მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 2 » ტომ სოიერის თავგადასავალი (11.12.13.14.15-- თავი)
4:44 PM
ტომ სოიერის თავგადასავალი (11.12.13.14.15-- თავი)
თავი მეთერთმეტე

შუადღემდე ქალაქში უკვე გავრცელდა საშინელი ამბავი. ტელეგრაფიც კი არ იყო საჭირო, რომელზეც იმ დროს ოცნებაც არ შეიძლებოდა, ისე სწრაფად გადადიოდა ეს ახალი ამბავი ერთი ადამიანიდან მეორეზე, ცნობისმოყვარეთა ერთი ჯგუფიდან მეორეზე, სახლიდან სახლში. ცხადია, მოსწავლეებიც დაითხოვეს. მთელი ქალაქი განცვიფრდებოდა, მასწავლებელი ასე რომ არ მოქცეულიყო. მოკლულთან იპოვეს გასისხლიანებული დანა. ვიღაცას უცვნია, მეფ პოტერისააო. იმასაც კი ამბობდნენ, რომ იმ ღამეს, დაახლოებით ორ საათზე, ერთ დაგვიანებულ მგზავრს ენახა პოტერი, თურმე ხელ-პირს იბანდა მდინარეში. პოტერი იმ კაცის დანახვისთანავე გაპარულიყო. ეს გარემოება მეტად საეჭვოდ მოეჩვენათ, განსაკუთრებით ხელ-პირის დაბანა, რაც პოტერისათვის უჩვეულო იყო. იმასაც ამბოდნენ, რომ პოლიციამ მთელი ქალაქი გადაატრიალა "მკვლელის” ძებნაში, მაგრამ კვალს ვერ მიაგნო. გზებზე ყველა მიმართულებით დაგზავნეს მხედრები და შერიფი დარწმუნებულია, დამნაშავეს საღამომდე დაიჭერენო.
მთელი ქალაქი სასაფლაოსკენ გაემართა. ტომს გადაავიწყდა თავისი დარდი და ხალხს შეუერთდა. არა იმიტომ, რომ მას ეს უნდოდა: მას ერჩია ათასი მილით შორს ყოფილიყო აქედან, მაგრამ რაღაც გაურკვეველი ძალა იზიდავდა იქითკენ. როცა მივიდა, ხალხში გაძვრა-გამოძვრა და კვლავ დაინახა საშინელი სანახაობა. მას ეგონა, წუხანდელს აქეთ მთელმა საუკუნემ გაიარაო. ვიღაცამ უჩქმიტა ხელზე. მიიხედა: მის გვერდით იდგა ჰეკლბერი. მერე სხვადასხვა მხარეს გაიხედეს, ეშინოდათ, არაფერი შეგვამჩნიონო, მაგრამ ყველა გატაცებული იყო ამ საშინელი სანახაობით და მათთვის არ ეცალათ.
"საცოდავი ახალგაზრდა!” "საწყალი!” "აი, კარგი გაკვეთილი გვამების მომტაცებლებისათვის”, "პოტერს ჩამოხრჩობა არ ასცდება, თუ დაიჭირეს”.
ასეთი იყო საერთო აზრი. მოზღვარმა თქვა:
- ეს ღვთის სამსჯავროა. ამაში უზენაესის ხელია ჩარეული.
ტომი მთლიანად კანკალმა აიტანა, როცა შორიახლო დაინახა ინდიელი ჯოს გაქვავებული სახე. სწორედ ამ დროს ხალხი ამოძრავდა, ერთმანეთს მიაწვა და გაისმა ხმები:
- ის არის, ის, თვითონვე მოდის!
- ვინ, ვინ ის? - დაიძახა ოციოდე ხმამ ერთად.
- მეფ პოტერი!
- უყურეთ, შეჩერდა. აი, მიტრიალდა! დაიჭირეთ, თორემ წავა!
ხეზე მსხდარმა მოლაყბეებმა, რომელნიც ტომს თავზე დასცქეროდნენ, აცნობეს ხალხს, რომ პოტერს არც უფიქრია გაქცევა, ის მხოლოდ დაბნეულია, არ იცის, რა ქნასო.
- გაუგონარი თავხედობაა!.. - დაიძახა ვიღაცამ ხალხიდან, - დამშვიდებული მოვიდა თავისი ნამოქმედარის სანახავად და არ მოელოდა, რომ აქ ვინმე დახვდებოდა.
ბრბომ გაიწია. საფლავთან ამაყად მივიდა შერიფი და ხელდაჭერილი მიიყვანა პოტერი. საცოდავი სახეზე შეშლილიყო და თვალებში საშინელი შიში ჩასდგომოდა. მოკლულის დანახვაზე მთლად კანკალმა აიტანა, თვალებზე ხელები მიიფარა და აქვითინდა:
- მე არ მომიკლავს, მეგობრებო, - ამბობდა ქვითინით, - პატიოსნებას გეფიცებით, მე არ მომიკლავს.
- და მერე შენ ვინ გაბრალებს? - დაიძახა ვიღაცამ. ტყვია მიზანში მოხვდა. პოტერმა თავი ასწია და უმწეოდ მიმოიხედა გარშემო. დაინახა ინდიელი და შესძახა:
- ოჰ, ინდიელო ჯო, შენ ხომ დამპირდი, რომ არასოდეს...
- ეს თქვენი დანაა? - შეაწყვეტინა შერიფმა და თითქმის ცხვირთან მიუტანა სასიკვდილო იარაღი.
პოტერი დაეცემოდა, ხელი რომ არ მიეშველებინათ და ისე არ დაესვათ მიწაზე. შემდეგ მან განაცხადა:
- რაღაც ჩაძახოდა, იქ თუ არ მიხვალ და... - ერთი შეაკანკალა და უიმედოდ ჩაიქნია ხელი, თან დააყოლა: - უთხარი ამათ, ჯო, რაღას უცდი...
ჰეკლბერის და ტომს ენა დაებათ შიშისაგან, შეჰყურებდნენ მკვლელს. ეს მოურჯულებელი ცრუპენტელა კი სრულიად უსირცხვილოდ უყვებოდა ხალხს თავის მიერ მოგონილ მკვლელობას. ამ მოწმენდილ ამინდში ბიჭები ყოველ წუთს ელოდნენ დაქუხებას, რათა მეხი დასცემოდა მკვლელს და თან უკვირდათ, ასე რატომ იგვიანებდა ღვთის რისხვა. როცა დაასრულა ლაპარაკი და ჯო კვლავ უვნებელი დარჩა, ბიჭებს სრულიად გაუქრათ სურვილი დაერღვიათ ფიცი უდანაშაულო პოტერის დასახსნელად. დაასკვნეს: ალბათ, ამ ბოროტმა კაცმა სული მიჰყიდა ეშმაკს და სადაც ეშმაკი ჩაერევა, იქ ადამიანი აღარ უნდა გაეკროს, თორემ კარგი დღე არ დაადგებაო.
ვიღაცა შეეკითხა პოტერს:
- რატომ არ გაიქეცი და არ დაიმალე? აქ რად მოხვედი?
- სხვანაირად არ შემეძლო მოვქცეულიყავი! - ამოიგმინა პოტერმა, - გაქცევა მინდოდა, მაგრამ ფეხებმა თვითონ მომიყვანეს!
და კვლავ აქვითინდა.
ინდიელმა ჯომ უშფოთველად გაიმეორა თავისი ჩვენება რამდენიმე წუთის შემდეგ ფიცქვეშ და, ბიჭებმა რომ დაინახეს, მეხი მაინც არ დაეცა, საბოლოოდ დარწმუნდნენ, მეტისმა სული ეშმაკს მიჰყიდაო. ახლა სწორედ ეს კაცი გახდა მათთვის ყველაზე საინტერესო, სწორედ ამიტომ იყო, თვალს აღარ აშორებდნენ. გულში გადაწყვიტეს, ღამღამობით ეთვალთვალათ მისთვის, იქნებ, თვალი მოეკრათ მისი შემზარავი ბატონის - ეშმაკისათვის.
ინდიელი ჯო მიეხმარა ხალხს გვამის აწევასა და ურიკაზე დადებაში. შიშით აცახცახებულ ხალხში გაისმა ჩურჩული: მოკლულს ჭრილობიდან სისხლი წამოუვიდაო. ბიჭებმა იფიქრეს, რომ ამ ბედნიერმა შემთხვევამ ეჭვი შეიძლება სწორი მისამართით წარმართოსო, მაგრამ ძალიან შეწუხდნენ, როცა რამდენიმე მოქალაქემ აღნიშნა:
- სისხლი იმიტომ წამოვიდა, რომ მეფ პოტერი მოკლულისაგან სამ ნაბიჯზე იდგა.
საშინელი საიდუმლო და სინდისის ქენჯნა ერთი კვირის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა ტომს და ღამე სულ არ ეძინა, ერთხელ კი დილით, საუზმის დროს, სიდმა უთხრა:
- ტომ, მთელ ღამეებს ტრიალებ და ძილში იმდენს ლაპარაკობ, რომ ვეღარ ვიძინებ...
ტომი გაფითრდა და თვალები დახარა.
- ეგ ცუდი ნიშანია, - სერიოზულად თქვა დეიდა პოლიმ, - რა გაწუხებს, ტომ?
- არაფერი, სრულიად არაფერი!
თან ბიჭს ხელები აუკანკალდა, ისე, რომ ყავა დაღვარა.
- თანაც რამდენ სისულელესა ბოდავ, - განაგრძო სიდმა. - წუხელის ამბობდი: "ეს სისხლია, სისხლი, აი, რა არის!” შემდეგ სულ ერთსა და იმავეს იმეორებდი: "ნუ მაწვალებთ, ისე ვიტყვი”. რა უნდა თქვა, ტომ?
ტომს ეჩვენებოდა, რომ მისი მეგობრები არასოდეს არასოდეს არ დაანებებდნენ თავს სასამართლო ძიებას დამხრჩვალ კატებზე და იგი ვერ დაივიწყებდა იმას, რაც აწუხებდა. სიდმა შეამჩნია, რომ ტომი არასოდეს არ ასახიერებდა გამომძიებელს, თუმცა უწინ ყოველთვის პირველობას ჩაემობდა ყველა საქმეში. ისიც შეამჩნია, რომ ტომი არც მოწმედ დგებოდა, - ეს კი მეტად ეუცნაურებოდა. არც ის გამორჩენია მხედველობიდან, რომ ტომს აშკარად ეზიზღებოდა ამგვარი გამოძიებები და შეძლებისდაგვარად თავიდან იცილებდა მათ. სიდს ეს აკვირვებდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, ბოლოს, როგორც იქნა, ეს გამოძიებანი გამოვიდა მოდიდან და შეწყდა ტომის წამებაც.
მთელი ეს ხანი ტომი ყოველდღე, ან დღეგამოშვებით, როგორც კი შესაფერ დროს იპოვიდა, მირბოდა საპატიმროს სარკმელთან, "მკვლელს” ჩუმად უყრიდა სხვადასხვა სასუსნავს, რისი შოვნაც კი შეეძლო. ციხის შენობა არ იყო დიდი, აგურით იყო ნაშენები ჭაობთან, ქალაქგარეთ. ყარაულები არ ჰყავდა, რადგანაც იშვიათი იყო ტუსაღები. სანოვაგის ზიდვა ტომს სინდისს უმშვენებდა. ამ ქალაქის მცხვრებთ გულით უნდოდათ დაესაჯათ ინდიელი ჯო მიცვალებულის მოპარვისათვის; სურდათ, წაესვათ კუპრი, ბუმბულში ამოეგანგლათ, სარზე შეესვათ და ისე ეტარებინათ, მაგრამ იგი ყველას ისეთ შიშს ჰგვრიდა, რომ ამ საქმის წამომწყები არავინ აღმოჩნდა. ამიტომ ეს სურვილი უშედეგოდ დარჩა. ორივე ჩვენების დროს ჯო ამბავს იწყებდა პირდაპირ ჩხუბიდან და კრინტსაც არ ძრავდა იმის შესახებ, რომ ჩხუბს წინ უსწრებდა საფლავის შელახვა; ამიტომაც ამჯობინეს, ამ საქმის გარჩევა ჯერჯერობით გადაედოთ.


თავი მეთორმეტე

ტომს ახალი დარდი გაუჩნდა და ძველი დაავიწყდა; ბეკი თეტჩერი სკოლაში აღარ დადიოდა. ტომი დიდხანს ებრძოდა თავის თავს, ცდილობდა ჩაეკლა სევდა, მაგრამ არ შეეძლო. საღამოობით დაიწყო მის სახლთან ხეტიალი და თავს მეტად უბედურად თვლიდა. ბეკი ავად იყო. "რომ მოკვდეს”, - ამ აზრს სიგიჟემდე მიჰყავდა. სიცოცხლის მთელი სილამაზე გაქრა. დარჩა მხოლოდ ერთფეროვნება. თავისი სერსო და ჯოხიც კი გადააგდო. აღარაფერი ახალისებდა.
დეიდა შეაფიქრიანა ტომის ჯანმრთელობამ და დაიწყო ნაირნაირი წამლების გამოცდა. ის ისეთ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელთაც უყვარდათ ყოველგვარი ცნობილი წამლები, ახლად აღმოჩენილი საშუალებები. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კი ჯანმრთელობას რგებს. თავისი ცდებით უკიდურესობამდე მიდიოდა. როგორც კი ახალი რამ გამოჩნდებოდა, ეშურებოდა გასინჯვას, მაგრამ თავის დროზე არა, რადგანაც არ ავადმყოფობდა, არამედ იმაზე, ვინც კი მოხვდებოდა ხელთ. იგი იწერდა ყველა სამედიცინო ჟურნალს, ფრენოლოგთა ყალთაბანდურ ბროშურებს და ნეტარებად ეჩვენებოდა ეს წარმოუდგენელი უმეცრება, რაც იქ ეწერა. ურღვევ ჭეშმარიტებად მიაჩნდა მათი ნაბოდვარი ოთახში ჰაერის გაწმენდაზე, ლოგინში ჩაწოლასა, ლოგინიდან ადგომაზე, რა ჭამო, რა სვა, რამდენი ისეირნო, როგორი განწყობილება იქონიაო, როგორი ტანისამოსი ატარო. იგი ვერასდროს ვერ ამჩნევდა, რომ ამ თვეში მიღებული ჟუნალები სულ ერთიანად უარყოფდნენ იმას, რასაც წინათ თვითონვე გირჩევდნენ. მეტად პატიოსანი და გულუბრყვილო ქალი იყო და ამიტომაც, ადვილად ხდებოდა მათი სიცრუის მსხვერპლი. აგროვებდა ყველა ყალთაბანდურ ჟურნალსა და წამალს და, ხატოვნად რომ ვთქვათ, სიკვდილით შეჭურვილი მიაგელვებდა ფერმიხდილ რაშს, უკან კი ჯოჯოხეთის ძალთა მთელი ამალა მისდევდა. ფიქრადაც კი არ მოსდიოდა, რომ თავისი წამებული მეზობლებისათვის ის არც მკურნალი ანგელოზი იყო და არც ჰანაანის მალამო.
იმ დროს ახლად იკიდებდა ფეხს წყლით მკურნალობა და ტომის უგუნებობა დეიდა პოლისთვის სწორედ მისწრება გამოდგა. ლოგინიდან განთიადზე აყენებდა, გაჰყავდა შეშის საწყობში, ტანზე ასხამდა ცივ წყალს, შემდეგ დაუწყებდა ხეხავას ქლიბის პირივით უხეში პირსახოცით და უწითლებდა ტანს; ბოლოს, შეახვევდა სველ ზეწარში და დაახურავდა თბილ საბანს, რომ ოფლი მოსვლოდა. საწყალი ტომი ისე ოფლიანდებოდა, რომ მისი თქმისა არ იყოს, "ოფლთან ერთად სულიც ძვრებოდა”.
მიუხედავად ამისა, ბიჭი თანდათან ფერს ჰკარგავდა, ხდებოდა და ისევ უგუნებოდ იყო. დეიდამ ამ მკურნალობას მიუმატა ცხელი აბაზანები: ფეხებს ცალკე უყოფდა ცხელ წყალში, თავზე ცალკე ასხამდა, ტანზე კიდევ ცალკე. ბავშვს მაინც არაფერი ეშველა. დეიდამ წყლით მკურნალობას ახლა დიეტაც დაურთო: აჭმევდა მოხარშულ შვრიას და ტანზე აკრავდა მდოგვწასმულ 76-79 ქაღალდს. გეგონებოდათ, რამე ჭურჭელიაო, ყოველდღე ასხამდა აუარება სხვადასხვა წამალს.
ტომი თანდათან გულგრილობას იჩენდა ყველაფრისადმი და ამან უფრო შეაფიქრიანა მოხუცი. რადაც არ უნდა დასჯდომოდა, აუცილებელი იყო ბავშვის გამოყვანა ასეთი მდგომარეობიდან. სწორედ ამ დროს პირველად გაიგო, რომ იყიდებოდა ახალი წამალი - "ტკივილთა გამაყუჩებელი” და იმწამსვე გამოიწერა დიდი რაოდენობით. გასინჯა თვითონ გემოთი და დიდად კმაყოფილი დარჩა! ეს იყო ნამდვილი ცეცეხლი, სითხის სახით! წყლით მკურნალობა სრულიად მიატოვა და მთელი იმედი დაამყარა ახალ საშუალებებზე. მან ტომს დაალევინა სავსე ჩაის კოვზი და საშინელი გულის ფანცქალით ელოდა შედეგს. მოხუცი, როგორც იქნა, დამშვიდდა, რადგანაც ბავშვს უხალისობა მაშინვე გაუქრა. ბავშვი რომ გაღვივებულ ნაკვერცხალზე დაესვათ, ისიც კი არ იმოქმედებდა ამაზე მეტად.
ახალა კი მიხვდა ტომი, რომ დრო იყო, გამოფხიზლებულიყო. ასეთი ცხოვრება შესაძლოა შეეფერებოდა კიდეც მის გამწყობილებას, მაგრამ მეტად მცირე სულიერ საზრდოს შეიცავდა და მომაბეზრებელი მრავალფეროვნებით იყო სავსე. ის ყოველგვარ საშუალებას იგონებდა, რომ განთავისუფლებულიყო და ბოლოს გადაწყვიტა, თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს "ტკივილთა დასმაყუჩებელი” მეტად მოსწონდა. ისე ხშირად დაუწყო ამ წამლის თხოვნა, რომ ბოლოს დეიდას მობეზრდა და დაავალა, თვითონ დაელია იგი და მოხუცი აღარ შეეწუხებინა. ეს რომ სიდი ყოფილიყო, მთლიანად დაენდობოდა, მაგრამ რადგან ტომი იყო, ამიტომ წამლის შუშას თვალყურის დევნება დაუწყო ჩუმ-ჩუმად. წამალი მართლაც თანდათანობით ცოტავდებოდა და მოხუცი აბა, რას იფიქრებდა, რომ ტომი სასადილო ოთახის იატაკის ჭუჭრუტანებს ჰკურნავდა ამ წამლით.
ერთხელ, ის იყო წამალი უნდა ჩესხა იატაკის ნახვრეტში, რომ ტომს მიუახლოვდა დეიდას ყვითელი კატა კრუტუნით და ისე თვალხარბად შესცქეროდა კოვზს, თითქოს სთხოვდა, გემო გამასინჯეო.
- ოჰ, პიტერ, ნუ მთხოვ, თუ არ გესაჭიროება.
მაგრამ პიტერმა აგრძნობინა, - მინდა განვსინჯოო.
- იცოდე, არ ინანო.
პიტერს იმედი ჰქონდა, რომ არ ინანებდა.
- რადგანაც ასე მთხოვ, დაგალევინებ, მე ხარბი არა ვარ; მაგრამ იცოდე, თუ არ მოგეწონება, შენს თავს დაემდურე.
პიტერი დათანხმდა; ტომმა გაუღო პირი და და ჩაასხა მთელი კოვზი წამალი. პიტერი ორ ადგილზე შეხტა, ხმამაღლა დაჩხავლა და ოთახში დაპროწიალდა. აწყდებოდა ავეჯს, ყვავილების ქოთნები გადმოაპირქვავა და მთლად აურდაურია იქაურობა. შემდეგ უკანა ფეხებზე შედვა და მოჰყვა ცეკვას თავდავიწყებით, თავი გვერდზე გადახარა და მთელ სახლს აყრუებდა მისი შმაგი მხიარულება. შემდეგ კვლავ დაპროწიალდა და ყირალამა დააყენა ყველაფერი. დეიდა პოლი სწორედ იმ დროს შემოვიდა, როდესაც კატა რამდენჯერმე თავდაყირა გადავიდა, გაშმაგებით დაიკნავლა, გავარდა ფანჯარაში და თან გადაიყოლა გადარჩენილი ყვავილის ქოთნები. მოხუცი განცვიფრებისაგან გაშეშებული სათვალის ზემოდან იყურებოდა. ტომი კი იატაკზე ეგდო და სიცილით კვდებოდა.
- ტომ, გამაგებინე, რა მოუვიდა ჩვენს კატას?
- არ ვიცი დეიდა, - ძლივს წაილუღლუღა ტომმა.
- ჩემს დღეში ამისთანა არაფერი მინახავს. რა მოუვიდა?
- მართალი გითხრათ, არვიცი, დეიდა. კატები ყოველთვის ასე იქცევიან, როცა მხიარულად არიან.
- მაშ ასეა?
დეიდას ხმაში რაღაც ისეთი შეატყო, რომ გაილურსა.
- ჰო, ასეა. ასე მგონია.
- შენ ასე გგონია?
- ჰო, დეიდა.
მოხუცი დაიხარა. ტომი გაფაციცებით ადევნებდა თვალს დეიდას მოძრაობას, მაგრამ გვიან მიხვდა მის განზრახვას. საწოლის ქვეშიდან მოჩანდა მისი ოინის გამცემი ჩაის კოვზი. დეიდა პოლიმ აიღო ის და ტომს ცხვირთან მიუტანა. ტომმა თვალები დახარა. დეიდა პოლიმ, ჩვეულებისამებრ, ყური აუწია და სათითით მაგრად ჩაუკაკუნა თავში.
- აბა, გეთაყვა, სერ, ამიხსენი, ასე რად აწვალებ პირუტყვს?
- მე წამალი იმიტომ მივეცი, რომ შემეცოდა, მას ხომ არა ჰყავს დეიდა.
- არა ჰყავს დეიდა! რაებს ბოდავ, სულელო, ეგ რაშუაშია.
- დეიდა რომ ჰყავდეს, ის გამოუთუთქავდა მთელ შიგნეულს სრულიად შეუბრალებლად, არაფრად ჩააგდებდა, რომ ის კატაა და არა ადამიანი.
დეიდა პოლიმ უცებ სინდისის ქენჯნა იგრძნო. მას თითქოს თვალები აეხილა: რაც სისასტიკე იყო კატის მიმართ, ის სისასტიკე იქნებოდა ბავშვის მიმართაც. მოხუცი მოლბა, ტომი შეებრალა, თვალებზე ცრემლებიც კი მოადგა, ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა და ალერსიანად უთხრა:
- მე შენთვის ვცდილობდი, ტომ, და ხომ სარგებლობაც მოგიტანე. ტომმა სერიოზულად შეხედა დეიდას და მხოლოდ ღიმილი უკრთოდა თვალებში.
- ვიცი, რომ ჩემთვის სიკეთე გონდოდათ, მეც მინდოდა პიტერისათვის სიკეთე. იმასაც მოუტანა სარგებლობა, არასოდეს არ მინახავს ის ასეთი მხიარული.
- მოშორდი აქედან, ტომ, თორემ ისევ გავჯავრდები. ერთხელ მაინც მოიქეცი წესიერად და აღარ დაგჭირდება არავითარი წამლის მიღება.
ტომი გაკვეთლების დაწყებამდის მივიდა სკოლაში. მასწავლებელმა შეამჩნია, რომ ეს უჩვეულო ამბავი ამ ბოლო დროს თითქმის ყოველდღე მეორდებოდა. იმ დღესაც, იმის მაგიერ, რომ ამხანაგებთან ეთამაშა, სულ ეზოს ჭიშკართან დაბორიალობდა. აღარ თამაშობდა, სულ ავადმყოფბას ჩიოდა და მართლაც არ გამოიყურებდა კარგად. ის ვითომ აქეთ-იქით იყურებოდა, მაგრამ სინამდვილეში კი ერთთავად გზას გასცქეროდა. როგორც კი გამოჩნდა შორიდან ჯეფ თეტჩერი, ტომს სახე გაუბრწყინდა, მაგრამ ერთი წამის შემდეგ ისევ დამწუხრებული გაბრუნდა. როცა ჯეფი შემოვიდა სკოლაში, ტომი მივიდა მასთან და ფრთხილად ჩამოუგდო ლაპარაკი ბეკიზე, მაგრამ სულელი ბიჭი ვერ მიუხვდა გადაკრულ სიტყვებს. ტომი იცდიდა და როგორც კი ვინმე გამოჩნდებოდა მოკლე კაბით, ბეკი ეგონა, მაგრამ რა წამს დარწმუნდებოდა, ის არ იყო, სიძულვილით განიმსჭვალებოდა მოკლეკაბიანი გოგონასადმი. ბოლოს ეს მოკლეკაბიანებიც აღარ ჩანდნენ და ტომი კვლავ დამწუხრდა, დაღონებული შევიდა ცარიელ კლასში, დაჯდა თავის ადგილზე. ამ დროს კარებთან გამოჩნდა კვლავ ვიღაც კაბიანი და ტომს გული აუძგერა. თვალის დახამხამებაზე გაჩნდა ეზოში, მძვინვარებდა, როგორც ინდიელი; ყვიროდა, ხარხარებდა, ამხანაგებს დასდევდა, მესერს ახტებოდა, თავს საფრთხეში იგდებდა, თავდაყირა დგებოდა, ერთი სიტყვით, ყოველგვარ გმირობას იჩენდა და თან ერთთავად ცალი თვალი ბეკისკენ ეჭირა - მიცქერის თუ არაო. მაგრამ გოგონა არავითარ ყურადღებას არ აქცევდა და არც იყურებოდა მისკენ. ნუთუ მას არც კი ამჩნევს ბეკი? თავისი საგმირო მოქმედება ახლა ბეკიმ ახლოს გადაიტანა. მის გვერდით დარბოდა საომარი ყიჟინით, ერთ ბიჭს მოხადა ქუდი და სახურავზე აუგდო. გაარღვია ბიჭების გროვა, აქეთ-იქით მიფანტ-მოფანტა ამხანაგები, თვითონაც გაიშხლართა მიწაზე, სწორედ, ბეკის ცხვირწინ და კინაღამ ისიც წააქცია, მაგრამ გოგონა ამაყად გასწორდა, ცხვრი აბზიკა და ტომმა კარგად გაიგონა, რაც თვქა:
- ჰმ! ზოგიერთებს დიდ რამედ მიაჩნიათ თავისი თავი... მაგრამ ისინი მარტო მკვეხარანი არიან...
ტომი სახეალეწილი წამოდგა.
საშინლად განადგურებული და სასოწარკვეთილი ლასლასით გასცილდა გოგონას.


თავი მეცამეტე

ტომმა მიიღო გადაწყვეტილება. იგი უგუნებოდ იყო და არაფერი არ დააბრკოლებდა. მისი ფიქრით, ყველამ გადაივიწყა, მეგობრები არ ჰყავდა და არც არავის უყვარდა... ბოლოს, როცა გაიგებენ, სადამდის მიიყვანეს, იქნებ ინანონ კიდეც... ის ბევრს ეცადა კარგად მოქცეულიყო და კეთილი ყოფილიყო, მაგრამ არავინ დაეხმარა. თუ აუცილებლად უნდათ მისი თავიდან მოშორება, რას იზამს? წავა და, დაე, რამდენიც უნდათ, ბრალი დასდონ, ან რატომ არ დასდებენ ბრალს? განა ყველასაგან მიტოვებულ ადამიანს უფლება აქვს დაემდუროს ვინმეს? ის ხომ ბოლოს მაინც აიძულეს გამხდარიყო ბოროტმოქმედი... მეტი რა ღონე აქვს...
ასეთ ფიქრებში გასცდა ქალაქს და, მედოუ-ლეინთან რომ მივიდა, ყრუდ შემოესმა სკოლის ზარის რეკვა. რომელიც გაკვეთილის დაწყებას იუწყებოდა. ტომი აზლუქუნდა იმის გაფიქრებაზე, რომ აღარასოდეს გაიგონებდა ამ ნაცნობ ხმას. ძნელი იყო ამის ატანა, მაგრამ რა ექნა, უნდა შერიგებოდა. თავიდან მომიშორეს, ბედის ანაბარა დამაგდეს, მაგრამ მიპატიებია მათთვისო.
ტომმა ქვითინს უმატა.
სწორედ ამ დროს შეხვდა თავისი გულითადი მეგობარი ჯო ჰარპერი. იმასაც თვალები დასწითლებოდა და ეტყობოდა, გულში რაღაცა გადაწყვეტილება ედო. ეჭვი არ იყო, ორივენი ერთი აზრით იყვნენ გამსჭვალულნი. ტომმა სახელოთი თვალები მოიწმინდა და მეგობარს შეატყობინა სახლიდან წასვლის განზრახვა. ან რა უნდა შინ: ცუდად ექცევიან, არავის არ უყვარს; უმჯობესია, წავიდეს სახეტიალოდ და შინ აღარ დაბრუნდეს. ბოლოს იმით დაასრულა, იმედი მაქვს, შენ მაინც არ დამივიწყებო.
აღმოჩნდა, რომ ჯოსაც სწორედ ეს უნდა ეთქვა ტომისათვის და ამიტომაც ეძებდა მას. დედამ სილა გააწნა - ნაღები შეგიჭამიაო, მას კი თვალითაც არ უნახავს ნაღები. ალბათ, დედას თავი მოაბეზრა და ამიტომ უნდა მისი მოშორება; თუ ასეა, ჯოს აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ დათმობაზე წავიდეს; ჯო დარწმუნებულია, დედა ბედნიერი იქნება და არც ინანებს, რომ თავისი ბიჭი სახლიდან გააძევა უცხო მხარეს, სადაც მას ტანჯვითა და შიმშილით ამოხდება სული.
დაღონებულმა ბიჭებმა გზა განაგრძეს. გზაში პირობა დადეს, ერთმანეთს მხარში ამოდგომოდნენ, როგორც ძმები და არ დაშორებოდნენ, ვიდრე სიკვდილი არ შეწყვეტდა მათს ტანჯვასა და მწუხარებას. შემდეგ თქვეს, რასაც აპირებდნენ. ჯოს განდეგილობა უნდოდა - მღვიმეში ცხოვრება ცარიელ გამხმარ პურზე და სიკვდილი სიცივისაგან, გაჭირვებისა და სევდისაგან. მაგრამ, ტომს რომ მოუსმინა, დაეთანხმა, რომ ბოროტმოქმედის ცხოვრებას მეტი უპირატესობა ჰქონდა და გადაწყვიტა, მეკობრე გამხდარიყო.
სამი მილის მანძილზე სანკტ-პეტერბურგის ქვევით, სადაც მდინარე მისისიპის სიგანე ერთ მილზე ცოტა მეტია, არის გრძელი, ვიწრო, ტყით შემოსილი კუნძული ქვიშიანი თავთხელი წყლით - შესანიშნავი თავშესაყარი ადგილი. კუნძული უდაბურია, იგი ახლოსაა მდინარის მეორე ნაპირთან, რომელსაც აკრავს ხშირი, უღრანი ტყე, სადაც თითქმის არასოდეს არ დაუდგია ფეხი კაცს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ ამ კუნძულზე - ჯეკსონის კუნძულზე დასახლებულიყვნენ. იმაზე არც კი უფიქრიათ, ვისზე უნდა მოეხდინათ თავდასხმა. შემდეგ მოძებნეს ჰეკლბერი ფინი და ისიც ხალისით შეუერთდა მათ: მისთვის სულ ერთი იყო, რაც არ უნდა გაეკეთებინათ, ყველაფერს გულგრილად უყურებდა. მალე ერთმანეთს დაშორდნენ იმ პირობით, რომ მდინარის ნაპირას, უდაბურ ადგილას, ქალაქიდან ორი მილის დაშორებით, შეხვდებოდნენ მათთვის საყვარელ ჩვეულებრივ დროს, შუაღამისას. იქ პატარა ტივი იყო მიბმული და გადაწყვიტეს მისი ხელში ჩაგდება. თითოეულს უნდა წამოეღო ანკესები, ნემსკავები და ცოტა რამ საჭმელიც რისი შოვნაც კი შეეძლოთ; ისიც საიდუმლოდ, დაფარულად, როგორც შეეფერებოდა ყაჩაღებს. და სანამ დღე მიიწურებოდა, ხმა დაყარეს, რომ ქალაქში სულ მალე "გაიგებენ რაღაცას საინტერესოს”. ვისაც კი აცნობეს ეს მოსალოდნელი ამბავი, სთხოვეს, "ენა მუცელში ჩაეგდოთ და მოლოდინში ყოფილიყვნენ”.
ნაშუაღამევს ტომი დანიშნულ ადგილზე მივიდა ლორის ნაჭრითა და სხვა სანოვაგით: ჩაჯდა ხშირ შამბნარში პატარა გორაკზე, რომელიც გადაჰყურებდა მათ შესახვედრ ადგილს. წყნარი ღამე იყო, ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო. დიდი მშვიდი მდინარე ოკეანესავით გადაშლილიყო მის წინ. ტომმა ყური მიუგდო, - ჩამიჩუმი არ მოისმოდა. გაბმულად და წყნარად დაუსტვინა, მას ვიღაც გამოეპასუხა გორაკის ქვემოდან. ტომმა ორჯერ კიდევ დაუსტვინა და სტვენითვე უპასუხეს. ვიღაც ფრთხილად შეეკითხა:
- ვინ მოდის?
- ტომ სოიერი - "ესპანეთის ზღვათა შავი მოსისხლე”! თქვენ ვინა ხართ?
- ჰეკ ფინი - "სისხლიანი ხელი” და ჯო ჰარპერი - "ზღვათა რისხვა”.
ეს სახელწოდებები ტომს ამოკითხული ჰქონდა თავის საყვარელ წიგნში.
- კარგი, თქვით თქვენი ნიშანი.
ღამის სიბნელეში ერთდროულად გაისმა ორი ხრინწიანი ხმა და შემზარავი სიტყვა:
- "სისხლი”.
ტომმა გორაკიდან გადმოაგორა თავისი სანოვაგე და თვითონაც უკან მიჰყვა, ისე, რომ ტანისამოსიც დაიზიანა და კანიც. გორაკიდან ჩამოსვლა შეეძლო ბილიკითაც, რომელიც წყლის პირს მიჰყვებოდა, მაგრამ რადგან ის პირწავარდნილი მეკობრე იყო, ამიტომ არჩია საძნელო და საშიში გზა.
"ზღვათა რისხვასაც” ლორის საკმაოდ მოზრდილი ნაჭერი მოეტანა, ძლივს ერეოდა. ფინს - "სისხლიან ხელს” სადღაც აეცოცებინა ტაფა და მთელი შეკვრა თამბაქოს ნედლი ფოთლები, აგრეთვე რამდენიმე ლერწამი ჩიბუხის ნაცვლად, თუმცა არც ერთი მეკობრე არა სწევდა და არც ღეჭავდა თუთუნს, თვითონ ფინის გადა. "შავმა მოსისხლემ” განაცხადა - შეუძლებელია გზას გავიდგეთ უცეცხლოდო. ეს ჭკვიანური აზრი იყო. ასანთის ხმარება არ იცოდნენ მაშინ. ბიჭებმა ასიოდე იარდის მანძილზე დიდ ტივზე შეამჩნიეს ცეცხლი, ფრთხილად მიიპარნენ და მოიტაცეს ერთი მუგუზალი. თავიანთი ეს მოქმედება მეტად გააზვიადეს: წამდაუწუმ ერთმანეთს აფრთხილებდნენ ტუჩზე თითის მიდებით - "სსს”. თანაც ვითომდა ხელს გაივლებდნენ ხანჯლის ტარზე; თან ერთმანეთს ბრძანებებს აძლევდნ, ყრუ ჩურჩულით, რომ, თუ ვინიცობაა "მტერი” გამოჩნდებოდა, "ხანჯალი ჩაესოთ შიგ გულში, ტარამდე”, რადგან მკვდარ ვეღარ გასცემდა მათ. ბიჭებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ მეტივეები ქალაქში იყვნენ, მაღაზიებში დაეხეტებოდნენ ან ქეიფობდნენ, მაგრამ მაინც არ შეეძლოთ ისე არ მოქცეულიყვნენ, როგორც მეკობრეებს შეეფერებოდათ.
მალე ისინი გაუდგნენ გზას ტივით. ტომი განკარგულებებს იძლეოდა. ჰეკმა ორთაყვირს ჩაჰკიდა ხელი, ჯო თავში იყო. ტომი შუაში იდგა შუბლშეკრული, გულხელდაკრეფილი და პირქუშად იძლეოდა ბრძანებებს:
- პირი ქარისკენ!
- არის, სერ.
- პირდაპირ... პირდაპირ!
- არის, სერ.
- ცოტა მიუშვი!
- არის, სერ!
ტოვი თავისთვის მისრიალებდა შუა მდინარეში, ამიტომ ყველა ბრძანება მოსაჩვენებლად იყო და არავითარი მნიშვნელობა არა ჰქონდა.
- რომელი იალქნებია აშვებული?
- ქვემო.
- ყველა ბაქანზე! ცოცხლად! ექვსნი ადით ანძასთან, სწრაფად!
- არის, სერ!
- აუშვით დიდი იალქანი! გაინძერით, ყმაწვილებო!
- არის, სერ!
- პირი ქარისაკენ! საჭე მარცხნივ, მარცხნივ! აბა, ყმაწვილებო, ერთგულად მიაწექით!
- არის, სერ!
ტივი შუაგულ მდინარეს გასცდა, ბიჭებმა მიატრიალეს მდინარის მიმართულებით და ორთაყვირებს ხელი უშვეს. მდინარე არ იყო ადიდებული, ასე, რომ ორი-სამი მილის სისწრაფით მიცურავდნენ. თითქმის ერთი საათი ისე გავიდა, რომ ხმა არ გაუციათ ერთმანეთისათვის. ტივმა გვერდით ჩაუარა სანკტ-პეტერბურგს. აქა-იქ გამოჩნდა მოციმციმე სინათლეები ვარსკვლავებით გაკაშკაშებული მდინარის გადაღმა. ქალაქს მწყნარად ეძინა. აბა, ვინ წარმოიდგენდა, თუ ასეთი დიდი ამბავი ხდებოდა ამ წუთს. "შავი მოსისხლე” ისევ გულხელდაკრეფილი იდგა ტივის შუაგულში და უკანასკნელად გაჰყურებდა იმ არემარეს, სადაც ასე ტკბილად გაატარა ცხოვრება და, სადაც ასე ეწამა და იტანჯა ამ უკანასკნელ დროს. მას უნდოდა, ბეკის დაენახა, როგორ მიცურავდა აბობქრებულ ზღვაზე, როგორ უშიშრად შეჰყურებდა სიკვდილს თვალებში და ყოველგვარ უბედურებას პირზე ღიმილით ეგებებოდა. ტომს დიდად არ დაუტანებია ძალა თავისი თავისათვის, რათა წარმოედგინა, რომ ჯეკქსონის კუნძული ჩაინთქა თვამუწვდომ სივრცეში და ტომი "უკანასკნელად” შეჰყურებს თავის მშობლიურ ქალაქს გულისწტკივილით, მაგრამ დიდი კმაყოფილებით. მისი ამხანაგებიც უკანასკნელად გასცქეროდნენ ქალაქს იმდენ ხანს, რომ კინაღამ კუნძულს გასცდნენ! მაგრამ დროზე შეამჩნეს საფრთხე და სასწრაფოდ ზომები მიიღეს. შუაღამის ორ საათზე ტივი მიადგა თავთხელ ადგილს, კუნძულიდან ორასი იარდის დაშორებით. ბიჭები დიდხანს მიდი-მოდიოდნენ, ვიდრე სულ არ გადაზიდეს თავიანთი ბარგი-ბარხანა. ტივიდან გადმოიტანეს ძველი იალქანი და გაჭიმეს ბუჩქებს შორის კარვის მსგავსად - სანოვაგის შესანახად; თვითონ კი გადაწყვიტეს, კარგ ამინდში ცის ქვეშ დაეძინათ, როგორც შეჰფეროდა მეკობრეებს.
მერე გააჩაღეს ცეცხლი ტყის ნაპირიდან ოცი-ოცდაათი ნაბიჯის დაშორებით, ხშირ, ჩაბნელებულ ტევრში. შეწვეს რამდენიმე ნაჭერი ლორი ვახმისთვის და გადასანსლეს თან წამოღებული მჭადის ნახევარი. მეტად გემრიელი იყო ვახშამი ხშირ ტყეში, უკაცურსა და მიყრუებულ კუნძულზე, ადამიანებისაგან მოშორებით! ჩვენი გმირები იმაზედაც კი ლაპარაკობდნენ, რომ აღარასოდეს არ დაუბრუნდებოდნენ წესრიერ ცხოვრებას. ცეცხლის ალი ანათებდა მათ სახეებს, წითელ ფერს აძლევდა ხეებს, ტყის დიდებული ტაძრის სვეტებს, ფოთლებს, გარეულ ყურძენს. როცა სუფრა მოცარიელდა და ხორცისა და მჭადის უკანასკნელი ნაჭერი მიირთვეს, ბიჭები სიამოვნებით გაიჭიმნენ ბალახზე. მართალია, მათ შეეძლოთ ადგილი გადაენაცვლებინათ, ცეცხლის სიმხურვალეს მოშორებოდნენ, მაგრამ არ უნდოდათ დაეთმოთ რომანტიკული კოცონი.
- განა აქ შესანიშნავი არ არის? - თქვა ჯომ.
- საუცხოოა, - გამოეხმაურა ტომი.
- ნეტავ, რას იტყოდნენ სხვა ბიჭები, რომ დავენახეთ? 
- რას და შურით დაიხოცებოდნენ! ხომ ასეა, ჰეკ?
- დიახაც ასეა! - თქვა ჰეკლბერიმ, - სხვისი რა მოგახსენოთ და, მე კი ფრიად კმაყოფილი ვარ. ამაზე უკეთესი არაფერი მინდა... არცთუ ისე ხშირად ვარ ხოლმე მაძღარი. თანაც აქ ხელს არავინ გახლებს, არ წამოგარტყამს კისერში და არ გამოგლანძღავს უმიზეზოდ.
- ასეთი ცხოვრება ზედგამოჭრილია ჩემთვის, - თქვა ტომმა. - საჭირო არ არის დილით ადრე ადგომა, სკოლაში წასვლა, პირის დაბანა და ათასი სისულელის გაკეთება! საქმე იმაშია, ჯო, რომ თუ მეკობრე ხარ, სანამ ნაპირს არ გასცდები, არაფერი საქმე არ გამოგიჩნდება. რაც შეხება განდეგილს, მან ერთთავად უნდა ილოცოს, თანაც რა სახარბიელოა სულ მარტოდმარტო ყოფნა.
- ჰო, ეგ ეგრეა, - თქვა ჯომ. - მაგრამ, იცი, წინათ ამაზე მაინცდამაინც ბევრი არ მიფიქრია. ახლა კი, როცა გამოვცადე, უფრო მეტად მომეწონა მეკობრეობა.
- მხოლოდ განდეგილობას ხალხი ახლა ისე აღარ მისდევს, როგორც ძველ დროში. რაც შეეხება მეკობრეებს, მათ ძალიან აფასებენ. ამას გარდა, განდეგილმა აუცილებლად ხმელზე უნდა დაიძინოს. ტანთ ფალასი უნდა ჩაიცვას, თავზე ნაცარი დაიყაროს, დადგეს წვიმის ქვეშ, და...
- რად უნდა ფალასი, ან ნაცარი? - იკითხა ჰეკმა.
- არ ვიცი. ასეა წესი. განდეგილები ყოველთვის ასე იქცევიან, შენც ასევე იზამდი, განდეგილი რომ ყოფილიყო.
- არაფერიც, - თქვა ჰეკმა.
- მაშ, აბა, რას იზამდი?
- რა ვიცი. მაგრამ მაგას კი არ ვიზამდი.
- რატომ, ჰეკ. შენ ხომ განდეგილი იქნებოდი და როგორ აირიდებდი?
- როგორ და, ვერ გავუძლებდი და თავს ვუშველიდი.
- თავს უშველიდი? კაი განდეგილი კი იქნებოდი. ეგ ხომ თავის მოჭრა ინქბეოდა.
"სისხლიანმა ხელმა” არაფერი უპასუხა, რადგანაც უკეთესი საქმე ეშოვნა. ის იყო დაემთავრებინა სიმინდის ტაროსაგან ჩიბუხის გამოჭრა, ზედ ლერწმის ღერო მოერგო, თამბაქოთი გაეტენა, ნაკვერჩხლით აენთო და ახლა სურნელოვან ბოლში გახვეულიყო. ეს შესანიშნავი იყო და იგი მთელი არსებით მისცემოდა ამ ნეტარებას. დანარჩენი მეკობრეები შურით შეჰყირებდნენ ამ დიდებულ მანკიერებას. და მათ საიდუმლოდ გადაწყვიტეს, დაუყოვნებლივ შეესწავლათ იგი.
- მეკობრეები რაღას აკეთებენ? - იკითხა ჰეკ ფინმა.
ტომმა უპასუხა:
- ო, ისინი ძალიან მხიარულად ცხოვრობენ: ტყვედ ჩაიგდებენ რომელიმე გმირს, დაწვავენ, ფულს ჩამარხავენ თავიანთი კუნძულის რომელიმე მოჯადოებულ ადგილას, რომელსაც ყარაულობენ მხოლოდ ქაჯები და ეშმაკები. მეზღვაურებსა და ხალხს ხოცავენ და წყალში ყრიან.
- ქალები კი კუნძულზე მიჰყავთ, - ჩაურთO ჯომ, - ქალებს არ ხოცავენ.
- მართალია, - დაემოწმა ტომიც, - ქალებს არა ხოცავენ. ისინი კეთილშობილებას იჩენენ ქალებისადმი. გარდა ამისა, ქალები ყოველთვის ლამაზები არიან.
- მერე როგორ არიან მორთულ-მოკაზმულები! შესანიშნავი ტანისამოსი აქვთ, თავით ფეხებამდე ოქრო-ვერცხლითა და თვალ-მარგალიტით არიან შემკულნი! - აღტაცებით წამოიძახა ჯომ.
- ვინა? - შეეკითხა ჰეკი.
- ვინ და მეკობრეები.
ჰეკ ფინმა მწუხარებით ახედ-დახედა თავის დაკონკილ ტანისმაოსს.
- მე სრულიად არა ვგვანებივარ მეკობრეს, - სევდიანად წარმოთქვა, - ჩემი ტანისამოსი სრულიად არა ჰგავს იმათ ტანსაცმელს, სხვა კი არ გამაჩნია.
მეგობრემა დაამშვიდეს, ძვირფასი ტანისამოსის შოვნას დიდი ხანი აღარ დასჭირდება, მალე დავიწებთ მძარცველობასო. დასაწყისისთვის დაგლეჯილი ტანისამოსიც გამოდგება, თუმცა კი მეკობრეები თავიანთი საქმიანობის დაწყებამდე იმარაგებენ შესაფერის ტანსაცმელსო.
თანდათან შეწყდა საუბარი. პატარა გმირებს თვალები ეხუჭებოდათ. "სისხლიან ხელს” გაუვარდა ჩიბუხი და დაღლილ-დაქანცულს ჩაეძინა. "ზღვათა რისხვამ” და "ესპანეთის ზღვების მოსისხლემ” კი დიდხანს ვერ დაიძინეს. წამოწოლილებმა გულში წარმოთქვეს ლოცვა. იქ არავინ იყო, რომ მუხლებზე წამოეჩოქებინა და ხმამაღლა ეთქმევინებინა. მართალი რომ ითქვას, სულაც არ აპირებდნენ ლოცვას, მაგრამ შეეშინდათ, ვაითუ ღვთის რისხვა დაგვატყდესო. მერე ძილი მოერიათ, კიდეც დააპირეს დაძინება, მაგრამ დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვიათ და ვეღარ მოიცალეს. ეს სინდისი იყო. მათ სინდისი ქენჯნიდა და თანდათან გამოერკვნენ, რომ კარგი საქმე არ ჩაიდინეს: სახლიდან გამოიპარნენ. როცა ხორცის მოპარვაც გაიხსენეს, მთლად შეწუხდნენ... ისინი ცდილობდნენ სინდისის დამშვიდებას იმით, რომ არა ერთხელ მოუპარიათ საკუჭნაოდან ტკბილეული და ვაშლები, მაგრამ სინდისი მაინც არ ასევნებდათ, ეს საბუთი მეტად უსუსური აღმოჩნდა. ბოლოს დაასკვნეს, რომ ნამცხვრისა და ვაშლის აწაპვნა არაფერია, მაგრამ როცა იღებ ხორცს, ლორის ნაჭერს და, საერთოდ, ძვირფას რამეს - ეს უკვე ნამდვილი ქურდობაა, რომლის წინააღმდეგ ბიბლიაში განსაკუთრებული მცნება მოიძებნება. 
ამიტომ გულში გადაწყვიტეს, ვიდრე მეკობრეები იქნებოდნენ, არასოდეს არ შეებღალათ თავიანთი პატიოსნება დამამცირებელი ქურდობით. ამაზე სინდისიც დაეთანხმა მათ და ჩვენმა მეკობრეებმა გულდამშვიდებით დაიძინეს.


თავი მეთოთხმეტე

დილით რომ გამოიღვიძა, ტომი უცებ ვერ მიხვდა, სად იყო. წამოჯდა. მიიხედ-მოიხედა, ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა და მხოლოდ მაშინ გამოერკვა. გაცრეცული და ცივი დილა იყო; ტყის მდუმარება საოცარ სიმშვიდეს და მყუდროებას ამეფებდა ირგვლივ. ფოთლებიც კი არ იძვროდა; არავითარი ხმაური არ არღვევდა ბუნების იდუმალებას. ფოთლებსა და ბალახზე მარგალიტებივით ეკიდა დილის ნამი. ცეცხლი თეთრ ნაცრად ჩაფერფლილიყო და თხელი, მოლურჯო კვამლი წვრილ ზოლად ადიოდა ჰაერში. ჯოსა და ჰეკს ჯერ კიდევ ეძინათ.
შორს, ტყის სიღრმეში, გაისმა რომელიღაც ჩიტის ჭიკჭიკი. მას გამოეხმაურა მეორეც. სადღაც კოდალა ახმაურდა. თანდათან დილის ცივი, ნაცრისფერი სინათლე გაუფერულდა და ხმებიც მომრავლდა - ირგვლივ იღვიძებდა სიცოცხლე. ბუნება თანდათან გამოფხიზლდა და შეუდგა საქმიანობას ჩაფიქრებული ტომის თვალწინ. პატარა მწვანე მატლი ნამიან ბალახზე მიცოცავდა და დროდადრო თავისი სხეულის ორი მესამედი ჰაერში აჰქონდა, გეგონებოდათ, იქაურობას ყნოსავსო, შემდეგ კი ისევ გზას განაგრძობდა. ალბათ, მანძილს ზომავსო, ფიქრობდა ტომი. როცა მატლი მიუახლოვდა ტომს, ბიჭი გაქვავდა: იგი ხან სულ ახლოს მიცოცდებოდა ტომთან, ხან შორდებოდა, ტომსაც ამის მიხედვით ხან იმედი ეძლეოდა, ხან ეკარგებოდა. ბოლოს მატლის ჰაერში ატანილი, გაღუნული სხეულით მცრე ხანს შეყოყმანდა, მერე გაბედულად გადაინაცვლა ტომის ფეხზე და იქ შეუდგა მოგზაურობას; ტომის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი უეჭველად შეიძენდა ახალ კოსტიუმს - მეკობრის ბრწყინვალე ტანსაცმელს. საიდანღაც გაჩნდნენ ჭიანჭველები და შეუდგნენ მუშაობას; ერთი ჩაბღაუჭებოდა მკვდარ ობობას, თავისზე ხუთჯერ დიდს და ცდილობდა, აეთრია ხეზე. ყავისფერი დაწინწკლული ჭიამაია აცოცებულიყო თავბრუდამხვევ სიმაღლეზე - ბალახის კენწეროზე. ტომი დაიხარა და უთხრა:
ჭიამაი, ჭიამაია,
ბავშვებს მიხედე, შინ ხანძარია.
ჭიამაიამაც გაუგონა და გაფრინდა პატარების გადასარჩენად. ტომს არ გაჰკვირვებია: კარგად იცოდა, ადვილი იყო ჭიამაიას მოტყუება და არაერთხელ უსარგებლია მისი გულუბრყვილობით.
ახლა ნეხვის ჭია გაჩნდა; ძლივს მობაჯბაჯებდა და მოათრევდა თავის ტვირთს. ტომმა განგებ შეახო ხელი, სურდა დაენახა, როგორ აწევდა ფეხებს და თავს მოიმკვდარუნებდა.
ამასობაში ფრინველებმა ატეხეს საშინელი ჟრამული. ხუმარა შაშვი ჩამოჯდა ხეზე, ზედ ტომის თავზე, და მოჰყვა თავისი მეზობლების გამოჯავრებას. ცისფერი ზოლივით გაისრიალა ჰაერში მჩხავანა ჩხიკვმა. ჩამოჯდა ხის ტოტზე (ტომი ხელითაც შესწვდებოდა), გადახარა თავი გვერდზე და დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა უცნობებს. ნაცრისფერმა ციყვმა და ცოტა უფრო მოზრდილმა მელიის მსგავსმა ცხოველმა გაირბინეს; დროდადრო შეჩერდებოდნენ, შეხედავდნენ ბიჭებს და დაიქსუტუნებდნენ; ამ პაწია ცხოველებს, ჩანს, არ ენახათ ადამიანები და არ იცოდნენ, შეშინებოდათ მათი თუ არა. ამასაობაში მთელმა ბუნებამ გამოიღვიძა და ყველაფერი ამოძრავდა. მზის სხივები ისრებივით ჩასწვდა ხშირ ფოთლნარს; აქა-იქ გამოჩნდნენ ჭრელი, მოფარფატე პეპლებიც.
ტომმა გამოაღვიძა დანარჩენი მეკობრეებიც. ყველანი ჟრიამულით გაცვივდნენ მდინარისაკენ. ორიოდე წუთის შემდეგ ტიტველა ბიჭები უკვე ბღლარძუნობდნენ, ჭყუმპალაობდნენ თავთხელ წყალში, სულაც არ აგონდებოდათ თავიანთი პატარა ქალაქი, რომელსაც მშვიდად ეძინა წყლის ამ დიდებული სივრცის იქით. ღამით წყალს მათი ტივი წაეღო, მაგრამ ბიჭები ამით თითქოს კმაყოფილნიც დარჩნენ. ეს თითქოს ხიდის ჩატეხვას ნიშნავდა მათსა და განათლებულ ქვეყნიერებას შორის.
ბანაკში დაბრუნდნენ გამოცოცხლებულნი, მხიარულ გუნებაზე და მგლებივით დამშეულნი. მალე კვლავ გაჩაღდა ცეცხლი. ჰეკმა იქვე მახლობლად იპოვა ცივი და კამკამა წყარო.
ბიჭებმა გააკეთეს ფინჯნები მუხის და კაკლის ფართო ფოთლებისაგან და დაეწაფნენ. თავი დაირწმუნეს, ტყის საოცარი მშვენიერებით შეზავებული წყალი ყავის მაგივრობას გასწევსო; ჯომ ხორცის დაჭრა დაიწყო საუზმისათვის, მაგრამ ტომმა და ჰეკმა მოცდა სთხოვეს, წყლის ნაპირას იპოვეს მოხერხებული ადგილი და ისროლეს ანკესები. დიდხანს არ მოუხდათ ცდა. ჯოს ჯერ არც კი დაჰკარგვოდა მოთმინება, როცა ბიჭებმი დაბრუნდნენ და მოიტანეს ქაშაყი, ორი ქორჭილა, ერთი პატარა ლოქო; ერთი სიტყვით, მთელი ოჯახის სამყოფი სანოვაგე. თევზი ლორთან ერთად შეწვეს, თან უკვირდათ: ასე გემრიელი თევზი თავის დღეში არ გვიჭამიაო. რა იცოდნენ, რომ მდინარის თევზი ერთიორად გემრიელია, თუ დაჭერის უმალვე შეიწვება. არც იმაზე უფიქრიათ, რომ სუფთა ჰაერზე ძილი, სირბილი, ბანაობა და, რაც მთავარია, შიმშილი - საუკეთესო საკმაზია.
დანაყრების შემდეგ წამოწვნენ ჩრდილში, ვიდრე ჰეკი ჩიბუხს მოსწევდა. შემდეგ გაემართნენ კუნძულის დასაზვერად. მხიარულად მიდიოდნენ ტყეში, გზას მიიკვლევდნენ ხშირ ბუჩქნარსა და თავიდან ბოლომდე გარეული ყურძნით დაფარულ ხეებს შორის. ალაგ-ალაგ ხვდებოდნენ პატარა მდელოებს, რომელბიც ხალიჩასავით აჭრელებულიყვნენ ბალახითა და ყვავილებით.
ბევრი რამ ნახეს ისეთი, რაც მოეწონათ, მაგრამ არაფერი გაჰკვირვებიათ. მათი კუნძულის სიგრძე დაახლოებით სამ მილს უდრიდა, სიგანე - მეოთხედ მილს; მოპირდაპირე ნაპირს დაცილებული იყო პატარა სრუტით, რომის სიგანე დაახლოებით ორასიოდე იარდი იქნებოდა. ბიჭები ყოველ საათში ბანაობდნენ. შინ ნაშუადღევს დაბრუნდნენ, ძალიან შიოდათ და თევზის ჭერას თავი მიანებს. უამისოდაც მშვენივრად ისადილეს ცივი ხორცით და კვლავ წამოწვნენ ჩრდილში სამასლაათოდ. მაგრამ მასლაათი თანდათან მინელდა და ბოლოს მთლად შეწყდა. სიჩუმემ, დიდებული ტყის იდუმალებამ, სიმარტოვის გრძნობამ მაინც თავისი გაიტანა, მათი გოენება ფიქრმა წაიღო. გულში რაღაც იდუმალი სევდა შეეპარათ, თანდათან გაერკვნენ - თურმე სახლზე ნაღვლობდნენ. ფინიც კი - "სისხლიანი ხელი” - ოცნებობდა თავის ნაცნობ დირეებსა და ცარიელ კასრებზე. მაგრამ გულში სამივეს რცხვენოდა ამ სისუსტისა და არც ერთს არ ეყო გამბედაობა, ხმამაღლა გამოეთქვა თავისი აზრი.
ბიჭებს შორიდან უკვე კარგა ხანია რაღაც უჩვეულო ხმა ესმოდათ. პირველად ყურადღება არ მიაქციეს, ისევე, როგორც ყურადღებას არავინ აქცევს საათის წიკწიკს. მაგრამე ეს უცნაური ხმა თანდათან გაძლიერდა. ბიჭები შეკრთნენ, ერთმანეთს შეხედეს და ყური მიუგდეს.
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ შორიდან მოსიმა ყრუ და შემაძრწუენბელი: "ბუმ!”
- რას ნიშნავს? - ჩურჩულით წამოიძახა ჯომ.
- ვერაფერი გამიგია! - ისეთივე ჩურჩულით უპასუხა ტომმა.
- ეს ქუხილი არ არის, - შიშით წამოიძახა ჰეკლბერიმ. - მიტომ, რომ ქუხილი...
- გაჩუმდი, - შეუყვირა ტომმა, - ყური დაუგდე და ნუ ყბედობ!
გავიდა ერთი წუთი, რომელიც მათ საუკუნედ მოეჩვენათ და ამ დიდებულ მდუმარებაში კვლავ გამეორდა უცნაური ყრუ გუგუნი.
- წავიდეთ, ვნახოთ.
სამივე წამოხტა და გაექანა ნაპირისაკენ, საიდანაც ქალაქი მოჩანდა. გადაწ-გადმოწიეს ბუჩქები და იქიდან დაუწყეს თვალთვალი. შუა მდინარეში, ქალაქიდან ერთი მილის დაშორებით, მოცურავდა პატარა გემი, რომელსაც ბორნად იყენებდნენ ხოლმე. მისი ფართო გემბანი ხალხით იყო გაჭედილი. გემის ირგვლივ აქეთ-იქით დაცურავდა აუარებელი ნავი, მაგრამ ბიჭებმა ვერ გაარჩიეს, რას აკეთებდნენ შიგ მსხდომნი. უეცრად, გემის თავზე გაჩნდა თეთრი ბოლი, ნელ-ნელა გაიფანტა ღრუბლებად და მესამედ შემოესმათ ჩვენს ბიჭებს ყრუ და შემაძრწუნებელი ხმა.
- ახლა კი ვიცი, რაც მოხდა! - წამოიძახა ტომმა. - ვინმე დაიხრჩობოდა.
- ეგრე იქნება! - დაემოწმა ჰეკი. - ასევე მოხდა შარშან ზაფხულში, როცა ბილ ტერნეტი დაიხრჩო; ზარბაზანს ისვრიან, ამბობენ, დამხრჩვალი ამოტივტივდებაო; ამას გარდა, იღებენ პურის ნაჭერს, შიგ დებენ ვერცხლის წყალს და აგდებენ მდინარეში; სადაც დამხრჩვალია, თურმე პურიც იქ გაჩერდება.
- ეგ მეც გამიგია, - თქვა ჯომ, - მაგრამ, ნეტავ რა აჩერებს პურს?
- ამ მთავარი პური არ არის, - განმარტა ტომმა, - არამედ ის, რასაც ჩაუთქვამენ, როცა პურს გადაისვრიან წყალში.
- სრულიადაც არაფერს არ ჩაუთქვამენ, - შეეკამათა ჰეკი, - მე თვითონ მინახავს, როგორ გადაუგდიათ პური წყალში და არაფერიც არ უთქვამთ.
- უცნაურია! - ტქვა ტომმა, - მაგას, იქნებ ჩურჩულით ამბობენ, თავისთვის. ასე იქნება ნამდვილად, ადვილი მისახვედრია.
ბიჭები დაეთანხმნენ, რადგანაც ტომი დამაჯერებლად მსჯელობდა. ართლაცდა, ძნელი წარმოსადგენი იყო, უბრალო პურის ნაჭერს შეულოცავად ემოქმედა ასეთი მნიშვნელოვანი დავალების შესრულების დროს.
- უჰ, რა კარგი იქნებოდა, ახლა იქ ვყოფილიყავი! - წამოიძახა ჯომ.
- კარგი იქნებოდა, - დაეთანხმა ჰეკიც. - რას არ მივცემდი, რომ გამეგო, ვინ დაიხრჩო.
ბიჭებმა ყური მიუგდეს და ცდა დაიწყეს. უცებ ტომს თავში გაურბინა ერთმა ჭკვიანურმა აზრმა.
- ბიჭებო! კარგად ვიცი, ვინც დაიხრჩო: ჩვენ!
იმწამს თავიანთი თავი გმირებად წარმოიდგინეს. რა სასიხარულოა! მათ ეძებენ. დასტირიან, მათი გულისათვის თავებს იხოცავენ, ცრემლს ღვრიან; გრძნობენ თავიანთ უსამართლობასა და უსულგულობას საცოდავი დაღუპული ბიჭების წინაშე; დიდ სინანულში არიან და სინდისი ქენჯნით; რაც მთავარია, მთელი ქალაქი მათზე ლაპარაკობს, ყველა ბიჭს შურს მათი სახელი და დიდება. განა ეს შესანიშნავი არ არის?! მარტო ამისათვის ღირდა მეკობრეებად გადაქცევა.
შებინდებისას გემი შეუდგა თავის ჩვეულებრივ საქმიანობას, ნავები წავიდ-წამოვიდნენ და მეკობრეებიც დაბრუნდნენ ბანაკში. ისინი ამაყობდნენ თავიანთი დიდებით და იმით, რომ ამდენი წუხილი მიაყენეს ახლობლებს. დაიჭირეს თევზები, შეწვეს, ივახშმეს და ახლა შეუდგნენ საუბარს, ნეტავ ვინ რას ლაპარაკობს ჩვენზეო. თვალწინ ეხატებოდათ საჯარო გლოვის სურათები და ეს მეტად სიამოვნებდათ. როდესაც ღამე ჩამოწვა, მათი საუბარი თანდათან მიწყდა. სამივე მიაშტერდა ცეცხლს, ფიქრებით კი შორს იყვნენ, აღგზნებაც გაუქრათ. ტომსა და ჯოს გაახსენდათ თავიანთი ახლობლები, რომელთაც მათი ცელქობა არცთუ იმდენ სიხარულს მიჰგვრიდა, როგორც თვითონ ბიჭებს. თანაც ცუდი წინათგრძნობა დაეუფლათ. ვერც ერთი ვერ ისვენებდა, ხანდახან უნებური ოხვრაც კი აღმოხდებოდათ. ჯომ კიდევაც სცადა სიტყვა გადაეკრა თავისი ამხანაგებისათვის ქალაქში დაბრუნების შესახებ, მართალია, ახლა არა, მაგრამ...
ტომმა მასხრად აიგდო. ჰეკიც, რა თქმა უნდა, მას მიემხრო. სახლი არა ჰქონდა და კარი, რომ იმაზე ედარდა. ორჭოფობაში მყოფმა ჯომ დაიწყო "ახსნა-განმარტება”, ვიხუმრეო, თან უხაროდა, რომ საქმეს თავი ადვილად დაღწია. სულმოკლეობა და სახლის დარდი არცთუ ისე შეუბღალავდა სახელს. ამ ჯერზე ამბოხება თავშივე ჩაახშეს.
დაღამდა. ჰეკი თავს აკანტურებდა და მალე ხვრინვაც ამოუშვა. მას მიჰყვა ჯოც. ტომი რამდენიმე ხანს გაუნძრევლად იწვა იდაყვზე დაყრდნობილი და დაკვირებით მისჩერებოდა თავის ამხანაგებს. შემდეგ ფრთხილად წამოიჩოქა და ალის მკრთალ შუქზე რაღაცას დაუწყო ძებნა ბალახებში. მან იპოვა ჭადრის ხის თეთრი, თხელი ქერქის რამდენიმე დიდი ნახვევი, ამოარჩია ყველაზე უფრო ვარგისი ორი ცალი, მიჩოჩდა ცეცხლთან და თავისი სურინჯით ძლივს დაჯღაბნა თეთოეულ ნაჭერზე რამდენიმე სტრიქონი. ერთი დაახვია და ჯიბეში ჩაიდო, მეორე კი ჯოს ქუდში ჩადო და შორიახლოს დაუდო. ამას გარდა, ჯოს ქუდში ჩადო მოწაფისათვის ფასდაუდებელი რამდენიემ ნივთი: ცარცის ნაჭერი, რეზინის ბურთი, სამი ნემსკავი და ერთი პატარა ბურთულა, "ნამდვილი ბროლის” სახელით რომ იყო ცნობილი. შემდეგ ფრთხილად, ფეხაკრებით გაძვრა ხეებს შორის. ასე იარა, ვიდრე იქაურობას კარგა არ გასცდებოდა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოკურცხლა ნაპირისაკენ.


თავი მეთხუთმეტე

რამდენიმე წუთის შემდეგ მუხლებამდე წყალში შესული ტომი ფონს გადიოდა ილინოისის ნაპირისაკენ. ვიდრე წყალი წელამდის შემოსწვდებოდა, მან უკვე ნახევარი გზა გაიარა; მაგრამ შემდეგ ფეხით გასვლა უკვე შეუძლებელი იყო. და ტომიც ცურვაზე გადავიდა. მეორე ნაპირამდე ასიოდე იარდი დარჩენილიყო. ტომი დინების წინააღმდეგ მიცურავდა. წყალს იგი ბევრად უფრო ქვემოთ მიჰქონდა, ვიდრე მოელოდა. მაგრამ მაინც მიაღწია ნაპირს, შესაფერისი ადგილი მოძენბა და წყლიდან ამოვიდა. ჯიბეში ხელი ჩაიყო, ხის ქერქი უვნებელი დახვდა. ტყეს მიჰყვა მდინარის გაყოლებით, ტანისამოსიდან წყალი წურწურით ჩამოსდიოდა. ათი საათი არ იქნებოდა, როცა ტომი ტყიდან გამოვიდა. პატარა მინდორს მიადგა ქალაქის პირდაპირ. ხეების ჩრდილში მაღალ ნაპირთან გემს მოჰკრა თვალი. ირგვლივ სიჩუმე იყო და ვარსკვლავები მკრთალად კიაფობდნენ. ტომმა დაღმართზე სწრაფად ჩაირბინა; თან სულ აქეთ-იქით იყურებოდა. გადახტა წყალში და სიბნელეში გაემართა ნაპირ-ნაპირ. მგზავრებს რომ არ შეხვედროდა, ორმოცდაათი ნაიჯით უფრო ქვემოთ გამოვიდა, არჩია მიყრუებული ქუჩებით სიარული და მალე მიადგა დეიდას სახლის ღობეს. ფრთხილად გადაფოფხდა მესერზე, მივიდა მინაშენთან და შეიხედა დეიდას ფანჯარაში, რადგან იქიდან სინათლე გამოდიოდა. ოთახში ისხდნენ: დეიდა პოლი, სიდი, მერი, ჯო ჰარპერის დედა და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ.
ისინი ისხდნენ საწოლთან; საწოლი იმათსა და კარებს შუა იდგა. ტომი მიუახლოვდა კარს და ფრთხილად ჩამოსწია სახელური, შემდეგ კი ოდნავ მიაწვა; კარმა დაიჭრაჭუნა; ტომი თანდათან აწვებოდა, თან თითოეულ ჭრაჭუნზე კრთებოდა. ბოლოს იმ ზომამდე გააღო კარი, რომ ოთხზე შეძრომა შეიძლებოდა. მართლაც შეყო თავი და შეძვრა.
- ამ სინათლის შუქი რად დაფარფაცდა? - იკითხა დეიდა პოლიმ. ტომმა ნაბიჯს უმატა. – ალბათ, კარი გაიღო, ადე, სიდ, დახურე.
ტომი სწორედ დროზე შეძვრა საწოლქვეშ. ცოტა შეისვენა და შემდეგ ისე ახლოს მიფოფხდა, რომ შეეძლო დეიდას ფეხზე შეხებოდა.
- ჰოდა, იმას ვამბობდი, - განაგრძო დეიდა პოლიმ, - რომ ის სრულიადაც არ იყო ცუდი, მხოლოდ ძალიან ანცი და თავქარიანი იყო, როგორც ყველა ბიჭი. ბოროტი განზრახვა არავისადმი არა ჰქონია, ისეთი გულკეთილი ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ოქროს გული ჰქონდა...
და ტირილი დაიწყო.
- სწორედ ასეთივე იყო ჩემი ჯოც, განუწყვეტლივ ცელქობდა. ყველა ანცობაში პირველი იყო და ამავე დროს კეთილი, ისეთი კეთილი, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა! ღმერთო, შემინდე მე ცოდვილს! რომ მომაგონდება მისი გაწკეპვლა ნაღებისათვის!.. სრულიად გადამავიწყდა, რომ ნაღები მე თვითონ გადავღვარე, დამჟავებულიყო... როცა მომაგონდება, რომ ვეღარასოდეს ვნახავ მას აქვეყნად, ვეღარასოდეს, ვეღარასოდეს ვნახავ ჩემს საცოდავ ბიჭუკელას!
და მისის ჰარპერმა ისეთი ტირილი მორთო, გეგონებოდათ, გულს თან ამოაყოლებსო.
- იემდი მაქვს, ტომი კარგად გრძნობს თავს იქ, სადაც არის, - თქვა სიდმა, - მაგრამ, ის რომ ცოტა უკეთესად მოქცეულიყო...
- სიდ! (ტომმა იგრძნო, როგორ აენთო დეიდას თვალები, თუმცა ამის დანახვა არ შეეძლო). - არ გაბედო ტომზე ცუდი რამის თქმა, როცა ის აღარ არის. ღმერთი იზრუნებს მათზე, ისე რომ, შენ ნუ შეწუხდები. სერ. ოჰ, მისის ჰარპერ, არც კი ვიცი, როგორ გადავიტანო. წარმოდგენაც არ შემიძლია, რომ ის აღარ არის! ის ჩემთვის დიდი ნუგეში იყო, თუმცა კი ხშირად მაწვალებდა.
- ღმერთმა მოგცა და ღმერთივე წაგართმევს. კურთხეულ იყოს მისი სახელი. დიახ, ძნელია, მეტად ძნელია! ჯერ კიდევ გასულ შაბათს ჩემმა ჯომ ფისტონი გაისროლა ჩემს ცხვიწინ და მე ისეთი ჩავთხლიშე, რომ მიწაზე დაენარცხა. რა ვიცოდი მაშინ, რომ ასე ჩქარა... ასე ჩქარა... ასეთი რამ ახლა კიდევ რომ ჩაედინა, გადავეხვეოდი და გადავკოცნიდი.
- მესმის, ძალიან კარგად მესმის თქვენი წუხილი, მისის ჰარპერ. მხოლოდ გუშინ იყო შუადღისას, ჩემმა ტომმა კატას რომ დაალევინა წამალი: საცოდავი პირუტყვი ისე გაოგნდა, მეგონა, დაუმტვრეველი აღარაფერი გადაგვრჩებოდა. და მეც, ღმერთო შემინდე, ცოტა გაწყდა, თავი არ გავუხვრიტე სათითით. ჩემი საწყალი ბიჭი, ის უკვე აღარ არის, გათავდა მისი ტანჯვა, მისი უკანასკნელი სიტყვები საყვედური იყო.
მაგრამ ამის გახსენება მის ძალას აღემატებოდა და ტირილი წასკდა. ტომიც აზლუქუნდა, მაგრამ უკვე საკუთარი თავისადმი სიბრალულის გრძნობით. მას ესმოდა მერის ტირილიც, ხანდახან ისიც ჩაურთავდა რამდენიმე სიტყვას და ტომს ალერსით იხსენებდა. ყველაფერმა ამან ტომი მეტად აამაღლა საკუთარ თვალში, ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ასეთი კარგი ბიჭი იყო, დეიდას სევდამ კი მაინც მეტად შეაწუხა. უნდოდა გამომძვრალიყო საწოლის ქვეშიდან და უსაზღვროდ გაეხარებინა მოხუცი, მაგრამ ამ ცდუნებას არ დაემორჩილა, სულგანაბული იწვა და ყურს უდგებდა. ნაწყვეტ-ნაწყვეტი საუბრიდან გაიგო, ჯერ ჰგონებიათ ბიჭები ბანაობის დროს დახრჩვნენო, შემდეგ ტივის დაკარგვა შეუმჩნევიათ. ახლა ვიღაც ბიჭს გახსენებოდა დაკარგული ამხანაგების დაპირება: მალე ქალაქი რაღაცით გაკვირდებაო. მაშინ ბრძენმა ადამიანებმა ჭკუას ძალა დაატანეს და დაასკვნეს, ბიჭები, ალბათ ტივით გაემგზავრნენ და მახლობელ ქალაქში გადავიდნენო; მაგრამ შუადღისას ქალაქიდან ხუთი-ექვსი მილის დაშორებით ნაპირზე მიმდგარი ტივი დაენახათ. მაშინ კი დაჰკარგვოდათ იმედი, ბიჭები, ალბათ დაიხრჩვნენო. ასე რომ არ იყოს, მოშივდებოდათ და საღამოთი ან უფრო ადრე დაბრუნდებოდნენ. უთუოდ მდინარის შუაგულში დაიხრჩვნენ, ამიტომ ვეღარ იპოვეს. ალბათ, ასე იყო, თორემ კარგი ცურვა იცოდნენ და ნაპირამდე გამოცურავდნენო. ეს ამბავი ოთხშაბათ საღამოს მოხდა, თუ კვირამდე მათ გვამებს ვერ იპოვიან, იმედს სრულიად დაკარგავენ და კვირა დილას მათ პანაშვიდს გადაიხდიანო. ამ სიტყვებზე ტომს შეაჟრჟოლა.
მისის ჰარპერი ტირილით გამოემშვიდობა ყველას და წასასვლელად მოემზადა. ორი დამწუხრებული მანდილოსანი ერთმანეთს გადაეხვია და, როცა გული იჯერეს ტირილით, დაშორდნენ. დეიდა პოლიმ ჩვეულებრივზე უფრო ნაზად გადაკოცნა სიდი და მერი; სიდი ცოტა სლუკუნებდა, მერი კი მდუღარებას აფრქვევდა. დეიდა პოლი მუხლებზე დაემხო და ტომისთვის ისე ამაღლეველად და გულმხურვალედ ილოცა, ისეთი უსაზღვრო სიყვარული ჩააქსოვა თავის სიტყვებში და ბებრულ აკანკალებულ ხმაში, რომ ტომი აცრემლდა. დეიდა პოლიმ ლოცვა დაამთავრა, მაგრამ ტომი მაინც კარგა ხანს იცრემლებოდა. დეიდა დაწვა დასაძინებლად, მაგრამ ტომს დიდხანს მოუხდა გაუნძრევლად წოლა საწოლქვეშ. დეიდა ერთთავად ტრიალებდა, ახველებდა და ხანდახან გულამოსკვნილი ოხრავდა. ბოლოს სრულიად მიწყნარდა, დროდადრო ძილში გმინავდა. ტომი გამოძვრა საწლის ქვეშიდან, ფრთხილად წამოდგა, ხელი მოაფარა სანთელს და დიდხანს დაჰყურებდა მოხუცს. ტომს ცოდვისაგან გული ეწვოდა. ამოიღო ჯიბიდან ხის ქერქი და დადო სანთლის გვერდით. მაგრამ რაღაც მოაგონდა, დაფიქრდა, უცებ სახე გაუბრწყინდა და საჩქაროდ ისევ ჩაიდო ჯიბეში; მერე დაიხარა, აკოცა მოხუცს გაცრეცილ ტუჩებში, უხმოდ გამოვიდა გარეთ და მაგრად გაიხურა კარი.
ტომი ნავსადგურში დაბრუნდა და, რადგან არავის არ შეხვედრია, საჩქაროდ ავიდა გემზე. კარგად იცოდა, რომ დარაჯის მეტი იქ არავინ იქნებოდა და რომ ისიც ყოველთვის კაიუტაში შედიოდა და მკვდარივით იძინებდა. ტომმა ახსნა ნავი, შიგ ჩაჯდა და ფრთხილად გასცურა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. ქალაქს ერთი მილით რომ გასცდა, გადაჭრა მდინარე და ნავი მოპიდაპირე ნაპირისაკენ წაიყვანა. სწორედ ნავმისადგომთან მიცურდა, რადგანაც ამ საქმეში უკვე გაწაფული იყო. ძალიან უნდოდა ნავი მიეთვისებინა, ის მათ გემობას გაუწევდა, თანაც მეკობრეების კანონიერი მონაპოვარი იქნებოდა, მაგრამ იცოდა, ძებნას დაუწყებდნენ და შეიძლება მათი კვალისთვისაც მიეგნოთ.
ასე რომ, გადმოხტა ნაპირზე და ცოტა ხანს შეისვენა ტყეში. ძილისაგან თავს ძლივს იკავებდა; მერე წალასლასდა თავის ამხანაგებთან. ღამე უკვე ილეოდა და, როცა ის თავთხელს მიუახლოვდა, სრულიად გათენდა. ტომმა ცოტა ხანს კიდევ შეისვენა, ვიდრე მზე თავის ქოროს სხივებს წყალს მოჰფენდა, მერე კი გადაეშვა მდინარეში და გასცურა. ცოტა ხნის შემდეგ ბანაკის საზღვართან იდგა მთლად სველი, სწორედ იმ დროს, როცა ჯო ამბობდა:
- არა, ჰეკ, ტომი სანდო კაცია, ის არ გაგვექცევა, დაბრუნდება. განა არ იცის, რომ უკან დახევა სირცხვილია მეკობრისათვის. მან, ალბათ, რაღაც სხვა მოიფიქრა. მაგრამ ნეტავ, რა მოიფიქრა?
- ყოველ შემთხვევაში, ეს ნივთები ხომ ჩვენია?
- ჩვენია, ჰეკ, მაგრამ მთლად არა. წერილში წერია, დავისაკუთროთ, თუ არ დაბუნდება საუზმემდე.
- აი, მეც აქ გახლავართ, - წამოიძახა ტომმა და მედიდურად გამოემართა მათკენ. ეს იყო საუცხოოო თეატრალური ეფექტი.
მალე შესანიშნავად ისაუზმეს ლორით და თევზით. საუზმის დროს ტომმა უამბო მათ, რაც თავს გადახდა და ჩვეულებრივად შეალამაზა. როცა ყველაფერი ბოლომდე მოისმინეს, ჩვენი გმირების პატივმოყვარეობას და ტრაბახს საზღვარი აღარ ჰქონდა. ამის შემდეგ ტომი ჩრდილში მიწვა შუადღემდე გამოსაძინელბლად, დანარჩენი მეკობრეები კი თევზის საჭერად და კუნძულის გამოსაკვლევად გაემართნენ.

კატეგორია: სათვგადასავლო რომანები | ნანახია: 975 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: