მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 5 » ტაროს თავგადასავალი
4:29 PM
ტაროს თავგადასავალი

ნაწილი I

მუქთახორა ტარო

ცადაზიდულ მთებს შუა ერთი პატარა სოფელი მოკალათებულიყო. შემორკალული მთების კალთებთან ანკარა მდინარე ტანიგავა მიედინებოდა, რომელიც ანცად და დაუღალავად მოათამაშებდა ლამაზ კენჭებს. ირგვლივ ერთიანად გამხმარ-გამოფიტული ნიადაგი იყო. ამ უნაყოფო, ქვიან მინდვრებზე ხალხს მხოლოდ ცოტაოდენი ფეტვი და ცერცვი მოჰყავდა.
მარტო ამ უბედურებას კიდევ გაუძლებდა კაცი, რომ იქვე, სოფლის ახლოს, ბოროტი ეშმაკი არ დასახლებულიყო. მინდვრად მარცვლეული შემწიფდებოდა თუ არა, ეშმაკი მაშინვე იქ გაჩნდებოდა, გაძარცვავდა, ააოხრებდა, გააჩანაგებდა იქაურობას. ენა ვერ იტყვის, რა სიღარიბე და უბედურება ტრიალებდა ამ სოფელში.
საბრალო გლეხები გულს არ იტეხდნენ, მაინც თესავდნენ მარცვლეულს და თან დუდუნებდნენ:
აჰა, ერთი მარცვალი _ 
დამიბრუნე ათასი!
აჰა, კიდევ მეორეც _ 
მომე ათი ათასი.
დილიდან დაღამებამდე თავაუღებლად შრომობდა ხალხი.
სოფლის განაპირას, ერთ პატარა სახლში, ცხოვრობდნენ ბებია და შვილიშვილი. ბიჭუნას ტარო ერქვა.
ტაროს მეტად უცნაური ხალები ჰქონდა ტანზე _ ზუსტად ქერცლისნაირი: სამი მარჯვენა ფეხზე, სამიც _ მარცხენაზე. ეს რომ ხალხის ყურამდე მივიდა, სოფლად ხმა დაირხა: ალბათ, რომელიმე წყლის ურჩხულის ან სულაც ურჩხულის ნაშიერიაო. სოფლის ბავშვებს მეტიც არ უნდოდათ, ყბად აიღეს საბრალო ტარო:
ურჩხულის ბიჭო, 
ურჩხულის ბიჭო,
ქერცლისხალებიანო,
ურჩხულის ბიჭო,
ურჩხულის ბიჭო,
წყლის გველო, ბრაზიანო!
ტარო ერთი ზარმაცი და მუქთახორა ბიჭი იყო. ბებია რომ მინდორში მუშაობდა, ყველანი რომ თავჩარგული შრომობდნენ, ჩაილაგებდა ჩანთაში ოცდაათამდე ფეტვის კვერს და მთისაკენ გაუდგებოდა გზას. იქ მოკალათდებოდა, მხარ-თეძოზე წამოწვებოდა და ქარს მიუმღერებდა:
დასავლეთის ქარო, დაჰკა,
მთები გაახმიანე!
აღმოსავლეთის ნიავო,
გზები ააშრიალე...
მოშივდებოდა თუ არა, კვერს მიადგებოდა. კურდღელი თუ გამოჩნდებოდა, უმალ გამოელაპარაკებოდა, წრუწუნას გულუხვად გაუმასპინძლდებოდა...
ბებია ძალ-ღონეს არ იშურებდა, შვილიშვილი მუდამ მაძღარი და კმაყოფილი რომ ჰყოლოდა. მოხუცი მთელი დღე მინდორში მუშაობდა, ხან მიწას ამუშავებდა, ხან ყანას მარგლავდა...
ერთხელ ტარო მაღლობზე არხეინად წამოწოლილიყო და უსაქმურობისაგან ცაში მოცურავე ღრუბლებს ითვლიდა, იქვე, გვერდით, კურდღელი თვლემდა, უცებ ზეწამოიჭრა და ყურები ცქვიტა. მერე თაგვიც ამოძვრა სოროდან, უკანა თათებზე ჩაცუცქდა, თავი ჩაქინდრა და გაინაბა.
_ რა მოხდა? რა ამბავია? _ იკითხა გაოცებულმა ტარომ და იქაურობას თვალი მოავლო. ამ დროს საიდანღაც სალამურის ნაზი ჰანგი მოიტანა ნიავმა.
_ ნეტავ ვინ უკრავს ასე კარგად?
სალამურის ხმა თანდათან გაძლიერდა, მოახლოვდა და მალე ტაროს თვალწინ მარწყვივით მშვენიერი გოგონა გამოჩნდა. გოგონას მკლავზე გლიცინიის ყლორტებისაგან მოწნული კალათა ეკიდა, რომელშიც გვიმრის ფოთლები და ხის კვირტები ეწყო.
_ ვისი ხარ, გოგონა? საიდან მოსულხარ? მგონი ჩვენი სოფლიდან არ უნდა იყო?
გოგონამ დიდრონი თვალები შეანათა ტაროს, გაკვირვებულმა შეათვალიერა და მზისგან აციმციმებული მდინარისაკენ გაიშვირა ხელი.
_ ა-ა! მდინარის სათავიდან ხარ?.. რა გქვია?
_ აია. შენ რა გქვია?
_ ტარო. ურჩხულის ბიჭი ტარო!
_ ოჰო! ურჩხულის ბიჭი? _ დინჯად გაიმეორა გოგონამ.
_ გეუცხოვა ხომ ჩემი სახელი?
_ არა, რატომ! _ გაიღიმა გოგონამ და თეთრი კბილები გააელვა, _ კარგი სახელია. მაგ სახელს, ალბათ, მხოლოდ ღონიერებს არქმევენ? _ გოგონას ნათქვამმა გაახარა ტარო, სიხარულისაგან შეკუნტრუშდა, მერე ყირაც გაჭიმა და იმდენ ხანს იდგა ყირაზე, ვიდრე ჭარხალივით არ გაწითლდა.
_ კარგად გამომდის, არა? _ დაიტრაბახა ბოლოს, _ ასე თავდაყირა შემიძლია ოცდაათი კვერი შევჭამო, განა!
გახალისებული ტარო კიდევ ასჯერ მაინც გადავიდა ყირაზე და აქოშინებულმა ძლივს ამოილაპარაკა:
_ ხვალაც მოდი, რა! არ გინდა, სუმოს გაჩვენებ?! ნახე, როგორ დავეჭიდები გარეულ ღორს. თუ მოხვალ, კვერსაც გაჭმევ. იცი, რა გემრიელ კვერებს აცხობს ბებიაჩემი? შენ, რა თქმა უნდა, გეყოლება დედა და მამა.
აიამ თავი გააქნია:
_ არც დედა მყავს და არც მამა. პატარა რომ ვიყავი, მაშინ დამეხოცნენ. მხოლოდ ბაბუა მყავს. მე და ბაბუა მარტო ვცხოვრობთ. აი, ეს სალამური ბაბუამ გამომითალა.
_ მაშ, შენც ობოლი ხარ?..

* * * 
ამის შემდეგ აია და ტარო ძალიან დამეგობრდნენ. ყოველდღე ადიოდნენ მთაზე და ხვდებოდნენ ერთმანეთს. ტარო მხეცებთან ჭიდაობდა _ სუმოში ეჯიბრებოდა. აია კი იჯდა იქვე ახლოს და სალამურზე უკრავდა. როგორც კი სალამური აჟღერდებოდა, მაშინვე ყველა ჯურის ტყის ბინადარი შეგროვდებოდა და სმენად გადაიქცეოდა.
პირველი მუდამ კურდღელი მოცუნცულდებოდა, შორიახლოს ჩაცუცქდებოდა და თვალებს მინაბავდა. იცოდა, რომ სალამური შორიდან გაცილებით კარგი მოსასმენია.
მოგეხსენებათ, რა მსუნაგიცაა წრუწუნა; თან მუსიკას უსმენდა და თან განუწყვეტლივ თხილს აკნატუნებდა.
გარეული დედა ღორი-ღრუტუნა ათივე გოჭს მორეკავდა ხოლმე კონცერტზე. ნეტავ როგორ უძლებდა ამოდენა ჯოგს! ისე, რაც მართალია, მართალია, ლამაზი გოჭები კი ჰყავდა _ სულ შავ-შავი ხალებით ჰქონდათ გვერდები მოხატული. ერთ შეხედვად ღირდა, ათივენი რომ ჩამწკრივდებოდნენ მუსიკის მოსასმენად. აიას უხაროდა, გოჭები რომ ასე სიამოვნებდნენ და სიმღერაც შეუთხზა _ «ათი გოჭი». დიდებული სიმღერა იყო: «ტირარო, ტირარო»...
მელაკუდაც არაფერს იკლებდა. მხოლოდ ერთი უბედურება სჭირდა _ ყველგან იგვიანებდა. რა ქნას, მოგეხსენებათ, უყვარს გაპრანჭვა; ცოტას რომ გაირბენს, გაჩერდება და გვერდებს შეილამაზებს, მერე კიდევ გაირბენს _ ახლა გაჩერდება და კუდს დაივარცხნის. დაგვიანების მიზეზიც ეს არის და ეს.
მაჩვი, ნამდვილი უჟმური, არხეინად მოკალათდება თავის სოროში და იქიდან უსმენს ყველაფერს.
სულ ბოლოს დათვი გამობაჯბაჯდება ბუჩქებიდან. ძილს თუ თავი ვერ გაართვა, რა მისი ბრალია. ისიც იცის დათუნამ, მისი დაგვიანებით რომ ქვეყანა არ დაიქცევა.
ყოველდღე ასე გროვდებოდნენ ტყის ბინადარნი აიას სალამურის ხმაზე. ტაროს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა _ სულ თავდაყირა დადიოდა, ყველას კვერებით უმასპინძლდებოდა.
«ეჰ, ძალიან ცოტაა ოცდაათი კვერი, _ ფიქრობდა ტარო, _ ბებიას ვთხოვ, ხვალისათვის ორმოცდაათი გამომიცხოს. ალბათ, არც ორმოცდაათი მეყოფა. სულაც ას ცალს გამოვაცხობინებ».
_ დაიცათ, ხვალ ას ცალს მოვიტან, _ ჰპირდებოდა ტარო მხეცებს და თითო-თითო კვერს ყველას ურიგებდა. მადლიერი მხეცები ამითაც კმაყოფილნი იყვნენ.

დოლზე უკრავს წითელი ეშმაკი

თურმე ამ დროს მთაში წითელი ეშმაკი დახეტიალობდა; მხარზე პატარა დოლი გადაეკიდა და ძალზე მხიარული და კმაყოფილი დააბოტებდა. ნესტოები რაც შეეძლო გაებერა და მთელი ხმით ღრიალებდა:
უჰ, რა მხიარულად ჟღერს საყვარელი დაფდაფი!
საკეზე და ბრინჯზე უფრო მიყვარს ჩემი დაფდაფი!
მკერდში გული ძაგძაგებს, უკრავს ჩემი დაფდაფი:
ტამ-ტარა-რამ, ტამ-ტამ-ტამ-ტამ!
«დღეს ერთი გული უნდა ვიჯერო დაკვრით! მაგრამ ვაი ჩემი ბრალი, ეს რომ ჩემმა უფროსმა, შავმა ეშმაკმა გამიგოს. შავ დღეს დამაყრის: შე უსაქმურო შენაო, _ დამიღრიალებს, _ ერთობი ხომ? ის გირჩევნია, სადილად ერთი გოგო მომითრიო, თორემ... შავი ეშმაკი ხომ ლანძღვა-გინების პირველი ოსტატია. იმისთანებს მოჰყვება _ თვალები შუბლზე აგივა. თუმცა დღეს მაინცდამაინც უკმაყოფილო არ უნდა იყოს; წუხელ კუროგანეს მთაზე ათი ქათამი მივგვარე. დღეს სადილად ათივეს გადასანსლავდა და ალბათ ისვენებს»...
წითელი ეშმაკი მთას აუყვა და უცებ ხელისგულივით ბრტყელი კლდე შეამჩნია. გაუხარდა:
«ვიშ, რა ჩინებული კლდეა! ავალ და იქ გავმართავ კონცერტს. მხეცები მოგროვდებიან, მომისმენენ. აბა, რა, ჩემზე კარგად ვინ უკრავს დოლზე? თან ესეც დიდი პატივია მათთვის, ჩემი დოლით თვითონ რომ ვეახელი».
_ ეჰეი, მხეცებო! _ ხმამაღლა დაიძახა მან, _ მოგროვდით! წითელი ეშმაკი ვარ, დონდოროს მთიდან გეწვიეთ. გესმით, ყველანი მოდით, თქვენთვის დოლზე უნდა დავუკრა!
წითელი ეშმაკის ღრიალზე კინაღამ მთები შეიძრა.
მაგრამ რატომღაც არავინ გამოხმაურებია. წრუწუნა რომ წრუწუნაა, ისიც არ გამოჩენილა.
«საოცარია! უწინ, როცა კი მოვსულვარ, ჩემი დოლის ხმაზე ყველა სიამოვნებით მორბოდა. მახსოვს, გულაჩუყებულ კურდღელს ერთხელ თვალზე ცრემლიც კი მოადგა. დღეს რა ღმერთი გაუწყრათ, რატომ არავინ მოდის?»
_ ეჰეი, რაღას უყურებთ? _ ხელახლა დაიღრიალა წითელმა ეშმაკმა, _ არ გინდათ, მომისმინოთ? მოდიხართ თუ არა?
ირგვლივ კვლავ სიჩუმე იდგა, მხოლოდ ბამბუკის ფოთლების შრიალი ისმოდა.
წითელი ეშმაკი გაცოფდა, ქვები ხომ ამოატრიალა და ამოატრიალა, ბოლოს პატარა წრუწუნას სწვდა ქეჩოში და სოროდან ამოათრია.
_ თაგუნა, თაგუნა! რომ გეძახდი, რატომ არ ინებე გამოსვლა?
_ მაპატიეთ, რაღაც ყური დამიგუბდა. თქვენი ხმა არ გამიგია, _ დაიწრიპინა თაგვმა.
_ ყური დაგიგუბდა, ხომ? ჰმ! კარგი! მელას რაღა მოუვიდა?
_ ასე თქვა, ორივე ყური დამიგუბდაო, _ მოახსენა თაგვმა.
_ ორივე ყურიო?.. ჰმ! რადგან ასეა, რა გაეწყობა. კურდღელს? კურდღელს რაღა დაემართა?
_ ამბობს, ყურს უკან საშინლად მტკივაო...
_ ესე იგი, ყურს უკან, ხომ?.. ჰეი, თაგუნავ, სანამდე იჩერჩეტებ ამგვარ სისულელეებს, ჰა?
წითელი ეშმაკი გაჭარხლდა, გაღვივებულ ნაკვერჩხალს დაემგვანა და ისე მოიქნია კლდიდან წრუწუნა, სული კინაღამ გააცხებინა. თვითონ კი გაშმაგებული ბოლთის ცემას მოჰყვა.
_ დახეთ, რანაირები არიან! გაცურება არ მომინდომეს? თურმე, ერთს ყურები დაუგუბდა, მეორეს _ ყურს უკან ასტკივდა... სად იმალებით, აბა, ახლავე გამოდით-მეთქი!..
როგორ არ იმუქრებოდა წითელი ეშმაკი, როგორ არ მძვინვარებდა, კლდეებსაც ამსხვრევდა, ხეებს ხომ ძირფესვიანად თხრიდა, მაგრამ მაინც არავინ ჩანდა, კურდღელიც არ გაფაჩუნებულა. მთებში ისევ ძველებური სიჩუმე იდგა.
სასტიკად განაწყენებული წითელი ეშმაკი მიწაზე გაიშოტა და მწარედ ატირდა. «მაინც, ასე ერთად სად გადაიკარგნენ?» _ ფიქრობდა იგი. ამ დროს სალამურის ხმა შემოესმა.
_ ეს ვინ არის, სალამურზე რომ უკრავს?
გაბოროტებული წითელი ეშმაკი წამოვარდა, კლდიდან რომ არ გადაჩეხილიყო, მაგრად ჩაეჭიდა კრიპტომერიას და მთის ძირისაკენ გადაიხედა.
საოცარი სურათი გადაეშალა თვალწინ: სალამურზე უკრავდა გოგონა, მხეცები კი გარს შემოხვეოდნენ და მოჯადოებულებივით უსმენდნენ. ტაროც გარინდებულიყო.
«აი, თურმე რა ყოფილა! _ უზარმაზარი მუშტი მოიღერა წითელმა ეშმაკმა, _ თურმე რა ყოფილა! ამიტომ არ მოგროვდნენ მხეცები დღეს ჩემს ძახილზე. არ ინებეს სახელოვანი წითელი ეშმაკის კონცერტის მოსმენა! კარგი, აგრე იყოს! ნახავთ, მაგ გოგოს რომ მოვიპარავ და დილიდან საღამომდე ვაკვრევინებ სალამურზე. შენ კი, ტარო, ამ თავხედობას ძვირად დაგისვამ!»

რა მოუვიდა ტაროს დედას

ტარომ არ იცოდა, მთიდან რომ წითელი ეშმაკი უთვალთვალებდა. მივიდა თუ არა შინ, პირდაპირ კარიდან დაიძახა ხმამაღლა:
_ ბებია! ოცდაათი კვერი აღარ მყოფნის, ორმოცდაათი გამომიცხვე, რა! ანდა სულაც ასი!
პასუხის მაგიერ კვნესა შემოესმა. შეიხედა ოთახში და რას ხედავს, _ გაწოლილა ბებია ჭილოფზე და კვნესის.
_ რა მოგივიდა, ბებია? _ ჰკითხა ტარომ.
_ ეჰ, შვილო, დავბერდი, მუხლებში ძალა გამომელია... მუშაობისას მთიდან დავგორდი.
_ ეს რა მოგსვლია! გეტკინა რამე, ბებია?
_ წელში მამტვრევს, შვილო. თანაც ცუდმა ფიქრებმა წამიღო... დიდი ხანია მინდოდა, შენთვის ზოგიერთი რამ მომეყოლა. ვიცდიდი, გაიზრდება და მერე-მეთქი. შენ კი ჯერ ისევ პატარა ხარ, მთლად ბავშვი... დრო კი არ ითმენს, დავბერდი უკვე, სიკვდილი კარს მომადგა და უნდა მოვასწრო, გიამბო...
_ რა უნდა მიამბო, ბებია?
_ შენი მშობლების ამბავი. იმასაც გეტყვი, რატომ შეგარქვეს ურჩხულის ბიჭი.
_ კი მაგრამ, შენ არ მითხარი, დედ-მამა მაშინ დაგეხოცა, პატარა რომ იყავიო? ბავშვები რომ დამცინოდნენ და ურჩხულის ბიჭს მეძახდნენ, შენ არ მამშვიდებდი _ მშობლები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენო?
_ ჰო, ტარო, მამაშენი მართლა ადამიანი იყო, შეშის მჭრელი, და მთაში დაიღუპა, მაგრამ დედაშენი...
_ მითხარი, ბებია, არაფერი დამიმალო!
_ ვინ იცის, დედაშენი იქნებ ახლაც ცოცხალია...
_ რაო? შეიძლება დედა ცოცხალია?
ბებიამ ნაღვლიანად დაუქნია შვილიშვილს თავი და უამბო:
თურმე ტაროს დედას ტაცუ ერქვა. იგი დედისერთა იყო. მშობლებს ერთადერთი შვილის დროულად გათხოვება არ გასძნელებიათ. ჰოდა, ტაცუ შეშის მჭრელ მატახეის მიათხოვეს. მატახეი მთაში დადიოდა ხოლმე შეშის საჭრელად, მაგრამ ერთხელ ბედმა უმუხთლა, ხრამში გადაიჩეხა და დაიღუპა.
მალე ქვეყნად ტარო უნდა გაჩენილიყო. დედამ და ბებიამ, ბოლოს და ბოლოს, გამოიტირეს მატახეი და ერთადერთი სიხარულის მოლოდინში იყვნენ.
იმ ხანებში, რატომღაც, ტაცუს სამუშაოდ მთაში წასვლა მოუხდა.
_ რა გაეწყობა, წადი, შვილო, მაგრამ ფრთხილად იყავი! _ ალერსიანად გაისტუმრა ბებიამ.
მოხუცს გული ცუდს არაფერს უგრძნობდა. უცებ, საღამო ხანს, მთაში საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა. მთები ზანზარებდნენ, ირგვლივ ჩამობნელდა, კოკისპირული წვიმა წამოვიდა.
«რა ეშველებათ მთაში. ნეტა რა დღეშია ჩემი ტაცუ?!» ღელავდა ბებია, ადგილს ვერ პოულობდა. ცოტა ხანში ისევე უცებ შეწყდა ღვართქაფი, როგორც დაიწყო.
რას ხედავს ბებია: მთიდან თავზარდაცემული ხალხი გამორბის, ყველა სხვადასხვა ხმაზე მოთქვამს. ზოგი ძირს ეცემა კიდეც. ყველა ფერწასული, ხელფეხდასისხლიანებულია, თითქოს ეკალბარდებში დაკაწრულანო. მოხუცი მიხვდა, რაღაც უბედურება მეწიაო და გარეთ გამოვარდა:
_ ოჰ, კეთილო ადამიანებო, როგორ ვდარდობდი თქვენზე... ეს რა ქარიშხალი ამოვარდა... ყველანი ხომ ცოცხლები ხართ? ჩემს ტაცუს ხომ არაფერი შეემთხვა? _ იკითხა მოხუცმა.
_ ვაი, რომ სწორედ შენს ტაცუს ეწია უბედურება... დავკარგეთ ტაცუ...
_ როგორ თუ დაკარგეთ?
_ შეშას რომ ვჭრიდით, ტაცუს გაუჭირდა ჩვენთან მუშაობა და ქვემოთ დავტოვეთ სადილის მოსამზადებლად. მან ცეცხლი დაანთო და საქმეს შეუდგა. უცებ ამოვარდა ქარიშხალი, აგუგუნდა მთები, ატყდა ჭექა-ქუხილი, წამოვიდა ჩანჩქერივით წვიმა. ცოცხალ-მკვდარნი კლდეს შევეფარეთ. როგორც კი წვიმამ გადაიღო, მაშინვე ტაცუსთან გავიქეცით, ხომ მარტო გვყავდა დატოვებული და რას ვხედავთ...
გლეხებმა ერთმანეთს გადახედეს, ერთიც ამოიოხრეს და ძლივს ამოღერღეს:
_ ვხედავთ, იმ ადგილას, სადაც ტაცუ დავტოვეთ, უკვე დიდი ტბაა, ტაცუ კი არსად ჩანს...
გამწარებულმა მოხუცმა წამოავლო ხელი კერიაზე ანთებულ მუგუზალს და უმალ მთისაკენ გაეშურა.
საბრალო ხან ხის ფესვებს წამოედებოდა ხოლმე, ხან ფეხი უცურდებოდა და ეცემოდა... ბოლოს, როგორც იქნა, რის ვაივაგლახით ააღწია მთაზე. იქ ყველაფერი გადასხვაფერებული დახვდა: ალაგ-ალაგ მთები გავარვარებულიყო, ღრმა უფსკრულებს შავი ხახა დაეღოთ, ქვები კი ისე დაფხვნილიყო, ფეხის მოკიდება ჭირდა. საითაც გაიხედავდი, ყველგან მეხისგან გადარუჯული ხეები ეყარა, რომლებსაც გაშიშვლებული ტოტები საცოდავად გაეფარჩხათ.
მოხუცი მბჟუტავი მუგუზლით ძლივს მიიკვლევდა გზას. როგორც იქნა, მიაღწია იმ უზარმაზარ ტბასთან, თანასოფლელებმა რომ მიანიშნეს.
_ ტაცუ! ხმა გამეცი, ცოცხალი ხარ, შვილო? _ დაიძახა მან.
_ ახლავე ამოვალ, დედი! _ გაისმა ტბის სიღრმიდან ყრუ ხმა.
წყალი აბუყბუყდა, აქაფდა, გაირღვა ტალღები და ტბიდან საშინელი ურჩხული ამოიმართა.
_ დედა! _ წარმოთქვა ურჩხულმა და ცრემლით სავსე თვალები მიაპყრო მოხუცს, _ მაპატიე, დედა, დამნაშავე ვარ, ამიტომაც დავისაჯე ასე. მაგრამ ჩემს თავს აღარ ვჩივი, ბავშვი მენაღვლება, სულ მალე რომ უნდა გამიჩნდეს. გევედრები, მოუარე ჩემს პატარას, დედობა გაუწიე! 
თავზარდაცემული მოხუცი იქვე ჩაიკეცა.
_ შენი არაფერი მჯერა, ურჩხულო, _ უთხრა მან, _ თუ მართლა ჩემი შვილი ხარ, ისევ ტაცუდ მეჩვენე! 
ურჩხულმა მწუხარედ გადააქნია თავი და ტბაში გაუჩინარდა.
დიდხანს, ძალიან დიდხანს ელოდა მოხუცი ქალიშვილის გამოჩენას, მაგრამ ამაოდ.
ამის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა... ერთხელ ბებია მდინარეში ბოსტნეულს რეცხავდა. როგორც ყოველთვის, ახლაც ტაცუზე ფიქრობდა: «ნეტავ, რას აკეთებს ჩემი შვილი ტბის ფსკერზე. რას ვიფიქრებდი მე ბედშავი, რომ ამგვარ უბედურებას შევესწრებოდი სიბერეში»... 
რეცხავდა მოხუცი ბოსტნეულს და თან ცრემლი სდიოდა და სდიოდა ღვარად. უცებ შეამჩნია, რომ მდინარე რაღაცას რწევა-რწევით მოაცურებდა: ცუმბოკუ-კამბოკუ, ცუმბოკუ-კამბოკუ... ბებია დააკვირდა და დაინახა, მდინარეს უცნაურად მოწნული, ჩიტის ბუდისნაირი კალათა მოჰქონდა, შიგაც უცნაური რაღაც იდო.
ბებიამ მაშინვე მიაძახა:
თუ ჩვენი საუნჯე ხარ _
გამოსცურე ჩვენთან!
თუ სხვისი საუნჯე ხარ _
შორს ჩვენგან!
მართლაც, უცნაური კალათა ერთი კი შეთამაშდა ტალღებზე და პირდაპირ მოხუცის ფეხებთან მიცურდა. კალათაში მოკლე კიმონოში გამოწყობილი პატარა ბიჭუნა იწვა. ჩვილს პირში ალმასივით გამჭვირვალე კენჭი ედო და გამალებით წოვდა.
ბებიამ აიტაცა ბავშვი და ატირდა. მშვენიერი ბიჭუნა იყო. მხოლოდ ორივე ფეხზე მეტად უცნაური, თევზისქერცლისნაირი ხალები ჰქონდა. სწორედ ეს გახლდათ ტარო.
შემზარავი ამბავი

_ მთის ტბასთან თუ მივალ, დედაჩემს ვნახავ? _ იკითხა ტარომ.
ბებიამ მწუხარედ დააქნია თავი და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
_ ჰოდა, შინ წამოგიყვანე, _ განაგრძო ბებიამ მოყოლა, _ რა მეჭმია, არ ვიცოდი. თუმცა საჭმელს არ ითხოვდი, არც ტიროდი. თანდათან იზრდებოდი და იზრდებოდი. ალმასივით გამჭვირვალე მრგვალ კენჭს კი გამუდმებით წოვდი. მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ, კენჭი დაილია თუ არა, შენც მორთე ტირილი. ალბათ, მოგშივდა. რა არ ვიღონე, ფეტვის ფაფაც მოგიდუღე, მაგრამ პირი არაფერს დააკარე. გულამომჯდარი ტიროდი და ტიროდი. მაშინ ზურგზე აგიკიდე და ტბისკენ გავეშურე, მთაში. ტბაზე სამარისებური სიჩუმე იდგა. ჩამუქებული წყალი ოდნავადაც არ იძვროდა. «არ გესმის, ტაცუ, როგორ ტირის შენი ბიჭი? _ დავიძახე და თან განანავებდი, _ თუ გესმის, გამოდი წყლიდან და მირჩიე, რა ვქნა, როგორ მოვიქცე. ის გამჭვირვალე კენჭი, რომელსაც ტარო წოვდა, უკვე დაილია. ბავშვი გულამომჯდარი ტირის, პირს არაფერს აკარებს».
ტბის წყალი უცებ შეირხა, ტალღები ათამაშდა, მერე გაიწ-გამოიწია და გამოჩნდა ურჩხული. იგი ორივე თვალით დაბრმავებულიყო.
«გამარჯობა, დედა! _ ალერსიანად მითხრა ტაცუმ (ნამდვილად ის იყო), _ ვგრძნობ, ჩემი ტარო მაგარი ბიჭი გაიზრდება, ისე ხმამაღლა ყვირის. მაპატიე, დედა, ამოდენა საზრუნავი რომ მოგახვიე თავს. აჰა, კიდევ ერთი კენჭიც, ისევ წოვოს ტარომ. ესეც რომ დაილევა, უკვე რაც გინდა აჭამე, ტარო ყველაფრის ჭამას შეძლებს. გემუდარები, კარგად მოუარე ჩემს ბიჭუნას!»
ესა თქვა ურჩხულმა და ხელის ცეცებით ჩაგიდო პირში ბრჭყვიალა კენჭი. შენ უმალ შეწყვიტე ტირილი, კიდეც გაიცინე.
«ტაცუ, თვალი რამ დაგივსო? _ შევძახე, _ ან ეს გამჭვირვალე კენჭები...» მაგრამ სათქმელი ვერ მოვათავე, ისე გაუჩინარდა ურჩხული, თითქოს არც გამოჩენილაო. მზემ მაგრად დააცხუნა. ძლივს მეკავე ხელში, გამჭვირვალე კენჭს კი ისევ უდარდელად წოვდი.
მას შემდეგ არ მახსოვს, რამდენი ხანი გავიდა. ერთხელ, მგონი, მესამე ზაფხული იყო, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ქუხდა, ელავდა, თითქოს ცა უნდა ჩამოიქცესო. ქარიშხლის ზუზუნში რაღაც ძახილი შემომესმა უცებ:
«ჩრდილოეთში მივდივარ, შორეული ტბისაკენ... ჩემს შვილს მოუარე, ტაროს...»
კარში გამოვვარდი და რაც ძალი და ღონე მქონდა დავიყვირე:
«სად მიდიხარ, ტაცუ. ნუთუ ვეღარასოდეს ვეღარ გნახავ!»
პასუხად წყვდიადიდან ნაღვლიანმა ხმამ მოატანა:
«როცა ტარო...»
_ მოჰყევი, ბებია, მოჰყევი! რას გაჩუმდი?
_ როცა ტარო ღონიერი და ჭკვიანი გახდება, მომძებნისო. მერე კიდევ უფრო იმატა ქარიშხალმა და უეცრად საშინელმა გრძელკლანჭებიანმა ურჩხულმა გადამიქროლა თავზე.
_ ესე იგი, დედაჩემი შორეულ ტბაში ცხოვრობს, ჩრდილოეთში და მე მელოდება?! რა თქმა უნდა, წავალ და ნახავ, თუ ვერ ვიპოვი!
_ რას ამბობ, შვილო, ჯერ შენთვის ნაადრევია ამაზე ფიქრი! ისევ ბავშვი ხარ...
ამ დროს სოფელში დიდი ალიაქოთი ატყდა.
_ ეს რა უბედურება მოხდა, გოგონა დაიკარგა... ეს რა უბედურებაა!..
ამ ხმაურზე კარი გაიღო და აიას თავზარდაცემული ბაბუა შემოვარდა.
_ დავიღუპე, დავიღუპე! _ ყვიროდა იგი, _ ჩემი აია ეშმაკმა მოიტაცა!
_ რაო? აია ეშმაკმა მოიტაცა?
_ აბა, სხვა ვინ იქნებოდა იმ წყეულის მეტი? სწორედ იმან. რამ ამაჩემებინა მე უგუნურს, ცივი წყალი მინდა-მეთქი! თანაც ბნელოდა უკვე. ბაბუა, ცივ წყალს მე მოგიტანო, დასტაცა დოქს ხელი და წყაროსკენ გაეშურა. ცოტა ხნის შემდეგ საზარელი ღრიალი შემომესმა. ნეტავ ხომ არაფერი მოხდა-მეთქი, გავიფიქრე. გარეთ გამოვვარდი. დავინახე, რაღაც უზარმაზარი, შავი გრიგალი მიქროდა ტყისკენ. აბა, ვინ იყო, თუ არა წყეული ეშმაკი?.. _ ამოიოხრა ბაბუამ და მწარედ აქვითინდა, _ საჩქაროდ ჩავირბინე წყაროსთან, იქ მხოლოდ გადაყირავებული დოქი ეგდო, წყალიც მთლად დაღვრილიყო...
კრიჭაშეკრული ტარო გულმოსული შეჰყურებდა ჩამობნელებულ ცას. ან კი რა გაემტყუნებოდა ასეთი შემზარავი ამბის გამგონეს.

ტარო აიას დასახსნელად მიემგზავრება

ირიჟრაჟა.
ტარო გულმოდგინედ ემზადებოდა შორეული მგზავრობისათვის. ბებიას გამომცხვარი ფეტვის კვერებით სავსე ტომარა ქამარზე გამოიბა და ყველას გამოემშვიდობა. უცებ აიას ბაბუაც შეგულიანდა _ დაიწყო ფაციფუცი, ხელების ქნევა. აიას საძებნელად მეც წამოვალო, დაიჟინა. ძლივს დააშოშმინა ტარომ: 
_ აბა, სად უნდა წამოხვიდე, ბაბუა! ეშმაკს მარტოც ვეყოფი, საკადრისად გავუსწორდები და შენს აიასაც შინ მოგგვრი.
ტაროს რიხიან სიტყვებზე ბებია ამაყად გაიმართა წელში, თითქოს ამაღლდა კიდეც. ტარომ ისიც დაუმატა, ჯერ ხომ აიას ვიპოვი, მერე ავდგები და დედაჩემსაც მოვძებნიო.
_ ვიცი, ბებია, შენ გული გიწუხს, ისევ პატარა გგონივარ, მაგრამ ცდები. მე უკვე ღონიერი ვარ. თავისუფლად შემიძლია შორეულ ტბასთან მივიდე, ჩრდილოეთში, და დედაჩემს ჯადო ავხსნა, გავათავისუფლო, _ თქვა მან, _ დედაჩემიც ხომ ადამიანი იყო და არა ეშმაკი. მე ვიპოვი დედას და კვლავ ადამიანად ვაქცევ. შენ კი, ბებია, დარდი ნუ გაქვს, მალე დავბრუნდებით.
ბებიამ ცრემლი შეიმშრალა და თავი გადააქნია.
მერე უბიდან ხის სავარცხელი ამოიღო და ტაროს გადასცა.
_ აჰა, წაიღე... ეს დედაშენის სავარცხელია!
_ გმადლობ, ბებია. ნახვამდის!
წავიდა ტარო სოფლიდან და პირდაპირ მთისაკენ გაემართა, სადაც მას და აიას უყვარდათ თამაში.
იგი ხის ქვეშ, ჩრდილში ჩამოჯდა. უცებ საიდანღაც კურდღელი გამოცუნცულდა, დედა ღორმაც მოირბინა, წრუწუნაც მოცუნცულდა, მერე მელიაც, დათვიც _ ყველანი მოგროვდნენ და შემოეხვივნენ ტაროს.
_ გაიგეთ, რა მოხდა? აია ეშმაკმა მოიტაცა, _ შესჩივლა მათ ტარომ, _ ხომ არ იცით, სად წაიყვანა იმ წყეულმა?
_ მე ვიცი, მე! _ დაიწრიპინა თაგვმა, _ წითელმა ეშმაკმა იგი დონდოროს მთისაკენ გააქანა. იმ მთაზე ჩემი ნათესავები ცხოვრობენ და მაშინვე მთელ სათაგვეთს მოსდეს ეს ამბავი.
ამის გაგონებაზე ცხოველებმა ერთხმად წამოიძახეს:
_ ჰო, სწორედ ის წითელი ეშმაკი იქნება, მთელი დღე დოლზე რომ უბრახუნებს!
_ ის საძაგელი შეიკლავს საწყალ აიას, აიძულებს, შეუსვენებლივ უკრას სალამურზე, მერე ადგება და მოკლავს.
_ ნუ გეშინიათ, წითელ ეშმაკს მე მოვუღებ ბოლოს და აიასაც დავიხსნი, _ დაამშვიდა ისინი ტარომ.
მაშინ დედა ღორმა დინჯად ჩაილაპარაკა:
_ ტარო, ხომ გაგიგონია ანდაზა, «შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო». მე ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა, წინდაწინ რომ ტენგუსთან შეივლიდე და მის ჯადოსნურ ძალასაც შეიმატებდე. მართალია, ადამიანებშიც არიან ძლიერები, მაგრამ ტენგუ მაინც სულ სხვაა.
_ გმადლობ, ღრუტუნა, რჩევისთვის. მიმასწავლე, სად ცხოვრობენ ტენგუები!
_ მე თვითონ წაგიყვან, ტარო. გოჭუნებო, ცოტა ხნით დაგტოვებთ და, აბა, თქვენ იცით, როგორ ჭკვიანად იქნებით! 
თანხმობის ნიშნად ათივე გოჭმა დააქნია თავი. იმ დროს ისეთი კარგები იყვნენ, რომ ტარომ ვერ მოითმინა, ტომარა გახსნა და თითო-თითო ფეტვის კვერი ჩამოურიგა.
ტარო ზურგზე მოახტა გარეულ ღორს და შურდულივით გაქანდა. ღორი ლაღად ახტებოდა ნაკადულებს, არხეინად მიჭენაობდა თვალუწვდენელი უფსკრულების ციცაბო ნაპირებზე, გაუვალ ტყეებშიაც მოხერხებულად ძვრებოდა... ასე იარეს მთელი დღე-ღამე. როგორც იქნა, გაიარეს ტყე და წინ დიდი მდელოები გამოჩნდა.
_ აქ რაღაც ამბავია! _ წამოიძახა ტარომ, _ შეგროვილან ამდენი კურდღლები, ირმები, მაიმუნები... დახტიან, ტლინკაობენ. რას ბღავიან, ნეტა რა აჩხუბებთ?
_ არავინ არ ჩხუბობს! _ იწყინა ერთმა კურდღელმა, _ ეს ჩხუბი ნუ გგონია, სუმოა!
_ სუმო?
_ ეს ვინაა, საჭიდაო წრეში სულ რომ დაგვიტკეპნა მიწა? _ დაიწრიპინა ვიღაცამ ტაროს ფეხებთან, _ აქ დგომა არ შეიძლება, ვერ ხედავ, მოედანი ფუჭდება?!
გაოცებულმა ტარომ ძირს დაიხედა და მართლაც პატარა მოედანი შეამჩნია, რომელზეც ბლომად მოეყარათ სილა და ორი წრუწუნა გულმოდგინედ დარაჯობდა.
_ მაპატიეთ, გეთაყვა, ვერ შევამჩნიე.
ტარო ღორიდან ჩამოხტა და დატკეპნილი სილა მოასწორა. მერე ირგვლივ მიმოიხედა და დაინახა, წიფლის ჩრდილქვეშ დათვები ჭიდაობდნენ, კლდის ქვემოთ კი ორი ტახი შებმოდა ერთმანეთს.
ყველაფერი ეს სულ არ ჰგავდა სუმოს. ისმოდა გამამხნევებელი შეძახილები, ნამდვილი ჭიდაობა კი არსად ჩანდა. კურდღლები ყურებში ჩაფრენოდნენ ერთმანეთს, ირმები რქებით ძიძგილაობდნენ... მეტად სასაცილო სანახაობა კი იყო. ტარომაც ვერ შეიკავა სიცილი.
_ რა მოხდა, რამ გაგაგულისათ? _ ჰკითხა მან.
_ ასე გვიბრძანა ბატონმა ტენგუმ, _ მიუგო დათვმა.
_ რაო? რა თქვი, ბატონმა ტენგუმო? _ წამოვარდა დედა ღორი, _ ესე იგი, აქ ტენგუს სამფლობელოა? მართალს ამბობ?
_ ტყუილი რა საკადრისია! _ იწყინა დათვმა, _ რა თქმა უნდა, ეს ტენგუ-მანძიროსა და ტენგუ-მანტაროს სამფლობელოა. ირგვლივ გაიხედე, რამდენი მოედანია!
_ კი მაგრამ, ყველას ერთად მოგინდათ სუმო? _ იკითხა ტარომ.
_ ჩვენ კი არ მოგვინდა. ძმებს _ ტენგუ-ბატონებს ძალიან უყვართ ტარო. ამ ცოტა ხნის წინ ტენგუ-ყორანი მოფრინდა და შეგვატყობინა, მალე აქ მათი უდიდებულესობა ტენგუ-ბატონები მობრძანდებიანო. ტენგუ-ყორანს სურს ჩვენი ხელოვნება აჩვენოს მათ.
_ ისე, როგორები არიან ეს თქვენი ტენგუები, უჟმურები ხომ არ არიან?
_ რას ამბობთ, პირიქით, მაგათნაირ გულისხმი¬ერებს სად შეხვდებით, მთელი ქვეყანაც რომ მოიაროთ. ახლა როგორ უყვართ მხიარულება?! დალევენ თუ არა საკეს, მაშინვე აცეკვდებიან. აგე, იმ მთებზე, სადაც მათი სუმოს მოედნებია, ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი სოკო, წაბლი და ხურმა მოდის ხოლმე.
_ მართლაც რომ კეთილნი ყოფილან თქვენი ტენგუები! _ აღტაცებით წამოიძახა ტარომ.
ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, კურდღელი სულ ცმუკავდა. თვალს ხშირად გააპარებდა ხოლმე ტაროსკენ. ბოლოს, როგორც იქნა, გაბედა და ჰკითხა:
_ წეღან რომ თქვი, ეს ჭიდაობა არ ჰგავს სუმოსო, შენ მართლა იცი სუმოს ილეთები? თუ აგრეა, გვასწავლე, გეთაყვა!
_ კარგი. რადგან ასე გულით მოიწადინეთ, გასწავლით. პირველ ყოვლისა, წრეში სწორად უნდა შეხვიდეთ...
ტარომ ორი ნაბიჯი გადადგა წინ: დენ, დენ...
ბაჯ, ბაჯ! _ მძიმედ გადააბიჯეს დათვებმა და ტახებმა. სკუპ, სკუპ! _ მიჰყვნენ მელიები და კურდღლები. წრუწუნები კი ოდნავი ფაჩუნით გადახტნენ _ ცან, ცან!
_ აი, ასე. ახლა ერთმანეთისკენ წადით!
მერე ტარომ აუხსნა, სანამ ჭიდაობას დაიწყებენ, როგორ უნდა შევიდნენ წრეში, მერე მოწინააღმდეგე როგორ უნდა დადონ ბეჭებზე. ბოლოს კისრული ილეთიც უნდა ეჩვენებინა, მაგრამ მოულოდნელად საშინელი ქარი ამოვარდა. ჰაერში ხმელ-ხმელი ფოთლები დაბზრიალდა... ყველანი პირქვე დაემხვნენ.
_ ვიშ! _ დაიყვირეს ერთხმად, _ ტენგუ-ბატონები გვეახლნენ!

ტენგუები ტაროს ჯადოსნურ
ძალას აძლევენ

უხილავმა ხელებმა უცებ მოასუფთავეს იქაურობა, თითქოს ცოცხით მოხვეტესო ხმელი ფოთლები და საჭიდაო მოედანიც მზად იყო.
ამ დროს გაისმა ფრთების ფათქუნი და ორი ტენგუ ნარნარად დაეშვა წრეში. ამდენი მხეცი რომ თავმოყრილი დაინახეს, გაკვირვებით იკითხეს:
_ რა ამბავია, რა აურზაურია?
დათვმა თაყვანი სცა სტუმრებს და დინჯად მოუყვა ყველაფერს.
ტენგუებმა ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს:
_ აბა, ერთი ვნახოთ თქვენი სუმო!
შეცბუნებული წრუწუნები უმალ გამოხტნენ და დაიწყეს ჭიდაობა. მათ სხვებიც მიჰყვნენ.
თაგვებმა, მაიმუნებმა და დათვებმა სტუმრებს კისრული ილეთიც აჩვენეს, ტარომ ახლახან რომ ასწავლათ.
ჭიდაობას სტუმრები ცნობისმოყვარეობით შესცქეროდნენ.
_ ახლა კი შენი ჯერია, ტარო! _ თქვა ტენგუ-მანძირომ და წინ გავიდა.
ამის თქმა და ხელის ჩაჭიდება ერთი იყო. მაგრამ მოწინააღმდეგეც ღირსეული დაუხვდა. ტარო ყველანაირად შეეცადა, მაგრამ ტენგუს ადგილიდან ძვრაც ვერ უყო.
_ ყოჩაღ, მომეწონე! _ უთხრა ტენგუმ და ხელი შეუშვა, _ ასეთ საინტერესო მოწინააღმდეგეს პირველად შევხვდი. წამოდი ჩვენთან, გამოქვაბულში, ვისაუბროთ, თითო ფიალა საამო საკეც დავლიოთ...
_ ხვალ კი ჩემთან იჭიდავებ! _ უთხრა ტენგუ-მანტარომ.
ტარომ თავი გააქნია:
_ არა, ტენგუ-ბატონო. თქვენთან საჭიდაოდ არ მცალია, თუმცა ძალიან მიყვარს სუმო. შორი გზა მაქვს გასავლელი, მეჩქარება...
_ სად გეჩქარება? სად უნდა წახვიდე ამ ციცაბო მთებში, ისიც ასეთი სახიფათო ბილიკებით?
მაშინ ტარომ დაწვრილებით უამბო აიასა და წითელი ეშმაკის შესახებ. მერე დედამისის ანდერძიც გაანდო... მოკლედ, ყველაფერს მოჰყვა, არაფერი დაუმალავს და ბოლოს სთხოვა:
_ ტენგუ-ბატონო, ცოტაოდენს ხომ არ მიწილადებდით თქვენს ჯადოსნურ ძალას?
_ ჰო, მართლა, რატომ არ უნდა შევმატოთ ტაროს ჩვენი ძალა? _ ერთმანეთს გადაულაპარაკეს ტენგუებმა და თანხმობის ნიშნად თავი დააქნიეს.
_ დარდი ნუ გაქვს, _ თქვა ტენგუ-მანტარომ, _ ასი კაცის ძალას მოგცემთ. აბა, აიღე ეს ფიალა.
ტენგუ-მანძირომ ქამრიდან დოქი მოიხსნა და უზარმაზარი ფიალა ჯადოსნური ხის ნაყოფისაგან მომზადებული საკეთი გაავსო. ტარომ ორივე ხელით ჩამოართვა ფიალა და უცებ გადაკრა. საკემ ცეცხლივით ჩასწვა ყელი და სხეულში თითქოს ძალა ჩაექცაო.
_ ყოჩაღ, ტარო! _ დაიძახა ტენგუმ, _ ახლა სცადე, ის კლდე ასწიე!
ტარომ თვალით აწონ-დაწონა კლდე, მერე ეძგერა, გაიჭაჭა, მაგრამ ვერ ასწია. კლდე მხოლოდ ოდნავ შეინძრა.
_ ერთი ფიალა კიდევ დალიე! _ უთხრა ტენგუმ.
ტარომ მეორე ფიალაც გამოცალა. ისევ ცეცხლივით მოედო ყელში, იგრძნო, რომ კიდევ მოემატა ძალა. კლდე უკვე თავისუფლად ასწია.
_ აბა, ერთიც კიდევ!
ტარომ მესამედაც დაცალა ფიალა. ამჯერად ყელი აღარ დასწვია. ძალა კი ისევ მოემატა. ბიჭმა კლდე შეათამაშა ხელში, მაღლა აისროლა და ბურთივით დაიჭირა.
ტენგუებს გაეცინათ:
_ ამიერიდან ნურც ერთი ეშმაკის ნუ შეგეშინდება, ტარო. წადი და საკადრისად გაუსწორდი წითელ ეშმაკს. შეგიძლია შუაზე გახლიჩო, ცხვირიც მოამტვრიო.
_ მადლობელი ვარ თქვენი, ტენგუ-ბატონებო, _ უთხრა გახარებულმა ტარომ, _ შენიც, ღრუტუნავ. ახლა კი, რადგან დონდოროს მთა აქვე ყოფილა, მარტო წავალ, შენ შინ დაბრუნდი, შვილებთან.
_ ნუ გენაღვლება, ჩემს გოჭებს ახლა ისე ტკბილად სძინავთ, როგორც ბატატებს ნიადაგში, _ თქვა დედა ღორმა, _ მეც წამოგყვები...
ტარომ თავი გააქნია:
_ არა, ღრუტუნა, შენ არ წაგიყვან. შინ წადი, შვილებს მიხედე! ყველა მომიკითხე და გადაეცი, მალე სასიხარულო ამბებს შეგატყობინებთ-თქო.
ტარო გამოემშვიდობა ჯადოქარ ტენგუებს, მერე დედა ღორსაც და დონდოროს მთისაკენ გაუდგა გზას.
გრგვინვადქცეული
წითელი ეშმაკი

ძნელად სავალი გზა იყო დონდოროს მთისკენ. გვერდს ვერ აუქცევდი დაბურულ ტყეებს. ხავსმოდებულ ტოტებქვეშ აუარებელი შხამა სოკო ამოყრილიყო _ წითელი, რუხი, შავი... მიდიოდა და მიდიოდა ტარო შხამიან სოკოებში, მაღლა-მაღლა. ბოლოს ერთ უფსკრულს მიადგა. ზედ უფსკრულის პირას მაღალი წითელი ჭიშკარი დაუხვდა. ჭიშკრის თაღი ცას ებჯინებოდა.
ტარომ ჭიშკარზე დააკაკუნა.
ხმა არავინ გასცა. მობეზრდა ტაროს ამდენი კაკუნი და კარი შეაღო. იქ ბილიკი დაინახა, რომელიც ხევის ძირას ეშვებოდა. ტარო გაბედულად ჩაუყვა ბილიკს...
ამ დროს წითელი ეშმაკი ძალზე დაკავებული გახლდათ _ ხუმრობა ხომ არაა, დოლზე უკრავდა:
დონ, დონ, დოდონ!
დოდენ, დონ, სუდენ, დონ!
თავისი ხელოვნებით დამტკბარი წითელი ეშმაკი თვალდახუჭული, ნესტოებდაბერილი უბრახუნებდა დოლზე და გრძნობით აყოლებდა თავს.
საეჭვოა, რომ ამ მუსიკით ვინმე სხვაც დამტკბარიყო, ის კი თავს არ ზოგავდა, რაც შეეძლო თავგამოდებით უბრახუნებდა.
«ჰმ, _ გაიფიქრა ტარომ, _ კურდღელსა და წრუწუნას ტყუილად არ ასტკივებიათ ყური, ის კი არა, ამ ხმაურისაგან შეიძლება დაყრუვდე კიდეც!»
შევიდა ტარო სახლში, დაჯდა ჭილოფზე. ზის და გაღიმებული უმზერს წითელ ეშმაკს. ეშმაკი კი, ნუ იტყვით, რა განცხრომაშია. უბრახუნებს, თან გუნებაში ეცინება, ტუჩებს აცმაცუნებს, ცხვირში დუდღუნებს. უცებ ტარო შეამჩნია და გაოცებისაგან პირი დააღო.
_ აქ საიდან გაჩნდი? _ ჰკითხა მან.
_ შენ ეი, წითელო ეშმაკო! ახლავე აქ გააჩინე აია, თორემ, იცოდე, შუაზე გაგხლეჩ, ცხვირსაც ამოგამტვრევ! _ მიაძახა ტარომ.
_ კიდევ ხომ არაფერი გნებავს? ერთი ამას დამიხედეთ, მიყვირის კიდეც ეს ლიფსიტა, _ გაიკვირვა ეშმაკმა, _ ხმა ჩაიკმიდე, შე ბრიყვო, შენა! სადღაა ის გოგო. დიდი ხანია ჩემმა ბატონმა, შავმა ეშმაკმა წაიყვანა... ეჰ, როგორ არ გამიმართლა... _ დაღვრემილი განაგრძობდა წითელი ეშმაკი, _ როგორ მინდოდა ერთხანს მისი დაკვრით დავმტკბარიყავი!
_ სად ცხოვრობს შავი ეშმაკი?
_ კუროგანეს მთაზე. აქედან ჩრდილოეთით... ისე, რომ იცოდე, იქიდან დაბრუნებული არავინ მინახავს.
_ შენ ასე გგონია?
ტარო წასასვლელად წამოდგა, მაგრამ წითელმა ეშმაკმა ხელები გაასავსავა:
_ საით, საით მიიჩქარი! დარჩი, რა, ცოტა ხანს ვისაუბროთ!
_ შენ რაზე უნდა გესაუბრო?
_ ჩემი ბატონის, შავი ეშმაკის ამბავს მოგიყვები, არ გინდა? თანაც ნამცხვრით გაგიმასპინძლდები...
_ ნამცხვარს კი შეჭამდა კაცი, _ ჩაილაპარაკა ტარომ.
_ მერედა რა ნამცხვარია, ბრინჯისა. შავმა ეშმაკმა მომართვა. ალბათ ასეთი არც გიჭამია შენს დღეში. დარჩი, რა?!
წითელი ეშმაკი მოუხეშავი ნაბიჯებით გაძუნძულდა ოთახიდან. ხელებს მოწყვეტილივით მიიქნევდა, თითქოს მიწამდე დასთრევდა. უცებ შემობრუნდა და ტაროს უთხრა:
_ სანამ ნამცხვარს მოვიტან, ჩემ მაგივრად შენ დაუკარი დოლზე! გუნება მიფუჭდება, თუ ჩემი საყვარელი დოლის ხმა არ მესმის.
_ კარგი, დავუკრავ და რა თქმა უნდა, შენზე უკეთესადაც.
მიუჯდა ტარო დოლს, დაიწყო დაკვრა და უნებურად გაერთო:
ტონ-ტოკო, ტონ-ტოკო!
ტეკე-ტენ-ტენ.
ტოკა-ტოკა, ტონ-ტონ!
ტენ-ტეკე-ტენ!
ამასობაში წითელი ეშმაკი სამზარეულოში შევარდა, დიდი ჟანგიანი დანა გამოიტანა და ჭასთან დაიწყო ლესვა.
_ დახეთ ლიფსიტას. გამომეცხადა აქ და მბრძანებლობაც არ დამიწყო? _ ლუღლუღებდა თავისთვის, _ ახლავე ვაჩვენებ სეირს! ავკუწავ და დიდ ტაფაზე შევწვავ. ბედი რომ არაფერში მაქვს, როგორ საჩქაროდ მჭირდება ახლა დანა, ეს კი მთლად არ დაჟანგებულა?..
ლესავს დანას წითელი ეშმაკი და თავისთვის ბურტყუნებს. ოთახიდან დოლის ხმა მოისმის.
_ ფუ, რა უმსგავსოდ უკრავს! _ იჭმუხნება ეშმაკი, _ მოსმენა შეუძლებელია. ლამისაა შევუვარდე და ვაჩვენო, როგორ უნდა დაკვრა. მაგრამ რას დავეძებ, ერთხანს თავი შეიქციოს, არსად გამექცეს...
ამ დროს ეშმაკის ფეხებთან სოროში წრუწუნა იჯდა, ეს რომ გაიგონა, სოროდან გამოვარდა და ოთახისკენ მოჰკურცხლა.
_ ტარო! _ დაიწრიპინა მან, _ ეჰ, ტარო, ტარო! კაცმა რომ გკითხოს, დიდ საქმეზე მიდიხარ, ბრინჯის ნამცხვარზე კი სულმა წაგძლია. იცოდე, ტარო, შეიძლება სიცოცხლეს გამოესალმო! წითელი ეშმაკი დანას ლესავს შენს დასაკლავად. წადი, სანამ დროა, თავს უშველე, შენ მაგივრად მე დავაბრახუნებ დოლზე.
თაგვმა დაიწყო დოლზე კუდით ბრახუნი:
ტენ-ტეკე, 
ტენ-ტეკე!
_ აბა, რაღას უდგახარ, გაიქეცი!
_ აჰა, ეშმაკს საოჯახო დანით ნდომებია თურმე ჩემი დაკვლა! ბრინჯის ნამცხვრით გამასპინძლებას კი მპირდებოდა. ესე იგი მომატყუა თავისი ჭკუით.
_ მოგატყუა, აბა, რა! ყველა შენსავით კეთილი ნუ გგონია ამქვეყნად. გირჩევნია, მალე გაიქცე, სანამ მე ვაბრახუნებ...
_ არსადაც არ გავიქცევი. არ მიყვარს მტრისაგან გაქცევა. თაგუნა, შენ განაგრძე შენებურად, მე კი წითელ ეშმაკთან მივალ.
თაგვმა ერთი ამოიოხრა და მთელი ძალით დასცხო კუდი დოლს:
ტენ-ტენ,
ტენ-ტეკე-ტენ!
მშვენივრად უკრავდა წრუწუნა, რაც მთავარია, ხმამაღლა. ამასობაში ტარო ეზოში მალულად გავიდა. წითელი ეშმაკი ქვაზე წახრილიყო და გულმოდგინედ ლესავდა და ლესავდა დანას.
_ როგორაა საქმე, წითელო ეშმაკო? კარგად ვერ გალესე?
_ როგორ, შენ აქა ხარ? მაშ, იქ ვინ უკრავს? _ განცვიფრდა ეშმაკი.
_ შენ ისე აჩხარუნებ მაგ დანას, რომ დოლის ხმა აღარ მესმის.
_ ააა... აი, რატომ გარჯილხარ!
წითელმა ეშმაკმა ნაღვლიანად გადახედა ნახევრად გალესილ დანას.
_ როგორც ჩანს, ჩემს დასაკლავად ემზადები! ვნახოთ, ვნახოთ!
ტარო საბრძოლველად წამოიმართა და შეტევისათვის მოემზადა.
სირცხვილისა თუ ბრაზისაგან ისე გაწითლდა ეშმაკი, რომ ისედაც წითელი სახე სულ წითელი პილპილივით გაუხდა.
_ ოჰ, შე ლიფსიტავ, შენა! _ წამოიყვირა მან და თავისი ჟანგიანი დანით ტაროსკენ გაექანა. 
ტარო ფეხებში გაუსხლტა ეშმაკს, ხელიდან დანა მოხერხებულად გამოსტაცა და შორს გადაისროლა. დანა პირდაპირ მთის მდინარეში ჩავარდა, თევზად იქცა და დინებას გაჰყვა.
მერე ტარომ ხელი სტაცა წითელ ეშმაკს და მიწაზე დაანარცხა. დაანარცხა ერთხელ, დაანარცხა მეორედ... მანამ არ მოეშვა, სანამ სულ მთლად არ გააბრტყელა.
_ შემიბრალე! _ შეევედრა ეშმაკი, _ ტარო, როდის გახდი ასეთი ღონიერი? პირდაპირ სასწაულია!
_ არამზადა ხარ, წითელო ეშმაკო, არამზადა! საბრალო გლეხებს რის ვაივაგლახით მოჰყავთ ცერცვი და ფეტვი, შენ კი სულ უჩანაგებ. გამოტყდი, ხომ შენ იპარავ?
_ ვიპარავ... _ ძლივს ამოილუღლუღა ეშმაკმა.
_ ესეც არ იკმარე და აია მოიტაცე! ახლა ჩემი მოკვლაც მოინდომე. დასანდობი ხარ, განა? ავიღებ და სადმე შორს გადაგისვრი, შენს ბოროტებას რომ ბოლო მოეღოს... სულაც მდინარეში გისვრი, ან მთის გადაღმა. თუმცა, უმჯობესია, ჯოჯოხეთში გაგისტუმრებ, ემა-ეშმაკთან...
_ ო, გევედრები, მაგას ნუ იზამ! თუ მაინცდამაინც უნდა გამწირო, ისევ ცაში გამტყორცნე. მგრგვინავი კამინარის შეგირდი მაინც გავხდები და ჩემს გემოზე დავუკრავ დოლს. რა ყრია შავი ეშმაკის სამსახურში? ხან მიბრძანებს, საჭმელი მოიპარე და მომიტანეო, ხან საკეს მოისურვებს, ხან კი გოგო მომგვარეო, დაიჟინებს. მუსიკას სულ ვერ იტანს. თუ შემისწრო, როცა დოლზე ვუკრავ, შენს მტერს, ისეთ დღეს დამაყენებს, სიკვდილს მომანატრებს...
_ ეგ მართლა კარგად მოიფიქრე. მგრგვინავი კამინარის შეგირდობაც საქმეა.
ტარომ წითელ ეშმაკს დოლი მიაწოდა და გახარებულმა უთხრა:
_ აჰა, მაგრად დაიჭი, მიწაზე არ ჩამოგივარდეს! მე კი რაც ძალი და ღონე მაქვს, ცისკენ გაგტყორცნი.
აიყვანა ტარომ წითელი ეშმაკი და ის იყო, მაღლა უნდა აეგდო, რომ ეშმაკი დაჭრილივით აღრიალდა:
_ დაიცა, ტარო, დაიცა! რაღაც მინდა გითხრა. კუროგანეს მთაზე შავ ეშმაკთან თუ წახვალ, დაიხსომე _ შავი ეშმაკი ძალზე ოსტატურად იცვლის ხოლმე სახეს. ფხიზლად იყავი, როგორც კი სხვა ვინმედ გადაიქცევა, მაშინვე უნდა დაიძახო: «ნამუ უნ კეი არაბი სო ვაკა». სამჯერ რომ შეულოცავ ასე, შენ თვითონაც რადაც გინდა, იმად გადაიქცევი. აი, ეს მინდოდა მეთქვა შენთვის. ახლა კი გამტყორცნე ცაში.
_ გმადლობ, წითელო ეშმაკო. ცაში რომ ახვალ, დოლზე მაგრად დააბრახუნე და მეც მივხვდები, რომ მშვიდობიანად ახვედი... აბა, ერთი, ორი, სამი... გასწი!..
და ტარომ მაღლა ატყორცნა ეშმაკი. სულ ბზრიალ-ტრიალით მიქროდა ცისკენ. მერე თვალს მიეფარა. ცოტა ხნის შემდეგ ქუხილი გაისმა: გოროგოროგორო!
_ ესეც ასე, ყველაფერი რიგზეა. მიუღწევია ცამდე. იქ მისი დოლის ხმა უფრო ასატანია, ვიდრე აქ, დედამიწაზე.
კუროგანეს მთა

ტარომ გატყორცნა თუ არა წითელი ეშმაკი მგრგვინავ კამინარისთან, თვითონ კუროგანეს მთისკენ გაემართა, სადაც შავი ეშმაკის სამფლობელო იყო.
აღარსად ჩანდა მწვანე ხეები. ირგვლივ მხოლოდ რუხი და შავი სალი კლდეები წამოყუდებულიყო. აქა-იქ ხმელი ხის ტოტები ეყარა, რომლებიც ქარს მოეხვეტა. თეთრად ანათებდა ირმებისა და ანტილოპების ძვლები. მზე წუთით გამოაჭყიტებდა და მაშინვე ღრუბლებს მიეფარებოდა. გარშემო მძიმედ ჩამოწვა ნისლი. არც წინ და არც უკან გზა არ ჩანდა.
კიდევ კარგი, რომ ტაროს გამოჩენისთანავე უცბად გაიფანტა ნისლი, თორემ ბიჭი ისე ღრმა უფსკრულის ნაპირს მიჰყვებოდა, ძირს რომ გადაეხედა, შეიძლება უცებ თავბრუ დახვეოდა და გადაჩეხილიყო კიდეც.
«სად მოუყვანია შავ ეშმაკს აია! _ გაიფიქრა ტარომ, _ აქ ხომ ძალიან საშიშია?»
ბევრი იარა თუ ცოტა, ბოლოს ნისლში გახვეული შავი მთა დაინახა.
«ალბათ ეს არის კუროგანეს მთა!» _ მიხვდა ტარო და ნაბიჯს უმატა.
უცებ საიდანღაც სალამურის ნაზი ხმა შემოესმა.
«ეს ხომ აიაა? რა თქმა უნდა, ის არის!»
ტარომ შორიდან იცნო ათ გოჭზე შეთხზული ნაცნობი სიმღერა და თვითონაც ამღერდა. საბედნიეროდ, ის იყო, ნიავმაც დაუბერა და ნისლი გაფანტა. ტარომ აიას მოჰკრა თვალი. იგი ზურგშექცევით იჯდა, როგორც კლდის პირას ყვავილი და ნაღვლიანად უკრავდა სალამურზე. ტარო ერთხანს ჩუმად იდგა, აიას მისჩერებოდა და მოულოდნელი სიხარულისაგან ხმას ვერ იღებდა.
თითქოს გულმა უგრძნოო, აიამ სალამური ძირს დადო და მიიხედ-მოიხედა. გაოცებისაგან დიდრონი ლამაზი თვალები დააჭყიტა.
_ ნუთუ ეს შენა ხარ, ტარო? სიზმარია თუ ცხადი?
_ რის სიზმარი, აია! მართლა მე ვარ, ტარო! _ შესძახა გახარებულმა და სამჯერ დააბაკუნა ფეხი, როგორც სუმოში გამოსვლისას იციან ხოლმე, _ ერთი მაჩვენე, სად არის შავი ეშმაკი. ახლავე გავუსწორდები.
_ სადღაც წავიდა... ალბათ, მალე დაბრუნდება. დღეს დიდი სიხარული მოელის: მთის ძირას რომ სოფელია, იქიდან ვახშმად ქალიშვილი უნდა მოჰგვარონ.
_ არამზადა!
_ ო, რომ იცოდე, რა ბოროტი ჯადოქარია! ხალხს მთის წყარო მოსტაცა და ახლომახლო სოფლებს წალეკვით ემუქრება. დაშინებული ხალხი ყოველ წელს თითო ქალიშვილს სწირავს მსხვერპლად, რათა ათასობით ადამიანი დაიფარონ განსაცდელისაგან.
_ ერთი უყურე! _ წამოიძახა ტარომ და ბრაზისაგან წამოჭარხლდა, _ გლეხებს ყველაზე ძვირფასი რამ, წყალი მოსტაცა და კიდევ რაებს სჩადის. არაფერია, მაგასაც მოეღება ბოლო!
_ იცოდე, ტარო, ფრთხილად. ძალიან ღონიერია!
_ აი, ნახავ, რა დღესაც დავაყრი!
საშინელმა გრუხუნმა შეარყია მთები. ერთ კლდეს გვერდი ჩამოენგრა და ხმაურით გადაეშვა უფსკრულში. 
_ შავი ეშმაკი მოდის. ტარო, აქ მოდი, ჩქარა!
აია მკლავში სწვდა ტაროს და გამოქვაბულში, ხის სკივრში დამალა. ამ დროს შავი ეშმაკი ნაკვერჩხლებივით ანთებული თვალებით შემოიჭრა გამოქვაბულში.
_ რაშია საქმე, საიდანღაც ადამიანის სუნი მცემს! _ დაიძახა მან.
შავ ეშმაკზე შემზარავი მართლაც არ მოიძებნებოდა ქვეყნად. მთელი სხეული რკინის ბანჯგვლებით ჰქონდა დაფარული, თათებზე კლანჭები წამოზრდოდა, პირიდან თეთრი ეშვები გადმოეყარა...
_ ეი, გომბიო! გამოქვაბულში ვიღაცაა-მეთქი, შენ გეუბნები, _ თქვა ეშმაკმა და თვალის ცეცებით მიმოიხედა, _ ახლავე გამომიჩინე, თორემ...
_ არა, არავინ არის!
_ ნუ მატყუებ! _ დაიღრიალა შავმა ეშმაკმა გაბზარული ზარის ხმით, _ ვიცი, მიმალავ, მაგრამ გამოქვაბულის შემოსასვლელში რომ ყვავილებია, იმათგან შევიტყვე: როცა აქ კაცი შემოვა _ თეთრი ყვავილი იშლება, როცა ქალი _ წითელი. ეს დიდი თეთრი ყვავილი ხომ მე ვარ, მაგრამ ის პატარა თეთრი ყვავილი ვინღაა?
_ ეს მე გახლავარ, ტარო!
ტარომ სკივრს სახურავი ახადა, გადმოხტა და შავ ეშმაკს წარუდგა.
_ ჰმ, მეც ვიფიქრე, ვინმე არის-მეთქი! ქინქლა არ ყოფილა? გინდა უცბად გადაგსანსლო?..
შავმა ეშმაკმა ხელები ასწია, პირი გააწკლაპუნა და ტაროსკენ გაიწია. შეშინებული აია წამოვარდა, ტაროს წინ აეფარა და იყვირა:
_ ხელი არ ახლოთ, ეს ჩემი ძმაა!


კატეგორია: საბავშვო საკითხავი | ნანახია: 915 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: