მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 2 » ტომ სოიერის თავგადასავალი(21.22.23.24.25-- თავი)
4:52 PM
ტომ სოიერის თავგადასავალი(21.22.23.24.25-- თავი)
თავი ოცდამეერთე

დეიდა პოლიმ ისეთ სიყვარულით აკოცა, რომ ტომს, რაც გულზე ბოღმა აწვა, უეცრად გაუქრა და გამხიარულდა. გაემართა სკოლისაკენ. ბედმა გაუღიმა: მედოუ-ლეინის დასაწყისში ბეკი თეტჩერს დაეწია. ტომი ყოველთვის განწყობილების მიხედვით მოქმედებდა. არც კი დაფიქრებულა, ისე მიირბინა გოგონასთან და უთხრა:
- დღეს ძალიან საძაგლად მოვიქეცი, ბეკი, და ახლა ძალიან ვნანობ! ჩემს სიცოცხლეში ასე აღარ მოვიქცევი. მოდი, შევრიგდეთ, გინდა?
გოგონა შედგა და ზიზღით შეხედა.
- მეტად მადლობელი ვიქნები, მისტერ ტომას სოიერ, თავს რომ დამანებებდეთ. მე აღარ მსურს თქვენთან ლაპარაკი!
გოგონამ დიდგულად ჩაუარა გვერდზე. ტომი ისე სახტად დარჩა, რომ ვერც კი მოახრეხა ეპასუხა: "მე მენაღვლება! ძალიან კი მოგაქვს თავი, აი!” - როცა დააპირა ამის თქმა, უკვე გვიან იყო, ამიტომ აღარაფერი თქვა, მაგრამ მეტად კი გაცეცხლდა. დაძმარებული შევიდა სკოლის ეზოში და ნატრობდა ბეკი ბიჭი ყოფილიყო, რომ ერთი მაგრად დაეზილა. სწორედ ამ დროს ბეკიმ გვერდზე ჩაუარა და ტომმა მწარედ რაღაცა გადაჰკრა. ბეკიმაც უპასუხოდ არ დატოვა, ისე რომ მათ შორის დიდი განხეთქილება ჩამოვარდა. გაგულისებული ბეკი მოუთმენლობისაგან ვეღარ ისვენებდა: როდის დაიწყება გაკვეთილი, რომ ტომი დასაჯონ წიგნის გაფუჭებისათვის. თუ აქამდე მცირეოდენი სურვილი მაინც ჰქონდა, ალფრედ ტემპლი გამოეჯღავნებინა, ახლა სულ გადაიფიქრა.
საწყალი გოგონა, რას წარმოიდგენდა, რომ არანაკლები უსიამოვნება ელოდა თვითონ მასაც. მასწავლებელი მისტერ დობინსი ხანში შევიდა და მიზანი მაინც ვერ შეისრულა. მისი წარუხოცელი ოცნება იყო ექიმობა, მაგრამ, სიღარიბის გამო, სკოლის მასწავლებლობას ვერ გასცდა. ყოველდღე, სანამ მოწაფეები გაკვეთილს ამზადებდნენ, უჯრიდან ამოიღებდა რაღაცა საიდუმლო წიგნს და გულმოდგინედ კითხულობდა. ეს წიგნი ყოველთვის ჩაკეტილი ჰქონდა. სკოლაში არ დარჩენილა არც ერთი ბიჭი, რომელსაც დიდი სურვილი არა ჰქონოდა ცალი თვალით მაინც ჩაეხედა წიგნში, მაგრამ ამის შემთხვევა არავის მიეცა. თითოეულს თავისებური აზრი ჰქონდა ამ წიგნის შესახებ, მაგრამ სიმართლის გაგება შეუძლებელი გახდა. და, აი, ბეკიმ, კათედრის გვერდზე ჩავლისას, კათედრის უჯრაში გასაღები შეამჩნია: მასწავლებელს გამოღება დავიწყებოდა. განა შეიძლებოდა ასეთი შემთხვევის ხელიდან გაშვება? გოგონამ მიმოიხედა. ირგვლივ არავინ იყო. ერთი წუთის შემდეგ წიგნი უკვე ხელთ ჰქონდა. სათაურმა, რომელიღაც პროფესორის "ანატომია”, ვერაფერში ვერ გაარკვია და ამიტომ დაუწყო წიგნს ფურცვლა... პირველ ფირცელზევე თვალში მოხვდა ლამაზად დახატული და გაფერადებული ადამიანის სხეული, სწორედ იმ წუთს წიგნზე დაეცა რაღაც ჩრდილი: კარებში ტომ სოიერი იდგა, რომელმაც თვალი მოჰკრა სურათს. ბეკიმ ისე სწრაფად დახურა წიგნი, რომ მისდა საუბედუროდ, შუაზე გადახია სურათიანი ფურცელი. საჩქაროდ შეაგდო წიგნი უჯრაში, გადაატრიალა გასაღები და დაიწყო ტირილი სირცხვილისა და ბრაზისაგან.
- ტომ სოიერ! სწორედ რომ საძაგლობაა უკანიდან მიეპაროთ ადამიანს და თვალთვალი დაუწყოთ.
- განა მე ვიცოდი, თქვენ რას აკეთებდით?
- გრცხვენოდეთ, ტომ სოიერ! თქვენ ახლა დამაბეზღებთ... რა უნდა ვქნა, ოჰ, რა უნდა ვქნა? აუცილებლად გამწკეპლავენ, მე კი სკოლაში არასოდეს არ დავუსჯივართ. - ცალი ფეხი დააბაკუნა და თან დაუმატა: - დაე, ასე იყოს, მეც ვიცი რაღაცა! მოიცადეთ, აი, ნახავთ, რაც მოხდება! საძაგელო! საძაგელო! საძაგელო!
და ის ტირილით გავიდა გარეთ.
ტომი გაშტერდა ასეთი მოულოდნელი თავდასხმისაგან. შემდეგ თავისთვის თქვა:
- რა სულელი გოგოა! არასოდეს არ გაუწკეპლავთ სკოლაში! დიდი საქმე იქნება, თუ გაწკეპლეს! გოგონები ყოველთვის ასეთები არიან - მხდალები და მშიშრები. მე, რა თქმა უნდა, არაფერს არ ვეტყვი იმ ბებერ დობინს ამ პატარა სისულელეზე. მე სხვანაირად შემიძლია მივუზღო სამაგიერო, მაგრამ, სულ ერთია, მიხვდება. დობინსი იკითხავს - ვინ გახია ჩემი წიგნიო. არავინ არ უპასუხებს. მაშინ თავიდან გამოიძახებს ყველას სათითაოდ, როგორც სჩვევია და როცა დამნაშავესთან მივა, უმალ სახეზე შეატყობს; გოგონებს ყველაფერი ადვილად ეტყობათ სახეზე. სადა აქვთ სიმტკიცე. უთუოდ გაწკეპლავენ. გაება ბეკი თეტჩერი - ვეღარ დააღწევს თავს.
ცოტა ხანს დაფიქრდა და შემდეგ დაუმატა: - ძალიანაც კარგი. ხომ უნდოდა, მე მომხვედროდა, ახლა თვითონ გამოსცადოს.
ტომი შეუერთდა ეზოში მოთამაშე ამხანაგებს. რამდენიმე წუთის შემდეგ მასწავლებელიც მოვიდა. დაიწყო გაკვეთილები. ტომს მეცადინეობა არცთუ ძალიან აინტერესებდა; ის წამდაუწუმ იხედებოდა იმ მხარისკენ, სადაც გოგონები ისხდნენ და ყოველთვის აღელვება ბეკის სახის გამომეტყველება. სრულიადაც არ უნდა შესცოდებოდა იგი, მაგრამ თავის ვერ იკავებდა და სიბრალულით იმსჭალებოდა. არც არავითარ სიხარულს არ გრძნობდა. მასწავლებელმა მალე აღმოაჩინა, რომ ტომის წიგნი დათხუპნული იყო მელნით, და ტომს ახლა თავის საკუთარ თავზე უნდა ეფიქრა. ბეკი გამოერკვა თავისი მდგომარეობიდან, მეტად დაინტერესდა, რა მოხდებოდა. იგი ფიქრობდა, ტომი ვერ გადაურჩებოდა დასჯას, თუ განაცხადებდა, მელანი მე არ დამისხიაო. არც მოტყუებულა. უარის თქმამ უფრო გაფუჭა საქმე. ბეკის ეგონა, გაუხარდებოდა, ცდილობდა კიდეც გახარებოდა, მაგრამ ადვილი არ გამოდგა. როცა საქმე ცუდად წავიდა, სურვილი ჰქონდა წამომდგარიყო და ეთქვა: ეს ალფრედ ტემპლმა ჩაიდინაო, მაგრამ თავი აიძულა წყნარად მჯდარიყო; იგი ამბობდა თავისთვის: "სულ ერთია, დამაბეზღებს, იტყვის, რომ სურათი მე გავხიე. კრინტსაც არ დავძრავ, თუნდაც ეს აუცილებელი გახდეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად”.
ტომმა გაუძლო სასჯელს და არხეინად დაჯდა თავის ადგილზე; იფიქრა, იქნებ თამაშობის დროს შემთხვევით წიგნს მე თვითონ გადავასხი მელანიო. რაც შეეხება დანაშაულს, განგებ იუარა, რადგან წესად ჰქონდა, პრინციპის გამო არ გადაეთქვა თავისი სიტყვა.
გავიდა ერთი საათი. მასწავლებელი იჯდა და თავს აკანტურებდა, მოწაფეები ძილის მომგვრელად ზუზუნებდნენ: გაკვეთილს ამზადებდნენ. მალე მისტერ დობინსი გაიზმორა, დაამთქნარა, გააღო უჯრა და გაუბედავად წაატანა ხელი წიგნს, თითქოს არ იცოდა, ამოეღო თუ არა. მოწაფეთა უმრავლესობა მოწყენილი თვალებით უმზერდა მას, მაგრამ ორი მათგანი კი გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს მის ყოველ მოძრაობას. რამდენიმე ხანს მისტერ დობინსი უგულისყუროდ ატრიალებდა ხელში წიგნს. შემდეგ ამოიღო, მოხერხებულად დაჯდა და მოემზადა საკითხავად. ტომმა შეხედა ბეკის. გოგონა უმწეო ბაჭიას ჰგავდა, რომელსაც თოფი დაუმიზნეს. ტომს სრულიად გადაავიწყდა მასთან ჩხუბი. საჩქაროდ უნდა მოიფიქროს რაიმე, არ შეიძლება დახანება ერთი წუთითაც კი! მაგრამ მოახლოებულმა საშიშროებამ მთლად გამოფიტა მისი გონება. უცებ შესანიშნავი რამ მოაფიქრდა! ის გაექანება, გამოსტაცებს მასწავლებელს წიგნს ხელიდან, გავარდება გარეთ და გათავდა! ეს ცოტა ხანს შეყოყმანდა და უკვე ხელიდან გამოეცალა შესაფერისი წუთი: მასწავლებელმა გადაშალა წიგნი. ოო, შესაძლებელი რომ იყოს დაკარგული წუთის დაბრუნება! "უკვე გვიან არის, ახლა ბეკის აღარაფერი გადაარჩენს!”, - ფიქრობდა თავისთვის ტომი. ერთი წუთიც და მასწავლებელმა მთელ კლასს გადაავლო თვალი. ყველამ თვალები დახარა, ვერ გაუძლეს მზერას. მის თვალებში რაღაცა ისეთი გამოკრთოდა, რომ უდანაშაულონიც კი აკანკალდნენ შიშისაგან. სიჩუმე ჩამოვარდა, ათამდის დათვლასაც კი მოასწრებდით. მასწავლებელი, ასე ვთქვათ, ბალღამს აგროვებდა, ბოლოს წარმოთქვა:
- ვინ დახია წიგნი?
კლასში ისეთი სიჩუმე ჩამვარდა, რომ ქინძისთავის დავარდნასაც გაიგონებდით. დუმილი გრძელდებოდა, მასწავლებელი თითოეულს რიგრიგობით მისჩერებოდა სახეში, რომ დამნაშავე ეპოვა.
- ბენჯამენ როჯერს, შენ გახიე ეს წიგნი?
უარყოფითი პასუხი. კვლავ დუმილი.
- ჯოზეფ ჰარპერ, შენ?
კვლავ უარყოფა. ტომის მოუსვენრობა ძლიერდებოდა; ეს კითხვები და პასუხები მისთვის ნამდვილი წამება იყო. მასწავლებელმა დაკითხა ბიჭები, ერთხანს შეყოვნდა და ახლა გოგონებზე გადავიდა.
- ემი ლოურენს?
მან თავი გაქნია.
- გრესი მილერ?
- იმანაც უარი თქვა.
- სუზენ ჰარპერ, შენ გახიე?
კვლავ უარყოფითი პასუხი. ჯერი მიდგა ბეკი თეტჩერზე. ტომი თავიდან ფეხებამდის თრთოდა აღელვებისა და გამოუვალი მდგომარეობის გამო.
- რებეკა თეტჩერ (ტომმა შეხედა: სახე მთლად გათეთრებოდა შიშისაგან), შენ ხომ არ გახიე... არა, შემომხედე პირდაპირ (ბეკიმ მუდარით აღაპყრო ხელები)... შენ ხომ არ გახიე წიგნი?
ტომს უცებ ელვასავით გაურბინა რაღაც აზრმა: ფეხზე წამოიჭრა და დაიყვირა:
- მე გავხიე!
მთელი კლასი გაკვრვებული იყო ამ წარმოუდგენელი სისულელით. ტომი ერთი წუთით შეჩერდა, რომ თავისი დაბნეული აზრები მოეკრიბა; და როცა ბოლოს გაემართა იმ კუთხისაკენ, სადაც მას დასჯა მოელოდა, გაკვირვება, აღფრთოვანება და უზომო მადლობა ამოიკითხა ბეკის თვალებში, რაც ათასი წკეპლის დარტყმას გადაატანინებდა. ისე კმაყოფილი იყო თავისი დიდსულოვნებით, რომ სრულიად უხმოდ გადაიტანა შეუბრალებელი სასჯელი, რომელიც მისტერ დობინსმა თავს დაატეხა. ასევე გულგრილად მიიღო დამატებითი სასჯელი - სკოლაში ორი საათით დარჩენა გაკვეთილების შემდეგ. მას კარგად იცოდა, ვინც დაელოდებოდა გარეთ, სანამ ტყვეობიდან გაათავისუფლებდნენ და ამიტომ კლასში მოწყენით ჯდომა დიდ უბედურებად აღარ მიაჩნდა.
იმ ღამეს, ძილის წინ, ტომი ალფრედ ტემპლის წინააღმდეგ შურისგების გეგმებს აწყობდა. დარცხვენილმა ბეკიმ მონანიებით უამბო მას ყველაფერი, თავისი ღალატი არ დაუმალავს, მაგრამ შურისგების სურვილი მალე შეცვალა უფრო სასიამოვნო ფიქრებმა. ბოლოს ტომს ჩაეძინა. ყურებში კი ისევ ჩაესმოდა ბეკის უკანასკნელი სიტყვები:
"ტომ, რა კეთილშობილი ხარ”.


თავი ოცდამეორე

არდადეგები ახლოვდებოდა. მუდამ მკაცრი მასწავლებელი ახლა უფრო ულმობელი და მომთხოვნი გახდა: ზალიან უნდოდა მის მოწაფეებს გამოცდებზე თავი ესახელებინათ. მისი ჯოხი და სახაზავი ერთ წუთსაც არ ისვენებდა, განსაკუთრებით უმცროს კლასებში. მხოლოდ 18-20 წლის ასაკის ჭაბუკები და ქალიშვილები თუ იყვნენ გადარჩენილი ამ სასჯელს. მისტერ დობინსს მეტად მძიმე ხელი ჰქონდა. თუმცა მელოტ თავს პარიკით იმალავდა, მაგრამ ის ჯერ მხოლოდ შუახნის იყო, ჯანღონით სავსე ვაჟკაცი. რამდენადაც ახლოვდებოდა გამოცდები, იმდენად უფრო მეტი ძლიერებით იჩენდა თავს მისი ულმობლობა: თითქოს ნეტარებას ჰგვრიდა, დაესაჯა მოწაფეები, თუმდაც სულ უბრალო დანაშაულისათვის. საცოდავი პატარა ბიჭები მთელი დღე შიში ცახცახებდნენ, რამე კი არეძინათ და შურისძიების გეგმებს ადგენდნენ, სულ მცირე შემთხვევასაც კი არ უშვებდნენ ხელიდან, რათა უსიამოვნება მიეყენებინათ მისთვის. მაგრამ მასწავლებელიც არ ჩამორჩებოდა მათ. სულ უბრალო უსიამოვნებისთვის პატარა ბიჭEბი ისეთ საშინელ სასჯელს იღებდნენ, რომ ყოველთვის სასტიკად დამარცხებულნი ბრუნდებოდნენ ბრძოლის ველიდან. ბოლოს ნამდვილი შეთქმულება მოაწყევს. რაღაც გადაწყვიტეს და გამარჯვების იმედიც დიდი ჰქონდათ. ტავიანთი საიდუმლო გაანდეს მხატვრის შვილს და სთხოვეს დახმარება. მხატვრის შვილი აღტაცებაში მოვიდა და საკვირველი არც იყო: მასწავლებელი მათ ოჯახში სადილობდა და ბევრი საბაბი ჰქონდა მისი სიძულვილის. თითქოს ბედზე, მასწავლებლის ცოლი სტუმრად აპირებდა წასვლას სოფელში რამდენიმე დღით; ასე რომ, არაფერი არ შეუშლიდა ხელს მათი გეგმის განხორციელებას. მასწავლებელს ჩვეულებად ჰქონდა კარგად გადაეკრა დიდმნიშვნელოვან დღეებში. მხატვრის შვილმა თქვა: როცა გამოცდის წინ გამოთვრება და ჩაეძინება სავარძელში, ამ საქმეს "მოვაკვარახჭინებო”. მერე, როცა დრო დადგება, გავაღიძებ და სკოლაში გამოვგზავნიო.
დადგა ეს სანატრელი დროც. საღამოს რვა საათისათვის სკოლის შენობა გაჩირაღდნებული იყო და მორთული ყვავილებისა და ფოთლების გვიგვინებითა და გრეხილებით. მასწავლებელი გამოჭიმულიყო ამაღლებულზე შემდგარ დიდ სავარძელში. მის უკან იდგა საკლასო დაფა. მასწავლებელს სახეზე ეტყობოდა, რომ ზორბად იყო ნასვამი. მის მარჯვნივ და მარცხნივ სკამების სამ-სამი რიგი, ხოლო პირდაპირ ექვსი წინა რიგი ეკავა ქალაქის წარმომადგენლობას და მოწაფეთა მშობლებს. მარცხნივ, მაყურებელთა უკან, მოწყობილი იყო დროებითი ფართო ესტრადა, სადაც ისხდნენ გამოცდებში მონაწილე მოსწავლეები: მწკრივად ისხდნენ პატარა ბიჭები, კარგად პირდაბანილნი და ისე კოხტად ჩაცმულნი, რომ თავს მეტად უხერხულად გრძნობდნენ; მწკრივადვე ისხდნენ მოუხეშავი, მოწიფული ბიჭები. თეთრად გაჰქონდათ ქათქათი მწკრივად ჩამომსხდარ პატარა გოგონებსა და ქალიშვილებს. ამ უკანასკნელთ ეუხერხულებოდათ ტიტველი მკლავებისა, რომლებიც შემკული იყო ბებიის ნაჩუქარი ძველებური სამაჯურებით; ვარდისფერი და ცისფერი ლენტების, ყვავილების რომლებიც თმებში ჰქონდათ დატანებული. დანარჩენი ნაწილი დარბაზისა ეკავათ იმ მოსწავლეებს, რომელნიც მონაწლეობას არ იღებდნენ გამოცდებში.
დაიწყო გამოცდები. თითსტოლა ბიჭი წამოდგა და დარცხვენით წაიტიკტიკა ლექსი: "ვინ იფიქრებდა, - ვუცქერდი იჭვით, რომ ლექსს იტყოდა პატარა ბიჭი”. თანაც ხელებს ისე კრყნჩხავდა და შლიდა, გეგონებოდათ, მანქანაა და რაღაც გაფუჭებიაო. შიშისაგან გულგახეთქილმა, როგორ იყო, თავი დააღწია გაჭირვებას. იგი დააჯილდოვეს ტაშისცემით, მან კი წინასწარ შესწავლილი წესით თავი დაუკრა საზოგადოებას და მიიმალა.
პატარა მორცხვმა გოგონამ წაიკითხა "მერის ჰყავდა ბატკანი”, სიბრალულის მომგვრელი რევერანსი გააკეთა და მთლად გაწითლებული და კმაყოფილი დაჯდა თავის ადგილზე. ტაშისკვრით დააჯილდოვეს ეს გოგონაც.
შემდეგ დიდი დარდიმანდობით გამოვიდა ტომ სოიერი და წაიკითხა უკვდავი ლექსი: "მომეცით თავისუფლება ან მომანიჭეთ სიკვდილი!” დიდი შთაგონებით კითხულობდა და ხელებს ფართოდ შლიდა; მაგრამ როცა ნახევრამდის მივიდა, ენა დაება. რაღაც გამოუთქმელმა შიშმა შეიპყრო; ფეხები აუკანკალდა, ყელში რაღაც მოებჯინა და ვერც ერთი სიტყვის თქმა ვეღარ შეძლო. მართალია, მსმენელები თანაუგრძნობდნენ, მაგრამ ისინი დუმდნენ და ეს დუმილი უფრო აწუხებდა ტომს, ვიდრე მათი თანაგრძნობა. მასწავლებელმა შუბლი შეიკრა და ამან ბოლო მოუღო ბიჭს. შეეცადა განეგრძო, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა; საშინლად დარცხვენილი ჩამოვიდა ძირს. თითო-ოროლამ სცადა ტაშის დაკვრა, მაგრამ უშედეგოდ.
ამას მოჰყვა: "ბიჭი ცეცხლწაკიდებული გემის ბაქანზე”, "ასირიელნი მიიწევდნენ” და სხვა ნიმუშები სცენაზე წასაკითხად. შემდეგ გაიმართა შეჯიბრება კითხვასა და მართლწერაშიო. ახალი პროგრამის წამყვანი ნომრის ჯერი დადგა. ახალგაზრდა ქალიშვილებს უნდა წაიკითხათ საკუთარი თხზულებანი. თითოეული მათგანი რიგრიგობით გამოდიოდა მსმენელების წინ, ხმას ამოისუფთავებდა, გაშლიდა ხელნაწერს, რომელიც ლამაზი ლენტით ჰქონდა შეკრული და იწყებდა კითხვას. თითოეული ყურადღებას ამახვილებდა გამოთქმასა და სასვენი ნიშნების დაცვაზე. ამ ნაწერების თემები იგივე იყო, რაც მათ დედებს, ბებიებსა და ბებიის ბებიებს, ჯვაროსანთა ლაშქრობის დროიდან მოყოლებული, უწერია: "მეგობრობა”, "რელიგიის როლი ისტორიაში”, "მოგონება წარსულთა დროთა”, "ოცნების სამყარო”, "კულტურის უპირატესობა”, "სიყვარული მშობელთა”, "იდუმალი ოცნება” და სხვა...
ყველა ამ თხზულების ძირითად თავისებურებას შეადგენდა მეტად სათუთი მელანქოლია. მეორე თავისებურება გახლდათ ლამაზი სიტყვების მთელი ნიაღვარი. მესამე თავისებურება - ხელოვნურად შეთითხნილი სიტყვები და ფრაზები უკიდურესად გაცვეთილი ხშირი ხმარებისაგან. ყველა ეს ნაწერი იმ მავნე თვისებით გამოირჩეოდა, რომ მთავრდებოდა დახავსებული, აუტანელი, კუდმოცვეთილი მორალით. რა თქმაც უნდა ყოფილიყო, ავტორს ტვინიდან უნდა გადმოეწურა ისეთი დარიგება, რომელიც ჩააფიქრებდა და სარგებლობას მოუტანდა მორწმუნე და მაღალზნეობრივ ადამიანს. ამ მორალის სიყალბე ყველასათვის ნათელია, მაგრამ მისი განდევნა სკოლებიდან შეუძლებელია ახლაც და იგი, ალბათ, შემორჩება სკოლებს იქამდე, სანამ დედამიწა იარსებებს. მთელს ჩვენს ქვეყანაში ვერ იპოვნით ისეთ სკოლას, სადაც გოგონებს ვალდებულებად არ მიაჩნდეთ, თავიანთი თხზულებანი რელიგიური ქადაგებით დაასრულონ. რაც უფრო თავაშვებული და ნაკლებად მორწმუნეა რომელიმე მოწაფე ქალი, მით უფრო ღვთისმოსავი, გრძელი და მკაცრია მისი თხზულების მორალი. თუმცა კმარა ამაზე ლაპარაკი, მწარე სინამდვილე არავის არ მოსწონს. უმჯობესია, გამოცდებს დავუბრუნდეთ. ყველაზე პირველად წაკითხული თხზულების სათაური იყო - "აი, რა ყოფილა ცხოვრება” იქნებ მკითხველს ეყოს მოთმინება, თუნმდაც ამ მოკლე ნაწყვეტის მოსასმენად:
"ცხოვრების ჩვეულ ბლიკებზე რა მღელვარებით ელიან ახალგაზრდები დიდი ხნის ნანატრ რაიმე დღესასწაულს. მათ წარმოდგენაში ეხატებათ დროისტარების ვარდისფერი სურათები. მოდების განებივრებული თაყვანისმცემელი ოცნებაში ხატავს თავის თავს მოზეიმე და აღფრთოვანებული ბრბოს შუაგულში. თოვლივით ქათქათა ქსოვილებში გახვეული მისი თვალები ყველაზე ნათლად ბრწყინავენ, მისი ნაბიჯი ყველაზე უფრო მსუბუქია ამ მოზეიმე ბრბოში. საამო ფიქრებში დრო სწრაფად გადის და დგება სანატრელი წამი, როცა მას შეუძლია შეაღოს კარი იმ სამოთხისა, რომელზედაც ასეთი გზნებით ოცნებობდა, როგორ წარმტაცად ეჩვენება ყველაფერი მის მოჯადოებულ მზერას! ყოველი ახალი ხილვა სულ უფრო ხიბლავს მას. მალე რწმუნდება იმაში, რომ ამ მშვნიერების უკან ყველაფერი ამაოებაა. ცბიერება, რომელიც მის სულს ესოდენ ატკბობდა, ახლა მხოლოდ მის სმენას აღიზიანებს, სამეჯლისო დარბაზი ჰკარგავს მომხიბლაობას. ჯანმრთელობაშერყეული, გულდაკოდილი ქალიშვილი სტოვებს იქაურობას და თან მიჰყვება რწმენა: ვერავითარი მიწიერი სიამენი ვერ დააკმაყოფილებენ მის სულიერ სწრაფვას!”.
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კითხვას ერთთავად თან ახლდა მოწონების ჩემი შეძახილები: "რა მშვენიერია! რა ენამზიანი! რა სწორია!
და სხვ. და როცა მთელი ეს გულისგამაწყალებელი თხრობა დაგვირგვინდა გაცვეთIლი მორალით, ყველამ აღტაცებით დაუკრა ტაში.
შემდეგ წამოდგა გამხდარ-გამხდარი, სევდიანი გამომეტყველების ქალიშვილი, რომელსაც პირზე ფერი აღარ ედო აბების ხმარებისა და კუჭის მოუნელებლობის გამო და წაიკითხა "პოემა”.
ამ პოემის რამდენიმე სტროფის მოყვანაც საკმარისია:

მისურელი ქალის დამშვიდობება ალაბამასთან

გემშვიდობები, ალაბამავ! მიყვარხარ ძლიერ,
მაგრამ ამჯერად მე დროებით დატოვო უნდა,
შენზე ფიქრებმა და დარდებმა კინაღამ მძლიეს
და შენმა მწველმა მოგონებამ სული დასუდრა.

ფერად ყვავილებს მიმზადებდა ტყე უდაბური
და ტალაპუზას ნაპირებზე კითხვას რა სჯობდა,
შმაგ ტალასიის ზვირთებისთვის მიგდია ყური
და კუსას პირას დამინახავს ცის რიჟრაჟOბა.

მე სირცხვილს მაინც აღარა ვგრძნობ,
თუ მწყდება გული,
განა უცხოელთ სიყვარულით ვარ დაისრული,
განა უცხოთა ქვეყანაში ვარ მიმავალი!

აქ სიყვარული მიგრძვნია მე, აბა რა მეტი?
აქ, სადაც მრჩება მონდორ-ველთა ზურმუხტი, ლალი,
დაე, დამევსოს ეს თვალები, გამიხმეს tete-ი
თუ შეგაქციო, ალაბამავ, გული, ალალი.

მსმენელთაგან ცოტამ თუ იცოდა, რას ნიშნავდა tete, მაგრამ პოემა მაინც მოეწონათ.
ამის შემდეგ გამოვიდა შავგვრემანი, შავთვალწარბა, შავთმიანი ქალიშვილი. გააკეთა მნიშვნელოვანი პოუზა, მიიღო ტრაგიკული გამომეტყველება და თავშეკავებით დაიწყო:

გამოცხადება

"ბნელი და ქარიშხლიანი ღამე იყო. ცის კაბადონზე არც ერთი ვარსკვლავი არ ბრწყინავდა. სამაგიეროდ, განუწყვეტლივ გაჰქონდა გრიალი ჭექა-ქუხილს. მალიმალ შემზარავად იკლაკნებოდა ელვა და აშუქებდა მოპირქუშებულ ცას, თითქოს არაფრად არ აგდებდა იმას, რომ გამოჩენილმა ფრანკლინმა დათრგუნა მისი სისასტიკე. შმაგ ქარსაც დაეტოვებინა თავისი ბუნაგი და ძლიერად ქროდა, თითქოს სურდა, უფრო შემზარავი გაეხადა ისედაც გაშმაგებული ბუნება. ამ სიბნელეში ამ მრისხანე ჟამს სული ჩემი ლამობდა ადამიანის თანაგრძნობას, მაგრამ მის ნაცვლად მომევლინა ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი მრჩეველი, ნუგეშისმცემელი მწუხარებასა და სიხარულში.
ვიდოდა იგი, ვითარცა ციური ქმნილება, რომლის მსგავსი მხოლოდ ოცნებაში წარმოესახება ახალგაზრდა რომანტიული სულის ადამიანს. ვიდოდა ედემის გასხივოსნებულ გზებზე მშვენიერების დედოფალი, რომელსაც თვალმარგალიტი კი არ ამშვენებს, არამედ საკუთარი სწორუპოვარი სიტურფით გამოირჩევა. ისეთი ჩუმი და უხმო იყო მისი ნაზი ნაბიჯი, რომ თუ არა მისი მოახლოების ჯადოსნური თრთოლვა, ჩაივლიდა შეუმჩნევლად სხვა მშვენიერთა მსგავსად, რომელნიც თავიანთ სიტურფეს არ აჩენენ. დეკემბრის სამოსზე შეყინული ცრემლებივით ემჩნეოდა რაღაც გამოუცნობი სევდის კვალი სახეზე, როცა მან თითით მიჩვენა მტრულად განწყობილი სტიქიონების ბრძოლა და მიბრძანა, მიმეპყრო ფიქრნი იმ ორისათვის, რომლებიც იქ იყვნენ”.

ამ საშინელებას მთელი ათი გვერდი ეჭირა და მთავრდებოდა იგი არაჩვეულებრივად მკაცრი ქადაგებით. მძიმე სასჯელით ემუქრებოდა ყველა იმას, ვინც პრესვიტერიანულ ეკლესიას არ ეკუთვნოდა. ამიტომაც, უმაღლესი ჯილდო სწორედ ამ თხზულებას არგუნეს. ქალაქის თავმა, როცა ავტორს გაუწოდა ჯილდო, თბილი სიტყვა წარმოთქვა და ირწმუნებოდა, არასოდეს არ მომისმენია ასეთი მჭერმეტყველური თხზულება. თვით დანიელ უემბსტერიც კი იამაყებდა ასეთი მჭერმეტყველებითო.
აქ გაკვრით უნდა აღინიშნოს, როგორც ყოველთვის, ახლაც ცოტა როდი იყო ისეთი თხზულებები, რომლებშიც სიტყვა "მომაჯადოებელი” ერთთავად მეორდებოდა, ხოლო ადამიანური გამოცდილება "ცხოვრების ფურცლად” იწოდებოდა.

ღვინის გავლენით დიდსულოვნებამდე მისულმა მასწავლებელმა თავისი სავარძელი გვერდზე გადადგა, ზურგი შეუქცია მსმენელთ და დაფაზე დაიწყო ამერიკის რუკის ხატვა, რომ ახალ გეოგრაფიაში გამოეცადა მოწაფეები. მაგრამ ხელი არ ემორჩილებოდა და მთელ კლასში გაისმა თავშეკავებული ხითხითი. მან იცოდა, რაშიც იყო საქმე და ცდილობდა, გამოესწორებინა: წაშალა დახაზული და დაიწყო ახლად, მაგრამ უფრო ცუდად გამოდიოდა და ხითხითი უფრო ძლიერდებოდა. მან მთელი გულისყური მუშაობას მიაპყრო, რომ ბოლო მოეღო ამ უადგილო მხიარულებისათვის. მასწავლებელი გრძნობდა, რომ ყველას თვალები მას მისჩერებოდა; ეგონა, საქმე გამოსწორდაო, მაგრამ კლასში სიცილი არ წყდებოდა, პირიქით, თანდათან ძლიერდებოდა. არც საკვირველი იყო! სწორედ მასწავლებლის თავზე, ჭერში, სხვენზე ასასვლელი ჭრილი იყო. იქიდან ნელ-ნელა ეშვებოდა თოკზე მიბმული კატა. კატას ყბები ახვეული ჰქონდა ჩვრით, რომ არ ეკნავლა. კატა ნელ-ნელა ეშვებოდა ძირს, მთელი ტანით იკლაკნებოდა, ხან ზევით მიიწევდა, უნდოდა თოკი დაეჭირა ბრჭყალებით, ხან ძირს იწვევდა, რომ რამეს მოსჭიდებოდა. ხითხითი ძლიერდებოდა. კატას რამდენიმე გოჯიღა აკლდა და მისწვდებოდა კიდევაც თავის საქმეში გართულ მასწავლებელს... ცოტა ქვევით... კიდევ ქვევით... წამიც, და კატა გამწარებული დააცხრა თავისი ბრჭყალებით მის პარიკს... კატა თავისი ნადავლით უცებ აიტაცეს ზევით. დობინსის მელოტმა თავმა ლამპის სინათლეზე ლაპლაპი დაიწყო: მხატვრისს შვილს მოეხერხებინა პარიკის მოვარაყება შიგნიდან.
ამის შემდეგ კრებაც დაიშალა. ბიჭებმა ჯავრი ამოიყარეს. დადგა არდადეგები.


თავი ოცდამესამე

ტომი შევიდა ახალ "სიფრთხილის ჭაბუკ მეგობართა საზოგადოებაში”; მას ხიბლავდა "წარჩინების ნიშნები”, რომლებსაც იქ ურიგებდნენ. პირობა დასდო, რომ აღარ მოსწევდა, აღარ დაღეჭავდა თუთუნს, არც ცუდ სიტყვებს იხმარდა, სანამ საზოგადოების წვერი იქნებოდა. ამის შემდეგ მან ერთი ჭეშმარიტება აღმოაჩინა: თუ გინდა, კაცმა რაიმე ჩაიდინოს, პირობა დაადებინე, ამას არასოდეს გავაკეთებო. უებარი საშუალებაა. ტომს მაშინვე მოუნდა გინებაც და ლოთობაც. ეს სურვილი დღითი დღე უძლიერდებოდა და უთუოდ გავიდოდა კიდეც საზოგადოებიდან, მაგრამ ერთი რამ აჩერებდა: სურდა, ხალხში ალისფერი ხელსახვევით გამოჩენილიყო. ახლოვდებოდა ოთხი ივლისი, თუმცა სიფხიზლის ტყვეობაში ყოფნის მესამე დღესვე გადაავიწყდა ეს და მთელი იმედები სიკვდილის პირზე მყოფ მოხუც მომრიგებელ მოსამართლე ფრეზერზე დაამყარა, დიდი კაცია და, ალბათ, დიდი ამბითაც დაასაფლავებენო. სამი დღე ზედიზედ სულ მოსამართლის ჯანმრთელობას კითხულობდა და ახალი ამბების მოლოდინში ყურებდაცქვეტილი იყო. ზოგჯერ ისეთი იმედი ეძლეოდა, რომ თამამად იღებდა თავის წარჩინების ნიშნებს და სარკესთან ირგებდა. მაგრამ მოსამართლე ხან კარგად იყო, ხან ცუდად. ბოლოს ხმა გავრცელდა: ავადმყოფი მომჯობინდა, ხოლო შემდეგ - სულაც გამოჯანმრთელდაო. ტომი აღშფოთდა, გეგონებოდათ, ვინმემ აწყენინაო; მაშინვე საზოგადოებიდან გამოვიდა. მოსამართლე კი იმ ღამეს ცუდად შეიქნა და გარდაიცვალა. ტომმა გადაწყვიტა, ამის შემდეგ აღარავის დავუჯერებო. მოსამართლე დიდი ამბით დაასაფლავეს. "სიფრთხილის საზოგადოების” ჭაბუკი წევრები ისე თავმომწონედ მიაბიჯებდნენ, რომ მათი ყოფილი ამხანაგი ლამის შურით გულზე გასკდა.
სამაგიეროდ, ტომი ახლა უკვე თავისუფალი იყო და ესეც ხომ რამედ ღირდა! მას შეეძლო ლოთობითა და გინებით გული ეჯერა. მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ! რაკი აღარ უშლიდნენ, აღარ იზიდავდა.
ტომმა მალე გაოცებით შენიშნა, რომ მისთვის მოსაწყენი ხდებოდა ის არდადეგები, რომლებზედაც ამდენს ოცნებობდა.
დღიურის წერაც კი წამოიწყო, მაგრამ სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და თავი მიანება.
ქალაქში ჩამოვიდა ზანგთა ორკესტრი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე. ტომმა და ჯო ჰარპერმა ბიჭებისაგან თავისი ორკესტრი შეადგინეს და ორ დღეს ბედნიერების მწვერვალზე იყვნენ.
თვით დიდებამოსილმა ოთხმა ივლისმაც უხეიროდ ჩაიარა; ძალიან წვიმდა, პროცესია არ შემდგარა, ხოლო მსოფლიოს უდიდესმა ადამიანმა (ყოველ შემთხვევაში, ტომი ასე ფიქრობდა) მისტერ ბენტონმა, შეერთებული შტატების ნამდვილმა სენატორმა, ბიჭს გული გაუტეხა, რადგანაც იგი ოცდახუთი ფუტის სიმაღლის ბუმბერაზი კი არა, გაცილებით უფრო დაბალი ადამიანი აღმოჩნდა.
ცირკი ჩამოვიდა. ამის შემდეგ ბიჭები სამ დღეს ზედიზედ თვითონ მართავდნენ ცირკის წარმოდგენებს დაგლეჯილი ხალიჩებისაგან შეკრულ კარავში. შესვლის საფასურად ბიჭებს სამ ქინძისთავს ახდევინებდნენ, გოგონებს - ორს. მერე ესეც მობეზრდათ.
მერე ჰიპნოზიორი და ფენოლოგი ჩამოვიდნენ. მათი წასვლის შემდეგ ქალაქში უფრო მეტი მოწყენილობა ჩამოვარდა.
ხანდახან ბიჭებსა და გოგონებს საღამოებს უმართავდნენ, მაგრამ ეს ისეთი იშვიათი და ისეთი სასიხარულო იყო, რომ ერთი საღამოდან მეორემდე გაჭიმული დრო სრულიად აუტანელი ხდებოდა.
ბეკი თეტჩერი არდადეგებზე თავის სამშობლო ქალაქ კონსტანტინოპოლს გაემგზავრა მშობლებთან და ამან ხომ მთლად ჩაჰკლა ყოველგვარი სიხარული.
მკვლელობის საშინელი საიდუმლოება წარმოუდგენლად სტანგავდა ტომს; წყლულის მსგავსად ერთთავად ღრღნიდა და ღრღნიდა.
ამას წითელაც ზედ დაერთო.
ორი კვირის განმავლობაში ტომი საწოლში იწვა, ტუსაღივით მოწყვეტილი ქვეყანასა და ადამიანურ საქმეებს. მძიმედ იყო ავად და აღარაფერი აინტერესებდა. ბოლოს, როცა წამოდგა და პირველად გავიდა ბარბაცით ქალაქში, შენიშნა, რომ ყველა და ყველაფერი უსიამოვნოდ შეცვლილიყო. ქალაქში რელიგიის ნამდვილი აღორძინება დაწყებულიყო და ყველას, დიდსა თუ პატარას, პირზე "ღვთაებრივი” ეკერა. ტომმა მთელი ქალაქი შემოიარა იმის იმედით, რომ იქნება სადმე ერთი ცოდვილი მაინც ვიპოვოო, მაგრამ ამაოდ, ყველგან სასოწარკვეთილება ელოდა. ჯო ჰარპერთან მივიდა, მაგრამ იგი სახარებას სწავლობდა და დაღონებულმა ტომმა ამჯობინა, რაც შეიძლება, ჩქარა გასცლოდა ამ უბადრუკ სანახაობას. ბენ როჯერსი მოძებნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი ღარიბ-ღატაკებთან დაიარებოდა და რელიგიური წიგნებით სავსე კალათას დაატარებდა. ბოლოს ჯიმ ჰოლისი მოძებნა, მაგრამ იმანაც დარწმუნება დაუწყო, ზეცამ წითელა ცოდვების მოსანანიებლად გამოგიგზავნაო. ყოველი ბიჭის შეხვედრა კიდევ უფრო აძლიერებდა მის ბოღმას, რომელიც ისედაც ახრჩობდა. მთლად სასოწარკვეთილმა ჰეკლბერი ფინს მიაშურა, იქნება მასთან ვიპოვო შვებაო, მაგრამ ისიც ბიბლიის ტექსტით შეხვდა. ამას ვეღარ გაუძლო, გული გაუტყდა, სახლამდე ძლივს მიაღწია და საწოლზე დაემხო. იგი გრძნობდა, რომ მთელ ქალაქში ერთადერთი ის იყო განწირული და განწირული სამუდამოდ.
იმ რამეს საშნელი ქარიშხალი ამოვარდა, კოკისპირული წვიმა წამოვიდა, შემზარავი ჭექა-ქუხილი ატყდა და თვალისმომჭრელად ელავდა. ტომმა თავზე საბანი წაიფარა და ძრწოლვით ელოდა სიკვდილს. სჯეროდა, ყველაფერი ეს ჩემს გამო ატყდაო. ღმერთმა დიდხანს ითმინა ჩემი ცოდვები და ახლა შეწყალების იმედი აღარ უნდა მქონდესო. ვინმეს რომ ფიქრად მოსვლოდა, უნიათOმუმლის წინააღმდეგ არტილერია გამოეყენებინა, ტომის ამას ამაო შრომად ჩასთვლიდა, მაგრამ ისეთი მუმლის შესამუსრავად, როგორიც თვითონ იყო, ეს სრულიადაც არ ეუცნაურებოდა.
ქარიშხალი თანდათან ჩადგა, ისე, რომ არ მიუღწევია თავისი მიზნისათვის. ტომის პირველი სურვილი იყო მადლობა მოეხსენებინა ღმერთსათვის და გამოსწორებულიყო. მეორე კი - პატარა ხანს კიდევ მოეცადა - იქნებ ქარიშხალი აღარ ამოვარდესო.
მეორე დღეს ისევ საჭირო გახდა ექიმების მოწვევა. ტომს ავადმყოფობა შეუბრუნდა. მთელ საუკუნედ ეჩვენა სამი კვირა, რომლის განმავლობაშიც საწოლზე იყო მიჯაჭვული. როცა წამოდგა და სახლიდან გავიდა, აღარც კი უხაროდა, რომ სიკვდილმა დაინდო იგი. გაახსენდა, როგორი უთვისტომო იყო, მეგობრებისაგან დავიწყებული. ზანტად დაუყვა ქუჩებს და ნახა, რომ ჯიმი პოლისი სხვა ბიჭებთან ერთად კატას ასამართლებდა ჩიტის მოკვლის გამო. მსხვერპლი იქვე ეგდო. ცოტა მოშორებით, მყუდრო შესახვევში ჯო ჰარპერი და ჰეკ ფინი ისხდნენ და მოპარულ ნესვს შექცეოდნენ. საბრალონი, მათაც ტომის მსგავსად, შეუბრუნდათ ავადმყოფობა.


თავი ოცდამეოთხე

როგორც იყო, პატარა ქალაქის მოდუნებული სიცოცხლე შეირხა და ძლიერადაც შეირხა. დაინიშნა ექიმის მკვლელის გასამართლების დღე. ქალაქში მარტო ამასღა ლაპარაკობდნენ, ვერც ტომი გაექცეოდა ამ მითქმა-მოთქმას. მოჰკრავდა თუ არა ყურს მკვლელობაზე ლაპარაკს, სისხლი ეყინებოდა ძარღვებში. აფორიაქებული სინდისი და შიში უკარნახებდა, რომ მასთან უსაბაბოდ კი არ ლაპარაკობდნენ იმ კვლელობაზე, არამედ მას "ცდიდნენ”.
ვერ წარმოედგინა, რა მიზეზით უნდა მიეტანათ ეჭვი იმაზე, რომ მან მკვლელობის შესახებ რამე იცოდა, მაგრამ ვერ ისვენებდა. ამ მითქმა-მოთქმას რომ ისმენდა, ტანში ერთთავად ჟრუანტელი უვლიდა. მიყრუებულ ადგილას გაიხმო ჰეკი, რომ მოლაპარაკებოდა. თანაც უნდოდა, გული გადაეყოლებინა, თავისი მწუხარება გაეზიარებინა მეორე ტანჯულისათვისაც. გარდა ამისა, უნდოდა, დარწმუნებულიყო, შეეძლო თუ არა ჰეკს საიდუმლოს შენახვა.
- ჰეკ, შენ ვინმეს უთხარი?
- რა? 
- თვითონ იცი, რაც.
- ცხადია, არა.
- არც ერთი სიტყვა არ გითქვამს?
- არც ერთი სიტყვა, მიწამ ჩამიტანოს, თუ ვტყუოდე! რად მეკითხები?
- ისე, უბრალოდ, შიში მაქვს.
- არ იცი, ტომ სოიერ, რომ მაგის თქმა ხეირს არ დაგვაყრის? ორ დღესაც აღარ გვაცოცხლებენ.
ტომს გულზე მოეშვა, ცოტა ხანს შეყოყმანდა და მერე განაგრძო:
- ჰეკ, ძალაც რომ დაგატანონ, მაინც ხომ ვერ გამოგტეხავენ?
- გამომტეხავენ? ნურას უკაცრავად! ხოლო თუ მოვისურვე, რომ იმ შეჩვენებულმა მეტისმა კატასავით დამახრჩოს, მაშინ, ცხადია, გამომტეხავენ. ისე კი ვერასგზით.
- ეგ ძალიან კარგია! მე მგონია ვიდრე ხმაგაკმენდილები ვიქნებით, არავინ ხელს არ გვახლებს. მოდი, მაინც ხელმეორედ შევფიცოთ ერთმანეთს, რომ კრინტს არ დავძრავთ, ასე ემჯობინება.
- თანახმა ვარ.
და მათ კვლავ გაიმეორეს ფიცი.
- მაინც რას ლაპარაკობენ, ჰეკ? იმდენი რამე მესმის, რომ ვეღარც კი გავრკვეულვარ.
- რას ლაპარაკობენ? ერთსა და იგივეს: მეფ პოტერი, მეფ პოტერი, ჭირის ოფლს მასხამს, როცა ეს მესმის. ცხრა მთას იქით გადავიკარგებოდი, რომ შემეძლოს.
- მეც ეგრე მემართება. უკვე დაიღუპა საწყალი პოტერი. არ გეცოდება?
- რა თქმა უნდა, მეცოდება, დაუდგრომელი კაცი კია, მაგრამ ბოროტება არასოდეს არ ჩაუდენია. სათევზაოდ დადის, რომ გადასაკრავად იშოვოს რამე, დანარჩენ დროს კი უქმად ხეტიალში ატარებს... მერე რაა, ასე არა ვართ ყველანი? უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში, თვით მამაჩემი და სხვანიც. ის საკმაოდ გულკეთილია, ერთხელ ნახევარი თევზი მომცა, თუმცა თავისი სამყოფიც არა ჰქონდა. რამდენჯერმე გამომქომაგებია და განსაცდელისაგან დავუხსნივარ.
- მეკი, ჰეკ, ხან ფრანს შემიკეთებდა, ხან ნემსკავს მიმაბამდა ანკესზე. ნეტავ შეგვეძლოს, როგორმე დავეხმაროთ.
- ჰო, მაგრამ, როგრც დავეხმაროთ? თუ გავაპარეთ ციხიდან, რას უშველის, ისევ დაიჭერენ.
- მართალია, დაიჭერენ. მაგრამ მოსმენა აღარ შემიძლია, როცა ასე დაუნდობლად ლანძღავენ უდანაშაულოს.
- მეც ასე მომდის, ტომ! იმასაც კი ამბობენ, ყველაზე ავაზაკური სახე იმას აქვს და, რასაკვირველია, აქამდე რატომ არ ჩამოახრჩვესო.
- ჰო, სწორედ ასე ამბობენ. ჩემი ყურით ისიც კი გავიგონე, როგორ ამბობდნენ. თუ გამოუშვეს, ლინჩის წესით გავასამართლებთო.
ბიჭებმა კიდევ დიდხანს იმასლაათეს, მაგრამ დიდად ვერ ანუგეშეს ერთმანეთი. ბინდისას ხეტიალი დაიწყეს პატარა განმარტოებული ციხის გარშემო, იმ იმედით, რომ იქნება რამე მოხდეს და გაჭირვებიდან დავიხსნათო. მაგრამ არაფერი არ მოხდა: ეტყობოდა, არც ანგელოზები, არც ჯადოქრები არ იყვნენ დაინტერესებული საბრალო პატიმრით.
ბიჭებმა მარტო ის მოახერხეს, რაც წინათ ხშირად გაუკეთებიათ: პოტერს სარკმლიდან გადასცეს თუთუნი და ასანთი. პოტერი ქვედა სართულში ჰყავდათ დამწყვდეული და ყარაულიც არ ეყენათ.
როცა პატიმარი მადლობას უხდიდა საჩუქრებისათვის, ისინი ყოველთვის სირცხვილით იწვოდნენ, ახლა კი უარესი დაემართათ. თავიანთი თავი საძაგელ მოღალატეებად ჩათვალეს, როდესაც პოტერმა თქვა:
- ამ ქალაქში თქვენ ყველაზე მეტი გულთბილობა გამოიჩინეთ ჩემდამი. მეც არასოდეს დაგივიწყებთ. ხშირად ვეუბნები ჩემს თავს: მე ხომ ყველა ბავშვს ვუკეთებდი სათამაშოებს, ვუჩვენებდი კარგ სათევზაო ადგილებს და, საერთოდ, ვმეგობრობდი მათთან. ახლა კი, როცა ბებერი მეფი განსაცდელშია, ყველამ დაივიწყა, გარდა ტომისა და ჰეკისა, იმათ არ დამივიწყეს და არც მე დავივიწყებ მათ. ეჰ, ბიჭებო, საშინელება ჩავიდინე, ეტყობა, სიმთვრალემ დამიბნია გონება - მხოლოდ ამით შემიძლია ავხსნა ბოროტება... ახლა ამისთვის შესაფერისად დამსჯიან და ახიც იქნება. ჩემთვის, იქნება, ეს უფრო კარგიც იყოს, ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია. ეს! კმარა ამაზე ლაპარაკი! არ მინდა აგაღელვოთ, თქვენ ხომ მეგობრულად მექცეოდით. მაგრამ აი, რა მინდა გითხრათ: თუ გსურთ სატუსაღოს ასცდეთ, ღვინოს ნუ მიეჩვევით... ცოტა განზე გაიწიეთ... აი ისე, როცა ადამიანი ჩემისთანა განსაცდელშია, სურვილი აქვს მეგობრის სახე დაინახოს; აქ ხომ არავინ მოდის, თქვენს მეტი. მეგობრის კეთილი სახე, მეგობრის სახე... უზურგულეთ ერთმანეთს, რომ ხელი შეგახოთ. აი, ასე, ახლა კი ხელი გამომიწოდეთ. თქვენი ხელი შემოეტევა რკინის ბადეში, ჩემი კი მეტად დიდია. პატარა და სუსტია თქვენი ხელები, მაგრამ ბევრი დახმარება აღმოუჩინეს მეფ პოტერს და უფრო მეტს დაეხმარებოდნენ, რომ შეეძლოთ.
ტომი დანაღვლიანებული დაბრუნდა შინ და მთელი ღამე საშინელ სიზმრებს ხედავდა, მეორე და მესამე დღეს დილიდან საღამომდე სულ სასამართლოს ახლომახლო დაეხეტებოდა, ლამობდა შიგ შესვლას, მაგრამ ძალით იკავებდა თავს. ჰეკსაც იგივე ემართებოდა. ისინი ერთმანეთს ერიდებოდნენ. ორივენი დროულად მოშორდნენ იქაურობას, მაგრამ უხილავი ძალა მათ ისევ უკან აბრუნებდა. როცა ვინმე უსაქმური გამოვიდოდა სასამართლოდან და უამბობდა ხალხს, რაც შიგ ხდებოდა, ტომი ყურდაცქვეტილი უსმენდა თითოეულ სიტყვას, მაგრამ სანუგეშო არაფერი ესმოდა, საწყალი პოტერი თურმე თანდათან უფრო ებმებოდა ქსელში. მეორე საღამოს ქალაქში ყველა იმას ამბობდა, რომ ინდიელი ჯო მტკიცედ იდგა თავის სიტყვაზე და ეჭვი აღარ იყო, რომ პოტერს შესაფერ განაჩენს გამოუტანდა სასამართო.
ტომი ამ საღამოს შინ გვიან დაბრუნდა და როგორც ჩვეულებად ჰქონდა, ფანჯრიდან გადაძვრა. საშინლად იყო აღელვებული და დიდხანს ვერ დაიძინა. მეორე დილას მთელი ქალაქი სასამართლოს გარშემო ტრიალებდა, ვინაიდან ეს იყო ფრიად მნიშვნელოვანი დღე. სასამართლო დარბაზი გაჭედილი იყო ქალებითა და მამაკაცებით. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მსაჯულებიც გამოჩნდნენ და ყველამ დაიკავა თავისი ადგილი. შემოიყვანეს პოტერიც - გაყვითლებული, გაწამებული, ბორკილგაყრილი. დასვეს ისეთ ადგილას, საიდანაც ყველას კარგად შეეძლო დაენახა. გამოსაჩენ ადგილზე იჯდა ინდიელი ჯოც, სრულიად დამშვიდებული, როგორც ყოველთვის. სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს შემოვიდა მოსამართლეც და შერიფმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა. მსაჯულნი, ჩვეულებისამებრ, მოჰყვნენ ჩურჩულსა და ქაღალდების ქექვას. საქმის ასეთი გაჭიანურება უფრო აძლიერებდა მოლოდინის სიმწვავეს.
პირველი მოწმე დაჰკითხეს. მან განაცხადა, რომ მეფ პოტერი მდინარესთან ნახა, თურმე ხელებს იბანდა დილაადრიან სწორედ იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა და მის დანახვაზე გაქცეულიყო. რამდენიმე შეკითხვის შემდეგ პროკურორი მიუბრუნდა დამცველს:
- ახლა თქვენი რიგია, დაჰკითხეთ მოწმე.
ბრალდებულმა დამცველს თვალებში შეხედა, მაგრამ მყის ისევ დახუჭა თვალები, როცა მისმა დამცველმა თქვა:
- მე შესაკითხი არაფერი მაქვს.
შემდეგმა მოწმემ უჩვენა, რომ მან დანა იპოვა მკვლელობის ადგილზე, პროკურორის მიმართვაზე - "დაჰკითხეთ მოწმე”, დამცველმა კვლავ განაცხადა:
- შეკითხვა არა მაქვს.
მესამე მოწმემ ფიცის ქვეშ განაცხადა: ეს დანა ხშირად მინახავს პოტერის ხელშიო.
- დაჰკითხეთ მოწმე.
დამცველმა აქაც უარი თქვა შეკითხვებზე.
დამსწრეთა სახეზე უკმაყოფილება აღიბეჭდა. ნუთუ ისე გასწირავს პოტერს, რომ არც ეცდება დაცვას?
რამდენიმე მოწმემ უჩვენა, რომ პოტერს მკვლელობის ადგილზე მიყვანის დროს თავი ისე ეჭირა, როგორც დამნაშავეს. იმათაც არაფერს შეეკითხა დამცველი.
მოწმეებმა სასამართლოს მოახსენეს იმ მარადსახოვან დილას მომხდარი ამბის ყველა წვრილმანი, მაგრამ მეფ პოტერის დამცველს არც ერთი მათგანისათვის არაფერი არ უკითხავს, სახლში აღელვებისა და უკმაყოფილების დრტვინვა გაისმა. მოსამართლისაგან ამის გამო საყვედური მიიღეს.
პროკურორი წამოდგა და განაცხადა:
- ნაფიცმა, სრულიად კეთილსინდისიერმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ეს საშინელი ბოროტმოქმედება ჩაიდინა მხოლოდ იმან, ვინც ზის სამსჯავრო სკამზე. ეს დასაბუთებულად მიგვაჩნია.
საცოდავმა პოტერმა ამოიგმინა, ხელები სახეზე მიიფარა და სკამზე ქანაობა დაიწყო. სასამართლოს დარბაზში სულშემხუთავი სიჩუმე იდგა. მამაკაცებიც კი აღელდნენ, ხოლო დედაკაცები ცრემლებს აფრქვევდნენ სიბრალულით.
წამოდგა დამცველი.
- თქვენო მოწყალებავ, სხდომის დაწყებამდე გადაწყვეტილი გვქონდა, დაგვემტკიცებინა, რომ ბრალდებულმა საშინელი ბოროტება ჩაიდინა უგონო სიმთვრალეში. მაგრამ ჩვენ აზრი შევიცვალეთ და ეს აღარ გამოგვადგა საბუთად. - ის მიუბრუნდა სასამართლოს ბოქაულს და უბრძანა:
- შემოიყვანეთ ტომას სოიერი.
ყველას სახეზე, თვით პოტერისაზეც კი უსაზღვრო გაკვირვება აღიბეჭდა. ყველამ დიდი ცნობისმოყვარეობით მიაპყრო თვალები ტომს. ბიჭი მთლად დაბნეული იდგა, შიშისაგან ლამის დალეულიყო. ფიცი ათქმევინეს მაგიდასთან.
- ტომას სოიერ, სად იყავით ჩვიდმეტ ივნისს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე?
ტომმა გადახედა ინდიელ ჯოს გაქვავებულ სახეს და ენა მუცელში ჩაუვარდა. დამსწრეებმა სული განაბეს, მაგრამ მოწმე სდუმდა. რამდენიმე წამის შემდეგ ბიჭმა დაიმორჩილა თავი და ისე ჩუმად ჩაილაპარაკა, რომ ყველამ ვერ გაიგო მისი პასუხი:
- სასაფლაოზე.
- ძალიან გთხოვთ, ხმამაღლა ილაპარაკოთ. ნუ გეშინიათ. მაშასადამე, თქვენ იყავით...
- სასაფლაოზე.
ინდიელი ჯოს მძულვარების ღიმილმა გადაჰკრა სახეზე.
- მოხუცი უილიამსის საფლავის ახლოს ხომ არ იყავით?
- დიახ, სერ.
- გთხოვთ ხმამაღლა ილაპარაკოთ. რა მანძილზე იდექით?
- იმავე მანძილზე, რაც თქვენსა და ჩემს შორისაა.
- დამალული იყავით თუ არა?
- დამალული ვიყავი.
- სად?
- თელის უკან. საფლავთან რომ დგას.
ინდიელი ჯო ეკრთა.
- დიახ, სერ, მე წავედი იქ...
ცოტა ხანს შეჩერდა.
- საჭირო არ არის ახლა დაასახელოთ თქვენი თანამგზავრი. თავის დროზე იმასაც დავკითხავთ. სასაფლაოზე რამე მიიტანეთ?
ტომი ყოყმანობდა, ეტყობოდა, დარცხვენილი იყო.
- თქვით, ნუ გეშინიათ, სიმართლე ყოველთვის ღირსია პატივისცემისა. რა მიიტანეთ სასაფლაოზე?
- მხოლოდ... მხოლოდ მკვდარი კატა.
დარბაზში სიცილი გაისმა. თავმჯდომარემ ზარი დარეკა.
- ნიშნად საბუთისა, ჩვენ წარმოგიდგენთ იმ კატის ჩონჩხს. ახლა კი, ჩემო პატარა მეგობარო, გვიამბეთ ყველაფერი, რაც ნახეთ. ყველაფერი ისე გვიამბეთ, როგორც მოხდა, არაფერი დამალოთ და ნურც ნურაფრისა შეგეშინდებათ.
ტომმა გაუბედავად დაიწყო, შემდეგ კი თანდათან გაყოჩაღდა. მისი სიტყვები მკაფიოდ ჟღერდა. მალე მთელ დარბაზში მხოლოდ მისი ხმაღა ისმოდა; ხალხი პირდაღებული, სულგანაბული იჭერდა მის ყოველ სიტყვა, გატაცებული ბავშვის შემაძრწუნებელი თხრობით. საერთო აღელვება საზღვარს გადასცდა, როცა ტომმა თქვა:
- ექიმმა მეფ პოტერს ფიცარი დაარტყა და ძირს დასცა, სწორედ იმ დროს ინდიელი ჯო მივარდა დანით ექიმს და...
ბრახ! ელვის სისწრაფით ეცა მეტისი ფანჯარას, გზიდან ჩამოიშორა ყველა, ვინც მის დაჭერას ცდილობდა, ისკუპა და თვალიც ვეღარავინ მოჰკრა მას!

თავი ოცდამეხუთე

ტომი კვლავ დიდების სარავანდედით შეიმოსა; უფროსები ანებივრებდნენ, ახალგაზრდები კი შურის თვალით უყურებდნენ. მან თავისი სახელი უკვდავყო; ადგილობრივი გაზეთი ქება-დიდებით იხსენიებდა მას. ზოგიერთები იმ აზრსაც კი გამოთქვამდნენ, იქნება ოდესმე პრეზიდენტიც კი გახდეს, თუ სახრჩობელას გადაურჩაო.
როგორც ჩვეულებრივ ხდება, ადვილმორწმუნე ადამიანებმა გულღიად მიიღეს მეფ პოტერი და ახლა ალერსს ისევე აღარ აკლებდნენ, როგორც უწინ ლანძღვა-გინებას. მაგრამ ასეთი საქციელი მხოლოდ პატივს თუ სდებს ადამიანებს. ამიტომ არ არის კარგი მათი გაკიცხვა ამისთვის.
დღისით ტომი სულ მხიარულებაში იყო, მაგრამ ღამით შიშისაგან მოსვენება არა ჰქონდა. სიზმარში ხედავდა ინდიელი ჯოს საშინელი შურისძიებით აღსავსე თვალებს. ვერავინ გაიყვანდა ტომს დაბინდებისას გარეთ. საცოდავი ჰეკიც უზომოდ იყო შეშინებული. საქმე ისაა, რომ ტომმა გასამართლების წინა საღამოს ვექილს ყველაფერი უამბო; ჰეკი შიშობდა, რომ მისი მონაწილეობაც გამოაშკარავდებოდა, თუმცა მეტისის გაქცევამ ის დაიხსნა სასამართლოში წარდგომის სატანჯველისაგან. მართალია, ვექილი გაჩუმებას დაპირდა, მაგრამ გამოვიდოდა რამე? მას შემდეგ, რაც ტომმა, სინდისის ქენჯნით შეწუხებულმა, ღამით ვექილის ბინაზე გათქვა შემზარავი ფიცით შეკრული საშინელი საიდუმლო, ჰეკმა მთლიანად დაკარგა კაცობრიობისადმი ნდობა. დღისით ტომს, პოტერის მხურვალე მადლობით აღტაცებულს, უხაროდა, რომ სიმართლე თქვა, ღამე კი საშინლად ნანობდა - რატომ ენა მუცელში არ ჩავიგდეო. ხან იმის ეშინოდა, ჯოს ვერასოდეს დაიჭერენო, ხან ეშინოდა, ვაითუ დაიჭირონო. ის დარწმუნდა, რომ თავისუფლად მხოლოდ მაშინ ამოისუნთქავდა, როცა ის კაცი მოკვდებოდა და ტომი თავისი თვალით ნახავდა მის გვამს.
მთელი ქვეყანა შეჭრეს, ჯილდოც დანიშნეს მეტისის დაჭერისთვის, მაგრამ არაფერი გამოვიდა. სენ-ლუიდან მოიწვიეს ყველაფრის შემძლე სასწაულთმოქმედი მაძებარი. მან ყველაფერი გაჩხრიკა, თავი დაიქნია, მიიღო ჭკვიანური გამომეტყველება და ბოლოს მიაღწია შესანიშნავ შედეგს, როგორსაც აღწევს მისი ყაიდის ხალხი, ესე იგი "კვალს მიაგნო”, მაგრამ "კვალს” რას უზამთ, ხომ არ ჩამოახრჩობთ. ამიტომ, მაძებრის წასვლის შემდეგ ტომს ისევ ისეთი შიში კლავდა, როგორც უწინ.
ნელა გადიოდა დღეები და ბიჭებს შიში თანდათან უქრებოდათ.

კატეგორია: სათვგადასავლო რომანები | ნანახია: 986 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: