნებისმიერ მომენტს, და სახელწოდების შეუმცდარი შერჩევა ამტკიცებს პოეტის მგრძნობიარობას, და იმასაც, მისი საქმიანობა ისტორიის მიერ გარკვეულწილად შემსუბუქებულია. ისტორია თავზე იღებს იმდენად ბევრს, რომ პოეტები გაურბიან წინასწარმეტყველურ სტრიქონებს, ამჯობინებენ რა უბრალო გრძნობების და ფაქტების აღწერას.
ახმატოვას ლექსები ასევე ნომინატიურია _ საერთოდ, და კერძოდ იმ პერიოდში. მას ესმოდა, რომ მრავალთან და მრავალთან იყოფს აზრებსა გრძნობებს, ხოლო უცვლელად განმეორებადი დრო ანიჭებს მათ უნივერსალურ ხასიათს. მის თვალში ისტორიას და ბედს გააჩნიათ ძალზე მცირე არჩევანი. იმის `მოქალაქეობრივი~ ლექსები ორგანულად ერწყმოდნენ საერთო ლირიკულ ნაკადს, სადაც `ჩვენ~ პრაქტიკულად არ გამოირჩეოდა `მე~-სგან, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა დიდი ემოციური ძაბვით. მნიშვნელობათა დამთხვევის წყალობით, ორივე ნაცვალსახელი იგებდა სიზუსტეში. სახელად ლირიკულ ნაკადს ერქვა სიყვარული, ეპოქასა და სამშობლოზეც ის წერდა თითქმის უადგილო ინტიმურობით, ხოლო ლექსები გრძნობაზე იძენდნენ ეპიკურ ჟღერადობას, აფართოებდნენ რა ნაკადის კალაპოტს.

ბოლო წლებში ახმატოვა უკმაყოფილოდ უარყოფდა კრიტიკოსებისა და მიმდევრების მცდელობას დაეყვანათ მისი შემოქმედება საუკუნის დასაწყისის სასიყვარულო ლექსებამდე. ის, რა თქმა უნდა, მართალი იყო. უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში დაწერილი სწონიდა მათ როგორც რაოდენობრივად, ასევე მნიშვნელობით. და მაინც, მეცნიერი კრიტიკოსების გაგება შეიძლება: 1922 წლიდან თითქმის სიკვდილამდე 1966 წელს, მან ვერ მოახერხა ვერც ერთი კრებულის დაბეჭდვა, და მათ უწევდათ იმაზე მუშაობა, რაც არსებობდა. მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი, ნაკლებ თვალსაჩინო და უფრო რთული გასაგებად, მიაპყრობდა მკვლევართა ყურადღებას ადრეულ ახმატოვას.
სიცოცხლის განმავლობაში დრო გვესაუბრება სხვადასხვა ენაზე _ ბავშვობის, სიყვარულის, რწმენის, გამოცდილების, ისტორიის, დაქანცულობის, ცინიზმის, დანაშაულის, აღსარების და ა. შ. სიყვარულის ენა _ ყველაზე ადვილია. მისი ლექსიკონი მოიცავს ყველა დანარჩენ ცნებებს, მის ნაუბარს შეისმენს ბუნება, ცოცხალიც და მკვდარიც. სიტყვას სიყვარულის ენაში მინიჭებული აქვს წინასწარმეტყველური ხმა, თითქმის ღვთივშთამაგონებითი, მასში შერწყმულია მიწიერი ვნებები და წმიდა წერილისმიერი განმარტება ღვთისა. სიყვარული არის განსხეულება უსასრულობისა სასრულში. ამ კავშირის აღიარებას მივყავართ ან რწმენასთან ან პოეზიასთან.
ახმატოვას სატრფიალო პოეზია _ ეს უპირველეს ყოვლისა არის პოეზია, მის ზედაპირზე დევს თხრობითი საწყისი, ყველა მკითხველს ეძლევა შესანიშნავი საშუალება საკუთარი გემოვნებით გაშიფროს გმირის ტანჯვა და ნაღველი. (ზოგიერთთა გახელებული წარმოსახვისათვის ლექსები შეიქნა დადასტურება ახმატოვას `რომანებისა~ ბლოკთან, აგრეთვე მის იმპერატორობით უდიდებულესობასთან, თუმცა იგი ტალანტით აშკარად მეტი იყო პირველზე, და ექვსი დუიმით მაღალი _ მეორეზე.) ნახევრადავტოპორტრეტი, ნახევრადნიღაბი, ის _ გმირი ქალი _ აზვიადებს ცხოვრების ტრაგიკულობას თეატრალური მზაობით, თითქოს ამოწმებდეს შესაძლო ტკივილისა და ამტანობის საზღვრებს. სხვა ლექსებში ის ზუსტად ასევე ამოწმებს შესაძლო ბედნიერების საზღვრებს. სხვა სიტყვებით: რეალისტურობა აქ საშუალებად ემსახურება უმაღლესი დანიშნულების შეცნობას. და ყველაფერი ეს იქნებოდა მხოლოდ ახალი მცდელობა ძველი ჟანრის ტრადიციისათვის ახალი სიცოცხლის ჩასაბერად, რომ არა თვითონ ლექსები.
მისი ლექსების დონე სასაცილოს ხდის ბიოგრაფიულ და ფროიდისტულ მიდგომას, რამდენადაც კონკრეტული ადრესატი წაშლილია და მხოლოდ მიზეზს წარმოადგენს ავტორის სათქმელისათვის. ხელოვნება და მემკვიდრეობის გაგრძელების ინსტინქტი ჰგვანან ერთმანეთს იმ პლანში, რომ ორივე სუბლიმირებას უწევს შემოქმედებით ენერგიას, ამიტომაც თანაბარი ძალისანი არიან. თითქმის აკვიატებული მოტივი ახმატოვას ადრეული ლირიკისა _ არა იმდენად სიყვარულის აღორძინებაა, რამდენადაც მლოცველობითი განწყობა. სხვადასხვა საბაბით დაწერილნი, შობილნი ცხოვრებით თუ წარმოსახვით, ლექსები სტილისტურად ერთგვაროვანნი არიან, რამდენადაც სასიყვარულო შინაარსი ზღუდავს ფორმალური ძიების შესაძლებლობებს. იგივე ითქმის რწმენაზეც. ბოლოს და ბოლოს, კაცობრიობას არცთუ ისე ბევრი საშუალება გააჩნია ძლიერი გრძნობების გადმოსაცემად, რაც, სხვათა შორის, ნათელყოფს რიტუალების წარმოშობას.
გამუდმებული დაბადება ახალი და ახალი სიყვარულისა ახმატოვას ლექსებში _ არ არის განცდილი გრძნობების ასახვა, ეს არის სასრულიანის ოცნება უსასრულოზე. სიყვარული იქცა მის ენად, დროსთან საურთიერთობო კოდად, მის ტალღაზე მოსამართ მინიმუმად. სიყვარულის ენა მისთვის უფრო მეტად მახლობელი იყო. ის ცხოვრობდა არა საკუთარი ცხოვრებით, არამედ დროით, დროის ზემოქმედებით ადამიანთა სულებზე და მის ხმაზე _ ანა ახმატოვას ხმაზე. მოითხოვდა რა ყურადღების მიპყრობას მისი გვიანი ხანის ლექსებისადმი, ის უარს როდი ამბობდა სიყვარულის მონატრული ახალგაზრდა ქალის ხატებაზე, მაგრამ ხმა და დიქცია წავიდნენ ძალზე შორს წინ მცდელობაში უფრო ცხადი გაეხადათ დროის ხმიანობა.
არსებითად, ყველაფერი შეიცვალა უკვე მეხუთე და უკანასკნელ კრებულში ` Anno Domini MCMXXI ~. ცალკეულ ლექსებში მარადისობის ხმიანობა ისრუტავს ავტორის ხმას იმ ხარისხამდე, რომ მას უწევს დეტალის ან ხატის სახების ჩამოქნა, რათა გადაარჩინოს ისინი და საკუთარი თავიც მათთან ერთად რიტმის არაადამიანური განზომილებისაგან. სრული განმარტოება, უფრო სწორად, მარადისობაში გამქვრევა, მასთან მოგვიანებით მოვა. ჯერ კი ის ცდილობდა საკუთარი წარმოდგენა სამყაროზე გადაერჩინა ყოვლისმშთანთქმელი პროსოდიისაგან, რამდენადაც პროსოდიამ უწყის დროის შესახებ უფრო მეტი, ვიდრე შეიძლება იტევდეს ცოცხალი სული.
ამ ცოდნისაგან, დაწალიკებული დროის მახსოვრობისაგან დაუცველობამ აიყვანა ის წარმოუდგენელ სულიერ სიმაღლეზე, სადაც უკვე შეუძლებელია განმჭვრეტელობა, გამოწვეული სინამდვილის ახალი გამოვლინებებით, ახალი წვდომით საგანთა არსში. არც ერთ პოეტს არ ძალუძს ამ უფსკრულის გადალახვა. ამის მცოდნე უწევს ტონს და ადაბლებს ხმას რათა რეალობას დაუახლოვდეს. ხშირად ეს კეთდება წმინდა ესთეტიკური განზრახვით, რათა შემცირდეს ამაღლებულობა და მნიშვნელოვნება, რაც ავანსცენას უფრო შეეფერება. უფრო ხშირად ასეთი შენიღბვის მიზანი _ საკუთარი პიროვნების გადარჩენაა. ასე იყო მკაცრი რიტმების პოეტ ანა ახმატოვასთანაც. და რაც უფრო გულმოდგინედ ცდილობდა ის დამალვას, მით უფრო განუხრელად იღვენთებოდა მისი ხმა რაღაც განსხვავებულში, კანკალს რომ გაწყებინებს მცდელობისას, დაინახო, როგორც `ჩრდილოურ ელეგიებში~, ვინ იმალება ნაცვალსახელ `მე~-ს უკან.
ნაცვალსახელის ხვედრი სწეოდა მეტყველების სხვა ნაწილებსაც, რომ ხუნდებოდნენ ანდა, პირიქით, იკრებდნენ ძალას დროის პროსოდიულ პერსპექტივაში. ახმატოვას პოეზია უკიდურესად კონკრეტულია, მაგრამ რაც მეტად კონკრეტული იყო სახე, მით უფრო მოულოდნელს ხდიდა არჩეული სალექსო ზომა. ლექსი, დაწერილი სიუჟეტის ხათრით, _ ცხოვრებასავითაა, რომელიც გამოვლილია ნეკროლოგისთვის. ის, რაც ლექსის მუსიკად იწოდება, _ სინამდვილეში, არის დრო, რომელიც ხელახლაა გამოჭრილი იმ თარგზე, რომ შესაძლებელი ხდება გარითმული სტროფების შემადგენლის გადაადგილება ლინგვისტიკური განუმეორებლობის ფოკუსში.
მელოდია იქცევა დროის დამტევად, ფონად, რომელზეც ლექსს ეძლევა სტერეოსკოპული აგებულება. ახმატოვას ძალა, განსაკუთრებით 20-წლებიდან მოყოლებული, _ არის ცოდნა, მუსიკის ზეპიროვნული ეპიკური სტიქია გამოხატოს ჭეშმარიტ შინაარსთან ჰარმონიაში. ამგვარი ინსტრუმენტირების ეფექტი საშიშია: კედელს მიყრდნობას შეჩვეულის მსგავსად, უცებ აღმოაჩენ, რომ დასაყრდნობად მხოლოდ ჰორიზონტი დაგრჩენია.
თქმულის დამახსოვრება მართებთ სხვაენოვან მკითხველებს, რამდენადაც გადაშლილი ჰორიზონტი ქრება სხვა ენაზე თარგმნისას, ქაღალდზე კი მხოლოდ ერთგვაროვანი `შინაარსი~ რჩება. მეორე მხრივ, რუსი მკითხველიც დიდი ხნის განმავლობაში მოკლებული იყო ახმატოვასთან ნამდვილი ნაცნობობის შესაძლებლობას. თარგმანს და ცენზურას ბევრი რამ აქვთ საერთო, ორივე შემთხვევას საფუძვლად უდევს შესაძლებლის პრინციპი, ხოლო ენობრივი ბარიერი სიმაღლით სახელმწიფოს მიერ შექმნილს ჩამოჰგავს. ახმატოვა ერთითაც და მეორითაც არის გარემოსილი, და მხოლოდ პირველი იწყებს ბზარვას. (ეს სტრიქონები 1982 წელს არის დაწერილი.)
კრებული ` Anno Domini MCMXXI ~ მისთვის უკანასკნელი იყო. ორმოცდაოთხი წლის განმავლობაში მისი არც ერთი წიგნი არ გამოსულა. მართალია, ომის შემდგომ ორჯერ გამოიცა მისი ლექსები _ ხელახლა დაბეჭდილი სატრფიალო ლირიკა, გაზავებული პატრიოტული ომისდროინდელი ლექსებითა და გაურანდავი შაირებით, მშვიდობიანი დღეების დადგომას რომ განადიდებდა. უკანასკნელით ის ლამობდა დახმარებოდა შვილს, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც იჯდა ბანაკებში თვრამეტი წლის განმავლობაში. ეს კრებულები არაფრით არ შეიძლება ავტორისეულად ჩაითვალოს, მათ ადგენდნენ და დღის სინათლეზე გამოსატანად ზრუნავდნენ სახელმწიფო გამომცემლობის ჩინოსნები, რათა დაერწმუნებინათ პუბლიკა, უმთავრესად საზღვარგარეთ, რომ ახმატოვა ცოცხალია, კეთილდღეობაშია და ლოიალურიც გახლავთ. მათში შევიდა ორმოცდაათამდე ლექსი, არანაირად რომ არ ასახავდნენ მისი ოთხი ათეული წლის შემოქმედებას.
ახმატოვა ცოცხლად დამარხეს და ორიოდე ქვა დააგდეს ყორღანზე, რათა ადგილი არ დავიწყებოდათ. მის მოსაგუდად მრავალგვარი ძალა შეიკრა, მაგრამ უმთავრესი როლი ისტორიას განეკუთვნა, რომლის მთავარი თვისება _ უხამსობაა, ხოლო მთავარი დასაყრდენი _ სახელმწიფო. Anno Domini MCMXXI -ს დროს, ე. ი. 21 წელს, ახალშობილმა სახელმწიფომ მოასწრო მისწვდენოდა ახმატოვასაც, დახვრეტა მიუსაჯა რა მის პირველ ქმარს, ნიკოლაი გუმილიოვს (სავარაუდოა ლენინის თანხმობა ყოფილიყო). პირველყოფილი პრინციპიდან `თვალი თვალის წილ~ გამომდინარე, ხელისუფლებას მისგან არაფრის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა, გარდა შურისძიებისა, მით უფრო მისი ლექსების საერთოდ აღიარებული ავტობიოგრაფიული ტენდენციიდან გამომდინარე.
როგორც ჩანს, სწორედ ასეთი იყო სახელმწიფოს ლოგიკა, შემდგომი თხუთმეტი წლის განმავლობაში განადგურებამდე რომ მიიყვანა მთელი მისი წრე, უახლოესი მეგობრების _ პოეტების ვლადიმირ ნარბუტის და ოსიპ მანდელშტამის ჩათვლით. ბოლოს კი, დაუპატიმრეს ვაჟი ლევ გუმილიოვი, და მეორე ქმარი, ხელოვნებათმცოდნე ნიკოლაი პუნინი, მალე რომ გარდაიცვალა პატიმრობაში. შემდეგ ომიც დაიწყო.
ალბათ, რუსეთის ისტორიაში არ ყოფილა ომისწინა თხუთმეტ წელზე საშინელი დრო. არ ყოფილა უფრო ბნელი დრო ახმატოვას ცხოვრებაშიც. სიცოცხლემ იმ წლებში, უფრო სწორად, უამრავმა მაშინ გაწყვეტილმა სიცოცხლემ, შეამკეს მისი მუზა გლოვის გვირგვინით. სატრფიალო ლექსებმა ადგილი უტიეს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ლექსებს. სიკვდილი, ადრე რომ გამოსავლად ჩანდა გრძნობის ჩიხიდან, იქცა ყოველდღიურობად, არანაირ ვნებებზე რომ აღარ იყო დამოკიდებული. პოეტური ხატიდან სიკვდილი გადავიდა ცხოვრების პროზის თანრიგში.
ის არ ეშვებოდა კალამს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ პროსოდია თავისთავში მოიცავს სიკვდილსაც, და მეორეც, იდანაშაულებდა თავს იმაში, რომ გადარჩა. არსებითად, მისი დაღუპულთა ხსოვნის ლექსები _ არაფერია, თუ არა მცდელობა ჩართოს ან შეიყვანოს მაინც ისინი პოეზიის სტრუქტურულ ქსოვილში. ის არ უკვდავყოფდა დაღუპულებს. მათი უმეტესობა წარმოადგენდა რუსული ლიტერატურის სიამაყეს და საკუთარი თავი თავად უკვდავყვეს. ის ცდილობდა დაეძლია უაზრობა არსებობისა, მის წინ რომ საზრისის წყაროების განადგურებით განიხვნა მოულოდნელად, მოეხელთებინა მტანჯველი უსასრულობა, მარადისობაში ახლობლების განთავსებით. გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსები _ მხოლოდ ისინი აჩერებდნენ დანაწევრებულ მეტყველებას უგონო ყმუილის ზღვარზე.
და მაინც მის იმდროინდელ ლექსებში გამოსჭვივის გოდება: რითმის აკვიატებული გამეორებით, მეტყველების მდორე დინების გამწყვეტი არეული სტრიქონით, _ მაგრამ ის ლექსები, რომლებშიც პირდაპირ არის საუბარი ვინმეს სიკვდილზე, თავისუფალია ამისგან. ის თითქოს შიშობს შეურაცხყოს დაღუპულები ცრემლის ნაკადით, და ამ შიშში, აშკარად დადგეს მათ გვერდით, მოისმის გამოძახილი მისი სატრფიალო ლექსებისა. ის გარდაცვლილებს ცოცხლებივით ესაუბრება, არ მიმართავს ტრადიციულ სტილს `სიკვდილზე***~, და არ ესწრაფვის წარმოაჩინოს გარდაცვლილები იდეალურ, უზადო თანამოსაუბრეებად, რომელთაც პოეტები დაეძებენ და პოულობენ აღსრულებულთა ან ანგელოზთა შორის.
სიკვდილის თემა _ პოეტური ეთიკის ლაკმუსია. ჟანრს ` In memoriam ხშირად მიმართავენ საკუთარი თავისადმი სიბრალულის გამოსახატავად, მეტაფიზიკაში წავარჯიშების მიზნით, რაც ქვეცნობიერად ამტკიცებს დარჩენილის უპირატესობას გარდაცვლილის წინაშე, უმეტესობისას (ცოცხლების) უმცირესობის (გარდაცვლილთა) წინაშე. ახმატოვასთან ამის ნასახიც კი არ არის. ის არ განაზოგადებს აღსრულებულებს, არამედ საუბრობს დეტალურად თითოეულზე. ის მიმართავს უმცირესობას, რომელსაც თავად უფრო ადვილად შეუძლია მიეწეროს, ვიდრე უმრავლესობას. სიკვდილმა ვერაფერი შეცვალა მათ იერში _ მაშ როგორ შეიძლება გამოგადგეთ ისინი საყრდენ წერტილის რანგში ამამაღლებელი და ამაღლებული მსჯელობისათვის.
ამგვარი ლექსები, ბუნებრივია, შეუძლებელია, გამოქვეყნებული და თუნდაც გადაბეჭდილი ან ჩაწერილი ყოფილიყო. ისინი ავტორის და კიდევ რამდენიმე ადამიანის მეხსიერებაში ინახებოდნენ მეტი საიმედობისათვის. დროდადრო ის მათ გადახედავდა: ზეპირად უკითხავდნენ ამა თუ იმ ნაწყვეტს. სიფრთხილე ზედმეტი არ ყოფილა _ ადამიანები უფრო მცირე შეცოდებების გამოც ქრებოდნენ, ვიდრე ქაღალდის ნაგლეჯია. მას იმდენად თავის გამო არ ეშინოდა, რამდენადაც შვილის გამო, რომლის ბანაკებიდან გამოხსნასაც თვრამეტი წლის განმავლობაში ცდილობდა. ქაღალდის ნაგლეჯი შეიძლებოდა ძალზე მძიმე ფასად დაჯდომოდა, შვილს უფრო ძვირად ვიდრე დედას, ვინც ყველაფერი დაკარგა უკანასკნელი იმედისა და ცნობიერების გარდა.
ისინი ორივენი დიდხანს ვერ იცოცხლებდნენ, ხელისუფლებას რომ `რეკვიემი~ ჩავარდნოდათ ხელთ. ამ შემთხვევაში ლექსი უდავოდ ავტობიოგრაფიულია, მაგრამ მისი ძალა ისევ ახმატოვას ბიოგრაფიის უბრალოებაშია. `რეკვიემი~ დასტირის მგლოვიარეებს: შვილის დამკარგავ დედას, ცოლს, ქმარი რომ დაუკარგავს; ახმატოვამ ორივე დრამა გადაიტანა. ამ ტრაგედიაში ქორო გმირზე ადრე იღუპება.
`რეკვიემის~ გმირებთან თანატანჯვა შეიძლება ავტორის მძაფრი რელიგიურობით აიხსნას, გაგება და ყოვლისმიმტევებლობა, როგორც ეტყობა, გონიერ ზღვარს გადამცდარი, იშობა მისი გულიდან, ცნობიერებიდან, დროის შეგრძნებიდან. ვერცერთი რწმენა ვერ მოგცემს ძალას იმისათვის, რომ გაიგო, მიუტევო, მით უფრო აიტანო რეჟიმის ხელით პირველი და მეორე ქმრის დაღუპვა, შვილის ხვედრი, დუმილისა და დევნის ორმოცი წელი. ვერც ერთი ანა გორენკო ვერ შეძლებდა ამის გადატანას; შეძლო _ ანა ახმატოვამ, ფსევდონიმის არჩევისას პირდაპირ რომ განჭვრიტა მომავალი.
არის ისტორიაში ჟამი, როცა მხოლოდ პოეზიას ძალუძს სინამდვილის ძლევა, უბრალო ადამიანის გონებისათვის წარმოუდგენლად, ჩაწნეხოს იგი საბოლოო ჩარჩოში. რაღაც თვალსაზრისით ანა ახმატოვას სახელის უკან იდგა მთელი ხალხი, რითაც აიხსნება მისი უზარმაზარი პოპულარობა, რამაც მისცა მას უფლება ესაუბრა ყოველი ადამიანის სახელით და ესაუბრა პირისპირ თითოეულთან. მისი პოეზია, კითხვადი, დევნილი, ჩაქოლილი, ხალხის კუთვნილება იყო. ის სამყაროს უცქეროდა ჯერ გულის პრიზმიდან, შემდეგ ცოცხალი ისტორიის პრიზმიდან. სხვა ოპტიკა კაცობრიობას არ მისცემია.
პროსოდიამ, დრომ, ენის მიერ შენახულმა, ერთ ფოკუსში მოუყარა თავი ორ პერსპექტივას. მიტევების უნარიც მან იქიდანვე მიიღო, რამდენადაც ყოვლისმიმტევებლობა რელიგიური სათნოება კი არაა, არამედ დროის თვისება, მიწიერისა და მეტაფიზიკურისა. მისი ლექსები გადარჩება მიუხედავად იმისა, ბეჭდავენ მათ თუ არა, იმიტომ, რომ ისინი დროით არიან გაჯერებულნი, ხოლო ენა კი უფრო ადრინდელია ვიდრე სახელმწიფო, და პროსოდია ისტორიაზე ძლიერია. თუმცა სულაც არ სჭირდება მას ისტორია, არამედ სჭირდება პ ო ე ტ ი _ ისეთი, როგორიც ანა ახმატოვაა.

1982


კატეგორია: ესსე | ნანახია: 929 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: