მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 11 » რატი რატიანი
6:40 PM
რატი რატიანი
არავის აქვს \\\"ნამდვილი ცხოვრების\\\" გემოს ცოდნაზე ისეთი ამბიცია, როგორც ადამიანებს, რომლებსაც მაღალი წრის ხალხს ვუწოდებთ – \\\"შთამომავლობითსა და ფულად არისტოკრატიას\\\". მათი ყველა ეს მცდელობა ხშირად სასაცილო მარცხით მთავრდება, რადგან ის, რასაც ეს კასტა \\\"ნამდვილ ცხოვრებას\\\" უწოდებს, უმეტესად დახვეწილი თამაშის, ან თავაშვებული გართობის ნაირსახეობაა; პირველს ძირითადად ასაკის მატებასთან ერთად მიმართავენ, მეორეს კი ახალგაზრდობის წლებში, რაც მათ მიამიტ თანამეინახეს, შესაძლოა, სავსებით გულწრფელი მოეჩვენოს და მოგვიანებით ვერც კი მიხვდეს, რა შეიცვალა და რატომ. 
ოცი წლის ასაკში, ვიდრე იმ პატარა ოთახს ვიქირავებდი, რომელიც ჩემს წარმოსახვაში მილერის სენაკად უნდა ქცეულიყო, ჯერ არ დამდგარიყო ჩემთვის ის შესაბრალისი მდგომარეობა, რომელიც მაშინ გვეუფლება, როდესაც მარტოობით გარშემომყოფების მოსყიდვას ვცდილობთ, რაც, როგორ წესი, სამარცხვინო იგნორირებით მთავრდება ხოლმე, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ჩვენი მარტოობა ხელშესახები და რეალურ სახეს იძენს.
მე და ჩემმა ებრაელმა მეგობარმა ღამის კაფეში გათენება განვიზრახეთ. ის წვრილი შთამომავლობითი არისტოკრატიის იმ წარმომადგენელთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლების წინაპრებიც თაობიდან თაობას გადასცემენ ინტელექტის არაფრისმთქმელ დაღს და ამით შთამომავლობა გადაგვარებისკენ მიჰყავთ. ჩემს ებრაელ მეგობარს ავადმყოფობად ჰქონდა ქცეული კაფიდან კაფეში უმიზნოდ ხეტიალი. საზოგადოებრივი თავშეყრის მსგავს ადგილებში ნებადართული ყოველგვარი მომსახურებით სარგებლობა, განსაკუთრებით კი მიმტანების ექსპლოატაცია გასხიპული თავაზიანობის თანხლებით, მისი არისტოკრატული კაპრიზების დაკმაყოფილების ერთერთი საშუალება იყო. 
Dდეკემბრის ბოლოს მშრალი ყინვა იდგა. ჩემს ებრაელ მეგობარს ჯიბეში მხოლოდ რვა ლარი ედო, რომლის იმედითაც \\\"პეროვის\\\" რომელიმე ძვირადღირებულ ხაფანგში მთელი ღამით აპირებდა მოკალათებას – განზრახვა რბილად რომ ვთქვათ, უიმედო ჩანდა. ქუჩა ჩავათავეთ, მაგრამ შესაფერისი ბარი ვერ ვიპოვეთ. ქიაჩელზე გადავინაცვლეთ. ჩავუარეთ \\\"გინეს ბარს\\\", \\\"ნალს\\\", პომპეზურ რუსულ რესტორანს და მათ შორის გაჩხერილ, შესახედავად უბრალო ღამის ბარში ჩავუშვით ღუზა. მიმტანმა გამომცდელად შეგვათვალიერა და მენიუ მოგვიტანა. ქურთუკი სკამის საზურგეზე გადავკიდე და შევეცადე, მოთელილი ჯემპრი არ შემემჩნია, რომლითაც უკვე ორი ღამეა მეძინა. ებრაელმა მეგობარმა მენიუ იმ ადამიანის ქედმაღლობით გადაშალა, რომელსაც ჯიბეს მწვანე კუპიურების დასტა უმძიმებს. კერძებისა და სასმელების გასწვრივ შთამბეჭდავი ფასები იყო ჩამწკრივებული. მორჩილად ველოდი, როდის გაგვაძევებდნენ თავხედ ავანტიურისტებს. მიმტანმა ნაძალადევად გაგვიღიმა და შეკვეთილი ყავა მოგვიტანა. ჩემმა ებრაელმა მეგობარმა პასუხად ლაბადასავით ფართო, გრძელი პალტო გაუწოდა და სთხოვა შესასვლელში ჩამოეკიდა. მერე მე მომიბრუნდა და აღტკინებული მზერა მომაპყრო:
-- ესე იგი, სახლიდან წამოხვედი..… ნამდვილი გმირობაა! ნეტავ მეც შემეძლოს, მაგრამ, ჩემო კარგო, მე არ შემიძლია ჩემს განიერ საწოლს, რბილ ბალიშებს, ლამაზ ნივთებს შეველიო – პათეტიურად დაიდო გულზე ხელი – უამისოდ ცხოვრება არ შემიძლია. კარგად იცი, რაც არ უნდა იყოს, ვისკონტისტი ვარ; მომაკვდავი ცივილიზაციისა და უკვდავი სილამაზის ნაშიერი – შესამჩნევი რუსული აქცენტით ლაპარაკობდა და ხმოვნებს აგრძელებდა. ცხოვრების მეოთხედი მოსკოვში ჰქონდა გატარებული, მაგრამ ეს ამბავი, ისევე როგორც მისი ებრაელობის ისტორია, წარმატებით შეიძლებოდა სიცრუე გამომდგარიყო – კეხიანი, მსხვილი ცხვირი მისი ნაციონალობის დამადასტურებელი ერთადერთი საბუთი იყო, რადგან გვარი სუფთა ქართული ჰქონდა. როგორც ჩანს, მის პატივმოყვარეობას ღვთის რჩეული ხალხის სახელი აღიზიანებდა. მაგრამ ამავე დროს, მისი პირიდან მოსმენილ ნებისმიერ ისტორიას შესაძლოა სავსებით რეალური საფუძველი ჰქონოდა.… 
მეზობელ მაგიდასთან ხმაურიანი კომპანია მხიარულობდა. ზომაზე მეტად ჩასუქებულ, ქერად თმაშეღებილ ქალს ვიწრო, ჩინური კაბა აეწია და ქონმოკიდებული, მოკლე ფეხები უჩანდა, თან გულიანად ხარხარებდა სათვალიანი თანამესუფრის ხუმრობაზე. მეორეს ღრმა, შავ დეკოლტეში გამოკვართულ მკერდზე შემრგვალებული მკლავები დაეკრიფა და თავშეკავებულად იცინოდა. მაღალი, სახეწამოწითლებული მამაკაცი, რომელიც ხანმოკლე პაუზებით ეტანებოდა არყის ჭიქას, დროდადრო ცნობისმოყვარედ შეგვავლებდა ხოლმე თვალს:
– როგორ აპირებ ცხოვრებას? – მხრები ავიჩეჩე. თვითონაც არ ვიცოდი. უმუშევარი ვიყავი. მხოლოდ ერთი მოთხრობა მქონდა გამოქვეყნებული, შესაბამისად, პროზაიკოსის დიდების ხარჯზე ვერ ვიარსებებდი; სახლიდან წამოსვლის შემდეგ მეგობრების წყალობით გამქონდა თავი – რითაც შევძლებ, დაგეხმარები. ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს – დამაჯერებლად მითხრა ჩემმა ებრაელმა მეგობარმა და გაბრწყინებული თვალები შემომანათა.
ჩემდა სამწუხაროდ, შევამჩნიე, რომ ყავის ჭიქებს უკვე ფსკერი უჩანდა, მიმტანმა კი ჩვენსკენ უკმაყოფილოდ ყურებას მოუხშირა. მაგრამ ჩემი ებრაელი მეგობრის გატეხვა ადვილი არ იყო; გოგონა ქედმაღლური ჟესტით მოიხმო. რამდენიმე წუთით მენიუ გამაძღარი ბიურგერის კმაყოფილი გამომეტყველებით ათვალიერა, თითქოს ნოყიერი სადილის შემდეგ გემრიელი დესერტის შეკვეთას აპირებდა. ბოლოს არჩევანი ყველაზე იაფფასიან წვენზე შეაჩერა. მსგავსი თავხედობით გაოგნებული მიმტანი უკანა გზაზე კინაღამ მოცეკვავე წყვილს გადააწყდა – ღიპიან, ზორბა მამაკაცს და მის გაჩხიკინებულ სატრფოს, რომლებიც წარუმატებლად ანსახიერებდნენ ჯონ ტრავოლტას და უმა თურმანის დუეტს ფილმიდან \\\"კრიმინალური საკითხავი\\\".
მუსიკა რომ შეწყდა, ჩემმა ებრაელმა მეგობარმა რომელიმე დაუმთავრებელი მოთხრობიდან ნაწყვეტის წაკითხვა მთხოვა. მოუხერხებლად ამოვაძვრინე ხელნაწერებით სავსე მწვანე საქაღალდე, რომელსაც ჰიჯრის განმავლობაში ჩანთით ვატარებდი თან. ფანქრით აჭრელებული თაბახის ფურცლებიდან ერთი ამოვარჩიე და მონოტონურად დავიწყე კითხვა: \\\"ადამიანები და მოვლენები, რომლებიც ჩემს გარშემო ხდებოდა, საოცრად დრომორჭმულად და მექანიკურად მეჩვენებოდა, როგორც მსახიობები, რომლებიც ერთსა და იმავე სცენაზე უხსოვარი დროიდან თამაშობენ ერთსა და იმავე როლს. ძლიერ მიწიძვრას ვნატრობდი, რომ ნანგრევებად ქცეულიყო ჩემი სახლი, ეს ქალაქი და მთელი ჩვენი დაღლილი, მომაკვდავი არსებობა. მეგონა მხოლოდ ასე შეიძლებოდა გამოფხიზლება. როგორ არ მინდა ამ საწოლში სიკვდილი! დარჩენილი სიცოცხლის უმწეობის ამ მყრალ ჯოჯოხეთში გატარება! ახლა იდუმალების ნებისმიერი გამოვლინება სასაცილოდ მეჩვენება, თვით სიკვდილის იდუმალებისაც კი. სამაგიეროდ თავქარიანი ადამიანების გულუბრყვილო გართობა აღარ მეჩვენება აზრს მოკლებულად; თვითონაც სიამოვნებით ჩავიდენდი ახლა ნებისმიერ სისულელეს, რომელიც საშუალებას მომცემდა ძველი უაზრო წესიერება გამებათილებინა, მხოლოდ სხვებთან შედარებით გაცილებით გულწრფელი ვიქნებოდი, რადგან იდუმალებას ჩემზე არავითარი ძალაუფლება აღარ ექნებოდა\\\".
– მეტისმეტად დიდაქტიკურია, ჩემო კარგო, იფიქრო სიკვდილის იდუმალებაზე იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ამდენი საოცრება ხდება. ამოიგდე ეგ აზრები თავიდან – მართლაც, პერანგში დაბადებული ამ არისტოკრატის გვერდით ძნელი იყო პირქუშ აზრებს აჰყოლოდი; რაც შეეხება საოცრებებს, მათი სია ჩემი ებრაელი მეგობრისთვის თავისუფლების მოედანზე საახალწლო ნაძვის ხესთან ბავშვების გასართობად დაბმული სახედრის ალერსიანი, უმანკო მზერით იწყებოდა და საუკეთესო შემთხვევაში კალასზე მთავრდებოდა. 
სათვალიან მამაკაცში მეზობელი მაგიდიდან კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ, როგორც ჩანს, ცეცხლოვანი სითხის გავლენამ ფხიზელ საზოგადოებაში მიღებულ ურთიერთობის წესებს სძლია; მოგვიახლოვდა და ნასვამი ადამიანის გაწელილი რევერანსით გამომცნაურების ნებართვა გვთხოვა. ჩემი ებრაელი მეგობარი ქედმაღლური თავაზიანობით მოეკიდა ახალ ნაცნობს, რომელიც ჯიბესქელი ადვოკატი აღმოჩნდა და საიდუმლოდ გაგვიმხილა, რომ ექვსი თვეა პირში წვეთი ალკოჰოლი არ ჩასვლია. ამ საღამოს კი თავს უფლება მისცა მეგობრებთან ერთად გაერთოს და დაისვენოს – არ შეიძლება? მსოფლიოში ყველაზე კეთილმოსურნე ღიმილით დავარწმუნეთ, რომ სავსებით სწორად მოიქცა, რის შემდეგაც სათვალიანმა ადვოკატმა საჭიროდ აღარ ჩათვალა აპოლოგიის გაგრძელება და \\\"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის\\\" ამერიკული ეკრანიზაცია გაიხსენა; მანამდე უთუოდ ყური მოკრა ჩვენს მსჯელობას კინოზე, რომელსაც დროის გასაყვანად მივმართავდით. მისი თქმით, მთელი ცხოვრება ცდილობდა, დენიელ დეი ლუისის გმირის დევიზით ეცხოვრა. მერე ისევ დაჟინებით ჩაგვეკითხა, სწორად იქცეოდა თუ არა; კვლავ ყოვლისმტევებელ ღიმილად დავიღვარეთ. ადვოკატი რამდენიმე წამის განმავლობაში ეჭვნარევი მზერით გვბურღავდა, თითქოს რაღაც დაუჯერებელი ხდებოდა. მერე მიმტანი მოიხმო და შამპანური შეუკვეთა ჩვენთვის, ამასთან მკაცრი დამაჯერებლობით გვთხოვა, უარი არ გვეთქვა გულითად ძღვენზე; მისი თხოვნა შემწყნარებლურად იქნა დაკმაყოფილებული და ადვოკატი თანამეინახეებთან დაბრუნდა.
შამპანურს ვწრუპავდით და დროდადრო ისევ დამოუკიდებელი არსებობის უპირატესობას, დაუმთავრებელ მოთხრობებსა და ჩემი ებრაელი მეგობრის ძველ გატაცებას – იტალიურ ნეორეალიზმს ვუბრუნდებოდით, თან უთქმელად ვწირავდით მადლობას მოულოდნელობათა ღმერთს სათვალიანი ადვოკატის ბედნიერი შემთხვევის სახით მოვლინებისთვის.
გამთენიისას ბარს მხოლოდ ჩვენ და ჩვენი გულუხვი მეზობლის კომპანია შემოვრჩით. დაქანცული მიმტანები ანგარიშით იყვნენ გართულები. მუსიკოსებმა დიდი ხნის წინ ჩაალაგეს თავიანთი საკრავები და გაიკრიფნენ. მხოლოდ სცენაზე დაყენებული დინამიკებიდან ისმოდა სტინგის ხავერდოვანი სერენადა.
როგორც ჩანს, თეთრად გატარებული ღამის დაღლილობამ და ცარიელი ბარის შინაურულმა ატმოსფერომ ჩინურკაბიან ქალზეც იმოქმედა, რომელიც აქამდე ჩვენგან ზურგშექცევით მხიარულობდა და თავიანთ კომპანიაში გადაბარგება შემოგვთავაზა, სადაც \\\"ლეგას\\\" რიგით მესამე თუ მეოთხე ბოთლს უჩენდნენ ფსკერს. შექეიფიანებულმა საზოგადოებამ მალე მიგვიღო თავის წიაღში. უფრო ახლოს გაცნობისას ჩემი ებრაელი მეგობრის მონოლოგიდან გაირკვა, რომ მე ქართული თეატრის ავანგარდის საყვარელი ავტორი ვიყავი, თვითონ კი – თბილისის ერთერთი ცნობილი გალერეის კურატორი; გარწმუნებ, მკითხველო, არც ერთი და არც მეორე სიმართლეს ოდნავადაც არ შეესაბამებოდა, მაგრამ იმ წუთას თვითონვე ურყევად გვჯეროდა ეს ამბავი და თავი ისე გვეჭირა, როგორც ჩვენი მდგომარეობის ხალხს შეეფერებოდა. არც პირამდე სავსე არყის ჭიქაზე მითქვამს უარი, რომლის საბედისწერო შედეგმაც არ დააყოვნა და ძლივს გავიგენი გზა იმ ადგილისკენ, სადაც მეფეებიც კი საკუთარი ფეხით დადიან. მაგიდასთან დაბრუნებულმა ბიურგერული ბოჰემის დასასრულს მივუსწარი. კომპანია უკვე იშლებოდა. ადვოკატი და მისი მეგობრები წასასვლელად ემზადებოდნენ. სახეზე ფერი არ მედო. გამომშვიდობებისას სათვალიანმა მხარზე ხელი დამკრა გასამხნევებლად. რაღაც მადლობისმაგვარი ამოვიკრუსუნე; გულისრევის შემდეგ საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი და თავი მუხლებში ჩავრგე. ამ შესაბრალის მდგომარეობაში ვიყავი, მიმტანი რომ მოგვიახლოვდა და გვითხრა ბარი იკეტებაო.
ზღურბლზე ძვლებში დეკემბრის გამჭოლმა სიცივემ დამიარა. ჩემს ებრაელ მეგობარს ჭკუა ყოფნოდა არაყზე უარის სათქმელად და გაცილებით ყოჩაღად გამოიყურებოდა, მხოლოდ ჩვეულებრივ მრგვალი სახე დაღლილობისგან დაგრძელებოდა. რესპუბლიკის მოედანი დალის სიურეალისტურ თეფშად მომეჩვენა, რომელზეც ლობიოს მარცვალივით ვიკარგებოდი. უხმოდ ჩავათავეთ ღამის განათებით გაჟღენთილი რუსთაველის გამზირი და ლესელიძეზე ჩავუხვიეთ. თავშესაფრის ძებნაზე ფიქრი მეტისმეტად ადრე იყო; ქალაქი ჯერ კიდევ მეცხრე სიზმარს ხედავდა. ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩაბანდში მოურიდებლად დავიკმაყოფილე ბუნებრივი მოთხოვნილება, მთელი ამ ხნის განმავლობაში აუტანლად რომ მაწუხებდა. 
Yყინვაში ნახევარსაათიანი, მტანჯველი ხეტიალის შემდეგ მეიდანზე აღმოვჩნდით. აბანოების ფილებიანი გუმბათებიდან მოთეთრო ორთქლი ამოდიოდა. ჩემს ებრაელ მეგობარს თავში ბრწყინვალე აზრი მოუვიდა. აბანოს სახურავზე ავძვერით და გუმბათის მონასტრის სარკმლისებური საკვამურიდან ამომავალ ორთქლის ცხელ ნაკადს დამზრალი ხელები მივუშვირეთ. ცხვირში გოგირდის მძაფრი სუნი გვიღიტინებდა, მაგრამ ამ უსიამოვნებას მამაცურად ვუძლებდით.
Aაგურის ნესტიან, ბრტყელ ფილებზე გავწექი და ხელები სარკმელში შევყავი. ჩემი ებრაელი მეგობარი ორთქლის უფრო დიდი ნაკადის ძებნაში გუმბათიდან გუმბათთან გადადიოდა. მოულოდნელად მისი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო, დაიხარა და დაჟინებით დაიწყო ცქერა ერთ-ერთ სარკმელში.
თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი. სისუსტემ გამიარა. ახლა მხოლოდ ძვალ-რბილში გამჯდარი სიცივე მაწუხებდა. ხან ერთ გვერდს ვუშვერდი ორთქლს, ხან მეორეს, მაგრამ ამაოდ, დანესტიანებულ ტანსაცმელში სუსხი უფრო კარგად აღწევდა:
– რას აკეთებ მანდ? – დავინტერესდი ბოლოს. ჩემს ებრაელ მეგობარს მივუახლოვდი, დავიხარე და სარკმელში შევიჭვრიტე.
მუცელგამობერილ, გამხდარ ქალს კაცის ჩამომჭკნარი ასო ეჭირა ხელში. მამაკაცის გამოფიტულ, შიშველ სხეულს გოგირდოვანი წყლის ჭავლები გადასდიოდა. მშვიდად, გაუნძრევლად იდგნენ წყლის ქვეშ და ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. მათ შემხედვარეს წესიერების საცოდავმა ნამუსრევმა მძლია და წელში გავიმართე:
– მეტი არაფერი ყოფილა. ნახევარი საათია ასე დგანან და ერთმანეთს თვალებში უყურებენ – დაიჩურჩულა ჩემმა ებრაელმა მეგობარმა. სახე ცნობისმოყვარეობისაგან დაძაბვოდა, თანაც სიმაღლის გამო წელში მეტისმეტად მახვილი კუთხით იყო მოხრილი:
-- თავი დაანებე. ეს უკვე მეტისმეტია. თანაც საინტერესო არაფერი ხდება – მკლავში ხელი ჩავავლე და ვცადე იქაურობისთვის მომეშორებინა. კარგა ხანს მიძალიანდებოდა და თავისი პოსტისკენ იქაჩებოდა. ბოლოსდაბოლოს დამყვა, რადგან ხმაურს შესაძლოა აბანოში მყოფების ყურადღება მიეპყრო, მაშინ კი კარგი დღე არ დაგვადგებოდა.
ორთქლის ნაკადები ნელ-ნელა იშრიტებოდა. გასათბობად სახურავზე ხტუნვას მოვყევით. Aუკაცრიელი ღამის სიჩუმეში ყრუდ ისმოდა ფეხსაცმელების დარტყმის ხმა. მოულოდნელად აბანოს კარი გაიღო და ჩვენი ნაცნობი წყვილი გამოვიდა. საჩქაროდ ამოვეფარეთ გუმბათს. აბანოდან გამოსულები უტყვად გაუყვნენ ქუჩას. ქალს პარკი მიჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ნახევარი მეტრიც არ აშორებდათ, მათ შორის გაუცხოების გადაულახავი ზღვარი იდო.
როდესაც წყვილი თვალს მიეფარა, ჩემმა ებრაელმა მეგობარმა, ყოველი შემთხვევისთვის, კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკმელში, მაგრამ საინტერესო ვეღარაფერი ნახა. ძილმორეული დამლაგებელი ზანტად ალაგებდა იქაურობას.
გოგირდის სუნით გაჟღენთილებმა და გათოშილებმა მეიდანი დავტოვეთ და რუსთაველზე ამოვედით. შვიდის ნახევარი სრულდებოდა, კობალტისფერ ცას ჯიუტად მიკრობოდნენ მოკიაფე წერტილები და არაფრით არ უნდოდათ დედამიწასთან უფრო ახლოს მყოფი მნათობისთვის ადგილის დათმობა. დრო მტანჯველად ნელა მიიზლაზნებოდა. \\\"მერიოტთან\\\" მიახლოებისას ჩემს ებრაელ მეგობარს თვალები სახიფათოდ აენთო. მკაცრად გამაფრთხილა, რაც შეიძლება უდარდელი და ღირსეული იერი მიიღეო. პასუხად გამანადგურებელი მზერა დავუბრუნე, მაგრამ მხრებში მაინც გავსწორდი.
რამდენიმე წუთის შემდეგ \\\"მერიოტის\\\" თბილ ფოიეში რბილ დივანზე ვიყავით მოკალათებული. მოახლოებულ ადმინისტრატორს დიდმა ავანტიურისტმა უდარდელი ჟესტით ანიშნა, ყავას მოგვიანებით შევუკვეთთო. ეს უკანაკნელი უკმაყოფილო სახით გაბრუნდა და შორიდან დაგვიწყო თვალყურის დევნება. თავს თეატრში სხვის ადგილზე მჯდარი ადამიანივით ვგრძნობდი. ებრაელმა მეგობარმა მაიძულა ინგლისურის მთელი მარაგი მომეშველიებინა, რომ სასტუმროს მუნდირიანი არგუსის ეჭვები გაგვეფანტა. პროტესტის ნიშნად ჭუჭყისაგან ფერდაკარგული ქურთუკი ჩავიცვი და დაბეჯითებით განვუცხადე, რომ აქ დარჩენა აღარ შემეძლო. მის უკმაყოფილებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ რომ დაინახა, არ ვხუმრობდი, დივანიდან წამოიზლაზნა. ვიდრე ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ველოდებოდი, სარკესთან ტრიალებდა, პალტოდან გოგირდის ლაქებს იწმენდდა და თმას ისწორებდა. მხოლოდ ამის შემდეგ ინება და ხუთვარსკვლავიანი ციხიდან გამოეტია. 
ქუჩაში ტრანსპორტი გამოჩნდა. სამწუხაროდ უკანასკნელი ხურდებით სიგარეტი ვიყიდეთ, ქველმოქმედებას კი გამთენიისას, ჩემი ვარაუდით, არც ერთი მძღოლი არ ეწეოდა. მაგრამ ამჯერად ჩემი გავიტანე და დიდი ავანტიურისტი იმ დღის ბოლო, დანარჩენებთან შედარებით უმნიშვნელო და უფერულ ტრიუკზე დავიყოლიე. მძღოლმა მხოლოდ ხელის ჩაქნევა გვაკმარა, როგორც ჩანს ჯერ ხეირიანად არც იყო გამოფხიზლებული.
იმ ღამის შემდეგ ჩემი ებრაელი მეგობრისთვის კარგა ხანი არ მომიკრავს თვალი _ სავარაუდოდ, ამ დროის განმავლობაში ახალი თავგადასავლებისთვის იკრებდა ძალას.
კატეგორია: მოტხრობები | ნანახია: 1192 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: