მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 2 » ტომ სოიერის თავგადასავალი(1.2.3.4. 5- თავი)
4:30 PM
ტომ სოიერის თავგადასავალი(1.2.3.4. 5- თავი)

I- ტომ!
პასუხი არ არის.
- ტომ!
პასუხი არ არის.
- რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!
მოხუცმა ცხვირზე ჩამოწია სათვალე და სათვალის ზემოდან მოათვალიერა მთელი ოთახი, მერე შუბლზე აიწია და ახლა სათვალის ქვემოდან მიიხედ-მოიხედა. სათვალეში თითქმის არასოდეს იყურებოდა, როცა ეძებდა ისეთ პაწაწკინტელა ნივთს, როგორიც, მაგალითად, ერთი ციცქნა ბიჭია. ეს სათვალე მისი სიამაყე იყო და უფრო სილამაზისათვის იკეთებდა; იქიდან დანახვა ისევე შეიძლებოდა, როგორც ქოთნის სარქველიდან. ერთ წამს მოხუცი დაიბნა, შემდეგ კი არც თუ გაჯავრებით, მაგრამ იმდენად ხმამაღლა, რომ ოთახის ავეჯს გაეგონა, თქვა:
- ჩამივარდები ერთი ხელში და...
სიტყვა ვერ დაასრულა, დაიხარა და საწოლქვეშ გულმოდგინედ დაიწყო ძებნა ცოცხლით რაღაცას, თანაც ცოცხლის ყოველ მოსმაზე ჩერდებოდა სულის მოსათქმელად, მაგრამ იქიდან კატის მეტი ვერაფერი გამოათრია.
- საძაგელი ბიჭი! ჩემს დღეში მისი მსგავსი არა მინახავს რა!
მივიდა გაღებულ კართან, შეჩერდა და ბაღში დაუწყო თვალიერება პამიდვრის კვლებსა და ბალახებში. ტომი არსად ჩანდა. მაშინ კი ხმა აიმაღლა და შესძახა:
- ტომ!
ზურგს უკან რაღაცამ გაიფაჩუნა. მიიხედა და პატარა ბიჭს მკლავში სწვდა, როცა ის გაპარვას აპირებდა.
- ერთი ამას დამიხედეთ, სულ დამავიწყდა, საკუჭნაოში შემეხედა! რას აკეთებდი იქ?
- არაფერს.
- არაფერს? დაიხედე ხელებზე, შეხედე შენს ტუჩებს! ასე რით მოითხუპნე?
- არ ვიცი, დეიდა!
- მაშ, მე ვიცი! მურაბით! აი, რით! ათასჯერ მითქვამს, თუ ხელი გიხლია, გაგწკეპლავ-მეთქი. მომაწოდე წკეპლა.
წკეპლამ ჰაერში გაიშხუილა. განსაცდელი გარდაუვალი იყო.
- ოჰ, დეიდა, მიიხედეთ, თქვენს უკან რა არის!
მოხუცი მიტრიალდა, თან შიშით კაბის კალთა აიწია, ბიჭმა კი მოკურცხლა, თვალის დახამხამბაში ხის მაღალ მესერს გადაევლო და თავს უშველა. დეიდა პოლი ჯერ გონს ვერ მოვიდა გაკვირვებისაგან, მერე კი ჩუმად ჩაეცინა:
- აი, შე საძაგელო! ნუთუ აქამდე ვეღარ შევეჩვიე? განა ცოტა ოონი უქნია! ტყუილად კი არ არის ნათქვამი: "ბებერი სულელი ყველა სულელეზე ტუტუცია” და "ბებერ ძაღლს ახალს ვეღარაფერს შეასწავლიო”. მაგრამ, ჩემო, მაგას ოინებს რა გამოულევს; ორჯერ ერთსა და იმავეს არასოდეს გაიმეორებს, - განა მიუხვდები, რას აპირებს?! გეგონებათ იცის, რამდენ ხანს უნდა მაწვალოს, რომ მოთმინებიდან არ გამოვიდე. საკმარისია, ერთი წამით სხვა რამეზე გადაიტანოს ჩემი ყურადღება, ან გამაცინოს, რომ მთელმა რისხვამ გამიაროს და თითიც ვეღარ დავაკარო.
...ღმერთმანი, პირნათლად ვერ ვიხდი ჩემს მოვალეობას. საღვთო სჯულში ხომ წერია: ვინც წკეპლას არ ხმარობს, ყმაწვილს რყვნისო. მე კი, ცოდვილი, როგორ ვანებივრებ. ამისათვის ორვეს პასუხი მოგვეთხოვება. ვიცი, ვიცი, რომ თავი სისულელითა აქვს გამოტენილი, მაგრამ რა ვქნა? ის ხომ ჩემი ცხონებული დის შვილია, საცოდავის. და მეც ძალა არა მყოფნის ერთი კარგად გავშოლტო. ყოველთვის, როგორც კი სასჯელისაგან გასხლტომის საშუალებას მივცემ, სინდისი მქენჯნის, დავსჯი და მოხუცებული გული მიკვდება იმისი ცოდვით. მართალი უთქვამს, ღმერთს ადამიანისათვის ერთი სიცოცხლე მიუცია და სადარდებელი კი ათასიო! ნამდვილად ასეა! დღეს სკოლაში არ წასულა; საღამოზე ყალთაბანდობას მოუნდება, მე კი მოვალე ვარ, დავსაჯო. შევასრულებ კიდეც ჩემს მოვალეობას, ხვალ მთელი დღე ვამუშავებ. სისასტიკეა შაბათ დღეს მუშაობა, როცა ყველა ბიჭისათვის უქმეა, მაგრამ რას ვიზამ... მუშაობა ჭირივით ეჯავრება. ამჯერად მაინც ვერ ვაპატიებ, თორემ მთლიანად დავღუპავ ბიჭს.
ტომს იმ დღეს სკოლაში არც კი შეუხედია და დრო ჩინებულად გაატარა. ძლივს მოასწრო შინ დაბრუნება ვახშმობამდე, რათა მიხმარებოდა ჯიმს, ზანგ ბიჭუნას, ხვალისთვის შეშის დახერხვასა და დაპობაში. ყოველ შემთხვევაში, მოასწრო, ეამბნა თავისი თავგადასავალი, სანამდის ჯიმი სამუშაოს სამ მეოთხედს შეასრულებდა. ტომის უმცროს ძმას, სიდს (დედით ძმები იყვნენ), უკვე გაეთავებინა თავისი საქმე. მის მოვალეობას შეადგენდა ნაფოტების შეგროვება. სიდი წყნარი და მორჩლი იყო, არასოდეს ცელქობდა. ვიდრე ტომი ვახშამს შეექცეოდა და ყველა შემთხვევას იყენებდა შაქრის ნატეხების მოსაპარავად, დეიდა პოლი მას მეტად ცბიერ კითხვებს აძლევდა, - იქნება რამე წამოსცდესო. როგორც გულწრფელ ადამიანებს სჩვევიათ, დეიდასაც სწამდა, რომ დაჯილდოებული იყო უნარით, ჩასწვდომოდა ყოველგვარ საიდუმლოს და თავისი ყველაზე გულუბრყვილო ფანდები სასწაულებრივ ეშმაკობად მიაჩნდა. მან იკითხა:
- დღეს სკოლაში ძალიან ცხელოდა, ტომ?
- არა, დეიდა.
- იქნებ ძალიან ცხელოდა?
- დიახ, დეიდა.
- ბანაობა არ მოგინდა, ტომ?
ტომი შეიშმუშნა; გულში არასასიამოვნო ეჭვმა გაურბინა. გამომცდელი თვალით შეხედა დეიდა პოლის, მაგრამ მისმა სახემ არაფერი უთხრა, და უპასუხა:
- არა, დეიდა, არც იმდენად.
მოხუცმა ხელი შეახო ტომის პერანგს და თქვა:
- ყოველ შემთხვევაში, სრულიად არ გაოფლიანებულხარ.
მოხუცს თავი მოსწონდა, რომ ასე მოხერხებულად გამოიკითხა პერანგის ამბავი და რომ ნამდვილ აზრს ვერავინ მიუხვდებოდა; მაგრამ ტომმა კარგად იცოდა, ქარი საითაც უბერავდა, ამიტომ თავიდან აიცილა მომდევნო კითხვა.
- ჩვენი ბიჭები ონკანს უშვერდნენ თავს გასაგრილებლად. ნახეთ, თმა ახლაც კი სველი მაქვს.
დეიდა პოლი გულნატკენი დარჩა, მხედველობიდან როგორ გამორჩა ასეთი მნიშვნელოვანი საბუთი. მაგრამ უცებ ბრწყინვალე აზრმა გაურბინა.
- ტომ, მერე, ჩემი მიკერებული საყელო ხომ არ მოარღვიე პერანგს, როცა თავი წყალს შეუშვირე? აბა, გაიხსენი ქურთუკი!
ტომს დარდი გადაეყარა, ღილები გაიხსნა. პერანგის საყელო მაგრად იყო მიკერებული.
- აბა, ახლა კი დამეკარგე! მე მეგონა, სკლიდან საბანაოდ გაიპარე. ამჯერად გაპატიებ, მგონი, უკეთესი უნდა იყო, ვიდრე ჩანხარ.
დეიდა პოლი ნაწყენიც დარჩა, რომ გამჭრიახობამ უმტყუნა, თანაც უხაროდა, ტომმა ერთხელ მაინც გამოიჩინა მორჩილებაო.
მაგრამ სიდმა თქვა:
- მე ასე მახსოვს, თითქოს თქვენ საყელო თეთრი ძაფით მიაკერეთ, აქ კი შავია...
- დიახაც, თეთრი ძაფით მივაკერე!.. ტომ!..
მაგრამ რომმა აღარ დაუცადა გაგრძელებას, ეცა კარს და თან დაიძახა:
- სიდ, მე შენ გიჩვენებ სეირს!
საიმედო ადგილას რომ მიიმალა, ტომმა გასინჯა ორი დიდი ძაფგადახვეული ნემსი, რომლებიც ქურთუკის საყელოში შიგნითა მხარეს ჰქონდა დაბნეული. ერთზე თეთრი ძაფი იყო აგებული, მეორეზე - შავი.
- ის ხომ ვერც შეამჩნევდა, სიდი რომ არ ყოფილიყო. ხათაბალაა, დეიდა ხან შავ ძაფს ხმარობს, ხან თეთრს. სად დავიხსომო! ერთით მაინც კეროს! სიდს კი ამის გულისათვის მაგრა მივბეგვავ! სინდისსა ვფიცავ, ჭკუას ვასწავლი!
ორ წუთსაც არ გაევლო, რომ ტომმა გულიდან გადაიყარა დარდი. იმიტომ კი არა, რომ იგი ნაკლებად მძიმე და მტკივნეული იყო, ვიდრე მოზრდილი ადამიანების დარდი. არა, მთელ მის არსებას დაეუფლა რაღაც ახალი მისწრაფება, რამაც დაიმორჩილა ყველა დანარჩენი. სწორედ ასე ავიწყდებათ მოზრდილებსაც თავიანთი ჭირ-ვარამი, როცა რაიმე ახალი წამოწყების ხალისი შეიპყრობთ. საქმე ის იყო, რომ ტომმა ერთი ზანგისაგან რაღაც უცნაური სტევნა ისწავლა და დიდი ხანია ოცნებობდა თავისუფლად ევარჯიშა. ზანგი ჩიტების ჭიკჭიკს ბაძავდა, რისთვისაც დროგამოშვებით ენას სასას აბჯენდა. თუ მკითხველს ბავშვობაში გამოუცდია, ალბათ, გაახსენდება, როგორ ახერხებენ ასე სტვენას. გულისყურისა და მუყაითობის შემწეობით ტომი მალე მიხვდა ამ საიდუმლოებას და ახლა მხიარულად მიაბიჯებდა ქუჩაში. მისი ბაგენი მუსიკას აფრქვევდნენ, სული კი მადლიერების გრძნობით აღვსოდა. ის ვარსკვლავთმრიცხველს მოგაგონებდათ, რომელმაც ახალი მნათობი აღმოაჩინა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მისი სიხარული უფრო გულწრფელი და ძლიერი იყო.
ზაფხულის საღამოები გრძელია; ჯერ არ დაბნელებულიყო. უცებ ტომმა სტვენა შეწყვიტა. მის წინ ვიღაც უცხო ბიჭი იდგა. ცოტა მასზე მაღალი. უცხო პირის გამოჩენა პატარა ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, ბუნებრივია, გაკვირვებას გამოიწვევდა. მით უმეტეს, რომ ბიჭი კარგად იყო ჩაცმული, ისიც სამუშაო დღეს! თავზე კოხტა ქუდი ეხურა; ყველა ღილზე შეკრული ლურჯი მაუდის სუფთა და ახალთახალი ქურთუკი და შარვალი კარგად ადგა ტანზე; ყველა ღილზე შეკრული ლურჯი მაუდის სუფთა და ახალთახალი ქურთუკი და შარვალი კარგად ადგა ტანზე; ფეხსაცმელებიც ეცვა, თუმცა უქმე დღე არ იყო; ღია ფერის ყელსახვევიც შეება. საერთოდ, უცხო ყმაწვილს, მით უფრო ცხვრის უბზეკდა და ამით აგრძნობინებდა, ძალზე მეზიზღება გამოწკეპილი ბიჭებიო. ერთმანეთისათვის ხმა არ გაუციათ, მაგრამ როგორც კი ერთი გადაადგამდა ნაბიჯს, მეორეც მიჰყვებოდა. ერთმანეთს პირისპირ უდგნენ და თვალი თვალში გაეყარათ; ბოლოს, ტომმა დაილაპარაკა:
- მე შემიძლია, კარგად მიგბეგვო.
- აბა, ერთი სცადე.
- მიგბეგვავ კიდეც.
- ვერ შეძლებ!
- არა, შევძლებ.
- არა, ვერ შეძლებ!
- შევძლებ!
- ვერ შეძლებ!
უხერხული დუმილი ჩამოვარდა. ისევ ტომმა დაიწყო:
- რა გქვია?
- შენი საქმე არ არის!
- აბა, ხმა, თOრემ, გიჩვენებ სეირს!
- მერედა, რა გიშლის ხელს?
- აბა, გაბედე კიდევ რამის თქმა...
- გავბედავ, გავბედავ! აჰა!
- დიდი ვინმე გგონია შენი თავი, აი! თუUმოვინდომებ, ერთი ხელით შემიძლია მიგბეგვო.
- მერე რაღა გიშლის ხელს? ხომ ამბობ, შემიძლიაო!
- შემიძლია! თუ სისულელეს თავს არ დაანებებ, მართლა გცემ.
- მინახავს შენისთანებიც!
- პრანჭიავ! გგონია, დიდი ვინმე ბრძანდები! ერთი ამის ქუდს დამიხედე!
- აბა, იქნებ კიდევაც სცადო და მომხადო, მაშინ ნახავ სეირს!
- ცრუპენტელა!
- შენ თვითOნა ხარ!
- ცრუ და მშიშარა!
- კარგი, გაიარე, გაიარე!
- ეი, შენ თუ ბევრს ილაპარაკებ, ავიღებ ქვას და თავს გაგიხეთქავ!
- ტყუილია!
- არა, გაგიხეთქავ!
- რაღას ელი? შენ მარტო იმუქრები, რატომ ხელს არ ანძრევ? იქნებ გეშინია?
- არც მიფიქრია!
- არა, გეშინია!
- არა, არ მეშინია!
- გეშინია!
ისევ დუმილი. მოპირდაპირენი ერთმანეთს ისევ გარს უვლიან, ისევ თვალს თვალში უყრიან. ბოლოს, ერთმანეთს მიუახლოვდნენ, მხარი მხარს მიადეს.
- დაიკარგე აქედან! - შესძახა ტომმა.
- შენ თვითOნ დაიკარგე!
- არა მსურს!
- არც მე მსურს!
ცალ ფეხზე დაბჯენილნი ეკვეთნენ ერთმანეთს, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, ერთმანეთისადმი სიძულვილით ანთებულნი, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მოაცვლევინა ფეხი მოპირდაპირეს. როდესაც ორივე მოიქანცა და გაწითლდა, ნელ-ნელა უკან დაიხიეს. ტომმა განაცხადა:
- შენ მხდალი და ფინია ხარ! მოიცადე, ჩემს უფროს ძმას ვეტყვი. ერთი თითით დაგანარცხებს მიწაზე. აი, ნახე, თუ ამას არ ვიზამ!
- ძალიან კი შემაშინე შენი დიდი ძმით! მე თვითონ მყავს შენზე დიდი ძმა. მას შეუძლია შენი ძმა ბურთივით გადააგდოს აი, იმ მესერზე (ეს ძმები მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო).
- რაკი შენ იტყვი, არა?!
ტომმა ფეხის ცერით მიწაზე ხაზი გაავლო და უთხრა:
- გიკრძალავ ამ ხაზზე გადმობიჯებას! თუ არ დაიშლი, ისე გაგხდი, რომ ფეხზე ვეღარ დადგე. აბა, ერთი გაბედე!
უცნობი ბიჭი საჩქაროდ დადგა გავლებულ ხაზზე:
- აბა, ვნახოთ, როგორ მცემ.
- თავი დამანებე, გირჩევ!
- ხომ დაიტრაბახე, გცემო, რატომ არ ასრულებ?
- გცემ, გგონია არ გცემ?! ორ ცენტად გცემ!
უცნობმა ჯიბიდან ამოიღო შავი ფული და დაცინვით გაუწოდა ტომს.
ტომმა ხელი აჰკრა და მიწაზე გააგდებინა.
იმავე წუთს ორივენი ტალახში გორაობდნენ. თოკივით გადაგრეილნი. ერთმანეთს თმით ათრევდნენ, ტანისამოსს აგლეჯდნენ, სახეს ჰკაწრავდნენ, მუშტს ურტყამდნენ, მტვერში აგორავებდნენ. ბრძოლის კორიანტელი გაიფანტა და ტომი გამოჩნდა. მხედარივით შეჯდომოდა თავის მოპირდაპირეს, მუშტებით ზელავდა და თან ეუბნებოდა:
- ითხოვე პატიება!
ბავშვი განთავისუფლებას ცდილობდა, სიბრაზის ცრემლები ახრჩობდა.
- ითხოვე პატიება! - და ტომმა მუშტები აამუშავა.
ბოლოს უცხო ბიჭმა ძლივს წამოილუღლუღა: "მაპატიე”. ტომმა თავი დაანება და თან უთხრა:
- ჭკუას ისწავლი, სხვა დროს გეცოდინება, ვისთან დაიჭირო საქმე.
უცნობმა ბიჭმა თავისი გზით გასწია, თან მტვერს იბერტყავდა ტანისამოსიდან, თანაც სულ სლუკუნებდა და ხვნეშოდა. ხანდახან მოიხედავდა უკან, თავს დაუქნევდა და დაემუქრებოდა: - გადაგიხდი თუ ხელში ჩამივარდიო. ტომს ეცინებოდა და შინისკენ გახარებული მიდოდა, მაგრამ როგორც კი ზურგი შეაქცია, უცხო ბიჭმა ქვა სთხლიშა ბეჭებში და ისე მოჰკურცხლა, როგორც ანტილოპამ. ტომი გამოეკიდა ვერაგ მოპირდაპირეს, სახლამდის სდია და ამგვარად, გაიგო, სადაც ცხოვრობდა. პატარა ხანს ჭიშკართან მოუცადა და მტერს კარში იწვევდა საბრძოლველად; მაგრამ იგი ფანჯრიდან ეღიჯებოდა, გარეთ გამოსვლა კი არ მოისურვა. ბოლოს, მტრის დედა გამოვიდა, ტომს ქუჩის ბიჭი, საძაგელი და უზრდელი უწოდა და გააგდო. ტომი გატრიალდა, მაგრამ დაემუქრა, ბრალი მაგისი, თუ ხელში ჩამივარდაო.
ტომი გვიან დაბრუნდა. ფრთხილად გადაძვრა ფანჯარაში, ცდილობდა, არ ეხმაურა; მაგრამ ფანჯარასთან დეიდა ჩასაფრებოდა. როცა დეიდამ დაინახა რა მდგომარეობაში იყო იმისი ტანისამოსი, გულში უფრო მტკიცედ გადაწყვიტა, მძიმე სამუშაო მიეცა მისთვის უქმე დღეს.


თავი მეორე

გათენდა შააბათი დილა. სიცოცხლით მჩქეფარე ზაფხლის ბუნებას მხიარული ელფერი დასდებოდა. ყველას გული უმღეროდა. ახალგაზრდების გულში კი ეს სიმღერა ვეღარ ეტეოდა და მათ ბაგეთაგან საამო ჰანგებად იფრქვეოდა. სახე ყველას სიხარულით გაცისკროვნებოდა, გაზაფხული იგრძნობოდა თვით ადამიანის ყოველ ნაბიჯში. ჰაერი აყვავებული აკაციის სურნელით იყო გაჟღენთილი.
მწვავედ აბიბინებული კარდიფის გორაკი ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებდა. შორიდან აღთქმულ ქვეყანას მოგაგონებდათ, იმდენად მომხიბლავი, მყუდრო და მიმზიდველი იყო იგი.
ტომი გამოვიდა სახლიდან. ხელში ეჭირა წყალში გახსნილი კირით სავსე ვედრო და გრძელტარიანი ჯაგრისი. როცა თვალი შეავლო მაღალ მესერს, იმწამსვე გაქრა სიხარული და მის გულს ღრმა მწუხარება დაეუფლა; ხუმრობა საქმე ხომ არ იყო ოცდაათი იარდის სიგრძისა და ცხრა ფუტის სიმაღლის მესერის გათეთრება?! სიცოცხლე უაზრობად და არსებობა მძიმე ტვირთად მოეჩვენა. ოხვრით დაასველა ჯაგრისი კირში და ზედა ფიცარს დაუწყო წასმა; რამდენჯერმე გაიმეორა და შეჩერდა. რა იყო ეს შეთეთრებული წვრილი ზოლი მესერის უსასრულო სივრცესთან შედარებით! დაღონებული იქვე ღობესთან ხის ძირას ჩამოჯდა. ამ დროს ეზოდან ხტუნვა-ხტუნვით და ღიღინით გამოვიდა ზანგი ჯიმი თუნუქის ვედროთი ხელში. წყლის მოტანა ქალაქის საერთო ჭიდან ტომს უმძიმეს საქმედ მიაჩნდა, მაგრამ ახლა სიამოვნებით შეასრულებდა ამ სამუშაოს. მას გაახსენდა, რომ ჭასთან მუდამ ბევრი ხალხი იყრიდა თავს: ზანგი, მულატი, თეთრკანიანი ბიჭები და გოგონები. უცდიდნენ თავიანთ რიგს, ჩხუბობდნენ, ერთმანეთს სათამაშოებს უცვლიდნენ, ჭიდაობდნენ, ერთობოდნენ. ისიც გაახსენდა, რომ თუმცა ჭა შორს არ იყო, სულ ასორმოცდაათი ნაბიჯი თუ იქნებოდა, მაგრამ ჯიმი თითქმის ყოველთვის იგვიანებდა მთელს საათს; უთუოდ ვინმე უნდა გაეგზავნათ მის დასაძახებლად. ტომმა უთხრა:
- გამიგონე, ჯიმ, გინდა, მე წავალ წყალზე შენს მაგიერ და შენ კი მანამდე ეს მესერი ცოტათი გაათეთრე.
ჯიმმა თავი გააქნია.
- არ შემიძლია, ტომ! ქალბატონმა მიბრძანა, ჩქარა მოიტანე წყალი, გზაზე, გზაზე არ შეჩერდეო, არავის დაელაპარაკო, ვიცი, ტომი გთხოვს მესერის გათეთრებას, მაგრამ არ გავედო, არ გაუგონო, შენ შენი გზით წადიო; ისიც თქვა: მე თვითონ წავალ და ვნახავ, როგორ ათეთრებსო.
- რა ვუყოთ, რომ ასე თქვა, ჯიმ? იმან ყოველთვის ეგრე იცის, რას უგედ ყურს. მომეცი ეგ ვედრო, ერთი წუთით ჩავირბენ, ის ვერც კი გაიგებს.
- ვაი, მეშინია, ტომ, მოხუცი ქალბატონისა მეშინია. ტყავს გამაძრობს, შავ დღეს დამაყრის.
- ისა? ის თითსაც არავის ახლებს. დიდი საქმეა, თუ სათითე ჩაგკრა რამდენჯერმე! მერე ეგ რა არის! მართალია, ძალიან ილანძღება, მაგრამ ლანძღვა რას დააკლებს, ისევ თვითონ ატირდება. გამოგონე, ჯიმ, ჩემს მარმარილოს ბურთულას მოგცე. თეთრ ბურთულას.
ჯიმი შეყოყმანდა.
- თეთრ მარმარილოს ბურთულას, ჯიმ, შესანიშნავ ბურთულას!
- მართლაც რომ მშვენიერია, ტომ, მაგრამ მოხუცი ქალბატონისა ძალიან მეშინია.
- თანაც თუ გინდა, ნატკენ ცერს გიჩვენებ ფეხზე.
ჯიმიც ხომ ადამიანი იყო და ცთუნებას ვეღარ გაუძლო. ვედრო დადგა მიწაზე, გამოართვა თეთრი მარმარილოს ბურთი, თანაც ცნობისმოყვარეობით დაჰყურებდა, როგორ იხსნიდა ტომი სახვევს ცერიდან, მაგრამ წუთსაც არ გაევლო, რომ ისევ დააცხრა ვედროს და კისრის ქექვით მოუსვა: ტომმა მუყაითად განაგრძო მესერის გათეთრება. დეიდა პოლი კი ძლევამოსილი დაბრუნდა შინ ბრძოლის ველიდან.
მაგრამ ტომს მუყაითობა დიდხანს არ შერჩენია. მისი გონება გაიტაცა იმაზე ფიქრმა, თუ რა მხიარულად აპირებდა დღევანდელი დღის გატარებას და დარდი უფრო შემოაწვა გულზე. მალე თავისუფალი ბიჭები ჩამოივლიან. ცხადია, ათასნაირი თამაშობა ექნებათ მოფიქრებული და როგორ დასცინებენ, როცა დაინახავენ, რა მძიმე სამუშაოს ასრულებს. ეს ფიქრი აძლევდა მოსვენებას, ჩაიყო ჯიბეში ხელი და ამოყარა რაც ეწყო: სათამაშოების ნატეხები, ნაირ-ნაირი კენჭები და ბევრი სხვა რამ. მაგრამ ამით ვერ იყიდდა სრულ თავისუფლებას ნახევარი საათითაც კი. ტომმა ისევ ჯიბეში ჩაიყარა მთელი თავისი სიმდიდრე და თავი დაანება ამხანაგების მოსყიდვაზე ფიქრს. ამ წუხილისა და უიმედობის დროს უცებ გაუელვა აზრმა, სწორედ გენიალურმა აზრმა. ტომმა დამშვიდებით განაგრძო მუშაობა. შორიდან გამოჩნდა ბენ როჯერსი, რომლის დაცინვისაც ყველაზე მეტად ეშინოდა ტომს. ბენი კი არ მოდიოდა, მოხტოდა; ეტყობოდა, გული არხეინად ჰქონდა და დღევანდელი დღისაგან ბევრს სასიამოვნოს მოელოდა. ბენი ვაშლსა კბეჩდა, დროდადრო მელოდიურად უსტვენდა და თან დაბალ ხმაზე აყოლებდა: "დინ-დონ-დონ, დინ-დონ-დონ”, რადგან თავისი თავი დიდ ხომალდად წარმოედგინა. ტომს რომ მიუახლოვდა, სვლას უკლო, გადავიდა ქუჩის შუაგულზე, მარჯვნივ გადაიხარა, ნელ-ნელა დაიწყო მობრუნება დიდი გულმოდგინებითა და მედიდურობით: ხუმრობა ხომ არ იყო, ის იმ დროს განასახიერებდა ხომალდს - "დიდი მისური”, რომელიც წყალში ცხრა ფუტის სიღრმეზე ჩამჯდარიყო. ერთსა და იმავე დროს ის ხომალდიც იყო, კაპიტანიც, გემის საყვირიც, ასე რომ, მას თავი წარმოედგინა საკუთარ გემზე, ბრძანებასაც თვითონ იძლეოდა და თვითონვე ასრულებდა.
- შეჩერდი! ტინ-ლინ-ლინ, ტინ-ლინ-ლინ!
გემი თანდათანობით მოშორდა ზღის შუაგულს და ნაპირისკენ გაემართა.
- უკანა სვლით! ტინ-ლინ-ლინ! - ორივე ხელი ჩაუშვა და გაიჭრა.
- უკანა სვლით! საჭე მარჯვნივ! ტინ-ლინ-ლინ! ჩშშ-ჩშშ-ჩშშ!
მარჯვენა ხელით ჰაერში დიდი წრე შემოხაზა, რადგან ახლა ორმოცფუტიან ბორბალს განასახიერებდა.
- საჭე მარცხნივ! ტინ-ლინ-ლინ!.. ჩშშ-ჩშშ-ჩშშ!
ახლა მარცხენა ხელით შემოავლო ისეთივე წრეები.
- შეჩერდი! ტინ-ლინ-ლინ! ნუ ჩქარობ! შეჩერდი! ნელი სვლა, ტინ-ლინ-ლინ! გადააგდეთ ბაგირი! ცოცხლად! ჰეი, შენ, ნაპირზე! რასა დგეხარ? დაიჭი ბაგირი! ყულფი გამოაბი მარგილს! გაჭიმე! მოუშვი! მანქანა გაჩერდა, ბატონო! ტინ-ლინ! შ...შ...შ...შ... - მანქანამ ორთქლი გამოუშვა.
ტომი ღებავდა ღობეს და ყურადღებას არ აქცევდა გემს. ბენი გაკვირვებული მიაჩერდა ტომს, ბოლოს უთხრა:
- ჰეი, ხომ შეუბამთ თოკი მოზვერივით!
პასუხი არ მიუღია, ტომი მხატვარივით შეჰყურებდა თავის ნამუშევარს, ერთი კიდევ მოუსვა. ჯაგრისი - მსუბუქად და უკან დაიწია შესამოწმებლად, ბენი ახლა პირისპირ დაუდგა. ტომს ნერწყვი მოუვიდა ვაშლის დანახვაზე, მაგრამ ვითომ ვერ დაინახა, ისე გულმოდგინედ განაგრძო მუშაობა.
ბოლოს, ბენმა უთხრა:
- გამუშავებენ, ძამია?
ტომი ერთბაშად შემოტრიალდა მისკენ.
- ა, ეს შენა ხარ, ბენ? ვერც კი დაგინახე.
- გამოგონე. საბანაოდ მივიდვარ, შენ არ გინდა? თუმცა რანაირად, შენ ხომ უნდა იმუშაო? რასაკვირველია, უნდა იმუშაო.
ტომმა შეხედა და ჰკითხა:
- რას ეძახი მუშაობას?
- განა ეგ მუშაობა არ არის?
ტომმა განაგრძო თავისი საქმე და თან დაუდევრად უთხრა:
- იქნებ მუშაობა იყოს და იქნებ არც იყოს. ყოველ შემთხვევაში, ტომ სოიერს ეს ამბავი სიამოვნებს!
- კარგი ერთი და! ახლა შენ გინდა დამაჯერო, რომ მოგწონს კიდევაც?
ტომი განაგრძობდა მუშაობას.
- მომწონს? რატომ არ უნდა მომწონდეს? მე შენ გეტყვი და, ყოველდღე გვიხდება მესერის გათეთრება.
საქმე სულ სხვანაირად შეტრიალდა. ბენმა ვაშლის ჭამა შეწყვიტა. ტომი მსუბუქად მოუსვამდა ჯაგრისს, უკან დაიწევდა, რომ თავისი მხატვრობით დამტკბარიყო, მერე კიდევ აქა-იქ წათხუპნიდა და ცქერით ვერ ძღებოდა. ბენი მის მოძრაობას თვალს ადევნებდა და თანდათან ინტერესდებოდა. უცებ უთხრა:
- გამიგონე, ტომ, მომეცი, მეც წავუსვამ ცოტას.
ტომი დაფიქრდა, ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ჯერ თანხმდებოდა, მაგრამ მერე კი გადაიფიქრა:
- არა, ბენ, სულ ერთია, არაფერი არ გამოვა. საქმე ისაა, რომ დეიდა პოლი ლამის გადაჰყვეს ამ მესერს, მესერი ქუჩის მხარეს უნდა გათეთრდეს; ეზოს მხარეს რომ იყოს გასათეთრებელი, სხვა საქმეა! მაგრამ ამ შემთხვევაში ძალზე მომთხოვნია და ღობეს სიფრთხილით უნდა გათეთრება. ვფიქრობ, ათასში, ან იქნებ ორი ათას ბიჭში ერთიც კი არ აღმოჩნდეს ისეთი, რომელსაც ისე შეეძლოს გათეთრება, როგორც საჭიროა!..
- ნუთუ მართალია? მომეცი, სულ ცოტას ვცდი. მე რომ შენს ადგილზე ვიყო, წაგასმევინებდი. რას იტყვი, ტომ?
- ბენ, სიამოვნებით, მაგრამ დეიდა პოლი... აი, ჯიმსაც უნდოდა და მან ნება არ დართო, სიდმა მთხოვა - არც იმას მისცა ნება. ახლა რომ გესმის, როგორ მიძნელდება ამ საქმის მონობა? რომ დაიწყო გათეთრება და ისე არ გამოვიდეს...
- არა, გავფრთხილდები; გამომცადე, სამაგიეროდ, ვაშლის ნაჭერს მოგცემ.
- კარგი, მომეცი! მაგრამ არა, ბენ, მეშინია!
- ვაშლს მთლიანად მოგცემ, რაც დამრჩა.
ტომმა ჯაგრისი ვითომ უხალისოდ გადასცა, გულში კი ცას ეწია სიხარულისგან.
და, აი, ვიდრე ყოფილა გემი - "დიდი მისური” შრომობდა და ცხარე მზეზე ოფლში იწურებოდა, ჩვენი მხატვარი დასასვენებლად კასრზე ჩამომჯდარიყო, ფეხებს აქნევდა, ვაშლს ილუკმებოდა და მახეს აგებდა ახალ უცოდველ მსხვერპლთათვის. ასეთები კი ცოტანი როდი იყვნენ: გაგიხარიათ, ბიჭები ბლომად მოდიოდნენ იმ განზრახვით, რომ ტომი მასხრად აეგდოთ, მაგრამ გასათეთრებლად კი რჩებოდნენ.
ვიდრე ბენი მოიქანცებოდა, ტომმა უკვე მეორე ჯერი მიჰყიდა ბილი ფიშერს სრულიად ახალ ქაღალდის ფრანში, ხოლო როცა ფიშერი მოიქანცა, ის შეცვალა ჯონი მილერმა, რომელმაც ტომს მისცა მკვდარი თაგვი დაბაწარი - კუდზე მისაბმელად და საქანავებლად; ასე მთელი საათბით გაგრძელდა. ტომი თუ დილით ღარიბი და ღატაკი იყო, ახლა, ნაშუადღევს, გამდიდრდა; ზემოთ ჩამოთვლილ საუნჯეთა გარდა, მას აღმოაჩნდა: თორმეტი მარმარილოს კენჭი, გატეხილი სასტვენი, ლურჯი ბოთლის ნამტვრევი - გასაჭრელად, ცარიელი კოჭი, გამოუსადეგარი გასაღები, ცარცის ნაჭერი, შუშის საცობი, კალის ჯარისკაცი, წყვილი თავკომბალა, ექვსი სატკაცუნებელი, კარის სპილენძის სახელური, ძაღლის ყელსაბამი, - თუმცა ძაღლი არსად ჩანდა. დანის ტარი, ოთხი ფორთოხლის ქერქი და სარკმლის ძველი ჩარჩო.
ტომს არაფერი გაუკეთებია, მშვენივრად გაატარა დრო დიდ საზოგადოებაში, მესერსაც სამი ფენა კირი წაესვა. კირი რომ ჰყოფნოდა, ალბათ, იმ ქალაქის ბიჭებს სათამაშობს აღარ შეარჩენდა.
ტომმა გულში გაიფიქრა, ცხოვრება არცთუ ისე უაზრო ყოფილაო. თავისდა უნებურად აღმოაჩინა ცხოვრების დიდი კანონი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანთა მოქმედებას: როცა მოზრდილს ან ბავშვს რაიმე ნივთის შეძენის დიდი სურვილი გაუჩნდება, საჭიროა ეს უკანასკნელი ძნელი საშოვნელი გახდეს. ტომი ისეთივე დიდი და ბრძენი მოაზროვნე რომ ყოფილიყო, როგორც ამ წიგნის ავტორია, იგი ასეთ დასვნას გააკეთებდა: მუშაობა არის ის, რაც ადამიანს ევალება, გართობა კი ის არის, რის გაკეთებაც ადამიანს არ ევალება. გაერკვეოდა იმაშიც, რომ ქაღალდის ყვავილების გაკეთება, ან წინსქვილის ქვის დატრიალება მუშაობაა, ხოლო კეგლის წაქცევა და მონბლანდზე ასვლა - გართOბა. ინგლისში მოიძებნებიან მდიდარი ჯენტლმენები, რომლებიც ზაფხულში ოთხცხენიანი ეტლებით მიემგზავრებიან ოცი-ოცდაათი მილის მანძილზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კეთილშობილი გართობა დიდი ფული უღირთ; მაგრამ ამ საქმეში ხელფასს რომ აძლევდნენ, გართობა მუშაობად იქცეოდა და მას უმალ თავს დაანებებდნენ.
ტომი კიდევ რამდენიმე ხანს ფიქრობდა იმ მნიშვნელოვან ცვლილებაზე, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა. შემდეგ კი გაემართა მთავარ შტაბში, რათა სამუშაოს დამთავრება ეუწყებინა.


თავი მესამე

ტომი უკანა ოთახის ღია ფანჯარასთან მჯდარ დეიდა პოლის წარუდგა. ეს მყუდრო ოთახი ერთდროულად საძილეც იყო, სასტუმროც, სასადილოცა და კაბინეტიც. ზაფხულის საამო ჰაერსა და მყუდროებას, ყვავილთა ზურნელსა და ფუტკრების ძილისმომგვრელ ზუზუნს თავისი ზეგავლენა მოეხდინა. დეიდა ჰოლი თვლემდა საქსოვით ხელში. მისი ერთდაერთი თანამოსაუბრე კატაც ყვინთავდა მის კალთაში. დეიდას სათვალე შუბლს ზევით ჭაღარა თმაზე აეტანა. იფიქრა: ტომმა, ალბათ, უკვე დიდი ხანია სამუშაო მიატოვა და, საკვირველია, ასე უშიშრად როგორ მიდის სასჯელის მისაღებადო. ტომმა ჰკითხა:
- დეიდა, ახლა შეიძლება სათამაშოდ წავიდე?
- როგორ? საქმე? რამდენი გააკეთე?
- სულ მზად არის.
- ტომ, ნუ ცრუობ, ხომ იცი, ამას ვერ ვიტან.
- არა ვცრუობ, სულ მზად არის.
დეიდა პოლის ეეჭვებოდა. წამოდგა და წავიდა შესამოწმებლად. ტომის სიტყვები ოცი პროცენტითაც რომ გამართლებულიყო, მოხარული იქნებოდა. როდესაც დარწმუნდა, მესერი, მართლაც, თავიდან ბოლომდე გათეთრებული იყო, კირი რამდენჯერმე ჰქონდა წასმული, თანაც სქლად და, ასე გასინჯეთ, მიწაზეც კი ეტყობოდა თეთრად გავლებული კირის ზოლი, მის გაკვირვებას საზღვარი არა ჰქონდა.
- არ მეგონა... სიმართლე უნდა ითქვას, ტომ, მუშაობა შეგიძლია, თუკი მოინდომებ. - აქ მოხუცმა ქება შეარბილა, რომ გადაჭარბებული არ მოსვლოდა, - მაგრამ ვაი, რომ მუშაობის სურვილი იშვიათად გაქვს. ახლა კი წადი, ითამაშე, მხოლოდ შინ დროზე დაბრუნდი, თორემ ხომ იცი...
მოხუცი ისე აღტაცებული იყო ტომის საქმიანობით, რომ წაიყვანა საკუჭნაოში, ამოურჩია საუკეთესო ვაშლი და თან ჭკუის დარიგებას მოჰყვა, რაოდენ ძვირფასია ჯილდო, როცა პატიოსანი და კეთილსინდისიერი შრომით არისო დამსახურებული. და სანამ იგი თავის მჭერეტყველობას საღვთო სჯულიდან ამოკითხული სიტყვებით აგვირგვნებდა, ტომმა მოასწრო ერთი ტკბილი წვენის აწაპვნა.
ტომი ხტუნვა-ხტუნვით გავარდა ეზოში. თვალი მოჰკრა სიდს, რომელიც გარეთა კიბით ადიოდა ზედა სართულზე. მიწის გოროხები ირგვლივ ბლომად იყო და უცებ ისე სეტყვასავით დაუშინა სიდს, რომ ირგვლივ მტვრის კორიანტელი დააყენა. ვიდრე დეიდა პოლი მოსაშველებლად მოვიდოდა, ხუთი-ექვსი ყუმბარა მისწვდა მიზანში ამოღებულს, ხოლო ტომი კატასავით გადაცოცდა მესერზე და მიიმალა; ეზოს ჭიშკარიც ჰქონდა, მაგრამ, საზოგადოდ, ჩვენს გმირს არ უყვარდა დროის დაკარგვა: იქიდან არასოდეს არ გადიოდა. ახლა გულს მოეფონა, რადგანაც სიდს ანგარიში გაუსწორა გამცემლობისათვის: დეიდა პოლის შავი ძაფის ამბავი რომ გააგებინა და განსაცდელში ჩაგდო.
ტომი გავიდა გარეთ, შემოუარა სახლს, გაუხვია ტალახიან შესახვევში და დეიდა პოლის ბოსელს გაუსწორდა. აქ მას დაჭერისა და დასჯის შიში აღარ ჰქონდა. გაემართა სოფლის მოედნისაკენ, სადაც წინასწარი შეთანხმებით თავი უნდა მოეყარა საბრძოლველად ბიჭების ორ "სამხედრო” გუნდს. ერთ არმიას ტომი მეთაურობდა, მეორეს - მისი ერთგული მეგობარი, ჯო ჰარპერი. ეს ორი დიდი მხედართმთავარი თვითონ როდი კადრულობდა ხელჩართულ ბრძოლას - ეს უფრო წვრილფეხობას შეეფერებოდა; მაგრამ ბრძოლას კი ხელმძღვანელობდნენ, იდგნენ პატარა სერზე და თავიანთი ადიუტანტების საშუალებით ბრძანებებს იძლეოდნენ. ხანგრძლივი და სასტიკი ბრძოლის შემდეგ ტომის არმიამ გაიმარჯვა. დათვალეს ბრძოლის მიზანი, მეორე გადამწყვეტი შებრძოლების დრო; შემდეგ ორივე არმია დაეწყო და დატოვა ბრძოლის ველი. ტომი შინ მარტო დაბრუნდა.
იმ სახლს რომ ჩაუარა, სადაც მისი მეგობარი ჯეფ თეტჩერი ცხოვრობდა, ბაღში თვალი მოჰკრა ვიღაც უცნობ პატარა გოგონას, - მშვენიერ ცისფერთვაელბა არსებას. ოქროსფერი თმა ბეჭებზე ორ ნაწნავად ეყარა, ეცვა ზაფხულის თეთრი კაბა და არშიაშემოვლებული ქვედა საცვალი უჩანდა. დიდების შარავნდედით მოსილმა გმირმა მარცხი განიცადა ტყვიის უსროლველად. ვინმე ემი ლორენსი უმალ ისე წაიშალა მისი მეხსიერებიდან, რომ კვალიც არ დაუტოვებია. ადრე თუ ეგონა, თავდავიყებით უყვარდა, ახლა დარწმუნდა, რომ ეს მხოლოდ დროებითი გატაცება იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა მისი გულის მონადირებას, მხოლოდ ერთი კვირა თუ იქნებოდა, რაც ემი სიყვარულში გამოუტყდა, მხოლოდ შვიდი ხანმოკლე დღე იყო იგი ყველა ადამიანზე უფრო ამაყი და ბედნიერი. ახლა ერთი წუთი და, ისე ამოიღო გულიდან, გეგონებათ, ვიღაცა უცხო სტუმარი სწვეწვია ცოტა ხნით და ისევ წასულაო.
ტომი ჩუმად ტკბებოდა ამ ახალი "ანგელოზის” ცქერით, სანამ არ დაინახა, რომ "ანგელოზმაც” შეამჩნია. ახლა კი თავი მოიკატუნა, ვითომ არც კი ხედავდა იმ გოგონას, და დაიწყო სულელური ჯამბაზობა, როგორც სჩვევიათ ბიჭებს, როცა უნდათ თავი მოაწონონ. ასე გავიდა ცოტაოდენი დრო. უცებ რაღაც თავბრუდამხვევი ვარჯიშით გართულს მოეჩვენა რომ გოგონამ ზურგი შეაქცია, სახლისკენ გაემართა. ტომი მოწყენილი მოუახლოვდა მესერს, იმედი ჰქონდა, გოგონა ბაღში ცოტა ხანს შეიცდიდა. ის, მართლაც, შეჩერდა კიბის საფეხურზე, შემდეგ კი კარისსაკენ წავიდა. ტომმა ღრმად ამოიოხრა, როცა გოგონამ ზღურბლზე შედგა ფეხი, მაგრამ უცებ სახე გაუბრწყინდა. ვიდრე კარს მიეფარებოდა, გოგონამ უკან მოიხედა და იასამანი გადმოუგდო. პატარა ბიჭი გაექანა, გაჩერდა ორიოდე ნაბიჯის დაშორებთ, თვალები მოიჩრდილა და ქუჩას მიაჩერდა, თითქოს შორს რაღაც საინტერესო სანახავი გამოჩნდაო. შემდეგ დასწევდა ჩალას, თავი უკან გადაწია და ცდიობდა, ცხვირზე დაემაგრებინა; ამისთანა ოინებით თანდათან მოიუახლოვდა სასურველ ყვავილს, დაადო შიშველი ფეხი, დიდი მოხერხებით ამოიდო თითებშუა, და ცალ ფეხზე ხტუნვით გაუხვია კუთხეში თავისი საუნჯით. მხოლოდ ერთი წუთით მიიმალა, ვიდრე ყვავილს უბეში ჩაიგდებდა, გულთან ახლოს, ან უკეთ, კუჭთან, რადგან ტომი ანატომიის ცოდნაზე უკაცრავად ბრძანდებოდა.
მერე ისევ უკან დაბრუნდა და საღამომდის მესერს არ მოშორებია, ხან რას აკეთებდა, ხან რას, მაგრამ გოგონა აღარ გამოჩენილა; ტომი თავს ინუგეშებდა, გოგონა, ალბათ, საიდანაც უთვალთვალებს ჩემს გულმოდგინებასო. ბოლოს, ტომი უხალისოდ გაეშურა შინისაკენ, თავში ათასგვარი საოცნებო ფიქრი უტრიალებდა.
ტომი ვახშმობისას ისე იყო აღგზნებული, რომ დეიდას უკვირდა, რა დაემართა ამ ბავშვსაო? დეიდამ სასტიკად დატუქსა სიდის ცემისათვის, მაგრამ მას აინუნშიაც არ ჩაუგდია, ტომი ეცადა, დეიდასათვის ცხვირწინ აეცოცებინა შაქარი, რაზედაც ხელები აუწვეს, მაგრამ მაინც არ სწყენია, მხოლოდ თქვა:
- დეიდა, სიდს რატომ არ სცემთ შაქრის ქურდობისათვის?
- სიდი არასოდეს თავს არ მაბეზრებს; შენ კი, რომ არ გიშლიდე, შაქარს მთლად გააჩანაგებდი.
დეიდა სამზარეულოში გავიდა; სიდი გახარებული იყო, რომ დაუსჯელი დარჩა და იმწამსვე შაშაქრეს წაატანა ხელი, თითქოს ტომის გაღიზიანება უნდაო; ეს კი მეტისმეტი იყო! მარამ, საშაქარე ხელიდან გაუცურდა, დაეცა ძირს და დაიმსხვრა. ტომის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. გადაწყვიტა, გაჩუმებულიყო, ვიდრე დეიდა არ იკითხავდა, ვინ გატეხაო; აი, მაშინ კი იტყოდა სიმართლეს. "ნებიერს” მოხვდებოდა და ამას რა სჯობდა! ისე უსაზღვროდ იყო გახარებული, რომ თავს ძლივს იკავებდა. როცა დეიდა შემოვიდა, შეჩერდა ნამსხვრევებთან და სათვალის ზემოდან მრისხანედ გადმოიხედა, "ახლა იქნება სეირი”! - გაიფიქრა ტომმა, მაგრამ ერთი წამი, და თვითონ კი გაიშხლართა იატაკზე: გაფთრებულმა მოხუცმა კვლავ მოუღერა ღონიერი ხელი დასარტყმელად, როცა ტომმა ტირილით წაილაპარაკა:
- მოიცადეთ, მე რაზე მცემთ? სიდმა გატეხა საშაქრე, მე ხომ არა?
დეიდას პირკატა ეცა, მკლავი ჰაერში გაუშეშდა. ტომი მონანიებას ელოდა; მაგრამ, როცა მეტყველების უნარი დაუბრუნდა, მოხუცმა თქვა:
- სულ ერთია! ვფიქრობ, არც შენ მოგხვდა უდანაშაულოდ, ალბათ, ჩემი აქ არყოფნის დროს შენც დააშავებდი რასმე.
მოხუცს მაინც ქენჯნა დაუწყო სინდისმა; უნდოდა რამე ტკბილი და საალერსო ეთქვა, მაგრამ იფიქრა, ამას ისე გაიგებენ, თითქოსა ჩემი დანაშაული ვაღიარე, ეს კი დისციპლინას არ შეჰფერისო. ასე რომ, ხმა აღარ ამოუღია და გულდამძიმებულმა განაგრძო თავისი საქმე. ტომმა იცოდა, დეიდა გულში ნანობდა და მზად იყო, ფეხებიც კი დაეკოცნა მისთვის; ამით იგი პირქუშად ტკბებოდა. ამას არაფრად ჩააგდებს, არც კი შეიმჩნევს. ზოგჯერ გრძნობდა, თვალცრემლიანი დეიდა ალერსიანდ გადმოხედავდა, მაგრამ არც ეს უნდოდა შეემჩნია. წარმოიდგინა, ვითომ სიკვდილის პირზეა, დეიდას თავი დაუხრია და ტომს სთხოვს პატიებას; ტომი გადაბრუნდება კედლისაკენ და უხმოდ კვდება; ნეტავ, რა მოუვა მაშინ დეიდას? ახლა წარმოიდგინა: ვითომ მდინარიდან ამოათრიეს მკვდარი და მოასვენეს; ხუჭუჭა თმები სველი აქვს, ხელები მოსდუნებია, გული აღარ უცემს. როგორ დაეკონება დეიდა მის ცხედარს, ცრემლები ღაპაღუპით წამოუვა, ხოლო ბაგენი ღმერთს შეევედრებიან, დაუბრუნოს მას თავისი ბიჭუნა და არასოდეს, არასოდეს აღარ აწყენინებს უმიზეზოდ. ტომი კი გაყვითლებული და გაყინული იდება, ვეღარაფერს იგრძნობს. საწყალი პატარა ტანჯული ბიჭის წვალება დასრულდება... ტომს გული ისე აუჩუყდა ამ გულსაკლავი სურათების წარმოდგენით, რომ ბოღმამ კინაღამ დაახრჩო, თვალებში სულ ცრემლები უციმციმებდა და დახამხამების დროს წვეთ-წვეთად ჩამოუგორდა. თავისი უბედურებით ისე ტკბებოდა, რომ რაიმე მიწიერ სიხარულსა და მხიარულებაზე ფიქრიც კი არ უნდოდა. ამიტომ, როდესაც მისი ბიძაშვილი, მერი, სიხარულით გაცისკროვნებული, ოთახში ხტუნვა-ხტუნვით და სიმღერით შევიდა, აქაოდა სოფელში გატარებული გრძელი კვირის შემდეგ შინ დავბრუნდიო, ტომი ადგა და მოწყენილი გავიდა მეორე კარიდან. ის ამხანაგებს გაურბოდა და ეძებდა ისეთ მიყრუებულ და მოწყენილ ადგილს, როგორიც მისი გული იყო. მალე ფიქრმა მიიზიდა, ჩამოჯდა მის კიდეზე და გაჰხედა მდინარის პირქუშ სივრცეს. ერთი ფიქრიღა დაუფლებოდა: დამხრჩვალიყო უმალ, უწვალებლად, ისე, რომ არ დამორჩილებოდა ბუნების მძიმე კანონს. მერე ყვავილი მოაგონდა; ამოიღო ჯიბიდან, უკვე დამჭკნარი, გაქელილი. ამან უფრო გააძლიერა მისი ნაღველი. იგი ფიქრობდა, რომ იცოდეს, როგორ ვიტანჯები, ნეტავ შემიბრალებდა? იქნებ კიდეც გადამხვეოდა დასამშვიდებლად? ან იქნებ, ზურგი შეექცია გულგრილად, როგორც ამ უბადრუკ ქვეყანას? ამ ფიქრმა იგი გააწამა, საამოდ მოადუნა; იმდენჯერ ასწონ-დასწონა, იმდენნაირად ატრიალა, სანამ ქანცი არ გაუწყდა. ბოლოს, ამოიოხრა, წამოდგა და სიბნელეში გაეშურა.
დაახლოებით ათის ნახევარსა თუ ათ საათზე უკაცრიელი ქუჩით იმ სახლისაკენ გაემართა, სადაც მისი სათაყვანებელი უცნობი არსება ცხოვრობდა, ერთ წუთს შეჩერდა და ყური მიუგდო. ირგვლივ მყუდროება იყო. მეორე სართულზე ფანჯრის ფარდას სანთლის ბუნდოვანი სინათლე ეცემოდა. იქნებ, სწორედ იქ არის უცნობი? იგი ღობეზე გადაცოცდა, ბუჩქებში ფრთხილად გაიკვლია გზა და გაჩერდა ფანჯრის ძირში. დიდხანს იცქირებოდა ზევით აღელვებული. შემდეგ კი ზურგზე დაწვა ფანჯრის ქვეშ, გულზე ხელები დაიკრიფა და თავისი გასაცოდავებული, დამჭკნარი ყვავილი მაგრად ჩაიხუტა. აი, ასე მოკვდება. იგი ღია ცის ქვეშ ცივ, მიუსაფარ წუთისოფელში. არავინ გაუწვდის მეგობრულ ხელს, რათა მომაკვდავს ჭირის ოფლის წვეთები შეაშროს შუბლზე. არავისი ალერსიანი სახე არ დაიხრება მისკენ სიბრალულით, როცა სიკვდილის წუთი დაუდგება. აი, ასეთს დაინახავს იგი, როცა გათენდება მხიარული დილა და ფანჯრიდან გადმოიხედავს. მაგრამ ნუთუ ერთ ცრემლს მაინც არ დააფრქვევს მის საბრალო, უსულო გვამს? ნუთუ მის გულს სუსტი ოხვრა მაინც არ აღმოხდება იმის გამო, რომ ასე უდროოდ დაიღუპა ახალგაზრდა სიცოცხლე, ასე უხეშად გაქელილი, ასე ნაადრევად მოცელილი სიკვდილის მიერ?
ფანჯარა გაიღო, მსახური ქალის მკივანა ხმამ შებღალა ღამის წმინდა მყუდროება და წყალი ნიაღვარივით გადმოეშვა მიწაზე გართხმულ წამებულ ნეშტს.
ჩვენი გმირი კინაღამ გაიგუდა და ფრუტუნ-ფრუტუნით ფეხზე წამოიჭრა. ჰაერში ტყვიასავით რაღაცამ გაიზუზნა, ზედაც ხმადაბლა გინება მოჰყვა და ფანჯარა ნამხსვრევებად იქცა. პატარა ტანის ძლივს შესამჩნევი არსება ღობეზე გადაძვრა და სიბნელეში მიიმალა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა ტანზე გახდილი ტომი ქონის სანთლის შუქზე ათვალიერებდა თავის გაწუწულ ტანისამოსს, სიდს გაეღვიძა. მაგრამ თუ აქამდე რაიმე განზრახვა ჰქონდა, ტომისათვის საყვედური ეთქვა ძველი ამბების გამო, ახლა გადაიფიქრა, ისეთი მრისხანება შენიშნა თვალებში. ტომი დაწვა, ლოცვით თავი არ შეუწუხებია; სიდმა დაიმახსოვრა ეს დაუდევრობა.


თავი მეოთხე

კვირა დილა მოწყენილი და წყნარი იყო. ცხრათვალა მზე სხივებს უხვად აფრქვევდა მშვიდობიან სოფელს. საუზმის შემდეგ დეიდა პოლი ჩვეულებრივად ოჯახურ ღვთისმსახურებას შეუდგა. იგი იწყებოდა ლოცვით, რომელიც საღვთო სჯულის ციტატების მტკიცე დუღაბით შეკოწიწებულიყო. სწორედ ამ მწვერვალიდან, ვითარცა სინას მთიდან, აუწყა მან მსმენელთ მოსეს კანონის მკაცრი მცნებანი.
ამის შემდეგ ტომმა, როგორც იტყვიან, თოფიარაღი აისხა და საღვთო სჯულიდან ლექსების გაზეპირებას შეუდგა. სიდს უკვე რამდენიმე დღის წინ ესწავლა თავისი გაკვეთილი. ტომი ღონეს არ იშურებდა, რომ ხუთი ნაწყვეტი მაინც დახსომებოდა. მან ყველაზე იოლი ლექსები ამოირჩია, მაგრამ ამაოდ. ნახევარი საათი გავიდა, ტომს კი ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა თავის გაკვეთილზე. მისი გონება ათასი ფიქრით იყო გატაცებული, ხელები კი განუწყვეტლივ მოძრაობდნენ. მერიმ გამოართვა წიგნი და გაკვეთილის გამოკითხვას შეუდგა. ტომმა ბორძიკით დაიწყო:
- ნეტარ არიან... ისა-ა...
- ღატაკნი...
- ჰო, ღატაკნი; ნეტარ არიან ღატაკნი სულით, რამეთუ ისინი, ისინი...
- რამეთუ მათი...
- რამეთუ მათია... ნეტარ არიან ღატაკნი სულით, რამეთუ მათია... სასუფეველი ცისა. ნეტარ არიან მოტირალნი, რამეთუ მათ... მათ...
- უნა...
- რამეთუ მათ, ისა-ა.
- უნ...
- რადგანაც მათ უნ... ო, არ ვიცი, რა არის შემდეგ!
- უნ...
- ჰო, უნდა! რამეთუ მათ უნდა... რამეთუ მათ უნდა... ისა-ა, უნდა იგლოვონ... ისა-ა ნეტარ არიან ისინი, ვინც უნდა... ისინი, ვინც ისა-ა... ისინი, ვინც უნდა იგლოვოს, რამეთუ მან უნდა... ისა-ა უნდა რა? რატომ არ მიკარახებ, მერი? რატომ მაწვალებ ასე?
- ოჰ, შე საბრალო, უტვინო ბიჭო, როდის გაწვალებ? სულაც არ მიფიქრია. შენ ხელახლა უნდა ისწავლო. გულს ნუ გაიტეხ, მოახერხებ. თუ ისწავლი, ერთ ძალიან კარგ რამეს გაჩუქებ! აბა, შენ იცი!
- კარგი, რას მაჩუქებ, მერი? მითხარი, რას მაჩუქებ?
- მაგას მნიშვნელობა არა აქვს, ტომ. რაკი გითხარი, კარგია-მეთქი, მაშასადამე, კარგი იქნება.
- ვიცი, მერი, ვიცი. მაშინ კარგი, კიდევ შევეცდები.
და მართლაც კიდევ შეეცადა. მიზეზი ორი იყო: ცნობისმოყვარეობა და საჩუქრის მოლოდინი. ისეთი გულმოდგინება გამოიჩინა, რომ ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. ამისათვის მერიმ სრულიად ახალი, ბარლოუს ფირმის დანა აჩუქა, თორმეტნახევარ ცენტად ღირებული. სიხარულმა, რომელიც ამის გამო განიცადა, მთელი მისი არსება შეარყია. თუმცა ბლაგვი, მაგრამ ნამდვილი ბარლოუს ფირმის დანა იყო და სწორედ ეს იყო მისი აღფრთოვანების მიზეზი. ვერაფრით ვერ გაერკვა, საიდან დაასკვნეს დასავლეთის შტატის ბიჭებმა, რომ ბარლოუს ფირმის მიბაძვით შეიძლება ყალბი დანების გაკეთება და რომ ისინი გაცილებით უარესნი არიან ნამდვილზე; ეს საიდუმლო მისთვის გაუგებარი დარჩა სამარადისოდ; ტომმა მაინც მოახერხა თავისი დანით ჭურჭლის კარადის კორტნა... და კომოდსაც მიადგა, მაგრამ ამ დროს ჩასაცმელად და საკვირაო სკოლაში წასასვლელად დაუზახეს.
მერიმ ტაშტი წყლით გაუვსო და საპონი მიაწოდა. ტომი მიეფარა კარს, ტაშტი პატარა სკამზე დადგა, მერე ოდნავ შეასველა საპონი წყლით, დადო ადგილზე, დაიმკლავა ხელები, სიფრთხილით გადააქცია წყალი, შევიდა სამზარეულოში და გულმოდგინედ დაიწყო პირისახის წმენდა პირსახოცით, რომელიც კარს უკან ეკიდა, მაგრამ მერიმ ხელიდან გამოგლიჯა პირსახოცი:
- როგორ არა გრცხვენია, ტომ! - შეჰყვირა მან, - ასეთი საძაგელი როდემდის უნდა იყო. აბა, რა დაგიშავდება, პირი რომ დაიბანო.
ტომს, ცოტა არ იყოს, შერცხვა. ტაშტი ხელმეორედ აავსო წყლით; ცოტა ხანს შეჩერდა, თითქოს ძალის მოკრება უნდაო, მერე ღრმად ამოიოხრა და დაიწყო პირის ბანა. როცა ხელმეორედ შევიდა სამზარეულოში და თვალდახუჭული ხელების ფათურით ეძებდა პირსახოცს, საპნიანი წყალი წურწურით ჩამოსდიოდა სახეზე, რაც ეჭვს აღარ ბადებდა მის კეთილსინდისიერებაზე. მაგრამ, როცა პირსახოციდან თავი გამოყო, მაინცდამაინც სახარბიელოდ ვერ გამოიყურებოდა. მოებანა მხოლოდ ლოყები, ნიკაპი, ხოლო ყელ-ყური და კისერი ჭუჭყით ჰქონდა გაშავებული. მერი გაბრაზდა და თვითონ შეუდგა მის გასუფთავებას. ახლა კი გალამაზდა. სველი თმები გადავარცხნილი ჰქონდა და ხუჭუჭი დალალები ლამაზად ელაგა. ტომი მალულად სულ იმის ცდაში იყო, თმები ისე დაეტკეპნა, რომ სწორად გაეყენებინა. ხუჭუჭი თმა, მისი აზრით, გოგონას ამსგავსებდა და ეს იყო მთელი მისი ცხოვრების უბედურება. მერიმ ახალი კოსტიუმი გადმოუღო, რომელსაც აგერ ორი წელიწადია მხოლოდ კვირაობით იცვამდა. მას "სხვა კოსტიუმი” ერქვა, რის მიხედვითაც ადვილი მისახვედრია, რაოდენ მრავალფეროვანი იყო მისი გარდერობი. როცა ტომი გამოეწყო, მერიმ გააკოხტავა - ქურთუკის ღილები ბოლომდე შეუკრა, მხრებზე გადმოუკეცა პერანგის საყელო, ჯაგრისით გაწმინდა და თავზე დაწინწკლული ჩალის ქუდი დაახურა.
ასეთმა მორთულობამ ტომი დაამშვენა, მაგრამ ვერც ახალ ტანსაცმელს ეგუებოდა, ვერც სისუფთავეს და გაწამებული სახე ჰქონდა. ის თავს მართლაც უხერხულად გრძნობდა, კოსტიუმის სიფაქიზე და სიკოხტავე აღიზიანებდა. ტომს იმედი ჰქონდა, მერის ფეხსაცმელები მაინც დაავიწყდებოდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. მერიმ წესისამებრ გაუწმინდა და ისე მოუტანა ჩასაცმელად. ახლა კი ვეღარ მოითმინა ტომმა და დაიწყო ჩივილი: სულ იმას მაკეთებინებენ, რაც არ მესიამოვნებაო. მაგრამ მერიმ ალერსით მიმართა:
- აბა, ტომ, შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ!
რაღა ჩარა იყო, ტომმა ბუზღუნით ჩაიცვა ფეხსაცმელები, მერიც საჩქაროდ გამოეწყო და სამივენი გაემართნენ საკვირაო სკოლისაკენ, რომელიც ტომს საშინლად სძულდა, სიდსა და მერის კი უყვარდათ.
სკოლაში მეცადინეობა გრძელდებოდა ცხრიდან თერთმეტის ნახევრამდე; მერე იწყებოდა წირვა. მერი და სიდი ყოველთვის თავიანთი სურვილით რჩებოდნენ მოძღვრის ქადაგების მოსასმენად; ტომიც რჩებოდა, მაგრამ სულ სხვა, უფრო მიშვნელოვანი მიზნით.
ეკლესიის მაღალზურგიან მერხზე შეიძლებოდა სამასამდე ადამიანი მოთავსებულიყო. ეკლესიის პატარა, უბრალო შენობის სახურავზე იყო სამრეკლო, რომელიც ფიჭვის ფიცრებისაგან შეკრულ ვიწრო ყუთს მოგაგონებდათ. კარებთან ტომმა ფეხი შეანელა, უნდოდა, დალაპარაკებოდა საკვირაოდ გამოწყობილ მეგობარს:
- მოიცადე, ბილ, ყვითელი ბილეთი გაქვს?
- კი.
- რა მოგცე მაგაში?
- რას მომცემ.
- ცოტა ძირტკბილას და ნემსკავს.
- აბა, მაჩვენე.
ტომმა უჩვენა, ბილი კმაყოფილი დარჩა და მათ გაცვალეს თვაიანთი ავლადიდება. ამის შემდეგ ტომმა ორი თეთრი ბურთულა გადაცვალა სამ წითელ ბილეთზე და კიდევ სხვა წვრილმანი - ორ ლურჯ ბილეთზე. იგი ჩაუსაფრდებოდა ბიჭებს და ათი თუ თხუთმეტი წუთის განმავლობაში იძენდა მათგან ნაირფერ ბილეთებს. შემდეგ ეკლესიაში შევიდა ლამაზად გამოწყობილი და მეტად ხმაურიანი ბავშვების ჯგუფთან ერთად, გაემართა თავისი ადგილისაკენ და ჩხუბი დაუწყო ყველაზე ახლოს მყოფ ბიჭს. ჩხუბში ჩაერია პირქუში, ხანში შესული მასწავლებელი. როგორც კი მან ზურგი შეაქცია, ტომმა თმები მოქაჩა წინა მერხზე მჯდომ ბიჭს და, სანამ ის მოიხედავდა, თავი წიგნში ჩარგო; შემდეგ ქინძისთავი უჩხვლიტა სხვა ბიჭს, აბა, როგორ წამიყვირებს "ვაისო”, და მასწავლებლისაგან კვლავ შენიშვნა დაიმსახურა. ტომის კლასელები ყველა ერთნაირი იყო: მუსვენარი, ხმაურიანი და გაუგონარი. როცა გაკვეთილს პასუხობდნენ, აღმოჩნდა, რომ ლექსები არც ერთმა მათგანმა არ იცოდა კარგად; მასწავლებელს ერთთავად უნდა ეკარნახა, მაგრამ როგორც იყო გაჭირვებით მიატანეს გაკვეთილის ბოლომდე და თითოეულმა ჯილდოდ მიიღო პატარა ლურჯი ბილეთი, რომელზედაც ბიბლიის ნაწყვეტი ეწერა. ლურჯ ბილეთს ბიბლიის ორი ლექსის ზეპირად დასწავლის ფასად აძლევდნენ. ათი ლურჯი ბილეთი ეფარდებოდა ერთ წითელს და შეიძლებოდა გადაცვლილიყო მასზე. ათი წითელი ბილეთი ეფარდებოდა ერთ ყვითელს: ათი ყვითელი ბილეთისათვის სკოლის დირექტორი მოწაფეს აჯილდოებდა ძალიან უბრალო გარეკანში ჩასმული ბიბლიით (ეს ბიბლია იმდროინდელი სიიაფის კვალობაზე მხოლოდ ორმოცი ცენტი ღირდა). რამდენ ჩემს მკითხველს ეყოფოდა გულმოდგინება და უნარი, დაეხსომებინა ორი ათასი ლექსი, თუნდაც დორეს მიერ დასურათებულ ბიბლიას შეჰპირებოდნენ, მაგრამ მერიმ მაინც მოახერხა ამ გზით ორი ბიბლიის მიღება, თუმცა ეს ორი წლის ჯაფად უღირდა. ერთმა გენერალმა ბიჭმა კი ოთხი თუ ხუთი ბიბლია მიიღო. მან ერთხელ სამი ათასი ლექსი წარმოთქვა შეუსვენებლად. ამან გონების ზედმეტი დაძაბულობა გამოიწვია და იმ დღიდან იგი მთლად გამოტვინდა. ტომის აზრით, ეს სკოლისათვის დიდ უბედურებად იქცა, რადგანაც საზეიმო ვითარებში ყოველთვის ის გამოჰყავდა დირექტორს ხალხის წინაშე "სალაქლაქოდ”. მხოლოდ უფროსი ასაკის მოსწავლეები უფრთხილდებოდნენ თავიანთ ბილეთებს და დიდხანს იზეპირებდნენ ლექსებს ბიბლიის მისაღებად. ისე რომ, ამ ჯილდოს დამსახურება საკმაოდ იშვიათ და მნიშვნელოვან მოვლენად ითვლებოდა. მოწაფე, რომელიც ასეთ წარმატებას მიაღწევდა, იმ დღეს ისე სახელმოხვეჭილი ხდებოდა, რომ დანარჩენებსაც უეფლებოდათ სურვილი გაჰყოლოდნენ მის კვალს. ეს სურვილი მათ ორი კვირის განმავლობაში აღარ აძლევდა მოსვენებას. შესაძლოა, ტომს არასოდეს არ განუცდია დიდი სულიერი წყურვილი ამ ჯილდოს მისაღებად, მაგრამ ეჭვი არ არს, დიდი ხანია მიისწრაფოდა იმ დიდებისა და შარავანდედისაკენ, რომელიც ბიბლიის მიღებას ახლდა.
შესაფერისი დრო რომ დადგა, დირექტორი კათედრასთან მივიდა, ხელში დაკეცილი ლოცვანი დაიჭირა, საჩვენებელი თითი ფურცლებს შუა მოაქცია და ყურადღება ითხოვა. როდესაც საკვირაო სკოლის დირექტრი ჩვეულ მოკლე სიტყვას ამბობს, მას ლოცვანი ისევე ესაჭიროება, როგორც მომღერალს ნოტები, როცა იგი სოლოს შესასრულებლად ესტრადაზე გადის, მაგრამ რისთვის, გაუგებარი რჩება. ეს წამებულნი არასოდეს იხედებიან არც წიგნში და არც ნოტებში. დირექტორი უთვალტანო, ოცდათხუთმეტიოდე წლის კაცი იყო; მოკლედ შეჭრილი წითური თმა და ასეთივე ფერის თხასავით წვერი ჰქონდა. მისი გახამებული საყელოს ზევითა კიდე თითქმის ყურებზე ებჯინებოდა, ხოლო მახვილი ბოლოები წინ გადმოხრილიყო, ტუჩის კუთხეების გასწვრივ. ეს საყელო ღობესავით აზიდულიყო და მის პატრონს მხოლოდ პირდაპირ შეეძლო ცქერა, თუ გვერდზე გახედვა დასჭირდებოდა, მთელი ტანით უნდა მობრუნებულიყო. მისი ნიკაპი განისვენებდა უშველებელ ყელსახვევზე რომელსაც ნაპირებზე ფოჩი ჰქონდა შემოვლებული და სიგრძე-სიგანით ბანკის ბილეთს ჰგავდა. იმდროინდელი მოდის კვალობაზე ფეხსაცმლის ცხვირები ძალიან მაღლა აბზეკოდა, იფიქრებდით, მარხილის კავებიაო. ასეთი შედეგის მიღწევა ახალგაზრდობას მხოლოდ დიდი ჯაფითა და მოთმინებით შეეძლო. საათების განმავლოაში კედელზე ფეხსაცმელმიბჯენილი უნდა მსხდარიყვნენ. მისტერ უოლტერსი სახით ძალიან სერიოზული იყო, გულით - სუფთა და წრფელი. იგი ისეთი სასოებით ეპყრობოდა ყოველივე წინდა ნივთსა და ადგილს, ისე გამოჰყოფდა მას ყველა დანარჩენებისაგან, რომ თვით მაშინაც კი, როცა საკვირაო სკოლაში სიტყვით გამოდიოდა, მისი ხმა სრულიად უჩვეულოდ ჟღერდა.
თავისი სიტყვა მან ასე დაიწყო:
- ახლა, ბავშვებო, გთხოვთ, გასწორდეთ, ორიოდე წუთი წყნარად ისხდეთ და, რაც შეიძლება, ყურადღებით მომისმინოთ. აი, ეგრე. აი, სწორედ ეგრე იქცევიან კარგი ბიჭუნები და გოგონები. თუმცა ვამჩნევ, ერთი პატარა გოგონა ფანჯარაში იხედება; ვშიშობ, მას ჰგონია, რომ მე გარეთ ვარ, შესაძლოა - ერთ-ერთ ხეზე და ვესაუბრები პატარა ჩიტუნებს (მოწონების, კმაყოფილების სიცილი). მე მსურს გაუწყოთ, რაოდენ სიამოვებას მგვრის ამ წმინდა ადგილას შეგროვილი ამდენი სუფთა და მხიარული ბავშვის სახის ხილვა; იმ ბავშვებისა, რომელთაც სურვილი აქვთ, დაეუფლონ კეთილ საქმით.
ასე შემდე და ასე შემდეგ. საჭიროება არ მოითხოვს, გავიმოეროთ დანარჩენი, რადგანაც მისი სიტყვა შედგენილი იყო იმ უცვლელი ნიმუშის მიხედვით რომელიც ყოველი ჩვენთაგანისთვისაა ცნობილი. მისი მჭერმეტყველების უკანასკნელი მესამედი ერთთავად შებღალა ანცი ბიჭების გაახლებულმა აურზაურმა. ბავშვები ერთ ადგილას ვერ ისვენებდნენ, ჩურჩულებდნენ. ეს უწესობის ტალღა თანდათან გაიზარდა, გავრცელდა, შორს გადაინაცვლა და მისწვდა თვით ისეთ გარიყულ და შეუდრეკელ კლდეებს, როგორიც მერი და სიდი იყვნენ. მაგრამ, როგორც კი მისტერ უოლტერსმა ხმას დაუდაბლა, ყოველგვარი ხმაური უმალვე შეწყდა და მისი სიტყვის დასასრულს ბავშვები მადლიერების ღრმა მდუმარებით შეხვდნენ.
ჩურჩულის მიზეზი ერთი მეტ-ნაკლებად უჩვეულო გარემოება იყო: დარბაზში სტუმრები შემოვიდნენ - მოსამართლე თეტჩერი, რომელსაც ერთი დაჩაჩანაკებული კაცი ახლდა, შუახნის წარმოსადეგი ჯენტლმენი შევერცხლილი თმითა და ერთი მედიდური ქალი, ალბათ, მისი მეუღლე, რმელსაც პატარა გოგონა მოჰყავდა.
ტომი მოუსვენრად იყო, აღელვება და უგუნებობა ემჩნეოდა. სინდისიც ქენჯნიდა. თვალს არიდებდა ემი ლორენსს, ვერ უძლებდა მის სიყვარულით აღსავსე მზერას. როცა პატარა უცნობი დაინახა, გული ნეტარებით აღევსო... იგი მაშინვე მოჰყვა აბეზრობას, რათა გოგონას ყურადღება მიეპყრო. ურტყამდა ბიჭებს, თმებს ქაჩავდა, ეღრიჯებოდა, ერთი სიტყვით, არაფერს არ იშურებდა, ოღონდ კი გოგონა მოეხიბლა. მის აღფრთოვანებას მხოლოდ ერთი რამ უშლიდა: აგონდებოდა, როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს ბაღში იმ ანგელოზის ფანჯრის ქვეშ, მაგრამ ქვიშაზე დაწერილ ამ მოგონებას ახლა მოზღვავებული ბედნიერების ტალღები შლიდა. სტუმრები მოათავსეს ყველაზე საპატიო ადგილას და როგორც კი მისტერ უოლტერსმა დაასრულა თავისი სიტყვა, წარუდგინა ისინი მოსწავლეებს. ხანში შესული კაცი მეტად ღირსეული პიროვნება აღმოჩნდა: ოლქის მოსამართლე, არც მეტი არც ნაკლები; ყოველ შემთხვევაში, ამაზე დიდი თანამდებობის პირი ბავშვებს წინათ არ ენახათ. მათ კონსტატინოპოლიდან, აქედან თორმეტი მილით დაშორებული ქალაქიდან, ამდენად, ბევრი ემოგზაურა და ქვეყნიერება დაეთვალიერებინა. საკუთარი თვალით ენახა საოლქო სასამართლოს შენობა, რომელსაც, თურმე ნუ იტყვი, თუნუქის სახურავი ჰქონია. მოწიწება, რომელიც ამ ფიქრებმა გამოიწვიეს, იგრძნობოდა შთამაგონებელი დუმილით და ფართოდ გახელილი თვალებით. ის იყო მოსამართლე თეტჩერი, ქალაქის ვექილის ღვიძლი ძმა. ჯეფ თეტჩერი დაუყოვნებლივ წინ გამოვიდა; ხომ უნდა დაენახვებინა მათთვის, რომ ასეთ დიდებულ პიროვნებას იცნობდა. ისინი ხომ შურით უნდა აღვსილიყვნენ. რომ შეძლებოდა, ყური მოეკრა, რასაც ბავშვები მის შესახებ ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, ყველაფერი ეს საამო მუსიკად მოეჩვენებოდა:
- ერთი შეხედე, ჯიმ! იქითკენ მიდის. შეხედე, ხელის ჩამორთმევასაც რომ აპირებს! ართმევს კიდეც. ჰაი, ჰაი, რომ გენდომებოდა მის ადგილას ყოფნა.
მისტერ უოლტერსიც თავის მხრივ არაფერს არ იშურებდა: დიდი გულმოდგინებით ფუსფუსებდა, აძლევდა განკარგულებებს, მითითებებს, შენიშვნებს ყველას, ვისაც რაიმე მიზეზს მოუძებნიდა. ბიბლიოთეკარი თავისას ფაციფუცობდა და ისე ხმამაღლა ლაპარაკობდა, როგორც ეს დაბალ მოხელეებს სჩვევიათ. ახალგაზრდა მასწავლებელი ქალებიც თავისებურად ცდილობდნენ ყურადღების დამსახურებას: ნაზად დახრილიყვნენ მოწაფეებისაკენ, რომელთაც ამ ცოტაოდენი ხნის წინ ყურებს აგლეჯდნენ, გაუგონრებს ლამაზი თითებით ემუქრებოდნენ, გამგონეებს კი ალერსით უსვამდნენ თავზე ხელს. ახალგაზრდა კაცი მასწავლებლები თავის უფლებებს ავლენდნენ შენიშვნებით, საყვედურებით და სანაქებო დისციპლინისაკენ მოწოდებით. თითქმის ყველა მასწავლებელმა, ქალი იქნებოდა თუ კაცი, რაღაცა საქმე გაიჩინა კარადაში, რომელიც კათედრის გვერდით იდგა. თანაც ორჯერ ან სამჯერ მივიდოდნენ იქ, ძალზე შეწუხებული სახით. პატარა გოგონები ყურადღების მიპყრობას სრულიად სხვა ხერხით ცდილობდნენ. პატარა ბიჭები კი ისეთ გულმოდგინებას იჩენდნენ, რომ აუტანელი ღრიანცელი იდგა და იქაურობა ნაღეჭი ქაღალდებით გაივსო. ყოველივე ამის ზევით აღმართულიყო დიდი ადამიანი და ამაყი მოსამართლის ღიმილს აფრქვევდა მთელ სკოლას. იგი თავისივე დიდების მზის სხივებზე თბებოდა, ისეც ხომ ყურადღების მზიდვას ცდილობდა.
მხოლოდ ერთი რამ აკლდა მისტერ უოლტერსის სრულ მეტარებას: დიდი სურვილი ჰქონდა, ვინმესთვის ჯილდოდ მიეძღვნა ბიბლია, რათა სტუმრებისთვის ეჩვენებინა სიბეჯითის შეუდარებელი ნიმუში. რამდენიმე მოწაფეს აღმოაჩნდა ორიოდე ყვითელი ბილეთი, რომელიც საკმარისი არ იყო. მისეტრ უოლტერსმა ძლიერ მოწაფეებს ჩამოუარა, მაგრამ ამაოდ. რას არ მისცემდა, ოღონდ იმ გერმანელ ბიჭუნას გონება დაჰბრუნებოდა!
ის იყო სრულიად დაკარგა იმედი, როცა ტომ სოიერი წინ გამოვიდა და წარუდგინა: ცხრა ყვითელი, ცხრა წითელი, ათი ლურჯი ბილეთი და ბიბლია ითხოვა. მისტერ უოლტერსი არაფერს ამის მსგავსს არ მოელოდა ტომისაგან, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი ათი წლის განმავლობაში, მაგრამ სხვა რა გზა იყო. წინ ელაგა ხელმოწერილი ანგარიშები, როემელთა მიხედვითაც ბიჭს უნდა გასწორებოდა. ტომი მიიწვიეს ამაღლებულ ადგილას, სადაც მოსამართლე და სხვა რჩეულნი ისხდნენ. და ეს ახალი ამბავი კათედრიდან გამოცხადდა. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ასეთი სასწაული არავის ახსოვდა და ამიტომაც ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ახალი გმირი მოსამართლის დონეზე ავიდა. ახლა სკოლას ერთის ნაცვლად ორი სათაყვანებელი არსება გაუჩნდა. ბიჭები შურით იხოცებოდნენ, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც გვიან მიხვდნენ, რომ თვითონ შეუწყვეს ხელი ტომს ასეთი წარმატების მიღწევაში. მათ ხომ თვითონვე გაუცვალეს ბილეთები იმ უსარგებლო ნივთებში, რომელიც მან ღობის გათეთრების უფლების გაყიდვისას შეიძინა. ბიჭებს გული წყდებოდათ, რომ თავი მოატყუებინეს ამ ცბიერ არამზადას, მაცდურს.
დირექტორმა გადასცა ჯილდო ტომს და ისეთი ელფერი მისცა ამ ზეიმს, როგორიც კი შესაძლო იყო შექმნილ ვითარებაში. მის სიტყვას აკლდა ცეცხლი. საბრალოს იდუმალი გრძნობა უკარნახებდა, რომ აქ იფარებოდა რაღაც საიდუმლო, რომლის სინათლეზე გამოტანა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ უგუნური თუ დაიჯერებდა, რომ ამ ბიჭის თავს შეეძლო დაეტია ბიბლიის სიბრძნის ორი ათასი კონა, თორმეტს თუ დაიტევდა, ისიც შექების ღირსი იქნებოდა. გახარებული ემი ლორენსი ამაყად გამოიყურებოდა. ცდილობდა ეს სიხარული ტომისთვისაც ეგრძნობინებინა, მაგრამ ტომი ამას არ აქცევდა ყურადღებას. ემის გაუკვირდა, მერე შეშფოთდა; ეჭვი შეეპარა, მერე ისევ გაეფანტა, მერე დაუბრუნდა. შემდეგ დააკვრდა ტომს. ერთი თვალის შევლებამაც კი ბევრი რამ აგრძნობინა და გული გაუბზარა. იგი ეჭვიანობდა, ბრაზობდა, ტიროდა, მთელი ქვეყანა შეიძულა, ყველაზე მეტად კი ტომი. ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონა.
ტომი მოსამართლეს წაუდგინეს, მაგრამ ენა დაბმოდა, სულს ძლივს ითქვამდა, გული უფართხალებდა. ასეთი დაბნეულობის მიზეზი ნაწილობრივ ის იყო, რომ აღელვებდა იმ კაცის სიდიადე, ნაწილობრივ კი ის იყო, რომ იგი იმ გოგონას მამა იყო. სიბნელე რომ ყოფილიყო, ტომი მუხლებზე დაეცემოდა და ემთხვეოდა მას. მოსამართლემ ტომს თავზე ხელი გადაუსვა, კარგი ბიჭუნა უწოდა და ჰკითხა, რა გქვიაო. ტომს ენა დაება, პირი დააღო და ძლივს წარმოთქვა:
- ტომი.
- არა, არა, ტომი არა, არამედ...
- ტომას.
- აი, ეგ სწორია, მეც ეგრე მგონია, რომ უფრო გრძელი სახელი გექნებოდა. კეთილი. შენი გვარი, არ მეტყვი განა?
- მოახსენე ჯენტლმენს შენი გვარი, ტომას, - უთხრა უოლტერსმა, - თანაც ნუ დაივიწყებ იხმარო "სერ”, ხომ უნდა იცოდე, როგორ მოიქცე საზოგადოებაში.
- ტომას სოიერ, სერ!
- ჰოდა, ასე! აი, ყოჩაღ, ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ. ნამდვილი პატარა ვაჟკაცი. ორი ათასი ლექსი ძალიან ბევრა, მეტისმეტად ბევრი. არასოდეს არ ინანებ, რომ თავი შეიწუხე მათი შესწავლით. ცოდნა ყველაფერზე უფრო ძვირფასია. იგი განადიდებს და კეთილშობილებას სძენს ადამიანს. ოდესმე შენ თვითონ გახდები დიდი ადამიანი, ტომას, გახედავ შენ მიერ განვლილ გზას და იტყვი: "ყოველივე ამას უნდა ვუმადლოდე საკვირაო სკოლაში გატარებულ წლებს; უნდა ვუმადლოდე ჩემს ძვირფას მასწავლებლებს, რომელთაც გამიღეს ცოდნის კარი; კეთილ დირექტორს, რომელიც მამხნევებდა, ზრუნვას არ მაკლებდა და მომიძღვნა ლამაზი, მომხიბვლელი ბიბლია, რათა ყოველთვის ჩემთან ყოფილიყო განუშორებლად. ყველაფერს უნდა ვუმადლოდე სწორად აღზრდას!” აი, ამას იტყვი შენ, ტომას, ეს ორი ათასი ლექსი შენთვის ყოველგვარ ფულზე ძვირფასი იქნება, დიახ, უფრო ძვირფასი! ახლა კი შენ, ალბათ, გვეტყვი მე და ამ მანდილოსანს ერთ რომელიმე ლექსს, ვიცი, უარს არ იკადრებ, რადგანაც ჩვენ ვამაყობთ ცოდნას მოწყურებული ბავშვებით. შენ, რა თქმა უნდა, იცი თორმეტივე მოციქულის სახელი, ხომ არ გვეტყვი, რა ერქვა პირველ ორს?
ტომი ღილს აწვალებდა და მოსამართლეს გამოშტერებული შეჰყურებდა. გაწითლდა და თვალები დახარა. მისტერ უოლტერსსაც გული გადაუქანდა. ის ხომ სრულიად უბრალო კითხვაზეც ვერ უპასუხებსო, გაიფიქრა, ნეტავ, რას ჩასციებია ეს მოსამართლე? ბოლოს, საჭიროდ ჩათვალა, ჩარეულიყო საუბარში:
- უპასუხე ჯენტლმენს, ტომას, ნუ გეშინია.
ტომი აყოვნებდა.
- ვიცი, მე ნამდვილად მეტყვი, - ჩაერია მანდილოსანი.
- პირველ ორ მოციქულს ექქვა დავითი და გოლიათი.
უმჯობესია ამ სცენის დასასრულს შეწყალების ფარდა ჩამოვაფაროთ.

კატეგორია: სათვგადასავლო რომანები | ნანახია: 1513 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: