მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 2 » ტომ სოიერის თავგადასავალი(26.27.28.29.30-- თავი)
4:55 PM
ტომ სოიერის თავგადასავალი(26.27.28.29.30-- თავი)
თავი ოცდამეექვსე

თითოეული ნამდვილი ბიჭის ცხოვრებაში დგება ისეთი ხანა, როცა მას იპყრობს უძველესი სურვილი, თხაროს მიწა და ეძებოდ მის სიღრმეში დამალული განძეული. ასეთი სურვილი დაებადა ჩვენს ტომს ერთ მშვენიერ დღეს. ის გაემართა ჯო ჰარპერის საძებნელად, მაგრამ ვერ იპოვა. შემდეგ ეძება ბენ როჯერსი, მაგრამ ისიც სათევზაოდ წასულიყო. ბოლოს წააწყდა ჰეკ ფინს - "სისხლიან ხელს”. აი, მართლაც, შესაფერისი ამხანაგი. ტომმა წაიყვანა ჰეკი მივარდნილ ადგილას, სადაც მათ ყურს არავინ დაუგდებდა, და გაანდო თავისი სურვილი. ჰეკი დათანხმდა, - ის მუდამ მზად იყო მონაწილეობა მიეღო ყოველგვარ წამოწყებაში, რომელიც გაართობდა და ხარჯებსაც არ მოითხოვდა. მას იმდენი თავისუფალი დრო ჰქონდა, რომ არც კი იცოდა, რაში დაეხარჯა, თუმცა კი ნათქვამია: დრო ფულიაო.
- მერე სად უნდა ვთხაროთ?
- სადაც გინდა, ყველა ადგილას.
- განა განძი ყველგან არის დაფლული?
- არა, ყველგან არ არის, ჰეკ, მას ინახავენ განსაკუთრებულ ადგილას - კუნძულზე ან დაფუტუროებულ ზანდუკში, რომელსაც ფლავენ გამხმარი ხის ძირში, იმ მხარეს, სადაც შუაღამისას ჩრდილი ადგება; უფრო ხშირად კი იატაკქვეშ - იმ სახლებში, სადაც ავი სულები დაბორიალობენ.
- მერედა ვინ ფლავს ამ განძეულობას?
- ცხადია, ყაჩაღები; შენ ვინ გგონია, ჩვენი სკოლის მასწავლებლები ხომ არა?
- არ ვიცი. მე კი იმ განძს მიწაში არ შევინახავდი, დროსტარებაში დავხარჯავდი.
- მეც ასე ვიზამდი. მაგრამ ყაღაჩები ასე არ იქცევიან. ისინი ყოველთვის მიწაში მარხავენ განძს და იქვე რჩებათ.
- მერედა აღარ ბრუნდებიან მის წასაღებად?
- რა თქმა უნდა, სულ აპირებენ დაბრუნებას, მაგრამ ან ადგილის ნიშანი ავიწყდებათ, ან იხოცებიან. ამგვარად, განძი დევს თავისთვის და ჟანგდება. ბოლოს, ვინმე იპოვის ძველ, ჩაყვითებულ ქაღალდს, რომელიც უჩვენებს, სად უნდა მოიძებნოს განძი. ამ ქაღალდის გარჩევას მთელი კვირა უნდა, მეტი თუ არა, რადგანაც ქაღალდზე რაღაცა არის დაწერილი იეროგლიფებითა და ნიშნებით.
- იერო... რა?
- იეროგლიფები სურათებია და რაღაც ნიშნები, რომლებიც, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერს არ ნიშნავენ.
- შენ ასეთი ქაღალდი გაქვს, ტომ?
- არა.
- მაშ, როგორ გაიგებ ადგილის ნიშანს?
- მე არ მჭირდება ნიშნები. განძეულს ყოველთვის ინახავენ სახლებქვეშ, სადაც ლანდები დაიარებიან, ან კუნძულზე, ან კიდევ გამხმარი ხის ქვეშ, რომელსაც ერთი ფესვი ამოშვერილი აქვს. ჩვენ ხომ უკვე დავიწყეთ თხრა ჯეკსონის კუნძულზე, ახლა შეგვიძლია განვაახლოთ ეს მუშაობა. მდინარის გადაღმა ხის ძველი სახლია, იქვეა უამრავი გამხმარი ხეც.
- და ყველა ხის ქვეშ განძია?
- აბა, რას ლაპარაკობ! რასაკვირველია, არა!
- მაშ, როგორ უნდა შეატყო, რომელი ვთხაროთ?
- ყველა უნდა გადავთხაროთ.
- ეჰ, ტომ, მაგას ხომ მთელი ზაფხული მოუნდება!
- მერე რა არის? უცებ, წარმოიდგინე, ვიპოვეთ სპილენძის ქვაბი და შიგ ასიოდე დოლარი; ან კიდევ დამპალი ზანდუკი, ბრილიანტებით სავსე. მერე რაღას იტყვი?
ჰეკს თვალები გაუბრწყინდა.
- უჰ, რა კარგი იქნება! ჩემთვის ეს მეტისმეტად კარგი იქნება. მაშინ ასი დოლარი მე მომეცი, ბრილიანტები კი არ მინდა.
- კარგი! ბრილიანტი გადასაგდები ნუ გგონია. ზოგიერთი მათგანი ოცი დოლარიც ღირს, არც ერთი არ არის ისეთი, რომ დოლარზე ნაკლები ღირდეს.
- ვითომ?
- ცხადია; ამას ყველა დამიდასტურებს. განა არასოდეს არ გინახავს ბრილიანტი, ჰეკ?
- რამდენადაც მახსოვს, არა.
- იცი, მეფეებს ბრილიანტების მთელი მთები აქვთ.
- მე არც მეფეებს ვიცნობ.
- ვიცი, რომ არ იცნობ. მაგრამ ევროპაში რომ წასულიყავი, უთვალავს ნახავდი; პირდაპირ ყველგან დახტიან.
- განა დახტიან ისინი?
- დახტიან? ღმერთო დიდებულო! რა თქმა უნდა, არა.
- მაშ რაღად მითხარი, დახტიანო!
- სისულელეა! მე მხოლოდ იმის თქმა მსურდა, რომ იქ ბევრი არიან ხტომით კი, რა თქმა უნდა, არ დახტიან, რაში სჭირდებათ? ნეტავი გადანახა, ჭიანჭველებივით ირევიან. აი, თუUგინდ ის კუზიანი რიჩარდი რომაა!
- რიჩარდი! რა გვარია?
- გვარი ვინ მისცა. მეფეებს მხოლოდ სახელები აქვთ.
- აბა, რას ამბობ?
- დამიჯერე, გვარი არა აქვთ-მეთქი!
- დაე, თუ მოსწონთ, ასე იყოს. ტომ. მე კი არ ვისურვებდი მეფობას, თუUგვარიც არ მექნებოდა, ზანგი ხომ არა ვარ, მაგრამ მითხარი, პირველად სად აპირებ თხრას!
- მეც არ ვიცი. იქნება იმ გამხმარი ხიდან დავიწყოთ, მდინარის იქით რომ არის - გორაკზე.
- კეთილი.
მათ სადღაც იშოვეს ბლაგვი წერაქვი და ბარი და გაუდგნენ გზას; თითქოს სამი მილი ჰქონდათ გასავლელი. ადგილზე მივიდნენ გაწითლებულნი, დაღლილნი; დიდი თელის ჩრდილქვეშ წამოწვნენ დასასვენებლად და თუთუნის გასაბოლებლად.
- ასე ძლიან მომწონს, - თქვა ტომმა.
- მეც.
- გამიგონე, ჰეკ, ახლა აქ რომ ვიპოვნოთ განძეული, შენს ნახევარს რას უზამ?
- მე? ყოველდღე შევჭამ ნამცხვრებს და დავლევ ტკბილ წყალს, ხოლო როცა ცირკი ჩამოვა, ყოველდღე ვივლი ცირკში. მოვახერხებ მხიარულად ცხოვრებას!
- ნუთუ ფულს არ შეინახავ?
- შევინახავ? რისთვის?
- როგორ თუ რისთვის? რომ თანდათან ხარჯო.
- რა საჭიროა! მირჩევნია, დავეშურო იმ ფულის ხარჯვას, თორემ ერთ მშვენიერ დღეს დაბრუნდება მამაჩემი, თავის კლანჭებს ჩაავლებს იმ ფულს და ერთიანად შთანთქვას. შენ რაღას უზამ შენს წილს, ტომ?
- მე ვიყიდი ახალ დოლს, ნამდვილ ხმალს, წითელ ყელსახვევს, ძაღლს და... ცოლს შევირთავ.
- ცოლს შეირთავ?
- ჰო.
- ტომ... შენ... შენ, მგონი გაგიჟდი.
- აი, ნახავ.
- ეგ ხომ სისულელეა, ტომ! მაგაზე სისულელეს, აბა, სხვას რას მოიგონებდი! წარმოიდგინე ჩემი დედ-მამის ამბავი; დილიდან საღამომდის მხოლოდ და მხოლოდ ჩხუბობდნენ, ძალიან კარგად მახსოვს.
- ეგ არაფერს არ ნიშნავს. მე ვის შერთვასაც ვაპირებ, ის არ წამეჩხუბება.
- მე კი მგონია, ყველა ერთი ყაიდისაა. ისინი ყველანი მოჩხუბრები არიან. არა, ტომ, შენ კარგად მოიფიქრე, გირჩევ, მოიფიქრო. რა ჰქვია იმ გომბიოს?
- გომბიო კი არ არის, გოგონაა.
- სულ ერთია. ზოგი გომბიოს უწოდებს, ვისაც როგორ სურს! ჰოდა, რა ჰქვია?
- როდისმე გეტყვი, ახლა კი არა.
- კარგი, როგორც გინდა, მაგრამ შენ თუ ცოლს შეირთავ, მე სულ მარტოდმარტო დავრჩები.
- არა, ჰეკ, შენც ჩვენთან ერთად იცხოვრებ, გვეყოფა ამაზე ლაპარაკი, ახლა საქმეს შევუდგეთ.
ნახევარი საათი თხარეს მიწა, გაოფლიანდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ამის შემდეგ კიდევ იმუშავეს ნახევარი საათი, მაგრამ არაფერი გამოჩნდა. ბოლოს ჰეკმა იკითხა:
- ნუთუ განძს ყოველთვის ასე ღრმად ფლავენ?
- მხოლოდ ზოგჯერ, ყოველთვის ასე როდია! ჩვენ, ალბათ, იმ ადგილს ვერ მივაგენით.
ახლა სხვა ადგილი ამოარჩიეს და დაუწყეს თხრა. ამჯერად უკვე ნელა მუშაობდნენ, მაგრამ საქმე მაინც წინ მიდიოდა. ერთ ხანს უხმოდ თხრიდნენ. ბოლოს, ჰეკი გაჩერდა, დაეყრდნო ბარს, სახელოთი შუბლიდან ოფლის წვეთები მოიწმინდა და იკითხა:
- მერე სად დავიწყებთ თხრას, როცა ამას მოვრჩებით?
- მე მგონი, უნდა ვცადოთ ბებერი ხის ქვეშ, კარდიფის გორაკზე რომ დგას, ქვრივის სახლის წინ.
- მეც ასე ვფიქრობ, რომ ის ადგილი შესაფერია. მაგრამ რას იტყვი, რომ, ქვრივი არ წაგვართმევს განძს? ის ხომ იმისი მიწაა!
- წაგვართმევს? აბა, ერთი სცადოს. არა, ჰეკ, განძი ისეთი რამ არის, ვინც იპოვის, იმას ეკუთვნის. ვის მიწაზეც არ უნდა იყოს ნაპოვნი, სულ ერთია.
ამან დაამშვიდა ჰეკი და განაგრძეს მუშაობა. ბოლოს ჰეკი ისევ ალაპარაკდა:
- ეშმაკსაც წაუღია. როგორც ჩანს, კიდევ ვერ მივაგენით იმ ადგილს! შენ როგორ ფიქრობ, ტომ?
- საკვირველია, ჰეკ, ვერაფერი გამიგია. იქნებ კუდიანი გვიშლის. იქნებ სწორედ ასეც არის.
- თქვი რაღა შენც, კუდიანები დღისით ვერაფერს ვერ გახდებიან!
- მართალია, ეგ მართალია! მე მთლად გადამავიწყდა. ოო, ახლა კი მივხვდი, რაშიაც არის საქმე. რა სულელები ვართ! ჯერ ხომ საჭიროა იმ ადგილის პოვნა, რომელსაც გამხმარი ტოტის ჩრდილი ადგენა შუაღამისას, აი, სწორედ იქ უნდა დავიწყოთ თხრა.
- შენ კი რა გითხრა, აჰა! რა ტყუილუბრალოდ ვიშრომეთ! ახლა ხომ ღამით დაგვჭირდება კიდევ მოსვლა. შორს კია. შენ მოახერხებ ღამით წამოსვლას?
- რა თქმა უნდა, მოვახერხებ! ამაღამვე უინდა გავაკეთოთ ეს საქმე, თორემ თუ ვუნმემ ნახა ორმოები, მაშინვე მიხვდება, რასაც ვაკეთებდით, და განძსაც დაეპატრონება.
- კარგი, მოვალ და ფანჯარასთან დავიკნავლებ.
- კარგი, მოდი. სამუშაო იარაღი ბუჩქებში შევინახოთ.
დანიშნულ დროს ბიჭები მივიდნენ ამორჩეულ ალაგას, დასხდნენ ჩრდილში და დაიწყეს ცდა. იქაურობა სიბნელით იყო მოცული. ადგილი მიყრუებული იყო და ძველთაგანვე ცუდი სახელი ჰქონდა. აშრალებულ ფოთლებში სულები ჩურჩულებდნენ, აჩრდილები მიკუნჭულიყვნენ ბნელ კუთხეებში. შორიდან ყრუდ მოისმოდა ძაღლის ყეფა. ამ ხმას შეუერთდა ბუს ბოროტის მომასწავებელი კივილი. ამან იმოქმედა ბიჭებზე და კრინტის დაძვრა არ შეეძლოთ. ბოლოს დაასკვნეს, რომ შუაღამე დადგა, დაუკვირდნენ ჩრდილს და დაიწყეს თხრა. იმედმა აღაფრთოვანა ისინი. მეტის ხალისით მუშაობდნენ და მეტი მხნეობა და გულმოდგინება ეტყობოდათ. ორმო თანდათან ღრმადვდებოდა და, როგორც კი ბარი მაგარ რამეს მოხვდებოდა, ბიჭებს გული აუფანცქალდებოდათ. მაგრამ იმედგაცრუებულნი რჩებოდნენ: ეს ქვა იყო ან ხის ფესვი. ბოლოს ტომმა თქვა:
- ტყუილად ვირჯებით, ჰეკ! კიდევ შევცდი, იქ არა ვთხრით, სადაც საჭიროა.
- როგორ თუ შევცდით, ჩვენ ვთხრით სწორედ იმ ადგილას, რომელსაც ჩრდილი ადგია.
- ვიცი... მაგრამ საქმე მაგაში არ არის.
- მაშ რაშია?
- იმაში, რომ საათი არა გვაქვს და დრო ვარაუდით გამოვიანგარიშეთ. შეიძლება ადრე დავიწყეთ, ან იქნებ დავაგვიანეთ კიდეც.
ჰეკს ბარი გაუვარდა ხელიდან.
- ეგ მართალია... მიზეზიც ეგა ყოფილა; ჩანს, ამ საქმეს უნდა გამოვეთხოვოთ, სულ ერთია, დროს ზუსტად ვერასოდეს ვერ შევიტყობთ; გარდა ამისა, საშიშიც არის; ასეთ დროს ირგვლივ ჯადოქრები და ავი სულები გვახვევია. ერთთავად მეჩვენება, რომ ჩემს ზურგს უკან ვიღაცა დგას და მიხედვის მეშინია, იქნებ წინ კიდევ სხვა მიდგას და ელის ჩემს მიხედვას-მეთქი. რაც აქ მოვსულვარ, მას შემდეგ ტანში ჟრუანტელი მივლის.
- მეც ასე მემართება, ჰეკ. მეც მეშინია. ამბობენ, როცა განძს მარხავენ ხის ქვეშ, იქვე მიცვალებულს ასაფლავებენ, რომ უყარაულოსო.
- ღმერთო, მიშველე!
- ჰო, ასე გამიგია ხშირად.
- ჰოდა, ტომ, არავითარი სურვილი არა მაქვს იქ ვიყო, სადაც მიცვალებულებია. ხათაბალას გადაეკიდება კაცი.
- არც მე მინდა მათი შეწუხება, ჰეკ. ერთიც ვნახოთ, თავის ქალამ ამოიხედა და თქვა რამე!
- გაჩუმდი, ტომ, მეშინია!
- ოღონდაც, რომ გეშინია, ჰეკ, მეც მაკანკალებს.
- გამიგონე, ტომ, წავიდეთ აქედან, სადმე სხვაგან ვცადოთ.
- წავიდეთ, ურიგო არ იქნება.
- მერე, სად წავიდეთ?
ტომი ცოტა ხანს დაფიქრდა, შემდეგ თქვა:
- მოდი, აი, იმ გაპარტახებულ სახლში ვცადოთ.
- ეშმაკსაც წაუღია, იქ ხომ ავი სულები ბუდობენ, არ მეჭაშნიკება, ტომ. ისინი მიცვალებულებზე უარესნი არიან. მიცვალებულმა შეიძლება რამე თქვას, მაგრამ ავი სულივით ხომ არ გამოგვეკიდება, სახეში არ შემოგიჭყეტს და კბილებს არ დაგიღჭიალებს. მე ამას ვერ გავუძლებ, ტომ, და არც მგონია, ვინმემ შეძლოს ამის ატანა.
- კი მაგრამ ავი სულები მხოლოდ ღამით დაბორიალობენ, დღე ისინი არ შეგვიშლიან თხრას.
- ეგ კი აგრეა, მაგრამ ადამიანები Dდღისითაც გაურბიან ასეთ სახლებს და ღამითაც.
- ეს იმიტომ, რომ, საერთოდ, ადამიანებს არ უყვართ ის ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა. იმ სახლთან სხვა ისეთი არაფერი შეუმჩნევიათ; ათასში ერთხელ თუ მოუკრავთ თვალი, რომ ფანჯარასთან ლურჯი სინათლეები ციმციმებენ ღამით, მაგრამ ისინი ხომ ნამდვილი ავი სულები არა არიან.
- ჰოდა, ტომ, თუ ლურჯ სინათლეს დაინახავ, იცოდე, იქვე ახლოს არის ავი სულიც. ავი სულების მეტი არავინ საჭიროებს ლურჯ სინათლეს.
- ეგ მართალია, მაგრამ ისინი დღე მაინც არა ჩნდებიან, მაშ რაღასი გეშინია?
- შენი ნებაა, რადგან ასე ძალიან გსურს, ახლა იქ მოვთხაროთ; მაგრამ მაინც დიდი გაბედულებაა ჩვენის მხრივ.
ბიჭები თავქვე დაეშვნენ. დაბლობში განმარტოებით იდგა მთვარით გაშუქებული მიტოვებული სახლი, მესერი დიდი ხანია გადანგრეოდა, ეზო შამბნარს დაეფარა, ბუხარი ჩაქცეოდა, ფანჯრის ჩარჩოები დასცარიელებოდა, სახურავი ერთ მხარეს ჩამონგრეოდა. ბიჭები დიდხანს შესცქეროდნენ ფანჯრებს ლურჯი სინათლის მოლოდინში. ისინი ერთმანეთს ჩურჩულით ელაპარაკებოდნენ, როგორც ამას დრო და ადგილი მოითხოვდა. ლაპარაკით გაუხვიეს მარჯვნივ, რამდენადაც შეიძლებოდა აუარეს გვერდი სახლს და გაეშურნენ შინისაკენ ტყე-ტყე, რომელიც კარდიფის ფერდობის მოპირდაპირე მხარეს ამშვენებდა.


თავი ოცდამეშვიდე

მეორე დღეს, ნაშუადღევს, ბიჭები კვლავ გაჩნდნენ გამხმარ ხესთან თავიანთი იარაღის წასაღებად. ტომს გული ელეოდა, ისე ჩქარობდა ავი სულებით დასახლებულ სახლში მისვლას. ჯეკიც ეშურებოდა, მაგრამ უცებ თქვა:
- გამიგონე, ტომ, იცი, რა დღეა დღეს?
ტომმა გონებაში საჩქაროდ გადათვალა კვირის დღეები და გაკვირვებულმა შეხედა ამხანაგს.
- უჰ! სრულიად გადამავიწყდა, ჰეკ.
- არც მე მახსოვდა და მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ პარასკევია.
- აი, დასწყევლოს ღმერთმა! როგორი სიფრთხილეა საჭირო... შესაძლოა, საშინელ ხიფათს წავწყდომოდით, ასეთი საქმე პარასკევ დღეს რომ წამოგვეწყო.
- სულ ადვილად! აუცილებლად გავებმებოდით. არსებობს რამდენიმე ბედნიერი დღე, პარასკევისა კი რა მოგახსენო.
- ეგ ყველა სულელმა იცის, ჰეკ, პირველად შენ კი არ აღმოგიჩენია.
- განა ვამბობ, მე აღმოვაჩინე-მეთქი? აქ მარტო პარასკევში არ არის საქმე. წუხელის საშინელი სიზმარი ვნახე: ვირთაგვები დამესიზმრა.
- უჰ! ეგ მართლა ცუდი სიზმარია. ვირთაგვები ცუდის მომასწავებელია. ხო არა ჩხუბობდნენ?
- არა.
- მაგას კი არა უშავს. თუ ვირთაგვები ჩხუბობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ განსაცდელი ახლოს არის; საჭროა მეტი სიფხიზლე, რომ საფრთხე თავიდან აიცდინო. მოდი, დღეს ამას თავი დავანებოთ და სჯობია, ვითამაშოთ. ჰეკ, გაგიგონია რობინ ჰუდი?
- არა, ვინ იყო რობინ ჰუდი?
- ის იყო ერთი უდიდესი და უშესანიშნავესი ადამიანი ინგლისში. ის ყაჩაღი იყო.
- რა კარგია, ნეტავი მეც ყაჩაღი ვიყო, მერედა, ვის ძარცვავდა?
- მარტო ეპისკოპოსებსა და შერიფებს, მდიდრებს, მეფეებსა და მათ მსგავსთ, მაგრამ ღარიბ-ღატაკებს არასოდეს არ ახლებდა ხელს. ღარიბები უყვარდა და თავის ნადავლს თანაბრად უნაწილებდა.
- კიდეც იმიტომ ყოფილა კარგი.
- ოღონდაც, რომ კარგი იყო. იმისთანა კეთილშობილი ადამიანი ქვეყნად ჯერ არც დაბადებულა. ახლა იმისთანა ადამიანები არ არიან. დამიჯერე, მას შეეძლო ცალი ხელით ეცემა ვისთვისაც კი გინდა ინგლისში. ურთხმელის მშვილდით ისარს რომ გატყორცნიდა, მილნახევრის მანძილზე მოახვედრებდა ათცენტიანს.
- რა არის ურთხმელის მშვილდი?
- არ ვიცი, რაღაცნაირი მშვილდია. თუ ფულს შუაში ვერ მოახვედრებდა, ისე სწყინდა, რომ დაჯდებოდა და ტიროდა, თანაც ილანძღებოდა. ჰოდა, მოდი ვითამაშოთ "რობინჰუდობანა”. ეს ძალიან კარგი თამაშობაა. მე გასწავლი.
- კარგი, თანახმა ვარ.
ბიჭებმა შებინდებამდე ითამაშეს "რობინჰუდობანა”. დროდადრო მოწყენილო თვალებით გაჰხედავდნენ "უწმინდურ” სახლს და ხვალინდელი დღის შესახებ გამოელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
მზემ დასავლეთისაკენ გადახრა რომ დაიწყო, ისინი შინისაკენ გაემართნენ, გზადაგზა ხეების გრძელ ჩრდილებს ჰკვეთავდნენ და მალე კარდიფის გორაკის ტყეში გაუჩინარდნენ.
შაბათს, ნაშუადღევს, ბიჭები ისევ მივიდნენ გამხმარ ხეთან. ჯერ ჩრდილში წამოწვნენ, თუთუნი გააბოლეს და იმასლაათეს, შემდეგ სრულიად უიმედოდ ცოტათი ამიჩიჩქნეს უკანვე ამოთხრილი ორმო. ტომი ირწმუნებოდა: თხრის დროს ხშირად დაჰკარგვიათ მოთმინება, ვერ მისწვდომიან განძს, თავი მიუნებებიათ სწორედ მაშინ, როცა რამდენიმე გოჯიღა დარჩენიათ; შემდეგ მისულან სხვები და ერთი ბარის დაკვრით უპოვიათ საუნჯეო. მაგრამ ამჯერზედაც მათმა ცდამ უნაყოფოდ ჩაიარა. ამიტომ ბიჭებმა მხარზე გაიდეს თავიანთი იარაღი და გასწიეს სინდისდამუნჯებულებმა, რადგანაც პირნათლად შეასრულეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო საუნჯის საპოვნელად.
როცა "უწმინდურ” სახლს მიუახლოვდნენ, სამარისებური სიჩუმე ავისმომასწავებლად და უცნაურად ეჩვენათ ამ პაპანაქებაში. თანაც სახლი ისე გაპარტახებული და უკაცრიელი იყო, რომ პირველად ვერც კი გაბედეს შესვლა. ისინი მიიპარნენ კარებთან და შიშითა და კანკალით შეიჭვრიტეს შიგნით. მათ დაინახეს: ოთახი, რომელსაც იატაკი აღარ ჰქონდა, სულ ბალახს დაეფარა ჩამონგრეული კედლები, ძველისძველი ბუხარი, უმინო ფანჯრები, დანგრეული კიბე. ყველგან აბლაბუდა იყო გაბმული. მათ მოიკრიბეს ძალ-ღონე და უხმოდ შევიდნენ. გული აჩქარებით უცემდათ, ჩურჩულით ლაპარაკობდნენ კუნთებდაჭიმულნი, ყურებდაცქვეტილნი და მზად იყვნენ, წამსვე მოეკურცხლათ.
მაგრამ თანდათანობით შეეჩვივნენ იქაურობას და შიშმაც გაუარათ; დიდი უნდობლობით, დაკვირვებით ათვალიერებდნენ ყველაფერს. თვითონაც უკვირდათ და თავიანთი გამბედაობა და ეამაყებოდათ კიდეც. ბოლოს, მოისურვეს ზევიდანაც ასულიყვნენ, იმასაც გრძნობდნენ, რომ მაღლა ასვლით გაქცევის საშუალებას ისპობდნენ, რომ მაღლა ასვლით გაქცევის საშუალებას ისპობდნენ, მაგრამ ერთმანეთი გაამხნევეს და ბოლოს ისე მოხდა, როგორც მოსალოდნელი იყო: დაყარეს თავიანთი სამუშაო იარაღი და ავიდნენ კიბეზე. ზევითაც ის იყო, რაც ქვევით. ერთ კუთხეში მიაგნეს საკუჭნაოს, რომელიც თითქოს რაღაც იმედს იძლეოდა, მაგრამ აქაც მოტყუვდნენ: საკუჭნაოც ცარიელი აღმოჩნდა. ახლა სრულიად გამხნევდნენ. ის იყო დაბლა ჩასვლა დააპირეს მუშაობის დასაწყებად, რომ უცებ...
- ჩუ! - წარმოთქვა ტომმა.
- რა არის? - ჩურჩულით შეეკითხა შიშისაგან გაფითრებული ჰეკი.
- ჩუ! გესმის?
- ჰო, უჰ! მოდი, გავიქცეთ.
- იჯექი წყნარად, არ გაინძრე! გესმის, ისინი კარებს უახლოვდებიან...
ბიჭები გაწვნენ იატაკზე და ცდილობდნენ რა დაენახათ ნაპრალებიდან. ასე იწვნენ შიშისაგან სულგანაბულები...
- აი, გაჩერდნენ... არა... კვლავ წამოვიდნენ... მოვიდნენ. ნუ ჩურჩულოებ, ჰეკ, გაიგონებენ, ღმერთო ჩემო, ნეტა გადაგვარჩინა!
შემოვიდნენ ორნი. ბიჭებმა თავისთვის გაიფიქრეს: "ეს ხომ ესპანელია, ყრუ-მუნჯი მოხუცი, რომელიც უკანასკნელ ხანებში ერთი-ორჯერ გამოჩნდა ჩვენს ქალაქში; მერე კი არასოდეს გვინახავს”.
"მეორე” იყო ძონძებში გამოხვეული, თმაგაჩეჩილი არსება, უსიამოვნო სახით. ესპანელი წამოსასხამში იყო გახვეული. ჭაღარა ხშირი წვერი ჰქონდა. განიერი ქუდი ეხურა და ჭაღარა გრძელი თმა მხრებამდე სწვდებოდა; მწვანე სათვალე ეკეთა. როცა შემოვიდნენ, "მეორე” რარაცას ეჩურჩულებოდა ამხანაგს. ორივენი მიწაზე დასხდნენ, პირით კარისკენ და ზურგით კედელს მიეყრდნენ. "მეორემ” განაგრძო საუბარი. თანდათანობით გადაავიწყდა სიფრთხილე და უფრო ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი.
- არა, - თქვა მან, - მე ყველაფერი მოვიფიქრე, მაგრამ არ მომწონს, ეგ საქმე, საშიშია!
- საშიში! - ჩაიბუტბუტა "ყრუ-მუნჯმა ესპანელმა”, რამაც ბიჭები ძალიან გააკვირვა, - უშნო ყოფილხარ!
ამ ხმის გაგონებაზე ბიჭებმა კინაღამ შეყვირეს შიშისაგან, ეს იყო ინდიელი ჯოს ხმა. ერთხანს ორივე გაჩუმდა, შემდეგ ჯომ თქვა:
- იმაზე საშიში რაღა იქნებოდა, რაც ამ ბოლო დროს ჩავიდინეთ.
- ის სხვა საქმე იყო. ის მოხდა შორს, მდინარის სათავესთან, ქალაქგარეთ და ვერავინ ვერაფერს ვერ მიგვიხვდება, რაკი არაფერი არ გამოვიდა.
- დღისით აქ მოსვლაზე უფრო საშიში ხომ არაფერი არ არის: საკმარისია გვნახოს ვინმემ, რომ ეჭვი შეეპაროთ.
- ვიცი, მაგრამ სხვა დასამალი ადგილი არსად გვქონდა. იმ სულელური საქმის შემდეგ აქ დარჩენის სურვილი, საერთოდ, არა მაქვს. მე ჯერ გუშინაც მინდოდა თავი დამეღწია, მაგრამ აბა, როგორ მოხერხდებოდა შეუმჩნევლად გაპარვა, ვიდრე ის წყეული ბიჭები არ გაათავებდნენ თამაშობას იმ გორაკის თავზე.
"წყეულ ბიჭებს” კვლავ ტანში ჟრანტელმა დაუარა ამ სიტყვების გაგონებაზე. იფიქრეს, რა ბედზე შეგვშინებია პარასკევს საქმის დაწყებაო! კიდევ კარგი, ერთი დღე მოიცადეს. გულში იმასაც კი ნანობდნენ, ნეტავი ერთი წელი მოგვეცადაო.
მაწანწალებმა ამოიღეს სანოვაგე და საუზმეს შეუდგნენ. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ინდიელმა ჯომ თქვა:
- იცი, რა, ძმაო, შენ დაბრუნდი მდინარის სათავესთან, საიდანაც მოსულხარ, და დაელოდე ჩემს ცნობებს. მე კი შესაფერის დროს ვიხელთებ, ერთხელ კიდევ შევიპარები ქალაქში და ყველაფერს შევიტყობ. საჭიროა ყველაფრის კარგად გაგება და მოფიქრება, სანამ დავიწყებდეთ იმ დიდ, სახიფათო საქმეს. შემდეგ კი ჰაიდა, ტეხასისკენ. ორივემ მოვუსვათ!
ამაზე შეთანხმდნენ. ორივემ დაამთქნარა, ბოლოს მეტისმა თქვა:
- თვალები მეხუჭება! ახლა შენი ყარაულობის დროა.
მოიკუნტა ბალახებში და მალე ხვრინვა ამოუშვა. ამხანაგმა ორჯერ-სამჯერ მუჯლუგუნი წაჰკრა და გააჩუმა. შემდეგ ყარაულმაც დაიწყო თავის ქინდვრა. თანდათან ძირს დაეშვა მისი თავი და ორივე მოჰყვა ხვრინვას!
ბიჭებმა თავისუფლად ამოისუნთქეს!
- ახლა კი დროა! - წასჩურჩულა ტომმა, - აბა, წავიდეთ.
- არ შემიძლია, - თქვა ჰეკმა, - ადგილზევე გავშეშდები, რომ გამოიღვიძონ.
ტომი ეხვეწებოდა, ჰეკი ჯიუტობდა, ბოლოს, ტომი ჩუმად წამოდგა და მარტო გაემართა. მაგრამ პირველივე ნაბიჯის გადადგმაზე ძველმა იატაკმა ისეთი ჭრაჭუნი დაიწყო, რიმ ტომი იქვე გაწვა შიშით შეპყრობილი და მეორე ნაბიჯის გადადგმა ვეღარ გაბედა. ბიჭები იწვნენ და ითვლიდნენ წუთებს, რომლებიც ნელა მიიზლაზნებოდა. ბიჭებს ეჩვენებოდათ, რომ დრო აღარ არსებობს და მარადისობასაც სიბერე შეეპარა. მათ ძალიან გაუხარდათ, როცა მზის ჩასვლა შეამჩნიეს.
ახლა ერთი მათგანიღა ხვრინავდა. ინდიელი ჯო წამოდგა, ირგვლივ მიმოიხედა, შეხედა თავის ამხანაგს, რომელსაც თავი მუხლებში ჩაერგო, და პირქუშად გაიღიმა. ფეხი აჰკრა და უთხრა:
- ადექი! კაცმა შენისთანა ყარაული უნდა ინატროს. თუმცა არა უშავს; ხომ არაფერი მომხდარა.
- უი, ნუთუ ჩამეძინა?
- ჰო, ცოტა შეცოდე. აბა ახლა კი გზას გავუდგეთ, მეგობარო. დანარჩენ ფულს რაღა ვუყოთ?
- რა ვიცი, იქნებ კვლავინდებურად აქ დავტოვოთ. ვიდრე გზას არ გავუდგებით სამხრეთისაკენ, ხომ არ დაგვჭირდება. ექვსას ორმოცდაათი ვერცხლის ზურგით თრევა არც ისე ადვილია!
- მაშ, კარგი, არაფერი მოხდება, თუ კვლავ მოვალთ აქ.
- არა უშავს რა, მაგრამ უწინდებურად რამე მოვიდეთ, ასე ემჯობინება.
- სწორია, აი, რა უნდა გითხრა: იქნება მალე ვერ შევძლო იმ საქმის მოგვარება, შეიძლება რამე შემემთხვეს. ფული კი უხეიროდ მაქვს შენახული. ყველაფერს აჯობებს ფული მიწაში ჩავფლათ, ღრმად.
- კარგი აზრია, - Uუთხრა ამხანაგმა, გადაინაცვლა ოთახის მეორე მხარეს, აჰყარა ერთი ფილაქანი ბუხრის სიღრმეში და ამოიღო პარკი, რომელშიაც ვერცხლის ფულს წკრიალი გაჰქონდა. ოცი თუ ოცდაათი დოლარი ამოიღო თავისთვის, ამდენივე გადაუთვალა მეტისს და გადასცა პარკი; ის კი ამ დროს დაჩოქილი კუთხეში და მიწას თხრიდა თვაისი დასაკეცი დანით.
ბიჭებს ერთბაშად დაავიწყდათ შიშიც და განსაცდელიც. ისინი გაფაციცებით უთვალთვალებდნენ მაწანწალას ყოველ მოძრაობას. ასეთი სიმდიდრე არც კი დაესიზმრებოდათ; ექვსასი დოლარი! სრულიად საკმარისი თანხა იყო ექვსასი დოლარი ბიჭების გასამდიდრებლად. განძი თავისთავად მოუვიდათ; ახლა საჭირო აღარ არის იმაზე ფიქრი, თუ სად მოეთხარათ მიწა. ისინი წარამარა მუჯლუგუნს ჰკრავდნენ ერთმანეთს და თითოეული კარგად გრძნობდა, რასაც ნიშნავდა ეს: ახლა ხომ კმაყოფილი ხარ, აქ რომ მოცედითო.
მეტისის დანა მოხვდა რაღაც მაგარ საგანს.
- ოჰ! - თქვა მან.
- რა არის? - ჰკითხა ამხანაგმა.
- ნახევრად დამპალი ფიცარი... არა, მგონია, ზანდუკია. მოდი, მიშველე, ამოღება, ვნახოთ რა არის. შეჩერდი, საჭირო აღარ ხარ, ფიცარი გაიხვრიტა.
ჩაყო ხელი და მალე უკან ამოიღო.
- გამიგონე, აქ ფულია.
ორივე სიხარბით დააცქერდა მუჭით ამოებულ ფულს. ეს ოქრო იყო. ბიჭები ზევით ამათზე ნაკლებ არა ღელავდნენ სიხარულისაგან.
- საჩქაროდ უნდა ამოვთხაროთ ზანდუკი, - თქვა ჯოს მეგობარმა. - აგერ აი, იქ, ბალახებში, ბუხრის კუთხეში, წეღან დაჟანგული წერაქვი დავინახე, - გაიქცა და მალე მოარბენინა ბიჭების დატოვებული წერაქვი და ბარი. მეტისმა აიღო წერაქვი, უნდობლად დააცქერდა, თავი გაიქნია, რაღაც წაიბუტბუტა თავისთვის და დაიწყო მიწის თხრა.
მალე ამოიღო ზანდუკი. ზანდუკი პატარა იყო, რკინით მოჭედილი, ეტყობოდა, მაგარი იყო, რადგანაც დროს ჯერ არ შეელახა.
რამდენიმე წუთს მაწანწალები უხმოდ, აღფრთოვანებით დაჰყურებდნენ განძს.
- აქ, მეგობარო, - შენიშნა ჯომ, - რამდენიმე ათასი დოლარია.
- გაგონილი მაქვს, რომ ამ მიდამოებში ერთ ზაფხულს თურმე დათარეშობდა მერელას ბრბო, - თქვა მეორემ.
- მეც გამიგია. შეიძლება სწორედ იმათ შეინახეს ეს განძი.
- ახლა კი აღარ დაგვჭირდება იმ საქმის წამოწყება.
მეტისი მოიღუშა.
- შენ ან არ მიცნობ, ან ყველაფერი არ იცი იმ საქმის შესახებ. მე გაძარცვის სურვილი კი არ მამოქმედებს, არამედ შურისძიების გრძნობა! - და თვალებში ბოროტების ცეცხლმა გაუელვა. - მე დამჭირდება შენი დახმარება. როცა იმასაც მოვრჩებით, მაშინ კი ტეხასისკენ გავწიოთ! წადი, შინ, შენს ნენსისთან და ბავშვებთან და ელოდე ჩემს ცნობას.
- კარგი, იყოს ნება შენი, ამას რაღა ვუყოთ? ისევ ჩავფლათ?
- ჰო... (ზევით აღტაცება სიხარულისაგან), არა, ვფიცავ დიდებულ სახემს, არა (ზევით დიდი სასწარკვეთილება). ცოტას გაწყდა, დამავიწყდა, რომ ბარს მიწის ახალი ნაკვალევი ჰქონდა (ბიჭებს შიშისაგან თვალთ დაუბნელდათ). საიდან გაჩნდა ეს წერაქვი და ბარი? რად იყო მათზე მიწა? ვინ მოიტანა ისინი და თვითონ სად გადაიკარგნენ? შენ არავინ დაგინახავს, ან არაფერი გაგიგონია? ნურას უკაცრავად, აქ შევინახოთ ფული, ისინი მოვიდნენ და ახლად მოთხრილი მიწა შეამჩნიონ? არა, სჯობია, ჩემს სოროში წავიღოთ!
- დიახაც, ასე სჯობია! მე ეგ აღარ მომგონებია! რომელ სოროში, პირველ ნომერში?
- არა, მეორეში, ჯვრის ქვეშ. პირველი არ ვარგა, მეტად ხალხმრავალი ადგილია.
- კარგი. თითქმის უკვე შებინდდა და შეგვიძლია წასვლა.
ინდიელი ჯო წამოდგა, ფანჯარასთან გაირა-გამოიარა და სიფრთხილით მიათვალიერ-მოათვაიერა იქაურობა, ბოლოს თქვა:
- ვინ მოიტანდა ამ იარაღს? როგორა გგონია, იქ, ზევით ხომ არავინ იქნება?
ბიჭებს სუნთქვა შეეკრათ. ინდიელმა ჯომ დანა მოიმარგვა. ერთ წუთს ყოყმანობდა, შემდეგ კი კიბისკენ გაემართა. ბიჭებს, მართალია, საკუჭნაო მოაგონდათ, მაგრამ ადგილიდან დაძვრა ვერ მოახერხეს, კიბემ ჭრაჭუნი დაიწყო. აუტანელმა შიშმა ბიჭებს გაბედულება ჩაუნერგა და ის იყო საკუჭნაოში დამალვას აპირებდნენ, რომ სწორედ ამ დროს მოესმათ საშინელი ჭახანი და ინდიელი ჯო დამპალი კიბის ნამტვრევებს გადაჰყვა ძირს. გინებით წამოდგა. ამხანაგმა უთხრა:
- აბა, რას მიძვრებოდი ზევით? თუ ვინმეა, დაე, იყოს, ჩვენი რა საქმეა! თუ მოისურვებს გადმოხტომას და ხიფათში ჩავარდნას, არც მაგას დავუშლით. რამდენიმე წუთის შემდეგ სულ დაბნელდა; დაე, მაშინ გამიგვიდგნენ. თუ ძალიან სურთ, საწინააღმდეგო არაფერი გვექნება. მე კი ვფიქრობ, ვინც იარაღი აქ მოიტანა, ჩვენ უთუოდ ეშმაკები ან მოჩვენებანი ვეგონეთ და, ალბათ, ახლაც თავქუდმოგლეჯილი გარბის.
ჯო ბუზღუნით დაეთანხმა ამხანაგს, რომ საძინბლად აღარ ეცალათ. საჭირო იყო ესარგებლათ სინათლით და მომზადებულიყვნენ წასასვლელად. მერე ფრთხილად გავიდნენ სახლიდან, ბინდბუნდში გაემართნენ მდინარისაკენ და თან წაიღეს ძვირფასი ზანდუკიც.
ტომი და ჰეკი დაუძლურებულნი წამოდგნენ. ახლა თავისუფლად ამოისუნთქეს და კედლების ნაპრალებიდან დაუწყეს მათ ყურადღება. გამოჰკიდებოდნენ? ეჰ, - არას გზით! ჩვენ გმირებს ისიც ძალზე გაუხარდათ, რომ უვნებლად ჩამოვიდნენ ძირს და კისერი არ მოიტეხეს. გადაიარეს გორაკი და გზას გაუდგნენ ქალაქისაკენ. ერთმანეთს ცოტას ელაპარაკებოდნენ; ბრაზი ახრჩობდათ: იქ რამ მიგვატანინა წერაქვი და ბარი, ეს იარაღი რომ არ ეპოვათ, ჯოს ეჭვიც არ დაებადებოდა; იქვე ჩაფლავდა თავის ოქროსა და ვერცხლს, სანამ "შურს იძიებდა”, და როცა დაბრუნდებოდა, ცარიელი დახვდებოდა თავისი ორმო. ბედმა უმტყუნა მათ, ბედმა! გადაწყვიტეს, თვალყური ედევნებინათ "ესპანელისათვის”, როცა ქალაქში დაბრუნდებოდა შურის საძიებლად; შემდეგ კი გაჰყოლოდნენ ნომერ ორ სორომდე. უცებ ტომს საშინელმა აზრმა გაუელვა:
- ჰეკ ვაითუ იმ შურისძიების საგანი ჩვენა ვართ?!
- ეჰ, კარგი ერთი და! - თქვა ჰეკმა და შიშისაგან კინაღამ ჩაიკეცა.
სულ ამაზე ლაპარაკობდნენ, ვიდრე ქალაქში შევიდოდნენ; ბოლოს დაასკვნეს, რომ მეტისი შურისძიებას ფიქრობს ან სხვა ვინმეზე ან მხოლოდ ტომზე, რადგანაც სწორედ ტომმა მისცა მისი საწინააღმდეგო ჩვენება. ვერაფერი ნუგეში იყო ტომისათვის ის, რომ განსაცდელი მარტო მას მოელოდა. მისი აზრით, სხვაც რომ ჰყოლოდა გვერდით, დიდი შეღავათი იქნებოდა.


თავი ოცდამერვე

დღისით რაც გადახდა ტომს, ღამით სიზმარში ელანდებოდა და იტანჯებოდა. სიზმარში ოთხჯერ ეჭირა ხელში განძი და ოთხჯერვე გაუსხლტა ხელიდან. ძილი გაუქრა, ღვიძლმა კი საშინელი სინამდვილე და მარცხი გაახსენა.
გათენებისას იწვა ლოგინში და ყველა წვრილმანს იხსენებდა. მას ყველაფერი ისე ბუნდოვანი და შორეული ეჩვენა, თითქოს ეს მომხდარიყოს სადღაც სხვა ქვეყანაში ძალიან დიდი ხნის წინათ. ერთ ხანს თავში იმანაც გაუელვა: იქნება სიზმარი იყოო.
ამ აზრში ერთი მეტად მნიშვნელოვანი საბუთი არწმუნებდა; სახელდობრ ის, რომ იქ ძალიან ბევრი ფული იყო, ხოლო სინამდვილეში ამდენის არსებობა შეუძლებელია. უწინ ტომს ერთბაშად ორმოცდაათ დოლარზე მეტი ფული არ უნახავს. სხვა ბიჭებივით, რომლებიც ფუფუნებაში არ გაზრდილან, მასაც ეგონა, რომ "ასები და ატასები” მხოლოდ გაზვიადებული წარმოდგენის ნაყოფია და სინამდვილეში ასეთი უზარმაზარი თანხა არ არსებობს. ერთი წუთითაც ვერ წარმოიდგენდა, რომ ნაღდ ფულად ვინმეს ჰქონდა ისეთი თანხა, როგორიც ასი დოლარია. ვინმეს რომ გამოეკვლია მისი წარმოდგენა ჩაფლული განძის შესახებ, აღმოჩნდებოდა, რომ განძში იგი გულისხმობდა ერთ მუჭა სპილენძის ფულს და მთელ გროვა მქრქალ, დიდებულ, ხელშეუხებელ დოლარებს.
მაგრამ რამდენადაც მეტს ფიქრობდა, იმდენად ნათლად და ცხადად წარმოუდგა ნანახი და, ბოლოს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მას მართლა გადახდა თავს ყველაფერი და ეს სრულიადაც არ იყო სიზმარი. მაინც უნდოდა ამაში ნამდვილად დარწმუნებულიყო, ამიტომაც საჩქაროდ ისაუზმა და გაემართა ჰეკის საძებნელად.
ჰეკი ჩამომჯდარიყო მოზრდილ ნავზე, ფეხები წყალში ჩაეკიდა და უხალისოდ აქანავებდა. მეტად მოწყენილი გამოიყურებოდა. ტომმა გადაწვიტა, დალოდებოდა, სანამ ჰეკი იტყოდა რამეს. თუ ის არაფერს არ იტყოდა, ჩანს, ტომმა ყველაფერი სიზმარში ნახა.
- სალამი, ჰეკ!
- სალამი!
წუთიერი დუმილი.
- ეჰ, ტომ, ჩვენ რომ ის წყეული იარაღები გამხმარი ხის ქვეშ დაგვეტოვებინა, ახლა ფული ხელში გვქენებოდა... მაშ, ეს საშინელება არ მოხდა?
- ჩანს, სიზმარი არა ყოფილა, არა ყოფილა სიზმარი! ნეტავ სიზმარი ყოფილიყო, ნეტავ!
- რა სიზმარი?
- მე გუშინდელ ამბავზე გეუბნები! ვფიქრობდი, ალბათ სიზმარი იყო-მეთქი.
- სიზმარი?! აბა კიბე არ ჩამტვრეოდა, ის გიჩვენებდა, რა სიზმარიც იყო! მე კი მთელი ღამე ის შეჩვენებული თვალახვეული ესპანელი მესიზმრებოდა, თითქოს უკან მომდევდა. ეშმაკმა წაიღოს იმის თავი!
- ეშმაკმა რად უნდა წაიღოს? ჩვენ უნდა მივაგნოთ მის კვალს, რომ ფული ხელთ ვიგდოთ.
- ვერასოდეს ვერ ვიპოვნით მას. ასეთი შემთხვევა ორჯერ არა ხდება: ვერ ვისარგებლეთ და აკი დაგვეკარგა კიდევაც! ალბათ, გული გამისკდება, თუ შევხვდი სადმე.
- მეც, ჰეკ, მაგრამ მაინც მინდა შემხვდეს, იქნებ მეორე ნომრის კვალს მივაგნოთ.
- მეორე ნომრის? ჰო, საქმეც მაგაშია. მეც ვფიქრობდი, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე. როგორ გგონია, რა უნდა იყოს მეორე ნომერი?
- არ ვიცი. ძალიან ძნელი გასაკვირია. გამგონე, ჰეკ, იქნებ ეს სახლის ნომერია?
- რას ამბობ! არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, თუ ასეა, ჩვენს ქალაქში არ იქნება. ჩვენი სახლები ხომ უნომროა.
- მართალია. მოიცა, მოვიფიქროთ. იქნებ სამიკიტნოს რომელიმე ოთახის ნომერია?
- ეგ ჭკუასთან ახლოა! ჩვენ ხომ სულ ორი სამიკიტნო გვაქვს. ასე რომ, მაგის შემოწმება ადვილია.
- აქ დამიცადე, ჰეკ, სანამ მოვიდოდე.
და ტომი გაქრა. მას არ უყვარდა ხალხში გამოჩენა ჰეკთან ერთად. ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ კეთილმოწყობილ სამიკიტნოში ¹2 უკვე კარგა ხანია ეკავა ახალგაზრდა ვექილს. უფრო უვარგის სამიკიტნოში ¹2 ცოტა არ იყოს საიდუმლოებით იყო მოცული. მიკიტნის შვილს ეამბნა, რომ ეს ნომერი ერთთავად დაკეტილია; რომ მას დღისით არასოდეს არავინ უნახავს არც შესული, არც გამოსული. მიკიტნის შვილმა არ იცოდა ამ უცნაური ამბის მიზეზი; მასში ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა, მაგრამ არცთუ დიდად და დაასკვნა, იქ, ალბათ, "ავი სულები ბუდობენო”. სხვათა შორის, ისიც დაუმატა, წუხელის სინათლე გამოდიოდაო.
- აი, რა გავიგე, ჰეკ, დარწმუნებული ვარ, ის წორედ ის ნომერი ორია, რასაც ჩვენ დავეძებთ.
- მეც ასე ვფიქრობ, ტომ. ახლა რა ვქნათ?
- მოიცა, მოვიფიქრო.
ტომი დიდხანს ფიქრობდა, ბოლოს კი თქვა:
- აი, რა მოვიფიქრე, იმ მეორე ნომრის უკანა კარი პატარა შესახვევში გადის, სამიკიტნოსა და ძველი აგურის საწყობს შორის. ეცადე, რაც შეიძლება ბლომად მოაგვარო გასაღებები, მეც დეიდა პოლის ყველა გასაღებს ჩავიგდებ ხელში და პირველსავე ბნელ ღამეს ვცადოთ იმ კარის გაღება. თან სულ თვალი გეჭიროს ინდიელ ჯოზე. მან ხომ თქვა, ქალაქში გავჩნდები, შესაფერისი დრო რომ შევარჩიო ჩემი შურისძიებისათვისო. როგორც კი თვალი მოჰკრა, უკან აედევნა და თუ არ შევიდა მეორე ნომერში, ჩანს, ვერ გამოგვიცვნია.
- ღმერთო ჩემო, მარტო როგორ უნდა ავედევნო, მეშინია.
- ეგ ხომ ღამით უნდა მოხდეს! შეიძლება მან ვერც კი შეგამჩნიოს და კიდევ რომ დაგინახოს, არაფერსაც არ იფიქრებს.
- თუ ძალიან ებნელება, მაშინ თანახმა ვარ, არ ვიცი, არ ვიცი, ვცდი...
- ღამე ბნელი რომ ყოფილიყო, მე თვითონ ავედევნებოდი, ჰეკ. თორემ თუ დარწმუნდა, რომ შურისძიებას ვერ მოახერხებს, მაშინვე ფულზე წავა.
- მართალია ტომ, მართალი! ავედევნები, ღმერთმანი, ავედევნები!
- აი, ყოჩაღ! ეგ კარგია! მხოლოდ არ მიმტყუნო ჰეკ, და არც მე გიმტყუნებ.


თავი ოცდამეცხრე

ტომმა და ჰეკმა გადაწყვიტეს, საქმეს იმ საღამოსვე შესდგომოდნენ. ცხრა საათამდის იტრიალეს სამიკიტნოს გარშემო. ერთი შორიდან ადევნებდა თვალყურს ქუჩის შესახვევს, მეორე - სამიკიტნოში შესასვლელ კარს. შესახვევში არავინ ჩანდა "ესპანელის” მსგავსი, სამიკიტნოში არც არავინ შესულა, არც გამოსულა. ეტყობოდა, ღამე მთვარიანი იქნებოდა. ტომი წავიდა შინ. ასე შეთანხმდნენ: თუ ძალიან ებნელებოდა, ჰეკი მოვიდოდა ფანჯარასთან და კატასავით დაიკნავლებდა, ტომიც გადმოვიდოდა ფანჯრიდან და გასწევდნენ გასაღების მოარგებად. მაგრამ ღამე მთვარიანი იყო; ამიტომაც დაახლოებით თორმეტ საათზე ჰეკმა დატოვა თავისი საყარაულო ადგილი და დასაძინებლად ჩაძვრა შაქრის ცარიელ კასრში.
სამშაბათსაც არ გაუღიმა ბიჭებს ბედმა, არც ოთხშაბათს. მაგრამ ხუთშაბათს იმედი მიეცათ, რომ ბნელი ღამე იქნებოდა. ტომი წინასწარვე გაიპარა შინიდან, თან წაიღო დეიდას ძველი ფარანი და დიდი პირსახოცი, შუქის შესანიღბად. ფარანი დამალა შაქრის კასრში და ორივე ყარაულობას შეუდგა. ნაშუაღემევს სამიკიტნო დაკეტეს, სინათლე ჩააქრეს. სინათლე სხვაგანაც აღარსად აღარ იყო. "ესპანელი” არ ჩანდა. შესახვევშიც არავინ ჭაჭანებდა. ყველაფერი ხელს უწყობდა ჩვენს გმირებს. ღამე ბნელი იყო; მდუმარებას დროდადრო შორი ქუხილი თუ არღვევდა.
ტომმა აანთო ფარანი შაქრის კასრში, მჭიდროდ შემოახვია პირსახოცი და ბიჭები ღამის სიბნელეში გაემართნენ სამიკიტნოსაკენ. ჰეკი გაჩერდა სადარაჯოდ. ტომი კი მიიპარებოდა შესახვევისაკენ. გულშემზარავი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ჰეკს ლოდივით დააწვა. მას უკვე ენატრებოდა ფარნის შუქი გამოჩენილიყო; მართალია, შეეშინდებოდა, მაგრამ იმას მაინც გაიგებდა, რომ ტომი ცოცხალი იყო.
მას შემდეგ, რაც ტომი წავიდა, მისი აზრით, რამდენიმე საათმა განვლო, "ალბათ, გული შეუწუხდა, - გაიფიქრა ჰეკმა, - იქნება კიდევაც მოკვდა შიშისაგან”. შეშფოთებული ჰეკი თავისდა უნებურად სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა შესახვევს; ათასგვარი საშინელება ეხატებოდა თვალწინ და ყოველ წუთს ელოდა რაღაც ხიფთს, აი, ახლა კი სულს ამომხდიანო. თუმცა კი სული თავისთავადაც ეხდებოდა და გულიც ისე უცემდა, რომ ეშინოდა, სულ არ გამიჩერდესო. უცებ გაიელვა სინათლემ და გაირბინა ტომმა.
- გაიქეცი, - წაიჩურჩულა მან, - თავს უშველე!
გამეორება აღარ დასჭირვებია, ჰეკი უკვე ქარივით მიჰქროდა. ბიჭები არ შეჩერებულან, ვიდრე არ მიუახლოვდნენ ფარდულს ძველ საყასბოსთან, რომელიც ქალაქის მეორე ბოლოში იყო. ის იყო, თავი შეაფარეს ფარდულს, რომ ატყდა ქუხილი და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ცოტა სული რომ მოითქვა, ტომმა დაიწყო:
- უჰ, ჰეკ, რა შემზარავი იყო. ორი გასაღები გავსინჯე, ვცდილობდი უხმოდ მემუშავა, მაგრამ ისინი ისე ჩხუბობდნენ, რომ შიშით გული მისკდებოდა; ვერასგზით ვერ მოვახერხე გადატრიალება. უცებ, ჩემდა უნებურად, სახელურს ხელი ჩამოვკარი და კარი გაიღო, დაკეტილი არ ყოფილა. ფარანს პირსახოცი შევხსენ და ღმერთო დიდებულო!
- რა ნახე, ტომ?
- ჰეკ, კინაღამ ხელზე დავაბიჯე ინდიელ ჯოს!
- რას ამბობ?
- ჰო, იატაკზე გაშხლართულიყო და მაგრად ეძინა, თვალი კი ისევ ძველებურად ნაჭრით ჰქონდა აკრული.
- ღმერთო, გვიხსენი! მერე რა ქნა, გაიღვიძა?
- არა, არც კი განძრეულა. ალბათ, მთვრალი იყო. დავავლე ხელი პირსახოცს და მოვკურცხლე!
- სწორედ გითხრა, მაგ დროს პისახოცი არც კი მომაგონდებოდა.
- მე კი მომაგონდა. რომ დაკარგულიყო, დეიდასაგან მომხვდებოდა.
- გამიგონე, ტომ, ზანდუკი ვერ დავინახე?
- ამას უყურე ერთი! დანახვის დრო იყო? არაფერი არ დამინახავს, არც ზანდუკი, არც ჯვარი, არაფერი, გარდა ბოთლისა და თუნუქის ჭიქისა; ისინი ინდიელი ჯოს გვერდით ეყარა. გარდა ამისა, ოთახში დავინახე ორი კასრი და აუარება ბოთლი. ახლა გასაგებია, რატომ არის ის ოთახი "უწმინდური”?
- რატომ?
- რატომ და არყის გამო. იქნებ ყველა "სიფხიზლის დამცველი საზოგადოების” სამიკიტნოში არის ისეთი "უწმინდური” ოთახები, როგორ გგონია?
- იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ვინ იფიქრებდა! გამიგონე, ტომ, ახლა სწორედ იმის დროა, რომ ზანდუკი წამოვიღოთ თუკი ჯო მართლა მთვრალია და სძინავს.
- როგორ არა! აბა, ერთი წადი, სცადე!
ჰეკს გააჟრჟოლა.
- არა, არ არის საჭირო.
- მეც ასე ვფიქრობ, ჰეკ. ერთი ბოთლი ინდიელისათვის ცოტაა. სამი ბოთლი რომ დამენახა მის გვერდით, მაშინ კიდევ შეიძლებოდა გაბედვა. 
სიჩუმე ჩამოვარდა. დიდხანს ფიქრობდნენ და ბოლოს ტომმა თქვა:
- იცი, რა ჰეკ, ნურც ვცდით იქამდის, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ინდიელი ჯო არ არის ოთახში. ძალიან საშიშია. თუკი ყოველღამ ვუყარაულებთ, უთუოდ ოდესმე დავინახავთ, რომ გამოვა. მაშინ კი დავტაცოთ ხელი ზანდუგს...
- კარგი, თანახმა ვარ. მე მზადა ვარ მთელი ღამეები ვუყარაულო, ოღონდაც დანარჩენი შენ იკისრე.
- მეც თანახმა ვარ. საჭიროა მხოლოდ ჩამოირბინო ჰუპერსტირის ერთი კვარტალი და დაიკნავლო; თუ ვერ გავიღვიძე, მაშინ კენჭები ესროლე ფანჯარას და გამეღვიძება.
- თანახმა ვარ!
- ახლა კი, ჰეკ, წვიმამ გადაიღო. მე შინ გავიქცევი. გათენებამდე დიდი დრო არ დარჩა - სულ, ალბათ, ორი საათიღაა. შენ მანამ ისევ იქ მიდი და ცოტა ხანს კიდევ უყარაულე, კარგი?
- კარგი, ხომ გითხარი, ვუყარაულებ-მეთქი. მთელი წელიწადი ვუყარაულებ სამიკიტნოს. დღე დავიძინებ, ღამე კი ვუყარაულებ.
- ეგეც მართალია, სად დაიძინებ?
- ბენ როჯერსის სათივეში, ის ნებას მაძლევს. არც იმათი ზანგი, ძია ჯეკი, მაგდებს იქიდან. წყალს ვუზიდავ, როცა სჭირდება, ზოგჯერ საჭმელსაც მაძლევს, როცა აქვს. ძალიან გულკეთილია, ტომ, და ვუყვარვარ იმიტომ, რომ ზანგებთან ამაყად არ მიჭირავს თავი. ზოგჯერ იმასთან ერთად ვჭამ საჭმელს, მხოლოდ გეხვეწები, არავის არ უთხრა. შიმშილი რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს.
- კარგი, ჰეკ, მე დღე აღარ შეგაწუხებ, თუ აუცილებელი საჭიროება არ იქნება. შენ კი, თუ ღამე თვალი რამეს შეასწრო, წამსვე მოირბინე და დაიკნავლე...


თავი ოცდამეათე

პარასკევ დილით ტომმა სასიხარულო ამბავი გაიგო, მოსამართლე თეტჩერის ოჯახი დაბრუნდაო! ტომს დროებით გადაავიწყდა მეტისიც და მისი განძიც, მთელი ყურადღება ბეკიმ მიიპყრო, მასთან მიირბინა. სხვა მოწაფეებთან ერთად მათ მხიარულად გაატარეს დრო, გული იჯერეს სხვადასხვა თამაშობით. დღის მხიარულება დააგვირგვინა კიდევ ერთმა სასიამოვნო ამბავმა: ბეკი უკვე დიდი ხანია ჩასციებოდა დედას, მეოწყო დაპირებული პიკნიკი. ბოლოს, თავმობეზრებულ დედას თანხმობა მიეცა ხვალისთვის და გოგონამ აღარ იცოდა, რა ექნა სიხარულისაგან. ტომიც ცას დაეწია. მზის ჩასვლამდის ყველა მოსაწვევი ბარათი დაიგზავნა და ახალგაზრდობა ფაციფუცით ემზადებოდა ამ სასიამოვნო დროსტარებისათვის. ტომს ღელვისაგან გვიანობამდე არ დაეძინა, სულგანაბული უცდიდა ჰეკს; ფიქრობდა, ან ახლა დაიკნავლებს, ან ახლა და იქნება ხვალ ყველანი გავაკვირვო ჩემი სიმდიდრით, ბეკიც და პიკნიკის მონაწილე სხვა ამხანაგებიცო. მაგრამ მოლოდინი გაუცრუვდა. იმ ღამეს ჰეკი არ გამოჩენილა.
გათედა. დაახლოებით დილის ათ საათზე მიწვეულმა ბავშვებმა თავი მოიყარეს მოსამართლე თეტჩერის სახლში. ყველაფერი მზად იყო და გზას უნდა გასდგომოდნენ. უფროსები შინ რჩებოდნენ, ძველი ჩვეულების თანახმად. არ უნდოდათ, ბავშვებისთვის ხელი შეეშალათ. დარწმუნებული იყვნენ, ბავშვებს არაფერი დაუშავდებოდათ, რაკი ორი-სამი თვრამეტი წლის ქალიშვილი მისდევდათ და, აგრეთვე, რამდენიმე ოც წელს გადაშორებული ახალგაზრდა ვაჟიც. ამ შემთხვევის გამო იქირავეს ძველი პატარა გემი და მალე მთელი ჯგუფი დაიძრა. ხმაურით გაიარეს მთავარი ქუჩა სანოვაგით სავსე კალათებით დატვირთულებმა. სიდი ავად იყო და არ შეეძლო მონაწილეობა მიეღო ამ დროსტარებაში. მერიც შინ დარჩა, სიდს რომ არ მოსწყენოდა. მისის თეტჩერმა წასვლისას უთხრა ბეკის:
- თქვენ ალბათ შეგაგვიანდებათ. უმჯობესია, ღამე დარჩე რომელიმე მეგობარ გოგონასთან, რომელიც ნავმისადგომთან ახლოს ცხოვრობს.
- დედა, მაშინ სუზი ჰარპერთან დავრჩები.
- კეთილი. აბა, შენ იცი, ჭკვიანად მოიქეცი!
როცა გარეთ გამოვიდნენ, ტომმა უთხრა ბეკის:
- იცი, რა? ჰარპერთან წასვლას ჯობია გორაკზე ავიდეთ და ქვრივ დუგლასს ვეწვიოთ, იმას ნაყინი ექნება; ყოველდღე ამზადებს და მერე, ნეტა იცოდე, რამდენს! თანაც ძალიან გაუხარდება ჩვენი მისვლა.
ბეკი დაფიქრდა, ბოლოს უთხრა:
- მერე დედა რას იტყვის?
- საიდან გაიგებს?
გოგონა კვლავ დაფიქრდა, ბოლოს, გაუბედავად წარმოთქვა:
- ბარემ ეგ კარგი არ არის, მაგრამ...
- რა "მაგრამ”, სისულელეა. დედაშენი ვერ გაიგებს. და რა არის აქ ცუდი? იმის სურვილია, შენ უვნებელი იყო. ის თვითონვე გაგაგზავნიდა ქვრივთან, რომ მოჰგონებოდა, სინდისს გეფიცები.
ქვრივი დუგლასის სახელგანთქმული სტუმართმოყვარეობა მეტად მომხიბვლელი იყო და ტომის დაჟინებულმა რჩევამ გაჭრა. გოგონა დათანხმდა. ბავშვებმა გადაწყვიტეს, არავისთვის არ ეთქვათ თავიანთი გადაწყვეტილება.
ტომს უცებ გაახსენდა: ვაითუ სწორედ ამაღამ მოვიდეს ჰეკი და მომცეს ნიშანიო? ამ აზრმა მისი აღფრთოვანება შეანელა, მაგრამ უარი ვერ ათქმევინა დროსტარებაზე ქვრივი დუგლასის სახლში. ან კი რად უნდა ვთქვა უარიო, - ფიქრობდა ტომი თავისთვის, - თუ ჰეკი წუხელის არ მოვიდა, რაღა დღეს მოვა? - უეჭველი მხიარულების მოლოდინმა სძლია საეჭვო განძის პოვნის სურვილს და, როგორც ბიჭებს სჩვევიათ, ტომმაც გადაწყვიტა, აჰყოლოდა თავის გულისთქმას, თანაც სრულიად დაევიწყა ფულიანი ზანდუკი მეორე დღემდე.
ქალაქიდან სამი მილის დაშორებით, მდინარის გაყოლებით, პატარა გემი მიადგა ნაპირს, რომელსაც ტყე ჰქონდა შემორტყმული. ბავშვების ჯგუფი გადავიდა ნაპირზე; მალე ტყე და ახლომახლო სერები გააყრუა ბავშვების ჟივილ-ხივილმა და სიცილ-კისკისმა. ათასგვარი თამაშობა მოიგონეს და გაერთნენ. როცა ყოველგვარი თამაშობა მოიყირჭეს, დაღლილი და ჭარხალივით დაწითლებული ბავშვები ქაქანით დაბრუნდნენ ბანაკში მგლებივით დამშეულნი და შეუდგნენ გემრიელი სანოვაგის გაჩანაგებას, მხიარული ნადიმის შემდეგ ბავშვები წამოწვნენ დასასვენებლად და სამასლაათოდ ტოტებგაშლილი მუხის ხეების ჩრდლქვეშ. ცოტა ხნის შემდეგ ვიღაცამ წამოიყვირა:
- ვის უნდა გამოქვაბულში შესვლა?
მსურველი ყველა აღმოჩნდა. ამოიღეს სანთლები, ერთბაშად მისცვივდნენ გორაკს და დაიწყეს ზედ აფოფხება. გამოქვაბულში ჩასასვლელი თითქმის გორაკის თავზე იყო და ფორმით ასო A-ს ჰგავდა. მუხის მძიმე კარი ღია დახვდათ. შიგნით პაწაწინა საკანი იყო, საყინულესავთ ცივი. მაგარი კირქვის კედლები თვითონ ბუნებას შეექმნა. კედლებიდან წყალი ჟონავდა, გეგონებოდათ, ოფლის წვეთებიაო. ადამიანს რაღაც უცნაური გრძნობა ეუფლებოდა, როცა სიბნელეში იდგა და გასცქეროდა მწვანედ მობიბინე ველს, ცხრათვალა მზით გაჩირაღდნებულს. მაგრამ ეს სანახაობა ცოტა ხნის შემდეგ აღარ ახდენდა ისეთ შთაბეჭდილებას, და მალე ისევ აქოთქოთდა ბავშვების ჯგუფი. თუ ვინმე აანთებდა სინათლეს, წამსვე მივარდებოდნენ გასაქრობად. ამნთები იბრძოდა, მაგრამ სანთელს არ ჩაუქრობდნენ, ან გამოსტაცებდნენ ხელიდან და კვლავ გაისმოდა მხიარული ყიჟინა და სიცილი სიბნელეში. მაგრამ ყველაფერს დასასრული აქვს. ბავშვები დაეწყვნენ და წეროებივით გაბმულნი დაეშვნენ მთავარი შესასვლელის ციცაბო ფერდობზე. სანთლების მოციმციმე შუქი ოდნავ ანათებდა კლდეში გამოკვეთილ კედლებს თითქმის თაღებამდე, რომლებიც ერთდდებოდნენ სამოცი ფუტის სიმაღლეზე. ეს მთავარი შესასვლელი სიგანით რვა-ცხრა ფუტი მაინც იქნებოდა. ყოველ ნაბიჯზე, ორივე მხარეს მოჩანდა უფრო ვიწრო გასასვლელები. მაკ-დუგალის გამოქვაბული წარმოადგენდა თვალუწვდენელ ლაბირინთს მიხვეულ-მოხვეული ტალანებით, რომელნიც ერთმანეთს კვეთდნენ და, რომელთაც დასასრული არ უჩანდათ. ამბობდნენ, რომ ამ დახლართულ ნაპრალებსა და ღრმულებში შეიძლებოდა დღეები და ღამეები ევლო ადმიანს ისე რომ გამოსასვლელი ვერ ეპოვნა. გარდა ამისა, შეიძლებოდა თანდათან სულ ქვევით ჩასვლა, მიწის სიღრმეში, სადაც ერთი ტალონი ებმოდა მეორეს და დასასრული კი არ უჩანდა. ვერავინ დაიტრაბახებდა, რომ "იცნობდა” გამოქვაბულს. ეს შეუძლებელი იყო. საზოგადოდ, ახალგაზრდები ეცნობოდნენ მის მხოლოდ მცირე ნაწილს და ამ ნაწილის იქით ვერ ბედავდნენ შესვლას. ტომ სოიერი გამოქვაბულს არც სხვებზე უკეთესად იცნობდა და არც ნაკლებად.
ბავშვებმა სამი მეოთხედი მილი გაიარეს მთავარ ტალანში, შემდეგ დაეწყვნენ წყვილ-წყვილად და ჯგუფ-ჯგუფად; ერთნიც და მეორენიც უხვევდნენ გვერდით შესასვლელებისკენ, ხეტიალობდნენ ვიწრო ტალანებში, მოლოდნელად ერთმანეთს აწყდებოდნენ იქ, სადაც ტალანები ერთდებოდნენ. აქაც კი, გამოქვაბულის ნაცნობ ნაწილში, შეიძლებოდა ერთმანეთს ასცდენოდნენ, რომ ნახევარი საათის განმავლობაში ვერც კი შეხვედროდნენ.
ჯგუფები ერთიმეორის მიყოლებით გამოვიდნენ გამოქვაბულიდან; მხიარულნი, სანთლის წვეთებით დაწინწკლულნი, თიხით გათხუპნულნი, მაგრამ ფრიად კმაყოფილნი და ნასიამოვნებნი. ყველას გაუკვირდა, დრომ ისე სწრაფად გაირბინა, საცაა დაბინდდებოდა. გემიც უკვე ნახევარი საათია რეკავდა. იმ დღის თავგადასავლის ასეთი დასასრული რომანტიკული ჩანდა და ამდენად დამაკმაყოფილებელიც. როცა მხიარული ბავშვებით დატვირთული გემი გასცდა ნაპირს და გაუდგა ქალაქის გზას, არავინ ნანობდა დაკარგულ დროს, გარდა გემის კაპიტნისა.
ჰეკი უკვე სადარაჯოზე იდგა, როცა გემის სინათლემ გაიციმციმა ნავსადგურთან. გემბანიდან არავითარი ხმაური არ ისმოდა: ახალგაზრდობა მიწყნარდა და გაჩუმდა, ასე ემართებათ უზომოდ დაღალულთ. ჰეკს ცოტა არ იყოს გაუკვირდა, გემი რომ არ შეჩერდა ნავსადგურთან; მაგრამ მალე გადაავიწყდა იგი და მთელი ყურადღება მიაპყრო თავისი მოვალეობის შესრულებას. დაირეკა ათი საათი და ბორბლების ხმაურიც მიწყდა. აქა-იქ დარჩენილი სინათლეებიც ერთმანეთზე ქრებოდა. გამვლელ-გამომვლელი აღარავინ იყო: ქალაქს ძილი დაეუფლა. პატარა ყარაული კი მარტოდმარტო დარჩა დუმილისა და მოჩვენებების ტყვეობაში. თერთმეტ საათზე სამიკიტნოშიც ჩააქრეს სინათლე. ახლა ყველგან უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა. კარგა ხანი გავიდა, როგორც ჰეკს ეჩვენებოდა, მაგრამ არაფერი არ მომხდარა. იმედიც უქარწყლდებოდა: რისთვის წვალობენ? ღირს ყარაულობა? არა სჯობია, ჩაძვრეს კასრში და იძინოს?
სწორედ ამ წუთს რაღაც ხმაური შემოესმა და მსწრაფლ გაინაბა. კარები, რომელიც შესახვევში გამოდიოდა, ფრთხილად დაიხურა. ჰეკი აგურის საწყობის კუთხეს ამოეფარა. ერთი წუთის შემდეგ მას გვერდით ჩაურბინა ორმა ლანდმა: ერთს თითქოს რაღაცა ჰქონდა იღლიის ქვეშ, - ალბათ, ზანდუკი. ესე იგი, მათ სურთ სხვაგან გადაიტანონ განძი! რა ქნას ახლა? დაუძახოს ტომს? სისულელე იქნება, ისინი გაპარვას მოასწრებენ, მერე წადი და ეძებე! არა, სჯობია გაჰყვეს მათ კვალს: ასეთ უკუნეთ სიბნელეში ვერც კი შეამჩნევენ მას. ასე მსჯელობდა თავისთვის ჰეკი. გამოვიდა თავისი საფარიდან და ფეხშიშველა, კატასავით უხმოდ, დაედევნა მაწანწალებს, მისდევდა შორიახლო, მაგრამ ისე კი, რომ თვალიდან არ დაჰკარგვოდა.
ისინი ჯერ მიდიოდნენ მდინარის სანაპირო ქუჩით, გაიარეს სამი კვარტალი და მერე გაუხვიეს მარცხნივ. სულ პირდაპირ ეჭირათ გეზი, სანამ მიუახლოვდნენ ბილიკს, რომელიც მიიკლაკნებოდა კარდიფის გორაკისაკენ. არც კი შეჩერებულან, ისე ჩაუარეს მოხუცი უელსის სახლს, რომელიც ფერდობზე იდგა და პირდაპირ გორაკს შეუდგნენ. "ოჰო, - გაიფიქრა ჰეკმა. - ალბათ, ფულის დამალვას ძველი ქვის სამტეხლოში აპირებენ”. მაგრამ ისინი არც კი შეჩერდნენ ქვის სამტეხლოსთან, აუარეს გვერდი და განაგრძეს გზა აღმართისაკენ; თუთუბოს ბუჩქებისაკენ მიმავალ ბილიკზე გაუხვიეს და ისინი უცებ ჩანთქა სიბნელემ. ჰეკმა ფეხს აუჩქარა, რომ დასწეოდა: სულ ერთია, მაინც ვერ დაინახავდნენ. ერთ ხანს თითქმის მირბოდა, მერე ნაბიჯს უკლო, ეშინოდა, ზედ არ წავაწყდეოა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ გაჩერდა და ყური მიუგდო. არსაიდან არაფერი არ ესმოდა, საკუთარი გულისცემის გარდა. გორაკიდან ბუმ დაიკივლა: ცუდი ნიშანი იყო. ფეხის ხმა სრულიად აღარ ისმოდა. ღმერთო, ნუთუ ყველაფერი დაიღუპა? ის იყო, უკან მოკურცხვლა დააპირა, რომ უცებ ვიღაცამ ჩაახველა, სულ ორიოდე ნაბიჯის დაშორებით. ჰეკს ეგონა, გული ამოუვარდებოდა ბუდიდან, მაგრამ გამაგრდა, გაშეშდა თავის ადგილზე. მთელი ტანით ცახცახებდა, თითქოს ციებ-ცხელება შეჰყრიაო, და ისე იყო დაუძლურებული, რომ ეგონა, ეს-ეს არის წავიქცევიო! მან იცნო ადგილმდებარეობა; ქვირივი დუგლასის მამულში იყო და ღობის გადასასვლელამდე ხუთიოდე ნაბიჯი თუ იქნებოდა.
"კეთილი, დაე, აქ ჩაფლან, - გაიფიქრა მან. - დიდხანს მაინც აღარ მოგვიხდება ძებნა”.
შემდეგ ინდიელი ჯოს ხმა შემოესმა. მან ოდნავ გასაგონად წაიჩურჩულა:
- ეშმაკსაც წაუღია! იქნებ სტუმრები ჰყავს. შუქი გვიანობამდე უნთია.
- სად ხედავ შუქს? მე ვერ ავმჩნევ?
მეორე ხმა იყო მეტისის ამხანაგის, რომელიც "უწმინდურ” სახლში ნახა. ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში ჰეკლბერი ფინს. აი, თურმე ვისზე აპირებს შურისგებას! ჰეკმა უკან გაბრუნება დააპირა, მაგრამ მოაგონდა რამდენი სიკეტე ახსოვდა ქვრივი დუგლასისაგან და ახლა იქნებ მისი მოკვლაც უნდოდათ! იგი ნატრობდა, ნეტავ გაბედულება მეყოს, ქვრივი გავაფრთხილოო; მაგრამ აბა, როგორ შეძლებდა. ისინი ხომ დაიჭერდნენ. მრავალმა ამდაგვარმა აზრმა გაურბინა თავში ჰეკს, ვიდრე მეტისი უპასუხებდა:
- ბუჩქები გიშლის და იმიტომ ვერა ხედავ. აქეთ მოიწი, ახლა ხომ ხედავ?
- ჰო, ალბათ, სტუმრები ჰყავს, იქნება უმჯობესია, დღეს თავი დავანებოთ?
- დიახ, თავი დავანებო, როცა აქაურობას სამუდამოდ ვშორდები. თავი დავანებო? იქნებ ამისთანა შემთხვევა აღარც მომეცეს!.. კიდევ გიმეორებ, რაც უკვე მითქვამს: იმისი ფულები არ მჭირდება; შენ აიღე. მაგრამ მისმა ქმარმა მაწყენინა და არა ერთხელ და ორჯერ. როცა მოსამართლედ იყო, ციხეში მიკრა თავი მაწანწალობისთვის, ეგ კიდევ არაფერი! მისი ბრძანებით გამწკეპლეს ციხის წინ, ზანგივით, ყველამ დამინახა. გამშოლტეს, გესმის, რა არის ეს: მისი ბედი, რომ ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ცოლს გავუქვითავ!
- ნუ მოკლავ! რა საჭიროა!
- მოვკლა? ვინ გითხრა, რომ მოვკლავ? მის ქმარს მოვკლავდი, რომ შეიძლებოდეს. ამას არ ვუპირებ. როცა დედაკაცზე იძიებენ შურს, მას არ კლავენ, - რა საჭიროა? საკმარისია დაუსახიჩრო სახე; შუაზე გაუპო ცხვირი, მოაჭრა ყურები, როგორც ღორს...
- თუ ღმერთი გწამს, ეგ...
- შენთYვის შეინახე დარიგება! გირჩევნია, გაჩუმდე. საწოლზე მივაბამ და თუ სისხლისგან დაიწრიტება, განა ჩემი ბრალი იქნება? მე რა მენაღვლება. შენ კი, ძმობილო, ამაში უნდა დამეხმარო; აქ ამისთვის მოგიყვანე. ერთი ვერ გაუძღვები ამ საქმე, და თუ თავს აარიდებ, აქვე გაგაქრობ, გესმის? ხოლო თუUშენ მოგკლავ, იმასაც აღარ ვაცოცხლებ, და ვეღარავინ გაიგებს, ვინ ჩაიდინა ეს საქმე.
- რა გაეწყობა! თუ უამისობა არ შეიძლება, ეგრე იყოს. რაც უფრო მალე მოხდება, უკეთესია. მთლად მაკანკალებს.
- როგორ, ახლა? სტუმრები? გამიგონე, შენ რაღაც საეჭვოდ აჩქარდი! არა; დავიცადოთ, სანამ სინათლეს ჩააქრობენ, რა გვეჩაქრება.
ჰეკმა იგრძნო, რომ ახლა საუბარს მოჰყვებოდა სიჩუმე, გაცილებით უფრო შემზარავი, ვიდრე მკვლელბაზე ლაპარაკი. ამიტომ მან სული განაბა და ფრთხილად უკან დაიხია. დიდხანს ირწეოდა ცალ ფეხზე. ლამის ან აქეთ გადავარდნილიყო, ან იქით, სანამ მეორე ფეხს დადგამდა მიწაზე. ასეთივე სიფრთხილითა და თავგანწირვით გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი; შემდეგ კიდევ; უცებ ფეხქვეშ გატკაცუნდა ხმელი ტოტი! გული გაუსკდა. გაჩერდა და ყური მიუგდო: არსაიდან ხმა, სამარისებური დუმილი. ძალზე გახარებული მიტრიალდა, გაძვრა კედლებივით აღმართულ თუთობოს ბუჩქებს შუა და უხმაუროდ გაემართა წინ. როცა მიუახლოვდა ქვის სამტეხლოს, თავი სამშვიდობოს დაიგულა და მოკურცხლა, რაც ძალი და ღონე ჰქნდა. თავქვე დაეშვა ბურთივით, სანამ უელსელის სახლამდე მიაღწევდა. კარებს დაუწყო მუშტით ბრახუნი. ფანჯრიდან თავი გამოყო ბებერმა ფერმერმა, გამოჩნდნენ მისი ბრგე ვაჟიშვილებიც.
- რაშია საქმე? ვინ აბრახუნებს? რა გინდათ?
- შემომიშვით ჩქარა! ყველაფერს გიამბობთ.
- ვინა ხარ?
- ჰეკლბერი ფინი. შემომიშვით ჩქარა.
- ჰეკლბერი ფინი? ბიჭოს, შენ არც ისე სახელოვანი კაცი ხარ, რომ ყველამ ფართოდ გაგიღოს კარი, მაგრამ მაინც Dშემოიშვით, ბიჭებო, ვნახოთ, რას იტყვის.
- ოღონდ, გთხოვთ, არავის უთხრათ (ეს იყო ჰეკის პირველი სიტყვები, როცა შემოვიდა), რასაც ახლა მე გიამბობთ, თორემ კარგი დღე არ დამაგდება. ქვრივი მე ხომ ყოველთვის კარგად მექცეოდა; გეტყვით, ნუ დამპირდებით, რომ არავის ეტყვით.
- ვფიცავ პატიოსნებას, ამ ბიჭს რაღაც აქვს სათქმელი! - წამოიძახა მოხუცმა. - აბა, დაიწყე, ბიჭო, არავის ვეტყვით.
რამდენიმე წუთის შემდეგ მოხუცი და მისი შვილები კარგად შეიარაღებულნი, თითის წვერებზე შემდგარნი, მიუახლოვდნენ ბილიკს თუთუბოს ბუჩქებს შორის, იარაღი მზად ჰქონდათ. ჰეკმა მიიყვანა ბილიკამდე, იმის იქით კი არ წაჰყვა. ჩამოჯდა დიდი ლოდის უკან და დაუწყო ლოდინი. სულის შემხუთავი დუმილი ჩამოვარდა. უცებ მოისმა თოფის ჭახანი და ყვირილი. ჰეკს აღარაფრისთვის აღარ დაუცდია, წამოხტა, შურდულივით დაეშვა ქედიდან და მოკურცხლა.

კატეგორია: სათვგადასავლო რომანები | ნანახია: 1203 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: