მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 5 » ტაროს თავგადასავალი --გაგრძელება
4:30 PM
ტაროს თავგადასავალი --გაგრძელება
ბრძოლა შავ ეშმაკთან

_ ესე იგი, შენი ძმაა... რა გაეწყობა, დარჩეს ჩვენთან, მხოლოდ ერთი პირობით: სტუმრად მხოლოდ მას მივიღებ, ვინც მე მაჯობებს. შევეჯიბროთ ერთმანეთს _ ჩვენ ორში ვინც მეტ ცერცვს შეჭამს, გამარჯვებულმა მერე დამარცხებულიც შესანსლოს... ჰა? რაღა დაგიმალო და გვარიანად მომშივდა კიდეც. რას დამუნჯდი, არ გაწყობს?
აიამ გამოათრია დიდრონი ტაფები და ზედ ცერცვი დაყარა. ტაროს წილი ცერცვის მარცვლები წყალში ამოავლო, რომ დარბილებულიყო, ხოლო ეშმაკის წილ მარცვლებში წვრილ-წვრილი კენჭები შეურია...
ეს სანაძლეო ტარომ ადვილად მოიგო.
_ არა, ეს არ ითვლება! _ თქვა ეშმაკმა, _ მოდი, ახლა ვიჭიდაოთ! ეზოში გამოდი, სტუმარო, ერთი ვნახოთ, ვინ უფრო ღონიერია!
შავი ეშმაკი ცეკვა-ცეკვით გაძუნძულდა გამოქვაბულიდან. მისი ნაბიჯებისგან მთები აძაგძაგდა, თითქოს მიწისძვრააო. გამოქვაბულს დიდი ლოდი ჩამოენგრა და ხრამში ჩაგორდა.
_ ა-ა-ა, შენ გინდა სუმოში შემეჯიბრო, არა? მოვსინჯოთ, მეც მიყვარს სუმო, _ თქვა ტარომ და უკან გაჰყვა შავ ეშმაკს.
დაეძგერნენ ერთმანეთს, მაგრამ ვერც ერთმა ვერ დასძრა მოწინააღმდეგე ადგილიდან.
ამ დროს ტარომ თვალი შეასწრო ეშმაკის უზარმაზარ მუცელს და სიცილი წასკდა. მერე ვეღარ მოითმინა და ხმამაღლა წაიმღერა:
დენ-დერა-დენ!
დენ-დერა-დენ!
ეს მთა როგორ მაოცებს...
ეშმაკო, ვერ გაივსებ
მაგ გაუმაძღარ მუცელს!
შავ ეშმაკს გაუკვირდა: «დახეთ, კიდევაც რომ მღერის!»
ტარომ ისევ გააგრძელა თავისი სახუმარო სიმღერა:
დენ-დერა-დენ!
დენ-დერა-დენ!
ეს მთა როგორ მაოცებს...
შავი ეშმაკი ცოტათი მოდუნდა. ამასობაში ტარომ ერთი ისეთი შემოჰკრა, რომ მოწინააღმდეგე ყირამალა გადაეშვა უფსკრულში. ვიდრე ძირს დაენარცხებოდა, ეშმაკი კლდის გამონაშვერს დაებღაუჭა და ქოშინით ამოსძახა ტაროს:
_ მოხერხებული ყოფილხარ, სტუმარო, მაგრამ გამარჯვებული ის იქნება, ვინც მესამედ გაიმარჯვებს.
დაიძახა ეს თუ არა, მაშინვე პატარა ბორცვისოდენა ტახად იქცა.
ტახმა წინ წამოყარა ალესილი ეშვები, აიჯაგრა და ეძგერა ტაროს. გაბოროტებული სულ ცეცხლს აფრქვევდა პირიდან.
შეშინებულმა აიამ შეჰკივლა და სახეზე ხელი აიფარა...
მაგრამ ისევ საოცრება! ცოტა ხნის შემდეგ ტახის ხმამაღალი ქშენაღა ისმოდა. «სასწაული»... _ გაიფიქრა გოგონამ და თვალები გაახილა. ტარო არსად ჩანდა, მხოლოდ ტახის დინგთან დაფრინავდა პაწაწინა ფუტკარი არხეინად და ბზუოდა: «ჟ-ჟ-ჟ...»
გამძვინვარებული ტახი ცდილობდა ფუტკრის დაჭერას, მაღლა იშვერდა უზარმაზარ დინგს, მაგრამ ამაოდ. ფუტკარი ბზუილ-ბზუილით ხან ცხვირზე დაასკუპდებოდა, ხან თვალებთან ებლანდებოდა. ბოლოს შეუძვრა ყურში და მწარედ უკბინა. ტახმა საშინლად დაიღრიალა და ყალყზე შედგა. ხან ხეს შეაფხანა ყური, ხან მიწაში ჩარგო დინგი. მიწაზედაც გაგორდა. სიმწრისაგან სულ წრეებს ხაზავდა. გზაც ვეღარ გაიკვლია, თვალთ დაუბნელდა, თავბრუ დაესხა და ბოლოს უფსკრულში გადაიჩეხა.
საშინელმა ხმაურმა მთები შეაზანზარა და უფსკრულიდან შავი კვამლის უშველებელი სვეტი ამოიმართა, ფსკერზე კი შავი ეშმაკის მოხაზულობის შავი ლოდი დარჩა.
აკანკალებული აია იდგა და ვერ მიმხვდარიყო, რა მოხდა _ სასიხარულო თუ სამწუხარო ამბავი...
ამ დროს ომახიანი ხმა შემოესმა:
_ დაინახე, აია, შავი ეშმაკი ლოდად რომ ვაქციე? ეს შელოცვა წითელმა ეშმაკმა მასწავლა. შევულოცე თუ არა სამჯერ, მაშინვე ფუტკრად გადავიქეცი და ეშმაკსაც ბოლო მოვუღე. აია, დაუკარი სალამური, მე კი ვიცეკვებ, _ და ტარომ წამოიწყო სიმღერა, თან ტაშს უკრავდა და ფეხებს აბაკუნებდა:
დენ-დერა-დენ!
დენ-დერა-დენ!
ქვეყნად ცხოვრობდა
შავი ეშმაკი.
ქვეყნად ცხოვრობდა 
ავი ეშმაკი.
ლოდად იქცა
ამ მთის ძირას,
ლოდად იქცა...
დაუბერე, ქარო,
შეუნგრიე მკერდი!
ყველაზე ძლიერო,
წელიწადის ქარო!
დიდხანს იმღერეს და იცეკვეს. მერე დაიქანცნენ და იქვე ჩამოსხდნენ. ამ დროს ნიავმა საიდანღაც სალამურისა და დოლის ტკბილხმოვანი ჰანგები მოიტანა, რომელსაც სევდიანი სიმღერა მოჰყვა...
სევდიანი სიმღერა

საოცარი ამბავია. ამ უდაბურ მთებში თითქოს სულდგმულიც არ ჭაჭანებს და უცებ _ სიმღერა!
_ იქნებ ზეიმია? _ ივარაუდა აიამ, _ მაგრამ ნაღვლიანად რომ მღერიან?..
_ გეგონება, ხმა მართლა ქვესკნელიდან მოდისო... წამო, აია, ვნახოთ, რა მოხდა!
ვიწრო ბილიკით ჩაირბინეს შავი კლდეები, სადაც წვიმისაგან გახასხასებული ძვლები იყო მიყრილ-მოყრილი. ფლატეებიან ნაპირს რომ მიადგნენ, აიამ წამოიძახა:
_ გახედე, ტარო, გახედე!
მიჩოჩდნენ ორი უზარმაზარი კლდის შუა ნაპრალთან, გადაიხედეს ქვემოთ და რა დაინახეს: თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხის მწკრივი ნელ-ნელა მიიწევდა წინ. მერე თანდათან გაარჩიეს, რომ მათ თეთრი ფიცრებისაგან გაკეთებული ტახტრევანი მიჰქონდათ და ნაღვლიანად მღეროდნენ. მათ სიმღერას სალამურები და დაფდაფები ეხმიანებოდა, გეგონებოდათ, ადამიანები კი არა, ჯოჯოხეთის მოციქულები არიანო.
ტარომ და აიამ ერთმანეთს გადახედეს, მერე ხელიხელჩაკიდებულები მთიდან ძირას ჩასრიალდნენ და პირდაპირ თეთრსამოსიანთა ფეხთით აღმოჩნდნენ.
ხალხი დაფრთხა. უცებ დააგდეს ტახტრევანი და აქეთ-იქით მიიმალნენ.
_ ეჰეი, ხალხნო, ნუ გეშინიათ, თქვენიანები ვართ! საით გარბიხართ? _ ხმამაღლა დაიძახა ტარომ, მაგრამ უკან არავის მოუხედავს, ხმაც არ გაუციათ, ბოლოს ერთი ბერიკაცი ძლივს მოფორთხდა, ისიც შიშისაგან თავს მაღლა ვერ სწევდა.
_ ბაბუა, რამ დააფრთხო ეს ხალხი, ჩვენ ხომ ყაჩაღები არ ვართ?
შეშინებულმა მოხუცმა ტარო და აია შეათვალიერა და შვებით ამოისუნთქა: 
_ მართლა არ ყოფილხართ ყაჩაღები! მაგრამ აქ საიდან გაჩნდით, ჰა? შავი ეშმაკის მსახურნი ხომ არა ხართ?
_ შავი ეშმაკის მსახურნი? არა! სადღაა თქვენი შავი ეშმაკი, ჭირი მოგჭამათ, ლოდად იქცა.
_ რაო? ლოდად?
_ ჰო, რა! გახედე, აგე, იქ უზარმაზარი შავი ლოდი რომ გდია, შავი ეშმაკია. ჩვენ მოვუღეთ ბოლო, განა! არ გაიგონე, მთებში რომ გრუხუნი ატყდა? სწორედ მაშინ მოხდა ეს ამბავი...
_ როგორ არ გავიგონე, კიდეც ვიფიქრე, ქვეყანა ხომ არ იქცევა-მეთქი. ესე იგი, შავი ეშმაკი აღარ არის ქვეყნად ხომ?
სიხარულისაგან ატირდა ბერიკაცი. აკანკალებული ხელით გამოაღო ტახტრევანის კარი, სადაც თეთრ კიმონოში გამოწყობილი ლამაზი ქალიშვილი გულწასული ეგდო.
_ გონს მოდი, შვილო, ნუღარაფრის გეშინია. ამ ყმაწვილმა გიხსნა. შავი ეშმაკი სამუდამოდ მოგვაშორა. თვალი გაახილე, მზეთუნახავო! ეჰეი, ხალხო! აქ მოდით, ნუ გეშინიათ, შავი ეშმაკი აღარ არსებობს, ლოდად ქცეულა.
უცებ ყველანი მოგროვდნენ, ატყდა ჩოჩქოლი. აბა, რა უნდა ექნათ? ბედნიერი დღე გაუთენდათ _ შავი ეშმაკი მოისპო, რომელმაც ათეული და ასეული წლების განმავლობაში ხალხს სისხლი გაუშრო. ყველას სიხარულის ცრემლი სდიოდა, მადლობას უხდიდნენ თავიანთ მხსნელებს _ ტაროს და აიას. მერე დაწვრილებით უამბეს კიდეც, შავმა ეშმაკმა როგორ მოიტაცა მათი წყარო, ყოველწლიურად როგორ ითხოვდა დიდ გასამრჯელოს, ადამიანის მსხვერპლსაც არ ერიდებოდა. უგუნებოდ რომ იყო, ანდა რაიმე არ მოეწონებოდა, მაშინვე სოფელში შავ ღრუბლებს გაგზავნიდა ხოლმე, რამდენიმე დღით იქაურობას ჩამოაბნელებდა, მზის სხივს არ მიაკარებდა. ზოგჯერ კი ნათესებს დასეტყვავდა და მთელ მოსავალს წალეკავდა, მინდვრებსა და სოფლებს დატბორავდა ხოლმე.
_ მოდი, ვნახოთ, რა არის ამ გამოქვაბულში!
დაღლილობა უცებ დაავიწყდა ყველას და შავი ეშმაკის გამოქვაბულისაკენ შეუყვნენ.
_ ეს გამოქვაბული ბრინჯითაა სავსე!
_ აქ კი ოქროს და ვერცხლის მთებია!
_ ერთი შეხედეთ, როგორ ბრწყინავს იასპი _ თვალი პატიოსანი!
გაოცებული გლეხები გაფაციცებით ათვალიერებდნენ შავი ეშმაკის საგანძურს. ტარო და აია კი სულ მაღლა-მაღლა მიჰყვებოდნენ მთას. ბოლოს ერთ პატარა გამოქვაბულს მოჰკრეს თვალი. 
გამოქვაბულიდან ცხენის ჭიხვინი და ფლოქვების თქარათქური ისმოდა. შეიჭყიტეს გამოქვაბულში და რას ხედავენ: ლამაზი თეთრი ცხენი მაყვალივით შავ თვალებს აბრიალებს და აბრეშუმივით ფაფუკ კუდს აქეთ-იქით იქნევს.
_ აჰა, ეს ის თეთრი ცხენია ალბათ, შავი ეშმაკი რომ ტრაბახობდა _ დღეში ას რის* თავისუფლად გავირბენო.
_ რა დიდებული ბედაურია! სხვა არაფერი მინდა ამ საგანძურიდან, ცხენს კი სიამოვნებით წავიყვან, _ თქვა ტარომ.
_ რა კარგი იქნება, ტარო! მართლაც შესანიშნავია, _ გაუხარდა აიას.
გამოვიდნენ გამოქვაბულიდან. სადავეში ხელჩავლებული მოჰყავდათ თეთრი ცხენი. უცებ შეამჩნიეს სულ ზემოთ, მთის კორტოხისაკენ მიმავალი ბილიკი.
«იქ რაღა უნდა იყოს? _ გაიფიქრეს და ბილიკს აუყვნენ. აღმართი რომ აიარეს, ასეთი სანახაობა გადაეშალათ:
მთებს შუა ზვირთკამკამა ტბა გარინდებულიყო. ტბის ნაპირას მოხუცი კაცი იდგა. ეს სწორედ ის მოხუცი გახლდათ, პირველად რომ გამოელაპარაკა ტაროს. მოხუცს გულზე ხელები დაეკრიფა და მოსარკულ ტბას დასცქეროდა.
_ ასეა, _ თქვა მან, _ ოქრო, ვერცხლი და იასპი ხომ ძვირად ფასობს, მაგრამ ჩვენთვის, გლეხებისათვის, წყალზე ძვირფასი არა არის რა. როგორ ვიტანჯებოდით, ეს ტბა რომ შავი ეშმაკის ხელში იყო. გმადლობთ, ტარო! გმადლობთ, აია! თქვენ დაგვიხსენით ტყვეობიდან.
მოხუცმა ისევ ტბას დახედა. უცებ ფეხებთან პატარა მრგვალი სარკე დაინახა. მოხუცმა აიღო სარკე და აიას გაუწოდა:
_ გამომართვი ეს სარკე, აია. მართალია პატარაა, სამაგიეროდ, ლამაზი!
აიამ სარკე გამოართვა, კიმონოს სახელოთი გააპრიალა და უთხრა:
_ ძალიან გამახარა ამ ლამაზმა სარკემ! ამ სარკის მეტს არც არაფერს წავიღებ აქედან.
ტარო კი ჩუმად იდგა და ტბას დასცქეროდა. ატირებას ცოტა უკლდა. ტბამ დედა მოაგონა.
_ ცოტა, კიდევ ცოტაც დაიცადე, დედა! _ წაიჩურჩულა ტარომ, _ შენც მალე გიპოვი!..

თვალუწვდენელი ველები

ტარო და აია ფერდობზე დაეშვნენ. თეთრი ცხენი ისევ სადავით მიჰყავდათ. ბარში დიდი მხიარულება იყო. გლეხებს ტახტრევანი პირამდე გაევსოთ შავი ეშმაკის გამოქვაბულში ნაპოვნი განძეულით.
მაინც რა უცებ დაავიწყდათ გუშინდელი უბედურება და მწუხარება! ახლა მხიარული შეძახილებით იმხნევებდნენ თავს და შინისაკენ მიიჩქაროდნენ.
ჩამავალი მზე მთებს მიეფარა. უკუნი ღამე ჩამოწვა, მაგრამ გლეხების მხიარულებას არაფერი უშლიდა ხელს. ბერიკაცმა ტაში შემოჰკრა და ლაზათიანი სიმღერაც შემოსძახა:
ციცაბო კლდის გადაღმა
შავი ეშმაკი დასახლდა. 
დოდონ, დოდერან,
დოდონ-ტო!
მუდამდღე ვცახცახებდით 
შავი ეშმაკის შიშითა...

ახლა მეორემ აიტაცა სიმღერა:

მაგრამ ერთხელ იმ მთებიდან. 
იმ ციცაბო მთებიდან,
ქვეყნად ყველა გმირზე გმირი
ჩვენ მხსნელად მოგვევლინა.
დოდონ, დოდერან,
დოდონ-ტო!
შეებრძოლა შავ ეშმაკს და
ისეთი დღე აწია,
ის ბოროტი ავი სული
ლოდად გადააქცია!
დოდონ, დოდერან,
დოდონ-ტო!
ასე ტაშ-ფანდურაში გაატარეს მთელი ღამე. ვერც კი შეამჩნიეს, ისე შემოათენდათ.
სახიფათო ფრიალო მთები უკან მოიტოვეს და მაღალ-მაღალი კრიპტომერიების ტყეში შევიდნენ. ჰაერი ჩიტების ჭიკჭიკითა და წიწვების მსუყე სუნით იყო სავსე. გუშინდელი ამბავი კი მხოლოდ უსიამოვნო სიზმარივით აგონდებოდათ.
_ შეხედეთ! _ მხიარულად წამოიძახა მოხუცმა, _ აგერ, მაღალი კლდეც გამოჩნდა, გადაღმა ხომ ჩვენი სოფელია. იქ ყველაფერი სხვაგვარადაა, ვიდრე მთაში. ცოტაც და კლდესაც შემოვუვლით. აბა, იქ ნახეთ, რა ამბავი იქნება.
აია და ტარო შეჩერდნენ. გაბრუებულნი იყვნენ სანახაობით.
ქვემოთ, დაბლობში, ქლიავისფრად დაბინდულ შორეულ მთებამდე, მწვანედ ბიბინებდა ბრინჯის ყანები. მათ შუა კი მზით აციმციმებული მდინარე ობისმაგვარი* ქამარივით მიიკლაკნებოდა. აქა-იქ ცერცვის მიმობნეული მარცვლებივით მოჩანდა პატარ-პატარა ყავისფერი სახლები...
_ რა თვალუწვდენელი ველებია! _ აღმოხდათ აიას და ტაროს. ისინი ხომ მთის ვიწროებში გაიზარდნენ და აქამდე არც კი ენახათ ასეთი სივრცეები.

ბრინჯის ოთხმოცდარვა ნამცხვარი

_ შემობრძანდით, შემობრძანდით!
_ დასხედით, დაისვენეთ!
_ ინებეთ, თბილი წყლით სავსე კასრები...
სოფელმა აიასა და ტაროს არნახული ზეიმი გაუმართა.
_ ასე ახალგაზრდებმა როგორ დაამარცხეს შავი ეშმაკი?!
_ სულ მთლად ბავშვები არიან...
_ ყოჩაღ, ყოჩაღ!
_ ამიერიდან მშვიდად ვიცხოვრებთ!
_ სიხარულიც ამას ჰქვია!
_ მე კი არაფერი ვიცოდი, ჩემთვის მდინარეზე მივდიოდი სათევზაოდ...
_ შენ თუ გგონია, მე ვიცოდი, მეც ტყეში მივდიოდი სოკოსთვის...
_ რახან აგრეა, ჩამოვივლი სოფლად და ბრინჯის ქვაბებს შევაგროვებ.
_ ესეც საქმეა...
_ ადრეც უნდა მოგვფიქრებოდა!
სოფელი აქოთქოთებული და გამოცოცხლებული იყო. ყველანი ქვაბების ირგვლივ ფუსფუსებდნენ. მალე ქათქათა ბრინჯი გორაკებად დახვავდა.
_ მოდით, ბრინჯის ნამცხვრები დავაცხოთ!
_ მართლაც კარგი რამ იქნება...
_ ხილფაფიანი ნამცხვარიც არ იქნება ურიგო...
_ ქლიავიანიც...
_ უქლიავო და უხილფაფოც, უბრალო ნამცხვარიც კარგია.
აია და ტარო შეჰყურებდნენ სამზადისს და უკვირდათ, ამ სოფელში ასე მდიდრად რომ ცხოვრობდნენ.
ეზოები ყვავილებით მოფენილიყო, გუბეებში თეთრი და წითელი კობრები დაცურავდნენ, საქათმეებში ქათმები კაკანებდნენ, თავლაში ცხენები ფლოქვებს მოუთმენლად აბაკუნებდნენ, ბოსელში კი ძროხები ზანტად იცოხნებოდნენ.
და აი, გაწკრიალებული ვეებერთელა ოთახი. დიდ კერიასთან, ნაკვერცხლების გროვაზე, წყლით სავსე ქვაბი თუხთუხებს.
შემოაქვთ ხორაგით სავსე ხონჩები. ზედ უხვადაა გველთევზები, კობრები და მდინარის ნაბოძები სხვა სიკეთე. მოაქვთ სოკოები, გვიმრის ყლორტები, შემწვარი წაბლი, ხურმის ჩირი და სხვა სანოვაგე. ხონჩის შუაგულში კი ბრინჯის ცხელ-ცხელი, სურნელოვანი ნამცხვრების ზვინია აღმართული.
_ გთხოვთ, გასინჯოთ ჩვენი ნახელავი!
_ გთხოვთ, ნუ იუკადრისებთ!
_ მიირთვით, სტუმრებო!
_ ისიამოვნეთ!
ტარო რაც შეეძლო მოხერხებულად მოკალათდა და მადიანად მოულხინა ბრინჯის ნამცხვარს.

ოცი ჯამი თევზის შეჭამანდი და ოთხმოცდარვა დიდი ნამცხვარი

_ უჰ რა გემრიელია, რა გემრიელია! რომ შემეძლოს, კიდევ გეახლებოდი, რა მოგივიდა, აია, სამი ნამცხვარიც ძლივს შეჭამე!
ტარომ ოთხმოცდარვა ნამცხვარი გადასანსლა და ოთხმოცდამეცხრეს შეუდგა, მაგრამ პირთან მიტანისთანავე ცრემლი წასკდა და აქვითინდა.
მთელი სოფელი ფეხზე დადგა. როგორ არ შეწუხდებოდნენ, მათი საამაყო გმირი, რომელმაც შავი ეშმაკი მოსპო, ხელში ლუკმაგაშეშებული იდგა და ცრემლად იღვრებოდა...
_ რა მოგივიდა, ტარო? _ ჰკითხა აიამ და მხარზე ხელი დაუსვა.
_ მუცელი ხომ არ გტკივა? _ თანაგრძნობით ჰკითხა მოხუცმა, _ ან იქნებ გულზე შემოგაწვა?
და უცებ ატყდა ერთი ამბავი. ზოგმა დაიძახა: არიქა, წყალიო, ზოგმა _ ჩქარა მკურნალიო!
_ არაფერი არ მინდა! _ სლუკუნით თქვა ტარომ, _ იმიტომ ვტირი, რომ ბებიაჩემსაც არ აწყენდა, ერთხელ მაინც გაესინჯა ასეთი გემრიელი ბრინჯის ნამცხვარი. არა მარტო ბებიას, ჩემს თანასოფლელებსაც. იცით, ჩემი სოფელი ფრიალო მთებს შუაა მოქცეული. ველები ისე მაღლაა ფერდობებზე შეფენილი, რომ ხალხს უჭირს იქამდე ნაკელიანი კასრების ატანა. დიდი ვაივაგლახით აათრევენ და მოასხამენ ხოლმე ხრიოკ მინდორზე. ამ ყოფაში ხშირად ხრამშიაც იჩეხებიან. ამას წინათ ბებიაჩემიც გადმოვარდა მთიდან. და, რაც მთავარია, იმ უხეირო მინდორზე ცერცვის, ფეტვისა და კარტოფილის გარდა არაფერი მოდის. ზოგჯერ კი ესეც ვერ მოჰყავთ. მაშინ გლეხები ბამბუკის მარცვლებს ფქვავენ და იმისგან აცხობენ კვერს. იმდენად ღარიბია ჩვენი სოფელი, რომ ამბობენ, ჩვენთან დაფქვილი ქვაც შეიჭმება, თუკი ყელში გადაეტიაო. საბრალო ბებიაჩემი სულ თავჩარგული მუშაობს დილიდან დაღამებამდე. მე კი იმ საწყალს გულს ვუწყალებდი _ ეს არ მეყოფა, ბებია, მეტი გამომიცხვე-მეთქი.
უსმინა აიამ, უსმინა და თვითონაც დაღონდა, ჩაფიქრდა. მასაც გაახსენდა მოხუცი ბაბუა, მერე ტყის ბინადარნიც მოიგონა...
_ აი, თურმე რაზე წუხხარ და ტირი, _ თქვა მოხუცმა, _ თუ სხვა არაფერი გაწუხებს, ამ გასაჭირში ჩვენ გიშველით. ადექით და ბაბუაც და ბებიაც ჩვენთან გადმოიყვანეთ. თუ გნებავთ, მთელი თქვენი სოფელიც აქ დაასახლეთ. ამოდენა ადგილი ყველას გვეყოფა. ჩვენს მინდვრებში უხვად მოდის ბრინჯი, წყალში თევზია, ტყეში კი სოკო. შავმა ეშმაკმა აგვიკლო, თორემ ამაზე კარგი ადგილი ქვეყნად არ მოიძებნება.
_ კარგი აზრია, გადმოდით ჩვენთან საცხოვრებლად! _ ერთხმად დაიძახეს აქეთ-იქიდან.
_ ყველანი დავეტევით.
ტარომ ცრემლი ხელისგულებით მოიწმინდა და თქვა:
_ გმადლობთ გულუხვი მასპინძლობისათვის, მაგრამ ჯერ სხვაგან მეჩქარება, კიდევ მაქვს მოსაგვარებელი საქმე. მომგვარეთ ის თეთრი ცხენი, შავი ეშმაკის გამოქვაბულში რომ ვნახე.
ამასობაში გათენდა კიდეც.
ტარო და აია სახლიდან რომ გავიდნენ, ჯერ კიდევ ბნელოდა. სოფლის ბოლოში ტარომ აია ცხენზე შესვა და უთხრა:
_ ახლა დროა დედაჩემის საძებნელად წავიდე. შენ კი, აია, დაჯექი ცხენზე და შინ წადი!
_ რას ამბობ, ტარო, მეც შენთან წამოვალ. ერთად მოვძებნოთ დედაშენი. ხომ ხედავ, ამ ცხენს შეუძლია დღეში ასი რის გარბენა!
_ რაო? უკვე დაგავიწყდა, შავი ეშმაკის შიშით როგორ კანკალებდი? სადაც მე მივდივარ, იქ ქალებისა და ბავშვების წაყვანა არ შეიძლება. ცხენიც ვერ გვზიდავს ორივეს, პატარაა. აბა, მშვიდობით, ჩემო რაშო, იცოდე, აია სახლამდე მიიყვანე!
თეთრი ცხენი გაბრაზდა, პატარააო, რომ თქვეს, და თავი გვერდზე მიაბრუნა. მაგრამ ტარომ ალერსიანად შეუსვა ხელი ფაფარში და იგი კვლავ მოლბა, ფეხები დააბაკუნა და წვრილი ხმით დაიხვიხვინა: «ი-ი-ი».
_ აია, მომიკითხე ბებია, ბაბუა და თანასოფლელები...
თეთრმა ცხენმა ფლოქვი დაჰკრა და გაქუსლა.
_ ტარო-ო! _ მხოლოდ ეს მოასწრო აიამ, მოიხედა და ტარო უკვე აღარსად ჩანდა.
ტარომ დილის სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ზეცას ახედა.
«ბებიამ მითხრა, დედაშენი შორეული ჩრდილოეთის ტბაში ცხოვრობსო. თურმე ანდერძი დაუბარებია _ ჩემი შვილი როცა გაიზრდება და ღონიერი და ჭკვიანი გახდება, დამიხსნისო. ასეც ვიზამ. ვიპოვი დედას, თუნდაც ყველა ტბის შემოვლა დამჭირდეს, რაც ამქვეყნად არსებობს. ტენგუს ნაბოძები ძალა რამდენიც გინდა, მაქვს, მაგრამ საამისო ჭკუა მეყოფა კი?»



ნაწილი II

ქალბატონი ყიყლიყო

აიასთან გამოთხოვების შემდეგ ტარომ კარგა შორი მანძილი გაიარა. გეზი ჩრდილოეთისკენ აეღო, თვალუწვდენელი ბრინჯის ყანების გასწვრივ. მას სულ უფრო და უფრო აცვიფრებდა ზღაპრულად გადაშლილი, მწვანედ აბიბინებული სივრცე, რადგან მშობლიური მთების მწირსა და ქვიან ნიადაგზე ჰქონდა შეჩვეული თვალი.
«აი, ველებიც ამას ჰქვია!» _ ფიქრობდა ტარო და მტკიცედ მიაბიჯებდა ბრინჯის ყანებს შუა გაჭრილ ბილიკზე. ცოტაც რომ გაიარა, სანდომიანი გარეგნობის ახალგაზრდა შემოხვდა.
_ კეთილო კაცო, ერთი რამ მინდა გკითხო, _ მიმართა ტარომ, _ აქ, სადმე ახლოს ხომ არ არის ის ტბა, რომელშიც ურჩხული ცხოვრობს?
_ ურჩხული? _ გაიკვირვა ახალგაზრდამ და თავი გააქნია, _ უჩვეულო ტბას დაეძებ. გამიგია, ქალბატონ ყიყლიყოს სამფლობელოში ერთი ჭაობი უნდა იყოს, სადაც დიდი გველი ცხოვრობსო, მაგრამ ამ არემარეში რომ ურჩხული ცხოვრობდეს, ეს კი პირველად მესმის. ეჰ, არ ვუგდებთ ყურს მოხუცების ნაამბობს, თორემ რამდენი საინტერესო რამ გვეცოდინებოდა...
_ ქალბატონ ყიყლიყოს სამფლობელო მიმასწავლე საით არის.
_ სულ პირდაპირ უნდა იარო, არსად გადაუხვიო. ალბათ, ერთ დღეში კიდეც მიხვალ. ისე, გაფრთხილდი, დიდმა გველმა არ გადაგსანსლოს, თორემ მეორედ ვერ მოხვალ ამქვეყნად...
ტარომ მგზავრს მადლობა გადაუხადა და წახალისებულმა განაგრძო გზა. ხომ შეიძლება ის დიდი გველი სწორედ მისი მოჯადოებული დედა იყოს. კიდევ ბევრი იარა ტარომ. მზეს უკვე წითლად შეეღება ცა და ის იყო, მიმალვას აპირებდა. «ალბათ, დღეს ვერც მივაღწევ ქალბატონ ყიყლიყოს სამფლობელომდე», _ გაიფიქრა ტარომ და იქაურობას თვალი მოავლო. დიდებულ ველებს სარეველა მოსდებოდა, არც მიწა მოეხნათ, ბრინჯის ჩითილებიც გადაურგავი იყო. 
«ნეტავ რაშია საქმე? რომელ გიჟს მოუშენებია ბრინჯის ყანებში სარეველა? ამის შემყურე ლამისაა ავტირდე!» _ ფიქრობდა ტარო.
_ ჰეი, შეჩერდი! _ შეჰკივლა უცებ ვიღაცამ. 
გაიხედა ტარომ და ხედავს, ხელების ქნევით და ყვირილით დედაბერი მოსდევს.
_ შეჩერდი, ვინც ხარ! გესმის, შეჩერდი! სულერთია, მგზავრი ხარ თუ მაწანწალა-მათხოვარი, ვერსად გაგიშვებ. ჩემთან უნდა დარჩე სამუშაოდ.
ესა თქვა და იქვე ფეხმოკეცილი ჩაჯდა.
_ მათხოვარი არა ვარ, ტარო ვარ!
_ ვინც გინდა იყავი, ოღონდ ჩემს სამფლობელოში იმუშავე.
_ შენ ვინა ხარ? ან რა გაყვირებს?
_ მაშ როგორ არ გიყვირო? ქალბატონი ყიყლიყო გახლავარ, ამ არემარეში ყველაზე მდიდარი. სულ ახლახან სამას სამოცდახუთი მუშახელი მყავდა. დილიდან დაღამებამდე ვამუშავებდი. მერე თანდათან გამიძვრნენ ხელიდან. ხან ერთი გამეპარებოდა, ხან _ მეორე. არც ერთი აღარ შემრჩა. ყანებში ბალახი გადაიბარდა, ბრინჯიც ვერ გავმარგლეთ... _ დედაბერი ცხარე ცრემლით ატირდა, _ მთელი დოვლათი მეკარგება!.. ა-ა-ა-ა! ყოველდღე ცრემლსა ვღვრი. ა-ა-ა-ა! ამ მინდვრებზე მოყვანილი ბრინჯით ოთხმოცდარვა ბეღელი სხვენამდე აივსებოდა! აქედან კი რას მოვიწევ? მხოლოდ ბალახს! ა-ა-ა-ა! რაც გინდა მთხოვე, ოღონდ დარჩი და იმუშავე!
_ აჰა, მაშ შენ ბრძანდები ქალბატონი ყიყლიყო? გავიგე, შენს სამფლობელოში ჭაობი ყოფილა და იმ ჭაობში ვეშაპი თუ რაღაც დიდი გველი ცხოვრობსო. მართალია? 
_ რა გველი, რის გველი! _ გაბრაზდა დედაბერი, _ გველი კი არა, ურჩხულია. შენ ვინ გგონივარ? გესმის, მე მდიდარი მემამულე ვარ. დიახაც, ჩემს ჭაობში ცხოვრობს ურჩხული, მხოლოდ წელიწადში ერთხელ გამოჩნდება ხოლმე. რა დროს მაგაზე ლაპარაკია. ის მითხარი, იმუშავებ თუ არა ჩემთან, ჰა?
_ კარგი, ვიმუშავებ! მხოლოდ ერთი პირობით; ცხოვრებით იმ ჭაობის პირას უნდა ვიცხოვრო. ისეთი ზნე მჭირს, როგორც კი წყალს მოვშორდები, ვეღარ ვიძინებ.
_ მე ეგ სულაც არ მადარდებს. ჩემი მუშებიც სწორედ ჭაობთან ცხოვრობდნენ ხოლმე...
ქალბატონ ყიყლიყოს სამფლობელომდე რომ მიაღწიეს, ამასობაში დაღამდა კიდეც. მიადგნენ ერთ უზარმაზარ სახლს. გეგონებოდათ, იქიდან სადაცაა მაქციები გამოცვივდებიანო, თუმცა შიგ დედაბრისა და კატის გარდა არავინ იყო. არც ადამიანის ხმა, არც რამ ნაპერწკალი _ ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. სახლის უკან მთვარით გასხივოსნებული ჭაობი გარინდებულიყო. ყაპმოდებული ტბის ზედაპირიდან ნისლი მაღლა-მაღლა მიიწევდა. აქ ყოველივე შემზარავზე შემზარავი იყო. «ნამდვილი ურჩხულის სამყოფელია», _ გაიფიქრა ტარომ, ჭაობს რომ გადახედა.
_ ტარო! ტარო! _ მოისმა დედაბერის წიკვინა ხმა, _ მოდი აქ, აი, შენი ლოგინი.
ტარო შევიდა ერთ პატარა ოთახში და გაოცდა. სანათის მკრთალ შუქზე, რომელიც დედაბერს ეკავა, ძლივს გაარჩია მიწის იატაკი და რამდენიმე ძელი, მიკარებისთანავე რომ ბორძიკობდა. 
_ ეს ძელი თავქვეშ ამოიდე და დაიძინე. ხვალ კი, დილაუთენია, მამლის პირველივე ყივილზე წამოხტი და მუშაობას შეუდექი. ახლა ხომ გაიგე, რატომაც მეძახიან ქალბატონ ყიყლიყოს? ჩემი მუშები პირველი მამლის დაძახებაზე უმალ დგებოდნენ და მუშაობას შეუდგებოდნენ ხოლმე. ამიტომაც შემარქვეს ეს სახელი, _ თქვა დედაბერმა. ცეცხლს შეუბერა და გაუჩინარდა.
«მართლაც რა საოცარი მამული ჰქონია! ან კი როგორ ეძინა ამ პაწაწკინტელა სოროში სამას სამოცდახუთ მუშახელს, ისიც ძელების სასთუმალზე. რა გაეწყობა, რამენაირად მოვითმენ. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გავიგო, ამ ჭაობში ცხოვრობს თუ არა დედაჩემი».
ტარო დაელოდა, როდის მიწყნარდებოდა დედაბერი. მერე ჩუმად გამოვიდა სახლიდან, ბნელი ღამე იყო. თბილი ქარი ქროდა და ხეებს აშრიალებდა. დადგა ტარო ჭაობის ნაპირას და წყნარად დაიძახა:
_ დედა! ეს მე ვარ, ტარო. შენთან მოვედი. თუ აქ ხარ, გამომხედე!..
მაგრამ ჭაობი ოდნავადაც არ შერხეულა. ტარომ მეორედაც დაიძახა, მესამედაც... ჭაობში კი კვლავ სამარისებური სიჩუმე იყო, მხოლოდ ზედაპირზე დასრიალებდა წვრილ-წვრილი ჭავლი.
_ აკი მითხრა დედაბერმა, ურჩხული წელიწადში ერთხელ გამოჩნდებაო. ალბათ, მართლა ასეა, მაგრამ ვინ იცის, როდის იქნება წელიწადის ის ერთი დღე?!
დაღვრემილი დაბრუნდა ტარო ოთახში, ძელზე მიდო თავი და თვალი დახუჭა.

ხელში შერჩა მხოლოდ
სამი თავთავი

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ტარომ თავი მიდო ძელზე და მიიძინა. ალბათ, ათჯერაც ვერ მოასწრო ამოხვრინვა, რომ ქუჩაში გაისმა:
_ ყიყ-ლი-ყო!
რა თქმა უნდა, ტარომ ყურიც არ ათხოვა. არხეინად განაგრძობდა ხვრინვას. მაშინ ვიღაც ფეხაკრეფით შევიდა ქოხში, შეჩერდა, კისერი წაიგრძელა და ტაროს სუნთქვას მიაყურა. მერე აიღო კედელზე ჩამოკიდებული ჭილის ლაბადა, მამლის ფრთებივით დააფართხუნა და დაიძახა:
_ ყიყ-ლი-ყო!
ისე ხმამაღლა დაიყივლა, ნამდვილი მამალი გეგონებოდათ. მერე ისევ წაიგრძელა კისერი და ტაროსკენ დაიხარა. ის კი ისევ ხვრინავდა, უწინდელზე უფრო მაგრად. თან ისე ხმამაღლა და გაბმულად, გეგონებოდათ, ქვის ათ საცეხველში ხორბალს ერთდროულად ცეხვავენო. მაშინ ახალმოსულმა ფეხი დააბაკუნა, ხელი ჩაიქნია და აღრიალდა:
_ ოჰ, შე ზარმაცო ძილისგუდავ!
თურმე ის სწორედ ამ სამფლობელოს გამგებელი, ქალბატონი ყიყლიყო ბრძანდებოდა. მან ხელი დასტაცა იატაკზე მიგდებულ ხის ჩაქუჩს და მაღლა შემართა. ტაროს სძინავს, ვითომც არაფერიაო. აბა, გაფრთხილდი, ტარო! ჩაქუჩს შენ ხომ არ გიღერებს დედაბერი? დედაბერმა ჩაქუჩი მთელი ძალით შემოჰკრა ძელს, რომელიც ტაროს სასთუმლად ედო. 
_ ეი, ადექი! უკვე გათენდა რა ხანია! _ დაიღრიალა მან, _ მთელი ჩემი ცხოვრება, უკვე გავჭაღარავდი კიდეც, მსახურებს მამლის ყივილით ვუფრთხობდი ძილს, ასეთ ზარმაცს ჯერ არ მოვსწრებივარ.
_ თაგვები ფხაჭუნობენ თუ რა ამბავია ნეტავ? _ იკითხა ტარომ ნამძინარევი ხმით.
_ რისი თაგვები, ეს მე ვარ! ახლავე ადექი-მეთქი, გესმის, გათენდა! ახლავე შეუდექი მუშაობას!
ტარომ თვალები მოიფშვნიტა. ხედავს. ისევ ღამეა, ბნელა.
_ მკვირცხლად წამოხტი და გასწი მინდორში! მერე ისაუზმებ! _ არ ცხრებოდა დედაბერი.
_ თუ ასეა საქმე, მაშინ არც წუხელ მივახშმია, ბებია.
_ რომელ ვახშამზე ლაპარაკობ? ჯერ ხელი არ გაგინძრევია და უკვე საჭმელს მთხოვ? აბა, ჰე, გასწი მინდორში!
ზანტად წამოდგა ტარო, ყბა კინაღამ გაეხა, ისე დაამთქნარა.
_ ესეც ასე! მეგონა, ამ სახლში მაქციები ცხოვრობდნენ, თურმე ვინ ყოფილა გამგებელი.
გავიდა ტარო მინდორში და სამას სამოცდახუთი მუშახელის საქმე ერთ დღეში მოათავა. ბრინჯის მთელი ნერგები გადარგო, გამარგლა.
_ კარგი მუშაკაცი ვიშოვე! _ უხაროდა დედაბერს, _ მართალია, დილით გაღვიძება უჭირს, სამაგიეროდ, სამას სამოცდახუთი კაცის საქმეს უძღვება. მაგარი ბიჭია!
დედაბერმა ფული შეაჩხრიალა და მადლობა შესწირა უფალს ამ სიკეთისთვის.
მას შემდეგ ყოველ დილით ძელზე ჩაქუჩის დაკვრით აღვიძებდა დედაბერი ტაროს და მინდვრად გზავნიდა სამუშაოდ. დრო გადიოდა. უკვე მარგვლაც მორჩა და შემოდგომა მოახლოვდა. ყოველ ღამით მიდიოდა იგი სანაპიროზე და დედას უხმობდა, მაგრამ გარინდებული ჭაობი პასუხს არ იძლეოდა.
და აი, ერთხელ, სანამ მკას შეუდგებოდა, წავიდა ტარო ჭაობის პირას და, როგორც ყოველთვის, ხმადაბლა დაიძახა:
_ დედა! ეს მე ვარ, ტარო. შენთან მოვედი, ამოიხედე ჭაობიდან...
არავითარი პასუხი. დაღონდა ტარო. მუხლებზე მოივლო ხელები, თავჩაქინდრული დაჯდა. უცებ უბიდან ბრინჯის ქატოს კვერი, ვახშმად რომ ერგო, გადმოუვარდა და ჭაობში ჩაგორდა. ტარომ თავი ასწია, უნებლიეთ თვალი გააყოლა, როგორ მიგორავდა კვერი წყალში. მოულოდნელად ჭაობი აბუყბუყდა და წყლიდან გველმა ამოყო თავი. იგი არც ძალიან დიდი იყო და არც ძალიან პატარა. ეს იყო თეთრი გველი.
_ შენ გადმომიგდე ბრინჯის ქატოს კვერი? _ დაისისინა მან, _ ასი წელია ამ ჭაობში ვცხოვრობ და აქაურებისაგან ერთხელაც არაფერი მიმიღია. ვიფიქრე, ერთი ვნახო, რა სასწაული მოხდა, საიდან მერგო ეს ძღვენი-მეთქი. ალბათ რამე საქმე გაქვს ჩემთან?
ყველაფერი უამბო ტარომ, არ დაუმალავს. უთხრა: გაგონილი მქონდა, ამ ჭაობში ურჩხული ცხოვრობსო და მოუთმენლად ველოდი, როდის ინებებდა გამოჩენას.
_ ამ ჭაობის გამგებელი მე კი ვარ, _ დაისისინა გველმა, _ მაგრამ რაღაც არ მახსოვს, შენნაირი ვაჟი რომ მყოლოდეს. ურჩხულს აქ არასოდეს უცხოვრია. აქაურ ქალბატონს ყელზე დაადგებოდა, მის სამფლობელოში რომ ურჩხული დაბუდებულიყო! ვერ წარმოიდგენ, რა საზიზღარი დედაბერია, ძალიან ცუდად მეპყრობა, ამიტომაც მალე მთელ მის მინდვრებს ბალახი ამოჭამს...
დააღონა ტარო თეთრი გველის სისინმა. თვალთაგან ცრემლი ჩამოუგორდა.
_ ნუ წუხხარ!@ _ ასისინდა გველი, _ შენ ხომ კვერით გამიმასპინძლდი, მე კი სიბრძნეს გიწილადებ. გამიგონია, რომ ცხრა მთას იქით მართლა არის დიდი ტბა, სადაც ურჩხული ცხოვრობს. მაგრამ ვიდრე იქ წახვიდოდე, მთიელ დედაბერთან შეიარე, რომელიც მეცხრე მთის ძირას ცხოვრობს. უთხარი, თეთრმა გველმა მოგიკითხა-თქო. იგი აუცილებლად დიდი სიბრძნით დაგაჯილდოებს. 
თქვა თუ არა ეს თეთრმა გველმა, ჭაობში გაუჩინარდა.

* * * 
მეორე დღეს ტარომ აიღო ნამგალი და შეუდგა მკას. იქ, სადაც გასულ წელს მხოლოდ სარეველა ბალახი მობარდულიყო, ახლა ბრინჯის მწიფე თავთავი ბიბინებდა. ისეთი საამო სამზერი იყო, რომ უნებლიეთ აგამღერებდა. ტარომ ერთ დღეში მოასუფთავა მინდორი, რომელსაც ჩვეულებრივ ათასი კაცი მკიდა. ბოლოს დედაბერს უთხრა:
_ ხომ მოვრჩი მუშაობას, ახლა გამიშვი!
_ რა, მიდიხარ? გულშიაც არ გაივლო. ერთი წელი კიდევ მემსახურე! _ სთხოვა დედაბერმა და თან გაიფიქრა: იქნებ სულაც აჯობებს, რომ გავისტუმრო? მოსავალი უკვე აღებულია, ზამთარში ბევრი არაფერია საქმე და მუქთად რატომ უნდა ვაჭამო. გავუშვებ, იქნებ ამაზე უკეთესიც გამომიგზავნოს ღმერთმაო, და სხაპასხუპით მიაყარა: _ კარგი, კარგი, წადი! რაც შეეხება გასამრჯელოს, მოდი, ასე ვქნათ: იმდენ ბრინჯს მოგცემ, რამდენსაც ერთი ხელის მოსმით აიღებ.
ამის გაგონებაზე ტარომ ეშმაკურად ჩაიცინა.
_ იცოდე, არ გადათქვა, ბებია!
_ არა. ის ძნა წაიღე, რომელსაც დაძრავ, _ უთხრა დედაბერმა და გულში უხაროდა, ეგ არის, გავაცურეო. გაზაფხულიდან შემოდგომამდე წელში გაწყდა, იმუშავა და გასამრჯელოდ ერთ ძნას მივაქვავებო, მაგრამ მოტყუვდა დედაბერი, არ იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე.
_ რა გაეწყობა, ბებია, კარგად მეყოლე! _ უთხრა ტარომ.
გავიდა ტარო მინდორში, ერთად შეკონა მთელი დღის მომკილი ბრინჯი, რომელიც ათასი კაცის წილი მაინც იქნებოდა, ზურგზე წამოიკიდა და მთისკენ გაუდგა გზას.
დედაბერი გაშტერდა:
_ ეი, ტარო! საით? რას შვრები? ჩემი ბრინჯი სულ მიგაქვს? მოიცა!..
ქალბატონი ყიყლიყო ფეხშიშველა გამოუდგა ტაროს. ბრინჯის ძნა კი არხეინად მიიწევდა წინ, თანაც ირწეოდა: დოკუნკოდონ, დოკუნკოდონ...
მესამე დღეს ძლივს დაეწია დედაბერი ტაროს, ცოცხალ-მკვდარი ჩაებღაუჭა ძნას და მოთქმა დაიწყო:
_ ვაიმე, წელი! ვაიმე, მუხლები! გევედრები, გაჩერდი!..
დედაბერმა ხელი ჩაავლო ბრინჯის მთას, უნდოდა უკან შემოებრუნებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა, ვერ მოერია, ხელში კი მხოლოდ სამი თავთავი შერჩა. გულშეღონებული ძირს დაეცა ჩაბღუჯული სამი თავთავით.

ცხრა მთას იქით

მიდიოდა ტარო და ზურგზე წამოკიდებული უზარმაზარი ბრინჯის ძნა მიჰქონდა.
_ «დედაბერი სულ ბალახის ალაბულას მაჭმევდა, _ ფიქრობდა იგი, _ მაგრამ მასთან მუშაობით არაფერი დამიკარგავს, მაინც საინტერესო იყო. ის ხომ ვისწავლე, თუ როგორ მოჰყავთ ბრინჯი, ისიც გავიგე, ქვეყნად ძუნწი ხალხიც რომ ყოფილა».
გაიარა ტარომ დიდი ველი და ისევ აზიდულ მთებს მიადგა.
«მთიელი დედაბერი მეცხრე მთის ძირას ცხოვრობს, მე კი ჯერ პირველ მთას ძლივს გავცდი. მაინც რამდენი მთაა ამქვეყნად?! ჩემი სოფელიც ხომ მთებშია მომწყვდეული, აქაც ირგვლივ მთებია. ალბათ ყველგან ცხოვრობს ხალხი!» _ გაიფიქრა ტარომ.
და მართლაც: მთების ჩრდილში, მზიურ ველზე მოჩანდა პატარ-პატარა სახლები, თალგამის, ფეტვისა და ბარდის მინდვრები. და როცა ტარომ ჩაიარა ზურგზე წამოკიდებული უზარმაზარი ბრინჯის ძნით, ხალხმა შესძახა:
_ ეჰეი, ყმაწვილო, სად მიდიხარ? საითკენ გაგიწევია? 
_ შორეული ტბისკენ მივდივარ, ცხრა მთას იქით.
ხალხი გააოცა მისმა პასუხმა.
_ როგორ, შორეული ტბისკენ მიდიხარ? არ გაბრიყვდე, არ წახვიდე, თუ თავი არ მოგბეზრებია. ამბობენ, იქ ურჩხული ცხოვრობსო.
_ ძალიანაც კარგი! _ მხიარულად მიუგო ტარომ, _ სწორედ იმ ურჩხულს ვეძებ.
_ რას ამბობს, რას ამბობს! _ ოხრავდნენ, _ ჯერ ახალგაზრდაა, გამოუცდელი, შიში არ იცის. იმ მხარეში კი იმდენი საფრთხობელა ცხოვრობს _ ი-ი-ი-ი, აურაცხელი...
ტარომ გაიცინა, გლეხებს ფეხებთან დაუგდო მძიმე ტვირთი:
_ აჰა, წაიღეთ, ეს ბრინჯის ძნა ყველასათვის მიჩუქებია.
_ რა, ამ თავთავისაგან ბრინჯი ამოვა განა?
როგორც ძვირფას საუნჯეს, ისე ათვალიერებდნენ გლეხები ბრინჯის თავთავს, ხელისგულზე იდებენ, ხელში წონიდნენ, ხელს უსვამდნენ.
_ არასოდეს არ გვიჭამია ბრინჯი... გემრიელია, ყმაწვილო?
_ მერედა როგორი! _ ხალისიანად მიუგო ტარომ, _ მაგრამ ჯერ უნდა გალეწოთ ეს თავთავი, მერე გაანიავოთ, მერე ბრინჯის სუფთა მარცვალი უნდა მოხარშოთ დიდ ქვაბში ისე, რომ სულ დარბილდეს. ისეთი გემრიელია, ისეთი, თითებს ჩაიკვნეტ.
გლეხებმა თავი გადააქნიეს, აჩოჩქოლდნენ.
_ მთელ ძნას გიტოვებთ, _ თქვა ტარომ, _ ღმერთმა შეგარგოთ!
_ როგორ, ამას გვიტოვებ? _ გაიოცა ხალხმა.
ერთი ბერიკაცი წინ გამოვიდა და უთხრა:
_ ეს შესანიშნავი ბრინჯი ჩვენ შეიძლება ერთ ჯერზე შევჭამოთ, რა გამოვა აქედან? ხომ ასეა?
_ სწორია, სწორი! _ ყველა ეთანხმებოდა თავის ქნევით.
_ იმ მთების გადაღმა და აი, ამ მთების გადაღმაც ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც, ჩვენი არ იყოს, არასოდეს უჭამიათ ბრინჯი, ხომ ასეა?
_ ასეა, ასე! 
_ ჰოდა, არ აჯობებს, ეს ბრინჯი სათესლედ რომ დავიტოვოთ და გაზაფხულზე მინდვრად დავთესოთ?
_ დიდებული აზრია! _ დაიძახეს ერთხმად.
მაშინ ბერიკაცმა თქვა:
_ იცი, რა, ყმაწვილო, ჩვენ იმდენი ბრინჯი დაგვიტოვე, რაც დასათესად გვეყოფა, დანარჩენი სხვა ხალხს გაუნაწილე.
და ტაროს გული ეტკინა, ათასი რამ იფიქრა: «როგორ უნდა დაამუშაოს საბრალო ხალხმა ეს ციცაბო მთები ბრინჯისთვის?» აღელვებულმა ფეხი დააბაკუნა და დაიძახა:
_ ო, როგორ მინდა ყველაზე ძლიერი ვიყო! მაშინ ამ მთებს ზღვისკენ მივწევდი და მორევში გადავუძახებდი. აქ მინდორი იქნებოდა და თქვენც კიდით კიდემდე სულ ბრინჯს დათესავდით.
ხალხმა მხოლოდ ამოიოხრა:
_ ნეტამც შორეული ტბა ამოგვაშრობინა, სადაც ურჩხული ცხოვრობს... რამხელა მიწა გათავისუფლდებოდა... ეჰ, წყლის ნაყვაა ამაზე ოცნება.
აი, თურმე რას ფიქრობდნენ ისინი _ შორეულ ტბაზე ოცნებობდნენ.
უცებ ტაროს გული მოეცა.
«როგორც კი დედას ვიპოვი, _ გაიფიქრა მან, _ პირველად ამ გლეხების ნატვრას ვუამბობ. ყველაფერს მოვუყვები, რაც კი ამქვეყნად ვნახე. ჩემს განზრახვასაც ვეტყვი _ ხალხისთვის რომ მინდა თავი გავწირო, თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს ეს».
ნეკერჩხალი მთებს ხანძარივით მოსდებოდა... ტარო კი მიდიოდა თავისი ძნით და გზადაგზა თავთავებს არიგებდა. მას ყველგან ერთი და იგივე ჩივილი ესმოდა გლეხებისაგან: რომ არ ჰყოფნით მიწები ბრინჯის დასათესად.
«მალე მაინც ვნახო დედა, _ ფიქრობდა ტარო, _ ყველაფერს მოვუყვე».
აი, მეცხრე მთაც გადაიარა ტარომ და მთის ძირას ბამბუკის ფოთლებით გადახურული პატარა ქოხი დაინახა. ქოხში იჯდა ღრმა მოხუცი და სართავ ჯარას ატრიალებდა. სწორედ ეს გახლდათ მთიელი დედაბერი, თეთრმა გველმა რომ მიასწავლა ტაროს.

არც დავნებდები, არც დავიღუპები!

მთიელი დედაბერი ისე ატრიალებდა სართავ ჯარას, ვერ მიხვდებოდით, ხედავდა ტაროს თუ არა, ანდა ართავდა ძაფს თუ არა. მაშინ ტარომ მხრიდან გადმოიღო დარჩენილი თავთავი და ხმამაღლა დაიძახა:
_ ბებია, ეჰეი, ბებია! თეთრმა გველმა მოგიკითხა, ქალბატონ ყიყლიყოს ჭაობში რომ ცხოვრობს.
სართავს თავი გაანება მთიელმა დედაკაცმა და ტაროს შეხედა:
_ ეგ რა თქვი? თეთრმა გველმა მოკითხვა შემომითვალა?.. კარგი, კარგი... დაჯექი, ვილაპარაკოთ, შენ ვინა ხარ ან რისთვის გარჯილხარ?
_ ტარო ვარ, შენთან მოვედი, გზა რომ მიმასწავლო შორეული ტბისკენ. ამბობენ, იმ ტბაში ურჩხული ცხოვრობსო. მართალია, ბებია?
_ ცხოვრებით კი ცხოვრობს, მაგრამ შენ რად მოხვდები მას, არ ვიცი, _ თქვა დედაბერმა და მოღუშული სახით გააგრძელა საქმიანობა, _ ტყუილად რომ მოგიხდეს იქ წასვლა, ხომ არ დამემდურები?
_ როგორ გეკადრება?
_ ჰოდა, მაშინ გზას კი მიგასწავლი. 
მთიელი დედაბერი გარეთ გამოვიდა და უთხრა:
_ ქოხიდან რომ გახვალ, პირდაპირ, წიწვიანი ტყის გაყოლებით ჩრდილოეთისკენ გასწი. მერე ლელიანი ჭაობი დაიწყება. იმას რომ გასცდები, დაინახავ ორ მაღალ კრიპტომერიას. მათ ქვეშ ორი ტურა დაგხვდება. ისინი ხმამაღლა ყმუიან, მათი ყმუილის გადაძახილი მთებში გაისმის. კრიპტომერიების იქით ვაციწვერათი მოფენილი ველია. იქ ცხოვრობს უზარმაზარი, საშინელი ობობა. იცოდე, არ ჩაუვარდე იმ ობობას თათებში. იგი მოხერხებულად იტყუებს ადამიანებს. ვაციწვერას ველს რომ გაივლი, მთას აუყევი და შორეულ ტბასაც მიადგები. ძნელია ურჩხულის გამოხმობა, იგი ტბის ფსკერზეა მიყუჟული და არასოდეს არ ამოდის წყლიდან. იქნებ შენი ხმა ვერც კი გაიგონოს და მთელი სიცოცხლე იმ ნაპირზე ჯდომა მოგიწევს, ურჩხული კი მაინც არ ამოვა.
მთიელი დედაბერი გაჩუმდა.
_ გმადლობ, ბებია! ახლა წავალ, შენ კი ცოტაოდენ ბრინჯის თავთავს დაგიტოვებ, გაცეხვე და ჭამე.
გაუხარდა მთიელ დედაბერს, პირი კინაღამ ყურებამდე გაეხა, ისე გაიცინა.
_ მოიცა, შენ ეგ ბრინჯი გამაცეხვინე, მე კი მოვხარშავ და გაგიმასპინძლდები...
ტარომ ბრინჯის თავთავი გაცეხვა, მარცვალი გაასუფთავა და მოსახარშად შემოდგა. მალე ქვაბიდან სურნელოვანი ორთქლი ამოიჭრა.
უცებ ჰაერში თეთრი ფიფქები ათამაშდა და ძირს, მიწაზე დაეშვა.
_ რა უბედურებაა! ეს რა ამინდია! შენ დღეს ვერ წახვალ ტბაზე. თოვლი ტურებსა და დიდ ობობაზე უფრო სახიფათოა.
მაგრამ რა გააჩერებს მთიელი დედაბრის ქოხში, როცა საოცნებო შორეული ტბა სულ ახლოსაა, თითქმის ხელით მისწვდება.
_ არაფერია, ბებია! წავალ. აი, ბრინჯიც უკვე მოიხარშა. 
ტარომ ქამარზე ტოპრაკი გამოიბა, რომელშიც ბრინჯის ნამცხვრები ეწყო და გაუდგა გზას.

* * *
გაიარა წიწვნარი, გასცდა ლელიან ჭაობსაც და მიადგა ორ დიდ კრიპტომერიას. ხედავს, კრიპტომერიების ძირას მართლა დგას ორი ტურა და საზარელი ხმით ყმუის. მათი ყმუილი მთებში ექოდ გაისმის. ტაროს რომ თვალი მოჰკრეს, წითელხახადაღებულნი გამოქანდნენ მისკენ.
_ დაიცადეთ, ტურებო, დაიცადეთ! _ დაუძახა ტარომ, _ თქვენთვის ძალიან ბევრი წითელცერცვიანი ბრინჯის ფაფა მოვიტანე.
ტარომ არ დააყოვნა და ჯერ ბრინჯის ნამცხვრები გადაუგდო. ტურები ხარბად ეცნენ ნამცხვარს. ამ დროს ტარომ იხელთა, გვერდი აუქცია მათ და ვაციწვერათი მოფენილ ველზე გავიდა. ხედავს _ მოედინება მდინარე, ზედ არც ხიდია, არც ნავი მოჩანს სადმე. დაჯდა ტარო ნაპირზე და ჩაფიქრდა. რა ქნას, როგორ გავიდეს მეორე მხარეს?
წყლიდან პაწაწინა ობობა ამოძვრა, ცერცვის მარცვალზე პატარა. დაახვია ტაროს ფეხზე წვრილზე წვრილი აბლაბუდა და ისევ წყალში ჩაყვინთა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ამოძვრა, ახლა მეორე ფეხზეც დაახვია აბლაბუდა და კვლავ წყალში გაუჩინარდა. ასე გაიმეორა რამდენიმეჯერ. ტაროს რაღაც ეჭვი შეეპარა. შემოიხსნა აბლაბუდები ფეხებიდან და იქვე, ტირიფის კუნძზე გამოაბა.
უცებ წყლიდან უცნაური ძახილი გაისმა:
ენ იარა ია-ა ნო ია-ა,
გასწი-გამოსწი!
ენ იარა ია-ა ნო ია-ა,
გასწი-გამოსწი!
ამ დროს ტირიფის კუნძი შეინძრა, ამოიტანა მიწის გოროხი და წყალში გადაეშვა. ტარო გაოცდა. წყალში კი ვიღაცამ ტაში შემოჰკრა და დაიძახა: «ჭკვიანია! ჭკვიანი!» მდინარე მაშინვე გაქრა და დარჩა მხოლოდ ვაციწვერათი მოფენილი ველი, სადაც ზუზუნით დათარეშობდა ნიავწანწალა.
_ კინაღამ არ გავები?! ცხადია, ეს ობობას ოინი იყო.
ტარომ შვებით ამოისუნთქა და გზა განაგრძო. შეამჩნია, რომ თოვლის ფანტელები ახლა ფარფატით კი არა, მძიმედ ეშვებიან მიწაზე.
_ უჰ, რა ბევრი ხართ, ფიფქებო! _ წამოიძახა ტარომ და სიმღერა შემოსძახა, ბავშვობაში რომ ბებიამ ასწავლა:
ცაში ფარფატებენ თეთრი ქინქლები.
დაბლა ეშვებიან ბამბის ქულები.
მიწაზე წვება მძიმე თოვლი.
თოვამ უფრო და უფრო უმატა. დაუბერა ქარმა. სუნთქვა გაჭირდა. ტარო კი მიდიოდა მუშტებდაჭიმული და ყვიროდა:
_ შენ ეი, ქარბუქო! ვერაფერს დამაკლებ! მე მაინც წინ-წინ ვივლი!
ამასობაში დაღამდა. სიბნელეში თავბრუდამხვევად ბზრიალებდნენ და ფარფატებდნენ თოვლის ფიფქები. გზადაგზა ნისლით დაბურული თოვლის კედელი აღიმართებოდა, მერე კედელი ინგრეოდა, შემდეგკი ისევ თავიდან იწყებდნენ ცეკვა-თამაშს თეთრი ფიფქები...
პირი თოვლით გამოეტენა, თვალებს ვეღარ ახელდა, სუნთქვა უჭირდა, ტარო თოვლის გუნდას დაემგვანა.
_ ტყუილია, ვერ წამაქცევ! @არ დაგნებდები! მე დედა უნდა ვნახო. ბევრი საქმე მაქვს დედასთან, _ იმეორებდა ტარო და ჯიუტად მიაბიჯებდა.
თითქოს დასცინიანო, ყოველი მხრიდან მოისმოდა: «ხა-ხა-ხა! ხა-ხა-ხა! ხა-ხა-ხა!»
ჩვენგან თავის დაღწევა,
აბა, გაბედე!
თოვლის ქალწულთ დაუსხლტები?
აბა, გაბედე!
ჩვენგან თავის დაღწევა,
აბა, გაბედე!
და ისევ დაუსრულებელი: «ხა-ხა-ხა! ხა-ხა-ხა! ხა-ხა-ხა!» ტაროს თვალწინ ხან გამოჩნდებოდნენ და ხან ქრებოდნენ თეთრსახიანი თოვლის ქალწულები.
_ საძაგლებო! საძაგლებო! საძაგლებო! დამეკარგეთ აქედან!
ტარო იგერიებდა თოვლის ქალწულებს და გზას განაგრძობდა. იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ გაეგო, საით მიდიოდა, ან რამდენი ხანი მიდიოდა და ბოლოს თოვლში ჩაეფლო, ნამქერმა დაფარა.
უცებ ისევ გაისმა შემზარავი ხარხარი: «ხა-ხა-ხა! ხა-ხა-ხა! ხა-ხა-ხა!»... ზოგჯერ მიწყდებოდა ეს ხმა, ზოგჯერ კი ქარის ზუზუნს აედევნებოდა ხოლმე.
თოვლი ბარდნიდა და ბარდნიდა. მალე ტაროს ძლიერი ხელები, განიერი, მხურვალე მკერდი და ნორჩი სახე თოვლმა მთლად დაფარა.

მაშ, წავიდეთ ტბისკენ

ირიჟრაჟა. ქარიშხლის ნაკვალევიც აღარ იყო. ყოველივემ საშინელი სიზმარივით ჩაიარა. ცა ლურჯად მოწმენდილიყო. მზეც ანათებდა. ამ დროს ცისკიდურზე ზანზალაკების ხმა გაისმა და გამოჩნდა თეთრი რაში. იგი ისე მოულოდნელად მოიჭრა, გეგონებოდათ, პირდაპირ მზიდან დაეშვაო. რაში მოფრინავდა, მოაპობდა ზამთრის გაყინულ ჰაერს. ბოლოს გაჩერდა სწორედ იმ ადგილას, სადაც ტარო თოვლში იყო ჩამარხული. გაჩერდა და იქვე გაქვავდა.
რაშიდან ჩამოხტა თეთრი ყვავილის ფურცელივით ნაზი გოგონა. ეს აია იყო.
_ სად, ხარ, ტარო? სად წევხარ თოვლში ჩაფლული?
აია ისეთი გულისყურით აკვირდებოდა იქაურობას, ალბათ მის თვალს პაწაწინა ნემსიც არ გამოეპარებოდა. და უცებ თოვლში ამოჩრილ კიმონოს წვერს მოჰკრა თვალი.
მივარდა აია და პატარა თითებით გაქექა თოვლი.
ცოტა ხანში მხრები გამოჩნდა, მერე ტანი. დამძიმებული ხელები უძრავად ეწყო.
_ გონს მოდი, ტარო!
აიამ შეანჯღრია ტარო და თეთრ რაშს გახედა.
_ ჩემო რაშო! მომეხმარე, გეთაყვა! _ სთხოვა აიამ.
რაშმა მაშინვე ფლოქვებით გადაყარა თოვლი, კიმონოში ჩასჭიდა კბილები ტაროს და ნამქრიდან ამოათრია. მერე მოიქნია აბრეშუმივით ფაფუკი კუდი და თავისი ცეცხლოვანი სული შეუბერა. ტაროს ნელ-ნელა ლოყები გაუწითლდა, მერე თვალიც გაახილა.
გაოცებულმა ტარომ აიას შეხედა, შემდეგ ირგვლივ მიმოიხედა. მას მოეჩვენა, თითქოს ისევ ვაციწვერათი მოფენილ ტრამალებს მიჰყვებოდა. ტარომ თვალები დაახამხამა და თქვა:
_ ასე მგონია, სიზმარში ვარ!
_ არა, სიზმარი არაა, ტარო. ეს მე ვარ, აია! სიკვდილს გადაგარჩინე, საშველად მოვედი.
_ როგორ მომაგენი, ან როგორ მოაღწიე აქამდე?
ამ დროს, თითქოს თავი გაახსენაო, თეთრმა რაშმა დაიჭიხვინა და ფლოქვები დააბაკუნა.
_ ჰო, მართლა, ჩვენმა რაშმა წამომიყვანა. რაც სოფელში დავბრუნდი, სულ შენზე ვფიქრობდი. ჰოდა, ერთხელ, შენზე ფიქრში გართული სარკეში ვიცქირებოდი, იმ სარკეში, შავი ეშმაკის სამფლობელოდან რომ წამოვიღე. და რას ვხედავ, შენ არ გამოჩნდი?! თავიდან კი ბუნდოვნად ჩანდა, მაგრამ მერე თანდათან მკვეთრად გამოისახა ყველაფერი. მას შემდეგ, როგორც კი მოვისურვებდი, ჩავიხედავდი სარკეში და დაგინახავდი ხოლმე.
ვხედავ: დგახარ და მუშაობ მინდორში. ნეტავ რას უცდის, რატომ არ მიდის დედის საძებნელად-მეთქი, მიკვირდა. მერე ვიფიქრე: «შეიძლება სულაც იქ არის ის ტბა, რომელშიც ურჩხული ცხოვრობს». დაგინახე, ზურგზე წამოკიდებული ზვინით როგორ ახვედი მთაზე, როგორ დაურიგე გლეხებს ბრინჯის თავთავი. მთიელ დედაბერს რომ შეხვდი, ძალიან გამიხარდა. ვიფიქრე: ახლა დედას ნამდვილად მალე იპოვის-მეთქი.
ჰოდა, ისიც სარკეში დავინახე, თოვლში რომ დაეცი, ძალა რომ გამოგელია და ვეღარ წამოდექი... გავიქეცი სადგომში, თეთრ რაშს ვტაცე ხელი ფაფარში და ის იყო, შენკენ გამოვფრინდით.
«ჩემო რაშო, _ შევეხვეწე, _ ხომ სწრაფად დარბიხარ, დღეში ასი რი შეგიძლია გაირბინო. იქნებ უფრო რომ მოინდომო, ათასი რიც დაფარო! აჰ, ნეტავ ჩიტივით ფრენა შეგეძლოს! თუ დროზე არ მივუსწარით, ტარო დაიღუპება».
რაშმა წუთით არ დააყოვნა, შურდულივით აიჭრა ცაში, მართლაც გაფრინდა. ჰოდა, ახლა ხომ ხედავ, შენთან ვართ...
ამ დროს რაშმა ხმამაღლა დაიჭიხვინა, ფლოქვები ისევ დაჰკრა, გაახსენა: რა დროს ლაპარაკია, დროზე წავიდეთ, სანამ თოვლი ისევ არ მოსულაო. ორივე ზურგზე შემაჯექით, ორივეს გაგაქროლებთ. აგე, იმ მთის უკან რომ ტბაა, იქ უნდა მივიდეთო.
შესხდნენ აია და ტარო თეთრ რაშზე და გაქუსლეს. რაშმა ისკუპა და ხერხის გალესილ კბილებს რომ ჰგავდა, იმ ქედს გადაახტა. უცებ ნაირფრად ალივლივებული უზარმაზარი ტბა გამოჩნდა.
_ რა დიდი და ლამაზი ტბაა! _ წამოიძახა ტარომ, _ აქ მთელი ქვეყანა თავისუფლად მოთავსდება!
თეთრი რაში არჩევდა, სად ჯობდა დაშვება და ნელ-ნელა უვლიდა ტბას გარშემო. ტარო სულ ძირს იცქირებოდა.
_ ხედავ, აია? მთის გასწვრივ ლურჯი ცა მოჩანს. იქ ზღვაა! ამბობენ, ეს ქვეყნის დასალიერი არისო. აი, ჩვენც მოვედით აქ.
_ მართლა რა შორს წამოვედით! _ თქვა აიამ და ძირს გადაიხედა.
ტარო უცებ ისე შეხტა, რომ აია კინაღამ ძირს გადმოვარდა. კიდევ კარგი, მოასწრო და ფაფარში ჩაეჭიდა რაშს.
_ ტარო, ასე თუ იხტუნე, ორივენი ძირს გადმოცვივდებით.
_ რომ იცოდე, რა ბრწყინვალე აზრი მომივიდა თავში. შეხედე, ტბას ირგვლივ რომ მთები აკრავს, ერთი მათგანი ყველაზე დაბალია, თანაც ზღვისკენ იმზირება. ის რომ დავანგრიოთ, ტბის წყალი პირდაპირ ზღვაში წავა. ტბის ფსკერი კი შესანიშნავი მინდორი იქნება და ზედ დიდძალი ბრინჯი და ცერცვი მოვა. რა კარგი იქნება, აია! ჩვენ აქ მთებიდან ჩამოვიყვანთ ხალხს. ბებიასაც წამოვიყვანთ, შენს ბაბუასაც, ყველანი აქ ვიცხოვრებთ ერთად.
_ დედაშენი სადღა იცხოვრებს? _ იკითხა აიამ, _ მისი სახლი ხომ ტბაა?
_ არაფერია! დედა ისევ ადამიანი გახდება. მე დავეხმარები. თუ ვინიცობაა, ურჩხულად დარჩენას ისურვებს, მაშინ სხვაგან ამოვთხრით მისთვის დიდ ტბას.
თეთრმა რაშმა რამდენიმე წრე შემოხაზა და ნელ-ნელა დაეშვა ძირს.
ტაროს გული აუფანცქალდა: ნუთუ მართლა ამ ტბაში ცხოვრობს დედაჩემი?!

ბრმა ურჩხული

დიდი ფრინველივით მძიმედ და ნელა დაეშვა თეთრი რაში ტბის ნაპირას. ტარო სწრაფად გადმოხტა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიჭაჭა და დაიძახა:
_ დედა, მე ვარ, ტარო! ამომხედე ტბიდან!
მისი ხმა ნიავმა ტბის ზედაპირზე გაფანტა.
ტარომ ღრმად ჩაისუნთქა, ისევ მოიკრიბა ძალა და დაიძახა:
_ დედა, მე ვარ, ტარო! ამომხედე ტბიდან!
მისმა ხმამ ახლა მხოლოდ შუა ტბამდე მიაღწია და საპნის ბუშტივით გაქრა.
_ დედა! _ მესამედ დაიძახა ტარომ.
ჩამიჩუმი არ ისმოდა. მხოლოდ ტალღები ირხეოდა ოდნავ. ყვიროდა ტარო, ვიდრე ხმა არ ჩაეხრინწა, მაინც არავინ პასუხობდა.
_ ყველაფერი ამაოა! აქ არავითარი ურჩხული არ ცხოვრობს. თუ ცხოვრობს, ყოველ შემთხვევაში, დედაჩემი _ არა. ამდენი ძახილის შემდეგ ხმას მაინც მომაწვდიდა.
მწარედ ატირდა ტარო.
_ ნუ ტირი, ტარო! _ დაამშვიდა აიამ, _ ტბა, ჩანს, ღრმაა და არ ესმის დედაშენს შენი ხმა.
აიამ ამოიღო თავისი სალამური, ჩამოჯდა ტბის პირას და წყნარად დაუკრა. ქარმა აიტაცა სალამურის ტკბილხმოვანი ჰანგები და მთელ ტბას მოჰფინა. ნაპირთან თევზები მოცურდნენ _ დიდი და პატარა. ერთმანეთს ასწრებდნენ, ვერ ეტეოდნენ, ფარფლებს იქნევდნენ, მაშინ აიამ უთხრა:
_ თევზებო, ჩადით ტბის ფსკერზე და ურჩხულს უთხარით, ტარო მოვიდა და ნაპირთან გელოდება-თქო!
თევზებმა ერთმანეთს გადახედეს და ეჭვით გადააქნიეს თავი: 
_ თქვენ გგონიათ, ხმას გაგვცემს? რომ იცოდეთ, რა უჟმურია. წევს მუდოსავით და ხმას არ იღებს...
_ ერთხელაც არ გაუღია პირი...
ბოლოს კობრმა თქვა:
_ ტყუილად რად ლანძღავთ... ურჩხული ბრმაა და ამიტომაც არ იღებს ხმას, ყველას ერიდება... მე მივალ მასთან...
და გაბედულად მოიქნია ფარფლები.
ტარომ შეაჩერა იგი:
_ კობრო, ეს გადაეცი და უთხარი: ტარო მოვიდა და შენი ნახვა უნდა-თქო!
ტარომ უბიდან ხის სავარცხელი ამოიღო, რომელსაც მთელი გზა სათუთად ინახავდა. გამოართვა კობრმა სავარცხელი და ტალღებში გაუჩინარდა... წუთიც არ გასულა, იგი შურდულივით ამოვარდა წყლიდან და ჰაერში სამჯერ შეითამაშა.
_ მუდო ურჩხულმა გამომართვა სავარცხელი, ატირდა და მთხოვა, უთხარი, ახლავე მოვალო.
_ ესე იგი, მართლა დედაჩემი ყოფილა! _ წამოიძახა ტარომ. წელში გასწორდა, ხელი მომჯიღა და ხმამაღლა დაიძახა: _ დედა!
წყალი შეირხა, ოქროსფრად ალივლივდა და წყლიდან უზარმაზარი ურჩხული ამოიმართა.
ურჩხული ნაპირთან მიცურდა, უსინათლო თვალები ტაროს მიაშტერა და გრძელი კისერი კიდევ უფრო წაიგრძელა წინ.
_ დედა, მე ვარ, ტარო!
ტარო ყელზე მოეხვია ურჩხულს, ალერსიანად გადაუსვა ხელი და თვალებიდან მუხუდოსოდენა ცრემლები გადმოუგორდა.
_ ჩემთან მოხვედი... ასე შორს, ამ მიუსავალ ჩრდილოეთში... ნეტავ ერთხელ მაინც შემახედა როგორი ხარ! ალბათ დიდი, ღონიერი...
_ ბოლოს და ბოლოს, ხომ გიპოვე, დედა. ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით, _ უთხრა ტარომ.
ამ სიტყვებზე ბრმა ურჩხულს მდუღარე ცრემლები წამოუვიდა.
_ რა კეთილი ხარ, ტარო! ნუთუ შენ ჩემთან იცხოვრებ, ამ საშინელ ურჩხულთან?
_ რა თქმა უნდა, დედა. ბებიაც და კიდევ სხვებიც ამასვე გააკეთებენ, ყველანი შენთან ვიცხოვრებთ... მხოლოდ ის მითხარი...
ტარო უცებ გაჩუმდა, იფიქრა: იქნებ, სჯობია არ ვკითხოო, მაგრამ მაინც თავი ვერ შეიკავა და ჰკითხა:
_ მხოლოდ ის მითხარი, ურჩხულად რატომ გადაიქეცი. ხომ შეიძლება ისევ ადამიანად იქცე?

ურჩხულად რატომ გადავიქეცი

ტაროს შეკითხვაზე ურჩხულმა თავი დახარა, ერთი ღრმად ამოიოხრა და დაიწყო:
_ ყველაფერი ეს იმიტომ მოხდა, რომ მე აღთქმა გავტეხე. ალბათ, გაგიგონია ძველი თქმულება: ვინც სამ თევზს მარტო შეჭამს, წყლის ურჩხულად გადაიქცევაო. გაზაფხული იყო. სხვებთან ერთად მეც წავედი მთაში სამუშაოდ, თუმცა ძალიან მიჭირდა სიარული _ ფეხმძიმედ ვიყავი შენზე. არაფერი არ მინდოდა _ არც კვერი, არც ფეტვის ფაფა, არც წყაროს წყალი... ყოვლად შეუძლებელი იყო ამ დროს ჩემი ტყეში წასვლა, მაგრამ რა მექნა, გაჭირვებამ მაიძულა. მამაშენი ხომ ადრე მოკვდა, ჰოდა, მე თუ არა, სხვა ვინ წავიდოდა სამუშაოდ.
თანასოფლელებმა რომ ნახეს, რა ტანჯვით მივლასლასებდი, მუხლები მეკვეთებოდა _ შემიბრალეს, ქვემოთ დამტოვეს სადილის მოსამზადებლად, თვითონ კი ტყეში წავიდნენ.
ძალიან გამიხარდა, ასე გულთბილად რომ მომექცნენ, დავჯექი ხის ძირას, ფეხი გავმართე, ცოტა დავისვენე. მზე ჩადიოდა, მდინარისკენ ჩავყევი წყლისთვის. ვხედავ, სამი თევზი მოცურავს _ დიდრონი, მსუქნები... შევედი წყალში და თუმცა წყალი ცივი იყო, დავიჭირე სამივე.
ყველას გავუმასპინძლდები, ყველას გავახარებ-მეთქი, _ გავიფიქრე. გავაჩაღე ცეცხლი და საჩქაროდ შევწვი თევზები. მაგრამ რატომღაც ჩემიანებს შეაგვიანდათ. მომშივდა, შემწვარი თევზის სუნმა გამაბრუა. «რაც იქნება, შევჭამ ჩემს წილ თევზს, სამაგიეროდ, მერე აღარ ვახლებ ხელს, დანარჩენი იმათ ჭამონ». ავიღე ერთი ნაჭერი და გავსინჯე. არასოდეს მიჭამია ასეთი გემრიელი თევზი. მოხედვაც ვერ მოვასწარი, ის თევზი ისე შემომეჭამა. სულმა წამძლია, მეორეც შევსანსლე, მერე მესამეც. გონს გვიან მოვედი. გულში რაღაც სიმხურვალე ვიგრძენი, თითქოს კოცონი მინთიაო. ყელი გამიშრა. კასრთან მივვარდი და წყალი მოვსვი, რამდენიც არ დავლიე, წყურვილი ვერა და ვერ მოვიკალი. მდინარისკენ გავიქეცი, დავიხარე და პირდაპირ მდინარეს დავეწაფე. ვიგრძენი, სისხლი უკუმექცა.
მერე რა მოხდა, არ მახსოვს... გონს რომ მოვეგე, უკვე მე აღარ ვიყავი _ რაღაც საშინელი წყლის ურჩხული ვიწექი ცისფერ ტბაში, ტბა როდისღა გაჩნდა, არც ის ვიცი.
მაშინ გამახსენდა ძველების ნათქვამი: ის, ვინც სამ თევზს მარტო შეჭამს, წყლის ურჩხულად იქცევაო! კი გამახსენდა, მაგრამ გვიანღა იყო. ასეა, ვინც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, ადამიანად ყოფნის ღირსი არ არის....
ტაროს დედამ მოყოლა დაამთავრა. ისევ ამოიოხრა. გაახსენდა ტანჯული დღეები. ურჩხულად ქცეული როგორ ჩაიძირა ცისფერი ტბის ფსკერზე, სადაც სინათლის სხივიც ვერ აღწევდა. წყვდიადში მოქცეულს ადამიანური ცხოვრება ენატრებოდა, მაგრამ ამ უბედურებაში თავად ედო ბრალი _ ადამიანური ადათი დაარღვია. ამიტომაც მიეზღო ჭუჭყიან შლამში მარტო ცხოვრება...
_ ეს უსამართლობაა! _ წამოიძახა ბრაზმო¬რეულმა ტარომ, _ ნამდვილი უსამართლობა! შენს მუცელში ხომ მე ვიყავი და, ალბათ, იმიტომ შეჭამე ის საცოდავი თევზი. ამან დაგაკარგვინა ადამიანად ყოფნის უფლება? ეს ხომ უმკაცრესი სასჯელია?! 
_ ოჰ, ტარო! არ შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს მაძღარი, სხვები კი შიმშილობდნენ. ეს ჩვევა მთის დუხჭირი ცხოვრების გამო დამკვიდრდა.
_ ეს ხომ არ მოხდებოდა, სამყოფად რომ ყოფილიყო თევზი ან ბრინჯის გემრიელი ნამცხვრები, ისე როგორც იმ სოფელში აქვთ, მე რომ შავი ეშმაკისგან გავათავისუფლე. მათი მდინარე კობრითა და გველთევზებითაა მდიდარი, ტყე _ სოკოებით, კენკრით, ხურმითა და წაბლით. მინდვრებსა და მთებში უხვად მოსდით გემრიელი ბრინჯი. მერედა, რა არომატული სუნი აქვს ბრინჯის ნამცხვარს. ყველაფერი რომ საკმარისი იყოს, მაშინ არავინ დაითვლიდა, ვინ მეტი შეჭამა, ვინ ნაკლები, თავსაც არავინ დაიწყევლიდა სამი თევზის გულისთვის...
ტაროს უცებ მოაგონდა თავისი უბედური სოფელი, იქაური დუხჭირი ცხოვრება. თითქოს ცხადად შემოესმა ბებიას ხმა _ წელში სამად მოხრილი, მინდორში ცერცვს რომ აბნევდა და ლოცვასავით იმეორებდა: 
აჰა, ერთი მარცვალი _
დამიბრუნე ათასი! 
აჰა, კიდევ მეორეც _
მომე ათი ათასი!
«ეჰ, რა მოხდება, გლეხებს რომ მეტი მიწა ჰქონდეთ, _ გაიფიქრა ტარომ, _ ამ ტბის ადგილზე ხომ დიდებული სახნავ-სათესი იქნებოდა!»

ტაროს თხოვნა

_ დედა! _ მიმართა ტარომ დედას, _ ერთი სურვილი მინდა გაგიმხილო, რომლისთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ.
_ რა გაწუხებს მითხარი, შვილო, არ დამიმალო!
_ მინდა, ტბის წყალი ზღვაში ჩავუშვა. ეს მიწა გადავხნა და ბრინჯი დავთესო.
დედა გააოცა ამ ნათქვამმა, არაფერი უპასუხია.
_ ძალიან დიდი გზა გამოვიარე შენთან მოსვლამდე, დედა. გზადაგზა, ყველგან, მხოლოდ მთებს ვხვდებოდი. საითაც არ გავიხედე _ მთები, მთები და მთები. მათ შორის აქა-იქ პატარ-პატარა მინდვრებიცაა, მაგრამ ისეთი პაწაწინა, ზედ ერთი კაცი თუ დაეტია, მეორისთვის სადღაა ადგილი. წინათ ეგონათ, რომ სწორედ ეს იყო ადამიანური ცხოვრება. დღეს კი სხვაგვარად ფიქრობენ: თუ მიწა გვექნა, ბრინჯის მოყვანა შეგვეძლება და ცხოვრებაც სასიკეთოდ შეგვეცვლებაო. ეს მე გავიგე, შენთან რომ მოვდიოდი. მანამდე ჭამისა და ძილის მეტს არაფერს ვაკეთებდი. ახლა კი ვიცი, რისთვის ვცხოვრობ. გთხოვ, დედა, დამითმე ეს ტბა. იმ მთას გავანგრევ, წყალს გავუშვებ, მთიდან ხალხს ჩამოვიყვან, აქ დავასახლებ. მიწას მოვხნავთ, ბრინჯს დავთესავთ და ხალხი მუდამ მაძღარი იქნება. არავის არ ექნება ისეთი მწარე ხვედრი, როგორიც შენ გქონდა, დამითმე ტბა!
დედა ხმას არ იღებდა, მან იცოდა: ტბასთან ერთად თვითონაც აღარ იქნებოდა. დიდი და მძიმე გზა გაიარა, სანამ ამ ტბაში მოვიდოდა და მოკალათდებოდა. ძველ ტბაში ვეღარ დაეტია. ახლა კი ესეც უნდა მიატოვოს!
«შევასრულებ ტაროს თხოვნას, _ გადაწყვიტა მან, _ ჩემგან ჰქონდეს ხალხს საჩუქრად ეს ადგილი. აქამდე ხომ მარტო ჩემს თავზე ვფიქრობდი!»
ურჩხულმა თავი ასწია და წყნარად თქვა:
_ მესმის შენი სურვილი, ტარო. ახლა მიხარია კიდეც, ურჩხული რომ ვარ. ჩემი სხეული ყოველგვარ რკინაზე მაგარია. მივაწვები მთას და ვერც ერთი ქვა ვერ გამიძლებს _ დაინგრევა. მხოლოდ ერთი რამ მაღონებს: ვერაფერს ვხედავ, მოდი, კისერზე შემაჯექ და ჩემ მაგივრად შენ იყურე წინ.
_ ეს სულაც არ მომფიქრებია, შენ რომ მთის დანგრევა შეგეძლო. რასაც მეტყვი, ყველაფერს შევასრულებ, აბა, გისმენ!
_ პირობა მომეცი, რაც უნდა გაგიჭირდეს, არ იტირებ და არც საქმეს მიატოვებ.
_ არ ვიტირებ, დედა. შეუპოვარი ვიქნები, რაც ჩავიფიქრეთ, ნახე, თუ არ შევასრულოთ. გესმის სალამურის ხმა? აია უკრავს, ჩემი საუკეთესო მეგობარი. მან სიცოცხლე შემინარჩუნა. აქ მოდი, აია, _ დაუძახა ტარომ, _ გვისმინე, რაზე ვლაპარაკობთ.
აია შორიახლოს, ნაპირთან იჯდა და სალამურზე უკრავდა. ტახები, კურდღლები, თაგვები, დათვები და მელიები გარს შემოხვეოდნენ და უსმენდნენ. ასე უცებ როდის შეგროვდნენ?
აიამ ტაროს შეხედა, წამოდგა და გაიღიმა:
_ სახეზე ყველაფერი გაწერია. რა თქმა უნდა, ყველანაირად ვეცდებით, რომ შენი ოცნება აღსრულდეს. რაოდენ ძნელიც უნდა იყოს იგი.
_ ჩვენც დაგეხმარებით! _ დაიძახეს მხეცებმა.
ტარომ და აიამ ერთმანეთს გადახედეს და მხიარულად გაიცინეს. როგორ არ გაიცინებდნენ, როცა პაწაწინა წრუწუნაც მთელი ძალით წრიპინებდა და კუდს მიწაზე ურტყამდა.
_ თქვენ კეთილი მხეცები ხართ! _ გაუღიმა ტარომ და თეთრი კბილები გადმოყარა, _ რადგან ასეა, გავარდით მთებში, ტყეებში და ყველას შეატყობინეთ, მთას ვანგრევთ-თქო. ვისაც როგორ შეუძლია, მოგვეხმაროს: ტახებმა მიწა ეშვებით გათხარონ, დათვებმა, მელიებმა და კურდღლებმა _ თათებით; თაგვებმა და თხუნელებმა მიწაში გასასვლელი გათხარონ, ხვრელები გაიყვანონ. აბა, ასე, ყველანი ერთიანი ძალით შევეჭიდოთ და სარძევე კბილივით შევარყევთ მთას.
მთებსა და ტყეებს მოედვნენ მხეცები, ამბავი მოსდეს იქაურობას. აია მიუახლოვდა ურჩხულს, კისერზე ხელი მოხვია და უთხრა:
_ ეს მე ვარ, აია. მეც ახლავე გავფრინდები თეთრი რაშით და ხალხს გავაფრთხილებ, გრუხუნს რომ გაიგებენ, არ შეშინდნენ, აიღონ ნიჩბები და ტბისკენ გამოსწიონ.
_ კარგად მოგიფიქრებია, გოგონა, _ უთხრა ურჩხულმა, აიას ნათქვამი რომ მოისმინა, _ შენს სახეს კი ვერ ვხედავ, მაგრამ ხმაზე გატყობ, რომ ალერსიანი, კეთილი და ჭკვიანი ხარ. მაშ, წადი ყველას უთხარი, მალე დაიქუხებს, ერთ-ერთი მთა დაინგრევა, ნიაღვრები გადმოხეთქავს და მერე ახალი მიწა დაიბადება-თქო. მე მინდა, არავინ შეეწიროს ამ ამბავს, ან არ დაშავდეს ვინმე.
_ დაწვრილებით მოვახსენებ, როგორც მიბრძანებთ! ნახვამდის! 
მოახტა აია თეთრ რაშს და მალე ცაში მიიმალა.

მიწის დაბადება

_ მაშ, შევუდგეთ, ტარო! ვინ იცის, რამდენ ხანს მოვუნდებით ამ მთის განგრევას. ერთი კი ვიცი _ მდინარე შორეული ჩრდილოეთის ზღვაში ჩავა. 
ეს თქვა ურჩხულმა და თავდახრილი შეევედრა მიწისა და წყლის ღმერთებს. ტარომ თვალი დახუჭა და უმალ ბებია გაახსენდა: «ცოტაც კიდევ, ბებია, მალე აღსრულდება ჩემი ოცნება».
მზეც ამოვიდა.
_ ახლა შემაჯექი კისერზე, ტარო, მაგრად ჩამჭიდე ხელი, _ უთხრა დედამ, წყლიდან სწრაფად ამოიმართა და უამრავი შხეფიც ამოაფრქვია.
შავი ღრუბლები ბოლქვა-ბოლქვად დაიძრა ცაში, ამოვარდა ქარიშხალი, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ცა და მიწა თვალისმომჭრელმა ელვამ დასერა. უზარმაზარი ტალღები ღმუილით ეხეთქებოდნენ კლდეებს. საშინელი ხმაური გაისმა, თითქოს ასი ჩანჩქერი ერთად გადმოეშვაო მთიდან. უზარმაზარი ტალღის ქოჩორზე წამოიმართა ურჩხული და ტალღასთან ერთად მიენარცხა მთას. მთა არც შერხეულა. უკან დაიხია ურჩხულმა, ძალა მოიკრიბა, კვლავ მიენარცხა მთას აბობოქრებულ ტალღასთან ერთად. ისევ უკან დაიხია. ბოლქვა-ბოლქვად აიმართნენ ტალღები. ასე გაგრძელდა მთელი ღამე. ირიჟრაჟა, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. ისევ ამოვიდა მზე, ისევ დაღამდა. მთა კი უძრავად იდგა. ურჩხულს სხეული ჭრილობებით დაესერა.
_ აბა, კლდეს დასცხე, დედა! აი, აქ! _ ისმოდა ტაროს შეძახილი წყვდიადსა და ტალღების ხმაურში. უცებ ტაროს შემოესმა ნაცნობი დაფდაფის ხმა და სიმღერა:
უჰ, რა მხიარულად ჟღერს საყვარელი დაფდაფი!
საკეზე და ბრინჯზე უფრო მიყვარს ჩემი დაფდაფი!
მკერდში გული ძაგძაგებს, უკრავს ჩემი დაფდაფი!
ტამ-ტარა-რამ, ტამ-ტამ-ტამ-ტამ!
_ ეს ხომ წითელი ეშმაკია? ეჰეი, წითელო ეშმაკო, ერთი მოუხმე შენს ნაცნობ მგრგვინავებს და მოგვეშველე ამ მთის განგრევაში.
შავი ღრუბლებიდან ნაცნობი ხმა გაისმა:
_ შენი გულისთვის, ტარო, არაფერს დავიშურებ. მე ხომ შენი წყალობით ვცხოვრობ ასე მხიარულად და უდარდელად. მთის განგრევა რა უნდა იყოს, როგორ არ მოგეხმარები.
წითელმა ეშმაკმა მოიხმო ასი ნაცნობი მგრგვინავი. ასივემ ერთად დაჰკრა ას დაფდაფს. ტარომ ყურებში თითები დაიცო, დედის ზურგს გაეკრა. ისეთი გრგვინვა ატყდა, გეგონებოდათ, ქვეყანა იქცევაო, მაგრამ უცებ ყველაფერი მიწყნარდა.
ტარომ თვალი გაახილა, ხედავს, მთა ორად გახლეჩილა, თითქოს უფსკრულს ხახა დაუღიაო.
_ შეხედე, დედა! მგრგვინავებმა მთა უკვე გაჩეხეს.
ურჩხულმა ერთხელ კიდევ მოიკრიბა ძალა და უკანასკნელად მიენარცხა მთას. მთა საშინელი გრუხუნით ჩამოიშალა და ტბიდან ჩანჩქერივით ითქრიალა წყლის ნაკადმა. შხეფებსა და ქაფში წინ ურჩხული მიქროდა, ტარო ისევ კისერზე ეჯდა. გაშმაგებული მდინარე გზადაგზა მთებსა და კლდეებს მიანგრევდა, ტყეებიც სულ წალეკა.
ღრუბლები გაიფანტა. მზემ ისევ გამოაცოცხლა მიწა. მზის სხივებით აკამკამებული მდინარე ჩრდილოეთის ზღვაში შეიჭრა. შორეული ტბის ნამყოფზე გადაიშალა გაშლილი, ნოყიერი მინდორი.
«მინდორიც ამას ჰქვია! _ მიიხედ-მოიხედა გახარებულმა ტარომ, _ როგორ გული მწყდება, ამ დიდებულ ვაკეს შენ რომ ვერ ხედავ, დედა!»
ტარო კისერზე მოეხვია დედას და მწარედ ატირდა.
_ გმადლობ, დედიკო! შენზე ძვირფასი ადამიანი ქვეყნად არ მეგულება! ეს რა მოგსვლია, მთელი სხეული დაგჭრია, სულ სისხლში ხარ მოსვრილი... შენ მხოლოდ სხვებისთვის იზრუნე. მადლობელი ვარ! ნუთუ მთელი სიცოცხლე ურჩხულად უნდა დარჩე?
ტარო იარებს რომ ხელს უსვამდა, მისი ცრემლი დედამისის ბრმა თვალებს დაეცა. და მოხდა სასწაული: საშინელი ურჩხული ნაზ, მოხდენილ ქალად იქცა, თვალიც აეხილა და ტარომ ცხადლივ დაინახა თავისი დედა.
_ მადლობელი ვარ, ტარო! _ უთხრა და ატირდა, თან ხელს არ უშვებდა შვილს, _ შენ რომ არა, მთელ სიცოცხლეს შორეული ტბის ფსკერზე გავატარებდი, სიბნელეში, სადაც სინათლე ვერ აღწევს. რამდენი ხანია გელოდი! ვფიქრობდი: გაიზრდება ჩემი ბიჭი ჭკვიანი, ღონიერი და დამიხსნის-მეთქი. მართლაც გაიზარდე, მაგრამ უფრო ჭკვიანი და ღონიერი, ვიდრე მე მეგონა. შენმა ვაჟკაცობამ შემმატა ძალა და ადამიანადაც მაქცია.
ამ დროს აიაც გამოჩნდა თეთრი რაშით. ლამაზი თვალები ცრემლით აევსო, ტაროს დედა რომ დაინახა.
_ დედა! ტარო! _ შესძახა მან, _ მოდით, დასხედით რაშზე და შორეული ტბისკენ გავქანდეთ. ხალხი უკვე ბარებითა და გუთნებით მოდის, ბრინჯის თავთავიც მოაქვთ, ტარომ ადრე რომ დაურიგა.
_ ჰო, უნდა ვიჩქაროთ, _ დაეთანხმა ტარო, _ საქმე ახლა იწყება. წავიდეთ, დედა! მიწა გველოდება...
ხალხმა თვალუწვდენელ მინდორზე ბრინჯი დათესა. მალე მან ოქროს თავთავი მოისხა და როცა მოსავალი აიღეს, ტარომ და აიამ მხიარული ქორწილიც გააჩაღეს.
მოიპატიჟეს დედაც, ბებიაც, ბაბუაც, ყველა თანასოფლელი და დაიწყეს ცხოვრება ახალ მიწაზე მხიარულად და ბედნიერად. იბედნიერონ და იბედნიერონ!
კატეგორია: საბავშვო საკითხავი | ნანახია: 1192 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: