მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 2 » თამაში ჭვავის ყანაში (11/12/13/14/15.--tavebi)
6:25 PM
თამაში ჭვავის ყანაში (11/12/13/14/15.--tavebi)

11
დარბაზიდან რომ გამოვდიოდი, უცებ ისევ ჯეინ გალაჰერი არ მომაგონდა! და ვეღარც მოვიშორე თავიდან. იქვე ერთი გულისამრევი სავარძელი იდგა, შიგ ჩავეგდე და ფიქრებში წასულმა წარმოვიდგინე, როგორ იყვნენ შეყუჟულნი იმ ოხერ ედ ბენკის მანქანაში ჯეინი და სტრედლეიტერი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მაშინ არაფერი გაუკეთებიათ - ჯეინს მოხარშულს ვიცნობ - მაგრამ სულერთია, მაინც ვერ ამოვიგდე თავიდან. ჯეინს მოხარშულს ვიცნობ. ნამდვილად. საქმე ის არის, რომ მარტო შაში კი არ უყვარს - სპორტზე, საერთოდ, ჭკუას კარგავს. რომ გავიცანი, იმ ზაფხულს დილდილობით სულ ჩოგბურთს ვთამაშობდით, საღამოობით კი - გოლფს. ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. განა ფიზიკურდა, ისე... არა, მაგრამ სულ ერთად კი ვიყავით. გოგოს დასაახლოვებლად ყოველთვის ხვევნა-კოცნა როდია აუცილებელი.
გაცნობით კი შემთხვევით გავეცანი - მისი დობერმან-პინჩერი ჩვენს ბაღში გადმოდიოდა და იქ მოისაქმებდა ხოლმე. დედაჩემი საშინლად დუღდებოდა. ერთხელ ჯეინის დედას დაურეკა და ერთი ამბავი დააწია. ამისთანა საქმეზე, იცოცხლეთ, დედაჩემს ალიაქოთის ატეხვა უყვარს. ამის შემედგ ორ დღესაც არ გაევლო, რომ ჯეინი დავინახე ჩვენი კლუბის აუზთან, პირქვე იწვა. მივესალმე. ვიცოდი, რომ ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, მაგრამ ერთხელაც არ გამოვლაპარაკებოდი. მივესალმე, მაგრამ ცხვირი ამიბზუა, დავიქოქე - მე ფეხებზე მკიდია-მეთქი, ვუთხარი შენი ძაღლი სად მოსვრის და სად რას იზამს, თუ გინდა ოთახში ქნას, მე რა მენაღვლება-მეთქი. ერთი სიტყვით, ამის შემდეგ მე და ჯეინი კარგი მეგობრები გავხდით. იმავე დღეს გოლფი ვითამაშეთ. მახსოვს, რთა ბურთი დაკარგა მაშინ. რვა! ჯვარს მაცვა, მანამ ბურთს შეეთჩვია, თორემ თავიდან ბურთს რომ დავარტყამდი, თვალებს ხუჭავდა. ღმერთივით კი გავწრთვენი. მე თვითონ ძალიან კარგი მოთამაშე ვარ. იქნებ არც დამიჯეროთ, რომ გითხრათ, რამდენ წრედ ვამთავრებ თამაშს. მოკლემეტრაჟიან ფილმში კინაღამ გადამიღეს. უკანასკნელ წამს გადავიფიქრე. დიდი სისულელე იქნება-მეთქი, გადავწყვიტე. კაცს კინო ჭირის დღესავით სძულდეს და მაინც კინოში გადააღებინოს თავი!
დიდი სასაცილო ვინმე კი იყო ეს ჯეინი. ვერ ვიტყვი, ძაან ლამაზია-მეთქი, მაგრამ მე ჭკუას ვკარგავდი. ჰოი, რამოდენა პირი ჰქონდა! ლაპარაკს ორმ დაიწყებდა, ან რამეზე რომ აღელდებოდა, ტუჩები უთრთოდა და უკანკალებდა. ვგიჟდებოდი პირდაპირ. როგორც წესი და რიგია ერთხელდაც არ მოკუმავდა პირს. ოდნავ მაინც ჰქონდა ხოლმე გაღებული, განსაკუთრებით მაშინ, გოლფს რომ თამაშობდა, ან წიგნს როცა კითხულობდა. განსაკუთრებით ლექსები უყვარდა. ჩვენების გარდა, ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ელის ხელთათმანი ვაჩვენე, ლექსებით აჭრელებული. ელის არ მოსწრებია, რადგან იმ ზაფხულს პირველად ჩამოვიდა მეინში, - ადრე კოდის კონცხზე დადიოდა, - მაგრამ ელის ამბები სულ ვუამბე. ძალიანაც დაინტერესდა.
დედაჩემს მაინცდამაინც არ მოსდიოდა თავალში. ეგეც და დედამისიც ცხვირს იბზუებენო, იტყოდა. იმიტომ რომ ზოგჯერ სალამი ავიწყდებოდათ. ხშირად ხვდებოდა ხოლმე მათ სოფელში, რადგან ჯეინი დედამისს დაჰყვებოდა თავიანთი მანქანით ბაზარში. დედას ლამაზიც არ ეჩვენებოდა ჯეინი. მე კი ერთი მისი გამოხედვა ყველაფერს მერჩივნა.
კარგად მახსოვს ის დღე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მე და ჯეინმა ერთმანეთს ვაკოცეთ. იმასაც თუ კოცნა ჰქვია. შაბათი იყო და წვიმდა, წვიმდა - ცა ფეხად ჩამოდიოდა, მე კი იმათ აივანზე ვიჯექი, დიდი აივანი ჰქონდათ, შუშაბანდიანი. შაშს ვთამაშობდით. ვაჯავრებდი ხოლმე, დამები რომ არ გამოჰყავდა უკანა მწკრივიდან. თუმცა არც თუ ისე ხშირად ვაჯავრებდი. გული არ მაძლევდა ჯეინის გამოჯავრებას. იცოცხლე, გოგოების ადუღება მიყვარს. თუ ვიხელთე, სულ თავბედს ვაწყევლინებ. მაგრამ სასაცილო ის არის, რომ როცა გოგო ძალიან მომწონს, გამოჯავრება მაინცდამაინც აღარ მომინდება. ზოგჯერ მომეჩვენება, გოგოებს უხარიათ კიდეც, როცა გამოაჯავრებ-მეთქი. მართალიც არის, ნამდვილად უხარიათ. მაგრამ როცა დიდი ხნის ნაცნობები ხართ და აქამდე ერთხელაც არ გაგიჯავრებია, ძნელია ერთბაშად ადგე და დაცინვა დაუწყო. ერთი სიტყვით, ის დღე გავიხსენე, როცა ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ. ჯოჯოხეთურად წვიმდა. აივანზე ვისხედით. უცებ ის ლოთი ქოფაკი არ გამოვიდა, ჯეინის დედის ქმარი! სიგარეტები ხომ არ გეგულებაო, ჯეინს ჰკითხა. კარგად არ ვიცნობდი და არც არაფერი, მაგრამ ზედვე ეტყობოდა რაც იყო: მაგისთანა ვაჟბატონები, თუ რამე დასჭირდათ, მხოლდო მაშინ გამოგელაპარაკებიან. საზიზღარი კაცი იყო. ჯეინს ხმაც არ გაუცია, იმან რომ ჰკითხა, სიგარეტი ხომ არ გეგულებაო. ხელმეორედ ჰკითხა, მაგრამ არც ახლა უპასუხა ჯეინმა. თავიც კი არ აუღია. როგორც იქნა, უკანვე გაბრუნდა ის ვაჟბატონი. რა მოხდა-მეთქი, ჯეინს ვკითხე. ჩემთვისაც არ უპასუხნია. ისე ჩაშტერებოდა დაფას, თვითქოს მთელი გულისყურით მორიგ სვლაზე ფიქრობდა. უცებ წკაპ - ცრემლი მოსწყდა და დაფას დაეცა. პირდაპირ წითელ უჯრედს დაეცა. ჰოი, ბიჭო, ახლაც ვხედავ იმ ცრემლს, აიღო და თითით მოიწმინდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთბაშად ჩამწყდა გული. ავდექი და გვერდზე მოვუჯექი, შევავიწროვე, მართალი თუ გინდათ, ლამის კალთაში მოვუჯექი, შევავიწროვე, მართალი თუ გინდათ, ლამის კალთაში ჩავუჯექი. ახლა კი მართლა წასკდა ტირილი. ისე დავიბენი, რომ კოცნა დავუწყე. სადაც კი მომიხვდა, ყველაფერი დავუკოცნე - თვალები, ცხვირი, შუბლი, წარბები და ყველაფერი, ყურებიც კი... მთელი სახე. მხოლოდ ტუჩებში არ მიკოცნია. რაღაცნაირად მარიდებდა ტუჩებს. ეს იყო და ეს, იმის მეტად აღარ მიკოცნია. ცოტა ხნის მერე წამოდგა, ოთახში შევიდა, სვიტრი ჩაიცვა - ჭრელი სვიტრი, ჭკუას ვკარგავდი იმ სვიტრზე - და რაღაც ბითურულ კინოში წავედით. გზაში ვკითხე, მისტერ კუდაჰის - კუდაჰი იყო იმ ლოთის გვარი, - შენთვის ცუდი ხომ არაფერი უკადრებია-მეთქი. ჯერ კი პატარ იყო, მაგრამ ჩამოქნილი ტანი ჰქონდა, ხოლო იმ ნაბიჭვრისაგან რა უნდა ყოფილიყო გასაკვირი! არაო, ჯეინმა მითხრა. ასე რომ, ვეღარ გავიგე, რამ აატირა. გოგოებს რას გაუგებ.
ერთხელ მეტად არ გვიკოცნია ერთმანეთისთვის-მეთქი, რომ ვამბობ, ის კი არ იფიქროთ, ცივი ყოფილიყოს ან სხვა რამე. სულაც არა. ხელი, მაგალითად, მუდამ ჩაჭიდებული გვქონდა ერთმანეთისათვის. ვიცი, რომ ეს დიდი არაფერია, მაგრამ მისთვის ხელის ჩაჭიდება ერთ რამედ ღირდა., რამდენ გოგოს შეხვდები, ხელს რომ ჩასჭიდებ, ასე გგონია დამჭკნარი ხელი მიჭირავსო, ან არადა, წარამარა ატრიალებს, ალბათ ფიქრობს, არ მოსწყინდესო. ჯეინი სულ სხვა ვინმე გახლდათ. შევიდოდით, მაგალითად, ბითურულ კინოში ან სადმე, და მაშინვე ჩავბღუჯავდი ჯეინის ხელს. მანამ კინო არ გათავდებოდა, არც გავუშვებდი. ვიყავით ასე განაბულები, არც გავინძრეოდით და არც არაფერი. ჯეინთან რომ იყავი, არც იმაზე შეწუხდებოდი, ხელი ხომ არ გამიოფლიანდაო. თავს ბედნიერად გრძნობდი და მორჩა - მეტი რაღა გინდოდა.
კიდევ მაგონდება ერთი რაღაც. ერთხელ კინოში ვართ, და ისეთი რამე გააკეთა ჯეინმა, რომ ლამის ჭკუიდან შემშალა. მგონი ქრონიკა გადიოდა. უცებ ვიღაცა კეფაზე მისვამს ხელს. მოვიხედე - ჯეინია. საოცარი კია. ჯერ ხომ ბავშვი იყო. ჩვეულებრივ ოცდახუთი-ოცდაათი წლის ქალები უსვამენ ხოლმე თავზე ხელს - და ისიც, ან თავიანთ ქმრებს ან პატარა ბავშვებს. ათასში ერთხელ მეც კივუსვამ ჩემს ფიბის თავზე ხელს. მაგრამ ახალდგაზრდა გოგო რომ ამას იზამს, ამაზე სასიამოვნო არაფერია, ჭკუიდან შეგშლის.
ერთი სიტყვით, იმ გულისამრევ სავარძელში ვიჯექი, ვესტიბიულში, და ამეებს ვიგონებდი. ეჰ, ჯეინ. რამდენს წარმოვიდგენ, როგორ იყო შეყუჟული სტრედლეიტერთან ერთად იმ ოხერი ედ ბენკის მანქანაში, ლამის იმდენი გავგიჟდე. ვიცოდი, რომ ისეთს არფერს გააბედინებდა, მაინც ვგიჟდებოდი. მართალი თუ გნებავთ, გახსენებაც კი აღარ მინდა.
ჩემს მეტი უკვე აღარავინ ჩანდა ვესტიბიულში. მოროსკიპო ქერა გოგოებიც კი გაკრეფილიყვნენ და უცებ საშინლად მომინდა აქედან წასვლა. გული მომეწურა. თუმცა დაღლილი სულაც არ ვყოფილვარ. ნომერშიავედი და პალტო ჩავიცვი. ერთი პირობა, ფანჯარაშიც გავიხედე - აბა ის გაფუჭებული ხალხი თუ ჩანს-მეთქი, მაგრამ სულ ჩაბნელებული იყო ყველაფერი. ლიფტით დავეშვი, ქუჩაში გავედი, ტაქსი დავიჭირე და ერნისაკენ გავსწიე. ერნი ღამის სამიკიტნოა, გრინვიჩ-ვილეჯში; მანამ ჰოლივულში წავიდოდა, ჩემს ძმა დ.ბ.-ს უყვარდა ხოლმე იქ სიარული. ერთი-ორჯერ მეც წამიყვანა. თვითონ ერნი ერთი ზონზროხა ზანგია, როიალზე უკრავს. პირწავარდნილი სნობია: თუ შეგატყო, დიდი ვინმე არა ხარ, ზედაც არ შემოგხედავს. დაკვრით კი ღმერთივით უკრავს. ისე კარგად უკრავს, რომ ზზოგჯერ აღარც გსიამოვნებს. ვერ აგიხსნით, რატომ, მაგრამ ასეა, ძალიან მიყვარს მისი მოსმენა. მაგრამ ხანდახან ლამის მივვარდე და თავდაყირა ამოვუტრიალო ის ოხერი როიალი. ალბათ იმიტომ, რომ ზოგჯერ მის დაკვრაშივე გრძნობ, როგორ იბზუებს ცხვირს და როგორ ზედაც არ გიყურებს, თუ დიდი ვინმე არა ხარ.

12

ერთი დაფხავებული ტაქსი შემხვდა. ისე ყარდა, თითქოს შიგ ვინმეს ამოერწყიოს. ღამით რომ გამოვდივარ შინიდან, არ იქნება, ამისთანა გულისამრევ ტაქსს არ გადავეყარო. მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ ქუჩებში კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავდი, საშინელი სიწყნარე გამეფებულიყო, თუმცა შაბათი ღამე გახლდათ. მხოლოდ აქა-იქ თუ მოჰკრავდი თვალს განმარტოებულ ბიჭსა და გოგოს, რომელთაც წელზე შემოეხვიათ ერთმანეთისათვის ხელი. ზოგჯერ მოხულიგნო ვაჟბატონების გუნდიც შემოგხვდებოდათ, თავიანთი გოგოები რომ მოჰყავდათ და ჰიენებივით ხვიხვინებდნენ, თუმცა თამამად შეგეძლო სანაძლეოს ჩამოსულიყავი, რომ სასაცილო არაფერი იქნებოდა. საშინელებაა, როცა ნიუ-იორკში გვიან ღამით ვინმე იცინის. რამდენიმე მილიდან გაიგონებ და ხელადვე მარტოობის ნაღველი შემოგაწვება. ერთბაშად შინ წასვლა და ჩემს პატარა ფიბისთან ყბედობა მომინდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ტაქსის შოფერს გამოველაპარაკე, ჰორვიცი ერქვა. სად ეს და სად ის პირველი შოფერი! ეს კარგი კაცი ჩანდა. ვიფიქრე, იქნებ ამან მაინც იცოდეს იმ იხვების ამბავი-მეთქი.
- ეი, ჰორვიც, - ვუთხარ იმე, - ცენტრალურ პარკში რომ ტბაა, იქ არასოდეს გაგივლია? აი ცენტრალური პარკის სამხრეთით?
- რა არისო?
- ტბა-მეთქი, ტბა, პატარა გუბე, იხვები რომ დაცურავენ.
- ჰო, მერე რა?
- იხვები ხომ გინახავთ იმ ტბაში? გაზაფხულობით. იქნებ შემთხვევით იცოდეთ, ზამთრობით სად მიდიან?
- ვინ სად მიდის?
- იხვები. იქნებ იცოდეთ შემთხვევით. ვინმეს საბარგო მანქანით მიჰყავს თუ თვითონვე მიფრინავენ - სამხრეთისაკენ ან სხვაგან სადმე?!
ჰორვიცი შემობრუნდა და სახეში ჩამაშტერდა. ეტყობა, ძალიან ნერვიული კაცი იყო, თუმცა ისე არა უშავდა რა.
- მე სად ჯანდაბიდან მეცოდინება! - თქმა მან, - ან რაში მჭირდება ამისთანა სისულელე.
- კი ნუ მიწყენ, - ვუთხარი მე. ეტყობოდა, მართლაც ეწყინა.
- რა უნდა მეწყინოს? წყენა რა მოსატანია!
კრინტი აღარ დამიძრავს; თუკი ასე იწყინა, რა ძალა მადგა. თვითონვე გამომელაპარაკა. ისევ მობრუნდა ჩემკენ და მითხრა.
- ის კი ვიცი, რომ თევზები არსად არ მიდიან. სადაც არიან, იქვე რჩებიან. თევზები, იმ ოხერ ტბაშივე.
- თკვზები,| ჰო... სად თევზი და სად იხვი, მე იხვებზე გკითხეთ.
- რა განსხვავებაა. თევზი და იხვი რამ გაჰყო, - თქვა ჰორვიცმა. ზედვე ეტყობოდა, რომ რაღაცაზე გაბრაზებული იყო. - პირიქით, თევზებს იხვებზე უფრო გაჭირდებათ - ზამთარიო, ყინვაო და ეშმაკმა იცის, კიდევ რა. ტვინი უნდა გაანძრიო.
ერთი წუთით გაჩუმებული ვიყავი, ხმა არ გამიღია. მერე კი ვუთხარი:
- ვთქვათ ასეა. მერე იმ თევზებყს რა მოსდით, სულ რომ გაიყინება ტბა და ხალხი ზედ ციგურაობას დაიწყებს?!
ჰორვიცი ისევ მობრუნდა და დამიღრიალა.
- ვიომ რაო, რა უნდა მოუვიდეთ? იქვე არიან, სად ოხრობაში უნდა წავიდნენ!
- ყინულს კიდევ ფეხებზე იკიდებენ, არა?! ვითომ არაფერიო!
- აინ იკიდებს ფეხებზე? ვინ გითხრა ფეხებზე იკიდებენო! - შემომიბღვირა ჰორვიცმა. ძალიან კი ადუღდა. შემეშინდა კიდეც - მანქანა ბოძს ან რამეს არ შეანარცხოს-მეთქი. - იქვე ცხოვრობენ, იმ ოხერი ყინულის ქვეშ. ეგეთი ბუნება აქვთ. გაიყინებიან და არიან მთელი ზამთარი.
- რას ამბობთ! ჭამა აღარ უნდათ? თუკი გნაიყინენ და ვეღარ იცურეს, საჭმელს ვინ მიაქვავებს?!
- ვაჰ, რა ღმერთი გიწყრება! სხეული თავისით იკვებება. ტბაში რამდენი წყალმცენარე და ოხრობაა, ყინულქვეშ! ფორები სულ ღია აქვთ თევზებს, და შესდით საჭმელი. ეგეთი ბუნება აქვთ. ახლა გამიგე?
- აჰა! - ვთქვი მე. აღარ ჩავაცივდი. შემეშინდა მანქანა არ დაამტვრიოს ან რამე არ მოუვიდეს-მეთქი. ძალიან ნერვიული კაცი ჩანდა და რაღა ინტერესი ჰქონდა იმასთან დავას. - იქნებ რამე დაგველია - ვუთხარ იმე.
ხმაც არ გაუცია. შევატყე, რომ ისევ იმაზე ფიქრობდა. კიდევ გავუმეორე თხოვნა. კაი კაცი იყო. სასიამოვნო.
- დალევის დრო ვინ მომცა, ძმობილო, - მითხრა მან - ისე მაინც რამდენი წლის იქნები? რატომ არ გძინავს?
- არ მეძინება.
მანქანიდან რომ გადმოვედი და ფული გადავუხადე, ჰორვიცი ისევ თევზებს დაუბრუნდა. ალბათ სულ ამაზე ფიქრობდა.
- მოიხედე, - მითხრა მან, - შენ რომ თევზი იყო, როგორა ფიქრობ, ბუნება შენზე არ იზრუნებდა? ჰა? რას იტყვი? მაშ რატომ გგონია, რომ ზამთარში თევზები უსათუოდ უნდა დაიხოცონ?!
- დახოცვით არ დაიხოცებიან, მაგრამ...
- ჰოდა, მეც მანდა ვარ! - თქვა ჰორვიცმა და გიჟივით გაქანდა.
ჯერაც არ გადავყრივარ ამისთანა ნერვიულ ადამიანს. რაც არ უნდა უთხრა, ყველაფერზე ჯაჯაღანებს.
ამ ნაშუაღამევსაც კი ერნის სამიკიტნოში ჭედვა იყო. უმთავრესად სკოლებისა და კოლეჯების ვაჟბატონებს მოეყარათ თავი. სკოლებს ყველგან ადრე ითხოვენ ხოლმე საშობაოდ, მარტო ჩემთან გახდა უსაშველო - საცა არ უნდა მივიდე, ყველა კოლეჯში აჭიანურებენ. ისეთი ჭედვა იყო, რომ პალტოსთვის ნომერიც აღარ ყოფნიდათ გარდერობში. თუმცა ღრიანცელი არ ყოფილა, რადგან ერნი როიალზე უკრავდა. გეგონება, კაი წმინდანი იყოს - მიუჯდება თუ არა როიალს, ყველა პირდაბჩენილი შეჰყურებს. დიდ საქბმეში არიან! ჩემს გვერდით ორი-სამი წყვილი იდგა, მაგიდის მოლოდინში; ერთმანეთს აწყდებოდნენ და თითის წვერებზე დგებოდნენ, რომ ერნისთვის მოეკრათ თვალი დაკვრის დროს. როიალის უკან დიდი სარკე ჰქონდა დაკიდული ერნის და გვერდებიდანაც პროჟექტორები აშუქებდნენ, ორმ დაკვრის დროს ყველას შესძლებოდა მისი სახის დანახვა. თითებს თვალსაც ვერ მოჰკრავდი, მხოლოდ მის გაბრტყელებულ სიფათს შეჰყურებდი. მართლაც რომ გაბრტყელებული სიფათი ჰქონდა! დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რას უკრავდა, როცა შევედი, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრად კი ათახსირებდა. ჰოი, რა ამბავში იყო - რომ გაუწვრილდებოდა, მაღალ ნოტებს აიღებდა და მოჰყვებოდა მანჭვა-გრეხას... ლამის გულგვამი ამომიტრიალდა. მაგრამ უნდა გენახათ, რა მოუვიდა ხალხს, როცა მან დაკვრა დაამთავრა. გული აგერეოდათ. ჭკუა დაკარგეს. სწორედ ისე, კინოში რომ მოჰყვებიან ხოლმე იდიოტები ჰიენებივით ხვიხვინს, საცა სულ არ არის სასაცილო. მე რომ პიანინოზე ვუკრავდე, ან სცენაზე გამოვდიოდე, ან რამე ასეთი, და ამ კრეტინ ხალხს ასე მოვეწონო, თავიც შემძულდებოდა. ღმერთი გამიწყრეს, თუ გულით არ გეუბნებოდეთ. მაგათ ტაშს რა თავში ვიხლი! როდის ყოფილა, კარგ რამეზე დაეკრათ ტაში! პიანისტი რომ ვიყო, საკუჭნაოში ჩავიკეტებოდი და იქ დავუკრავდი. ერთი სიტყვით, რომ დაამთავრა და ხალხიც ბნედიანებივით რომ მოჰყვა თავის ქიცინსა და ტაშის ცემას, ერნი სკამზევე შემოტრიალდა, შტერივით გაიჭყანა და თავი მორჩილად დახარა. ვითომ, ხომ ასე დიდებულად ვუკრავ, მაგრამ თან რა თავმდაბალი ვარო. თვალთმაქცობდა, თორემ მაგირსთანა ცხვირაბზეკილი ვაჟბატონის მნახველი არა ვარ. მაგრამ ცოტაცი მაინც შემეცოდა. მე მგონი, უკვე თვითონვე ვეღარა გრძნობდა - კარგად უკრავდა თუ ცუდად. მთლად მისი ბრალიც არ არის. ამ კრეტინებსაც მიუძვით ბრალი, ბნედიანებივით რომ უკრავენ ტაშს - მაგათ თუ უგდე ყური, ვინც არ უნდა იყო, გაგასულელებენ. ისევ გამიფუჭდა გუნება, გული მომეწურა... ცოტას გაწყდა, უკანვე არ გამოვიტანე პალტო და სასტუმროსაკენ არ გავბრუნდი. მაგრამ ძალიან ადრე იყო და არ მინდოდა მარტოკა დავრჩენილიყავი.
ბოლოს, როგორც იქნა, გამომიძებნეს ერთი აქოთებული მაგიდა. ზედ კუნჭულში, დიდი ბოძის უკან. იქიდან ვერაფერს დაინახავდი. ერთი ციცქნა მაგიდა იყო, თუ მეზობელი მაგიდებიდან არ ადგებოდნენ და არ გაგატარებდნენ, ვპრც მიაღწევდი. მაგრამ ვინ გაგატარებს? მე შენ გეტყვი ეს ნაბიჭვრები შეიწუხებენ თავს! წვალებით უნდა მიცოცდე. ვისკი და სოდა შევუკვეთე. ჩაციებული დაიკირის შემდეგ ყველაზე უფრო ეს მიყვარს. ექვსი წლისაც რომ იყო, ერნის სამიკიტნოში ყოველნაირ სასმელს მოგიტანენ. ჩაბნელებულია ყველაფერი, და ისედაც ფეხებზე ჰკიდიათ, რა ხნისა ხარ. გაქანებული ნარკომანიც რომ იყო, ვის რაში ენაღვლები.
ირგვლივ სულ ნაძირალები ისხდნენ. არ გეხუმრებით. ზედ ჩემს მაგიდასთან, ხელმარცხნივ, ასეთივე მოციცქნილი მაგიდა იდგა და ვიღაც უშნო გოგო და ბიჭი უსხდნენ. ჩემი ხნისანი იქნებოდნენ, იქნებ ცოტათი უფროსები. მართლაც რომ ახირებული ხალხი იყო. გამწარებით ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნელა და ნელა ესვათ. ერთხანს ყურს ვუგდებდი მათ ლაპარაკს. საქმე მაინც არაფერი მქონდა. ბიჭი ფეხბურთის ამბავს უყვებოდა. იმ დღეს ენახა რაღაც თამაში. დაწვრილებით უამბობდა - რომელ წუთზე რა მოხდა. არ გეხუმრებით. ამისთანა მოსაწყენი ჩემს დღეში არაფერი მომისმენია. ეტყობოდა, არც გოგოს აინტერესებდა მაინცდამაინც, მაგრამ ბიჭზე უფრო მახინჯი იყო და სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა მოესმინა. საცოდავები არიან მახინჯი გოგოები. ზოგჯერ ისე შემებრალებიან, რომ შეხედვაც კი აღარ შემიძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოჩერჩეტებულ ვაჟბატონთან სხედან და რაღაც ბითურული ფეხბურთის ანგარიშს ისმენენ. მარჯვნიდან კიდევ უფრო გულისამრევი საუბარი მესმოდა. ერთი ვაჟბატონი ბრძანდებოდა, ეტყობოდა იეილის უნივერსიტეტიდან იყო - ნაცრისფერი ფლანელის კოსტუმი და გამოწკეპილი ჟილეტი! ეს კეთილშობილი კოლეჯების ნაბიჭვრები ყველა ერთმანეთსა ჰგავს. მამაჩემს უნდა ან იეილში გამაგზავნოს ან პრინსტონში. მაგრამ, ღმერთი იყოს მოწმე, ცოცხალი თავით არც იქ წავალ და არც იქ. სხვათა შორის, იმ იეილელ ვაჟბატონს მშვენიერი გოგო ახლდა. ჰოი, ბიჭო, რა გოგო იყო! იმაგრამ იმათი საუბრისთვის უნდა დაგეგდო ყური. ჯერ ერთი, ბიჭიცა და გოგოც ცოტათი გადაკრულში იყვნენ. იჯდა ეს ბიჭი, მაგიდის ქვეშ ხელი შეეცურებინა და გოგოსა ჭყლეტს ფათურებდა, თან კი კი ვიღაცის ამბავს უყვებოდა - ერთი ბიჭი ჰყოლოდათ საერთო საცხოვრებელში, მთელი შუშა ასპირინი შეჭამა, თავი კინაღამ მოიკლა თურმე. გოგო კი ერთთავად იძახის: `რპა საშინელებაა... გეყოფა, გენაცვალე, ნუ. მანდ ნუ!~ წარმოგიდგენიათ - და თან ვიღაც ბიჭის თვითმკვლელობის ამბავს ყველა. ამათ მთლად მომიღეს ბოლო.
დავიჟეჟე ერთ ადგილას ჯდომით, მომწყინდა. საქმე არაფერი მქონდა - ვიჯექი, ვსვამდი და სიგარეტს ვაბოლებდი. თუმცა ერნის კი შევუთვალე ოფიციანტის პირით, იქნებ ვისკიზე დამეწვიო-მეთქი. ისიც შევუთვალე, რომ დ.ბ.-ს ძმა ვიყავი. მაგრამ არა მგონია, ჩემი დანაბარები მიეტანოთ. როდის მომხდარა, რომ ამ ნაბიჭვრებს დანაბარები სიტყვა გადაეცათ ვინმესთვის.
უცებ ერთი ქალი მეძახის.
- ჰოლდენ კოლფილდ! - ლილიან სიმონსი იყო. ერთხანს ჩემი ძმა დ.ბ. დასდევდა ხოლმე. უსაშველოდ გამობერილი მკერდი ჰქონდა.
- გაუმარჯოს! - მეც შევძახე. წამოდგომა ვცადე, რაღა თქმა უნდა, მაგრამ იმ სივიწროვეში რას წამოდგებოდი. მეზღვაური ახლდა, სარგადაყლაპულივით გაჯგიმული ოფიცერი.
- როგორ გამეხარდა! - დამიძახა ლილიან სიმონსმა. მიჰქარავს. - შენი უფროსი ძმა როგორ არის? - აი, რისი გაგება სურდა!
- დიდებულად. ჰოლივუდშია.
- ჰოლივუდში! რა კარგია! რას აკეთებს?
- რა ვიცი. წერს. - ვუთხარი მე. ბევრ წილადობილას მოვერიდე. ეტყობოდა დიდ პატივად თვლიდა ჩემი ძმის ჰოლივუდში ყოფნას. ყველას ასე ეჩვენება. უმთავრესად იმათ, ვისაც მისი მოთხრობები არ წაუკითხავს. მე კიდე ამაზე მეშლება ნერვები და ლამის ჭკუიდან შევიშალო.
- რა დიდებულია! - თქვა ლილიანმა და თავისი მეზღვაური გამაცნო. კაპიტანი ბლოპი თუ რაღაც ამრაირი ერქვა. ეს ვაჟბატონიც ერთ-ერთი იმათთაგანი გახლდათ, რომელთაც ქალაჩუნობად და სიძაბუნედ მიაჩნიათ, მთელი თითები თუ არ დაგამტვირეს ხელის ჩამორთმევის დროს. ჰოი, როგორ მეჯავრება ამისთანა რამე!
- მარტოკა ხარ, ბიჭო? - მკითხა ლილიანმა. მთელი გასასვლელი ჩაკეტა. ეტყობოდა, სიამოვნებდა, არავის რომ არ ატარებდა. ოფიციანტი დგას და ელოდება, გზას როდის მომცემსო. საქმეში ხარ - არც კი შეუმჩნევია. სასაცილო იყო. აშკარად ჩანდა, რომ ოფიციანტს მაინცდამაინც არ მოსდიოდა თვალში ეს ქალი. ოფიციანტს კი არა და, ეტყობოდა, თვითონ მეზღვაურსაც არ ამოსდიოდა მხე, მიუხედავად იმისა, რომ მას ახლდა. არც მე მომწონდა. არაივსაც არ მოსწონდა. ცოტა არ იყოს, შემეცოდა კიდეც.
- გოგო არა გყავს, ბიჭო? - მკითხა მან. ახლა უკვე ფეხზე ვიდექი, და არც უთქვამს, დაჯექიო. ამისთანა ტიპი იყო, მთელ დღეს ფეხზე ჩამოგწყვეტდა. - ხომ კარგი ბიჭია? - მიუბრუნდა თავის მეზღვაურს, - რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდები, ჰოლდენ!
წავიდეთო, მეზღვაურმა უთხრა ამ დროს. გზა ჩავკეტეთო.
- ჩევნთან დაჯექი, ჰოლდენ, - მითხრა ლილიანმა, - ეს შენი ვისკიც თან წამოიღე.
- უკვე წასვლას ვაპირებდი, - ვუთხარ იმე, - ვიღაცას უნდა შევხვდე.
ზედვე ეტყობოდა, რომ ძალიან მექლესებოდა. მერე დ.ბ.-ს ეტყვისო, ფიქრობდა.
- აი, აი! როგორ გატყობ, არა ხუმრობ. მით უკეთესი, ასე უნდა. შენს უფრო ძმას უთხარი, მძულხარ-მეთქი, როცა ნახავ.
წავიდა. მეზღვაურმა და მეც ერთმანეთს მივექლესეთ, სასიამოვნო იყო გაცნობაო. ესა მსპობს. გაიცნობ გაკს და უსათუოდ უნდა უთხრა - `სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა~, თუნდაც სულაც არ იყოს სასიამოვნო! რას იზამ, სიცოცხლე თუ გინდა, ამისთანა სისულელეები უნდა როშო.
რაკი წამომცდა, ვიღაცას უნდაშევხვდე-მეთქი, მეტი რაღა ჩარა იყო, მართლაც უნდა წავსულიყავი. ერნისაც ვეღარ მოვუსმინე, იქნებ ცოტა უფრო ხეირიანი რამე დაეკრა. მაგრამ ლილიან სიმონსს და იმ მეზღვაურს ხომ არ მოვუჯდებოდი და სიცოცხლეს ხომ არ გავიმწარებდი! ავდექი და წამოვედი. პალტოს ვიცვამდი და თან გულზე ვსკდებოდი. ასეა ხოლმე - ყველაფერი უნდა ჩაგიშხამონ.

13

სასტუმროსკენ ფეხით გავბრუნდი. ორმოცდაერთი უშველებელი კვარტალი გავიარე. ძალიან კი არ მეხალისებოდა ფეხით ფრატუნი, მაგრამ ტაქსში ჩაჯდომა აღარ მინდოდა. ზოგჯერ მოგბეზრდება ხოლმე ტაქსით სიარული, ლიფტისა არ იყოს. უცებ ფეხით სიარული მოგინდება - სულერთია, რა გზაც არ უნდა გქონდეს გასავლელი, ან რა სიმაღლეზე უნდა იყო ასასვლელი. პატარა რომ ვიყავი, სულ ფეხით ავდიოდი ხოლმე კიბეებზე. მეთორმეტე სართულზე ვცხოვრობდით.
ვერც კი იტყოდი, ამ ცოტა ხანში თოვდაო. თოვლის ნატამალიც არ იყო ტროტუარზე. მაგრამ ყინავდა კი. ჯიბიდან ჩემი წითელი სანადირო ქუდი ამოვიღე და თავზე ჩამოვიფხატე. ფეხებზე არ მეკიდა - მიხდებოდა თუ არა! ის კი არა და ყურსაფარებიც ჩამოვუშვი. ნეტა ვინ ამაწაპნა პენსიში ის ხელთათმანები! ხელები სულ წამეყინა. ისე ვამბობ, თორემ რას ვიზამდი, კიდეც რომ მცოდნოდა. კაი მხდალი და ლაჩარი გახლავართ. ვცდილობ დავფარო ჩემი სილაჩრე, მაგრამ სად გაექცევი. ვთქვათ გამეგო, ვინ მოიპარა ჩემი ხელთათმანები, როგორ გგონიათ, რას ვიზამდი. მივიდოდი იმ არამზადასთავნ და ვეტყოდი: `აბა! ხელთათმანების დაბრუნებას არ აპირებ?~ ის არამზადა კი, ნამდვილად ვინც მომპარა ხელთათმანები, უცოდველი კაცივით მიპასუხებდა: `რა ხელთათმანები?~ მე მაშინ, ალბათ, კარადას მივვარდებოდი და ჩემს ხელთათმანებს მოვძებნიდი. ან თავის ბინძურ კალოშებში ექნებოდა ჩამალული, ან სადმე. ამოვიღებდი და ვაჩვენებდი. `იქნებ შენი ხელთათმანები იყოს, ჰა?!~ არამზადა მამა აბრამის ბაკტანივით გაიკვირვებდა და იტყოდა: `პირველად ვხედავ. წაიღე, შენი თუა. ვის რაში სჭირდება შენი ბინძური ხელთათმანები!~ მე ხუთიოდე წუთს ასე ვდგავარ, თათმანები ხელში მიჭირავს და ვფიქრობ - ახი არ იქნება, ერთი ყბა მოვუნგრიო?! მაგრამ ვაჟკაცობა არა მყოფნის. ვდგავარ და თვალებს ვაბრიალებ. ყბის მონგრევის ნაცვლად, ასადუღებლად მწარე რამეს ვეტყვი. თუ მართლა მწარე გამომივიდა, ის არამზადა წამოდგება, მომიახლოვდება და მეტყვის: `მოიხედე, კოლფილდ. შენ მე არამზადა დამიძახე?!~ მე კიდე, იმის ნაცვლად რომ პირდაპირ მივახალო: დაგიძახე და ხარ კიდეც, შე ბინძურო ნაბიჭვარო-მეთქი, ალბათ ვეტყვი: `მე ის ვიცი, რომ ჩემი ხელთათმანები შენს ბინძურ კალოშებში აღმოჩნდა~. ხელადვე მიხვდება, რომ შემოკვრას არ ვაპირებ ალბათ მეტყვის: `მოდი პირდაპირ ვილაპარაკოთ. შენ მე ქურდი მიწოდე არა? მე ვეტყვი: `არავისაც არ უწოდებია ქურდი. მე ის ვიცი, რომ ჩემი ხელთათმანები შენს ბინძურ კალოშებში აღმოჩნდა~. და ასე გაგრძელდება საათობით. ბოლოს, მაინც ისე გამოვალ მისი ოთახიდან, რომ ვერ მივაკერებ. მერე ალბათ საპირფარეშოში შევალ, ჩუმად სიგარეტს მოვწევ და სარკეში მრისხანე სახეს მივიღებ.
ერთი სიტყვით, სასტუმროსკენ მივდიოდი და სულ ამას ვფიქრობდი. სილაჩრე დიდი ვერაფერი სასაცილო საქმეა. იქნებ არც ვიყო ლაჩარი. რა ვიცი. იქნებ ნაწილობრივ ლაჩარი ვიყო, ნაწილობრივ კი ისეთი კაცი, რომელსაც ხელთათმანების დაკარგვა დიდად არ აწუხებს. ერთი უბედურება მჭირს, - ფეხებზე ვიკიდებ თუ რამე დავკარგე. პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი პირდაპირ გიჟდებოდა ამაზე. ზოგიერთი მთელი დღეები ეძებს ხოლმე, როცა რამეს დაკარგავს. მე კი ისეთი არაფერი მქონია, რომ იმის დაკარგვას გული დიდად დაეწყვიტოს. იქნებ ამიტომაც ვიყო მოლაჩრო კაცი. თუმცა ეგ რა გამართლებაა. სულაც არ არის გამართლება. სილაჩრე რა საკადრისია! თუკი საჭიროა ვინმეს სიფათში მიაკერო, და გულიც ამას გეუბნება, ადექი და მიაკერე. მე კიდე არ შემიძლია. მირჩევნია, ფანჯრიდან გადავაგდო კაცი, ან არა და თავი ნაჯახით გავაგდებინო, სიფათში კი ვერ მივაკერებ. საერთოდ, მუშტი-კრივს ვერ ვეწყობი. მირჩევნია, მე თვითონ მომადონ სიფათში - თუმცა, რაღა თქმა უნდა, არც ეს იქნება დიდად სასიამოვნო, - მაგრამ მომკალი და სხვა ვერ შემოვკრავ სახეში. მთელი უბედურება ისაა, რომ სახეში ვეღარ ვუყურებ. თვალები თუ ავიხვიეთ, მაშინ კიდევ ჰო. უცნაური სილაჩრეა, რომ დავუფიქრდები, მაგრამ რაც არ უნდა თქვა, მაინც სილაჩრეა, თავი რატომ უნდა მოიტყუო.
რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ჩემს ხელთათმანებსა და სილაჩრეზე, მით უფრო მეწურებოდა გული. ბოლოს გადავწყვიტე სადმე შემეველო და გადამეკრა. ერნისთან სულ სამი ჭიქა მოვატანინე და მესამის დალევა ვეღარც კი მოვასწარი. სმა ჩემი მოგონილია, ამას ვერავინ წამართმევს - დილამდე რომ ესვა, სულ არ შემეტყობა, კაი გუნებაზე თუ ვარ. ერთხელ, ჰუტონის სკოლაში ვარ და, მე და ჩემმა ამხანგმა რაიმონდ გოლდფარბმა ერთი პინტი შოტლანდიური ვისკი ვიყიდეთ. შაბათი ღამე იყო. სამრეკლოში შევიპარეთ და ვსვით. ის ჩემი ამხანაგი ისე დათვრა, რომ სახე შეეშალა. მე კი, ვითომც არაფერიო, არხეინად ვიყავი. დაწოლის წინ ცოტათი კი ამერია გული, მაგრამ განგებ ავირიე.
ერთი უბადრუკი ბარი შემხვდა სასტუმროს გზაზე, და ვთქვი აქ დავლევ-მეთქი, მაგრამ შესვლა რომ დავაპირე, იქიდან ორი გალეშილი ვაჟბატონი გამობრძანდა და მეტრო მკითხეს, საით არისო. ერთი პირწავარდნილი კუბელი იყო და მანამ გზას მივასწავლიდი, პირდაპირ სახეში მაორთქლავდა ოხშივარს. აღარც შევსულვარ იმ ოხერ ბარში. პირდაპირ სასტუმროსკე გავწიე.
ვესტიბიულში კაცის ჭაჭანება არ იყო. თამბაქოს კვამლის სუნი იდგა - თითქოს ორმოცდაათი მილიონი სიგარის ნამწვავი ხრჩოლავსო. არც მეძინებოდა და არც არაფერი, მაგრამ ძაღლის გუნებაზე ვიყავი. გულიც მეწურებოდა და რა ვიცი!.. ნეტა მომკლა-მეთქი.
და მოულოდნელად მახეში გავები.
ლიფტში შესვლა ვერც კი მოვასწარი, რომ მელიფტე ბიჭი მომიბრუნდა და მითხრა.
- ცოტა გართობა არ გინდათ? თუ გეძინებათ უკვე?
- რა გართობა? - ვერ მივუხვდი, საით უმიზნებდა.
- გოგო არ გინდოდათ?
- მე? - სულელური პასუხი გამომივიდა. მაგრამ ისე უცებ მომახალა, რომ დავიბენი.
- რამდენი წლისა ხარ, უფროსო? - მელიფტე ბიჭმა მკითხა.
- რად გინდა?! ოცდაორისა.
- ჰოო! ა, რას იტყვი? არ გინდა? ერთი თალია - ხუთი დოლარი, მთელი ღამით - თხუთმეტი დოლარი. - მაჯის საათზე დაიხედა.
- შუადღემდე გეყოლება. ერთი თალია - ხუთი დოლარი, შუადღემდე - თხუთმეტი დოლარი.
- აგრე იყოს, - ვუთხარი მე. პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ამისთანა რამეებისა, მაგრამ ახლა ისე ჩაწყვეტილი მქონდა გული, რომ აღარ დავფიქრებულვარ. მთელი უბედურებაც ეგ არის. ცუდ გუნებაზე რომ ხარ, ფიქრის თავიც აღარა გაქვს.
- რა იყოს აგრე! ერთი თალია თუ შუადღემდე? გამაგებინე.
- ერთი თალია.
- ძალიან კარგი. რომელ ნომერში?
გასაღებზე მიკრულ ფირფიტას დავხედე.
- თორმეტი ოცდაორი. - უკვე ვინანე, ამისთანა საქმეში რომ გავები, მაგრამ რაღა დროსი იყო.
- ძალიან კარგი. თხუთმეტ წუთში მოგივა. - კარი გამიღო და გამოვედი.
- ეი, ლამაზი იქნება? - ვკითხე მე, - გადაბერებული არ გამომიგზავნო.
- გადაბერებული რა საკადრისია. მაგისი ფიქრი ნუ გექნება, უფროსო.
- ფული ვის უნდა გადავუხადო?
- მასვე გადაუხდი. ახლა კი წავედი, უფროსო. - ზედ ცხვირწინ მომიკეტა კარი.
ოთახში შევედი და თმა წყლით დავისველე, მაგრამ ჯაგარივით მოკლედ გაკრეჭილ თმას რა დავარცხნის! მერე გავსინჯე, პირში სიგარეტისა და ვისკის სუნი ხომ არა მაქვს-მეთქი. ბევრი კი არაფერი უნდა ამას - ხელი ნიკაპის გასწვრივ უნდა დაიჭირო, თითები მაღლა მოაქციო და ამონასუნთქი პირდაპირ ნესტოებისკენ გაუშვა. მაინცდამაინც არ მიყარდა პირი, მაგრამ კბილები მაინც გავიხეხე ჯაგრისით. მერე პერანგიც გამოვიცვალე. კაცმა რომ თქვას, ვიღაც მეძავის გულისთვის ამდენი მორთვა-მოკაზმვა რაში მჭირდებოდა, მაგრამ საქმე გავიჩინე. სწორე გითხრათ, ვნერვიულობდი. მართალია, უკვე ვნებიანიც გავხდი, ყველაფერი, მაგრამ ცოტათი მაინც ვნერვიულობდი. მართალი თუ გინდათ, ჯერ უმანკო ვარ. არ გეხუმრებით. რამდენჯერ მქონია შემთხვევა, და მუდამ რაღაც მიშლის ხელს. ვთქვათ, გოგოს სახლში ხარ, არ იქნება, რომ მშობლები უდროო დროს არ გამოჩნდნენ, ან არადა გეშინია - მოვლენო. თუ ვინმეს მანქანაში ზიხარ, გოგოსთან ერთად უკანა სავარძელზე, წინ უსათუოდ ვიღაც სხვა გოგო უნდა იჯდეს, რომელიც საშინლად დაინტერესებულია, რა ხდებაო, თვალები სულ უკან გამოურბის. ერთი სიტყვით, არ იქნება, რამე არ გამოტყვრეს. ერთი-ორჯერ თითქმის გათავებული იყო საქმე, განსაკუთრებით, ერთი შემთხვევა მაგონდება. მაგრამ რაღაც მოხდა, აღარ მახსოვს რა. უფრო ხშირად, საქმე საქმეზე რომ მივა, არ შეიძლება გოგომ არ იყვიროს - რა თქმა უნდა, თუ კახპა არ არის - მოჰყვება წუწუნს, ნუ იზამ, თავი დამანებეო. და მთელი უბედურება ის არის, რომ მეც ვანებებ თავს. სხვა ბიჭები არც ანებებენ და არც არაფერი. რა ვქნა, მე არ შემიძლია. ვერც გაუგებ, მართლა გულით გეუბნება თუ შიშით მოსდის, ანდა იქნებ იმიტომ გეუბნება თავი გამენებეო, რომ რამე თუ მოხდება, შენ დაგბრალდეს. ერთი სიტყვით, თავს ვანებებ. მებრალებიან და რა ვქნა. ისეთი ბენტერები არიან გოგოები. ერთი თუ აკოცე, სულ ელეთ-მელეთი მოსდით. აბა ნახეთ: კარგად რომ აღეგზნება გოგო - ჭკუის ნატამალიც აღარა აქვს. რა ვქნა, მეტყვიან თუ არა, გაჩერდიო, მეც ვჩერდები. მერე ვნანობ, შინ რომ ვაცილებ, ნეტა არ დამეჯერებინა-მეთქი, მაგრამ მაინც ყოველთვის ვუჯერებ.
ახლა კი, პერანგს ვიცვლიდი და თან ვფიქრობდი, როგორც იქნა ვეღირსე: ეს ხომ მეძავია, ცოტას შევეჩვევი, ვისწავლი და მერე ცოლი თუ შევირთე, გამომადგება-მეთქი. რა გგონიათ, ამაზეც ვწუხვარ ზოგჯერ, რომ დავფიქრდები. რაღაც წიგნს ვკითხულობდი ჰუტონში. ერთი გამოქექილ-გამოწკეპილი და გარყვნილი ვაჟბატონის ამბავია. მუსიე ბლანშარი ჰქვია, ახლაც მახსოვს. ბინძური წიგნი იყო, მაგრამ იმ ბლანშარს არა უშავდა რა. დიდი კოშკი ჰქონდა რივიერაზე, ევროპაში, და მოცლილობის დროს ქალებისცემის მეტს არაფერს აკეთებდა. საერთოდ, დიდი დარდიმანდი ვინმე იყო და ყველაფერი, მაგრამ ქალებს უმოწყალოდ სცემდა. ერთგან ამბობს, დედაკაცის სხეული ვიოლინოსა ჰგავს და დიდებული მუსიკოსი უნდა იყო, რომ კარგად დაუკრაო. საშინლად ბინძური წიგნი იყო, განა არ ვიცი - მაგრამ ეს ვიოლინო ვერ იქნა და ვერ ამოვიგდე თავიდან. იმიტომაც მინდოდა, ცოტათი მაინც გავრკვეულიყავი საქმეში, მანამ ცოლს შევირთავდი. ჰოი, ბიჭო, კოლფილდი და მისი ჯადოსნური ვიოლინო! სისაძაგლე რომაა, კი ვხედავ, მგრამ არც თუ ისე დიდი სისაძაგლე. ასეა თუ ისე, ცოტა გამოცდილება მაინც უნდა გქონდეს. თორემ, მართალი თუ გინდათ, როცა გოგოსთან ვარ, ხეირიანად არც კი ვიცი, რა უნდა ვქნა. იმ გოგოს, მაგალითად, - მე რომ გეუბნებოდით, ცოტაღა დამაკლდა-მეთქი, - მთელი საათი ვეჯაჯგურე, მანამ ოხერ ლიფს მოვხსნიდი. ხოლო როცა მოვხსენი, ლამის თვალებში შემაფურთხა.
ერთი სიტყვით, ოთახში ვწრიალებდი და ველოდი, როდის გამოჩნდებოდა ის მეძავი ქალი. იმედი მქონდა, რომ ლამაზი იქნებოდა. თუმცა, სულერთი არ იყო! ოღონდ კი მალე გათავებულიყო ყველაფერი. როგორც იქნა, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. გასაღებად რომ გავემართე, გზაში ჩემოდანი გაჩხირულიყო, წამოვედე და მუხლი კინაღამ გავიტეხე. მაინცდამაინც ასეთ დროს უნდა წამოვედო ხოლმე, ჩემოდანი იქნება თუ რაც იქნება.
კარი რომ გავაღე, ის გოგო იქვე იდგა. პოლოს მოთამაშის ფორმა ეცვა, ქუდი ეხურა. ქერა იყო, მაგრამ, ეტყობოდა, თმას იღებავდა. სულაც არ ყოფილა ბებრუხანა.
- გამარჯობა! - ვუთხარი მე. ჰოი, ბიჭო, რა თავაზიანად გამომივიდა!
- თქვენ ისა ხართ, მორისმა რომ მითხრა? - მკითხა მან. ცოტა უჟმური ჩანდა.
- მელიფტემ?
- ჰო.
- დიახ, ისა ვარ. შემობრძანდით, - რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ვმშვიდდებოდი.
შემოვიდა, ხელადვე იშვლიპა პალტო და ლოგინზე მიაგდო, მწვანე კაბა ეცვა. მერე მაგიდას გვერდულად მიუჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ფეხის რწევას მოჰყვა: აღმა-დაღმა, აღმა-დაღმა. ძალიან ნერვიულობდა, სულაც არ ჰგავდა მეძავს. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო. ასე, ჩემი ხნისა. მეც გვერდზე მივუჯექი და სიგარეტი შევთავაზე.
- არა ვწევ, - მითხრა მან. მიკნავებული ხმა ჰქონდა. ძლივს ისმოდა. მადლობას არც კი ამბობდა, როცა რამეს შესთავაზებდი მეტი არ იცოდა.
- ნება მომეცით, ჩემი თავი გაგაცნოთ - მე ჯიმ სტილი გახლავართ.
- საათი არა გაქვთ? - მკითხა მან. ძალიან არ ენაღვლებოდა ჩემი ვინაობა! - ისე, რამდენი წლისა ხართ?
- მე მეკითხებით? ოცდაორისა.
- არაფერიც!
საოცარია. პატარა გოგოსავით მითხრა. წესით ნამდვილ კახპასავით უნდა ეთქვა: `როგორ არა, დიახ!~ ან `რას მიჰქარავ!~ ამან კი `არაფერიცო~ მითხრა.
- თქვენ რამდენი წლისა ხართ? - ვკითხე.
- იმდენისა, რომ კაცი ადვილად ვერ გამაცურებს, - მითხრა მან. ენამოსწრებულიც რომ გამოდგა! - საათი არა გაქვთ? - მეორედ მკითხა, წამოდგა და კაბა გაიხადა.
ერთბაშად ავირიე. იმიტომ, რომ მოულოდნელად წამოხტა და გაიხადა. ქალი რომ წამოხტება შენს თვალწინ და კაბას გაიხდის, ცოტათი მაინც უნდა აღეგზნო. სულაც არ აღვგზნებულვარ. ისე ავირიე, და კიდევ უფრო ჩამწყდა გული.
- საათი არა გაქვთ?
- არა, არ მაქვს, - მივახალე ერთბაშად. ჰოი, ბიჭო, როგორ წამიხდა საქციელი! - რა გქვიათ? - ვკითხე ბოლოს. ვარდისფერი ლიფის ამარა იყო. საშინლად დავიბენი. ღმერთმანი.
- სანი მქვია, - მითხრა მან, - მოდი, რაღას უცდი.
- ჯერ ცოტა არ გველაპარაკნა? - მივმართე მე. ვიცი, რომ ბალღობა იყო ამისი თქმა, მაგრამ აკი გითხარით, საშინლად დავიბენი-მეთქი. - ძალიან გეჩქარებათ?
ისე შემომხედა, თითქოს გიჟი ვყოფილიყავი.
- რა ჯანბადაზე უნდა ვილაპარაკოთ?
- რა ვიცი. ისე ვიყბედოთ. ლაპარკით ცოტა თავს შევიქცევთ-მეთქი, ვიფიქრე.
ისევ მაგიდას მიუჯდა. თუმცა, ეტყობოდა, არც ისე დიდი ხალისით. კვლავ ფეხის რწევას მოჰყვა. ჰოი, ბიჭო, რა ნერვიული გოგო იყო!
- სიგარეტს არ მოსწევთ? - დამავიწყდა, რომ არა სწევდა.
- არა ვწევ. მოიხედე, თუ რამე სათქმელი გაქვს, ბარემ მითხარი.
სათქმელი ვერაფერი მოვიგონე. ერთი პირობა ვიფიქრე, მოდი ვკითხავ, კახპობა როგორ დაიწყე-მეთქი, მაგრამ მომერიდა. სულერთია, მაინც არ მიპასუხებდა.
- ნიუ-იორკელი არ უნდა იყოთ, ხომ? - ვკითხე ბოლოს. სხვა ვერაფერი მოვახერხე.
- ჰოლივუდიდანა ვარ, - მიპასუხა მან. მერე წამოდგა და ლოგინთან მივიდა, საცა კაბა დააგდო, - დასაკიდი არა გაქვს? ასე დამეჭმუჭნება. ახლახან გავაწმენდინე.
- როგორ არა, - ხელადვე ვუპასუხე. გამეხარდა, საქმე რომ გამიჩნდა. კაბა კარადასთან მივიტანე და დავკიდე. უცნაურია - რაღაცნაირად ნაღველი შემომაწვა, როცა ვკიდებდი. წარმოვიდგინე, როგორ შევიდა მაღაზიაში ამ კაბის საყიდლად, ისე რომ ეჭვიც არავის აღძვრია, მეძავიაო. ნოქარმა ალბათ გაიფიქრა, ჩვეულებრივი გოგოაო. ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ნაღველი შემომაწვა.
მერე ისევ დავჯექი და საუბრის გაგრძელება ვცდაე. ვერაფერიშვილი მოსაუბრე გამოდგა.
- მუდამდღე მუშაობთ? - ვკითხე და მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან უხერხულად გამომივიდა.
- ჰო. - ახლა უკვე ოთახში ბოლთასა სცემდა. მაგიდიდან მენიუ აიღო და გადაიკითხა.
- დღისით რას აკეთებთ?
მხრები აიჩეჩა. ცარიელი ტყავი და ძვლები იყო.
- მძინავს. კინოში დავდივარ, - მენიუ დადო და მე შემომხედა, - თუ მოდიხარ, ბარემ მოდი. ამდენი დრო...
იცით რა, - მე ვუთხარი, - ამაღამ რაღაც უქეიფოდა ვარ. იმდენი საქმე გამომიჩნდა. ღმერთს შეფიცებით. ფულსაც გადაგიხდით და ყველაფერი, ოღონდ გული ხომ არ დაგწყდებათ, არაფერი რომ არ გავაკეთოთ? ძალიან მიწყენთ?
უბედურება ის იყო, რომ აღარ მომინდა. მართალი თუ გნებავთ, აღგზნებით სულაც არ აღვგზნებულვარ, გული კი უფრო მომეწურა. ამ გოგომ მთლად გამიფუჭა გუნება. მისი მწვანე კაბაც აგერ კარადაში მეკიდა. ეგეც რომ არ იყოს, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა გამეკეთებინა ამნაირი საქმე გოგოსთან, რომელიც მთელი დღე რაღაც ბითურულ კინოში გდია. არ შემიძლია და რა ვქნა.
მომიახლოვდა და სახეში გაკვირვებით ჩამაშტერდა, თითქოს არა სჯერაო.
- რა მოგივიდა? - მკითხა მან.
- არაფერიც არ მომსვლია, - ჰო, ბიჭო, როგორ მომეშალა ნერვები. - ახლახან მძიმე ოპერაცია გადავიტანე.
- ჰოო? რისი ოპერაცია?
- ღმერთო რას ეძახიან! ჰოი, კლავიკორდი ამომკვეთეს.
- რაო? სად ჯანდაბაშია ეს?
- კლავიკორდი? როგორ გითხრა. ტვინის არხთან არის. ის არა და, შიგ ტვინის არხში.
- მართლა? - თქვა მან. ცუდი საქმე მოგსვლია, - მოვიდა შიგ კალთაში არ ჩამიჯდა! - კოხტა ბიჭი ხარ.
საშინლად გამანერვიულა ამ გოგომ. ერთი რომ დავიქოქე, სულ ტყუილებს ვაფრქვევდი.
- ვერ იქნა და ვერ გამოვმჯობინდი, - ვთქვი მე.
- კინოში ერთი მსახიობია, იმას ჰგავხარ. შენც გეცოდინება. ღმერთო, გამახსენე. შენც იცი, ვისზე ვამბობ. რა გვარია?
- არ ვიცი, - მივუგე მე. ზის არხეინად და აღარ ჩამოდის ჩემი მუხლებიდან.
- უსათუოდ გეცოდინება. მელვინ დუგლასთან თამაშობდა რომელიღაც კინოში. მელვინ დუგლასი უმცროსი ძმა იყო. აი, ნავიდან რომ გადავარდება, ხომ გახსოვს?
- არა, არ მახსოვს. ათასში ერთხელ თუ შევალ კინოში.
ლაზღანდარობას მოჰყვა. ისე ტლანქად იქცეოდა!
- აღარ გაჩერდებით? - მივმართე მე, - აკი გითხარით, უგუნებოდ ვარ-მეთქი, ჯერ ნაოპერაციევიც არ მომშუშებია...
მეჯდა კალთაში არხეინად, ჩამოსვლას არც კი ფიქრობდა. მერე უცებ უშნოდ შემომიბღვირა.
- მოიხედე, - მითხრა მან, - მე უკვე მეძინა და იმ დამთხვეულმა მორისმა გამაღვიძა. შენ თუ გგონია, რომ...
- აკი გეუბნებით, ფულს მოგცემთ-მეთქი. ახლავე მოგცემთ. ფული ჩეჩქივითა მაქვს. ეს არის, მძიმე ოპერაციის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ გამოვჯობინდი და...
- რაღას ეუბნებოდი იმ დამთხვეულ მორისს, გოგო მინდაო, თუკი ის ოხერი კლავიკორდია ამოგჭრეს?!. რა, ენა გექავებოდა?!
- მე მეგონა, უკვე კარგად ვარ-მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი. ვწუხვარ, რომ ასე გამომივიდა. ნამდვილად. თქვენ ერთი წუთით წამოდექით, საფულეს ამოვიღებ.
გაცეცხლებული იყო, მაგრამ მაინც წამოდგა ჩემი მუხლებიდან. მე კარადასთან მივედი, საფულე მოვძებნე, ხუთდოლარიანი ამოვიღე და გავუწოდე.
- მადლობა, - ვუთხარი მე, - დიდი მადლობა.
- ეს ხომ ხუთია. ათი ღირს.
ზედვე ეტყობოდა, გაცურება დამიპირა. წინასწარვე ვშიშობდი, ამისთანა რამე მოხდება-მეთქი... ნამდვილად.
- მორისმა ხუთი მითხრა, - მე ვეუბნები, - შუადღემდე თხუთმეტი, ერთი თალია კი ხუთიო.
- ათი ღირს.
- იმან ხუთი მითხრა. დიდ ბოდიშს კი ვიხდი, მაგრამ რა ვქნა, მეტს ვერ მოგცემთ.
წეღანდელივით აიჩეჩა მხრები და ცივად მითხრა:
- იქნებ კაბაც ჩამომიღოთ, თუ ძალიან არ შეწუხდებით!
მოჩვენებას ჰგავდა. ხომ ისეთი მიკნავებული ხმა ჰქონდა, მაინც შიშის ჟრუანტელი მივლიდა ტანში იმის შემხედვარეს. ბებერი როსკიპიც რომ ყოფილიყო, სულ წათხიპნულ-შეღებილი, ისიც კი არ გამოჩნდებოდა ამისთანა საშინელი.
გამოვუღე კაბა. ჩაიცვა, გაისწორა, მერე ლოგინზე მიგდებული პალტო აიღო.
- ნახვამდის ბედოვლათო, - მითხრა მან.
- ნახვამდის, - მეც გავეპასუხე. არც მადლობა მითქვამს და არც არაფერი. კიდევ კარგი, არ ვუთხარი.

14

სანი წავიდა, მე კი სავარძელში ჩავჯექი და ორი სიგარეტი მოვწიე. გარეთ თენდებოდა. ჰოი, ბიჭო, რა ძაღლის გუნებაზე ვიყავი! ვერც კი წარმოიდგენთ, გული როგორ მეწურებოდა. უცებ ხმამაღლა ლაპარაკი დავიწყე, ელის გამოველაპარაკე. ასე ვშვრები ხოლმე ზოგჯერ, როცა ძალიან მომეწურება გული. შინიდან ველოსიპედი წამოიღე და ბობი ფელონის სახლის წინ დამხვდი-მეთქი, ვეუბნები. ის ბიჭი ჩვენი ყურის მეზობელი იყო მეინში - ადრე, დიდი ხნის წინათ. ბობი ფელონი იმიტომ მახსენდება, რომ ერთხელ სედებიტის ტბაზე წასვლა გადავწყვიტეთ ველოსიპედებით, საუზმეც თან უნდა წაგვეღო და ჩვენი მცირეყალიბიანი თოფებიც. ბალღები ვიყავით და გვეგონა, რომ იმ პატარა თოფებით ნადირს დავხოცავდით. ჩვენი ლაპარაკისათვის ელისაც მოეკრა ყური და გამოყოლა მოინდომა. მე არ ვქენი. ჯერ ბავშვი ხარ-მეთქი, ვუთხარი. მას შემდეგ, ნაღველი რომ შემომაწვება გულზე, სულ ასე ვეუბნები: `კარგი, შინიდან ველოსიპედი წამოიღე და ბობის სახლის წინ დამხვდი, აბა, ჩქარა~. განა ჩემთან სიარულს ვუშლიდი. არა, საცა კი წავიდოდი, თან დამყავდა. მარტო იმ დღეს არ წავიყვანე. არცა სწყენია - საერთოდ არ იცოდა წყენა მაგრამ ეს შემთხვევა მუდამ მახსენდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა გულს ნაღველი შემომაწვება.
ბოლოს მაინც გავიხადე და ლოგინში ჩავწექი. ვილოცებ-მეთქი, ერი პირობა ვიფიქრე, მაგრამ ვერ მოვახერხე. არასოდეს არ გამომდის ლოცვა, რაც არ უნდაომვინდომო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ცოტას მოვიათეისტებ. ქრისტე მიყვარს, მართალია, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი სისულელეა ბიბლიაში. ჯერ მარტრო მოციქულებს დამიხედეთ! თავი მომაბეზრეს, მართალი თუ გინდათ. ქრისტე რომ მოკვდა, მერე კიდევ ჰოი, გამოიდეს თავი, მაგრამ სიცოცხლეში აბა რა გაუკეთეს - კაცს რომ ნახვრეტი გაუჩნდეს თავში, რა ხეირი უნდა ჰქონდეს იმ ნახვრეტისაგან?! ქრისტესაც ამნაირი სარგებლობა ჰქონდან იმათგან. რამდენადაც კი შეეძლოთ, მიწასთან გაასწორეს. ყველაზე საშინელები სწორედ ეგ მოციქულები არიან ბიბლიაში. მართალი თუ გინდათ, ბიბლიაში ქრისტეს შემდეგ ყველაზე უფრო ის დამთხვეული ბიჭი მიყვარს, გამოქვაბულში რომ ცხოვრობდა და სხეულს ქვებით იკაწრავდა. მოციქულებზე ათჯერაც უფრო მიყვვარს ის უბედური ნაბიჭვარი. ჰუტონის სასწავლებელში გაუთავებელი დავა მქონდა ამაზე ერთ ბიჭთან, რომელიც სწორედ ჩვენს დერეფანში ცხოვრობდა. ართურ ჩაილდსი ერქვა იმ ბიჭს. კვაკერი იყო და ცხვირი სულ ბიბლიაში ჰქონდა ჩარგული. კარგი ბიჭი იყო და მიყვარდა კიდეც, მაგრამ ბიბლიის საკითხში ვერასდიდებით ვერ მოვრიგდით, განსაკუთრებით მოციქულებზე მოგვდიოდა დავა. მოციქულები თუ გძულს, მაშ ქრისტეც გძულებიაო, მეუბნებოდა. ქრისტემ თვითონ აირჩია ის მოციქულები და უნდა გიყვარდესო. ვიცი, რომ ქრისტემ აირჩია, მე ვეუბნები, მაგრამ ალალბედზე აირჩია-მეთქი. დრო სადა ჰქონდა, რომ დამშვიდებით აეწონ-დაეწონა და ისე ამოერჩია. განა ქრისტეს ვამტყუნებ. რა მისი ბრალი იყო, რომ დრო არა ჰქონდა-მეთქი. მახსოვს, ვკითხე, როგორა გგონია, იუდა - აი, ქრისტეს რომ გადაუდგა - თავის მოკვლის შემდეგ ჯოჯოხეთში თუ მოხვდებოდა-მეთქი. რა თქმა უნდაო, ჩაილდსმა მიპასუხა. ამაზეც ვერ მოვრიგდით - ათას დოლარს ჩამოვალ სანაძლეოს, რომ ქრისტე იუდას ჯოჯოხეთში არასდიდებით არ გაგზვნიდა-მეთქი. ახლაც ჩამოვალ ამ ნაძლევს, ათასი დოლარი რომ მომცა. მოციქულები იცოცხლე, მაშინვე მიაბრძანებდნენ ჯოჯოხეთში, არც დაფიქრდებოდნენ. ქრისტე კი, სანაძლეოს ჩამოვალ, ამას არ იზამდა. შენი უბედურება ის არის, რომ ეკლესიაში არ დადიხარო, ჩაილდსმა მითხრა. რაც მართალია, მართალია - ეკლესიაში არ დავდივარ. ჯერ ერთი რომ დედაჩემი და მამაჩემი სულ სხვადასხვა რელიგიის ხალხია, ბავშვები კი ათეისტები გამოვედით. მართალი თუ გინდათ, მღვდლები დასანახად მძულს. რომელ სკოლაშიაც არ მივედი, საქადაგებლად რომ გამოვა მღვდელი, ხმა უსათუოდ უნდა დაიშაქროს და დაიტკბოს. ფუჰ, რა საშინელებაა. რატომ არ შეიძლება, ადამიანურად ილაპარაკონ. ისე სულელურად იტყლარჭებიან ხოლმე!
ერთი სიტყვით, ლოცვა ვერ მოვახერხე. რამდენს დავაპირებდი, იმდენი ის ოხერი სანი გამახსენდებოდა, `ბედოვლათი~ როცა დამიძახა, ბოლოს ლოგინში წამოვჯექი და კიდევ მოვწიე ერთი სიგარეტი. საძაგელი გემო ჰქონდა. რაც პენსიდან წამოვედი, ალბათ ორი კოლოფი გავათავე.
ვწევარ ჩემთვის და სიგარეტს ვაბოლებ, უცებ კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. არ მინდა დავიჯერო, რომ ჩემს კარებზე აკაკუნებენ, მაგრამ მშვენივრად ვიცი, რომ ჩემთან არიან. ვერ გეტყვით, საიდან ვიცოდი ასე დაბეჯითებით, მაგრამ ვიცოდი კი. ისიც ვიცოდი, ვინ იყო. ფსიქოლოგი ვარ.
- ვინ არის? - გავძახე მე. კარგა მაგრად შემეშინდა. ამისთანა რამეებში, ცოტა არ იყოს, მოვილაჩრებ.
კიდევ დააკაკუნეს. ახლა უფრო მაგრად.
რა გზა იყო, წამოვდექი, პიჟამოს ამარა მივედი კარებთან და გავაღე. სინათლე არც კი ამინთია - უკვე დღე იყო. კარებში სანი და ის დამუწუკებული მელიფტე მორისი იდგნენ.
- რა ამბავია? რა გნებავთ? - ვკითხე მე. ჰოი, ბიჭო, როგორ მიკანკალებდა ხმა.
- ბევრი არაფერი, - მიპასუხა მორისმა, - მხოლოდ ხუთი დოლარი. - ორივეს ნაცვლად ის ლაპარაკობდა. სანის კი პირი დაეღო და იდგა.
- უკვე გადავუხადე. ხუთი დოლარი მივეცი. აბა ჰკითხე! - ვუთხარი მე. ჰოი, ბიჭო, როგორ მიკანკალებდა ხმა!
- ათი დოლარი უნდა, უფროსო, აკი გითხარი. ერთი თალია - ათი დოლარი, შუადღემდე - თხუთმეტი დოლარი. აკი გითხარი!
- ასე არ გითქვამთ. თქვენ მითხარით ერთი თალია - ხუთი დოლარიო. ის კი სთქვით, შუადღემდე თხუთმეტი დოლარიო, მაგრამ გარკვევით გავიგონე, რომ...
- ჩამოყაჭეთ, უფროსო!
- რატომ? - ვკითხე მე. ო, ღმერთო, ჩემი გულის ბაგა-ბუგი მთელს ოთახში ისმოდა. ჩაცმული მაინც ვყოფილიყავი. საშინელებაა, პიჟამოს ამარას რომ შეგემთხვევა ამისთანა რამე.
- აბა ჰე, უფროსო! - თქვა მორისმა და ისე მკრა თავისი ბინძური ხელი, კინაღამ იატაკზე გავიშოტე. ახმახი ვინმე იყო ეს ძაღლიშვილი. თვალის დახამხამებაში, ისიცა და სანიც ჩემს ოთახში გაჩნდნენ. თავი ისე ეჭირათ თითქოს მათი ოთახი ყოფილიყოს. სანი ფანჯრის რაფაზე წამოსკუპდა, მორისი კი სავარძელში წამოიჭიმა და ქურთუკის გახსნას შეუდგა - მელიფტის ფორმა ეცვა. ჰოი, ბიჭო, როგორ ვღელავდი.
- აბა, უფროსო, მოგვეცი ფული. ლიფტი მიტოვებული მაქვს.
- ათჯერ გითხარით, ერთი ცენტიც აღარ მმართებს თქვენი. ხუთი დოლარი უკვე მივეცი...
- სისულელეს ნუ როშავ. ჩამოყაჭე!
- ორჯერ რატომ უნდა გადავუხადო?! - ვუთხარი მე. ხმა სულ გამებზარა, - მაბრიყვებთ თუ რა?!
მორისმა ბოლომდე გაიხსნა თავისი ქურთუკი. ქურთუკის ქვეშ ცარიელა საყელო ებნია - პერანგი არა სცმია. დიდი, ბანჯგვლიანი მუცელი ჰქონდნა.
- არავინაც არ გაბრიყვებს. ჩამოყაჭე, უფროსო!
- არ მოგცემთ.
ეს რომ გაიგონა, წამოდგა და პირდაპირ ჩემკენ გამოემართა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ძალიან დაქანცული და გაბრაზებული ყოფილიყოს. ო, ღმერთო, როგორ დავფეთდი! გულხელდაკრეფილი ვიდექი, მახსოვს. ის ოხერი პიჟამო რომ არა მცმოდა, კიდევ არაფერი, ასე არ შევწუხდებოდი.
- აბა, ჩამოყაჭე, უფროსო. - ზედ ცხვირწინ ამეტუზა. და ეს სიტყვები დაიჟინა: `აბა, ჩამოყაჭე, უფროსო!~ ნამდვილი კრეტინი იყო. 
- არ მოგცემთ!
- უფროსო, მოთმინებიდან ნუ გამომიყვან, თორემ ცოტა უფრო სხვანაირად მოგელაპარაკო. სულაც არ მეხალისება ეს, მაგრამ, ეტყობა, ასე მომიწევს, - თქვა მან, - ხუთი დოლარი გმართებს ჩვენი.
- არაფერი არ მმართებს, - ვუთხარი მე, - ხელი არ დამიკაროთ, თორემ ისეთ ღრიალს მოვრთავ, მთელს სასტუმროს ფეხზე დავაყენებ. პოლიციასაც და ყველას. - ჰოი, რა საცოდავად ამიკანკალდა ხმა!..
- მიდი. იღრიალე, მანამ მოგეწყინოს. მიდი, რაღას უცდი! - მითხრა მორისმა, - თუკი გინდა, მშობლებს გააგებინო, კახპასთან რომ გაატარე ღამე. კაი ოჯახისშვილი კი ხარ! - ამისთანა საზიზღარ საქმეებში ჭკუა ალესილი ჰქონდა. ნამდვილად.
გონება ალბათ არ დამიკარგავს, იმიტომ რომ, მახსოვს როგორ გაილალნენ ოთახიდან და კარი გაიკეტეს. მე იატაკიდან ავხედე. დიდხანს ვეგდე იატაკზე, როგორ მაშინ, სტრედლეიტერთან ჩხუბის დროს. ოღონდ ახლა, ვკვდები-მეთქი. ვიფიქრე. ნამდვილად, თითქოს ვიხრჩობოდი, სული ვეღარ მოვითქვი. ბოლოს როცა წამოვდექი, სააბაზანოსკენ მოვინდომე წასვლა, მაგრამ ვერასდიდებით ვერ გავიმართე, მუცელზე ხელები მოვიჭირე და მოკაკული წავბობღდი.
ისე, გიჟი კი ვარ, ღმერთმანი. ჯერ სააბაზანოში არც შევსულიყავი, რომ უცებ თავში გამკრა - ნაწლავებში ნამდვილად ტყვია მაქვს-მეთქი. იმ მორისმა მომარტყა ტყვია. ახლა სააბაზანოში მივდივარ, რომ ვისკი ან რამე გადავკრა და ნერვები დავიმშვიდო. წარმოვიდგინე, როგორ გამოვიდოდი სააბაზანოდან, უკვე ჩაცმული და ყველაფერი. ჯიბეში რევოლვერი მიდევს და ცოტათი ფეხი მეშლება. მერე კიბეზე დავეშვები - ლიფტით არ ჩავალ. მოაჯირს ვეყრდნობი და თან პირიდან სისხლი მდის. რამდენიმე სართულს ასე ჩავივლი - მუცელი ხელით მიჭირავს, სისხლით სულ მოითხვარა მთელი კიბე, მერე ლიფტის კარებს მივადგები და დავრეკავ. გააღებს თუ არა კარებს ის მორისი, ხელში რევოლვერს დამინახავს და, შეშინებული, თავისი ჩახრინწული ხმით ბღავილს ამოუშვებს, თავი გამანებეო. მაინც ვესვრი. ექვს ტყვიას დავახლი იმ გამობერილ ბანჯგვლიან მუცელში. რევოლვერს იქვე დავაგდებ, ლიფტში, - ოღონდ ჯერ, რა თქმა უნდა, გავწმენდ, რომ თითების ანაბეჭდი მოვაცილო. მერე ჩემს ოთახში შევბრუნდები და ჯეინს დავურეკავ, დავიბარებ და ჭრილობას შევახვევინებ. წარმოვიდგინე, როგორ მოაქვს ჩემს პირთან სიგარეტი და როგორ მაწევინებს, მე კი სისხლისაგან ვიცლები.
ეს ოხერი კინო. მოგსპობს და მოგათავებს. არ გეხუმრებით.
თითქმის მთელი საათი ვიყავი სააბაზანოში. ვიბანავე და ყველაფერი. მერე ისევ ლოგინში ჩავწექი. დიდხანს ვიწრიალე, მანამ დავიძინებდი. დაღლილი სულაც არ ვყოფილვარ. ბოლოს როგორც იქნა, ჩამეძინა. მართალი თუ გინდათ, თავის მოკვლის გუნებაზე ვიყავი, ნეტა ფანჯრიდან გადავვარდე-მეთქი, ვფიქრობდი. გადავვარდებოდი კიდეც, იმედი რომ მქონოდა, რომ ხელადვე მოირბენდა ვინმე და რამეს გადამაფარებდა. არ მინდოდა, უსაქმური იდიოტები შემომხვეოდნენ გარს და სისხლში მომთხვრილისათვის ეცქირათ.
კატეგორია: სათვგადასავლო რომანები | ნანახია: 803 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: