მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 2 » ტომ სოიერის თავგადასავალი(.36-- თავი)
5:00 PM
ტომ სოიერის თავგადასავალი(.36-- თავი)

თავი ოცდამეთექვსმეტე

მკითხველისთვის, ალბათ, გასაგები იქნება, თუ რაოდენ ააფორიაქებდა პატარა, მიყრუებულ ქალაქ სანკტ-პეტერბურგს ტომისა და ჰეკის ამბავი. ასეთი დიდი თანხა, და ისიც ხალასი ოქრო, პირდაპირ დაუჯერებელი იყო. ფულზე ბევრს ლაპარაკობდნენ, ზოგი შურითაც კი ივსებოდა, აღტაცებას გამოთქვამდნენ და ზოგიერთი მოქალაქე კინაღამ შეირყა მეტისმეტი აღგზნებისაგან. სანკტ-პეტერბურგში და მის ახლომახლო მდებარე სოფლებში დაიწყო "უწმინდური” სახლების ჩხრეკა: ფიცრებს ყრიდნენ, თხრიდნენ საძირკველს და ყველგან ეძებდნენ დამარხულ განძს. ამ საქმეს ეწეოდნენ არა მხოლოდ ბიჭები, არამედ დარბაისელი ვაჟკაცები და არა მეოცნებენი. ტომსა და ჰეკს ყველა ანებივრებდა, პატივს სცემდა და ყველა გაკვირვებული შესცქეროდა, სადაც კი გამოჩნდებოდნენ. ბიჭებს არ ახსოვდათ ისეთი შემთხვევა, რომ უწინ მათი ლაპარაკისათვის ვინმეს ყურადღება მიექცია; ახლა კი თითოეულ მათ შენიშვნას იმეორებდნენ; თითოეულ მათ მოქმედებაში ხედავდნენ რაღაც არაჩვეულებრივს. თიტქოს ამ პატარა ბიჭებს დაეკარგათ ყოველგვარი უნარი, ელაპარაკათ ან გაეკეთებინათ ჩვეულებრივი რამ; ეს კიდევ ცოტაა, მათI წარსულიც გაიხსენეს და მასშიც აღმოაჩინეს უჩვეულო ნიჭის ნიშნები. ადგილობრივ გაზეთში ორივეს ბიოგრაფია მოათავსეს.
ქვრივმა დუგლასმა ჰეკის ფული ბანკში შეიტანა; მოსამართლე თეტჩერიც ასევე მოექცა ტომის ფულს დეიდა პოლის თხოვნით.
ახლა თითოეულს უშველებელი შემოსავალი ჰქონდა: თითო დოლარი დღეში, კვირა დღეს კი ნახევარი დოლარი. სწორედ იმდენი, რამდენსაც მოძღვარი იღებდა, უფრო სწორად, უნდა მიეღო თავისი მრევლისაგან, მაგრამ ეს ვერასოდეს ვერ ხერხდებოდა. იმ ძველ, ბედნიერ დროს მხოლოდ დოლარი და ერთი მეოთხედი ჯდებოდა კვირაში მოსწავლის ბინა, კვება, ჩაცმა-დახურვა და დაბანა.
მოსამართლე თეტჩერი დიდი პატივისცემით განისმჭვალა ტომისადმი, მისი აზრით, ჩვეულებრივი ბიჭი ვერ შესძლებდა მისი ქალის გამოყვანას გამოქვაბულიდან. ხოლო როცა ბეკიმ საიდუმლოდ უამბო მამას, ტომმა როგორ დაასჯევინა თავი მისი გულისათვის, მოსამართლეს გული აუჩუყდა. როდესაც ბეკიმ სთხოვა მამას, არ დაედანაშაულებინა ტომი იმ ტყუილისათვის, რომელიც მოიგონა ბეკის დასახსნელად, მოსამართლემ აღფრთოვანებთ განაცხადა: ეს ტყუილი მეტად კეთილშობილი და დიდსულოვანია, იგი ღირსია ისტორიის მსვლელობაში გვერდში ამოუდგეს ჯოჯრ ვაშინგტონის სახელგანთქმულ გულახდილობას წალდუნას შესახებო. ბეკის არასოდეს არ ენახა თავისი მამა ისეთი ბრწყინვალე და წარმოსადეგი, როგორც ახლა, როცა ამ სიტყვებს ამბობდა და თანაც ოთახში მიმოდიოდა. ბეკი წამსვე გაიქცა და ყველაფერი ტომს უამბო.
მოსამართლე თეტჩერს იმედი ჰქოდა, რომ მოესწრებოდა ტომის ან გამოჩენილ ვექილობას ან დიდებულ მთავარსარდლობას. ის ამბობდა: მე ვუშუამდლომლებ, რათა ტომი ნაციონალურ სამხედრო აკადემიაში მიიღონ, ხოლო შემდეგ კი ისწავლოს იურისპრუდენცია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო სკოლაში. ამგვარად, იგი მოემზადება ერთ-ერთი კარიერისათვის ან ერთბაშად ორივესათვისო.
სიმდიდრემ და ქვრივი დუგლასის მფარველობამ ჰეკლბერი ფინი საზოგადოებაში გამოიყვანა, უფრო სწორად კი, ძალით შეტმასნეს და ჩაითრიეს; ამიტომაც მის ტანჯვა-წამებას საზღვარი არა ჰქონდა. ქვრივის მოსამსახურეები ბანდნენ და უსუფთავებდნენ ტანსაცმელს, ვარცხნიდნენ თმას; ღამე აძინებდნენ ისეთ ქათქათა ლოგინში, რომლის თეთრეულზე ერთ დალაქავებულ წერტილსაც ვერ იპოვიდით, რათა სასოებით ცაეკრა გულში ჭუჭყის მოყვარულ ბიჭს. უნდა ეჭამა დანა-ჩანგლით, უნდა ეხმარა ხელსახოცი, ფინჯანი და თეფში. უნდა ესწავლა წიგნი, ევლო ეკლესიაში და, რაც მთავარია, ელაპარაკა ზრდილობიანად. ისე რომ, საცოდავმა, ბოლოს ლაპარაკის ხალისიც კი დაკარგა: საითაც კი მიიხედავდა, ყველგან ცივილიზაციის ხუნდები ხვდებოდა, რაც ხელ-ფეხს უბორკავდა.
სამ კვირას ვაჟკაცურად გაუძლო თავის გაჭირვებას, შემდეგ კი, ერთ მშვენიერ დღეს გაქრა. შეშფოთებული ქვრივი მთელ ორ დღე-ღამეს ეძებდა მას. ეძებდნენ ხევსა და მთებში, მდინარეც კი გაჩხრიკეს მისი გვამის საპოვნელად. ბოლოს, მესამე დღეს დილაადრიან, ტომ სოიერმა მოიფიქრა დაკარგულის მოძებნა ცარიელ კასრებში, სასაკლაოს გვერდით, და ერთ-ერთში მართლაც იპოვა გაქცეული. ჰეკს ღამე იქ გაეტარებინა. მას ახლახან ესაუზმა აწაპნული ნარჩენებით და ახალ წამოწოლილი ჩიბუხს აბოლებდა დიდი სიამოვნებით. პირდაუბანელი იყო, დაუვარცხნელი და ისევ თავისი ძველმანები ეცვა, რომლებიც ესოდენ ამშვენიერებდა მას, როცა თავისუფალი და ბედნიერი იყო. ტომმა ამოათრია კასრიდან, უამბო, რამდენი უსიამოვნება მიაყენა ყველას და მოსთხოვა დაბრუნებულიყო შინ. ჰეკის სახემ დაკარგა კმაყოფილი გამომეტყველება, იგი მოიღუშა.
- გაგონებაც არ შემიძლია, ტომ! - უთხრა მან, - ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა! ჩემთვის არ გაჩენილა კეთილი ცხოვრება, ვერ შევეჩვიე. ქვრივი გულკეთილად და ალერსიანად მექცევა, მაგრამ იმდენი ხათაბალის თავი არა მაქვს. პირის დაბანას მიბრძანებს, მთელი თმა დამაგლიჯეს ვარცხნით, არც ფარდულში მაძინებენ. არა, არა, გამოიჭიმე საწოლზე! ახლა ეს ოხერი ტანსაცმელი, ლამის დამახრჩოს, ჰაერს არც კი ატარებს; თანაც ის სატიალო ისეთი სუფთაა, რომ ვერც მიწაზე ვჯდები, ვერც ვწვები, ვერც ვკოტრიალობ. აგერ მთელი საუკუნეა, აღარც სარდაფის კარზე ჩავსრიალებუვარ. ახლა ეკლესიაშიც წადი და გული გაიწვრილე იმ მოსაწყენი ქადაგებებით! იქ ვერც ბუზს დაიჭერ, ვერც თამბაქოს დაღეჭავ. ახლა, კვირაობით ფეხსაცმელებიც ატარე. ქვრივი ზარის ხმაზე ჭამს, ზარის ხმაზე წვება, ზარის ხმაზე დგება... ყველაფერი ისე წესიერად არის მოწყობილი, რომ მისი ატანა შეუძლებელია.
- ყველას ცხოვრება ხომ ასეა მოწყობილი, ჰეკ!
- ეგ ჩემთვის სულ ერთია, ტომ, მე ყველა არა ვარ და ვერც გავუძლებ ამას. აუტანელია, ხელფეხშეკრული იყო. საჭმელიც ძალიან იოლად მოდის, ისე, რომ ჭამა აღარც კი გინდა. თევზაობა მოგინდება, დაეკითხე, ცურაობა და ბანაობა მოგინდება, ამაზედაც დაეკითხე; რაც არ უნდა მოგინდეს, ეშმაკმა წაიღოს, უნდა დაეკითხო. სულ წესიერად უნდა ილაპარაკო, ასე რომ, ლაპარაკის სურვილიც კი დამეკარგა; ზოგჯერ სხვენზე ავიდოდი და ვიგინებოდი, რომ გული მომეოხებინა, თორემ მოვკვდებოდი. ქვრივი არ მაძლევდა ნებას ჩიბუხი მომეწია, მეყვირა, დამემთქნარებინა, გამეზმორა, დამეფხანა "საზოგადოებაში”. - შემდეგ კი აღშფოთებითა და გულისტკენით წარმოთქვა: - მერედა, სულ ერთთავად ლოცულობს. ეშმაკსაც წაუღია მისი თავი. ასეთი ქალის მნახველი არა ვარ! უნდა გამოვქცეულიყავი, ტომ, ეს აუცილებელი იყო! სულ მალე მეცადინეობაც დაიწყება და ახლა სკოლაში მაიძულებენ სიარულს; ამას კი ვეღარ ავიტან! ხომ ხედავ, ტომ, სიმდიდრეც არაფერი არ ყოფილა, მისგან მხოლოდ უსიამოვნება გელის და სიკვდილს ნატრობ. ამ ჩემს ნაგლეჯებს და ჩემს კასრს შევეჩვიე და ვერც მოვიშორებ. ამისთანა უბედურება არც დამატყდებოდა თავს, ის ტიალი ფული რომ არა ყოფილიყო. ტომ, შენთვის მომიცია ჩემი წილიც, ისე მოიხმარე, როგორც შენი ფული. მე კი ზოგჯერ მომეცი ათი ცენტი, ისიც ხშირად არ მინდა, რადგანაც მე ის მომწონს, რაც ადვილად არ იშოვება. შენ კი მიყავი სიკეთე და ქვრივს სთხოვე ჩემს შესახებ.
- ჰეკ, შენ კარგად იცი, რომ არ შემიძლია მაგის გაკეთება, არ ივარგებს. ცოტა კიდევ შეეცადე და სულ მალე შეეჩვევი.
- შევეჩვევი? განა შეიძლება ადამიანი შეეჩვიოს ცხელ ღუმელზე ჯდომას?.. არა, ტომ, არ მინდა მდიდარი ვიყო და არც მსურს ცოხვრება იმ წყეულ სულისშემხუთავ სახლებში. მე მიყვარს ტყე, მდინარე, მიყვარს ღამის გაეთევა კასრში - აქვე დავრჩები. სწორედ ახლა, როცა გვაქვს თოფები, გამოქვაბული და ყოველივე, რაც კი საჭიროა ყაჩაღობისათვის, ამ სისულელემ ყველაფერი გააფუჭა.
ტომმა ისარგებლა შემთხვევით:
- ჰეკ, დამიჯერე, სიმდიდრე ხელს არ შეგვიშლის ყაჩაღობაში.
- მართალია? ჯანდაბას შენი თავი, მართალს ამბობ, ტომ?
- რასაკვირველია, და მერე ხომ არ შეიძლება შენი მიღება ყაჩაღთა გულნდში, ჰეკ, თუ ხეირიანი ტანისამოსი არ გექნება.
ჰეკის სიხარული მოიშხამა.
- არ მიმიღებენ? როგორ თუ არ მიმიღებენ! შენ ხომ მიმიღე მეკობრეთა გუნდში!
- მართალია, მაგრამ ის სხვაა. ყაჩაღი მეკობრეზე გაცილებით მეტია! თითქმის ყველა ქვეყანაში ისინი კეთილშობილი წარმოშობისანი არიან, ჰერცოგები, ან სხვები.
- გამიგონე, ტომ! შენ ხომ ყოველთვის ჩემი მეგობარი იყავი! ხომ არ მიმატოვებ, ტომ? ხომ მიმიღებ, ტომ, ხომ? მითხარი!
- ჰეკ, მე კი მიგიღებდი, მაგრამ რას იტყვის ხალხი? იტყვიან: "ფუი, ტომ სოიერის გუნდი! მდაბიო ხალხია იქ!” და შენზე მიუთითებენ. ეს ხომ შენც არ გესიამოვნება და, კარგად იცი, მეც მეწყინა.
- კარგი, ტომ, თუ პირობას მომცემ, რომ მიმიღებ შენს გუნდში, ერთი თვით დავბრუნდები ქვრივ დუგლასთან და ვეცდები, შევეჩვიო. მხოლოდ შენ კი უნდა მიმიღო.
- კეთილი, ჰეკ, აი, მესმის! წავიდეთ, მეგობარო, მე ვთხოვ ქვრივს, რომ მეტისმეტად არ შეგავიწროვოს.
- მართლა სთხოვ, ტომ? ეს კარგი იქნება. თუ ის მართლა ძალიან არ შემავიწროვებს, ჩუმად მოვწევ და ჩუმადაც შევიგინებდი, როგორმე მოვითმენ. შენ როდის შეადგენ გუნდს და როდის დაიწყებ ყაჩაღობას?
- ძალიან მალე. შეიძლება ამ საღამოსვე შევყარო ბიჭები და ყაჩაღად ვაკურთხო.
- რა ქნა?
- ვაკურთხო.
- ეგ რაღას ნიშნავს?
- ეს იმას ნიშნავს, რომ დავიფიცებ, ერთმანეთისათვის თავი დასდონ და არასგზით არ გასცენ ამხანაგი, თუნდაც ამისათვის მთლიანად აკუწონ; რომ ყველას დავხოცავთ, ვინც კი რამეს დაუშავებს ჩვენს წევრს, და რომ ოჯახსაც არ დავინდობთ.
- აი, ეს მესმის, ტომ!
- ოღონდაც! ფიცი აუცილებლად შუაღამისას უნდა დავდოთ, რაცშეიძლება მიყრუებულ ალაგას. ყველაზე უკეთესი ის სახლი არის, სადაც მოჩვენებებია, თუმცა ისინი უკვე სულ გადათხარეს.
- ყოველ შემთხვევაში, ხომ შუაღამისას მოხდება, ეგეც კარგია.
- ჰო, ფიცს დავდებთ ვისიმე საფლავზე და ხელს მოვაწერთ სისხლით.
- ოჰო! ეგ ათასჯერ უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეკობრეობა. სხვა რა გზა მაქვს, ვიცხოვრებ ქვრივთან, კიდეც რომ მოვკვდე. ხოლო თუ ნამდვილი ყაჩაღი გავხდი და ყველა ალაპარაკდა ჩემზე, მაშინ ქვრივიც იამაყებს იმით, რომ მან აღმზარდა.

დასკვნა

ასე მთავდება ეს მოთხრობა. იგი სწორედ ამ ადგილას უნდა დამთავრდეს, რადგანაც პატარა ბიჭის ამბავს გვიამბობს. თხრობა რომ გაგვეგრძელებინა, მამაკაცის ბიოგრაფია გამოვიდოდა. როცა რომანს მოზრდილ ადამიანებზე წერ, იცი, რით დაამთავრო - ქორწილით, მაგრამ როცა ბავშვებზე წერ, იქ უნდა დაამთავრო, სადაც უფრო მოსახერხებელია.
ამ წიგნის გმირთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია. კეთილად და ბედნიერად ცხოვრობს. შესაძლოა, ოდესმე კიდევ დავუბრუნდე ამ ბავშვების ცხოვრების აღწერას, რა ადამიანები დადგნენ ისინი, ამიტომ უაზრობა იქნებოდა, ახლა მეამბნა ამის შესახებ.


კატეგორია: სათვგადასავლო რომანები | ნანახია: 844 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: