მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 2 » ტომ სოიერის თავგადასავალი (6.7.8.9.10.-- თავი)
4:37 PM
ტომ სოიერის თავგადასავალი (6.7.8.9.10.-- თავი)
თავი მეექვსე

ცუდ გუნებაზე გაიღვიძა ორშაბათ დილით ტომ სოიერმა. ორშაბათობით ყოველთვის ასე ემართებოდა, რადგანაც ამ დღეს იწყებოდა სკოლაში ახალი წამება. ის ფიქრობდა, ნეტავ კვირა სულ არ არსებობდეს ქვეყანაზე, ხანმოკლე თავისუფლების შემდეგ ისევ ტყვეობაში დაბრუნება მეტად სამძიმო ხდებაო.
ტომი იწვა და ფიქრობდა, ნეტავ ავად გავხდე, შინ დავრჩებოდი, სკოლაში არ წავიდოდი. ნუთუ არ შეიძლება ავადმყოფობის მოგონება? ბეჯითად გაისინჯა თავი, მაგრამ არაფერი სტკიოდა, ხელმეორედ გაისინჯა და ახლა მოეჩვენა, მუცელს სჭრიდა. გაუხარდა, იქნება უფრო ამტკივდესო, მაგრამ ტკივილმა თანდათან გაუარა და ბოლოს სრულიად გაუქრა. ტომი ხელმეორედ დაფიქრდა და უცებ მოაგონდა, რომ წინა კბილი ენძრეოდა. სწორედ ბედზე მოაგონდა; ის იყო კვნესა უნდა დაეწყო, მაგრამ უცებ გადაიფიქრა, კბილის ტკივილზე რომ კრინტი დავძრა, დეიდა ბევრს აღარ დააყოვნებს, ამომაძრობს და მეტკინებაო. ამიტომ კბილის ტკივილი გადადო, იქნებ შემდეგ გამომადგესო, და დაიწყო სხვა რამის ძებნა. კარგა ხნის შემდეგ მოაგონდა ექიმის ნაამბობი ერთ დავალებაზე, რომელმაც ავადმყოფი ორი თუ სამი კვირა ჩააწვინა და კინაღამ თითიც დააკარგვინა. ბიჭმა არ იცოდა ამ ავადმყოფობის ნიშნები. მაგრამ მაინც მოჰყვა კვნესას.
სიდმა არ გამოიღვიძა. ტომმა ახლა ხმამაღლა დაიწყო კვნესა და მოეჩვენა, რომ თითი მართლაც სტკიოდა.
სიდი კვლავ არ გამოეხმაურა.
ტომს მეტისმეტი ძალდატანებისაგან სუნთქვა ეკვროდა. ცოტა ხანს სული მოითქვა, ძალ-ღონე მოიკრიბა და გმინვას მოჰყვა.
სიდი კვლავ ხვრინავდა.
ტომს მოთმინება დაეკარგა, დაიყვირა: "სიდ! სიდ!” და თან ძმას მუჯლუგუნი წაჰკრა. ამან გაჭრა, და ტომი კვლავ კვნესას მოჰყვა. სიდმა დაამთქნარა, გაიზმორა, წამოიწია, დაეყრდნო იდაყვა, ამოიფშვინა და მიაშტერდა ტომს. ტომი კვნესოდა, სიდმა უთხრა:
- ტომ, გამიგონე, ტომ!
პასუხი არ მიიღო.
- რა მოგივიდა, ტომ? დეიდას დავუძახებ. სიდმა შეანჯღრია ძმა და შეშფოთებით ჩახედა სახეში. ტომმა საცოდავად ამოიკვნესა.
- თავი დამანებე, სიდ, ნუ მანჯღრევ!
- რა მოგივიდა, ტომ? დეიდას დავუძახებ.
- არა, არ მინდა, იქნებ გამიაროს, არავის დაუძახო. იქნება გაიაროს.
- უთუოდ უნდა შევატყობინო. ნუ კვნესი აგრე, ტომ, საშინელებაა! დიდი ხანია აგრე მოგივიდა?
- რამდენიმე საათია. ვია, ვია! ნუ ხმაურობ. სიდ, თუ ღმერთი გწამს, თორემ ნამდვილად ბოლოს მომიღებ.
- რატომ მაშინვე არ გამაღვიძე, ტომ, გენაცვალე, აგრე ნუ კვნესი, ჟრუანტელი მივლის. რა გტკივა?
- სიდ, ყველაფერი მიპატიებია (კვნესა)... ყველაფერი, რაც კი ჩემთვის დაგიშავებია. როცა მე აღარ ვიქნები...
- ტომ, ნუთუ კვდები? ტომ, გეთაყვა, გაჩერდი, მაგას ნუ ამბობ! იქნება...
- ყველასათვის მიპატიებია, სიდ (კვნესა), ასე უთხრა მათ. სარმის ჩარჩო და ცალთვალა კნუტი იმ გოგონას გადაეცი, ამას წინათ რომ ჩამოვიდა და უთახრი...
მაგრამ სიდმა ტანისამოსს დაავლო ხელი და მოუსვა. ტომმა ისე ცხადად წარმოიდგინა ავადმყოფობა, რომ ახლა მართლა იტანჯებოდა, მისი კვნესაც სრულიად ბუნებრივად გაისმოდა.
სიდმა ჩაიარა კიბეზე და დაიძახა:
- დეიდა პოლი, ჩქარა წამოდით, ტომი კვდება!
- კვდება?
- ჰო, რაღას უყურებთ? წამოდით ჩქარა!
- სისულელეა, არა მჯერა!
თანაც უკვე ფაცხაფიცხით არბოდა კიბეზე, უკან მისდევდნენ სიდი და მერი, მოხუცს ფერმა გადაჰკრა, ტუჩები აუკანკალდა. საწოლთან რომ მიირბინა, ძლივს წაილუღლუღა:
- ტომ, გეთაყვა, რა მოგივიდა?
- ოჰ, დეიდა, ცერზე განგრენა მაქვს.
მოხუცი სიცილით ჩამოჯდა სკამზე, მერე ატირდა, შემდეგ გაიცინა და ისევ ატირდა. ამით გულს ეფონა და თქვა:
- საძაგელო, როგორ შემაშინე! ახლა გეყო, სისულელეს თავი დაანებე და ადგომა იკადრე.
კვნესა და გმინვა შეწყდა, თითის ტკივილიც გაქრა. ბიჭმა ცოტა დარცხვენით განმარტა:
- დეიდა პოლი, მომეჩვენა, რომ თითი მთლად გამიშეშდა და ისე მტკიოდა, რომ კბილის ტკივილიც კი გადამავიწყდა.
- ახლა კბილი! რა დაემართა შენს კბილს?
- ერთი კბილი მენძრევა და საშინლად მტკივა.
- არა უშავს რა. ნუ მოჰყვები კვნესას. აბა, დააღე პირი! მართალია, კბილი ინძრევა, მაგრამ მაგისაგან არავინ მომკვდარა. მერი, მომიტანე აბრეშუმის ძაფი და მუგუზალიც სამზარეულოდან.
- დეიდა, არ მინდა, უკვე აღარა მტკივა. აღარ ვიკვნესებ, რაც უნდა ამტკივდეს, არც შევიმჩნევ. გეხვეწებით, არ მინდა. შინ ყოფნაც არ მინდა, სკოლაში წავალ.
- ა, მაშ აგრეა საქმე? ყველაფერი ეს იმიტომ მოიგონე, რომ სკოლაში არ წასულიყავი? სათევზაოდ ხომ წაბრძანდებოდი! ო, ტომ, ტომ, როგორ გულით მიყვარხარ და შენ კი სულ იმის ცდაში ხარ, რამე მოიგონო ისეთი, რომ გამამწარო!
ამასობაში კბილის ამოსაგლეჯი იარაღიც მოიტანეს. მოხუცმა აბრეშუმის ძაფის ერთი წვერი გამონასკვა და კბილს ჩააბა, მეორე წვერი კი საწოლის ფეხს მიაბა. მერე აიღო ანთებული მუგუზალი და კინაღამ სახეზე მიადო. წამსაც არ გაუვლია, რომ კბილი ამოვარდა და ძაფზე ჩამოეკიდა.
მაგრამ ყოველ განსაცდელს ჯილდოც მოსდევს. როცა ტომი საუზმის შემდეგ სკოლაში გამოცხადდა, მის ამხანაგებს შეშურდათ ზედა ყბის ცარიელი ადგილი, რადგან ახლა მას შეეძლო სრულიად ახლებურად, უჩვეულოდ ეფურთხებინა. ტომს ბიჭების მთელი ამალა დასდევდა, აინტერესებდათ ახალი სანახაობა; ახლა სრულიად მიივიწყეს მეორე ბიჭი, რომელსაც თითი გაეჭრა და აქამდის ყველას ყურადღებას და თაყვანისცემას იმსახურებდა. ბიჭი ნაწყენი იყო თანამგრძნობელთა შემოფანტვით და ზიზღით განაცხადა, ძალიან დიდ საქმეს არ წარმოადგენს ტომ სოიერისათვის ფურთხებაო. მაგრამ ბიჭმა ამაზე უპასუხა: "კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო”, და გაწბილებული გმირი იძულებული გახდა, იქაურობას გაშორებოდა.
ამის შემდეგ ტომს შეხვდა ყველასაგან ათვალწუნებული ბიჭი ჰეკლბერი ფინი, საშინელი ლოთის შვილი. დედებს ჭირივით ეჯავრებოდათ ჰეკლბერი; თან ეშინოდათ მისი, რადგანაც მეტისმეტად ზარმაცი იყო, უზრდელი, საძაგელი, ეჯავრებოდათ იმიტომ, რომ ყველა ბიჭი აღფრთოვანებული იყო ჰეკით, ცდილობდა მასთან ახლოს ყოფნას (თუმცა სასტიკად უშლიდნენ), და ოცნებობდა მისნაირი გამხდარიყო. ტომს, სხვა წესიერი ოჯახის შვილებივით, შურდა მოძულებული ჰეკლბერის მდგომარეობა; ტომსაც აკრძალული ჰქონდა მასთან თამაში. სწორედ ამიტომაც იყო, როცა კი დროს იხელთებდა, მასთან თამაშობდა. ჰეკლბერის მუდამ ძველი, დაგლეჯილი, დიდების გამონაცვალი ტანისამოსი ეცვა, მისი ქუდი ნამდვილი ყვავის ბუდე იყო, მიგლეჯილ-მოგლეჯილი; ქურთუკის კალთები კოჭებამდე ჩამოსთრევდა, ხოლო უკანა ღილები წელზე ბევრად ქვევით იყო; შარვალს უჭერდა მხოლოდ ერთი აჭიმი და ამიტომ უკან უბე ტომარასავით გამობერვოდა, შარვლის ტოტები ტალახში დასთრევდა, თუ არ აიკეცავდა.
ჰეკლბერი ისე იქცეოდა, როგორც მოეპრიანებოდა; როგორც თავისუფალ ჩიტს, კარგ დარში სხვისი სახლის დირეზე ეძინა, ავდარსა და სიცივეში კი - ცარიელ კასრებში; მას არ აიძულებდნენ ევლო სკოლაში ან ეკლესიაში; არა ჰყავდა დამრიგებელი, ვისაც უნდა დამორჩილებოდა. შეეძლო თევზის ჭერა, ბანაობა, როცა და სადაც მოესურვებოდა, წყალში ჯდომაც, რამდენ ხანსაც სურდა; არავინ უშლიდა ჩხუბს; იძინებდა, როდესაც უნდოდა, თუნდაც შუაღამისას. გაზაფხულზე ყველა ბიჭზე ადრე ის დარბოდა ფეხშიშველი, შემოდგომაზე კი ყველაზე გვიან იცვამდა ტყავის ფეხსაცმელს. მისთვის საჭირო არ იყო არც დაბანვა, არც საცვლების გამოცვლა. ახლა რა ლაზათიანად იგინებოდა! ერთი სიტყვით, ამ ბიჭს ხელთ ჰქონდა ყველაფერი ის, რაც ცხოვრებას ფასს აძლევდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ ათასგვარად შევიწროვებული ბიჭები "კარგი ოჯახებიდან” სანკტ-პეტერბურგში. ტომი გამოეხმაურა ამ მაწანწალას.
- გამარჯობა, ჰეკლბერი!
- გაგიმარჯოს!
- რა გიჭირავს?
- მკვდარი კატა.
- აბა, მაჩვენე! ჰი, სულ არ გაშეშებულა! სად იშოვე?
- ერთი ბიჭისგან ვიყიდე.
- რა მიეცი?
- ლურჯი ბილეთი ვიღამ მოგცა?
- ბენ როჯერსისაგან ვიყიდე ორი კვირის წინ, შოლტი მივეცი.
- გამიგონე, ჰეკ, რაშია გამოსადეგი მკვდარი კატა?
- როგორ თუ რაში? მეჭეჭების მოსარჩენად.
- მართლა? მე უკეთესი საშუალება ვიცი!
- სანაძლეო დავდოთ, არ იცი! აბა, რა საშუალება?
- რა და - დამპალი წყალი.
- დამპალი წყალიო! დიდი რამეა ეგ შენი დამპალი წყალი!
- არა? მერე, როდისმე გიცდია მეჭეჭების მოშორება?
- არა, არ მიცდია, ბობ ტანერმა კი სცადა.
- საიდან იცი?
- საიდან და იმან უთხრა ჯეფ თეტჩერს, ჯეფმა - ჯონი ბეკერს, ჯონიმ - ჯიმ ჰილსს, ჯიმმა - ბენ როჯერსს, ბენმა - ერთ ზანგს, ზანგმა კი - მე. აი, საიდან ვიცი.
- მერე რა? ყველა ისინი ტყუილს ამბობენ. ყოველ შემთხვევაში, ყველა, გარდა ზანგისა. იმას მე არ ვიცნობ, მაგრამ ჯერ არ შემხვედრია ისეთი ზანგი, რომ არა ცრუობდეს. სისულელეა! ახლა მითხარი, ჰეკ, როგორ მოიშორა მეჭეჭები ბობ ტანერმა?
- სულ უბრალოდ, ხელი ჩაყო წვიმის წყალში, რომელიც დამპალი ჯირკის ფუღუროში დაგუბებულიყო.
- დღისით?
- რასაკვირველია.
- მერედა, ჯირკისკენ ჰქონდა პირი?
- ჰო, ყოველ შემთხვევაში, ასე მახსოვს.
- თან ამბობდა რასმე?
- ეგ უკვე აღარ ვიცი.
- ჰო, მეჭეჭების მოშორება გინდა დამპალი წყლით და არც კი იცი, როგორ მოიქცე! ასეთი სისულელისაგან, რასაკვირევლია, არაფერი არ გამოვა. უნდა მარტო შეხვიდე შუაგულ ტყეში, შეათვალიერო დამპალი ჯირკი, შუაღამისას მისკენ ზურგით დადგე, ჩაყო ხელი წყალში და თან ჩაილაპარაკო:

ქერო, ქერო, მდორე წყალო,
მეჭეჭებმა გამამწარეს,
გამიქრეთ და გამაცალეთ!

შემდეგ თვალდახუჭული, სასწრაფოდ უნდა გაშორდე თერთმეტ ნაბიჯზე, სამჯერ უნდა შემოტრიალდე ერთ ადგილზე და დაადგე სახლის გზას ისე, რომ არავის დაელაპარაკო, თუ ხმას ამოიღებ, შელოცვას ძალა დაეკარგა.
- ეგ, ეტყობა, უფრო შეეფერება სიმართლეს, მაგრამ ბობ ტანერი ეგრე არ მოქცეულა.
- ოღონდაც, რომ ასე არ მოქცეულა! ჩვენ ბიჭებში ყველაზე მეჭეჭიანი ის არის; რომ სცოდნოდა, როგორ მოეშორებინა დამპალი წყლით, აქამდის აღარც ერთი აღარ ექნებოდა. მე თვითონ ათასობით მოვიშორე ასეთი ხერხით. ჰეკ, მე ძალიან ბევრი მეჭეჭი მქონდა, რადგან ერთთავად ვაწვალებდი. ზოგჯერ ცერცვივითაც მომირჩენია.
- ჰო, ცერცვი ძალიან კარგია. მე თვითონაც გამომიცდია.
- მართლა? როგორ ირჩენ?
- აიღებ ცერცვს და ორად გააპობ. შემდეგ მეჭეჭს დანას დაუსვამ და როცა იქიდან სისხლი გამოვა, ცერცვის ერთ ნაჭერს წაუსვამ; შემდეგ ამოთხრი ორმოს და ამ ნახევარს მიწაში ჩაფლავ... დაახლოებით შუაღამისას, გზაჯვარედინზე, ახალ მთვარეზე. მეორე ნახევარს კი დასწვავ. საქმე იმაშია, რომ ის ნახევარი, რომელსაც სისხლი აცხია, თანდათან მიიზიდავს მეორე ნახევარს, სისხლი კი ამასობაში მეჭეჭს მიიზიდავს და მეჭეჭიც მალე გაქრება.
- სწორია, ჰეკ, სწორი; თუმცა, უმჯობესია, ცერცვის ნახევრის მიწაში ჩაფლვის დროს ზედ დააყოლო: "შორს, მეჭეჭო, ცერცვო, ძირს! ჩემკენ ნუღარ იზამთ პირს”, ასე უკეთესია, ასე ირჩენს მეჭეჭებს ჯო ჰარპერი, ის კი სადღა არ ყოფილა, თითქმის კუნვილსაც მიაღწია... აბა, ახლა შენ თქვი, როგორ უნდა მოვიშოროთ მკვდარი კატით?
- აი, როგორ, კატა უნდა წაიღო სასაფლაოზე შუაღამისას, ისეთ ადგილას, სადაც ბოროტი ადამიანი ასაფლავია. და, აი, შუაღამისას მოვა ეშმაკი, შეიძლება, ორი ან სამიც; მაგრამ მათ ვერ დაინახავ, მხოლოდ გაიგონებ, თითქოს ქარი ზუზუნებსო. შეიძლება ისიც გაიგო, ერთმანეთს როგორ ელაპარაკებიან. როცა ისინი მკვდარს წაათრევენ, უნდა ესროლო მკვდარი კატა და თან თქვა: "ჯოჯო მისდევს მკვდარს, კატა მისდევს ჯოჯოს, მეჭეჭი კი კატას, - დიდ სიამით ვატანთ, აგისრულდეთ ნატვრა”. მორჩა და გათავდა, მთელი მეჭეჭები გაქრება.
- რაღაც სიმართლესა ჰგავს. როდისმე გიცდია, ჰეკ?
- არა, მე ბებია ჰოპკინსმა მოამბო.
- მაშ ეგ კი მართალი იქნება. იმაზე ამბობენ - კუდინიაო.
- ამბობენ რას მიქვია! მე ნამდვილად ვიცი, რომ ის კუდიანია. მამაჩემი იმან მოაჯადოვა, მამამ თვითონ მიამბო; ერთხელ თურმე გზაზე მოდიოდა და დაინახა, რომ ის ჯადოს უკეთებდა. მამამ ქვა აიღო და ესროლა, სულზე გაუსწრია. რა გგონია: მამაჩემი იმ ღამესვე ჩამოვარდა მთვრალი, ფიცრის სახურავიდან და ხელი მოიტეხა.
- რა საშინელებაა! მამაშენმა როგორ გაიგო, რომ კუდიანი ჯადოს უკეთებდა?
- ამას უყურე! მამა ამბობს, ამის გამოცნობას დიდი ამბავი არ უნდაო: თუ ვინმე დაჟინებით გიცქერის და თან რაღაცას ბუტბუტებს თავისთვის - იცოდე, რაღაც საფრთხეს გიმზადებსო. თუ კუდიანი თავისთვის ბუტბუტებს, იცოდე "მამაო ჩვენოს” უკუღმა კითხულობსო.
- გამიგონე, ჰეკ, კატას როდის გამოცდი?
- ამაღამ. ასე მგონია, ეშმაკები აუცილებლად მოვლენ ბებერი ცოდვილი უილიამსის წასაყვანად.
- ის ხომ შაბათს დაასაფლავეს, ჰეკ, ის ალბათ შაბათ ღამესვე მოიპარეს.
- აბა, რას ამბობ! შუაღამემდის ვერ მოიპარავდნენ; შუაღამისას ხომ კვირა დღე დადგა. მე რაღაც არ გამიგია, რომ ეშმაკებს ნება ჰქონდეთ, კვირა დღით დედამიწაზე მოსვლისა!
- ეგ მართალია, ეგ სულ არ მომგონებია. ხომ წამიყვან?
- რასაკვირველია, თუ არ გეშინია.
- მეშინია? რა სათქმელია! ფანჯარასთან დაიკნავლებ?
- ჰო, და თუ შეგეძლება გამოსვლა, შენც დაიკნავლე საპასუხოდ. თორემ, გახსოვს, ამას წინათ რამდენი მალოდინე ტყუილუბრალოდ. იქამდის ვიკნავლე, სანამ ბებერმა ჰეისმა ქვები არ დამიშინა, თან ბუტბუტებდა: ეშმაკმა წაიღოს ეს კატაო. ამისთვის მე მას ფანჯარა ჩავუმსხვრიე კრამიტით, - მხოლოდ არავის უთხრა, იცოდე.
- კარგი. იმ ღამეს არ შემეძლო დაკნავლება: დეიდა ერთთავად მითვალთვალებდა; ამაღამ კი აუცილებლად დავიკნავლებ. გამიგონე, ჰეკ, ეგ რა გაქვს?
- საიმისო არაფერი, ტკიპაა.
- სად იპოვე?
- ტყეში.
- რა მოგცე მაგაში?
- არ ვიცი. არ ვფიქრობ გაყიდვას.
- როგორც გინდა, თუმცა მეტად პატარა კია.
- ეგრე იყოს! სხვისი საქონლის დაწუნება ადვილია. მე კმაყოფილი ვარ, ჩემთვის ესეც კარგია.
- ტკიპა ყველგან უამრავია, რომ მინდოდეს, ათასობით მოვაგროვებ.
- მაშ რა გაბრკოლებს? მაგრამ ძალიან კარგად იცი, ვერ იშოვნი. ეს ტკიპა სულ პირველია, რომელიც კი ამ წელს მოიძებნებოდა.
- გამიგონე, ჰკ, ჩემს კბილს მოგცემ მაგაში.
- აბა, მაჩვენე.
ტომმა ამოიღო ჯიბიდან ქაღალდი და დიდი სიფრთხილით გახსნა. ჰეკლბერიმ ყურადღებით გასინჯა კბილი. ცთუნება ძლიერი იყო. ბოლოს შეეკითხა:
- ნამდვილია?
ტომმ აწია ტუჩი და აჩვენა ცარიელი ადგილი.
- კარგი, გენდობი!
ტომმა ტკიპა ჩასვა პატარა ყუთში, სადაც წინათ ხოჭო ჰყავდა დამწყვდეული, და ბიჭები გაშორდნენ ერთმანეთს. თითოეული კმაყოფილი იყო თავისი შენაძენით.
ტომი მიუახლოვდა განმარტოებით მდგარ პატარა ხის სახლს, სადაც მოთავსებული იყო სკოლა. ფეხაჩქარებით შევიდა, ჩამოკიდა ქუდი ლურსმანზე და საქმიანი კაცივით გაეშურა თავისი სკამისაკენ. მასწავლებელი აფოფხილიყო კათედრაზე და მშვიდად თვლემდა, შეგირდების გუგუნი ნანასავით ჩაესმოდა. ტომის შემოსვლამ გამოაფხიზლა.
- ტომას სოიერ!
ტომმა კარგად იცოდა, როცა მას სრული სახელით მიმართავდა, კარგი ნიშანი არ იყო.
- რა გნებავთ, სერ?
- აბა, აქ მობრძანდით! დღესაც დააგვიანეთ, ხომ? საინტერესოა, რატომ?
ტომს ადვილად შეეძლო თავის დაძვრენა, რამე რომ ეცრუა, მაგრამ იმ წუთას თვალი მოჰკრა გრძელ ოქროსფერ ნაწნავებს, რომლებიც მაშინვე იცნო სიყვარულის ელექტრნული დენის წყალობით. მან დაინახა, რომ ერთადერთი ცარიელი ადგილი კლასის გოგონების ნახევარში მხოლოდ მის გვერდით იყო და დაუფიქრებლად უპასუხა:
- ცოტა ხანს შევჩერდი ჰეკლბერი ფინთან სალაპარაკოდ.
მასწავლებელს სუნთქვა შეეკრა და დაბნეული შეჰყურებდა ტომს. შეგირდების ზუზუნი შეწყდა, გაკვირვებულები იყვნენ, ხომ არ გაგიჟდა ეს უშიშარი ბიჭიო. მასწავლებელმა ხელმეორედ იკითხა:
- რაო, ვის ელაპარაკებოდი?
- ცოტა ხანს შევჩერდი ჰეკლბერი ფინთან სალაპარაკოდ.
- ტომას სოიერ, ესოდენი კადნიერება არასოდეს მსმენია ჩემს სიცოცხლეში. ამისთანა თავხედობისათვის სახაზავიც არა კმარა. გაიხადე ხალათი!
მასწავლებლის ხელი მანამდის მუშაობდა, სანამ არ დაეღალა. წკეპლების კონაც შემცირდა. შემდეგ, გასცა ბრძანება:
- ახლა წადი და დაჯექი გოგონებთან! დაე, გაკვეთილად გამოგადგეს.
ბავშვების ხითხითმა ტალღასავით გადაურა კლასს და თითქოს ცოტა დაარცხვინა ბიჭი, მაგრამ სინამდვილეში ამის მიზეზი სულ სხვა რამ იყო: მოწიწება ჯერ კიდევ უცნობი ღვთაების წინაშე, შიში და სიხარული თავისი დიდი გამარჯვების გამო. ის ჩამოჯდა სკამის კიდეზე. გოგონამ ცხვირი აიბზიკა და შორს გაიწია მისგან. ირგვლივ ყველა რაღაცას ჩურჩულებდა, ერთმანეთს რაღაცას ანიშნებდნენ და ხელს ჰკრავდნენ, მაგრამ ტომი იჯდა წყნარად, დაყრდნობოდა დაბალ, გრძელ მერხს და, ეტყობოდა, წიგნს გულმოდგინედ ჩაჰკირკიტებდა. თანდათან ის ყველას მიავიწყდა, კლასში გაისმა ჩვეულებრივი ძილისმომგვრელი ზუზუნი. მაშინ ტომმა ჩუმჩუმად დაუწყო ცქერა მეზობელ გოგონას. გოგონამ შეამჩნია, გაიბუსხა და ერთი წუთით ზურგი შეაქცია. როდესაც ისევ ტომისკენ გააპარა თვალი, მის წინ ატამი იდო. გოგონამ იქით გადადო. ტომმა ფრთხილად ისევ იქ დადო; გოგონამ ატამი ისევ გადადო, მაგრამ ამჯერად უკმეხობა აღარ ეტყობოდა. ტომმა მოთმინებით დადო ატამი ისევ წინანდელ ადგილას და გოგონას უკან აღარ გაუწევია. ტომმა გრიფელის დაფაზე დაუწერა: "ძალიან გთხოვთ მიირთვათ, მე კიდევ მაქვს”. გოგონამ დახედა ნაწერს, მაგრამ არაფერი არ უპასუხა. ბიჭმა ახლა რაღაცის ჯღაბნა დაიწყო ფიცარზე, თანაც მარცხენა ხელს აფარებდა. გოგონა ჯერ ვითომ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ, ბოლოს, ეტყობოდა, ადამიანურმა ცნობისმოყვარეობამ დასძლია. ბიჭი ისევ ჯღაბნიდა, ვითომ ვერც კი ამჩნევდა გოგონას. გოგონა შეცადა დაენახა, რას ხატავდა ტომი, მაგრამ ისე კი, რომ თავისი თავი არ გაეცა. ტომი კი თითქოს ვერც ამჩნევდა მის ცნობისმოყვარეობას, ბოლოს გოგონამ ვეღარ მოითმინა და მოკრძალებით წასჩურჩულა:
- მაჩვენეთ.
ტომმა ოდნავ მოაშორა ხელი სურათს... სურათი კი არა, რაღაც სასაცილო მიმსგავსება იყო სახლის. ბუხარდან დაკლაკნილი ბოლი ამოდიოდა. პატარა გოგონა ტომის მუშაობამ თანდათან ისე გაიტაცა, რომ ყველაფერი დაავიწყდა. როცა ტომმა გაათავა გოგონამ ცოტა ხანს უცქირა, შემდეგ წასჩურჩულა:
- მშვენიერია! ახლა კი კაცი დახატეთ.
მხატვარმა დახატა სახლის წინ კაცი, რომელიც ბოსტნის ბებერას ჰგავდა და ისეთი მაღალი იყო, სახლს გადაალაჯებდა; მაგრამ პატარა გოგონა არ იყო სასტიკი მსაჯული, ძალიან მოუწონა ეს საფრთხობელა და სთხოვა:
- რა ლამაზია! ახლა მე დამხატეთ მის გვერდით.
ტომმა დახატა სილის საათი, მთვარესავით მიაბა რაღაცა ზემოდან, ბალახის ღერისავით წვრილი ფეხები და ხელები გაუკეთა და გაპარჭყულ თითებში უშველებელი მარაო დააჭერინა. გოგონამ უთხრა:
- ესეც კარგია! მე ძალიან მინდა ხატვა ვიცოდე.
- ეს ძნელი არ არის, - უჩურჩულა ტომმა, - მე გასწავლით.
- მართლა? როდის?
- დიდ დასევნებაზე. შინ წახვალთ სასადილოდ?
- თუ თქვენ დარჩებით, შეიძლება მეც დავრჩე!
- კეთილი. ძალიან კარგი იქნება! რა გქვიათ?
- ბეკი თეტჩერი. თქვენ? თუმცა ვიცი - ტომას სოიერი.
- ასე მეძახიან დასჯის წინ. როცა კარგად ვიქცევი, მარტო ტომს მეძახიან. თქვენ ტომს დამიძახებთ, არა?
- კეთილი.
ტომმა ისევ დაიწყო ფიცარზე რაღაცის ჯღაბნა, თან ხელს აფარებდა, რომ გოგონას არ წაეკითხა, მაგრამ ახლა ბეკი გათამამდა და სთხოვა, ეჩვენებინა. ტომმა იუარა:
- ოჰ! არაფერია.
- არა, არის.
- არ არის! თქვენ ხომ ნახვა არ გინდათ.
- არა, მინდა, მართალს ვამბობ, მინდა. გთხოვთ, მაჩვენოთ!
- ვინმეს რომ უთხრათ?
- არ ვეტყვი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არ ვეტყვი!
- არავის, არც ერთ სულიერს? ვიდრე ცოცხალი იქნებით?
- არავის არ ვეტყვი, ოღონდ მაჩვენებთ!
- და თქვენ ხომ არც კი გინდათ...
- თუ ასე გაჯიუტდებით, ტომ, სულ ერთია, ვნახავ.
გოგონამ თავისი პატარა ხელი დასტაცა ტომის ხელს. ტომი ვითომ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ თანდათანობით კი ხელს აშორებდა ნაწერს, და ბოლოს გამოჩნდა სიტყვები: "მე თქვენ მიყვარხართ!”
- უჰ, რა საძაგელი ხართ! - და გოგონამ მაგრად დაარტყა ხელი, თან გაწითლდა, მაგრამ ეტყობოდა, გულში ეამა.
ამ დროს ტომმა იგრძნო, ვიღაცამ წაავლო ხელი ყურში და სკამიდანაც ასწია. ასე ყურაწეული წააწოწიალა მთელ კლასში, გადაიყვანა მეორე მხარეზე და თავის ადგილზე დასვა. მთელი კლასი ხითხთებდა. მასწავლებელი პატარა ხანს თავს ადგა ხმაამოუღებლივ და მერე თავისი კათედრისაკენ გაემართა. თუმცა ტომს ყური ძალზე ეწვოდა, მაგრამ გული სიხარულით ჰქონდა აღსავსე.
როცა კლასი დაწყნარდა, ტომმა კეთილსინდისიერად დააპირა გაკვეთილების დასწავლა, მაგრამ მეტად აღელვებული იყო. მისი ჯერი რომ დადგა, კითხვისას სიტყვებს ურევდა; გეოგრაფიის გაკვეთილზე ტბა მთად გადააქცია, მთა - მდინარედ, მდინარე - მატერიკად, ასე რომ პირველყოფილი ქაოსი გამოუვიდა, რომელიც ქვეყნიერების შექმნას უსწრებდა. მართლწერის კარნახის დროს უამრავი შეცდომა დაუშვა, სულ უბრალო სიტყვებშიც კი; ერთი სიტყვით, მართლწერაში უკანასკნელ მოწაფედ ჩაითვალა და იძულებული გახდა, სხვისთვის დაეთმო თუნუქის მედალი, რომელსაც ამაყად ატარებდა რამდენიმე თვე.


თავი მეშვიდე

რამდენადაც მეტს ცდილობდა ტომი ყურადღებით ყოფილიყო, მით უფრო გაურბოდა აქეთ-იქით გონება. ამიტომ ბოლოს ამიოხრა, დაამთქნარა და ცდასაც თავი მიანება. მას მოეჩვენა, რომ დიდი დასვენება არ ეღირსებოდა. ჰაერი შეხუთული იყო, ნიავიც კი არ იძვროდა. მოსაწყენ დღEთაგან ეს ყველაზე უარესი იყო. ოცდახუთი შეგირდის მომაბეზრებელი ბუტბუტი გაკვეთილების დაზეპირების დროს ძილს ჰგვრიდა ადამიანს, როგორც ფუტკრების ზუზუნი. იქ, გარეთ, მზის კაშკაშა სინათლეზე მოჩანდა სიცხის ბურუსში გახვეული არდიფის გორაკის მწავნედ აბიბინებული ფერდობები, რომელთაც შორიდან მეწამული ფერი დასდებოდა. აქა-იქ ფრინველები ზანტად დაფრინავდნენ მაღლა ჰაერში. არსად სულიერი არ ჭაჭანებდა, გარდა რამდენიმე ძროხისა, და იმათაც ჩასძინებოდათ.
ტომს სული ელეოდა, ლამობდა თავისუფლად განავარდებას ან ისეთ რაიმეს, რომ დრო მოეკლა! უნებურად ჩაიყო ჯიბეში ხელი და სახე კმაყოფილებით გაუბრწყინდა. ფრთხილად ამოაცოცა პატარა ყუთი, ამოიღო ტკიპა და დასვა გრძელ და ბრტყელ მერხზე. ტკიპაც, ალბათ, ამწუთს მადლობით განიმსჭვალა, მაგრამ, მისდა სავალალოდ, ეს ნაადრევი იყო; როცა მადლიერებით აღსავსემ წასვლა დააპირა, ტომმა ქინძისთავით დააბრუნა უკან და აიძულა, სხვა მიმართულებით წასულიყო.
ტომს გვერდით გულთბილი მეგობარი უჯდა. ტომზე ნაკლებ არც ის იყო მოწყენილი; ამიტომაც ახალმა გასართობმა ძალიან გაახარა და დააინტერესა კიდევაც. გულითად მეგობარს ჯო ჰარპერი ერქვა. ბიჭები მთელი კვირის განმავლობაში განუყრელნი იყვნენ, ხოლო უქმე დღეებში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მეთაურობდნენ ორ მტრულად განწყობილ არმიას. ჯომაც ამიაძრო ქინძისთანვი ქურთუკის საყელოდან და მიეშველა ამხანაგს ტკიპას წვრთნაში. რამდენიც დრო გადიოდა, იმდენად უფრო იტაცებდა გართობა ორივეს. ბოლოს, ტომმა განაცხადა, ერთმანეთს ვუშლით და ვერც ერთი ვერ ვსიამოვნებთო. აიღო გრიფელის დაფა, დადო მერხზე და ზევიდან ქვევით გაავლო ხაზი:
- ასე სჯობს, ვიდრე ტკიპა შენს მხარეზე იქნება, როგორც გინდა, ისე ავარჯიშე, მე ხელს არ ვახლებ; მაგრამ როცა შენ გაუშვებ და ჩემ მხარეზე გადმოვა, ხელი აღარ ახლო, იქამდის, სანამ ისევ შენს მხარეზე არ გადმოვა. კარგი?
- კარგი. აბა დაიწყე.
ტკიპა ძალიან მალე გაშორდა ტომს და გადაირბინა ეკვატორი. ჯო დიდხანს აწვალებდა; ბოლოს ტკიპა იმასაც გაშორდა და უკან ტომთან დაბრუნდა. ეს გადასვლა-გადმოსვლა რამდენჯერმე განმეორდა. როცა ერთი აწვალებდა ტკიპას და მთლად ჩანთქმული იყო ამ გასართობში, მეორე გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს, ორივეს თავი დაეღუნა მერხზე და მათთვის აღარაფერი არსებობდა გარშემო. ბოლოს, როგორც ეტყობოდა, გამარჯვება წილად უნდა ხვდომოდა ჯოს. ტკიპა, ბიჭებზე არანაკლენ აღგზნებული და აღელვებული აქეთ-იქით აწყდებოდა, მაგრამ ყოველთვის, როგორც კი გამარჯვება ტომისაკენ გადაიხრებოდა, ჯო ქინძისთავის დახმარებით მიატრიალებდა ტკიპას თავისკენ. ტომმა ვეღარ მოითმინა, მან გაიწვდინა ხელი და ქინძისთავით უბიძგა ტკიპას. ჯო აღშფოთდა:
- ტომ, არ გაბედო ხელის ხლება.
- ცოტას ვუბიძგებ, ჯო!
- ეგ უსინდისობაა, სერ, თავი დაანებეთ!
- ერთი შენც, სულ ცოტას...
- თავი დაანებეთ ტკიპას, თქვენ გეუბნებიან!
- არა მსურს.
- უფლება არა გაქვს, ის ჩემს მხარეზეა.
- კარგი და, ტკიპა ვისია?
- ჩემთვის სულ ერთია, ვისიც გინდა იყოს, - ის ჩემს მხარეზეა და ვერ გაბედავ ხელის ხლებას!
- როგორ თუ ვერ გავბედავ? ტკიპა ჩემი და ისე მოვექცევი, როგორც მომესურვება.
სწორედ ამ წუთში ტომმა ბეჭებზე საშინელი დარტყმა იგრძნო, ასევე დაემართა ჯოსაც, და ორიოდე წუთის განმავლობაში მასწავლებელმა მათი ქურთუკების ბერტყვით მტვრის კორიანტელი დააყენა; კლასი კი ხითხითებდა. საქმე ის იყო, რომ ბიჭები ისე გაერთნენ თამაშში, ვერც კი შეამჩნიეს, როგორ ჩამოვარდა უცებ სიჩუმე, როგორ მიეპარა მასწავლებელი მათ, კაგა ხანს იდგა მათ უკან და თვალს ადევნებდა თამაშს, სანამ გადაწყვეტდა რამდენადმე ცვლილება შეეტანა მათ გარობაში.
როგორც იყო დარეკა თორმეტი და დადგა დიდი დასვენება.
ტომმა ბეკი თეტჩერთან მიირბინა და ყურში ჩასჩურჩულა:
- დაიხურე ქუდი, ვითომ შინ მიდიხარ. კუთხეში სხვებს შეუმჩნევლად ჩამორჩი, შეუხვიე და აქ დაბრუნდი. მე სხვა გზით წავალ, ბიჭებს გამოვექცევი და სულ მალე მეც აქ ვიქნები. - ტომი გამოვიდა სკოლიდან თავისი ჯგუფით, ბეკი - თავისით, და გაემართნენ სახლებისაკენ. ცოტა ხნის შემდეგ ტომი და ბეკი ერთმანეთს შეხვდნენ ქუჩის კუთხეში და სკოლაში დაბრუნდნენ, იქ აღარავინ დახვდათ. ერთად დასხდნენ და წინ გრიფელის დაფა დაიდეს; ტომმა ბეკის მისცა გრიფელი, ხელი დაუჭირა და ისე ახატვინა. დახატეს მეორე სახლი, წინანდელზე საკვირველი მოყვანილობის. როცა ხატვა მოსწყინდათ, დაიწყეს ტიკტიკი. ტომი ნეტარებას განიცდიდა. მან ჰკითხა:
- გიყვარს ვირთაგვები?
- არა, მძულს.
- მეც მეჯავრება ცოცხლები, მაგრამ მკვდრებზე გეუბნები, - შეიძლება თოკი გამოაბა და ატრიალო, რამდენიც გსურს!
- არა, საერთოდ ვირთაგვები არ მიყვარს. მე მიყვარს რეზინის ღეჭვა.
- ოღონდაც! ვწუხვარ, რომ არა მაქვს.
- გინდა? მე მაქვს პატარა ნაჭერი. მოგცემ დასაღეჭად, მხოლოდ უკანვე დამიბრუნე.
ტომი დათანხმდა. დაიწყეს რიგრიგობით ღეჭვა, თან მეტის სიამოვნებისაგან ფეხებს იქნევდნენ.
- ცირკში ყოფილხარ როდისმე?
- ჰო, მამა კიდევ დამპირდა წაყვანას, თუ ჭკვიანი გოგონა ვიქნები.
- მე კი ბევრჯერ ვყოფილვარ ცირკში, სამჯერ თუ ოთხჯერ! იქ უფრო მეტი მხიარულებაა, ვიდრე ეკლესიაში: ყოევლთვის ახალ სანახაობებს უჩვენებენ. როცა გავიზრდები, ცირკის ჯამბაზი გავხდები.
- მართლა? კარგი იქნება! ისინი ისეთი ლამაზები არიან, ნაირფერად აჭრელებულნი.
- მართალია, ამავე დროს ფულებსაც ბლომად ხვეტენ... ბენ როჯერსმა თქვა, დღეში ერთ დოლარს იღებენო. გამიგონე, ბეკი, არასოდეს არ ყოფილხარ დანიშნული?
- რას ნიშნავს ეგ?
- აი, დანიშნული, გასათხოვრად.
- არა.
- გინდა კი?
- მგონია მინდა, მაგრამ არ ვიცი, როგორ ხდება?
- როგორ? დიდი არაფერია! შენ ეუბნები ბიჭს, რომ იმის მეტს არავის გაჰყვები ცოლად, გესმის, არასოდეს! მერე აკოცებ და მორჩა, სხვა არაფერი. ეს ყველას შეუძლია გააკეთოს.
- კოცნა? კოცნა რაღა საჭიროა?
- იმიტომ, ტომ... იმიტომ... ეგრეა წესი; ყველა ასე აკეთებს.
- ყველა?
- ჰო, ყველა შეყვარებული. გახსოვს, გრიფელის დაფაზე რომ დაგიწერე?
- მახსოვს.
- აბა, რა?
- არ გეტყვი.
- იქნებ მე ვთქვა?
- ჰო... მხოლოდ სხვა დროს...
- არა, ახლა.
- არა, ახლა არა, ხვალ სჯობია.
- არა, არა, ახლა, ბეკი მე ჩუმად, ყურში ჩაგჩურჩულებ.
რადგანაც ბეკი ყოყმანობდა, ტომმა ეს თანხმობის ნიშნად მიიღო, წელზე ხელი შემოჰხვია, ტუჩები ყურთან მიადო და გაუმეორა ის სიტყვები. მერე უთხრა:
- ახლა შენც ჩამჩურჩულე იგივე სიტყვები.
ბეკი დიდხანს უარობდა, ბოლოს უთხრა:
- იქით მიიხედე, რომ არ დაგინახო, მაშინ გეტყვი. მხოლოდ არავის არ უთხრა, გესმის, ტომ? არავის, არავის! კარგი?
- არა, არა, არავის ვეტყვი, დამშვიდებული იყავი. აბა, ჰა, ბეკი!
ტომმა სახე მიიბრუნა, გოგონა კი სულ ახლოს დაიხარა. ისე ახლოს, რომ მისი სუნთქვა ტომის კულულებს არხევდა და მორცხვად წასჩურჩულა:
- მე... თქვენ... მიყვარხართ!
მერე მაგრად წამოხტა და სირბილი დაიწყო სკამებსა და მერხებს შორის, თავს იცავდა ლომისაგან, რომელიც უკან მისდევდა; შემდეგ კუთხეში მიიკუნჭა და თეთრი წინსაფარი სახეზე მიიფარა. ტომმა მოჰხვია ხელი კისერზე და დაუწყო თხოვნა:
- აბა, ბეკი, ახლა საქმე უკვე გათავებულია, კოცნაღა დაგვრჩა. საშიში სრულიად აღაფერია, სულ უბრალო ამბავია. აბა, ბეკი, გეთაყვა!
ტომი ეწეოდა წინსაფარს და უნდოდა გოგონას ხელებიც მოეშორებინა.
გოგონა თანდათან დაემორჩილა, ჩამოუშვა ხელები და წამოწითლებული სახე ტომისაკენ შეაბრუნა. ტომმა აკოცა ტუჩებში და უთხრა:
- მორჩა და გათავდა, ბეკი, ამას იქით აღარავინ არ უნდა გიყვარდეს ჩემს გარდა, და არასოდეს არავის არ უნდა გაჰყვე ცოლად ჩემს გარდა, უკუნითი უკუნისამდე! პირობას მაძლევ?
- ჰო. მე არავინ არ მეყვარება შენს გარდა, ტომ, და არც არავის გავყვები ცოლად. შენც არავინ შეირთო ჩემს გარდა!
- თავისთავად ცხადია, პირობა ასეთია! გარდა ამისა, როცა სკოლაში მოვალთ, ან შინ წავალთ, სულ ჩემთან უნდა იარო, თუ ვინიცობაა არავინ გვიყურებს; თამაშობაშიც მე უნდა ამომირჩიო, მე კიდევ შენ, ყოველთვის ასე იქცევიან დანიშნულები!
- არასოდეს არ გამიგია ამის შესახებ. რა კარგია!
- ჰო, ძალიან კარგია! აი, როცა მე და ემა ლორენსი...
ბეკიმ თვალები დაჭყიტა, ტომმა ენაზე იკბინა და შეჩერდა დარცხვენით.
- ტომ, მაშ მე არა ვარ შენი პირველი დანიშნული?
გოგონა ატირდა.
- ნუ ტირი, ბეკი, მე ის აღარ მიყვარს.
- არა, გიყვარს. კარგად ვიცი, რომ გიყვარს.
ტომს უნდოდა მოხვეოდა, მაგრამ გოგონამ მოიშორა, სახე კედლისაკენ მიატრიალა და ტირილი განაგრძო. ტომი მის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ გოგონა ყურს არ უგდებდა. მაშინ ტომში გაიღვიძა სიამაყემ, გაშორდა და გარეთ გავიდა.
ერთხანს შეჩერდა და შეწუხებული იყურებოდა კარისკენ, იმ იმედით, ბეკი დამშვიდდება და გარეთ გამოვაო, მაგრამ გოგონა არ გამოდიოდა. ტომმა უხერხულობა იგრძნო, თანაც შეეშინდა, ვაითუ არ მაპატიოსო. მართლაც, ძალიან უმძიმდა პირველი მისულიყო შესარიგებლად, მაგრამ თავის სიამაყეს სძლია და შევიდა კლასში. ბეკი ისევ კუთხეში იდგა და ტიროდა, სახე ისევ კედლისკენ ჰქონდა მიბრუნებული. ტომს გული ეტკინა. მიუახლოვდა და გაჩერდა ცოტა ხანს, არ იცოდა როგორ დაეწყო... მერე გაუბედავად უთხრა:
- ბეკი, მე... არავინ მიყვარს შენს გარდა.
პასუხი არ იყო... მხოლოდ გულსაკლავი ქვითინი ისმოდა.
- ბეკი, - ეხვეწებოდა ტომი, - ბეკი, მითხარი რამე.
კვლავ ქვითინი.
ბოლოს ტომმა ამოიღო თავისი საუნჯე - სპილენძის ბურთი, თვალწინ აუთამაშა და უთხრა: - ბეკი გინდა გაჩუქო ეს?
გოგონამ ხელი დაჰკრა და ბურთი იატაკზე გაგორდა.
მაშინ კი ქუჩაში გავიდა ტომი და გადაწყვიტა ისე შორს წასვლა, რომ ამ დღეს აღარ დაბრუნებულიყო სკოლაში. ბეკის გულმა ცუდი იგრძნო, გაექანა კარებისაკენ - ტომი აღარ ჩანდა. შემოურბინა სკოლის შენობას, იმედი ჰქონდა, ეზოში იპოვნიდა, მაგრამ იქაც არ დახვდა. მაშინ კი დაუწყო ხმამაღლა ძახილი:
- ტომ! ტომ, დაბრუნდი!
პატარა გოგონა გაფაციცებით ყურს უგდებდა, მაგრამ პასუხი არ ისმოდა. ირგვლივ სიჩუმე იყო. ჩამოჯდა და კვლავ დაიწყო ტირილი, სინდისი ქენჯნიდა. ამასობაში მოგროვდენ შეგირდებიც და მეტი ღონე არ იყო, გულში უნდა ჩაეკლა თავისი სევდა, წყნარად მჯდარიყო გაჭიანურებულ, მოსაწყენ და მომქანცველ გაკვეთილზე. ამ უცხო ბავშვთა შორის არავინ ეგულებოდა ისეთი, ვისთვისაც შეეძლო გაეზიარებინა თავისი დარდი.


თავი მერვე

ტომი ფეხაჩქარებით მიდიოდა მიხვეულ-მოხვეულ გზებით, სანამ კარგა არ გაშორდა იმ გზას, რომლითაც საზოგადოდ, სკოლის შეგირდები ბრუნდებოდნენ, მერე კი ნელ-ნელა წალასლასდა. მან პატარა მდინარე რამდენჯერმე გადალახა და უკან გამობრუნდა; ბიჭებში გავრცელებული იყო შეხედულება, რომ ამ გზით შეიძლება კვალის არევაო. ნახევარი საათის შემდეგ კარდიფის გორაკზე აღმართულ ქვრივი დუგლასის სახლს მოეფარა - იქიდან სკოლის შენობა ძივსღა მოჩანდა შორს, დაბლობში. დაბურულ ტყეში შევიდა და პირდაპირ სიღრმისაკენ აიღო გეზი. ხავსზე დაჯდა ტოტებგაშლილი მუხის ქვეშ. ნიავიც კი არ იძვროდა. შუადღის გამაბრუებელმა სიცხემ ფრინველთა გალობაც კი მიაყუჩა. ბუნება გარინდებულიყო, არაფერი არ არღვევდა მის მდუმარებას, ხანდახან კოდალას ხმაური თუ ისმოდა შორიდან, მაგრამ ეს ხმა უფრო ამძაფრდებდა ყოვლისმომცველი იდუმალებისა და სიმარტოვის გრძნობას. ტომი სევდამ შეიპყრო. მისი განწყობილება საუკეთესოდ ეფარებოდა გარემოს. დიდხანს იჯდა მუხლებზე იდაყვდაყრდნობილი და ფიქრობდა. მას ეჩვენებოდა, რომ ცხოვრება სხვა არა იყო რა, თუ არა ტანჯვა. თითქმის შეშურდა კიდეც ჯიმი ჰოჯესის, რომელიც ცოტა ხნის წინათ გარდაიცვალა. რა კარგია საფლავში წოლა და სამუდამო ძილი ცივ მიწაში, ნიავი არხევს ხის ფოთლებს, ელამუნება და ეალერსება საფლავზე ამოსულ ბალახსა და ყვავილებს, შენ კი აღარაფერი გაწუხებს, აღარაფერი გაშფოთებს.
...ნეტავ საკვირაო სკოლაში მაინც ჰქონდეს კარგი ნიშნები. მაშინ სიამოვნებით მოკვდებოდა და ყველაფერს ბოლო მოეღებოდა. აი, თუნდაც ეს გოგონა... რა დაუშავა? არაფერი. მან კი გააგდო, როგორც ძაღლი, სწორედ, როგორ ძაღლი. როდისმე ინანებს, მაგრამ უკვე გვიან იქნება. ოჰ, რა კარგი იქნება, რომ შეიძლებოდეს სიკვდილი, მაგრამ სამუდამოდ კი არა, დროებით!
მაგრამ ახალგაზრდული გული ძალზე ელასტიურია და დიდხანს არ რჩება შეკუმშული. ტომი თადათან დაუბრუნდა ამქვეყყნიურ ცხოვრებაზე ფიქრს.
რა იქნება, ახლა რომ სადმე გადაიკარგოს? რა იქნება, წავიდეს ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით და აღარასოდეს აღარ დაბრუნდეს? რა ყოფაში ჩავარდება ის პატარა ქალბატონი?.. მას მოაგონდა, როგორ აპირებდა ცირკის ჯამბაზობას, მაგრამ ამან ახლა ზიზღით აღავსო. ქარაფშუტობა, ოხუნჯობა, ტანზე შემოჭერული ჭრელი შარვალი - ეს ყველაფერი დამამცირებლად მიიჩნია ახლა, როცა მისი სული რომანტიკის ბუნდოვან და დიდებულ მწვერვალებს დასტრიალებდა. არა, უკეთესია, მეომარი გამოვიდეს და ძალიან დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდეს დიდებამოსილი. კიდევ უფრო უკეთესია, წავიდეს ინდიელებთან, ინადიროს მათთან ერთად კამეჩებზე, ბრძოლებში გაილაღოს მაღალ მთებში, შორეული დასავლეთის გაუვალ ველებში და ოდესმე დაბრუნდეს, როგორც დიდი ინდიელი წინამძღოლი, ქუდში ფრთებგარჭობილი, ჭრელად მოხატული ტანით და პირდაპირ საკვირაო სკოლაში მივიდეს ზაფხულის ერთ მშვენიერ დილას; დასცეს ისეთი ყიჟინა, რომ შიშისაგან ძარღვებში სისხლი გაეყინოთ; აბა, მაშინ ნახეთ, შურით როგორ დაუბრმავდებათ თვალები მის ამხანაგებს! მაგრამ არა, სხვაც იცის, ამაზე უკეთესი. სჯობია, გახდეს მეკობრე. აი, კაცობაც ეს იქნება! ახლა ნათლად დაეხატა თვალწინ თავისი მომავალი, აუწერელი დიდების შარავანდედით მოსილი. მისი სახელი კიდით კიდემდე გავარდა და შეაძრწუნებს მთელ ქვეყნიერებას. რა სიამაყით და სისწრაფით ისრიალებს აქაფებულ ზღვებში მისი შავი და გრძელი ხომალდი - "გრიგალის სული”; რა თავზარდამცემად იფრიალებს შავი დროშა მისი ხომალდის ანძაზე! როცა დიდების მწვერვალს მიაღწევს, მოულოდნელად გაჩნდება თავის მშობლიურ ქალაქში, ეკლესიაში. მზისაგან დამწვარს ეცმევა შავი ხავერდის ტანისამოსი მხარზე გადაგდებული წითელი შარფით; მაღალი ჩექმები, ქამარში გარჭობილი დამბაჩა, გვერდზე სისხლისაგან ჩაჟანგებული ხმალი, თავზე ფრიალა ფრთებით შემკობილი ქუდი, ხელში შავი დროშა, როემლზედაც გამოსახული იქნება თავის ქალა და ადამიანის ძვლები! როგორი აღფრთოვანებით მოისმენს ჩურჩულს: "ეს ტომ სოიერია, მეკობრე, ესპანეთის ზღვების შავი შურისმგებელი”.
გადაწყვეტილია. მან საბოლოოდ აირჩია თავისი გზა! ხვალვე გაიქცევა სახლიდან. დილისათვის რომ მზად იყოს, ახლავე უნდა შეუდგეს სამზადისს, უნდა შეაგროვოს მთელი თავისი ავლადიდება. იქვე დამპალი კუნძი იყო. ტომი მიუახლოვდა მას და დაუწყო ძირის თხრა თავისი ჯიბის დანით. დანა რაღაც ხის საგანს მოხვდა. ხმაზე შეატყო, რომ ქვეშ სიცარიელე იყო. ჩაყო ხელი ორმოში და დაიწყო შელოცვა:
- რაც აქ არა ხარ, გაჩნდი, რაც ხარ, დარჩი!
ტომმა გაქექა მიწა და წააწყდა ფიცარს, მის ქვეშ ასეთივე ფიცრის ყუთი იყო. ყუთში იდო მხოლოდ ერთი მარმარილოს ბურთულა. მის გაკვირვებას საზღვარი არა ჰქონდა, საგონებელში ჩავარდა. კისერი მოიქექა და თქვა:
- არა, ეს პირდაპირ გაუგებრობაა!
გულმოსულმა გადაისროლა ბურთი და დაფიქრდა. საქმე ის არის, რომ ის შეცდომაში შეიყვანა ცრურწმენამ, რაც მას და მის ამხანაგებს ესოდენ საიმედოდ მიაჩნდათ: თუ ბურთს ჩაფლავთ და წარმოთქვამთ სათანადო შელოცვას, ორი კვირის განმავლობაში ხელს არ ახლებთ და შემდეგ იმავე შელოცვის თქმით გახსნით სამალავს, მაშინ ერთი ბურთის მაგიერ გადხვდებათ ყველა ბურთი, რომელიც ოდესმე დაგიკარგავთ, როგორც არ უნდა იყოს დაფანტულიო. ტომის ცდამ ამაოდ ჩაიარა და მისი რწმენაც დიდად შეირყა. მას გაგონილი ჰქონდა, რომ ამისთანა ცდა ბევრჯერ გამართლებულა, მაგრამ მარცხის შესახებ არა სმენოდა. მას ისიც გადაავიწყდა, რომ თვითონაც არაერთხელ უცდია, და მერე ვერასოდეს ვეღარ უპოვნია ის ადგილი, სადაც ბურთი დამალა. დიდხანს ფიქრობდა და ბოლოს დაასკვნა, აქ კუდიანის ხელი ურევია, რომელმაც ჩემს ჯიბრზე შელოცვას ძალა დაუკარგაო. მაგრამ მას უნდოდა საბოლოოდ დარწმუნებულიყო ამაში, ამიტომ მოძებნა ქვიშიანი ადგილი, რომელსაც შუაგული ჩაღრმავებული ჰქონდა ძაბრივით, პირი დაადო მას და თქვა:
ჭია, ჭია, მაპოვნინე,
ჭია, ჭია მაპოვნინე.
ქვიშა შეინძრა. ორმოდან ამოძვრა შავი ჭია და მაშინვე დაიმალა შიშისაგან.
- ერთი უყურე, არაფერს არ ამომბს! ჩენს, კუდიანის საქმიანობაა ყველაფერი, ხომ ვთქვი...
ტომმა კარგად იცოდა, რომ კუდიანთან ვერას გახდებოდა და ამიტომ მიყუჩდა. შემდეგ გაიფიქრა, ურიგო არ იქნება, წეღან რომ გადავაგდე, ის ბურთულა მაინც მოვძებნოო. ბევრი ეძება ბალახებში, მაგრამ ვერ იპოვა. დაუბრუნდა ისევ თავის სამალავს, ისევ იქ დადგა, სადაც ბურთულის გადაგდებისას იდგა, ამოიღო ჯიბიდან მეორე, ისეთივე პატარა ბურთულა, გადაისროლა იმავე მიმართულებით და თან მიაძახა:
- წადი, იპოვნე შენი ძმა!
თვალი გააყოლა ბურთულას და სადაც დაეცა, იქ დაუწყო ძაბნა, მაგრამ, ეტყობოდა, მეორე ბურთულა ან უფრო შორს გადაისროლა, ან უფრო ახლოს. ვერაფერი იპოვნა. სცადა მეორედ, მესამედ და ბოლოს, მიაღწია თავისას: ბურთები ორიოდე ნაბიჯით იყო ერთმანეთისაგან დაცილებული.
სწორედ ამ დროს ტყის მწვანე თაღებს ქვეშ თუნუქის სათამაშო საყვირის სუსტი ხმა გაისმა. ტომმა საჩქაროდ გაიძრო ქურთუკი, გაიხადა შარვალი, ქამრის მაგიერ აჭიმი შემოირტყა წელზე, დამპალ კუნძს უკან გაქექა ჩინჩვახი და ამოათრია იქიდან უბრალო მშვილდ-ისარი, ხის ხმალი, თუნუქის საყვირი; ერთ წუთში შეიარაღდა და ფეხშიშველა, გაფრიალებული პერანგისამარა გაექანა მტერთან შესახვედრად. ტომი შეცერდა დიდი თელის ქვეშ, დააყვირა საპასუხოდ თავისი საყვირი, შედგა ფეხის წვერებზე და ფრთხილად დაიწყო აქეთ-იქით ცქერა. მერე ვითომ გააფრთხილა თავისი მხედრობა:
- შეჩერდით, ყმაწვილებო! დაიმალეთ, სანამ ნიშანს არ მოგცემთ.
გამოჩნდა ჯო ჰარპერი, ისევე შიშველი და ისევე შეიარაღებული, როგორ ტომი. ტომმა შესძახა:
- შესდექ! ვინ გაბედა შერვუდის ტყეში სიარული ჩემი ნებართვის გარეშე?
- გაი გიბსონს არავისი ნებართვა არ ესაჭიროება! - მიეშველა ტომი, რადგან ისინი ორივენი "წიგნის სიტყვებს” იხსომებდნენ და ასეთ დროს იყენებდნენ.
- ვინა ხარ, რომ ასე კადნიერად მელაპარაკები?
- ვინ ვარ? რობინ ჰუდი ვარ, რაშიც მალე დარწმუნდება შენი საძულველი სხეული.
- მაშ, ეს შენა ბრძანდები სახელგანთქმული ყაჩაღი? მოხარული ვარ, რომ შეგხვდი. მე შენ გიჩვენებ, ვინც არის ამ დიდებული ტყის პატრონი! აბა, გამოდი!
გმირებმა იძრეს ხის ხმლები, დანარჩენი იარაღი დაყარეს მიწაზე, გაჩერდნენ ერთმანეთის პირდაპირ და დაიწყო სერიოზული და მოსაზრებული ორთაბრძოლა: ორი დარტყმა ზევით, ორი ქვევით. ბოლოს ტომმა თქვა:
- თუ ბრძოლაა, ბრძოლა იყოს! შემიკეთე ცეცხლი!
და მათ ისე თავგამოდებით "შეუკეტეს ცეცხლი” ერთმანეთს, რომ ორივეს ქანცი გამოელია და გაოფლიანდნენ.
- დაეცი! - დაიყვირა ტომმა. - რატომ არ ეცემი?
- არ დავეცემი. შენ თვითონ დაეცი - შენ ხომ უფრო ცუდ მდგომარეობაში ხარ!
- მერე რა? ეს არაფერს არ ნიშნავს. მე დაცემა არ შემიძლია. წიგნში ხომ ასე არ არს, იქ წერია: "ერთი მოხერხებული დარტყმით ზურგში ძირს დააწვინა საცოდავი გაი გიბსონი”. შენ საშუალება უნდა მომცე, ზურგში დაგარტყა.
სხვა რა გზა ჰქონდა ჯოს, ასეთი ავტორიტეტეის წინააღმდეგ ხომ ვერ წავიდოდა, ამიტომ მიტრიალდა, მიიღო დარტყმა და წაიქცა.
- აბა, ახლა მე მომეცი ნება მოგკლა, თორემ უსამართლობა იქნება, - თქვა ჯომ, როცა ფეხზე წამოდგა.
- ეგ შეუძებელია. ეგ ხომ წიგნში არ წერია!
- უსინდისო ხარ, მეტი არაფერი!
- კარგი, ჯო, გეყოფა, - შენ შეგიძლია ბერი ტაკი იყო ან მეწისქვილის ვაჟი და კეტი დამარტყა თავში. ან კიდევ, გინდა, მე ვიყო ნოტინფემის შერიფი, შენ კი ცოტა ხნით - რობინ ჰუდი და მაშინ მე მომკლავ.
ეს მოეწონა ჰარპერს და ყველაფერი ასე გააკეთეს. მერე ტომი ისევ რობინ ჰუდად გადაიქცა და სისხლისაგან დაიცალა, ვინაიდან მოღალატე მონაზონმა ცუდად მოუარა მის ჭრილობას. ჯომ, რომელიც მოტირალ ყაჩაღებს განასახიარებდა, შეწუხებულმა გადაათრია რობინ ჰუდი, ხელში მისცა მშვილდი, რის შემდეგაც ტომმა წარმოთქვა: "სადაც ეს ისარი დაეცემა, იქ დამარხეთ საწყალი რობინ ჰუდი, მწვანედ შეფოთლილ ხეებქვეშ”. შემდეგ გასტყორცნა ისარი, გადაიწია უკან, მკვდარივით რომ დაცემულიყო, მაგრამ ჭინჭარში ჩავარდა და ისე სწრაფად წამოხტა, რომ სულ არ შეეფერებოდა მკვდარს.
ბიჭებმა ტანთ ჩაიცვეს, დამალეს თავიანთი საჭურველი და წავიდნენ, თან სულ იმას წუხდნენ, ახლა რატომ აღარ არის ყაჩაღობა და რით შეუძლია თანამედროვე ცივილიზაციას შეავსოს ეს დანაკლისიო. მათი აზრით, ერთი წლით შერვუდის ტყეში ყაჩაღობა სჯობდა პრეზიდენტობას შეერთებულ შტატებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში.


თავი მეცხრე

იმ საღამოს ტომი და სიდი, როგორც ყოველთვის, ათის ნახევარზე გაგზავნეს დასაძინებლად. მათ ძილისპირის ლოცვა წაიკითხეს და სიდს მალე ჩაეძინა; ტომს არ ეძინა და მოუთმენლად ელოდა ნიშანს. მოუსვენრად იყო და როცა ეგონა, უკვე გათენებამ მოაწიაო, საათმა ათი დარეკა, აი, საშინელება! მას ლოგინში ტრიალიც კი არ შეეძლო, თუმცა მისი აღგზნებული ნერვები ამას მოითხოვდა, ეშინოდა, სიდმა არ გაიღვიძოსო. გაუნძრევლად იწვა, თვალდაჭყეტილი. ირგვლივ შემაძრწუნებელი სიჩუმე იდგა; მაგრამ ამ მდუმარებაში თანდათან გამოირჩა რაღაც ხმები. პირველ ყოვლისა, საათის წიკწიკი, შემდეგ - ძველი კოჭაკების ჭრიალი, ახალი - კიბის საფეხურების ოდნავი ჭრაჭაჭრუჭი. ეტყობოდა, სახლში სულები დაფუსფუსებდნენ. დეიდა პოლის ოთახიდან მოისმოდა თანაბარი ხვრინვა. ახლა გაისმა ჭრიჭინას აუტანელი ჭრიჭინი. მისი პოვნა ხომ ადამიანს არავითარი ხერხით ძალუძს; მერე ტომის თავთან, კედელში, გაისმა "ხოჭო-მესაფლავის” ავის მომასწავებელი წრიალი, უთუოდ ვინმე მოკვდებოდა. ტომს შეაჟრჟოლა. ბოლოს, შორს გაისმა ძაღლის ყმუილი, მას გამოეხმაურა მეორე უფრო შორიდან. ტანჯვის წუთებს განიცდიდა ტომი. ბოლოს და ბოლოს დარწმუნდა, რომ ჟამთა სრბოლა შეჩერდა და დამყარდა მარადიულობა. ძალაუნებურად თვლემა დაიწყო. საათმა თერთმეტ დარეკა, მაგრამ მას არ გაუგონია. უცებ, როცა რაღაც არეულ სიზმარს ხედავდა, კატის შემაწუხებელი კნავილი მოესმა. სადღაც მახლობლად გაიღო ფანჯარა და ისმა: "აცხა, შე წყეულო!” და თან კედელს ხმაურით მიენარცხა ცარიელი ბოთლი. ამან ტომი სულ გამოაფხიზლა, წამსვე ჩაიცვა, გადაძვრა ფანჯრიდან და დაოთხილი გაფოფხდა მინაშენი სახლის სახურავზე. მან საპასუხოდ ორიოდეჯერ ჩუმად დაიკნავლა, შემდეგ გადახტა ფიცრულის სახურავზე და იქიდან ჩახტა მიწაზე. ჰეკლბერი ფინი ქვევით ელოდა თავისი მკვდარი კატით. ორი ბიჭი უცებ გაქრა სიბნელეში. ნახევარი საათის შემდეგ ისინი მიარღვევდნენ სასაფლაოს ხშირ ბალახებს.
სასაფლაო ძველისძველი იყო და, როგორც ჩვეულებად აქვთ დასავლეთში, გადაჭიმული გორაკის ფერდობზე, სოფლიდან მილნახევრის დაშორებით. სასაფლაოს შემოვლებული ჰქონდა შეზნექილ-შემოქნექილი, დაძველებული ფიცრის მესერი. მთელი სასაფლაო ბალახითა და შამბნარით იყო დაფარული, საფლავები კი - ჩაწოლილი. არც ერთი საფლავის ქვა თავის ადგილზე არ იდო; მატლებისაგან დაღრღნილი, დაფუტუროებული საფლავის ფიცრები გადაზნექილიყვნენ, თითქოს საყრდენს ეძებენ და ვერ უპოვნიათო. ყველა ფიცარზე ოდესღაც მიცვალებულის ვინაობა იყო წარწერილი: "ამის და ამის დაუვიწყარ ხსოვნასო”, მაგრამ ახლა ასოები ისე წაშლილიყო, რომ მათი გარჩევა დღის სინათლეზე არ შეიძლებოდა.
ქარი სევდიანად ზუზუნებდა ხის ტოტებში. ტომი შიშმა აიტანა, ალბათ, მიცვალებულთ სულები მოთქვამენ, სიმშვიდე რატომ გდაგვირღვიესო. ბიჭები ცოტას ლაპარაკობდნენ, ისიც ჩურჩულით. დრო, ადგილი და ირგვლივ გამეფებული მდუმარება თითქოს ძალ-ღონეს აცლიდა მათ. იპოვნეს ახლად მიწაწაყრილი საფლავი, რომელსაც ეძებდნენ, და ამოეფარნენ სამ დიდ თელას, საფლავიდან ორიოდე ნაბიჯის დაშორებით.
ასე იდგნენ და ელოდნენ ძალიან დიდხანს, როგორც მათ ეჩვენათ. შორს კიოდა ბუ და ეს ხმა იყო ერთადერთი, რომელიც არღვევდა მდუმარებას. ტომი ისე შეაწუხა ფიქრებმა, რომ საუბრის საჭიროება იგრძნო.
- ჰეკ, - დაიწყო ჩურჩულით. - მაშ, შენ გგონია, მიცვალებულები არ გაჯავრდებიან, აქ რომ მოვედით?
ჰეკლბერიმ ჩურჩულით უპასუხა:
- ვინ იცის! იქნებ ეგრეც იყოს! აქ ყოფნა საშიშია, არა?
- ოღონდაც!
კარგა ხნით ჩამოვარდა სიჩუმე: ორივე ამხანაგი ერთსა და იმავეზე ფიქრობდა: როგორ უყურებენ მიცვალებულები ჩვენს აქ მოსვლასო. ბოლოს, ტომმა წასჩურჩულა:
- გამიგონე, ჰეკ, როგორ ფიქრობ, ბებერ ცხენს, უილიამსს, ესმის ჩვენი ლაპარაკი?
- რასაკვირველია, ესმის. ყოველ შემთხვევაში, მისი სული მაინც გაიგებს.
ისევ დუმილი. მერე ტომმა თქვა:
- ვწუხვარ, რომ მას ბატონი უილიამსი არ ვუწოდე, მაგრამ მისი წყენა ხომ არ მინდოდა. მას სულ ბებერ ცხენს ეზახდნენ.
- ფრთხილად უნდა იყო, ტომ, როცა მიცვალებულებზე ლაპარაკობ.
ამ შენიშვვნამ ტომს საუბრის გაგრძელების ხალისი წაართვა. მაგრამ უცებ წაავლო ხელი თავის ამხანაგს.
- ჩუ!
- რა არის?
ორივეს გული აუკანკალდა და ერთმანეთს მიეკრნენ.
- ჩუ! კიდევ! ნუთუ არ გესმის?
- მე...
- აი, ახლა შენც გაიგონე.
- ტომ, მოდიან! ისინი არიან! რა ვქნათ ახლა?
- არ ვიცი. შენ გგონია დაგვინახავენ?
- ეჰ, ტომ, ისინი ხომ სიბნელეში კატასავით ხედავენ. ნეტავ, რად წამოვედი!
- ნუ გეშინია... მე მგონია, ისინი ხელს არ გვახლებენ. ჩვენ ხომ ცუდს არაფერს ვაკეთებთ, თუ გავიტრუნებით, იქნებ სრულიადაც არ შეგვამჩნიონ.
- ვცადოთ... მაგრამ, ოჰ, როგორ მეშინია, მთლად ვკანკალებ.
- ჩუ... ყური უგდე!
ბიჭებმა ხმა გაკმინდეს და უფრო მიეკრნენ ერთმანეთს, სასაფლაოს მეორე მხრიდან რაღაც ყრუ ხმები მოესმათ.
- შეხედე! - ჩასჩურჩულა ტომმა, - რა არის ეს?
- რაა? ეგ ჯოჯოხეთის ცეცხლია! ოჰ, ტომ, რა საშინელებაა!
სიბნელეში რაღაც გაურკვეველი აჩრდილები გამჩნდნენ; მათ წინ ძველებური თუნუქის ფარანი უთვალავ ნაპერწკალს აბნევდა მიწაზე.
- ეს აუცილებლად ეშმაკებია! - კანკალით წაიჩურჩულა ჰეკლბერიმ. - სამია! დავიღუპეთ! შეგიძლია ილოცო?
- შემიძლია, მაგრამ ნუ გეშინია, ხელს არ გვახლებენ.
- ჩუ!
- რა არის, ჰეკ?
- ეს ადამიანებია! ყოველ შემთხვევაში, ერთი მათგანი მაინც. ის მოხუცი მეფ პოტერია. მე ვიცანი მისი სახე.
- რას ამბობ. ეგ შეუძლებელია!
- ღმერთმანი, ვიცანი, შენ სული განაბე, ვერ დაგვინახავს, სად შეუძლია. მთვრალია, როგორც ყოველთვის, ეგ ბებერი ლოთი.
- კარგი, გავინაბები... აი, შეჩერდნენ. ეტყობა რაღაცას ეძებენ. ისევ აქეთ მოდიან. გამოგონე, ჰეკ, მეორე ხმაც ვიცანი, ეს ინდიელი ჯოა!
- რასაკვირველია, ეს წყეული მეტისია! უკეთესი კი იქნებოდა, ეშმაკები ყოფილიყვნენ. ნეტავი, რა უნდათ აქ?
მაგრამ უცებ ბიჭებმა ჩურჩულიც კი შეწყვიტეს, რადგან სამივე კაცი მოვიდა საფლავთან და ორიოდე ნაბიჯის მოშორებით შეჩერდნენ იმ ადგილიდან, სადაც დაიმალნენ ჩვენი გმირები.
- აქაა, - თქვა მესამემ და ასწია ფარანი ისე, რომ სინათლე მის სახეს მიადგა. ბიჭებმა იცნეს ახალგაზრდა ექიმი რობინსონი. 
პოტერი და ინდიელი ჯო მოაგორებდნენ ურიკას, ზედ თოკები და ორი ბარი ეწყო. მათ თავიანთი ტვირთი გადმოყარეს მიწაზე და მიეყრდნო ზუგით ერთ-ერთ თელას.
ის ისე ახლოს იყო, რომ ბიჭებს ხელის შეხებაც კი შეეძლოთ.
- აბა უჩქარეთ, ამბობდა ის ხმადაბლა. - თორემ სადაც არის, მთვარეც ამოვა.
მათ რაღაც წაიბუტბუტეს პასუხად და განაგრძეს თხრა. რამდენიმე ხანს არაფერი ისმოდა, გარდა ნიჩბების ჭრიალისა, როცა მიწასა და ხრეშს ყრიდნენ. ეს ხმა შემაწუხებელი იყო თავისი ერთფეროვნებით. ბოლოს, გაისმა ყრუ ხმა: ნიჩაბი კუბოს მოხვდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მიწის მთხრელებმა ზევით ამოაგდეს კუბო. იმავე ნიჩბებით ახადეს კუბოს თავი, ამოიღეს მიცვალებული და უხეშად დააგდეს მიწაზე, ამ დროს მთვარეც ამოვიდა ღრუბლებიდან და გაანათა მიცვალებულის გაფითრებული სახე.
მიცვალებული დადეს წინასწარ მომზადებულ ურიკაზე, გადააფარეს საბანი და მიაბეს თოკით. პოტერმა ამოიღო დიდი ჯიბის დანა და გადაჭრა თოკის ბოლო, რომელიც ძირს დასთრევდა, და თან დააყოლა:
- აბა, შესრულებულია თქვენი დაწყევლილი სამუშაო, ახლა მოგვეცით კიდევ ხუთი ოქრო, თორემ აქვე დავაგდებთ.
- ჭკვიანური ნათქვამია, - კვერი დაუკრა ინდიელმა ჯომაც.
- უკაცრავად! რას ნიშნავს ეს? - თქვა ექიმმა, - თქვენ ხომ ფული წინასწარ მოითხოვეთ და მეც მოგეცით.
- მართალია, მაგრამ თქვენთან სხვა ანგარიშებიც გვაქვს, - უპასუხა ჯომ და თან მიუახლოვდა ექიმს, რომელიც ფეხზე წამოდგა. - ხუთი წლის წინათ თქვენ მე გამომაგდეთ მამათქვენის სამზარეულოდან, სადაც შემოვედი ლუკმაპურის სათხოვნელად; თქვენ მომახსენეთ, რომ კარგი საქმისათვის არ ვიყავი მოსული; და როცა მე დაგემუქრეთ, სამაგიეროს გადახდით. თუნდაც ასი წელიწადი გავიდეს-მეთქი, მამათქვენმა ციხეში მიკრა თავი, როგორც მაწანწალას. თქვენ გეგონათ, დამავიწყდა? ტყუილად კი არა მაქვს ინდიელის სისხლი! ახლა თქვენ ჩემს ხელში ხართ და შემიძლია ანგარიში გაგისწოროთ, ეს კარგად იცოდეთ!
ის ემუქრებოდა ექიმს და თან მუშტს უღერებდა. ექიმმა მოულოდნელად, ხელის ერთი დარტყმით ძირს დასცა ინდიელი. პოტერს დანა გაუვარდა ხელიდან და შეჰყვირა:
- ეი, თქვენ, ჩემს ამხანაგს ხელს ნუ ახლებთ.
ის მივარდა ექიმს. ერთი წუთიც და მთელი ძალ-ღონით ეძგერნენ ერთმანეთს, თელავდნენ ბალახს და ქუსლებით თხრიდნენ მიწას. ინდიელი ჯო წამოვარდა ფეხზე; თვალები სიძულვილით უელავდა; დასწვდა პოტერის დანას, წელში მოიხარა, კატასავით მიეპარა შებრძოლებულებს, გარშემო უტრიალებდა და უცდიდა მარჯვე დროს. უცებ, ექიმი ხელიდან გაუსხლტა მოწინააღმდეგეს, დასწვდა უილიამსის საფლავის ფიცარს და ძირს დასცა პოტერი; იმავე წამს მეტისმა ისარგებლა შემთხვევით და ტარამდე ჩასცა დანა გულში ახალგაზრდა კაცს. ექიმი დატოტრტმანდა, დაეცა პოტერს და ზედ თავისი სისხლი დაანთხია. ამ წუთს ღრუბელი გადაეფარა მთვარეს და თვალს მეფარა ეს საშინელი სურათი. შეშინებულმა ბიჭებმა თავქუდმოგლეჯილებმა მოკურცხლეს სიბნელეში.
როცა მთვარემ კვლავ გამოანათა, ინდიელი ჯო თავს ადგა მიწაზე გართხმულ ორ სხეულს. ექიმმა რაღაც გაუგებრად წაილაპარაკა, ორიოდეჯერ ამოიოხრა და მიყუჩდა.
- ჯანდაბას შენი თავი! - წაილაპარაკა მეტისმა, - ახლა ჩვენ ანგარიშგასწორებულნი ვართ.
დაუწყო ჩხრეკა მკვდარს, დაუცარიელა ჯიბეები, საბედისწერო დანა ჩაუდო პოტერს გაშლილ მარჯვენა ხელში და ჩამოჯდა კუბოზე. გავიდა ოთხი-ხუთი წუთი... პოტერი გაინძრა და კვნესა აღმოხდა, ხელი მოუჭირა დანას, მიიტანა სახესთან, შეკრთა და გააგდო ხელიდან. შემდეგ წამოჯდა, მოიშორა ექიმის გვამი, ამღვრეული თვალებით მიმოიხედა გარშემო და მიაშტერდა მეტისს.
- ეს როგორ მოხდა, ჯო?
- საქმე ცუდადაა, - უთხრა მან ადგილიდან დაუძვრელად. - რად ჩაიდინე ეს?
- მე? მე რა შუაში ვარ.
- კარგი ერთი, ნუ მოყევი! ამით საქმეს მაინც აღარაფერი ეშველება.
პოტერი გაფითრდა და აკანკალდა.
- მე მეგონა, გამოვფხიზლდი. ნეტავ, რად დავლიე ამ საღამოს. ჯერაც თავი მიბრუის, უარესად, ვიდრე მაშინ, როცა აქ მოვდიოდი. ყველაფერი ამერია. არაფრის გახსენება არ შემიძლია. მითხარი, ჯო, სინდისს გაფიცებ, მითხარი, მეგობარო, ნუთუ მე მოვკალი? მისი მოკვლა ხომ არ მსურვებია, არც კი მიფიქრია, გეფიცები პატიოსნებას. ჯო! მითხარი, როგორ მოხდა? ოჰ, რა უბედურებაა! როგორი ახალგაზრდა და ნიჭიერი იყო...
- როგორ მოხდა? თქვენ ხომ ჩხუბი მოგივიდათ; მან ხელი წამოავლო ფიცარს და თავში დაგცხო; შენ დავარდი; შემდეგ წამოდექი ბარბაცითა და ტორტმანით, ამოიღე დანა და სწორედ მაშინ ჩაეცი გულში, როცა მეორედ დაგარტყა ფიცარი. ორივენი ძირს დაცვივდით და მას შემდეგ მკვდრებივით ეყარეთ.
- სულ არ მახსოვს, რა მოვიმოქმედე. მიწამ ჩამიტანოს აქვე, თუ ვტყუიდე! ეს ყველაფერი არაყმა მიყო, თანაც გავცეცხლდი შენს გამო... მე ხომ დანის ხმარება არც კი ვიცი. ჩხუბი შემხვედრია, მაგრამ ყოველთვის უდანოდ, მხოლოდ მუშტებით. ეგ ყველამ იცის. ჯო, გეთაყვა, მიმეგობრე, ნუ გამცემ! მომეცი სიტყვა, რომ არ გამცემ, ჯო! ხომ კარგი ადამიანი ხარ; მე ყოველთვის მიყვარდი, ყოველთვის მხარში გედექი. თვითონაც იცი... არავის ეტყვი, ჯო?
საცოდავი პოტერი მუხლებზე დაეცა ბილწი მკვლელის წინ და დაუწყო მუდარა. ჯო გულგრილად და უაზროდ შეჰყურებდა.
- კარგი, მეფ პოტერ, შენ ყოველთვის სინდისიერად მექცეოდი, და ამითივე გადაგიხდი. დამშვიდებული იყავი, აქ სალაპარაკო არაფერია.
- ჯო, შენ ანგელოზი ხარ! სულის ამოხდამდის შენზე ლოცვაში ვიქნები. - პოტერმა ტირილი დაიწყო.
- კარგი, გეყოფა! ახლა წუწუნის დრო აღარ არის. შენ აი, ამ გზით წადი. აბა ჩქარა, მე კი აქეთ წავალ, მხოლოდ ეცადე, კვალი არ დატოვო.
პოტერი ჩქარი ნაბიჯით გაეშურა, მერე კი გაიქცა, რაც ძალა ჰქონდა. მეტისი ერთხანს გაჰყურებდა მის კვალს, მერე წაიბუტბუტა:
- თუ ისე გამოსულელებულია თავში დარტყმით და არყით, როგორც მომეჩვენა, მაშინ დანა სულ არ გაახსენდება. თუ მოაგონდა შორს წასულს, სასაფლაოზე ხელმეორედ მიბრუნებისა შეეშინდება, მას ხომ ქათმის გული აქვს.
რამდენიმე წუთის შემდეგ მოკლულს, საბანში შეხვეულ გვამს, თავახდილ კუბოს და გათხრილ საფლავს მხოლოდ მთვარეღა დაჰყურებდა. ორგვლივ ისევ სრული სიჩუმე გამეფდა.


თავი მეათე

ბიჭები თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ ქალაქისაკენ. შიშით ენა ჩავარდნოდათ. გაზე შეხვედრილი თითოეული ჯირკი ადამიანი ეგონათ და სული უგუბდებოდათ. როდესაც განმარტოებულ ქოხებს გაუსწორდნენ და დაღვიძებული ძაღლების ყეფა მოესმათ, მათ თითქოს ფრთები შეესხათ.
- ნეტავი ძველ სადაბაღომდის მიგვაღწევინა, ვიდრე ძალა მთლად გამოგვლევია! - წაიჩურჩულა ტომმა და თან სულს ძლივს ითქვამდა, - მეტი აღარ შემიძლია!
ჰეკლბერი პასუხად მხოლოდ მძიმედ ქშინავდა; ბიჭები უკანასკნელ ძალას იკრებდნენ და თვალს არ აცილებდნენ ძველ ტყავის სახელოსნოს, საითაც ასე მიისწრაფოდნენ. როგორც იქნა, მიაღწიეს მას, შედგნენ ღია კარში და მოფარებულ ადგილას ძირს დაცვივდნენ ღონემილეულნი და გახარებულები; თანდათან გონს მოვიდნენ, დამშვიდნენ და ტომმა ჩასჩურჩულა:
- ჰეკ, როგორა გგონია, რა მოხდება?
- თუ ექიმი რობინსონი მოკვდება, მგონია, სახრჩობელა არ ასცდებათ.
- რას ამბობ?
- ნამდვილად ვიცი.
ტომი დაფიქრდა, მერე თქვა:
- მერედა, ვინ გასცემს მათ? ჩვენ?
- რას ამბობ? რამე რომ მოხდეს და ინდიელი ჯო არ ჩამოახრჩონ, მაშინ ხომ აუცილებლად დაგვხოცავს! მაშინ სიკვდილი არ აგვცდება! ეს ისევე აშკარაა, როგორც ის, რომ ახლა იატაკზე ვსხედვართ.
- მეც მაგრე ვფიქრობ, ჰეკ.
- თუ დასასმენია, დაე, ისევ მეფ პოტერმა დაასმინოს, იმისაგან ეს სისულელე მოსალოდნელია. ის ხომ ყოველთვის მთვრალია...
ტომმა არაფერი არ უპასუხა. ის ფირში წავიდა; ბოლოს წასჩურჩულა:
- ჰეკ, მეფ პოტერმა ხომ არც კი იცის, რა მოხდა, როგორ დაასმენს?
- როგორ თუ არ იცის?
- რასაკვირველია, არ იცის. ინდიელმა ჯომ დანა დაჰკრა ექიმს სწორედ იმ დროს, როცა ექიმმა თავში ჩაარტყა პოტერს. როგორ გგონია, დაინახავდა? გგონია, იმან რამე იცის?
- ღმერთმანი, ეგეც მართალია!
- გარდა ამისა, იქნება დარტყმისაგან მოხუცსაც ბოლო მოეღოს.
- არა, ტომ, ეგ შეუძებელია. ის ხომ ნასვამი იყო, მე მაშინვე შევამჩნე. ის ხომ ყოველთვის მთვრალია. როცა მამაჩემი მთვრალია, თავზე მთელი კოშკი რომ დაანგრიო, მაინც არაფერი მოუვა, თვითონვე ამბობს. რა თქმა უნდა, სწორედ ასევეა მეფ პოტერიც. ფხიზელი რომ ყოფილიყო, მაშინ კი რა მოგახსენო, ასეთი გამასპინძლებისაგან იქნება კიდევაც ფეხები გაეფშიკა. თUმცა არც ეგ ვიცი.
ტომი კვლავ დაფიქრდა.
- ჰეკ, დარწმუნებული ხარ, რომ არ წამოგცდება?
- ძალაუნებურად პირში წყალი უნდა ჩავიგუბოთ. შენ თვითონ გესმის... ის წყეული მეტისი კატის კნუტებივით დაგვახრჩობს. თუ ეს ამბავი წამოგვცდა და ინდიელი არ ჩამოახრჩვეს, მაშინ მშვიდობით! გამიგონე, ტომ! მოდი ერთმანეთს ფიცი მივცეთ, რომ კრინტს არ დავძრავთ.
- მე მზად ვარ, ჰეკ... ეგ ყველას სჯობია. აბა, ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი და დავიფიცოთ, რომ...
- ოჰ! არა, ასე არ გამოდგება. ასე შეიძლება მხოლოდ უბრალო საქმეში, განსაკუთრებით, გოგონებთან, რადგანაც ისინი ბოლოს და ბოლოს, სულ ერთია, წამოაყრანტალებენ, როცა ჩავარდებიან. ასეთ საქმეში კი აუციელბელია ფიცი დაიწეროს და თანაც სისხლით.
ტომმა სულითა და გულით მოუწონა ეს აზრი. ეს უფრო შიშისმომგვრელი საიდუმლოებითა და სიბნელით იყო მოცული. მთვარის სინათლეზე მოძებნა ხის ქერქი, ჯიბიდან ამოაცოცა სურინჯის ნატეხი, დაჯდა ისე, რომ სინათლე ხის ნაჭერს მისდგომოდა და დიდის გაჭირვებით დაჯღაბნა შემდეგი სტრიქონები; თანაც ენის წვერს იკვნეტდა, როცა მსხვილი ხაზები გამოჰყავდა, როცა წვრლ ხაზებს წერდა, ენას გარეთ ჰყოფდა.
ჩვენ, ჰეკ ფინი და ტომ სოიერი ფიცსა ვდებთ, რომ პირში წყალს ჩავიგუბებთ, კრინტსაც არ დავძრავთ ამ საქმეზე და მიწამ გვიყოს პირი, თუ ერთი სიტყვაც კი წამოგვცდეს.
ჰეკლბერი აღტაცებული იყო ტომის წერით და მჭერმეტყველებით. გამოიძრო საყელოდან ქინძისთავი და, ის იყო, უნდა ეჩხვლიტა თითში, რომ ტომმა შეაჩერა:
- მოიცადე, მაგით არ შეიძლება, ქინძისთავი თითბრისაა და შეიძლება ჟანგარო ჰქონდეს!
- ჟანგარო? ეგ რაღა ჯანდაბაა?
- საწამლავია. ერთი ციცქნაც რომ ჩაყლაპო, იცი, რას გიზამს?!
ტომმა თავის ერთ-ერთ ნემსს ძაფი მოაცილა, ორივემ რიგრიგობით იჩხვლიტა ნემსი თითში და გამოიდინეს თითო წვეთი სისხლი. რამდენჯერმე გაიმეორეს ასე. ტომმა ნეკის ფრჩხილი გამოიყენა კალმის წვერად, და როგორც იყო, გამოიყვანა თავისი სახელისა და გვარის დასაწყისი ასოები, შემდეგ ასწავლა ჰეკლბერისაც, როგორ უნდა დაეწერა ჰ. და ფ. და ამგვარად შეიკრა პირობა. სხვდასხვაგვარი ფიცითა და შელოცვებით ჩაფლეს ხის ქერქი კედლის ძირში. უკანასკნელად თქვეს: "კლიტე შენ, კლიტე შენ, გასაღები ღმერთს”, და ამგვარად დააბეს თავიანთი ენები.
დანგრეული შენობის მეორე ბოლოში ადამიანის ჩრდილმა გაიელვა, მაგრამ ბიჭებმა ვერ შეამჩნიეს.
- ტომ, - წასჩურჩულა ჰეკლბერიმ, - შენ დარწმუნებული ხარ, რომ ამის შემდეგ არაფერს წამოვროშავთ?
- რასაკვირველია, დარწმუნებული ვარ. რაც არ უნდა მოხდეს, დუმილი გვმართებს, თუ არა და გათავდა ჩვენი საქმე. განა დაგავიწყდა?
- ჰო, ეგ ეგრეა.
მათ განაგრძეს ჩურჩული. უცებ, სულ ახლოს, სულ ათიოდე ნაბიჯზე გაისმა ძაღლის გულშემზარავი გაბმული ყმუილი. ბიჭები შეშინდნენ და ერთმანეთს მიეკრნენ.
- ჩვენგან ნეტავი რომელი ჰყავს მიზანში ამოღებული, - წაიჩურჩულა სულშეგუბებულმა ჰეკლბერიმ.
- არ ვიცი! გაიხედე ჭუჭრუტანაში! ჩქარა!
- არა. შენ გაიხედე!
- არ შემიძლია, მე არ შემიძლია, ჰეკ!
- გეთაყვა, ტომ... გესმის, კიდევ...
- ოო! როგორ მიხარია! - წაიჩურჩულა ტომმა, - ვიცანი ყეფაზე; ეგ ძაღლი ჰარბისონისაა.
- მადლობა ღმერთს! მე შიშით გული გამისკდა, მაწანწალა ძაღლი მეგონა.
ად დროს ძაღლმა კვლავ დაიყმუვლა. ბიჭებს ისევ შეეშინდათ.
- არა, ეს ძაღლი ჰარბინსონის არ არის, - წაიჩურჩურჩულა ჰეკლბერიმ, - კიდევ გაიხედე, ტომ!
ტომი შიშისაგან კანკალებდა, მაგრამ, როგორც იყო, გაიხედა ჭუჭრუტანაში და ოდნავ გასაგონი ხმით წარმოთქვა:
- ოო, ჰეკ, მაწანწალა ძაღლია!
- კარგად შეხედე, ტომ, ვის შეჰყმუის?
- ალბათ ორივეს. ჩვენ ხომ ერთმანეთთან ახლო ვართ.
- ვაი, ტომ, დავუღეპეთ. მე კი ვიცი, სადაც მოვხვდები. ცოდვილი ვარ...
- მე? ახია ჩემზე, ერთთავად სკოლიდან ვიპარები და სწორედ იმას ვაკეთებ, რასაც მიკრძალავენ... მეც შემეძლო ისეთივე გამგონი და კარგი ვყოფილიყავი, როგორიც სიდია, რომ ვცდილიყავი; მაგრამ როდი მიცდია... თუ ახლა როგორმე გადავრჩი, საკვირაო სკოლიდან ფეხს არასოდეს მოვიცვლი.
ტომი ჩუმად აზლუქუნდა.
- შენ ამბობ, ცოდვილი ვარო? - და ჰეკლბერიც აზლუქუნდა, - შენ და ცოდვილი? შენ ანგელოზი ხარ ჩემთან შედარებით. ღმერთო, ღმერთო, ნეტავ ცოტათი მაინც გგავდე.
ტომმა ცრემლები გადაყლაპა და წაიჩურჩულა:
- უყურე, ჰეკ, უყურე! - ის ჩვენგან ზურგშექცევით ზის.
ჰეკი გახარებული მივარდა ჭუჭრუტანას.
- მართალია, ზურგშექცეულია... წინათ ასე იჯდა?
- ჰო, მე სულელმა კი ყურადღება არ მივაქციე. ეს ჩინებულია! ნეტავი ვის შეჰყმუის?
ძაღლმა ყმუილი შეწყვიტა. ტომმა ყურები ცქვიტა.
- ჩუ! ეს რაღაა? - წაიჩურჩულა მან.
- თითქოს... თითქოს ღორები ღრუტუნებენ. არა, ვიღაცა ხვრინავს, ტომ!
- ხვრინავს? მერე სადა ხვრინავს, ჰეკ?
- ალბათ, იქ, შენობის ბოლოში. ყოველ შემთხვევაში, ხვრინვა თითქოს იქიდან ისმის. მამაჩემი ზოგჯერ აქ იძინებდა, ღორებთან; მაგრამ ეს მამა არაა. ღემრთმა დაგიფაროს, იმან რო ხვრინვა იცის... გარდა ამისა, მგონია, ის აღარასოდეს დაბრუნდება ამ ჩვენს პატარა ქალაქში.
ბიჭები კვლავ გახალისდნენ.
- ჰეკ, წამომყვები იქ?
- გული არ მიმიწევს, ტომ, იქნებ იქ ინდიელი ჯოა?
ტომი შეშინდა. მაგრამ ცთუნება ძლიერი იყო და ბიჭებმა გადაწყვიტეს წასვლა, იმ პირობით, რომ იმწამსვე უკან გამობრუნდებოდნენ, თუკი ხვრინვა შეწყდებოდა. ფეხაკრებით მიყვნენ ერთმანეთს. მიეპარნენ მძინარეს. არ გაევლოთ რამდენიმე ნაბიჯი, რომ ტომმა ფეხი დაადგა ჯოხს. ჯოხი ხმაურით გადატყდა. მძინარემ დაიგმინა, გადაბრუნდა და მთვარის სინათლე მიასდგა სახეზე. ეს იყო მეფ პოტერი. ბიჭებს სისხლი გაეყინათ და ერთ ადგილზე გაშეშდნენ, როცა მძინარე გაინძრა; მაგრამ ახლა შიშმა გადაუარათ. ასევე ფეხაკრეფით გაძვრნენ დანგრეულ კედელში და შეჩერდნენ ერთმანეთთან გამოსამშვიდობებლად; მაგრამ ამ დროს ისევ გაისმა ბოროტის მომასწავებელი და გაჭიანურებული ყმუილი. ორივემ ერთად მიიხედა და დაინახეს ძაღლი, რომელიც პოტერისაგან ორ ნაბიჯზე იდგა, თავი მისკენ მიებრუნებინა და თავაწეული ყმუოდა.
- ღმერთო, აი თურმე ვის შეჰყმუის! - ერთხმად წამოიზახეს ბიჭებმა.
- იცი, ამბობენ, რომ ჯონი მილერის სახლთან მაწანწალა ძაღლი ყმუოდა შუაღამისას, უკვე ორი კვირაა მას შემდეგ. სწორედ იმავე ღამეს აივნის მოაჯირზე ღამის ჩIტიც შემომჯდარა და გალობა დაუწყია. ჰოდა, ჯერ აქამდის იმ სახლში არავინ არ მომკვდარა.
- ვიცი. მერე რა, რომ არ მომკვდარა! განა გრესი მილერი იმ შაბათს ღუმელში არ ჩავარდა და არ შეიტრუსა?
- კი, მაგრამ, ხომ არ მომკვდარა? პირიქით, ის უკვე კარგად ხდება.
- მოიცა, კარგი, მაგასაც დაინახავ.. სულ ერთია, ის ვეღარ გამოკეთდება, მისი საქმე წასულია, ისევე, როგორც მეფ პოტერისა. ზანგები ასე ამბობენ და იმათ კი ეს საქმე კარგად იციან, ჰეკ.
შეფიქრიანებული ბიჭები ერთმანეთს დაშორდნენ.
როცა ტომი თავის საწოლ ოთახში გადაძვრა, განთიადი თითქმის ამოტანებული იყო. ფრთხილად გაიხადა ტანისამოსი და სწრაფად ჩაიძინა. უხაროდა, რომ ვერავინ შეიტყო მისი ღამის მოგზაურობა. მას სრულიად ვერ შეამჩნია, რომ სიდს, რომელიც მშვიდად ხვრინავდა, არ ეძინა, ერთი საათის წინ გაღვიძებოდა.
როცა ტომმა თვალები გაახილა, სიდი დიდი ხნის ამდგარი და წასული იყო. ოთახში შემოსული სინათლითა და ჰაერთაც კი იგრძნობოდა, რომ უკვე გვიან იყო. ტომს უკვირდა, რატომ არ გააღვიძეს, რატომ არ ჩააცივდნენ, ადექიო, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა? ტომი შეშფოთდა; ეს კარგს არას მოასწავებდა. ხუთ წუთში ჩაიცვა და ძირს ჩავიდა, თუმცა ისევ ეძინებოდა და დაღლილობას გრძნობდა. მთელი ოჯახი იქ დახვდა. ყველა მაგიდასთან იჯდა, თუმცა საუზმე უკვე გაეთავებინათ. არავინ არ გასწყრომია, არც არავის შეუხედავს მისთვის. ყველა სდუმდა და ყველას ისეთი დაძაბული გამომეტყველება ჰქონდა, რომ დამნაშავეს გული გაუსკდა შიშისაგან. დაჯდა და ცდილობდა მხიარული ყოფილიყო, მაგრამ ამაოდ! იმისი ხუმრობა ღიმილს არავის ჰგვრიდა, ტომიც გაჩუმდა და გული შეეკუმშა სევდისაგან.
საუზმის შემდეგ დეიდამ გვერდზე გაიხმო; ტომი თითქმის გამხიარულდა კიდეც იმ იმედით, რომ საქმე მხოლოდ წკეპლით გათავდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დეიდამ ტირილი დაიწყო, როგორ არ გებრალები, მოხუცებულს გულს ასე რატომ მიკლავო; ბოლოს დაატანა, ახალ შეგიძლია ის ჩაიდინო, რაცა გსურს: დაიღუპო თავი, მოხუცებული დეიდას სიცოცხლე მოუსწრაფო, სულ ერთია, შენი გამოსწორების იმედი აღარა მაქვს და ამის იქით აღარც შევეცდებიო. ეს ათას წკეპლაზე უარესი იყო და ტომს გული უფრო სტკიოდა, ვიდრე მოქანცული სხეული: თვითონაც ატირდა, სთხოვა პატიება, მისცა გამოსწორების პირობა. ბოლოს დეიდამ გაუშვა, მაგრამ ტომი გრძნობდა, პატიება სრული არ იყო და დეიდა აღარ ენდობოდა მას. ტომი გავიდა. ისე იყო გასაცოდავებული, რომ არც კი მოჰფიქრებია მუზმუზელა სიდისთვის სამაგიეროს გადახდა. ისე რომ, ამ უკანასკნელმა ტყუილად მოარიდა თავი და გაიპარა უკანა კარიდან. ტომი სკოლაში მივიდა დაძმარებული, გულჩათხრობილი. ჰარპერთან ერთად ტომიც დასაჯეს სკოლიდან გაპარვისათვის, მაგრამ სასჯელი სრულიად გულგრილად გადაიტანა, რადგან გული დარდითა და ვარამით ჰქონდა სავსე და ამისთანა უმნიშვნელო რამე რას წარმოადგენდა მისთვის! თავისი ადგილისაკენ გაემართა. დაჯდა, იდაყვით დაეყრდნო მერხს და ისეთი დამწუხრებული სახით მიაჩერდა კედელს, გეგონებოდათ, მეტი სატანჯველის ატანა აღარ შეუძლიაო. იდაყვი რაღაც მაგარ საგანს დაადო და ეტკინა. მაგრამ მალე არ გაინძრა, ამოიოხრა და აიღო იგი. ნივთი ქაღალდში იყო გახვეული. ტომმა გახსნა; ღრმა, გრძელი, შემაწუხებელი ოხვრა აღმოხდა და გული საშინლად ეტკინა. ეს იყო მისი სპილენძის ბურთულა! ამ ბუმბულივით მსუბუქმა ტვირთმა მოღუნა სპილოს ზურგი.

კატეგორია: სათვგადასავლო რომანები | ნანახია: 2249 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: