მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 2 » ტომ სოიერის თავგადასავალი(16.17.18.19.20-- თავი)
4:50 PM
ტომ სოიერის თავგადასავალი(16.17.18.19.20-- თავი)
თავი მეთექვსმეტე

სადილის შემდეგ მთელმა ჯგუფმა გასწია რიყეზე კუს კვერცხებზე სანადიროდ. ბიჭები ჯოხით სინჯავდნენ ქვიშას. როცა ფხვიერ ადგილს შეხვდებოდნენ, დაიჩოქებდნენ, ამოურევდნენ ხელს და ზოგი ორმოდან ორმოცდაათი-სამოცი კვერცხი ამოჰქონდათ. კვერცხები მრგვალი იყო, თეთრები, კაკალზე ოდნავ მომცრო. იმ საღამოს შესანიშნავად ივახშმეს ერბო-კვერცხით და ასევე კარგად ისაუზმეს პარასკევ დილით. საუზმის შემდეგ ყიჟინით დაჰქროდნენ რიყეზე; ერთმანეთს დასდევდნენ, თან გზადაგზა ტანთ იხდიდნენ, სანამ მთლად არ გაშიშვლდნენ; ახლა თავხელ წყალში შორს შევიდნენ, ებრძოდნენ მდინარის ტალღებს, ფეხი უსხლტებოდათ და ყველაფერი ეს უფრო ამხიარულებდათ. ზოგჯერ სამივე ერთად შეჯგუფდებოდნენ, ერთმაენთს წყალს ასხანდნენ სახეში. ეს თავდებოდა საერთო ბრძოლით, რმელიც იმდენ ხანს გრძელდებოდა, სანამ გამარჯვებული წყალში თავს არ ცააყოფინებდა მოწინააღმდეგეს. მერე უცებ სამივენი წყალში ჩაიმალებოდნენ და აქა-იქ გაიელვებდა მათი ხელ-ფეხი. შემდეგ კვლავ ზედაპირზე ამოცურდებოდნენ, ფრუტუნებდნენ, იცინოდნენ, იფურთხებოდნენ და სულს ძლივს ითქვამდნენ.
მოღალულნი ამოხტებოდნენ წყლიდან, გორაობდნენ მშრალ, ცხელ სილაში, ეფლობოდნენ შიგ, კვლავ ჩახტებოდნენ წყალში და თავიდან იწყებდნენ ყველაფერს. ბოლოს დაასკვნეს, რომ მათი შიშველი ტანი ხორცისფერ ქსოვინს ჰგავდა; სილაზე მოხაზეს წრე და გამართეს ცირკი, სადაც უნდა ეთამაშათ სამ ჯამბაზს: არც ერთს არ უნდოდა დაეთმო ეს სახარბიელო თანამდებობა.
შემდეგ მოძებნეს თავიანთი ბურთულები და დაიწყეს თამაში, ვიდრე არ მობეზრდათ. მერე ჯო და ჰეკი ისევ საბანაოდ წავიდნენ, მაგრამ ტომმა ვეღარ გაბედა. შარვლის გახდისას კოჭზე შებმული გველის ჩხრიალი დაჰკარგვოდა. ძალიან უკვირდა, ამ სასწაულმოქმედი თილისმის გარეშე კრუნჩხვას როგორ გადავურჩიო; სანამ თავისი ჩხრიალა არ იპოვნა, ვეღარ გაბედა წყალში შესვლა. ამასობაში ჯო და ჰეკი ცურაობით უკვე დაღლილიყვნენ და დასვენებას აპირებდნენ. თანდათან სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ; უცებ დაღონდნენ და თითოეული სევდიანად გაჰყურებდა მდინარის იმ ნაპირს, სადაც ცხრათვალა მზე დანათოდა მათ ქალაქს. ტომმა თავისდაუნებურად სილაზე ფეხის ცერით დაწერა: ბეკი; უცებ გონს მოვიდა, წაშალა დაწერილი და თავისი თავი დატუქსა ასეთი სისუსტისათვის; მაგრამ მაინც ვერ მოითმონა და კვლავ დაწერა ეს სახელი; ისევ წაშალა და რომ არ აჰყოლოდა გულისთქმას, ამხანაგებს შეუერთდა.
ჯო კი მთლად დაეცა სულით. ისე ნატობდა შინაურებს, რომ აღარ იცოდა, რა ექნა, ცრემლებს ძლივს იკავებდა. ჰეკიც მიყუჩდა. ტომიც უგუნებოდა იყო, მაგრამ არ იმჩნევდა. გულში ერთ საიდუმლოს ინახავდა, მაგრამ, თუ ვინიცობაა მისი მეგობრების შფოთვა არ დაცხრებოდა, იძულებული გახდებოდა, ყველაფერი ეთქვა: გარეგნულად მხიარულმა ასე მიმართა თავის ამხანაგებს:
- ბიჭებო, სანაძლეოს ვდებ, ჩვენამდის კუნძულზე სხვა მეკობრეები იქნებოდნენ. მოდით ერთხელაც დავათვალიეროთ აქაურობა: ალბათ, სადმე განძი იქნება დამალული. შენ ნახე სეირი, თუ წავაწყდით უკვე ნახევრად დამპალ, ოქროთი და ვერცხლით სავსე ზანდუკებს.
მაგრამ წინადადებამ დიდი აღფრთოვანება არ გამოიწვია. ტომმა კიდევ სცადა ორიოდე სახარბიელო ვარაუდის გამოთქმა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. ტომი არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჯო სილას ჯოხით უჩხიკინებდა კოპებშეკრული, ბოლოს თქვა:
- ეჰ, ძმებო, თავი დავანებოთ ყველაფერს. შინ მინდა წასვლა, აქ მოწყენილობაა.
- ეჰ, ჯო, რას ამბობ, მიეჩვევი, - ურჩევდა ტომი, - მარტო აქ თევზაობა რად ღირს!
- არავითარი თევზაობა არ მსურს, შინ მინდა..
- ბანაობა? განა სადმე მოიძებნება ასეთი საბანაო ადგილები?
- არც ბანაობა მინდა! ბანაობაც მომბეზრდა, როცა არავინ მიშლის. შინ მინდა.
- ფუი, რა სისულელეს ჩმახავ! აღუ, დედასთან მოგინდა?
- დიახაც, დედასთან. შენც მოგენატრებოდა, რომ გყოლოდა. თან არცთუ შენზე პატარა ვარ, - ჯო ჩუმად ასლუკუნდა.
- ძალიან კარგი. დაბრუნდეს ჩვენი მტირალა შინ, დედასთან; გავუშვებთ, არა ჰეკ? საწყალი, უდედოდ მოეწყინა. რა ვუყოთ, დაე, წავიდეს! შენ ხომ მოგწონს აქ, ჰეკ? მე და შენ აქ დავრჩეთ!
- ჰოო... - თქვა ჰეკმა სრულიად გულგრილად.
- აღარასოდეს აღარ დაგელაპარაკებით დღეის შემდეგ, - განაცხადა ჯომ და წამოდგა, შუბლშეკრული განმარტოვდა და ტანისამოსის ჩაცმა დაიწყო.
- დიდი ამბავი, - გამოეხმაურა ტომი, - არც არავინ შეგეხვეწება! მიბრძანდი! დაე, ყველამ დაგცინოს. ნამდვილი მეკობრე კი ხარ, კი! ჰეკი და მე შენსავით მტირალები არა ვართ, ჩვენ აქ დავრჩებით, არა, ჰეკ? წავიდეს, თუ უნდა. უმაგისოდაც გავძლებთ.
მაგრამ ტომი შეშფოთდა, როცა დაინახა, როგორ კუშტად იცვამდა ჯო თავის ტანსაცმელს. მას აღელვებდა ჰეკიც, რომელიც უხმოდ უთვალთვალებდა მიმავალი ამხანაგის სამზადისს. ჯომ ჩაიცვა და უსიტყვოდ, გამოუმშვიდობებლად გაემართა ილინოისის ნაირისაკენ. ტომს გული დაწყდა. შეხედა ჰეკს. მან ვერ გაუძლო ტომის მზერას, თვალები დახარა და თქვა:
- მეც მინდა წასვლა, ტომ. აქ რაღაც მოწყენილობა ჩამოვარდა და ამას იქით უფრო უარესი იქნება. ჩვენც წავიდეთ, ტომ!
- წადი, თუ გინდა. მე არ წამოვალ, აქ დავრჩები.
- ტომ, მე წასვლა მირჩევნია.
- მერე ვინ გიშლის? წადი.
ჰეკმა დაიწყო თავისი გაფანტული ტანისამოსის შეგროვება, თან ასე მიმართა ტომს:
- ტომ, შენც წამოდი! გადაწყვიტე. ჩვენ იქითა ნაპირზე დაგიცდით.
- ძალიან დიდხანს დაგჭირდებათ ცდა.
ჰეკი დაღონებული გაშორდა; ტომი იდგა და გასცქეროდა მიმავალთ; დიდი სურვილი ჰქონდა, ჯიბეში შეენახა თავისი ამპარტავნობა და გაჰყლოდა მათ. იმედი ჰქონდა, ბიჭები ჩერდებოდნენ, მაგრამ ისინი ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ. ტომმა რაღაც არაჩვეულებრივი სიმარტოვე იგრძნო. მან შეაფურთხა თავის თავმოყვარეობას და სირბილით გამოუდგა ამხანაგებს!
- შეჩერდით,შეჩერდით, რაღაცა მინდა გითხრათ!
ისინიც შეჩერდნენ და უკან მოტრიალდნენ. ტომი რომ დაეწია, თავისი დაიდუმლო გაანდო; ისინი უსმენდნენ კოპებშეკრულნი, ვიდრე არ მიხვდნენ, რისი თქმაც უნდოდა ტომს; როცა გაიგეს, საქმე რაშიც იყო, ჭყივილს მოჰყვნენ სიხარულისაგან და გაიძახოდნენ, "შესანიშნავიაო!” თავიდანვე რომ გეთქვა, წასვლას არ ვიფიქრებდითო. ტომმა, ყოველი შემთხვევისათვის, ბოდიში მოიხადა. მაგრამ ნადვილი მიზეზი კი ის იყო, რომ იცოდა, თვით ეს საიდუმლოებაც კი არ გააჩერებდა ბიჭებს მასთან დიდხანს. ისე რომ, გადაწყვეტილი ჰქონდა, შემოენახა იგი, როგორც უკიდურესი საშუალება. ბიჭები მხიარულად დაბრუნდნენ უკან. ისევ დაიწყეს ცელქობა, თან განუწყვეტლივ ყბედობდნენ ტომის არაჩვეულებრივ ჩანაფიქრზე, აღტაცებულნი იყვნენ მისი გონიერებით. სადილის შემდეგ, რომელიც შედგებოდა კვერცხებისა და თევზისაგან, ტომმა განაცხადა, თუთუნის წევა უნდა ვისწავლოო. ჯოს მოეწონა ეს აზრი და თვითონაც გამოთქვა ამისი სურვილი. ჰეკმა გააკეთა ჩიბუხი და თუთუნით გაუვსო. აქამდე ეს ორი ყმაწვილი მხოლოდ ვაზის ფოთლის სიგარებს თუ სწვევდა, მაგრამ ისინი ენას უთუთქავდნენ და არც შეეფერებოდა ვაჟკაცებს.
სამივენი გაიშხლართნენ მიწაზე, დაეყრდნენ იდაყვებს და დაიწყეს ნელ-ნელა, ნაფახით წევა. კვამლს არასასიამოვნო სუნი ჰქონდა, ცოტას იჯღანებოდნენ, მაგრამ ტომმა მაინც განაცხადა:
- ადვილი ყოფილა! რომ მცოდნოდა, აქამდისაც დავიწყებდი.
- მეც ეგრე ვიზამდი, - დაეთანხმა ჯო, - სულ უბრალო რამე ყოფილა!
- რამდენჯერ მინატრია, როცა სხვა დამინახავს, ნეტავ მასწავლა-მეთქი, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, თუ შევძლებდი, - თქვა ტომმა.
- მეც ეგრე მეგონა, ხომ მართალია, ჰეკ? ჩემგან ხომ რამდენჯერმე გაგიგონია? აი, თვითონ ჰეკმა თქვას.
- მართალია, რამდენჯერმე გითქვამს, - დაემოწმა ჰეკიც.
- მეც, ალბათ, ათასჯერ მითქვამს, - თქვა ტომმა. - ერთხელ, გახსოვს, საყასბოსთან ვიდექით. იქ იყვნენ ბობ ტანერი, ჯონ მილერი და ჯეფ თეტჩერი. გახსოვს, ჰეკ, რაც ვთქვი მაშინ?
- როგორ არა, მახსოვს. ეს იმ დღეს იყო, როცა ჩემი თეთრი ბურთულა დავკარგე... თუმცა არა, წინადღით.
- აი, ხომ გითხარი, ჰეკს ახსოვს!
- ასე მგონია, ჩიბუხის მოწევას მთელ დღეს შევძლებ, - განაცხადა ჯომ, - სრულიადაც არ მერევა გული.
- არც მე, - თქვა ტომმა, - შემიძლია მთელი დღე ვწიო, მაგრამ დაგენიძლავებით, ჯეფ თეტჩერი ვერ შესძლებს.
- ჯეფ თეტჩერი? აბა, იმას რა შეუძლია? ის ორ ნაფაზსაც ვერ დაარტყამს! აბა, ერთი სცადოს!
- თავისთავად ცხადია, ვერც ჯონ მილერი შესძლებს. ნეტავი, ერთი დამანახა, როგორ მოსწევს ჯონ მილერი!
- სად აქვს ამისი შნო ჯონ მილერს! იმას არაფერი არ შეუძლია. ერთი ნაფაზით თავბრუ დაეხვევა.
- შენ მართალი ხარ, ჯო, რა სეირი იქნებოდა, ახლა ჩვენი ამხანაგები რომ დაგვინახავდნენ!
- შესანიშნავი იქნებოდა!
- გამიგონეთ, ბიჭებო, კრინტი არ დაძრათ არავისთან! ოდესმე, როდესაც ყველა ერთად ვიქნებით თავმოყრილი, მოგიახლოვდები და გეტყვი: "ჯო, გაქვს ჩიბუხი? მიწევა მსურს”. შენ კი დაუდევრად მიპასუხებ, თითქოს სულ უბრალო რამეს ამბობდე: "ჰო, ჩემი ძველი ჩიბუხი მაქვს, კიდევ სხვაც, მაგრამ თუთუნი არ მივარგა”. მე კი გეტყვი: "სულ ერთია, ოღონდ მაგარი იყოს”. შენც ამოიღებ ჩიბუხებს და, ვითომც აქ არაფერიაო, ორივე გავაბოლებთ. აი, მაშინ იქნება სეირი!
- ოღონდაც, რომ იქნება! ტომQ ნეტავ, ეს ახლავე მოხდებოდეს!
- ნეტავი, მეც მინდა! როცა ვეტყვი, თუთუნის წევა მეკობრეობის დროს ვისწავლეთო, შენ მაშინ ნახე, როგორ შეშურდებათ!
- ოღონდაც, გასაგებიც იქნება!
ასე გრძელდებოდა მუსიაფი, მაგრამ თანდათან შენელდა და მათი ხმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმოდა. ხანგრძლივად დუმდნენ, მხოლოდ ძალიან მოუხშირეს პურჭყებას. ბიჭებს პირი ევსებოდათ ნერწყვით და ძლივს ასწრებდნენ მისგან განთავისუფლებას. მიუხედავად მათი მეცადინეობისა, ნერწყვი მაინც ყელში გადასდიოდათ და გულს საშინლად აზიდებდათ. ორივე ყმაწვილი მთლად გაყვითლდა და შესაბრალისი შესახედაობისანი იყვნენ. ჯოს ხელიდან გაუვარდა ჩიბუხი, იმდენად დაუსუსტდა თითები. ასევე დაემართა ტომსაც, ბოლოს მისუსტებულმა ჯომ ძლივს წაილუღლუღა:
- დანა დავკარგე, საძებნელად უნდა წავიდე.
ტომმა აცახცახებული ტუჩებით ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქვა:
- მეც გიშველი. შენ ამ გზით წადი, მე კი იმ გზით წავალ, წყაროსაკენ. ჰეკ, შენ ნუ გამოგვყვები, ჩვენ თვითონ ვიპოვით.
ჰეკი დაჯდა თავის ადგილას და ერთ საათზე მეტი ელოდა მათ. ბოლოს მოსწყინდა და წავიდა ამხანაგების საძებნელად. ისინი იპოვა ტყეში, ერთმანეთისაგან კარგა მოშორებით; ორივე საშინლად იყო გაფითრებული და ორივეს მაგრად ეძინა. ჰეკმა გაიფიქრა: თუ ადრე ცუდად იყვნენ, ახლა არარაფერი არ უნდა უშავდეთო.
საღამოთი, ვახშმობის დროს, ორივე გაჩუმებულიყვი იყვნენ და რაღაც უმწეოდ გამოიყურებოდნენ. ვახშმის შემდეგ, როცა ჰეკმა ჩიბუხი გატენა და იმათაც მიაწოდა, ორივემ უარი განაცხადა უქეიფობის გამო: ალბათ სადილზე რაღაცამ გვაწყინაო.

თავი მეჩვიდმეტე

შუაღამისას ჯოს გამოეღვიძა და ამხანაგებიც გააღვიძა. ჰაერი შეხუთული იყო და კარგს არას უქადდა იქაურობას, ბიჭები ერთმანეთს მიეკვრნენ ცეცხლის პირას, თუმცა საკმაოდ ცხელოდა და სუნთქვაც ჭირდა. ისხდნენ სულგანაბულნი და სმენაგამახვილებულნი. ცეცხლის მიღმა ყველაფერი სიბნელეში იყო ჩანთქმული.
უცებ გაიელვა, სუსტმა სინათლემ ერთი წუთით გაანათა ხის ფოთლები. მერე კიდევ გაიელვა უფრო ძლიერ. ელვა კიდევ გამეორდა. სუსტმა გმინვამ გადაუარა ხის ტოტებს. ბიჭებმა სახეზე თითქოს ვიღაცის სუნთქვა იგრძნეს, შიშისაგან შეაჟრჟოლათ: იფიქრეს "ღამის სულმა” ჩაგვიქროლაო. შემდეგ მყუდროება ჩამოვარდა. უეცრად ავის მომასწავებელმა ელვამ დღესავით გააჩუქა ცეცხლის პირას თითქმის თითოეული ბალახი და შიშისაგან გაფითრებული სამი სახე. ქუხილმა ყრუდ გადაუარა მთელ ცას და სადღაც შორს მიწყდა. დაუბერა ცივმა ქარმა, ფოთლები ააშრიალა და ცეცხლის გარშემო ნაცარი მიმოფანტა. კვლავ ძლიერად გაიელვა და იმ წუთსვე დაიქუხა. ბიჭებს ეგონათ, თავზე ელეწებოდათ ხეები. შიშით გულგახეთქილნი უკან სიბნელეში ერთმანეთს მიჰკვროდნენ. ხის ფოთლებზე გაისმა მსხვილი წვიმის ხათქახუთქი. 
- არიქა, ბიჭEბო, კარავში! - წამოიყვირა ტომმა.
წამოცვივდნენ საჩქაროდ და გაიფანტნენ; ხის ჯირკებს ედებოდნენ, ხან გარეულ ვაზებში ებმოდნენ. ტყეში მრისხანე ქარაშოტი ზუზუნებდა, გრიალებდა და თავისი სიმძრავრით დიდრონ ხეებს ღუნავდა. თითიქმის განუწყვეტლივ ელავდა და თითოეულ გაელვებაზე გამაყრუებელი ჭექა-ხუხილი ისმოდა. უცებ კოკოსპირული წვიმა დაიწყო.
ბიჭები ერთმანეთს ეძახდნენ, მაგრამ ქარიშხალის ღმუილი და ჭექა-ქუხილი აყრუებდა მათ ხმას. როგორც იყო მიაღწიეს კარავს და თავი შეაფარეს აცახცახებულმა და გულგახეთქილებმა. ტანისამოსიდან წურწურით ჩამოსდიოდათ წყალი, მაგრამ ერთმანეთის სიახლოვემ ისინი დაამშვიდა. ლაპარაკი შეუძლებელი იყო. მათ ძველ კარავს ქარი ისე გააფთრებით აფრიალებდა, რომ ყველა სხვა ხმა იფარებოდა. ქარიშხალი სულ უფრო ძლიერდებოდა, ბოლოს, ქარმა აწყვიტა მათI კარავი და ციბრუტივით დაატრიალა ჰაერში. ბიჭEბმა ერთმანეთს ჩასჭიდეს ხელი და გაიქცნენ დიდი მუხისაკენ, რომელიც წყლის პირას იდგა. გზაზე სულ ფეხი უცდებოდათ და ხან რას დაეჯახებოდნენ, ხან - რას. გრიგალი თავისას არ იშლიდა და გაცხარებულმა ბრძოლაში იყო. ელვა წამდაუწუმ ანათებდა ღრუბლებით მოკუპრულ ცას. დედამიწაზეც ყველაფერი გარკვევით ჩანდა: დახრილი ხეები, აღელვებული, თეთრქაფმოდებული მდინარე, მის მეორე ნაპირზე, წვიმის გამჭვირვალე ფარდის გადაღმა, ციცაბო კლდის ბუნდოვანი მოხაზულობა. დროგამოშვებით ტყის რომელიმე ბუმბერაზი ხე ძირს ეხეთქებოდა ბრძოლაში დაღუპულივით და ახლომახლო ხეების ნორჩ ტოტებს ლაწალუწს უყენებდა. განუწყვეტელი ჭექა-ქუხილი ზარბაზანივით გამაყრუებლად გრიალებდა და მკვეთრი ხმაურით ადამიანს შიშის ზარს ჰგვრიდა. გრიგალი ბოლოს ისე გააფთრდა, გაალმასდა, თითქოს სურს მთელი კუნძული ნამსხვრევებად აღგავოს, ყველა ცოცხალი არსება დააყრუოსო. ეს იყო საშინელი ღამე უსავანო ბავშვებისათვის.
ბოლოს ძლივს შეწყდა ბრძოლა. ჯარებმა უკან დაიხიეს. მათი ბურტყუნი და მუქარა უფრო და უფრო ყრუდ ისმოდა; ბუნებაში ისევ სიმშვიდემ დაისადგურა. ბიჭები საკმაოდ შეშინებულნი დაბრუნდნენ თავიანთ ბანაკში. თურმე უზარმაზარ ჭადრის ხეს, რომლის ქვეშაც ღამეს ათევდნენ, მეხი დასცემოდა, სიხარულით აღივსნენ: კიდევ კარგი, იმ დროს აქ არ ვიყავითო.
მათიI ბანაკი წყალს დაეფარა, ცეცხლი ჩამქრალიყო. ბიჭებს, მათი ასაკისათვის დამახასიათებელი დაუდევრობის გამო, არ ეზრუნათ წვიმისაგან დაეცვათ იგი. ძალიან სამწუხარო იყო, რადგანაც გაწუწულები იყვნენ და სიცივით კანკალებდნენ. ისინი მჭერმეტყველურ სიტყვებით უჩიოდნენ თავის ბედს. მარამ უცებ შეამჩნიეს, რომ იმ ადგილს, სადაც ისინი კოცონს აჩაღებდნენ, ცეცხლს ღრმად გამოეწვა ძელი, და იგი მიწიდან ისე დაეშორებინა, რომ ერთი ხელის დადება ნაკვერჩხალი გადარჩენოდა სისველეს. ბიჭებმა მოძებნეს მშრალი ჩინჩხვარი, ხის ქერქები, დააყარეს ზედ და ძლივძლივობით გააღვივეს ცეცხლი. მერე ხის ტოტები შეუკეთეს, დაანთეს დიდი კოცონი და გულიც სიხარულით აევსოთ. ცეცხლზე გააშრეს დასველებული ლორი, კარგად ივახშმეს, შემოუსხდნენ ცეცხლს და დილამდე მუსაიფობდნენ. სულ ერთია, დასაძინებელი ადგილი მაინც არა ჰქონდათ, გარშემო ერთი მტკაველი მშრალი ადგილიც არ მოიძებნებოდა.
მზის სხივების გამოჩენისას ჩვენს გმირებს ძილი მოერიათ და იძულებულნი გახდნენ მდინარის პირას, სველ სილაზე გაწოლილიყვნენ. როცა მზემ კარგად დააცხუნა, ბიჭები ჩამოსხდნენ და უხალისოდ შეუდგნენ საუზმის მომზადებას. მაგრამ საუზმის შემდეგ სულ მოეშვნენ. ძლივს დადიოდნენ, გულში ისევ შეეპარათ სახლისადმი სევდა. ტომმა ეს შეამჩნია. რას არ ჩადიოდა, რომ თავისი ამხანაგები გაემხიარულებინა, მაგრამ მათ აღარ ახალისებდათ არც კენჭაობა, არც ცირკი, არც ბანაობა. ტომმა მოაგონა მათ დიდი საიდუმლო და ოდნავ გაამხიარულა. ამით ისარგებლა და ახლა ისინი სხვა გამოგონებით დააინტერესა; ურჩია, დროებით დაენებებინათ თავი მეკობრეობისათვის და გადაქცეულიყვნენ ინდიელებად. ეს აზრი მოეწონათ. სწრაფად გაშიშვლდნენ, თავით ფეხებამდე გაითხუპნენ ტალახით, აჭრელდნენ ზებრებივით. ამასთან სამივენი ბელადები იყვნენ და გაიქცნენ ტყისაკენ ინგლისელთა სოფელზე დასაცემად.
თანდათან გაიყვნენ სამ მოსისხლე ბანაკად. გამოუხტებოდნენ ერთმანეთს საფარიდან საომარი ყიჟინით და მტერს ათასობით ხოცავდნენ, სკალპს აცლიდნენ. გაცხოველებული ბრძოლა იყო და ჩვენი ბიჭები მეტად კმაყოფილნი დარჩნენ.
ვახშმობისას ბანაკში მოიყარეს თავი მშივრებმა და ბედნიერებმა. მაგრამ აქ დაბრკოლება გადაეღობათ: გადამტერებული ინდიელები პურს ვერ გატეხდნენ ერთად, ვიდრე წინასწარ ზავს არ ჩამოაგდებდნენ. ეს კი შეუძლებელი იყო, თუ მშვიდობიანობის ჩიბუხს არ მოსწევდნენ; სხვა საშუალება მათ არ იცოდნენ ზავის ჩამოსაგდებად. ორმა ინანა კიდეც, რატომ მეკობრეებად არ დავრჩით, მაგრამ სხვა გამოსავალი რომ არ იყო, ნაძალადევი მხიარულებით რიგრიგობით გააბოლეს ჩიბუხი.
ბოლოს გაუხარდათ ინდიელებად გადაქცევა, რადგან მოგებულნი დარჩნენ; ამ ჯერზე უკეთ შესძლეს ჩიბუხის მოწევა და აღარ დასჭირვებიათ დანის საძებნელად წასვლა. თავს არც იმდენად ცუდად გრძნობდნენ, რომ სერიოზული რამე დამართნოდათ. ასეთმა წარმატებამ წააქეზა ბიჭები და, რა თქმა უნდა, ცდას აღარ დააკლებდნენ. ვახშმის შემდეგ სიამოვნებით გააბოლეს და საღამომ შესანიშნავად ჩაიარა. მათ სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. ისე ამაყობდნენ თავიანთი ახალი წარმატებით, თითქოს ექვსი ინდიელი ტომისათვის გაეძროთ ტყავი. დაე, ახლა იმათ თუთუნი სწიონ, ილაქლაქონ და იტრაბახონ, უიმათოდაც იოლად წავალთ.

თავი მეთვრამეტე

სამაგიეროდ, ამ შაბათ საღამოს პატარა ქალაქში არავინ არ მხიარულობდა. ჰარპერისა და დეიდა პოლის ოჯახები დიდ ტირილსა და მწუხარებას მისცემოდა და ძაძით შემოსილიყო. მართალია, ეს ქალაქი სხვა დროსაც არ გამოირჩეოდა დიდი მხიარულებით, მაგრამ ახლა უჩვეულო სიჩუმე სუფევდა. საქმეში გართულ მოქალაქეებს დაბნეული გამომეტყველება ჰქონდათ. ისინი თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და ხშირად ოხრავდნენ. შაბათის დასვენება ბავშვებისათვისაც ტანჯვად იქცა. თამაში არ უნდოდათ და თანდათანობით სრულიად მიანებეს კიდეც მას თავი.
საღამო ხანს ბეკი თეტჩერი მოწყენილი დაეხეტებოდა დაცარიელებული სკოლის ეზოში, მაგრამ ვერფერს სანუგეშოს ვერა ხედავდა. ის თავის თავს ელაპარაკებოდა.
- ნეტავ ის სპილენძის ბურთულა მაინც მქონოდა! იმის სახსოვრად არაფერი დამრჩა!
ბეკის გული აუჩუყდა, შემდეგ განაგრძო:
- დიახ, სწორედ აქ მოხდა... შესაძლებელი რომ იყოს იმ შეხვედრის გამეორება, არასგზით არ ვეტყოდი ისეთ მწარე სიტყვებს! მაგრამ ის აღარ არის და მეც ვეღარასოდეს, ვეღარასოდეს ვიხილავ.
ამ აზრმა გული მოუკლა და ცხარედ ატირებული წავიდა შინისაკენ. შემდეგ სკოლის ეზოსთან გოგო-ბიჭების მთელი ხროვა მოგროვდა. ტომისა და ჯოს სკოლის ამხანაგები იყვნენ. ყველანი გაჩერდნენ მესერთან და ეზოში დაიწყეს ცქერა, თანაც მოწიწებით იგონებდნენ, თუ რა ჩაიდინა ტომმა უკანასკნელი შეხვედრის დროს. მოიგონეს ჯოს ნათქვამიც, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ თურმე საშინელი წინასწარმეტყველების გამომხატველი, როგორც ახლა რწმუნდებოდნენ. ამავე დროს, თითოეული მოუბარი გულდაგულ უჩვენებდა იმ ადგილს, სადაც იდგნენ დაღუპული ბიჭები, თან უმატებდა: "მე სწორედ აქ ვიდექი, ისევე, როგორც ახლა ვდგავარ, ის კი ისე იდგა, როგორც ახლა რწმუნდებოდნენ. ამავე დროს, თითოეული მოუბარი გულდაგულ უჩვენებდა იმ ადგილს, სადაც იდგნენ დაღუპული ბიჭები, თან უმატებდა: "მე სწორედ აქ ვიდექი, ისევე როგორც ახლა ვგდავარ, ის კი ისე იდგა, როგორც შენ დგახარ, თანაც ისე იღიმებოდა, რომ პირდაპირ ჟრუანტელმა დამიარა; მაშინ აბა, რა ვიცოდი, რას ნიშნავდა ყველაფერი ის, ახლა კი მესმის!”
ბოლოს კამათი იმაზე ატყდა, თუ ვინ ნახა უკანასკნელად ბიჭები. ბევრმა თავის თავს მიაწერა ეს არცთუ სახარბიელო უპირატესობა, მოჰყავდათ სხვადასხვაგვარი საბუთი, მაგრამ მათ ჩვენებას ახლა სხვები აბათილებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, დაზუსტდა, ვინ ნახა უკანასკნელად დაღუპული მეგობრები და ვინ ელაპარაკა მათ. ეს ბედნიერნი ამაყად გამოიყურებოდნენ, დანარჩენები კი შეჰყურებდნენ მათ და შურით ივსებოდნენ. ერთმა ბიჭმა, მეტი რომ ვერაფერი მოახერხა, თავმომწონედ განაცხადა:
- ტომ სოიერმა ერთხელ ლაზათიანად მიმბეგვა.
მაგრამ ამ დატრაბახებამ ვერავინ გააკვირვა. ამისთანა მიტყეპილები ბევრი იყვნენ; ასე რომ, ეს კვეხნა მეტად იაფფასიანი გამოდგა. ბიჭები გაშორდნენ იქაურობას, თანაც კვლავ დიდი მოწიწებით იხსნებდნენ დაღუპულ გმირებს.
მეორე დილას, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, ეკლესიის ჩვეულებრივი ზარის მაგიერ გაისმა გაბმული რეკვა. მეტად წყნარი დღე იდგა და ზარის სევდიანი ხმა კარგად ეხმარებოდა იდუმალებას, რომელსაც ბუნებაში დაესადგურებინა. მოდიოდნენ მოქალაქეები, ჩერდებოდნენ კარიბჭესთან და ხმადაბლა ლაპარაკობდნენ სამწუხარო ამბის შესახებ. ეკლესიაში აღარავინ ჩურჩულებდა, სკამებისაკენ მიმავალი ქალების სამგლოვიარო კაბების შრიალი თუ არღვევდა იქ გამეფებულ სიწყნარეს. არავის არ ახსოვდა, პატარა ეკლესია ასე გადაჭედილი ყოფილიყო ხალხით. ბოლოს მოლოდინის მდუმარება ჩამოვარდებოდა. ეკლესიაში შემოვიდნენ დეიდა პოლი, სიდი, მერი; ამათ მოჰყვა ჰარპერების ოჯახი, - ყველანი ზაძებში შემოსილნი. ყველა მლოცველი, თვით მოხუცი მღვდელიც კი მოწიწებით ფეხზე წამოდგნენ და იდგნენ იქამდის, ვიდრე დაღუპულთა ნათესავებმა წინა სკამები არ დაიკავეს; კვლავ ჩამოვარდა სიჩუმე, რომელსაც არღვევდა მხოლოდ ყრუ ქვითინი. შემდეგ მღვდელმა აღაპყრო ხელები და დაიწყო წირვა. იგალობეს გულსაკლავი საგალობელი, შემდეგ მღვდელმა წარმოთქვა: "მე ვარ აღდგომა და ცხოვრება”.
მღვდელმა განაგრძო ქადაგება და დაღუპული ბიჭების ყველა ღირსების, მიმზიდველი თვისებისა და იშვიათი ნიჭის ისეთი წარმტაცი სურათი დახატა, რომ დამსწრეებს სინდისმა ქენჯნა დაუწყო; შეწუხდნენ, როცა გაიხსენეს, რომ ყოველთვის ავი თვალით უყურებდნენ საწყალ ბიჭEბს და მხოლოდ ნაკლს და უმსგავსოებას ამჩნევდნენ. მოძღვარი ჰყვებოდა მრავალ ამაღლევებელ ამბავს გარდასულთა ცხოვრებიდან, აღწერდა მათ თვინიერ, კეთილშობილურ ბუნებას. ახლა ყველა დარწმუნდა, რაოდენ საოცხოო, რაოდენ მომხიბლავი იყო მათი საქციელი და გულისტკივილით გაიხსენეს, რომ წინათ ყველაფერი აღმაშფოთებელ, გამათრახების ღირს აბეზრობად ეჩვენებოდათ. მღვდელის სიტყვების გავლენით მსმენელებს გული ისე აუჩუყდათ, რომ ბოლოს ერთბაშად შეუერთდნენ დაღუპულთა ნათესავების ქვითინს. თვით მღვდელმაც თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა კათედრაზე.
უცებ ქანდარაზე რაღაც ხმაური გაისმა, რომელსაც ყურადღება არავინ მიაქცია. ერთი წუთის შემდეგ შემოსასვლელი კარი აჭრიალდა. მღვდელმა ასწია ნამტირალევი თვალები და გაკვირვებისაგან გაშეშდა! ამის დანახვაზე მიიხედა მეორემ, მესამემ... და უცებ, მლოცველნი ადგილიდან წამოდგნენ და თვალი მიაპყრეს სამ მიცვალებულს, რომელნიც საკურთხევლისაკენ მიდიოდნენ: ტომი წინ, მას მისდევდა ჯო, უკან კი მოლასლასებდა, ნაფტლეთებად ქცეულ ტანისამოსში. თურმე სამივენი ქანდარაზე იმალებოდნენ და ყურს უგდებდნენ სამგლოვიარო ქადაგებას.
დეიდა პოლი, მერი და ჰარპერები მისცვივდნენ თავიან მკვდრეთით აღმდგარ ბიჭებს, იხუტებდნენ გულში, ჰკოცნიდნენ; საცოდავი ჰეკი კი იდგა დარცხვენილი და აღარ იცოდა, სად გაქცეოდა ამდენ არამეგობრულ გამოხედვას. ის იყო გაპარვა დააპირა, რომ ტომმა წაავლო ხელი და უთხრა:
- დეიდა პოლი, ასე არ შეიძლება! ჰეკის ნახვაც ხომ უნდა ესიამოვნოს ვინმეს!
- მართალია, გენაცვალე! გულით მიხარია მისი ნახვა, საწყალი ობოლი ბიჭი!
დეიდა პოლიმ მიუალერსა. ისედაც დარცხვენილმა ბიჭმა უფრო მეტი უხერხულობა იგრძნო.
...უცებ მოძღვარმა ხმამაღლა წამოიძახა:
- ადიდეთ ღმერთი, ყოვლისა სიკეთისა მომმადლებელი. იგალობეთ! იგალობეთ მთელი სულითა და გულით!
ამის შემდეგ ყველა გალობას მოჰყვა. ძველებური საგალობელი გრგვინვასავით გაისმა და შეარყია ეკლესიის თაღები. მეკობრე ტომ სოიერი აქეთ-იქით იცქირებოდა, შეჰყურებდა შურით გამსჭვალულ ამხანაგებს და გრძნობდა, მის სიცოცხლეში ეს წუთები ყველაზე საუკეთესო იყო.
როდესაც "გაწბილებული” მრევლი ეკლესიიდან ჯგუფ-ჯგუფად გამოდიოდა, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, თანახმა ვართ კიდევ ერთხელ გაგვაცურონ, ოღონდ ასეთი შთამაგონებელი გალობა მოგვასმენინონო.
ამ დღეს ტომმა დეიდა პოლის ცვალებადი განწყობილების მიხედვით იმდენი წკიპურტი და კოცნა მიიღო, რამდენიც სხვა დროს მთელი წლის განმავლობაში არ ღირსებია. და ძნელად იტყოდით, რაში უფრო მეტად გამოიხატებოდა დეიდის სიყვარული ბიჭისადმი და მადლობა ღმერთისადმი - კოცნაში თუ წკიპურტებში.


თავი მეცხრამეტე

სწორედ ეს იყო ტომის დიდი საიდუმლო: ისეთ დროს უნდა დაბრუნებულიყვნენ, რომ დასწრებოდნენ თავიანთ საკუთარ დასაფლავებას. შაბათს შებინდებისას მორზე შემსხდრებმა გამოცურეს მისურის ნაპირისაკენ, გადმოვიდნენ ქალაქიდან ხუთი-ექვის მილის დაშორებით, ღამე ტყეში გაათენეს. რიჟრაჟზე ქალაქში შეიპარნენ, ყრუ ქუცებით შევიდნენ ეკლესიაში და მაღლა, ქანდარაზე, დამტვრეულ სკამებს შორის გემრიელად გამოიძინეს.
ორშაბათ დილით საუზმის დროს დეიდა პოლი და მერი დიდ გულკეთილობას იჩენდნენ ტომისადმი და ყველა სურვილს უსრულებდნენ. დიდი ხალისით საუბრობდნენ. მუსაიფის დროს დეიდა პოლიმ თქვა:
- კეთილი და პატიოსანი, ტომ. ჩემთვის გასაგებია, სამივეს დიდად გახალისებდათ ხალხის გაწვალება ერთ კვირას. მაგრამ როგორ გამოიჩინე ასეთი გულქვაობა ჩემს მიმართ. თუკი ტივის ერთი მორით შეძელით გამოსვლა საკუთარ დასაფლავებაზე დასასწრებად, ნუთუ არ იქნებოდა, შინ მოგერბინა და როგორმე გენიშნებინა, რომ ცოცხალი ხარ და მხოლოდ გაიქეცი.
- დიახაც შეგეძლო ასე მოქცეულიყავი, ტომ, - თქვა ახლა მერიმ, - და ასეც მოიქცეოდი, რომ მოგფიქრებოდა.
- მართლა, ტომ? ასე მოიქცეოდი? - დეიდა პოლის სევდიანი სახე გაუბრწყინდა, - სთქვი, ტომ, რომ მოგფიქრებოდა, ხომ ასე მოიქცეოდი? - დეიდა პოლის სევდიანი სახე გაუბრწყინდა, - სთქვი, ტომ, რომ მოგაქრდებოდა, ხომ ასე მოიქცეოდი?
- არ ვიცი... მაშინ ხომ არაფერი გამოვიდოდა...
- ოჰ, ტომ, რა იმედი მქონდა, რომ ცოტათი მაინც გიყვარდი! - თქვა დეიდა პოლიმ ისეთი სევდიანი კილოთი, რომ ტომი შეწუხდა, - რომ გყვარებოდი, იქნებ მაშინ მაინც რამე გეფიქრა, გაკეთებაზე აღარაფერს ვამბობ.
- დეიდა, ეგ მაინც დიდი ცოდვა არ არის, - გამოექომაგა მერი, - ტომს ეგ დაბნეულობის გამო მოუვიდა. ის ხომ ყოველთვის ჩქარობს და ამიტომაც აღარაფერი ახსოვს.
- ეგ კიდევ უარესი! სიდი რომ ყოფილიყო, მოვიდოდა და ყველაფერს მეტყოდა! ტომ, დადგება დღე, როცა სანანებლად გაგიხდება, რომ იოტისოდენადაც არ ააფსებს ჩემს სიყვარულს, მაგრამ გვიანღა იქნება.
- დეიდა, თვენ ხომ კარგად იცით, რომ მყვარხართ, - თქვა ტომმა.
- კარგად მეცოდინებოდა, საქმითაც რომ ამტკიცებდე.
- ახლა ძალიან ვნანობ, რომ ვერ მოვიფიქრე. - თქვა ტომმა მონანიების კილოთი, - სამაგიეროდ, სიზმარში გნახეთ. ესეც ხომ რამედ ღირს!
- დიდი არაფერია, კატებიც კი ხედავენ სიზმრებს, თუმცა სულ არარაობას სჯობს. მაინც რა დაგესიზმრა?
- აი, რა, ოთხშაბათს საღამოს დამესიზმრა, ვითომ თქვენ იჯექით საწოლთან, სიდი შეშის ჩასაწყობ ყუთთან იჯდა, მის გვერდით კი მერი...
- ეგ რა, ასედაც ვისხედით. ასე არ ვსხედვართ ყოველთვის?! მაინც მოხარული ვარ, რომ სიზმარმა მაინც მოგაგონა ჩვენი თავი.
- მერე დამესიზმრა, ვითომ აქ იყო ჯო ჰარპერის დედაც.
- ეგეც მართალია, ისიც აქ იყო! კიდევ რა დაგესიზმრა?
- ოო, ბევრი რამ! მხოლოდ ახლა აღარ მახსოვს.
- ეცადე მოიგონო! ნუთუ არ შეგიძლია?
- კიდევ დამესიზმრა, ვითომ ქარმა... ქარმა დაუბერა...
- გაიხსენე, ტომ! რას დაუბერა ქარმა?
ტომმა შუბლზე მიიდო თითი, ყურადღება დაძაბა და თქვა:
- მოვიგონე! მოვიგონე! ქარმა სანთელს დაუბერა.
- ღმერთოO მოწყალეო! შემდეგ, ტომ, შემდეგ?
- შემდეგ თქვენ ვითომ თქვით: მგონია, კარი...
- შემდეგ, ტომ, შემდეგ?
- დამაცადეთ, მომაფიქრებინეთ... ჰო, თქვენ თქვით, მგონი კარი გაიღოო.
- მე სწორედ ეგა ვთქვი, ხომ გახსოვს, მერი? შემდეგ?
- შემდეგ, შემდეგ…აღარ მახსოვს. დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ მგონია, თქვენ სიდი გაგზავნეთ, რომ მას...
- რა იმას, რა... რა ვუთხარი იმას?
- რომ... რომ კარი დაეხურა.
- ღმერთო მოწყალეო! ჩემს დღეში ამისთანა არაფერი მსმენია! მოდი და ამას იქით ნუ დაუჯერებ სიზმრებს! ახლავე გავიქცევი და ვუამბობ მისის ჰარპერს! ვნახოთ, ერთი, კიდევ იტყვის, ყველაფერი ცრუმორწმუნეობააო?! ტომ, განაგრძე, რა მოხდა მერე?
- ახლა კი ყველაფერი მომაგონდა, დეიდა! მერე თქვენ თქვით, რომ მე ცუდი არა ვარ, მხოლოდ ცელქი ვარ, დაბნეული და ისევე მომეკითხება, როგორც... როგორ თქვით? მგონია, კვიცს.
- სწორედ, სწორედ ეგა ვთქვი! ღმერთო მოწყალეო! მერე, ტომ, რა მოხდა?
- მერე იტირეთ.
- ეგეც მართალია, ვიტირე! თანაც პირველად არა. მერე...
- მერე მისის ჰარპერმაც იტირა და თქვა, რომ ჯოც კარგი იყო და ენანება, რომ ნაღების გულისათვის მიტყეპა, ნაღები ხომ თვითონვე გადააქცია.
- ტომ, ეგ ზეციური ძალის გავლებაა! წინასწარმეტყველური სიზმარი გინახავს! მერე, მერე?
- მერე სიდმა თქვა...
- მე, მგონია, არაფერი მითქვამს.
- უკაცრავად, სიდ, შენც თქვი, - გაუსწორა მერიმ.
- გაჩუმდით, ნუ უშლით ტომს! აბა, ტომ, რა თქვი?
- სიდმა თქვა: მე იმედი მაქვს, ტომი კარგად გრძნობს თავს იქ, სადაც არისო. მაგრამ უფრო კარგი რომ ყოფილიყო, მაშინ...
- ოო, ღმერთო ჩემო, გესმით? სწორედ ეს სიტყვები თქვა...
- თქვენ კი ამისათვის სიდი დატუქსეთ!
- ცხადია, დავტუქსავდი. არა, არა, აქ ალბათ ანგელოზი იყო. ნამდვილად ანგელოზმა შთაგაგონა.
- შემდეგ მისის ჰარპერმა გაიხსენა, ჯომ როგორ გაისროლა ფისტონი მის ცხვირწინ, თქვენ კი უამბეთ კატა პიტერისა და წამლის ამბავი.
- ჭეშმარიტებაა!
- მერე დიდხანს ისაუბრეთ იმაზე, როგორ გვეძებდით მდინარეში, რომ კვირას წესის აგებას გვიპირებდით... ბოლოს თქვენ და მისის ჰარპერი ერთმანეთს გადაეხვიეთ, ტირილი დაიწყეთ და ამის შემდეგ ის წავიდა.
- სწორედ ასე იყო! სწორედ ასე! ეგ ისეთივე სიმართლეა, როგორიც ის, რომ ამ ადგილზე ვზივარ. შენი საკუთარი თვალებით რომ გენახა და შენი ყურით მოგესმინა, ტომ, მაშინაც კი ვერ სეძლებდი ასე დაწვრილებით გადმოცემას. მერე რა მოხდა?
- მერე ილოცეთ ჩემთვის და მე მეჩვენა, რომ თქვენი ყოველი სიტყვა მესმოდა. მერე დაწექით. ისე შემეცოდეთ, რომ ავდექი და ხის ქერქზე დავწერე: "ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ჩვენ მხოლოდ გავიქეცით, გვინდა მეკობრეები გავხდეთ”. და დავდე თქვენს მაგიდაზე სანთლის გვერდზე. თქვენ ამ დროს გეძინათ და ძილში ისეთი კეთილი სახე გქონდათ, რომ მოგიახლოვდით, დავიხარე და შიგ ტუჩებში გაკოცეთ.
- მართლა, ტომ, მართლა? ამისათვის კი ყველაფერს გაპატიებ. - და ისე ჩაიკრა გულში, რომ ბიჭმა თავისი თავი უკანასკნელ არამზადად ჩათვალა.
- ძალიან კარგი, თუმცა ეგ ხომ სიზმარი იყო, - ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა სიდმა.
- გაჩუმდი, სიდ, კაცი იმას აკეთებს სიზმარში, რასაც ცხადლივ იზამდა. აჰა, დიდი ვაშლი, რომ გინახავდი, თუ ვინიცობაა დაბრუნდებოდი. ახლა კი წადით სკოლაში. შენი დაბრუნებისათვის მადლობას ვწირავ ღმერთს, მამაზეციერს, რომელიც მარად მომთმენი და მოწყალეა იმათ მიმართ, ვისაც მისი სწამს და ვინც მის მცნებას მიჰყვება და ჩემს მიმართაც, თუმცამე უღირსი ვარ. მაგრამ მის წყალობასა და დახმარებას გაჭირვებაში მარტო ღირსეულნი რომ იღებდნენ, მაშინ იშვიათად თუ ვინმეს ეცოდინება, რა არის სიხარული აქ და საუკუნო ნეტარება იქ, როცა მუდმივი ღამე დაგვიდგება. ახლა კი სასწრაფოდ მომშორდით აქედან, სიდ, მერი, ტომ! ძალიან შემაწუხეთ.
ბავშვები წავიდნენ სკოლაში მოხუცი დეიდა კი მისის ჰარპერთან გაიქცა, რათა მისი ურწმუნოება დისწულის შესანიშნავი სიზმრით დაეთრგუნა. სიდმა საჭიროდ არ სცნო ხმამაღლა ეთქვა ის, რაც თავისთვის გაიფიქრა. გაფიქრებით კი, აი, რა გაიფიქრა: "განა შეიძლება ადამიანმა დაიხსომოს ასეთი გრძელი სიზმარი და არაფერი შეეშალოს?”
ახლა კი ნამდვილად გმირად გადაიქცა ტომი! ის აღარ დახტოდა, აღარც დარბოდა, თავი ამაყად, ღირსეულად ეჭირა, როგორც შეეფერება მეკობრეს, რომელიც გრძნობს რომ ათასი თვალი მისკენ არის მიპყრობილი. მართლაც ასე იყო, მაგრამ თავი ისე ეჭირა, ვითო ვერაფერს ამჩნევდა და არც ესმოდა, რასაც მის შესახებ ამბობდნენ. ნამდვილად კი გული სიხარულით ევსებოდა. უფრო პატარა ბიჭეი ფეხდაფეხ დასდევდნენ, მისი სიახლოვით თავი მოჰქონდათ, უხაროდათ, რომ ტომი კადრულობდა მათ. იფიქრებდით, ტომი მედაფეაო, ან სპილო, რომელიც წინ მიუძღვის ქალაქისაკენ მიმავალ სამხეცეს. ტომის თანატოლნი ისე იქცეოდნენ, ვითო მისი დაკარგვის შესახებ არც არაფერი იცოდნენ, გულში კი საშინლად შურდათ მისი. ყველაფერს მისცემდნენ, ოღონდ მათაც სახე მზით ჰქონოდათ დამწვარი და ისევე სახელმოხვეჭილნი ყოფილიყვნენ. ტომიც თავის მხრივ არც ერთს არ დასთმობდა, ცირკიც რომ ეჩუქებინათ მისთვს.
სკოლაში მოწაფეები ისე ელოლიავებოდნენ ტომსა და ჯოს, მათ დანახვაზე თვალები უბრწყინავდათ, რომ მალე ჩვენმა გმირებმა მეტისმეტი ყოყლოჩინობა დაიწყეს. ისინი შეუდგნენ თავიანთი თავგადასავლის მოყოლას. ამხანაგები სულგანაბულნი უსმენდნენ, მაგრამ მათ მხოლოდ დაიწყეს მოყოლა. მართლაცდა, ასე იოლი ხომ არ იყო დამთავრება, მათ გაზვიადებულ წარმოდგენას ბოლო აღარ უჩანდა, ხოლო, როცა ჯიბეებიდან ამოიღეს თავიანთი თუთუნი და დინჯად გააბოლეს, მათმა განდიდებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია.
ტომმა გადაწყვიტა, გულგრილად მოქცეოდა ბეკი თეტჩერს. მას თავისი სახელიც ეყოფოდა და იცოცხლებდა ამ სახელისათვის. იქნებ ახლა ბეკიმ კიდევაც ისურვოს შერიგება. დაე, ასე მოიქცეს! ის დარწმუნდება, რომ ტომსაც შეუძლია ისევე გულგრილი იყოს, როგორც სხვას. სწორედ ამ დროს მოვიდა ბეკი. ტომმა ვითომ ვერ შეამჩნია იგი, განზე გადგა, შეუერთდა გოგო-ბიჭების ჯგუფს და დაიწყო მუსაიფი. მალე შეასწრო თვალი, რომ ბეკი მხიარულად დარბოდა აქეთ-იქით, სახეაწითლებული და თვალებგაბრწყინებული; ვითომ ძალიან იყო გართული თავისი ამხანაგების დევნით და სიხარულით ჭყიოდა, როცა ვინმეს დაიჭერდა. ტომმა ისიც შეამჩნია, რომ გოგონა ცდილობდა მის ახლოს ყოფნას; როცა ვინმეს დაიჭერდა, თვალს სულ მისკენ აპარებდა. ამან უფრო გააძლიერა ტომის პატივმოყვარეობა, გაჯიუტდა და განზრახვას რომ მიუხვდა, გადაწყვიტა, არ დაეთმო. ბეკიმ მიანება თავი სირბილს, გაუბედავად დაიწყო შორიახლოს სიარული, ხანდახან ოხრავდა და დაღვრემილი მალულად უყურებდა ტომს. უცებ შეამჩნია, რომ ტომი მეტწილად ემი ლორენსს ესაუბრებოდა. მწვავე ტკივილი იგრძნო და შეშფოთდა. შეეცადა იქაურობას გარიდებოდა, მაგრამ მოღალატე ფეხებს ის უფრო ახლო და ახლო მიჰყავდა იმ ჯგუფთან, სადაც ტომი იყო. თითქმის გვერდით ამოუდგა მას და მხიარულად მიმართა ერთ თავის ამხანაგ გოგონას:
- მერი ოსტინ, რატომ არ იყავი საკვირაო სკოლაში, შე ზარმაცო?
- ვიყავი. განა შენ ვერ შემამჩნიე?
- არა, სად იჯექი?
- ოსს პიტერსის კლასში, როგორც ყოველთვის. მე კი გნახე შენ.
- მართლა? საკვირველია, რატომ ვერ დაგინახე. მინდოდა მეთქვა, რომ მალე პიკნიკს ვაწყობთ. დედაჩემი აწყობს ჩემთვის.
- რა კარგია! მერე, მე დამპატიჟებ?
- ცხადია; პიკნიკს ხომ ჩემთვის მართავს. ის ყველას დაპატიჟებს, ვისაც მე მოვისურვებ! მე მინდა შენც იყო.
- რა შესანიშნავია! როდის იქნება?
- მალე, შეიძლება არდადეგებზე.
- წარმომიდგენია, რა მხიარულება იქნება. ბიჭებსა და გოგონებს ყველას დაპატიჟებ?
- ყველას, ვინც ჩემი მეგობარია და ვისაც სურს ჩემთან მეგობრობა. - მან მალულად შეხედა ტომს; მაგრამ ტომი ამ დროს ემი ლორენსს უყვებოდა კუნძულზე მომხდარი საშინელი ქარიშხლის ამბავს; როგორ "აქცია ნაფოტებად” მეხმა დიდი ჭადარი და როგორ იდგა ის, ტომი, იმ დროს იქვე, სულ "სამი ნაბიჯის დაშორებით”.
- შეიძლება მეც მოვიდე? - ჰკითხა გრესი მილერმა.
- კი.
- მე? - ჰკითხა შალი როჟერსმა.
- ცხადია.
- შეიძლება მეც მოვიდე? - იკითხა სუზი ჰარპერმა. - ჯოც?
- ისიც.
ყველა ეკითხებოდა ერთსა და იმავეს და როცა დასტურს იღებდნენ, სიხარულით ტაშს უკრავდნენ, ასე რომ, ბოლოს და ბოლოს თითქმის ყველა დაპატიჟა, გარდა ტომისა და ემისა. ტომი გულდამშვიდებით გატრიალდა, საუბარს განაგრძობდა და თან გაიყოლა ემიც. ბეკის ტუჩები აუკანკალდა, თვალებზე ცრემლი მოადგა, მაგრამ დამალა თავისი აღელვება და ნაძალადევი მხიარულებით გამაგრძო მასლაათი; მან ყოველგვარი ინტერესი დაკარგა პიკნიკისა და, საერთოდ, ყველაფრისადმი; განმარტოვდა ამხანაგებისგან, იპოვა მიყრუებული ადგილი და, როგორც ქალები იტყვიან ხოლმე, "ტირილით გული იჯერა”. სანამ ზარი არ დარეკეს, დაღვრემილი და თავმოყვარეობაშელახული იჯდა. მერე წამოდგა, ნაწნავები უკან გადაიყარა, თვალები შურისგებით აუციმციმდა და ჩაილაპარაკა: ახლა კი ვიცი, როგორ მოვიქცევიო.
დასვენების დროს ტომი ისევ ემის ემუსაიფებოდა მხიარული თვითკმაყოფილებით. თანაც სულ ბეკის ძებნაში იყო, რომ უფრო გამოეჯავრებინა. დაინახა და ხასიათი წაუხდა. ბეკი სკოლის შენობის უკან პატარა სკამზე ჩამომჯდარიყო ალფრედ ტემპთან ერთად. თავები მიეახლოებინათ და ორივენი ისე იყვნენ გართულნი სურათებიანი წიგნის სინჯვით, ეგონებოდათ, გარშემო სრულიად ვერაფერს ვერ ამჩნევენო. ეჭვიანობის გრძნობამ გულ-ღვიძლი აუმღვრია ტომს. თავის თავზე ბრაზი მოუვიდა, რომ უარყო ბეკის სურვილი, შერიგებოდა. თავის თავს სულელი უწოდა და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც კი მოაგონდა. ჯავრით კინაღამ ატირდა. ემი ისევ მხიარულად მუსაოფობდა, სიხარულით ფრთაშესხმული. ტომს კი თითქოს ხმა ჩაუწყდა. ყურს აღარ უგდებდა და, როცა ემი შეჩერდებოდა პასუხის მოლოდინში, ტომი გონებადაფანტული ისეთ პასუხს აძლევდა, რომელსაც არაფერი საერთო არა ჰქონდა ემის ნალაპარაკევთან. მას სულ უფრო და უფრო იზიდავდა სკამი სკოლის შენობის უკან, თუმცა უმსგავსო სანახაობა აღშფოთებდა. იგი თავის თავს ვერ დაეუფლა. ეჩვენებოდა, რომ ბეკი ვერც კი ამჩნევდა მის არსებობას და ეს აგიჟებდა. მაგრამ ბეკი ყველაფერს ხედავდა, თანაც იცოდა, რომ ბრძოლაში გამარჯვება მის მხარეზე იყო და ტომის ტანჯვა ახარებდა. ადრე თვითონ ხომ ასე იტანჯებოდა. ბოლოს ტომს ემის მხიარული ყბედობა მობეზრდა. მოიმიზეზა, რომ წასასვლელია ათას ადგილს, გასაკეთებელი აქვს ათასი საქმე, რომ დრო ეკარგება, მაგრამ სულ ამაოდ: გოგონა არა ჩერდებოდა. "ღმერთო ჩემო! ნუთუ თავიდან ვეღარ მოვიშორებ!” - ფიქრობდა ტომი. ბოლოს განიცხადა, ჩემს საქმეზე უნდა წავიდეო. გულუბრყვილო გოგონამ უპასუხა, გაკვეთილების შემდეგ "აქ სადმე ვიქნებიო”. ტომი სწრაფად გაშორდა მძულვარებით.
"სხვა ვინც უნდა იყოს, - ფიქრობდა ტომი, - თან კბილებს აღრჭიალებდა, - ოღონდ ნუ იქნება ეგ პრანჭია სენლუიდან, რომელსაც თავი არისტოკრატი ჰგონია, აქაოდა კოხტად მაცვიაო. დამაცადე, ხომ მიგტყეპე ქალაქში ჩამოსვლის პირველსავე დღეს, ახლაც გცემ! დამაცადე, პრანჭიავ, მე შენ გაჩვენებ სეირს!” და ისე დაიწყო ხელების ქნევა ჰაერში, თითქოს თავის მოსისხლე მტერს სცემდა და გვერდებს უზელდა. ესეც შენ, ესეც შენ! ხომ მიიღე, გეყოფა? მეორედ აღარ გაბედო! - და ეს წარმოსახვითი ბრძოლა ტომმა ტავისი სრული გამარჯვებით დაამთავრა.
თორმეტ საათზე ტომი შინ წავიდა. მისი სინდისი ვეღარ უძლებდა ემის სიხარულს, თანაც გატანჯა ეჭვიანობამ. ბეკი კვლავ სურათებს სინჯავდა ალფრედთან ერთად. დრო გადიოდა, ტომი კი არსად ჩანდა და ბეკის სიხარულს მწუხარება გადაეფარა, სურათები მობეზრდა; სახე მოეღრუბლა და გონება გაეფანტა. დაღონდა. ორჯერ-სამჯერ ყურები დაცქვიტა ფეხის ხმაზე, მაგრამ ამაოდ, ტომი არ მოდიოდა; ბოლოს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და ნანობდა, რომ საქმე აქამდე მიიყვანა. საწყალი ალფრედი მიხვდა, რომ ბეკი ყურადღებას აღარ აქცევდა, ძალიან ცდილობდა მის გართობას და წამდაუწუმ წამოიყვირებდა: უი, რა კარგი სურათია! აბა, ეს ნახეთ!
ბოლოს გოგონას მოთმინება დაეკარგა და წამოიყვირა: "თავი დამანაბეთ, მომაშორეთ თქვენი სურათები” - ატირდა და წავიდა.
ალფრედი უკან გაედევნა. ეცადა დამშვიდება, მაგრამ მან უთხრა:
- წადით! დამტოვეთ მარტო! მძულხართ!
ბიჭი შეჩერდა, სრულიად ვერ გაიგო, რა ჩაიდინა ასეთი! ხომ თვითონ დაპირდა, დასვენებაზე სურათები გავსინჯოთო, და უცებ კი წავიდა ატირებული... ალფრედი შეფიქრიანებული გაემართა დაცარიელებული სკოლის შენობისაკენ. იგი ნაწყენი იყო გაბრაზებული. მაგრამ ადვილად გაერკვა სინამდვილებში: ალბათ, გოგონა მას მხოლოდ იმიტომ ელაპარაკებოდა, რომ ტომ სოიერი გამოეჯავრებინა. ამ აზრმა უფრო მეტი სიძულვიი აღუძრა ტომისადმი. უნდოდა, რითიმე გადაეხადა სამაგიერო, მაგრამ ისე, რომ თითონ არაფერი დაშავებოდა. ამ დროს თვალი შეასწრო ტომის საკლასო წიგნს. აი, შემთხვევაც!
მან გადაშალა წიგნი სწორედ იმ ფურცელზე, სადაც დავალება ეწერა და მელანი გადაასხა. ბეკიმ სწორედ იმ წუთს შეიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რაც ჩაიდინა ალფრედმა, მაგრამ შეუმჩნევლად გაშორდა. ბეკიმ შინისაკენ მოჰკურცხლა იმ იმედით, რომ ტომს შეხვდებოდა და უამბობდა წიგნის ამბავს. ტომი მადლობას გადაუხდიდა და უსიამოვნებაც დავიწყებას მიეცემოდა. მაგრამ გზაში გადაიფიქრა: მოაგონდა, ტომი რომ განზრახ არ აქცევდა ყურადღებას, როცა პიკნიკის შესახებ ლაპარაკობდა, და ძალიან შერცხვა. გადაწყვიტა, დაე, გაწკეპლონ წიგნის გაფუჭუბისთვის - მისთვის სულ ერთია: მას სძულს ტომი!


თავი მეოცე

ტომი შინ დაღონებული დაბრუნდა. დეიდაც ისე დახვდა, რომ აქაც სანუგეშო არაფერი მოელოდა.
- ტომ, ტყავი უნდა გაგაძროს ადამიანმა, ახი იქნება.
- რა დავაშავე? დეიდა?
- კმარა! მე ბებერი სულელი, გავიჭერი მისის ჰარპერთან, მეგონა, დაიჯერებდა შენს მოჩმახულ სიზმარს, და რა აღმოჩნდა? მას თურმე ჯო გამოუტეხია, რომ იმ ღამეს შენ აქ ყოფილხარ და ჩვენი საუბარი მოგისმენია. არ ვიცი, რა ელის იმ ბიჭს, რომელიც ასე უსინდისოდ ცრუობს! პირდაპირ ცუდად ვხდები, როცა ამაზე ვფიქრობ; ერთი სიტყვა მაინც გეთქვა, რომ არ წავსულიყავი მისის ჰარპერთან და სასაცილოდ არ ავეგდე ყველას.
ახლა კი სხვაგვარად დატრიალდა საქმე; თუ ტომს თავისი დილის ოინი მოსწრებული და მახვილგონიერი ეგონა, ახლა საძაგელი და უბადრუკი ეჩვენა. თავი დაღუნა, არ იცოდა, რა ეპასუხა, ბოლოს თქვა:
- დეიდა, ძალიან ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი. დაუფიქრებლობის ბრალია.
- ჰო, ჩემო კარგო, შენ არასოდეს არ ფიქრობ, არაფერზე არ ფიქრობ, შენი თავის სიამოვნების გარდა. ის ხომ კარგად მოიფიქრე, რომ ჯეკსონის კუნძულიდან წამოსულიყო ღამით და მასხრად აგეგდო მგლოვიარენი, რომ გაგესულელებინე შენი მოგონილი სიზმრით. ჩვენს შებრალებაზე და მწუხარების შემსუბუქებაზე კი სულ არ გიფიქრია.
- დეიდა, ახლა ვგრძნობ, რომ საძაგლად მოვიქეცი, მაგრამ მე არ მინდოდა რამე ცუდი ჩამედინა, პატიოსნებას გეფიცებით, არ მინდოდა. ამას გარდა, იმ ღამეს სრულიადაც არ მოვსულვარ თქვენს დასაცინად.
- მაშ რისთვის მოხვედი?
- იმიტომ, რომ მეთქვა, არ შეწუხებულიყავით, რადგანაც არ დავმხრჩვალვართ.
- ეჰ, ტომ, ტომ! გულით გავიხარებდი, რომ შემეძლოს დაჯერება, მაგრამ ეგ კეთილი აზრი შენს თავში არ გაიჭაჭანებდა. ეს შენც კარგად იცი და მეც...
- მართალს ვამბობ, მაგისთვის მოვედი, დეიდა. დედამიწამ ჩამიტანოს, თუ ვტყუოდე!
- ეჰ, ტომ, ნუ ცრუობ, ეგ ათასჯერ უფრო ცუდია.
- არა ვცრუობ, დეიდა, მართალს ვამბობ! მე მეცოდებოდით, რომ წუხდით და ამიტომ მოვედი.
- რას არ მივცემდი, რომ შემეძლოს მაგის დაჯერება, - ამით ბევრ ცოდვას გამოისყიდდი: თვით შენს გაქცევას და ცუდ საქციელსაც არაფრად არ ჩავაგდებდი. მაგრამ ამის დაჯერება არ ძალმიძს. რატომ მაშინვე არა თქვი?
- იცით რა დეიდა, როცა თქვენ ლაპარაკი ჩამოაგდეთ წესის აგებაზე, უცებ აზრი მომივიდა, შემოვპარულიყავით ეკლესიაში და დავმალულიყავით; ეს ისე საინტერესოდ მეჩვენა, რომ ვეღარაფერი მოვახერხე. ხის ქერქი ისევ ჯიბეში ჩავიდე და დუმილი ვარჩიე.
- რა ქერქი?
- აი, ის, რაზედაც დავწერე, რომ ჩვენ მეკობრეობა დავიწყეთ. ახლა ზალიან ვნანობ, რომ არ გაგეღვიძათ, როცა გაკოცეთ. ძალიან ვნანობ, პატიოსნებას გეფიცებით.
დეიდა პოლის სახეზე გაქრა სიმკაცრის კვალი და თვალები ალერსით გაუბრწყინდა.
- მართლა მაკოცე, ტომ?
- ჰო, მართლა გაკოცეთ.
- შენ დარწმუნებული ხარ?
- რასაკვირველია, დარწმუნებული ვარ.
- რად მაკოცე, ტომ?
- იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხართ იმიტომ, რომ ძილში ოხრავდით და ძალიან შემეცოდეთ.
ეს სიტყვები გულწრფელად ჟღერდა. მოხუცებულს უნებურად ხმა აუთრთოლდა, როცა მიმართა:
- კიდევ მაკოცე, ტომ. მერე კი გაიქეცი სკოლაში და მეტს ნუღარ შემაწუხებ.
როგორც კი ტომი წავიდა, დეიდა პოლი გაეშურა საკუჭნაოსაკენ და მოძებნა დაგლეჯილი ქურთუკი, რომელიც ტომს მეკობრეობის დროს ეცვა. შეჩერდა ქურთუკით ხელში და თავისთვის თქვა:
- არა, არ არის საჭირო! საბრალო ბიჭი; დარწმუნებული ვარ, იცრუა; მაგრამ ასეთი სიცრუე ცოდვა არ არის, რადგანაც შვება მომგვარა. დარწმუნებული ვარ, ღემრთი შეიწყალებს, მას ხომ გულკეთილობით მოუვიდა. მაგრამ მაინც არ მინდა დავიჯერო რომ იცრუა, არ შევამოწმებ.
გადადო იქით ქურთუკი და ერთი წუთით დაფიქრდა. შემდეგ ხელი ორჯერ გაიწვდინა მისკენ, მაგრამ მოაშორა; ბოლოს გაბედა, თან თავი გაიმხნევა: "ეს კეთილი ნების სიცრუეა, კეთილი გულის, - იგი არ ამაღელვებს”. ერთი წუთის შემდეგ ის უკვე კითხულობდა ხის ქერქზე დაჯღაბნილ სტრიქონებს, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და თან ამბობდა:
- მე ამ ბიჭს ათი ათას ცოდვას ვაპატიებ!
კატეგორია: სათვგადასავლო რომანები | ნანახია: 1072 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: