მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 2 » თამაში ჭვავის ყანაში (6.7.8.9.10.---tavebi)
6:28 PM
თამაში ჭვავის ყანაში (6.7.8.9.10.---tavebi)

6

ზოგ რამეს ვერასდიდებით ვერ გაიხსენებ. ახლაც რამდენს ვფიქრობ, რა დროს დაბრუნდა ჯეინისაგან იმ ღამეს სტრედლეიტერი. ვერაფრით ვერ მომიგონებია, რას ვაკეთებდი, როცა მისი წყეული ფეხის ხმა გავიგონე. ალბათ, ისევ ფანჯარაში ვიყურებოდი, მაგრამ დანამდვილებით, რა ვქნა, არ მახსოვს. ძალიან აფორიაქებული ვიყავი და იმიტომ. როცა რამეზე აღელვებული ვარ - მტრისას! ზოგჯერ ტუალეტშიაც კი მომინდება ხოლმე წასვლა, აღელვებული როცა ვარ, მაგრამ არ მივდივარ. ისე ვარ აღელვებული, რომ წასვლის თავიც არა მაქვს. ვერანაირად ვერ მომიხერხებია. აბა, ერთი თქვენც იცნობდეთ სტრედლეიტერს, იმასაც ვნახავდი, როგორ არ აღელდებოდით. ორჯერ ვახლდი იმ ნაბიჭვარს პაემანზე და ვიცი, რასაც ვამბობ. ყოვლად უტიფარი კაცია. ნამდვილს გეუბნებით.
დერეფანში ლინოლეუმი ეგო და შორიდანვე გაიგონებდით როგორ უახლოვდებოდა ოთახს. ისიც ვეღარ მომიგონებია, როცა შემოვიდა, სად ვიჯექი - ფანჯარასთან, ჩემს სავარძელში თუ იმისაში. რა ვქნა, ვერასდიდებით ვერ მომიგონებია.
შემოვიდა და მაშინვე წუწუნს მოჰყვა, ისეთი სიცივეა, რომ ძაღლი არ გაიგდებაპ კარშიო. მერე იკითხა:
- სად ჯანდაბაში წავიდნენ? რა ამბავია. კაცის ჭაჭანება არ არის, სამარეა, თუ რა?
პასუხის გასაცემად თავი არც კი შესწუხებია. თუკი ამისთანა შტერია, რომ ვერ მიმხვდარა - შაბათ საღამოს ან სასეირნოდ იქნებიან გასულები, ან ეძინებათ, ან არადა შინ გაემგზავრებოდნენ, - მე რაღა თავი ვიტეხო და ვეჩიჩინო. გახდას შეუდგა. ჯეინზე ერთი სიტყვაც არ დაცდენია. კრინტიც არ დაუძრავს. არც მე მითქვამს რამე. გაჩუმებული ვუყურებდი. ბოლოს ქურთუკისათვის მადლობა გადამიხადა. ეს იყო და ეს. საკიდ ჯოხზე გადააცვა და კარადაში დაჰკიდა.
- ყელსახვევს რომ იხსნიდა, მაშინღა მკითხა - ის ოხერი დავალება თუ დამიწერეო. შენს ლოგინზე დევს-მეთქი, ვუთხარი. მივიდა და მანამ საკინძეს გაიხსნიდა, კითხვა დაიწყო. დგას, გამოთაყვანებული სიფათი ნაწერისთვის მიუშტერებია და თან შიშველ მკერდსა და მუცელზე ხელს ისვამს. ასეთი ჩვეულება ჰქონდა - ან მკერდი უნდა ესრისა ან მუცელი. დიდ პატივისცემაში ჰყავდა თავი.
უცებ წამოიძახა:
- ეს რა ჯანდაბაა, ჰოლდენ! ეს ოხერი ბეისბოლის თათმანი საიდან გამოატყვრინე!
- აბა რა გინდოდა? - გაყინული ხმით ვუპასუხე.
- რა მინდოდა, რასა ჰქვიან! აკი გითხარი - ან ოთახი ამიწერე და ან სახლი, ან სხვა ამნაირი რამე-მეთქი.
- შენ მითხარი, რამე აღწერილობა იყოსო - სულერთი არ არის, რას აღწერ! ბეისბოლის თათმანმა რაღა დააშავა?!
- ჯანდაბას შენი თავი, - საშინლად გაბრაზდა, გაცოფდა პირდაპირ. - სულ ასეთი უკუღმართი ხარ, - ახლაღა შემომხედა, - ახია, რომ გამოგაპანღურეს, - განაგრძო მან, - არ შეიძლება რომ კაცი მოგენდოს, არაფერი წესიერი არ გამოგივა ხელიდან. სულ ტყუილია, არაფერი.
- კარგი, აგერ მომეცი, - ვუთხარი მე. მივედი, ხელიდან გამოვგლიჯე და იქვე დავფხრიწე.
- რასა შვრები, ეს რა ჯანდაბაა? - იყვირა.
არც კი მიპასუხნია, სანაგვე კალათაში ჩავყარე. მერე ლოგინზე წამოვწექი. არც იმას ამოუღია კარგა ხანს ხმა და არც მე. იგი იხდიდა, ტრუსებს გარდა სულ გაიხადა ყველაფერი, მე კი ვიწექი და სიგარეტს ვაბოლებდი. საერთო საცხოვრებელში პაპიროსის მოწევა აკრძალული იყო, მაგრამ გვიან ღამით - როცა ზოგს ეძინა, ზოგი წასული იყო, ვინ გამიგებდა, თანაც სტრედლეიტერის ადუღება მინდოდა. წესრიგის დარღვევას ვერასდიდებით ვერ იტანდა. ერთხელაც არ მოუწევია ოთახში. მე კიდევ არ ვეპუებოდი.
მაინც არ დასძრა ჯეინზე კრინტი. ბოლოს ისევ მე ვთქვი:
- ძაან დაიგვიანე, აკი ათისნახევრამდე ჰქონდა ნებართვა! ასე დაიგვიანე?
ლოგინზე ჩამომჯდარიყო და ფრჩხილებს იჭრიდა ფეხზე.
- ორიოდე წუთი, - თქვა მან, - ვინ იქნება ისეთი სულელი, რომ ათის ნახევრამდე დაეთხოვოს, და ისიც შაბათს!
ო, ღმერთო, უცებ როგორ შემძულდა!
- ნიუ-იორკში იყავით? - ვკითხე.
- გაგიჟდი?! ნიუ-იორკში წასვლას რას მოვასწრებდით, ათის ნახევრამდე ჰქონდა ნებართვა!
- სამწუხაროა.
თავი ასწია და შემომხედა.
- პაპიროსის მოწევა თუ გინდოდა, საპირფარეშოში მოწევდი! შენ რა გიჭირს, მაინც მიდიხარ, მე უნდა ვეგდო აქ, მანამ დავამთავრებდე.
აინუნშიაც არ ჩამიგდია მისი სიტყვები, ფეხებზე დავიკიდე, ვქაჩავდი და ვქაჩავდი. ესღა გავაკეთე, რომ გადმოვბრუნდი და ყურება დავუწყე, როგორ იქნიდა თავის ოხერ ფრჩხილებს. ესეც სკოლაა! ზოგი ფრჩხილებს იჭრის შენს ცხვირწინ, ზოგი მუწუკს იჩიჩქნის და რას არ აკეთებს.
- ჩემი მოკითხვა გადაეცი?
- ჰო.
გადასცა, როგორ არა! ნაბუშარი!
- რაო მერე? - ვუთხარი მე, - არა ჰკითხე - დამებსისევ ბოლო ხაზზე თუ ამწკვრივებს?
- არა, არ მიკითხავს. შენ რა - ხომ არ გგონია, მთელი ღამე შაშს ვთამაშობდით!
ხმა არ გამიღია. ღმერთო, როგორ მძულდა!
- აბა სად იყავით, ნიუ-იორკში თუ არ წასულხართ? - ვკითხე ცოტა ხნის შემდეგ. ვცდილობდი ხმა არ გამბზარვოდა. ჰოი, ბიჭო, როგორ დამეწიწკნა ნერვები. ვგრძნობდი, რომ რიგიან-პირიანად ვერ იყო საქმე.
როგორც იქნა ფრჩხილებს მორჩა. ლოგინიდან წამოდგა, ისევ ტრუსების ამარა, და რაღაც ეშმაკმა წამოარა. ჩემთან მოვიდა, დაიხარა და ბეჭებზე დამიწყო მუშტის ცემა.
- თავი გამანებე, - ვეუბნები, - მაშ სად წახვედით, ნიუ-იორკში თუ არ ყოფილხართ?
- არსადაც არ წავსულვართ. მანქანაში ვიყავით შეყუჟულები. - ისევ მოჰყვა თავის სულელურ ბღლარძუნს - მუშტები დამიშინა.
- თავი გამანებე, - ვუთხარ იმე, - ვისი მანქანა იყო.
- ედი ბენკისა.
ედი ბენკი კალათბურთის მწვრთნელი იყო სკოლაში. სტრედლეიტერი კიდევ, მის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ითვლებოდა - ცენტრს თამაშობდა სკოლის გუნდში და ბენკი მანქანას არასოდეს არ უჭერდა ხოლმე. მოსწავლეებს აკრძალული გვქონდა მასწავლებლისათვის მანქანის თხოვნა, მაგრამ ეს ნაბიჭვარი სპორტსმენები პატივში ჰყავდათ. რომელ სკოლაშიაც არ მივსულვარ ეს ნაბიჭვარი სპორტსმენები ყველგან დიდ პატივში ჰყავთ.
სტრედლეიტერი თითქოს კრივში ვარჯიშობსო, მიშენს და მიშენს ბეჭებზე მუშტებს. კბილის ჯაგრისი ეჭირა ხელში და ახლა პირში გაიჩარა.
- მერე, რა ქენით? ედ ბენკის მანქანაში ჭყლიტე? - ისე ამიკანკალდა ხმა, რომ მტრისას!
- რას მიჰქარავ! ხომ არ გინდა პირი საპნით ამოგილესო.
- ჰა, ჭყლიტე?
- ეს პროფესიული საიდუმლოა, ძმობილო.
დანარჩენი კარგად აღარ მაგონდება. ისღა მახსოვს, რომ ლოგინიდან წამოვდექი, თითქოს საპირფარეშოში თუ სადღაც ვაპირებდი გასვლას. უცებ რაც ძალი და ღონე მქონდა. პირში გაჩრილ ჯაგრისს მოვუქნიე, რომ ის მყრალი ყელი სულ ჩამეხია. მაგრამ ვერ მოვახვედრე. ავაცდინე. მგონი თავზე მომიხვდა ხელი. ტკენით კი ეტკინა, ალბათ, მაგრამ მე რომ მინდოდა, ისე არა. იცოცხლე, გავამწარებდი, მაგრამ მარჯვენა ხელი იყო და მაგრად ვერ მოვმუშტე. გითხარით
კიდეც, როგორ ვიტკინე ეს ხელი.
მერე უცებ იატაკზე აღმოვჩნდი. ის მკერდზე მაჯდა, ერთიანად გაჭარხლებული. მუხლები პირდაპირ გულზე ქონდა მობჯენილი. მთელ ტონას იწონიდა. მაჯები გამიკავა, რომ მოქნევა აღარ შემძლებოდა. იქვე გავათავებდი!
- რა მოგივიდა, რა ჯანდაბა მოგივიდა! - იმეორებდა და გამოთაყვანებული სიფათი სულ უფრო და უფრო უწითლდებოდა.
- მომაშორე ეს ჭუჭყიანი მუხლები! - ლამის შევბღავლე. ღმერთმანი. - აეთრიე, თავიდან მომწყდი, შე ბინძურო ნაბუშარო!
ყურიც არ გაუპარტყუნებია. ზედ მაჯდა და მაჯებს მიგრეხდა. მე კი მთელი ათი საათი ვაგინებ და ვაგინებ - ძაღლისგაგდებულო-მეთქი, და რა ვიცი. აღარც კი მახსოვს, რა სიტყვებით ვთათხე, - შენ გგონია, ყველას მიჭყლიტავ, ვინც კი მოგეხუსტურება-მეთქი. შენ-მეთქი, მე ვუთხარი, ფეხებზე გკიდია - გოგო ბოლო ხაზზე გაამწკრივებს დამებს თუ სად დადებს-მეთქი. მიიტომ გკიდია ფეხებზე, რომ ღვთისგლახა და უტვინო ხარ-მეთქი. - ვერ იტანდა, უტვინოს რომ დაუძახებდი. ვერც ერთი უტვინო ვერ იტანს, უტვინოს რომ დაუძახებ.
- მოკეტე, ჰოლდენ! - დაიღრიალა და თავისი გაბრტყელებული და გამოთაყვანებული სიფათი წითლად შემომანათა, - გეყოფა, მოკეტე!
- შენ ისიც კი არ იცი - ჯინი ჰქვია თუ ჯეინი, შე ღვთისგლახავ, შე უტვინოვ!
- მოკეტე-მეთქი, ჰოლდენ! გირჩევნია, გაჩკმდე. - იცოცხლე, მე ის გავამწარე, - თუ არ გაჩუმებულხარ, ახლავე გაგაბრტყელებ.
- ეს ბინძური და აქოთებული მუხლები მომაშორე!
- რომ მოგშორდე, გაჩუმდები?
პასუხის ღირსიც არ გავხადე.
ისევ გამიმეორა:
- ჰოლდენ, რომ მოგშორდე, გაჩუმდები?
- ჰო.
ადგა და მეც წამოვდექი. იმ ბინძური მუხლებისაგან მკერდი მეწოდა.
- ბინძური ხარ, უტვინო და ძაღლისგაგდებული! - მივახალე მე.
ახლა კი ნამდვილად გაცოფდა. თავის კოტიტა თითებს სახეში მატაკებს და მეუბნება:
- ჰოლდენ. გაფრთხილებ.. ეს უკანასკნელი იყოს: ახლავე თუ არ ჩაიწყვიტე...
- რატომ უნდა ჩავიწყვიტო! - ვუთხარი მე... გიჟივით ვღრიალებდი, - მაგრამ ყველა უტვინოს ერთი უბედურება გჭირთ. ლაპარაკიც არ შეგიძლიათ ადამიანურად. სწორედ ეგ არის უტვინობის პირველი ნიშანი. ლაპარაკიც არ შეუძლიათ ადამ...
ამან მთლად შეშალა. მეტაკა და მერე, მახსოვს, ისევ იატაკზე აღმოვჩნდი. ისიც ვეღარ მომიგონებია - გრძნობა დავკარგე თუ არა. მგონი, არ დამიკარგავს. არც თუ ისე ადვილია, კაცს ერთი შემოკვრით გრძნობა დააკარგვინო. ეს მარტო კინოებში იციან. ცხვირიდან კი საშინლად მომთქრიალებდა სისხლი და სულ ამოთხვრილი ვიყავი. თვალი რომ გავახილე, ზედ თავზე მადგა სტრედლეიტერი. ხელში პირსაბანი მოწყობილობა ეჭირა.
- რატომ არ გაჩუმდი, ხომ გითხარი!..
ხმაზე ეტყობოდა, მაგრად დაფეთებულიყო. ალბათ, იფიქრა, იატაკზე რომ დავენარცხე, თავი ან რამე გავუტეხეო, ნეტა მართლა გამეტეხა.
- აკი გთხოვე და გაგაფრთხილე, ეშმაკმა დასწყევლოს! - განაგრძო მან. ჰოი, ბიჭო, რა შეშინებული ჩანდა.
არც კი ვცდილვარ წამოდგომას. ვიწექი და ძაღლისგაგდებულ უტვინოს ვეძახდი. ისე ვიყავი გაცოფებული, რომ სულ ვღრიალებდი.
- კარგი ახლა. წამოდი, დაიბანე, - მითხრა სტრედლეიტერმა, - არ გეყურება?
წადი და შენ თვითონ დაიბანე შენი უტვინო სიფათი-მეთქი. ვიცი, რომ ეს ბალღობაა, მაგრამ საშინლად ვიყავი გაცოფებული. ფეხსადგილისკენ გაიარე და მისის შმიდტი თუ შეგხვდეს მიჭყლიტე-მეთქი. მისის შმიდტი ჩვენი დარაჯის ცოლი იყო, სამოცდახუთი წლის დედაბერი.
მანამ სტრედლეიტერი არ გავიდა, არც მე განვძრეულვარ. მაშინღა წამოვდექი, როცა მისი ფეხის ხმა გავიგონე. ტუალეტისაკენ მიდიოდა. ჩემი დაწყევლილი სანადირო ქუდი არსად სჩანდა. ბოლოს მაინც ვიპოვე. საწოლქვეშ შევარდნილიყო. დავიხურე, კარტუზი ჩემებურად უკან მოვაქციე, სარკესთან მივედი და ჩემი გამოლენჩებული სიფათი შევათვალიერე. ჩემს დღეში არ მენახა ამდენი სისხლი. ცხვირ-პირი, ნიკაპი, თვით პიჟამო და ხალათიც კი სისხლში მქონდა მოთხვრილი, თან შევშინდი და თან ცოტათი გავხალისდი კიდეც. ბანდიტსა ვგავდი. სულ ორჯერ მიჩხუბნია მთელს ჩემს სიცოცხლეში, და ორივეჯერ მე გამოვედი ნაცემი. ვერ ვყოფილვარ ყოჩაღი ბიჭი. მართალი თუ გინდათ, პაციფისტი ვარ.
რატომღაც მომეჩვენა, რომ ეკლის ეღვიძა და ყველაფერი ესმოდა. ფარდა გადავსწიე და მის ოთახში შევედი, რას აკეთებს-მეთქი. იშვიათად თუ შევიდოდი მასთან. სულ ყარდა იქაურობა - საშინელი ბინძური კაცი.

7
ფარდის ჭუჭრუტანაში ჩვენი ოთახიდან სინათლის პატარა ჭავლი ატანდა და გავარჩიე, რომ ეკლი იწვა. ვიცოდი, ნამდვილად ეღვიძა.
- ეკლი! - ვთქვი მე, - გღვიძავს?
- ჰო.
ბნელოდა. იატაკზე ვიღაცის ფეხსაცმელს წამოვედე და თავით კინაღამ წავედი. ეკლი წამოიწია და იდაყვს დაეყრდნო. სახე ერთიანად წაეთხუპნა თეთრი რაღკაცით. სიბნელეში მოჩვენებას ჰგავდა.
- რა ჯანდაბას აკეთებ? - ვკითხე მე.
როგორ თუ რას ვაკეთებ?! დაძინება მინდოდა, მაგრამ ვინ დაგაძინა - ისეთი აურზაური ასტეხეთ! ნეტა რა გაჩხუბებდათ?
- სინათლე სადა გაქვთ? - ხელის ცეცებით შემოვიარე მთელი კედელი, მაგრამ ამომრთველს ვერ მივაგენი.
- რა ოხრობად გინდა? - მანდვეა, ხელმარჯვნივ.
როგორც იქნა ვიპოვნე და ავანთე. ეკლიმ თვალებზე ხელი მიიფარა.
- ღმერთო! - შესძახა მან, - ეს რა მოგსვლია? - ახლაღა დაინახა ჩემი გასისხლიანებული სახე.
- მე და სტრედლეიტერი ცოტათი წავკინკლავდით, - ვუთხარი. მერე პირდაპირ იატაკზე მოვირთხი ფეხი. სკამს წამლად ვერ ნახავდი იმათ ოთახში. ვერ გამიგია, რა ოხრობას უშვებოდნენ სკამებს.
- მოიხედე, - ვუთხარი მე, - ერთი ხელი კანასტა არ გინდა?
კანასტის გიჟი იყო.
- სისხლი გდის. რამე დაიდევი მაინც.
- თავისით შემიდედდება. მოიხედე, კანასტა არ გინდა?
- კანასტა?! რა გეკანასტება - ნეტა თუ იცი რა დროა!
- ჯერ ადრეა. თერთმეტი იქნება. დიდი-დიდი, თორმეტის ნახევარი.
- დიდი-დიდი, თორმეტის ნახევარი! - გამომაჯავრა ეკლიმ, - შენ რა გენაღვლება! ხვალ უთენია უნდა წამოვხტე და წირვაზე გავვარდე. თქვენც რაღა შუაღამისას მოგინდათ ჩხუბი და ღრიალი. ვიცოდე მაინც რა ოხრობამ აგტეხათ!
- გრძელი ამბავია. თავს არ მოგაბეზრებ. ხომ ხედავ, როგორა ვზრუნავ შენზე, ეკლი! - ეგღა მაკლდა, რომ ეკლისთვის გადამეშალა გული. სხვას რომ თავი დავანებოთ, სტრედლეიტერზე უფრო სულელი იყო. ამასთან შედარებით სტრედლეიტერი გენიოსი მოგეჩვენებოდათ. - ე, - ვუთხარი მე, - მოდი ელის ლოგინში ჩავწვები ამაღამ! ხვალ საღამომდე მაინც არ დაბრუნდება, კარგი?
ვიცოდი, რომ არ დაბრუნდებოდა. ყოველ შაბათს შინ მიემგზავრებოდა ხოლმე.
- ეშმაკმა იცის, როდის დაბრუნდება, - თქვა ეკლიმ.
ჰოი, ბიჭო, როგორ გამიწვრილდა გული!
- ვითომ რა, არ იცი, როდის დაბრუნდება?! როდის ყოფილა, რომ კვირა საღამომდე დაბრუნებულიყოს!
- ეგეც მართალია, მაგრამ რა ჩემი საქმეა, სხვის ლოგინში ჩაწოლის ნებას როგორ მოგცემ!
ამამნ მთლად მომსპო. არ ავმდგარვარ ისე, იატაკიდან წამოვიწიე და მხარზე ხელი მოვუთათუნე.
- ნამდვილი პრინცი ხარ, ეკლი-ბალღო, - ვუთხარი, - ნამდვილი პრინცი!
- არა, განა იმას ვიძახი... მაგრამ სხვის ლოგინში ჩაწოლის ნება როგორ უნდა მოგცე!..
- ნამდვილი პრინცი ხარ. ჯენტლმენი და სწავლული ხარ, ბალღო, - ვუთხარი მე. და მართლაც ასე იყო, - შემთხვევით, სიგარეტი ხომ არა გაქვს? ნუ მეტყვი, `არაო~, თორემ ახლავე ფეხბსა ვფშიკავ.
- არა, არა მაქვს. მოიხედე, მითხარი, - რაზე იჩხუბეთ?
არ ვუპასუხე. წამოვდექი და ფანჯარას მივადექი. უცებ ისეთი ნაღველი შემომაწვა! ნეტა ახლავე გამაცხებინა სული-მეთქი, ვინატრე.
- მაინც, რა ჯანდაბაზე იჩხუბეთ? - ბარე ორმოცდაათჯერ ჩამეკითხა ეკლი. - მანამ ტვინს არ გაგიხვრეტდა, რას მოგეშვებოდა!
- შენ გამო ვიჩხუბეთ.
- ჩემ გამო?! ნეტა რას ბოდავ!
- ნამდვილად. შენს ღირსებას ვიცავდი. დაიჟინა, ეკლი ბინძური კაციაო, ამას მოვუთმენდი?
ერთბაშად აპილპილდა.
- მართლა ასე თქვა? ნუ მომატყუებ. ასე გითხრა?
გეხუმრები-მეთქი, ვუთხარი. მერე მოვბრუნდი და ელის ლოგინზე წამოწექი. ჰოი, ბიჭო, რა ძაღლის გუნებაზე ვიყავი. როგორ მეწურებოდა გული!
- ყარს აქაურობა, - ვთქვი მე, - შენი წინდების სუნი აქა მცემს. ერთხელ მაინც არ გინდა გაარეცხინო?
- თუ არ მოგწონს, იცი, რა ქენი... - მითხრა ეკლიმ. სულ ჭკუით იყო გატენილი. - ამ ოხერ სინათლეს აღარ ჩააქრობ?
მის სიტყვაზე მაინც არ ჩავაქრე. ვიწექი ელის ლოგინში, ვფიქრობდი ჯეინზე და ათას რამეზე. ვგიჟდებოდი პირდაპირ, როცა წარმოვიდგენდი, როგორ იყვნენ მოყუჟული ჯეინი და სტრდელეიტერი იმ გასიებულ ედ ბენკის მანქანაში. რამდენს გავიფიქრებდი, იმდენი ფანჯრიდან გადახტომა მომინდებოდა. თქვენ არ იცით, ვინა ბრძანდება სტრედლეიტერი, მე კი ვიცი. ზოგ-ზოგი ბიჭები ბევრს ბაქიბუქობდნენ, გოგოებს ასე და ისე ვუშვრებითო... ეკლისთანა ვაჟბატონები, მაგალითად... მაგრამ ტყუოდნენ. სტრედლეიტერი კი ნამდვილად აკეთებდა. მაგის ნათრევ ერთ-ორ გოგოს ვიცნობდი კიდეც. არ გეხუმრებით.
- ეკლი, ბალღო, მოდი ერთი შენი მომხიბლავი თავგადასავალი მიამბე, - ვუთხარი მე.
- აღარ ჩაქრობ მაგ ოხერ სინათლეს?! დილით წირვაზე ვარ წასასვლელი.
ავდექი და ჩავაქრე. ეს თუ მიანიჭებდა ბედნიერებას, როგორ დავაყვედრებდი. მერე ისევ ელის ლოგინში ჩავწექი.
- შენ რა, - ელის ლოგინში დაძინებას აპირებ? - მკითხა ეკლიმ. ჰოი, ბიჭო, რა მასპინძლობა გამოიჩინა.
- იქნებ დავიძინო კიდეც, იქნებ - არა. შენ ნუ ღელავ.
- მე კი არა ვღელავ, მაგრამ ვერაფერი სასიამოვნო იქნება, უცებ ელი დაბრუნდეს და ლოგინში დაუხვდე...
- ნუ გეშინია. აქ არ ვაპირებ დაძინებას. ბოროტად არ გამოვიყენებ შენს სტუმართმოყვარეობას.
ორ წუთს არც გაუვლია, რომ გიჟივით ხვრინვა ამოუშვა. მე კი ვიწექი სიბნელეში და ვცდილობდი არ მეფიქრნა, როგორ იყვნენ მოყუჟულნი იმ ოხერი ედ ბენკის მანქანაში ჯეინი და სტრედლეიტერი. ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. უბედურება ის იყო, რომ მშვენივრად ვიცოდი, რა გაქნილიც ბრძანდებოდა სტრედლეიტერი. და ეს კიდევ უფრო მიშხამავდა გუნებას. ერთხელ, სწორედ იმ ედ ბენკის მანქანაში ვსხედვართ და თან ჩვენი გოგოები გვახლავს. სტრედლეიტერი და მისი გოგო უკან სხედან, მე კი წინ ვზივარ და გოგოც გვერდითა მყავს, ჰოი, რა გაქნილი ვაჟბატონი ბრძანდებოდა. რომ მიანაზა ხმა და მოხსნა გუდა, სულიც აღარ მოათქმევინა გოგოს... თან რა გულითადი ხმით ელაპარაკება, ვითომდა - მარტო ლამაზი და მოხდენილი კი არა ვარ, ისედაც ალალი ბიჭი გახლავარო. ლამის გული ამერია, მისი სიტყვები რომ გავიგონე. გოგოს კი - არა და არაო, დაუჟინია. ნუო, ნუ გინდაო. მაგას ნუ იზამო. მაგრამ ერთი რომ დაიქოქა სტრედლეიტერი, სული აღარ მოათქმევინა. ისე მინაზებული და გულითადი ხმით ელაქუცებოდა - გეგონებოდა, აბრამ ლინკოლნი გამოგვეცხადაო. მერე ერთბაშად გაიტრუნენ მანქანის უკანა სავარძელში. ძაან უხერხული იყო. არა მგონია, იმ დღეს რამე ექნას იმ გოგოსთვის, მაგრამ არც რამე დაუკლია. ნამდვილად არ დაუკლია.
ვიწექი და ვცდილობდი, ამეებზე არ მეფიქრა. უცებ გავიგონე, როგორ შემოვიდა პირსაბანიდან სტრედლეიტერი, როგორ მიჰყარ-მოჰყარა თავისი ბინძური პირსაბანი მოწყობილობა და ფანჯარა გამოაღო. სუფთა ჰაერის გიჟი იყო. ცოტა ხნის შემდეგ სინათლეც ჩაქრო. არც კი მიუხედ-მოუხედავს, ნეტა სად წავიაო.
ქუჩაშიაც გულისგამაწყალებელი სიჩუმე იყო. მანქანის ხმასაც კი ვერ გაიგონებდი. ისეთი სიმარტოვე ვიგრძენი და ისე მომეწურა გული, რომ ეკლის გაღვიძება გადავწყვიტე.
- ჰეი, ეკლი! ჩურჩულით გადავძახე, რომ ფარდებს იქით სტრედლეიტერს არ გაეგონა.
მაგრამ ეკლიმ ვერ გაიგონა.
- ჰეი, ეკლი!
ვერც ახლა გავაგონე. მკვდარივით ეძინა.
- ჰეი, ეკლი!
როგორც იქნა, გაიგონა.
- რა ჯანდაბა მოგივიდა? - თქვა მან, - ძლივს ჩამეძინა.
- მოიხედე, მონასტერში როგორ უნდა შევიდეს კაცი? - ვკითხე მე. უცებ გადავწყვიტე მონასტერში შევსულიყავი, - უსათუოდ კათოლიკე უნდა იყო, თუ არა?
- ალბათ. ამისთვის გამაღვიძე, შე ნაბიჭვარო, შე...
- კარგი ერთი, ისევ დაიძინებ. სულერთია, მაინც არ წავალ მონასტერში. იმისთანა იღბალი მაქვს, რომ ყველაზე საშინელ ბერებთან მოვხვდები. რაც ქვეყანაზე შტერები და ნაბიჭვრებია, სულ იქ იქნებიან თავმოყრილი.
ვთქვი თუ არა ეს, ეკლი გველნაკბენივით წამოხტა ლოგინიდან.
- იცი რა გითხრა, - თქვა მან, - პირადად ჩემზე რამდენიც გენებოს ილაპარაკე, მაგრამ ჩემი რელიგიის გამასხარავება თუ დაიწყე...
- დამშვიდდი, კაცო, ვის რაში სჭირდება შენი ოხერი რელიგიის გამასხარავება.
ელის ლოგინიდან წამოვდექი და კარებისაკენ გავემართე. ვეღარ გავძელი იმ სიმყრალეში. ეკლისთან შევჩერდი, მისი ხელი ავიღე და მაგრად ჩამოვართვი. სწრაფად გამომტაცა ხელი.
- რა დაგესიზმრა? - მკითხა მან.
- არაფერიც არ დამსიზმრებია. მადლობა მინდა გითხრა, ასეთი დიდებული პრინცი რომ ხარ. ეგ არის და ეგ, - ისე გულწრფელად ვუთხარი!.. ყოჩაღი ბიჭი ხარ, ეკლი, ბალღო! - განვაგრძე მე, - იცი, რა ყოჩაღი ბიჭი ხარ!
- დიდი ჭკუის კოლოფი მყავხარ! ერთხელაც იქნება, გაგიხეთქავენ მაგ გოგრას და...
აღარ შემიწუხებია თავი მისი ლაპარაკის მოსასმენად. გამოვიუხრე კარები და დერეფანში გამოვედი.
ზოგს ეძინა, ზოგი სადღაც იყო გასული, ზოგიც შინ გამგზავრებულიყო, და დერეფანში საშინელი, გულისშემაღონებელი სიჩუმე იდგა. ლეჰისა და ჰოფმანის კარებთან კბილის პასტის დაცარიელებული კოლოფი ეგდო. გავკარი ჩემი ბეწვშემოვლებული ფოსტლების ჭვინტი და წინ გავიგდე. თან კიბისაკენ მივდიოდი, თან ფეხსა ვკრავდი. გადავწყვიტე, ქვევით ჩავსულიყავი და ჩემი ძველი მელ ბროსარი მომენახულებინა - აბა ერთი რას აკეთებს-მეთქი. მაგრამ ერთბაშადვე გადავიფიქრე. უცებ გადავწყვიტე, ავმდგარიყავი და პენსი სულ მიმეტოვებინა... მაშინვე, იმღამესვე. ოთხშაბათამდე რაღა ჯანდაბისთვის უნდა მეცადა რა უნდა მეკეთებინა? გული დამიმძიმდა, საშინელი მარტოობა დამეუფლა. ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, ნიუ-იორკში ჩავსულიყავი და სასტუმროში ოთახი დამეჭირა... რომელიმე იაფფასიან სასტუმროში... მულერთი იყო, ოთხშაბათამდე იოლას გავიდოდი. დავისვენებდი კიდეც მანამდე, გუნებაც გამომიკეთდებოდა და შინ ისე მივიდოდი. ჩემის ვარაუდით, დედაჩემსა და მამაჩემს სამშაბათ-ოთხშაბათამდე არც უნდა მიეღოთ თარმერისაგან ჩემი გამოპანღურების ამბავი. არ მინდოდა შინ დაბრუნება მანამ წერილს მიიღებდნენ და ამ ამბავს შეურიგდებოდნენ. რა სასიამოვნო იყო შინ ყოფნა, როცა პირველად წაიკითხავდნენ წერილს! დედაჩემს ისტერიკა ემართება ხოლმე. მერედამერე არა უშავს, როცა შეეჩვევა და შეეგუება. მე კიდე ცოტა დასვენება მჭირდებოდა. ნერვები სულ მოშლილი მქონდა, საშინლად გაღიზიანებული ვიყავი.
ერთი სიტყვით, ასე ვამჯობინე. ოთახში შევბრუნდი, სინათლე ავანთე და ბარგის ჩალაგებას შევუდექი. ბევრი რამე უკვე ჩალაგებული მქონდა. სტრედლეიტერს არც კი გაუღვიძია. სიგარეტი გავაბოლე, ჩავიცვი და მერე ჩემი ორი ჩემოდანი ჩავალაგე. ორიოდ წუთში მოვრჩი. ხელად ვალაგებ ხოლმე ბარგს.
ჩალაგების დროს, ცოტა არ იყოს ერთმა რამემ დამაღონა. სულ ახალთახალი ციგურები ჩავაწყვე ჩემოდანში, დედაჩემმა ორიოდე დღის წინ გამომიგზავნა. წარმოვიდგინე, როგორ შედის დედაჩემი სპორტულ მაღაზიაში, ათას სულელურ რაღაცას ეკითხება ნოქარს... მე კი აგერ გამომაპანჩურეს! საშინლად დამწყდა გული. სულ ასე არ მემართება! რამეს მაჩუქებენ და საბოლოოდ უსათუოდ გული უნდა დამწყდეს ხოლმე.
ჩალაგებას რომ მოვრჩი, ფული დავითვალე. კარგად არ მაგონდება, რამდენი მქონდა, მაგრამ ისე ბლომად იყო. სწორედ წინა კვირაში გამომიგზავნა ბებიაჩემმა. ბებია მყავს - სულ არ ენანება ფული. მთლად დალაგებული ვერ არის ჭკუაზე - გადამღრძვალი დედაბერია - და წელიწადში ბარე ოთხჯერ მიგზავნის დაბადების დღეზე ფულს. ერთი სიტყვით, ფული ბლომად მქონდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე - ზედმეტი ვის მოსჭარბებია-მეთქი, რა იცი, რაში დამჭირდება. ასე რომ, დერეფანს დავუყევი და ფრედერიკ ვუდრაფი გავაღვიძე. ჩემი საბეჭდი მანქანა იმას ჰქონდა. რამდენს მომცემ მაგ მანქანაში-მეთქი, ვკითხე. კაი შეძლებული ბიჭ იყო. არ ვიციო, მითხრა. მართალი თუ გინდა, ყიდვას არც ვაპირებდიო. ბოლოს მაინც იყიდა. ორმოცდაათამდე დოლარი ღირდა, მაგრამ ოცზე მეტი არ მომცა. განაწყენებულიც კი დამირჩა - რას გამაღვიძეო.
წასასვლელად რომ გავემზადე, - როცა ჩემოდნებიც ჩავალაგე და ყველაფერი, - კიბის თავში შევდექი და უკანასკნელად გავხედე იმ ოხერ დერეფანს. ტირილი მომერია. არ ვიცი, რატომ. ჩემი წითელი სანადირო ქუდი დავიხურე, კარტუზი უკან მოვაქციე ჩემებურად და რაც ძალი და ღონე მქონდა, დავიღრიალე: `მაგრად იძინეთ, თქვე კრეტინებო!~ თუნდა სანაძლეოს ჩამოვალ, რაც ჩემს სართულზე ნაბიჭვრები იყო, სულ გავაღვიძე. ვიღრიალე და კიბეზე დავეშვი. ვიღაც ჩერჩეტს საფეხურებზე თხილის ნაჭუჭები დაეყარა და კისერი კინაღამ მოვიტეხე.

8

ტაქსს ან რამე სად იშოვიდი ამ შუაღამისას და ისევ ფეხით დავადექი სადგურის გზას. შორს არ ყოფილა მაინცდამაინც, მაგრამ საშინლად ციოდა და ძნელი სასიარულო იყო თოვლზე. ახლა ეს ოხერი ჩემოდნებიც! ფეხებზე მედებოდა. თუმცა გარეთ გამოსვლა და სუფთა მაინც მესიამოვნა. ეგ იყო, რომ ცხვირიც წამეყინა, და ტუჩებიც. სტრედლეიტერმა მომარტყა სწორედ ამ ადგილას. ისე მდრუზა, რომ ტუჩი კბილს მიასრისა, და ახლა მაგრად მტკიოდა. ყურები კი თბილად მქონდა შეფუთნული. ჩემს ახალნაყიდ ქუდს გამოსაშვები საყურეები ჰქონდა და ჩამოვიფარე - ფეხებზე არ მეკიდა, რა შესახედავიც ვიქნებოდი! თანაც კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ყველა ლოგინში იყო შეყუჟული.
იღბლად, დროზე მივედი სადგურში, ათი წუთიღა აკლდა მატარებლის გასვლას. მანამ მატარებელს ვუცდიდი, პეშვით თოვლი ავიღე და სახე მოვიბანე - სულ სისხლი მქონდა შემხმარი.
მიყვარს მატარებდით მგზავრობა. განსაკუთრებით ღამით. ვაგონი გაჩახჩახებულია, ფანჯრები ჩაბნელებული, აგერ ბიჭი შემოდის და შემოაქვს ყავა, სენდვიჩები და ჟურნალები. მე ჩვეულებად მაქვს - ლორის სენდვიჩსა და სამ-ოთხ ჟურნალს ვიყიდი ხოლმე. მატარებელში როცა ვარ, ღამე, ჟურნალებში დაბეჭდილი სულელური მოთხრობებიც კი შემიძლია წავიკითხო - არც გული ამერევა და არც არაფერი. თქვენც გეცოდინებათ ეს მოთხრობები. სახეჩამოგრძელებული ქლესა ბიჭები რომ ჰყავთ გამოყვანილი, ყველას დავითი ჰქვია, და იქვე თვალთმაქცი გოგოებიც არიან - ლიდა თუ მარსია ჰქვიათ. და იმ ოხერ დავითს წარამარა ცეცხლს უკიდებენ ჩიბუხზე. მატარებელში ამისთანა ნაგავსაც კი წაიკითხავთ ღამით. მაგრამ ახლა ნურას უკაცრავად, აღარ მქონდა კითხვის თავი. ვიჯექი გამოლენჩებული და არაფერს არ ვაკეთებდი. ერთადერთი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ სანადირო ქუდი მოვიხადე და ჯიბეში შევინახე.
ტრენტონში ვიღაც ქალი ამოვიდა გვერდში მომიჯდა. ვაგონი ამ შუაღამისას თითქმის ცარიელი იყო, მაგრამ ეს ქალი თავისუფალ სკამზე კი დაჯდა, მე მომიჯდა გვერდში, რადგან ვეებერთელა ჩანთა ჰქონდა, მე კი წინა სკამზე ვიჯექი. აიღო და პირდაპირ გასასვლელში გამოდგა ეს ჩანთა. ვისაც არ უნდა გაევლო - კონდუქტორი იქნებოდა თუ სხვა ვინმე - უსათუოდ ფეხს წამოჰკრავდა. ეტყობოდა, რაღაც დიდი მეჯლისიდან თუ კამპანიიდან ბრუნდებოდა, და თან ჯადვარის თაიგული მოჰქონდა. ორმოცი-ორმოცდახუთი წლისა იქნებოდა, მაგრამ ძალიან ლამაზი კი იყო. ქალებმა მომიღეს ბოლო. ღმერთმანი. იმას კი არ ვამბობ, თითქოს დიდი მუსუსი და ქალებს გადაყოლილი ვიყო, მაგრამ ვნებიანი ნამდვილად ვარ. ერთი სიტყვით, მომწონს ქალები. მუდამ გასასვლელში უნდა გამოდონ ხოლმე თავიანთი ოხერი ჩანთები.
ვსხედვართ და უცებ მეუბნება:
- ბოდიშს კი ვიხდი, მაგრამ ეს მგონი პენსის ნიშანი უნდა იყოს, არა?
ზემო ბადეზე შემოდებულ ჩემს ჩემოდნებს შეჰყურებდა.
- დიახ, - მივუგე მე. ერთს ჩემ ჩემოდანს მართლაც ეკრა პენსის ნიშანი.
- აჰ, მაშ პენსის სკოლაში სწავლობთ? - მკითხა მან. მშვენიერი ხმა ჰქონდა. ტელეფონში ისმის ხოლმე სასიამოვნოდ ასეთი ხმა. თან უნდა ატაროს ტელეფონი.
- დიახ, იქა ვსწავლობ, - ვუთხარი მე.
- უჰ, რა სასიამოვნოა! ჩემი ბიჭიც გეცნობათ, ალბათ, ერნესტ მოროუ. ისიც პენსიში სწავლობს.
- დიახ, ვიცნობ. ერთ კლასში ვართ.
რაც ეს ბინძური სკოლა არსებობს, ამის შვილზე საზიზღარ ნაბიჭვარს ალბათ ჯერაც არვის შემოუდგამს ფეხი იქ. შხაპქვეშ რომ იბანავებდა, დერეფანში გამოვიდოდა და თავისი სველი პირსახოცით დაერეოდა ყველას. აი, იმისთანა ვაჟბატონი გახლდათ.
- რა სასიამოვნოა! - თქვა მან. მაგრამ ლაქუცით არ უთქვამს. მომხიბლავი ქალი იყო. - უსათუოდ ვეტყვი ერნესტს. არ შეიძლება, თქვენი გვარი გავიგო?
- რუდოლფ შმიდტ, - პირდაპირ მივახალე. არავითარი სურვილი არა მქონია, ჩემი ვინაობა გამეცნო მისთვის.; რუდოლფ შმიდტი ჩვენი კორპუსის შვეიცარი იყო.
- გიყვართ პენსი? - მკითხა ქალმა.
- პენსი? არა უშავს რა. სამოთხეა-მეთქი, ვერ ვიტყვი და ვერაფერი, მაგრამ სხვა სკოლებსაც არ ჩამოუვარდება. ზოგი მასწავლებელი საკმაოდ კეთილსინდისიერია.
- ერნესტი პირდაპირ აღმერთებს.
- ვიცი, - დავეთანხმე მეც. და იცოცხლე. მოვხსენი თავი ტყუილების გუდას. სული აღარ მოვათქმევინე, - ძალიან საყვარელი კაცია. ღმერთმანი. მე ის მინდა გითხრათ, რომ ყველას ადვილად ეთვისება, იცის ვისთან როგორ დაიჭიროს თავი.
- მართლა? - გაფაციცებით მკითხა. ეტყობოდა, ძალიან დაინტერესდა.
- ერნესტი? რასა ბრძანებთ! - მივუგე მე. მერე ვხედავ, ხელთათმანებს იძრობს. ჰოი, ბიჭო, რა ბეჭდები ჰქონდა.
- ახლა გავიფუჭე ფრჩხილი, ტაქსიდან რომ გადმოვდიოდი, - მითხრა მან. შემომხედა და გამიღიმა. ძალიან უხდებოდა ღიმილი. ღმერთმანი. ხალხი ხომ საერთოდ სულაც არ იღიმება. ან თუ გაიღიმებს, სიცოცხლეს შეგაძულებს, - მე და ერნესტის მამას კი ძალიან გვაწუხებს მისი ამბავი, - განაგრძო, - თითქოს შემგუებელი ვერ არისო, ზოგჯერ გვეჩვენება.
- როგორ?
- როგორ გითხრათ. ძალიან მგრძნობიარე ყმაწვილია. ბიჭებთან მეგობრობას რაღაცნაირად ვერასოდეს ვერ ახერხებს. იქნებ ზედმეტი სერიოზულობით მოსდის. მისი ასაკისათვის შეუფერებელი სერიოზულობით.
`მგრძნობიარეაო!~ ამან მომსპო. ფეხსადგილის ფიცარი უფრო მგრძნობიარე იქნება, ვიდრე ეს ვაჟბატონი, ეს მოროუ!
კარგად შევათვალიერე. სულ არ ჰგავდა შტერს. შესახედად ისეთი ქალი იყო, თითქოს უნდა სცოდნოდა, რა ნაბიჭვარის დედაც ბრძანდებოდა, მაგრამ დედებს რას გაუგებ. ცოტად თუ ბევრად, ყველა დედა შერყეულია. მოროუს დედა კი, მართალი თუ გინდათ, მომეწონა. კარგი ქალი იყო.
- სიგარეტს ხომ არ ინებებთ? - ვკითხე მე.
მიიხედ-მოიხედა.
- არ ამგონია, ეს ვაგონი მწეველების იყოს, რუდოლფ, - თქვა მან. `რუდოლფ~ - ამან მომიღო ბოლო.
- არა უშავს რა. მანამ გვიყვირებენ, შეგვიძლია მოვწიოთ. - ვუთხარი. სიგარეტი გამომართვა. მე მოვუკიდე.
პაპიროსმა კიდევ უფრო დაამშვენა. ნაფაზსაც არტყამდა და ყველაფერი, მაგრამ ისე გამწარებით არა, ამ ხნის ქალებმა რომ იციან. ძალიან მომხიბლავი იყო. ქალური მიმზიდველობაც ჰქონდა, მართალი თუ გინდათ.
- იქნებ ვცდებოდე, მაგრამ, მგონი ცხვირიდან სისხლი უნდა გდიოდეთ, გენაცვალე, - მითხრა მან.
მე თავი დავუქნიე და ცუხვირსახოცი ამოვიღე.
- თოვლის გუნდა მომხვდა. - ვთქვი, - საშინლად გაყინული.
განა სიმართლეს არ ვეტყოდი, მაგრამ ამის მოყოლას ბევრი წილადობილა დასჭირდებოდა. ძალიან არ მომეწონა, რაც მართალია მართალია. ბოლოს გული დამწყდა, რომ ნამდვილი სახელი და გვარი არ ვუთხარი.
- ერნი, ერნი, - ვთქვი მე, - იქნებ არც კი იცოდეთ: თვალში რომ ჩაუვარდეთ, თითს არ ამოისვამენ მთელს სკოლაში, ისე უყვართ.
- ეგ არ ვიცოდი.
მე თავი დავუქნიე.
- პირველად უკარება ჩანს - დიდხანს ვერ დაუახლოვდები. საოცარი კაცია. ახირებული ხასიათი აქვს... ხომ გამიგეთ? თუნდაც მე რომ გავიცანი. ჯერ რაღაცნაირი გაბღენძილი მომეჩვენა. თავში მომეჩვენა ასე. მაგრამ სულ სხვა გამოდგა. რაღაცნაირი თავისებური კაცია, და ერთბაშად ვერ გაიცნობ.
მისის მოროუ გაიტრუნა. კრინტი არ დაუძრავს, მაგრამ, ჰოი ბიჭო, ერთი უნდა შეგეხედათ, როგორ მივაკარი ადგილს. დედების ამბავი ხომ იცით - ოღონდ შვილი უქეთ, და მეტი არა უნდათ რა.
ახლა კი მთლად ავიშვი და ავიწყვიტე.
- არჩევნებზე არაფერი უთქვამს? - ვკითხე მე, - კლასის არჩევნებზე?
თავი გააქნია. ეტყობა, სულ მოვაჯადოვე ეს ქალი. ღმერთმანი.
- თითქმის ყველას, ერთხმად, კლასის მამასახლისად გვინდოდა აგვერჩია. და თუ მართალი გნებავთ, მასავით სხვა ვერავინაც ვერ გაუძღვებოდა საქმეს, - ჰოი ბიჭო, რა ავიწყვიტე! - მაგრამ სხვა აირჩიეს - ჰარი ფენსერი. რატომ, არ იკითხავთ?! სულ უბრალო და მარტივი მიზეზის გამო - არასდიდებით არ დაგვასახელებინა თავი. ნამეტანი მორცხვი და მოკრძალებულია. თავი მოიკლა, არ მინდაო... ჰოი ბიჭო, რა მორცხვია! როგორმე უნდა გადააჩვიო, - შევხედე, - თქვენთვის არ უამბნია?!
- არა, არაფერი არ უთქვამს.
თავი დავაქნიე.
- აკი ვამბობ. რას გეტყოდათ! მისი ერთადერთი ნაკლი ეგ არის - ნამეტანი მორცხვი და მოკრძალებულია. უნდა გააჩვიოთ თანდათანობით.
ამ დროს კონდუქტორი მოგვადგა მისის მოროუს ბილეთის გასასინჯად და მეც გაჩუმების საბაბი მომეცა. თუმცა ჩემი თავის კმაყოფილი ვიყავი, რომ ამდენი რამე წამოვროშე. მოროუსთანა
ვაჟბატონები - სველ პირსახოცს რომ გირტყამენ ხოლმე და უნდათ როგორმე გაგამწარონ - მარტო ბავშვობაში კი არ არიან ლაჩრები, მთელ თავიანთ დღეს და მოსწრებას ლაჩრობაში ატარებენ. მაგრამ, თუნდა სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ჩემი მონაჭორის შემდეგ, მისის მოროუ თავს შვილს ყოველთვის მეტისმეტად მორცხვ და მოკრძალებულ ყმაწვილად წარმოიდგენს. ეხუმრებით - კლასის მამასახლისადაც კი არ დაგვასახელებინა თავი. ნამდვილად ასე იქნება. ასეა. დედას ადვილად მოატყუებ ამისთანა რამეებით.
- კოკტეილს არ ინებებთ? - ვკითხე მე. თვითონვე მომინდა კოკტეილი, - შეგვიძლია ვაგონ-რესტორანში გავიდეთ. არ გნებავთ?
- ჰო, მაგრამ, გენაცვალე, სასმელის დაკვეთის ნება გაქვთ? - მკითხა მან. ოღონდ ცხვირაბზეკით კი არა. ისეთი მომხიბლავი ქალი იყო, არც შეიძლებოდა ცხვირაბზეკით ეთქვა.
- არა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მაინც ვახერხებ, სიმაღლენ მიწყობს ხელს, - ვუპასუხე მე, - თანაც ჭაღარაცა მაქვს, - თავი მოვაბრუნე და თეთრი თმა ვაჩვენე. დამის გავაგიჟე. - წავიდეთ, ხათრს ნუ გამიტეხთ, ვითომ რატომ არ უნდა დალიოთ! - ძალიან მომინდა მასთან ერთად დალევა.
- არა მგონია, საჭირო იყოს. დიდი მადლობელი ვარ, გენაცვალე, - თქვა მან, - ვაგონ-რესტრანიც, ალბათ, დაკეტილი იქნება. ძალიან გვიან არის. - სულ გადამავიწყდა, რა დრო იყო.
მერე შემომხედა და სწორედ ის მკითხა, რისიც ყველაზე უფრო მეშინოდა.
- ერნესტი მწერდა, ოთხშაბათს ჩამოვალო, საშობაო არდადეგები ოთხშაბათს გვეწყებაო. იმედია, ავად არავინ გაგხდომიათ...
ეტყობა, მართლაც შეაწუხა ამის გაფიქრებამ. მოსაჩვენებლად კი არა, ზედვე ეტყობოდა, რომ ნამდვილად შეწუხდა.
- არა, შინ ყველანი კარგად არიან, - მივუგე მე, - მე თვითონა ვარ საოპერაციო.
- უი, რას მეუბნებით! რა სამწუხაროა! - თქვა მან. მართლაც, ძალიან შეწუხდა. მეც შევწუხდი, რატომ ვიცრუე-მეთქი, მაგრამ უკვე გვიანღა იყო.
- ისეთი არაფერია. ტვინზე პატარა სიმსივნე მაქვს.
- კარგით ერთი! - ხელი უცებ ტუჩებზე მიიფარა.
- ოჰ, ეგ არაფერი, გავუძლებ! გან შიგ ტვინში - ქერქზე მაქვს სიმსივნე, და ისიც ერთი ბეწო. ორ წუთში ამომკვეთავენ.
ჯიბიდან განრიგი ამოვიღე და კითხვა დავიწყე. მინდოდა ამ ტყუილების როშვისათვის ბოლო მომეღო. ერთი თუ ავაწყვე და თუკი არ მომბეზრდა, საათობით შემიძლია ვიქაქანო. არ გეხუმრებით, საათობით!
ამის შემდეგ ბევრი აღარ გვილაპარაკია. მისის მოროუს `ვოგი~ ჰქონდა თან და იმაში ჩარგო თავი. მე კი ერთხანს ფანჯარაში ვიყურებოდი. იგი ნიუ-იორკში ჩამოხტა. ჯანმრთელობა მისურვა, ოპერაციას კარგად ჩაევლოსო. სულ რუდოლფს მეძახდა. მერე დამპატიჟა კიდეც - ამ ზაფხულს ერნის ეწვიე გლოსტერში, მასაჩუსეტშიო. ჩვენი სახლი პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს, თან ჩოგბურთის კორტიც გვაქვსო; მაგრამ მადლობა გადავუხადე - ბებიაჩემს სამხრეთ აფრიკაში უნდა გავყვე-მეთქი. ისევ ტყუილი გამოვაცხვე: ბებიაჩემი ათასში ერთხელ თუ გაბობღდება შინიდან, და ისიც წირვაზე წასასვლელად, მაგრამ ქვეყნის ფულიც რომ მომცენ, იმ გარეწარ მოროუს მაინც არ ვესტუმრები, თუნდაც სულ უსახლკარო ვიყო.

9

ჩამოვხტი თუ არ აპენსილვანიის სადგურზე, მაშინვე ტელეფონის ჯიხურს ვეცი. მინდოდა, ვინმესთვის დამერეკა. ჩემოდნები იქვე დავაწყვე, ჯიხურიდან რომ მეცქირა. მაგრამ ჯიხურში რომ შევედი, ისეთი ვეღარავინ მოვიგონე, რომ დამერეკა. ჩემი ძმა დ.ბ. ჰოლივუდში იყო. ჩემი პატარა და - ფიბი - ცხრაზე უკვე ლოგინშია, როგორღა დავრეკავდი! გაღვიძებისათვის კი არ გამიბრაზდებოდა, მაგრამ მარტო ის ხომ არ იყო სახლში. ან დედაჩემი მოვიდოდა ტელეფონთან ან მამაჩემი. ასე რომ, შინ ვერ დავრეკავდი. ერთი პირობა ვიფიქრე, ჯეინ გადაჰერის დედას დავურეკავ და ვკითხავ, ჯეინს არდადეგები როდის ეწყება-მეთქი, მაგრამ აღარ დამიჯდა ჭკუაში, ჯერ ერთი, ამ შუაღამისას დარეკვაც უხერხული იყო. მერე გადავწყვიტე, იმ გოგოსთვის დამერეკა, რომელსაც ხშირად ვხვდებოდი ხოლმე - სალი ჰეისს, ვიცოდი, სკოლიდან უკვე დათხოვილი იყო საშწობაოდ, თვითონვე მომწერა უშველებელი ბითური წერილი, მეპატიჟებოდა: მესტუმრე და ნაძვის ხე მომართვევინეო. მაგრამ შემეშინდა, ვაითუ დედამისი მოვიდეს ტელეფონთან-მეთქი. დედამისი დედაჩემს იცნობდა, და თვალნათლივ წარმომიდგა, რა კისრისტეხით მივარდებოდა ტელეფონს და ხელადვე შეატყობინებდა, შენი ბიჭი ნიუ-იორკშიაო. ამას გარდა, იმ დედაბერ მისის ჰეისთან საუბარიც ვერაფერი სასიამოვნო იყო. ერთხელ სალის უთხრა თურმე ჩემზე - ველურიაო. ველურია და თანაც ცხოვრებაში არავითარი მიზანი არ გააჩნიაო. მერე კარლ ლიუსსთან დარეკვა დავაპირე - მე და ის ბიჭი ჰუტონის სკოლაში ვსწავლობდით ერთად. მაგრამ მზე არასოდეს ამომდიოდა მასზე. ასე რომ, საბოლოოდ აღარავისთვის დამირეკია. ასე. ოცი წუთის შემდეგ ჯიხურიდან გამოვედი, ჩემოდნები ავიღე, გვირაბში გავძვერი და ტაქსის გაჩერებასთან ტაქსი დავიჭირე.
ისეთი დაბნეული კაცი ვარ, რომ შოფერს ბინის მისამართი მივეცი, ალბათ ჩვეულების მიხედვით - სულ გადამავიწყდა, რომ არდადეგების დაწყებამდე ორი დღე სასტუმროში უნდა გამეტარებინა. შუა პარკს რომ მივაღწიე, მაშინღა გამახსენდა.
- ეი, - ვუთხარი შოფერს, - სადაც მოგიხერხდეს, მოაბრუნეთ მანქანა, შეცდომით სხვა მისამართი გითხარით. ქალაქის ბოლოში უნდა გავიდეთ.
კაი გაქნილი შოფერი შემხვდა.
- აქ ვერსად ვერ მოვაბრუნებ, მაკ. ცალმხრივი მოძრაობაა. მეცხრამეტე ქუჩაზე უნდა გავიდეთ.
ჩხუბს ხომ არ დავუწყებდი.
- აგრე იყოს. - ვუთხარი მე და უცებ რაღაც მომაგონდა: - ერთი ეს მითხარით, ცენტრალური პარკის სამხრეთით რომ ტყაა, იმაში იხვები თუ გინახავთ? აი, პატარა ტბა რომაა? შემთხვევით ხომ არ იცით, სად მიდიან ის იხჯვები, ტყა რომ იყინება? იქნებ ყური გქონდეთ მოკრული.
მართლაც შემთხვევით თუ ეცოდინებოდა.
თავი მოატრიალა და ისე შემომხედა, თითქოს გიჟი ვყოფილიყო.
- შენ რა, დამცინი ძმობილო? მაპამპულებ?
- არა, მართლა მაინტერესებს, რატომ უნდა დაგცინოთ!
აღარაფერი უპასუხნია და არც მე მითქვამს რამე. პარკს რომ გავცდით და მეცხრამეტე ქუჩაზე გავედით, ისევ მომიბრუნდა.
- ახლა საით, ძმობილო?
- აქეთ ნაცნობების შეხვედრას ვერიდები და ამიტომ ისტ საიდის სასტუმროში არ ჩამოვხტები. ინკოგნიტოდ ვმოგზაურობ, - ვუთხარი მე. ძალიან კი მეჯავრება ამისთანა გაცვეთილი სიტყლვები - `ინკოგნიტოდ ვმოგზაურობ~ და ამისთანები. მაგრამ შტერს რომ გადაეყრები, შენც შტერულად უნდა ილაპარაკო. - შემთხვევით ხომ არ იცით, რა ორკესტრი გამოდის ან ტაფტში ან ნიუ-იორკერში?
- ახრზე არა ვარ, მაკ.
- კარგი... მაშ `ედმონტში~ წამიყვანეთ, - ვუთხარი მე, - გზაში იქნებ სალმე გამიჩეროთ და კოკტეილი დავლიოთ. ჩემს ხარჯზე. ფული ჩეჩქვივითა მაქვს.
- არ შემიძლია, მაკ, ბოდიშს გიხდი.
კაი თანამგზავრი კი შემხვდა, თქვენ ნუ მომიკვდეთ. დიდებული პიროვნება!
მივადებით სასტუმრო `ედმონტს~ და მე ოთახი გავიფორმე. ტაქსში რომ ჩავჯექი, ჩემი წითელი სანადირო ქუდი დავიხურე - ისე, თავშესაქცევად. სასტუმროში რომ შევედი, ისევ მოვიხადე, გიჟი არავის ვეგონო-მეთქი. სასაცილო კია. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ეს ოხერი სასტუმრო სულ კრეტინებით და გაფუჭებული ხალხით იყო გამოტენილი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გიჟს შეხვდებოდი.
ერთი საძაგელი ოთახი მომცეს, ფანჯრიდან, სასტუმროს მეორე კორპუსის კედლის გარდა, არაფერი არა ჩანდა. მაგრამ რა მენაღვლებოდა: ძაღლის გუნებაზე ვიყავი და გახედვის თავი ვიღას ჰქონდა, თუნდაც ძალიან ლამაზი ხედი ყოფილიყო. დერეფნის მორიგემ, სამოცდახუთი წლის ბერიკაცმა, ნომერი გამიღო. რაღა ჩემი ოთახი და რაღა ეს ბერიკაცი - ამის დანახვაზე კიდევ უფრო მომეწურა გული. პოსლიკა იყო და, ბევრი მელოდი ვაჟბატონის მსგავსად, მოტვლეპილი თავის დასაფარად, ამას საფეთქლებიდან და კინჩხიდან წამოეღო თმა. ამისთანა ქოჩორს ისევ კოტორა თავი მირჩევნია! საერთოდ, რა ბერიკაცის საქმეა ასეთი სამსახური - უნდა ათრიო ჩემოდნები და უცადო, რს მაჩუქებენო! ალბათ სხვაგან არსად გამოდგებოდა. საშინელება კი იყო.
ის რომ წავიდა, ერთხანს ფანჯარასთან დავდექი პალტოსგაუხდელად და ყურება დავიწყე. საქმე არაფერი მქონია. რომ დაგენახათ, სასტუმროს იქითა კორპუსში რა ხდებოდა, თმა ყალყზე დაგიდგებოდათ. ფარდის ჩამოშვებისთვის თავი არც კი შეუწუხებიათ. ერთი ჭაღარაშერთული და კარგი შესახედავი კაცი ტრუსების ამარ დატანტალებდა ოთახში და ისეთ რამეებს აკეთებდა, არც დამიჯერებთ რომ გითხრათ. ჯერ აიღო და ჩემოდანი ლოგინზე დადო. მერე ამოალაგა და ამოალაგა ქალის ტანსაცმელი, და თვითონ ჩაიცვა, ნამდვილი ქალის ჩასაცმელები - აბრეშუმის ყეკლიანი წინდები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, ბიუსტგალტერი და რაღაცნაირი კორსეტი, ზედ რეზინები რომ ჩამოკონწიალებთ ხოლმე. ბოლოს ტანზე შემოტმასნილი შავი, საღამური ვიწრო კაბა გადაიცვა. ღმერთმანი. მერე კი ოთახში ბაკა-ბუკს მოჰყვა ქალის ნაბიჯებით, თან სიგარეტს აბოლებდა და სარკეში იყურებოდა. სულ მარტოკა იყო, თუ სააბაზნოში არა ჰყავდა ვინმე. ეს ვეღარ შევამჩნიე. ზედ იმის თავზე, ზემო სართულის ფანჯარაში ვიღაც კაცი და ქალი პირით წყალს ასხამდნენ ერთმანეთს. იქნებ წყალი არც კი იყო, და კოკტეილს ასხურებდნენ. ვერ შევნიშნე, რა ჰქონდა ჭიქაში. ჯერ კაცი გაივსებდა პირს და შეასხურებდა, მერე - ქალი. რიგრიგობით ასხურებდნენ. ღმერთმანი, ერთ ნახვად ღირდა. იცინოდნენ, იცინოდნენ - ისტერიკა დაემართათ. გეგონებოდა, ამაზესასაცილო აღარაფერი უნახავთო. არ გეხუმრებით. სულ შტერებით იყო სასტუმრო გამოტენილი. მთელს შენობაში ერთადერთი ნორმალური კაცი ალბათ მე ვიყავი. ამის შემდეგ თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, როგორ ყოფილა საქმე. ცოტას გაწყდა, დეპეშა არ გავუგზავნე სტრედლეიტერს, პირველივე მატარებელს ჩამოჰყევი ნიუ-იორკში-მეთქი. მთელი სასტუმროს მეფე გახდებოდა.
უბედურება ის არის, რომ უნდა დადგე და, გინდა თუ არა, ამისთანა უხამსობას უყურო. თუნდაც ის გოგო ავიღოთ, წყალს რომ ასხურებდნენ სახეში; მშვენიერი შესახედავი იყო. ჩემი უბედურებაც ეგ არის. გულში ალბათ დიდი გაფუჭებული ადამიანი ვარ. ჩემისთანა გარყვნილი კაცი არც გეყოლებათ ნახული. ზოგჯერ ისეთ სიბინძურეს გავიფიქრებ... და თვითონვე შემიძლია გავაკეთო, შემთხვევა რომ მომეცეს. ისიც კი მშვენიერ გასართობ და თავშესაქცევ ამბად მეჩვენება, ორივენი მთვრალები იყვეთ და გოგოს სახეში დაუწყო წყლის პურჭყება, - წყალი იქნება თუ რაც იქნება, - და იმან კიდევ შენ გაპურჭყოს. ისე კი მართალი თუ გინდათ, ვერაფერი ხუმრობაა. კარგად რომ დაუფიქრდე, დიდი სიბინძურეც არის. ჩემის აზრით, თუ გულით არ გიყვარს გოგო, რაღას მაიმუნობ, ხოლო თუ გიყვარს - მისი სახეც უნდა გიყვარდეს, და სახე თუ გიყვარს, ბინძური რამე - შეფურთხება იქნება თუ შეპურჭყება - არც უნდა აკადრო.
ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ამისთანა უხამსობა ხუმრობა გგონია. ისე, გოგოებიც კაი ბედოვლათები არიან - ზოგჯერ ცდილობ ძალიან დიდი უხამსობა არ გამოგივიდეს და არ გააფუჭო მთელი სილამაზე, მაგრამ რა მერე - თვითონვე გიშლიან ხელს. ერთ გოგოს ვიცნობდი ამ ორი წლის წინათ, თითქმის ჩემზე უფრო გაფუჭებული იყო! ვითომ ვხუმრობდით, თავს ვიქცევდით, ნამდვილად კი უხამსობა გამოდიოდა. საერთოდ ამ სექსუალური ამბებისა ბევრი არაფერი გამეგება. კაცმა არ იცი, რა ჯოჯოხეთში იგდებ თავს. მე თვითონვე ვადგენ ხოლმე ჩემთვის წესებს ამ საქმეში, მაგრამ მევე ვარღვევ. შარშან, მაგალითად, პირობა მივეცი თავს, რომ აღარ დამეწყო მაიმუნობა ისეთ გოგოებთან, რომლებიც ჭირისდღესავით მძულს. რა გამოვიდა, ერთ კვირას არც კი გაუვლია, რომ გავტეხე სიტყვა... მართალი თუ გინდათ, იმავე ღამეს გავტეხე. ერთი საშინელი კოკობზიკა გოგოა - ანა ლუიზა შერმანი - მთელი ღამე ვკოცნიდი და ვეხვეოდი. ეს ისეთი რამეა, რომ ასავალ-დასავალს ვერ გაუგებ. ღმერთმანი, ვერ გაუგებ.
ვიდექი ფანჯარასთან და ვფიქრობდი, ჯეინს როგორ დავურეკო-მეთქი. პირდაპირ მინდოდა, კოლეჯში დაკავშირება. აბა დედამისთან დარეკვას და იმის გაგებას, როდის ჩამოაო, რა აზრი ჰქონდა. მართალია შუაღამისას დარეკვა და სტუდენტების დაღვიძება არ შეიძლება, მაგრამ ამასაც შემოევლება.. და მოვიფიქრე კიბეც. ბიძა ვარ-მეთქი, ვეტყოდი, ტელეფონთან ვინც მოვიდოდა. მამიდამისი მანქანამ გაიტანა და სასწრაფოდ უნდა ველოაპარაკო-მეთქი. რაღა თქმა უნდა გაჭრიდა ეს. მაგრამ გუნებაზე არ ვიყავი და აღარ დამირეკია. გუნებაზე თუ არა ხარ, ტყუილია, ამისთანა საქმე არ გამოგივა.
ცოტა ხნის შემდეგ სავარძელში ჩავჯექი და ერთი-ორი სიგარეტი გავაბოლე. უნდა გამოვტყდე, საშინლად დაძმარული ვიყავი. უცებ რაღაც მომაგონდა. წარსულ ზაფხულს რაღაც შეკრებულებაში ერთი ბიჭი გავიცანი, პრინსტონში სწავლობდა, და მისამართი მომცა. საფულე ამოვიღე და იმ მისამართს დავუწყე ძებნა. როგორც იქნა, მივაგენი. სულ გაცრეცილ-გაყვითლებულიყო საფულეში, მაგრამ მაინც გავარჩიე. ეს იყო ვიღაც გოგოს მისამართი - მთლად ხელიდან წასული არ არის, მაგრამ ზოგჯერ იკისრებსო იმ პრინსტონელმა ბიჭმა მითხრა. ერთხელ თურმე კოლეჯში მიიყვანა საცეკვაოდ, და კინაღამ გამაპანღურეს - ეს ვინ მოგიყვანიაო. კაბარეებში ცეკვავდა, მთლად დედიშობილა ერთი სიტყვით, ტელეფონთან მივედი და დავურეკე. ფეით კავენდიში ერქვა და `სტენფორდის~ სასტუმროში ცხოვრობდა, სამოცდამეხუთე ქუჩისა და ბროდვეის შესახვევში. სანაგვე სორო იქნებოდა, რაღა თქმა უნდა.
ჯერ ვიფიქრე, შინ არ არის-მეთქი. დიდხანს არავის გაუცია ხმა. ბოლოს, როგორც იქნა, აიღეს მილი.
- ალო, - ხმა დავიბოხე, რომ ჩემს ასაკზე ეჭვი არ აეღოთ. ისედაც ბოხი ხმა მაქვს, ნუ გეშინიათ.
- ალო! - ვიღაც ქალი გამომეპასუხა, მაგრამ არც მაინცდამაინც ხალისიანად.
- მის ფეით კავენდიშია?
- ვინ ლაპარაკობს? ამ შუაღამისას რა რეკვა აგიტყდა!..
ცოტა არ იყოს შევცბი.
- ვიცი, რომ ძალიან გვიან არის, - მივუგე მე დაბოხებული ხმით, - მაგრამ იმედი მაქვს, მაპატიებთ. ისე ძალიან მინდოდა თქვენი ნახვა!.. - დიდის თავაზიანობით ვუთხარი. ღმერთმანი.
- ვინ ლაპარაკობს? - იკითხა მან.
- თქვენ მე არ მიცნობთ, დი ბერდსელის მეგობარი ვარ. ქალაქში თუ მოხვდეო, ელიმ მითხრა, უსათუოდ დაურეკე და კოკტეილზე დაპატიჟეო.
- ვინაო? ვისი მეგობარი ვარო? - ჰოი, ბიჭო, რა ვეფხვივით ქალი ყოფილა. ისევ მიღრიალა და მიღრიალა!
- ედმუნდ ბერდსელი. ედი ბერდსელი! - ვუპასუხე მე. აღარც კი მახსოვს, ედმუნდი ერქვა თუ ედუარდი. მხოლოდ ერთხელ შევხვდი რაღაც ბითურულ შეკრებულებაში.
- მაგისთანას არავის ვიცნობ, ჯეკ. და შენ თუ გგონია, ძალიან სასიამოვნოა ამ შუაღამისას...
- ედი ბერდსელი! პრინსტონიდან! - აღარ მოვეშვი მე.
გავიგონე, როგორ იმეორებდა ამ გვარს:
- ბერდსელი, ბერდსელი... პრინსტონიდან... პრინსტონის კოლეჯიდან!
- ჰო, ჰო! - შევძახე მე.
- თქვენც პრინსტონის კოლეჯიდანა ხართ?
- ჰო, თითქმის.
- აჰა... ედი რასა იქმს? - თქვა მან, - მაგრამ მაინც დიდი ახირებაა შუაღამისას ხალხის წამოგდება. ღმერთო ჩემო!
- კარგად არის. მოგიკითხათ.
- მადლობელი ვარ, ჩემი მოკითხვაც გადაეცით. - თქვა მან, - დიდებული ბიჭია. ახლა რას აკეთებს? - ხელადვე გამიშინაურდა.
- ისევ ისეა, ხომ იცით... - სად ჯანდაბიდან უნდა ვიცოდე, ახლა რას აკეთებს! ხეირიანად არც ვიცნობდი. ისიც კი არ ვიცოდი, ისევ პრინსტონში იყო თუ არა. - რას იტყვით - ვკითხე მე, - კოკტეილზე არ დამეწვევით?
- იქნებ შემთხვევით წარმოდგენა გქონდეთ, ახლა რა დროა, - მითხრა მან, - თქვენი სახელიც არ ვიცი! - უცებ ინგლისური აქცენდით მოუქცია. - ხმაზე ძალიან ახალგაზრდა ჩანხართ.
გამეცინა.
- ქათინაურებისათვის მადლობელი ვარ, - ვუთხარი დიდის თავაზით, - მე ჰოლდენ კოლფილდი ვარ, - მოგონილი სახელი უნდა მეთქვა, მაგრამ უცებ ვერ მოვისაზრე.
- ჰოდა, მისტერ კოფლ, ჩვეულებად არა მაქვს, შუაღამისას დავუნიშნო ხალხს პაემანი, მე ვმუშაობ.
- ხვალ ხომ კვირაა, - ვუთხარი მე.
- ჰო, მაგრამ ძილი მაინც ტკბილია, ხომ იცით.
- ვიფიქრე, თითო კოკტეილს დავლევთ-მეთქი. არც ისე გვიანია.
- დიდ თავაზიანობას იჩენთ, - თქვა მან. - მაინც საიდან რეკავთ? სადა ხართ?
- მე? ავტომატიდან ვრეკავ.
- აჰ, - თქვა მან. ამას კარგა ხნის დუმილი მოჰყვა. - იცით რა, მისტერ კოფლ, თქვენთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იქნება. მომხიბლავი კაცი ჩანხართ. ხმაზე გეტყობათ, მომხიბლავი კაცი ხართ. მაგრამ ახლა ძალიან გვიან არის.
- მე მოვალ თქვენთან.
- დიდი სიამოვნებით მიგიღებდით. კოკტეილზედაც ხალისით დაგეწვეოდით, მაგრამ ამხანაგი გამიხდა ავად. წუხელ მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს!.. ეს წუთია წასთვლიმა, ხომ იცით! ასეა საქმე.
- ძალიან სამწუხაროა.
- სად ჩამოხტით? ხვალ მე აღარ შემიძლია, მარტო ამაღამ მქონდა დრო. - ვინ მექაჩებოდა! რას წამოვროშე!
- ო, ძალიან სამწუხაროა.
- ედის მოკითხვას გადავცემ.
- მართლა? იმედი მაქვს, ნიუ-იორკში კარგ დროს გაატარებთ. დიდებული ქალაქია.
- ვიცღი, გმადლობთ. ღამი ნებისა, - ვუთხარი და მილი დავდე. 
ჰოი, ბიჭო, მე თვითონვე არ გავიფუჭე საქმე! სახვალიოდ უნდა დამებარებინა. კოკტეილს მაინც დავლევდით.

10

ჯერ ისევ ადრე იყო. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რა დრო იქნებოდა, მაგრამ ძალიან გვიან არ უნდა ყოფილიყო. ჭირის დღესავითა მძულს დაწოლა, როცა სულაც არა გრძნობ დაღლილობას. ასე რომ ჩემოდნები გავხსენი, სუფთა პერანგი ამოვიღე, მერე სააბაზანოში შევედი, დავიბანე და პერანგი გამოვიცვალე. ვიფიქრე, დაბლა ჩავალ და ვნახავ ერთი, იისფერ დარბაზში რა ხდება-მეთქი. სასტუმროში ღამის კლუბი ჰქონდათ მოწყობილი - იისფერ დარბაზს ეძახდნენ.
პერანგს რომ ვიცვლიდი, გავიფიქრე რა იქნება ჩემს პატარა დას - ფიბის - დავურეკო-მეთქი. ძალიან მომინდა მასთან ლაპარაკი. ჭკვიანი გოგო იყო - ყველაფერს გაგიგებდა. მაგრამ დარეკვა არ შეიძლებოდა, რადგან ჯერ სულ პატარა იყო და დაძინებული იქნებოდა, ტელეფონთან ვინ მიუშვებდა. თუ დედა ან მამა მოვიდა ტელეფონთან, მაშინვე დავუკიდებ-მეთქი, მაგრამ მაინც არ შეიძლებოდა: მიხვდებოდნენ, რომ მე ვიყავი. დედაჩემს რას გამოაპარებ. დიდი ფსიქოლოგია. ისე ძალიან გულით კი მომინდა ფიბისთან ცოტახნით ლაქლაქი.
უნდა ნახოთ, რა გოგოა. თქვენს სიცოცხლეში არ გეყოლებათ ნახული იმისთანა ლამაზი და ჭკვიანი ბავშვი. ნამდვილი ჭკუისკოლოფია. რაც სკოლაში შევიდა, სულ ხუთებს ღებულობს. მართალი თუ გინდათ, მთელს ოჯახში ერთი მე გამოვედი შტერი. ჩემი ძმა დ.ბ. ხომ მწერალია და ყველაფერი, მეორე ძმა, ელი, - მომიკვდა-მეთქი რომ გითხარით, - პირდაპირ ჭინკა იყო. ერთი მე გამოვედი შტერი. მაგრამ ნეტა ფიბი განახათ. თმა, ელისა არ იყოს, მასაც მოწითალო აქვს, ზაფხულობით სულ დაუმოკლდება ხოლმე, ყურს უკან იკეცავს. ისეთი პატარა, კოხტა ყურები აქვს! ზამთრობით ჩამოიშვებს ხოლმე თმას. ზოგჯერ უწნავს დედა, ზოგჯერ არა. სულერთია, მაინც შვენის. ჯერ ათი წლისაა. ჩემსავით ჩამომხმარი. მაგრამ უხდება სიგამხდრე. მოციგურავედაა გაჩენილი. ერთხელ ფანჯრიდან დავინახე - პარკში მიდიოდა და მეხუთე ავენიუ გადაჭრა. მაშინ ვიფიქრე პირველად, ისეთი გამხდარი და კოხტაა, მოციგურავედ არის-მეთქი გაჩენილი. თქვენც მოგეწონებოდათ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ რაზედაც არ უნდა გამოელაპარაკოთ, იმ წუთში გაგიგებთ, ყველაფერი იცის. სადაც გინდოდეს, წაიყვანე. ვთქვათ, ბითურ სურათზე წაიყვანე, მაშინვე მიხვდება, რომ ბითურ სურათია. კარგ სურათზე წაიყვან - კარგი სურათიაო, გეტყვის. ერთხელ მე და დ.ბ.-მ ფრანგული სურათი ვაჩვენეთ - `ხაბაზის ცოლი~, რაიმო რომ თამაშობს. მოკვდა საწყალი გოგო. ყველაზე უფრო `ოცდაცხრამეტი საფეხური~ უყვარს, აი რობერტ დონათი რომ არის შიგ. ზეპირად იცის მთელი ფილმი, იმიტომ რომ ათჯერ მაინც გვექნება ნახული. ეს დონათი რომ პოლიციელებს გამოექცევა და შოტლანდიურ ფერმაში იმალება, მერე შოტლანდიელი ბიჭი რომ კითხავს, `ქაშაყს თუ სჭასმო?~ ფიბი იმ ბიჭთან ერთად ხმამაღლა წამოიძახებს ხოლმე ამ სიტყვებს კინოში. ზეპირად იცის მთელი დიალოგი. მერე ის პროფესორი გერმანელი ჯაშუში რომ აღმოჩნდება და თავის წაჭრილ ნეკს რომ მიუშვერს რობერტ დონათს... ფიბი წაასწრებს და სიბნელეში წინასწარ მატაკებს სახეში თავის ნეკს. კარგი გოგოა. თქვენც მოგეწონებათ. ოღონდ ზოგჯერ ძალიან მგრძნობიარეა. ისე განიცდის ყველაფერს, რომ ბავშვს არცა ჰგავს. არ გეხუმრებით. საქმეც რომ გაიჩინა - წიგნებს წერს! მაგრამ ერთხელაც არ დაუმთავრებია. ერთი გოგოს ამბავს აღწერს - ჰაზელ უეთერფილდი ჰქვია იმ გოგოს, ოღონდ ჰასლს უწოდებს. ეს ჰასლ უეთერფილდი პოლიციის მაძებარია. ყველას ობოლი ჰგონია, მაგრამ მამა გამოუჩნდება. მამამისი კი ყოველთვის ასეა დამახასიათებელი - `მაღალ-მაღალი მომხიბლავი ჯენტლმენი, ასე 20 წლისა~. გაგიჟდები კაცი. ასეთი გახლავთ ჩემი ფიბი. ნამდვილად მოგეწონებათ. ღმერთმანი. სულ პაწაწკინა გოგო რომ იყო, ჭკუა მაშინაც ჰქონდა. პაწაწკინა რომ იყო, მე და ელის ბაღში დაგვყავდა ხოლმე, განსაკუთრებით კვირაობით. ელის აფრიანი ნავი ჰქონდა და კვირაობით იცოდა გაშვება, და ფიბიც მუდამ თან დაგვყავდა. წამოიცვამდა თეთრ ხელთათმანებს და შუაში ჩაგვიდგებოდა. ნამდვილი ლედი გეგონებოდათ. მე და ელი რომ საუბარს გავაბამდით, ფიბი გვისმენდა. ზოგჯერ იქნებ გადაგავიწყდეს კიდეც, თან რომ გახლავს - ნამცეცა გოგოა! ნუნრას უკაცრავად - მაშინვე შეგახსენებს თავს, ხან ელის წაჰკრავს ხელს, ხან მე: `ვინ? რომელმა უთხრა: ბობიმ თუ იმ ქალმა?~ ჩვენც ვუპასუხებთ, რომელმა უთხრა და ფიბი იტყვის: `აჰ~ - და ისევ გიგდებს ყურს დიდის ამბით. ელისაც აგიჟებდა ხოლმე. მე ის მინდა გითხრათ, რომ ელისაც ძალიან უყვარდა. ახლა უკვე ათი წლისაა, უკვე აღარ არის ისეთი პაწაწკინა, მაგრამ მაინც ყველას აგიჟებს - ვისაც რამე ესმის, რა თქმა უნდა.
ერთი სიტყვით, ისეთი გოგო იყო, რომ უსათუოდ მოგინდებოდა ტელეფონით გამოლაპარაკება. მაგრამ შემეშინდა, დედა ან მამა არ მოვიდნენ ტელეფონთან-მეთქი. გაიგებდნენ ნიუ-იორკში არისო, და იმასაც მიხვდებოდნენ, რომ სკოლიდან გამომაპანღურეს. ამასობაში პერანგიც ჩავიცვი. გავემზადე და ლიფტით დაბლა დავეშვი, დარბაზში - ვნახო, რა ამბავია-მეთქი.
რამდენიმე მოსუტენერო ტიპისა და კახპის გარდა კაციშვილი არ იყო ვესტიბიულში. იისფერი დარბაზიდან კი მუსიკის ხმა გამოდიოდა და მეც იქითკენ წავედი. არც იქ ყოფილა დიდი ჭედვა, მაგრამ მაინც ერთი ქეციანი მაგიდა გამომირჩიეს სადღაც კუნჭულში და დამსვეს. ერთი დოლარი უნდა ჩამეჩარა ოფიციანტისათვის. ჰოი, ბიჭო, ნიუ-იორკში ფულს, თუ გინდა, ენას ამოუდგამ... არ გეხუმრებით.
საძაგელი ორკესტრი იყო. ბადი სინგერი. სულ ზანზარებდა იქაურობა, ოღონგდ სასიამოვნოდ არ ზანზარებდა, საძაგლად ზრიალებდა. ჩემი ტოლებიც ძალიან ცოტანი იყვნენ დარბაზში. მართალი თუ გინდათ, ერთიც არ ყოფილა ჩემი ხნისა. უმთავრესად ბებრები იყვნენ. გამოპრანჭული ბერიკაცები თავთავიანთი მანდილოსნებით. მხოლოდ ერთი მაგიდა იყო გამონაკლისი, ჩემს მარჯვნით. ამ მაგიდას სამი ქალი უჯდა, ასე ოცდაათ-ოცდაათი წლისა. საკმაოდ მახინჯები იყვნენ და შლიაპებზე შეატყობდით, რომ ნიუ-იორკელები არ უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა ერთ მათგანს, ქერას, არა უშავდა რა. ეშხიანი გოგო ჩანდა ის ქერა, და ეშმაკურადაც დავუწყე ყურება, მაგრამ ამ დროს ოფიციანტი მომადგა. ვისკი დავუკვეთე სოდით, ოღონდ ნუ აურევ, ცალკ-ცალდკე მომიტანე-მეთქი, ვუთხარი. სხვაპასხუპით მივაყარე, რადგან ზოზინით თუ ამოღერღე, იფიქრებს, ოცდაერთი წლისა არ ყოფილაო, და ალკოჰოლს აღარ მოგიტანს. მაინც არ გასჭრა.
- ბოდიშს კი ვიხდი, სერ, მაგრამ იქნებ რაიმე საბუთი გქონდეთ სრულწლოვანებისა! თუნდაც შოფრობის მოწმობა იყოს.
გამგმირავი თვალებით შევხედე, თითქოს დიდი შეურაცხყოფა მოეყენებინოს, და ვუთხარი:
- უწლოვანს რა მიგავს!
- ბოდიშს ვიხდი, სერ, მაგრამ ჩვენ ჩვენი...
- კარგი, კარგი, - ვუთხარი მე და გუნებაში ჯანბადისკენ გავისტუმრე, - კოკა-კოლა მომიტანეთ.
წასვლა დააპირა, მაგრამ მოვაბრუნე.
- იქნებ ცოტაოდენი რომი ან რამე აურიოთ! - ძალიან თავაზიანად ვთხოვე, - ამისთანა ადგილას ასე ცხვირჩამოშვებული ხომ არ ვიჯდები. იქნებ ცოტა რომი აურიოთ, ან სხვა რამე!
- დიდ ბოდიშს ვიხდი, სერ, მაგრამ... - პირდაპირ მომახალა, არც ვამტყუნებ. სამსახურს დაკარგავს, უწლოვანს რომ ალკოჰოლიანი სასმელი მოუტანოს. მე კიდე, ჩემდა სავალალოდ, უწლოვანი ვარ.
ისევ გადავხედე ჩემს მეზობელ ქაჯებს. ესე იგი, ქერას გადავხედე. ის ორი მილასლასებული იყო შიმშილისაგან. ტლანქად კი არ მივშტერებივარ, ისე გადავხედე სასხვათაშორისოდ. მაგრამ რა ქნეს, როგორ გგონიათ, შტერივით მოჰყვნენ ხვიხვინს სამივენი. ალბათ იფიქრეს, ეს ცინგლიანი ბიჭი ასე მუშტრის თვალით რას მოგვჩერებიაო. საშინლად მეწყინა. ვითომ რაო, ცოლობას ვუპირებდი რომელიმეს თუ რა! ახი იქნებოდა, ერთი მაგრად შემებღვირა, მაგრამ უბედურება ის იყო, ომ ცეკვა მომინდა. ზოგჯერ ასე წამომივლის ხოლმე ცეკვის ჟინი. უცებ გვერდზე გადავიხარე და მივმართე: - ცეკვა არ გინდათ, ქალიშვილებო? - ტლანქად კი არ მიმიმართავს, პირიქით, თავაზიანად ვთხოვე. მაგრამ ღმერთმა დასწყევლოს, რა მოელანდათ. ისევ ხვიხვინი აუტყდათ. არ გეხუმრებით, შტერივით ხვიხვინებდნენ. - გამოდით, ვიცეკვოთ. სათითაოდ გაცეკვებთ. ჰა, რას იტყვით? გამოდით! - მართლაც ძალიან მომინდა ცეკვა.
ბოლოს ის ქერა გოგო წამოდგა. ეტყობა მიხვდა, რომ იმას მივმართავდი. საცეკვაო მოედანზე გამოვედით. იმ ორ საფრთხობელას პირდაპირ ისტერიკა დაემართა. ძაან ბედუკუღმართი უნდა იყო კაცი, რომ ამისთანებს გადაეყარო.
მაგრამ ღირდა კი, რაც მართალია მართალია. ამისთანა მოცეკვავეს ჯერაც არ შევხვედროდი. არ გეხუმრებით. ზოგი გოგო სულელია, მაგრამ ცეკვით ღმერთივით ცეკვავს! ჭკვიან გოგოს შეხვდები - ჩაგჭიდებს ხელს და თვითონვე გაჩინდრიკებს აქეთ-იქით; ანდა თავიდანვე იცი, რომ საზიზღარი მოცეკვავეა და გული აღარც გიწევს საცეკვაოდ, გირჩევნია იჯდე და მასთან ერთად სვა.
- ღმერთივით ცეკვავთ, - ვუთხარი იმ ქერას, - ნამდვილი პროფესიონალი მოცეკვავე ხართ. არ გეხუმრებით. პროფესიონალთანაც მიცეკვია, მაგრამ თქვენ ასწილად უკეთ ცეკვავთ, მარკო და მირანდა გაგიგონიათ?
- რაო? - არც კი მისმენდა, სულ აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
- მარკო და მირანდა თუ გაგიგონიათ-მეთქი?
- არ ვიცი. არ გამიგონია.
- მოცეკვავეები არიან. მოცეკვავვეა ის ქალი. მაგრამ ვერაფერიშვილია. თითქოს ყველაფერს წესზე და რიგზე აკეთებს, მაგრამ არ შვენის, ლაზათი აკლია. იცით, როგორ უნდა მიხვდე ქალი კარგად ცეკვავს თუ არა?
- რაო? - ისევ ჩამოკითხა. ყურს არ მიგდებდა. სულ სხვა რამეზე ფიქრობდა.
- თუ იცი-მეთქი, როგორ უნდა მიხვდე, ქალი კარგად ცეკვავს თუ არა?
- ააა!..
- ასე ხომ მიჭირავს ხელი ზურგზე. თუ ამ ხელის ქვევით ვერაფერს ვერა გრძნობ - ვერც დუნდულებს, ვერც ფეხებს, ვერც ტერფებს და ვერც ვერაფერს, მაშინ ნამდვილად კარგი მოცეკვავე ყოფილა.
საქმეში ხართ - მაინც არ მიგდებდა ყურს. მეც გავჩუმდი. უხმოდ ვუსვამდი ფეხს. ჰოი, ბიჭო, რას ცეკვავდა ეს შტერი გოგო. ბადი სინგერი და მისი აქოთებული ორკესტრი `ერთი რამა მწამს ამ ქვეყნად~-ს უკრავდა, მაგრამ მაინც ვერ უშლიდა ცეკვაში ხელს. დიდებული სიმღერა კია. უბრალოდ ვცეკვავდი, ბევრი მანჭვა-გრეხა არ დამიწყია. არ მიყვარს, პრანჭვას და ტყლარჭვას რომ მოჰყვებიან. ისე კი ციბრუტივით ვატრიალებდი და კარგადაც მომყვებოდა. მე სულელს მგონია, რომ თელის გატაცებით ცეკვავს-მეთქი, და უცებ სისულელე არ წამოროშა!
- მე და ჩემმა მეგობრებმა წუხელ პიტერ ლორი ვნახეთ, - მითხრა მან, - აი, კინოს მსახიობი რომაა. სიცოცხლეში ვნახეთ. გაზეთს ყიდულობდა. პეწიანი ვინმეა!
- ბედი გქონიათ, - ვუთხარი მე, - ნამდვილად! ბედი გქონიათ. - შტერია აბა რა არის! მაგრამ დიდებულად კი ცეკვავს. თავი ვეღარ შევიკავე და ზედ გამოთაყვანებულ კინკრიხოში ვაკოცე. სწორედ იქ, საცა თმა ჰქონდა გაყოფილი, აიტკიცა.
- ე, ეს რა ამბავია!
- არაფერი. რა უნდა იყოს. ღმერთივით მოცეკვავე ყოფილხართ, - ვუთხარი მე, - და მყავს ერთი, ჯერ ღლაპია, მეოთხეში სწავლობს, არაფრით არ ჩამოვარდებით, ის კი გლეჯვაზე ცეკვავს.
- ცოტა უფრო წესიერად ილაპარაკეთ.
ჰოი ბიჭო, ნამდვაილი ლედი არ გამომიჩნდა! დედოფალი!
- სადაურები ხართ? - ვკითხე მე.
ხმაც არ გაუცია. სულ აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. ალბათ პიტერ ლორს ელოდა.
- სადაურები ხართ-მეთქი, - ჩავეკითხე.
- რაო?
- სადაურები ხართ? თუ არ გინდათ, ნუ მიპასუხებთ, ძალას კი არ გატანთ.
- სიტლიდანა ვარ, ვაშინგტონიდან, - ამოშაქრა მან. დიდი წყალობა კი მოიღო.
- კაი მოსაუბრე ყოფილხართ, - ვუთხარი მე, - არა?
- რაო?
აღარ გავუმეორე. მაინც არაფერი ჩასდიოდა თავში.
- მოდი, ჯიტერბაგი ციკვოთ, ჩქარა თუ დაუკრავენ! ლიპა ჯიტერბაგი კი კი არა - ჩინდრიკით და სკუპ-სკუპით, ნამდვილი ჯიტერბაგი. ჩქარი თუ დაუკრეს, ბებრებსა და სქელოებს გარდა ყველა დაჯდება და მეტი ხალვათობა იქნება. კარგი?
- ჩემთვის სულერთია, - თქვა მან, - ისე, მაინც რამდენი წლისა იქნებით?
ერთბაშად ჩამწყდა გული.
- რატომ აფუჭებთ ყველაფერს?! რა ჯანდაბა მოგივიდათ?! - ვუთხარი მე, - თორმეტისა ვარ, მაგრამ უფრო დიდი ვჩანვარ.
- მოიხედეთ. აკი გითხარით, უფრო წესიერად ილაპარაკეთ-მეთქი! - მითხრა მან, - კიდევ თუ დაგიწყიათ ჯანდაბებით ლაპარაკი, იცოდეთ წავალ და ჩემს მეგობრებთან დავჯდები.
ბოდიშებს მოვჰყევი გამწარებით, იმიტომ რომ ორკესტრმა ის იყო სწრაფი საცეკვაო დაიწყო, ჯიტერბაგზე გადავედით - ისე მსუბუქად და ლაღად მომყვა! ნამდვილად კარგი მოცეკვავე იყო. ხელის შეხების მეტი არაფერი უნდოდა. რომ მოტრიალდებოდა, ისე კოხტად უთრთოდა თავისი ჩამოქნილი თეძოები, რომ შენი მოწონებული! ლამის ჭკუიდან შემშალა. ღმერთმანი. ცეკვას რომ მოვრჩით, თითქმის შეყვარებული ვიყავი. ასე არიან ხოლმე გოგოები. შეხედავ - გული არ მიგივა, ზოგჯერ სულელიც არის, მაგრამ კოხტად გააკეთებს რამეს და ლამის თავს შეგაყვარებს, აღარ იცი რა ჯანდაბა გემართება. გოგოები? ეშმაკმა წაიღოს, ჭკუიდან შეგშლიან. სულ გაგაგიჟებენ.
თავიანთ მაგიდასთან არ მიმიპატიჟეს - ამდენი არ ესმოდათ - მაგრამ მე თვითონ მივედი და დავჯექი. ქერა გოგოს, რომელთანაც ერთად მე ვცეკვავდი, ბერნის ქრაბსი თუ კრებსი ერქვა, აღარ მახსოვს. იმ ორი მახინჯის სახელები კი მართი და ლავერნი იყო. მე ჯიმ სტილად გავაცანი თავი - ფეხებზე არ მეკიდა! ერთი პირობა, ჭკვიანური ლაპარაკის გაბმა დავაპირე, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! მკლავები უნდა გადაგეგრიხათ, რომ ერთი სიტყვა ამოგეღერღებინათ. გაგიჭირდებოდა თქმა - ამ სამში რომელი უფრო სულელი იყო. ერთი წუთიც არ დაუკარგავთ, სულ აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს, თითქოსდა მოელოდნენ - რაც ქვეყანაზე ის ოხერი კინო-ვარსკვლავებია, სულ აქ უნდა შემოლაგდნენო. ეტყობა, დარწმუნებულები იყვნენ, რომ როგორც კი ნიუ-იორკში მოხვდებოდნენ კინო-ვარსკვლავები, უსათუოდ მივიდოდნენ და იმ `იისფერ დარბაზში~ დაიწყებდნენ წრიალს და არა `სტორკ-კლუბსა~ თუ `ელ მოროკოში~. ნახევარი საათი მაინც მოვუნდი იმის გაგებას და გარკვევას იმ თავიანთ სიტლიში რაზე მუშაობდნენ. გამოირკვა, რომ დაზღვევის კანტორაში მსახურობდნენ. ვკითხე, როგორ მოგწონთ თქვენი სამუშაო-მეთქი. როგორ გგონიათ, ამ სამი გამოთაყვანებული გოგოსაგან ადამიანურ პასუხს მიიღებდით? მომეჩვენა, რომ ის ორი მახინჯი - მართი და ლავერნი დები იყვნენ, მაგრამ როცა ვკითხე, ძალიან იწყინეს. ადვილად შეატყობდით, რომ არცერთს არ სიამოვნებდა მეორეს ჰგვანებოდა. ვერც დაძრახავდით, მაგრამ ძალიან კი გავერთე. 
სამივე ვაცეკვე რიგრიგობით. იმ მახინჯთაგან ერთ-ერთს, ლავერნს, კიდევ არა უშავდა რა, რაღაცას ცოდვილობდა, მაგრამ მეორემ, მართიმ, მომსპო და მომათავა. იმასთან ცეკვას გერჩივნა თავისუფლების ქანდაკება დაგეჭირა ხელში და მთელს დარბაზში გეთრია. რამე გასართობი უნდა მომეგონა, თორემ ამ დაფეხვილი დედაკაცის თრევას ეხუმრებით! მოვიგონე კიდეც - ეგერ კინოვარსკვლავი გარი კუპერი-მეთქი, ვუთხარი.
- სადა? აბა სადა? - საშინლად აღელდა.
- ეეჰ, ვეღარ დაინახავთ. თვალს მიეფარა. რატომ მაშინვე არ გაიხედეთ, როცა გითხარით?
ხელადვე შეჩერდა და ზევიდან გადახედა მოცეკვავეების თავებს - იქნებ თვალი მოვჰკრაო.
- ეჰ! - ამოიგმინა. სულ ჩავწყვიტე გული. ახლა უკვე ვინანე, რატომ მოვატყუე-მეთქი. ახი კია მაგათზე. მაგრამ ზოგი უნდა დაინდო.
ყველაზე უფრო სასაცილო ის იყო, რომ ცეკვას როდესაც მოვრჩით და მაგიდასთან დავბრუნდით, მართი ეუბნება თავის მეგობრებს - გარი კუპერი იყო აქა და ეს წუთია წავიდაო. ჰოი, ბიჭო, რა მოუვიდათ საბრალო ლავერნსა და ბრენისს! ცოტაც გაწყდა, თავი არ მოიკლეს. საშინლად შეწუხდნენ და მართისა ჰკითხეს, შენ მაინც თუ დაინახეო. ერთის წამით ძლივს მოვკარი თვალიო, მართიმ უპასუხა. ამან მთლად მომსპო.
ბარს უკვე კეტავდნენ და მე სასწრაფოდ ორ-ორი ალკოჰოლიანი სასმელი დავუკვეთე მათთვის. ჩემთვისაც კიდევ ორი კოკა-კოლა მოვატანინე. გულისამრევად იყო მიყრილ-მოყრილი ჭიქები იმ ოხერ მაგიდაზე. ერთ-ერთი მახინჯი გოგო ლავერნი, წამდაუწუმ მადუღებდა - გაიჭყიპები კოკა-კოლათიო. დიდებული ხუმრობა იცოდა. ისა და მართი ჩაციებულ სასმელსა სვამდნენ ამ შუაგულ დეკემბერში. ეშმაკმა დალახვროს. მეტი არ ესმოდათ. ის ქერა გოგო კი - ბერნისი - სოდიან ვისკისა სვამდა. გამსწარებით ყლურწავდა. თვალებს სამივენი აქეთ-იქით აცეცებდნენ - კინოვარსკვლავებს ეძებდნენ. ათასში ერთხელ თუ ამოიღებდნენ ხმას. ერთმანეთსაც კი არ ელაპარაკებოდნენ. სხვებზე მეტს ისევ მართი ლაპარაკობდა. სულ გულისამრევ ტერმინებს ისროდა. საპირფარეშოს, მაგალითად, `ერთ ადგილს~ ეძახდა, კლარნეტზე დამკვრელ გადამღრძვალ ბერიკაზე ამბობდა, გასაყეყეჩებელი რამეაო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბერიკაცი წამოდგებოდა და ყურისწამღებად აჭყვიტინდებოდა. თვითონ კლარნეტს `ძირტკბილას ღეროს~ ეძახდა. გულისამრევი იყო. მაგრამ მის მახინჯ ამხანაგს - ლავერნს - დიდი ანგალი ეგონა. ჩამაცივდა - გინდა თუ არა, მამაშენს დაურეკე და კითხე რას აკეთებსო. გაიგე, პაემანზე ხომ არ მიდისო. ბარე ოთხჯერ მკითხა - დიდი ანგალი ვინმე იყო. იმ ქერა გოგოს, ბერნისს, კრინტიც არ დაუძრავს. რამდენს ვეტყოდი რამეს, `რაო?~ მუდამ ასე შემეკითხებდა. ბოლოსდაბოლოს ნერვები ამიშალა.
გამოცალეს თუ არა ჭიქები, წამოხტნენ და, გვეძინებაო, მითხრეს. ხვალ ადრე უნდა ავდგეთ, რადიო სიტის მიუზიკ ჰოლში პირველ სეანსს უნდა მივუსწროთო. ვთხოვე, ცოტა ხანს დამსხდარიყვნენ, მაგრამ არ ინდომეს. მეტი რაღა ჩარა იყო - გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. უსათუოდ მოგძებნით, თუ ოდესმე სიტლიში მოვხვდები-მეთქი, მე ვუთხარი. მაგრამ არა მგონია. ესე იგი, არა მგშონია, რომ ძებნა დავუწყო.
თითქმის ცამეტი დოლარის ანგარიში მომიტანეს, სიგარეტებიც შიგ შედიოდა და ყველაფერი. საცა სამართალია, იმის გადასახდელად მაინც უნდა გაეკრათ ჯიბეს ხელი, რაც ჩემს მისვლამდე შესვეს. რაღა თქმა უნდა მე არ დავანებებდი, მაგრამ თავი მაინც უნდა გამოედოთ, თუმცა დიდი კი არაფერი, ისე ვამბობ. სულელები იყვნენ და თან ისეთი საცოდავი და სასაცილო ქუდები ეხურათ! ის რომ გავიგონე, დილით ადრე უნდა ავდგეთ და რადიო სიტიში პირველ სეანსს უნდა მივუსწროთო, მთლად მომეშხამა გუნება. თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ: სიტლიდან თუ ეშმაკიდან ნიუ-იორკში ჩამოსული ქალი უთენიპა ზეზე წამოხტეს და რაღაც ქეციანი სურათის საყურებლად იმ ოხერ რადიო სიტიში გავარდეს! გუნებას მოგიშხამავს, აბა რა მოგივა! ნეტა კი ეს არ გამეგონა და თითოს ას-ას ჭიქა ვისკის დავალევინებდი.
იმათი წასვლის შემდეგ მეც აღარ დავრჩენილვარ დიდხანს. სულერთია, მაინც კეტავდნენ. ორკესტრი დიდი ხანია წავიდა. ან კი რა უნდა მეკეთებინა. ამისთანა საძაგელ ადგილებში მხოლოდ მაშინ შეიძლება გაჩერება, სასიამოვნო ვინმე თუ გახლავს, რომელთანაც იცეკვებ მაინც, ან არა და ნამდვილი სასმელები თუ მოაქვს ოფიციანტს ამ ოხერი კოკა-კოლას მაგივრად. როგორი კლუბიც არ უნდა იყოს, სულ ტყუილია, დიდხანს ვერ გაძლებ, თუ ნამდვილი სასმელი არა გაქვს, ან ისეთი გოგო არ გახლავს, ვისზეც მართლაც რომ ჭკუას კარგავ.
კატეგორია: სათვგადასავლო რომანები | ნანახია: 960 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: