მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 2 » თამაში ჭვავის ყანაში ( .16.17.18---tavebi
6:21 PM
თამაში ჭვავის ყანაში ( .16.17.18---tavebi

16

ჯერ თორმეტიც არ იყო, საუზმეს რომ მოვრჩი. სალის კი ორზე უნდა შევხვედროდი, ასე გვქონდა დათქმული, ამიტომ გადავწყვიტე სადმე შორს გამევლო. ის ორი მონაზონი ვეღარ ამოვიგდე თავიდან. სულ თვალწინ მედგა გაცრეცილი ჭილის ჩანთა, რომლითაც ისინი საქმელმოქმედო შეწირულობას აგროვებდნენ ხოლმე, როცა სკოლიდან თავისუფალი იყვნენ. ვცდილობდი დედაჩემი ან ვინმე ახლობელი, თუნდაც მამიდა, ან სალი ჰეისის ქარაქუცა დედა წარმომედგინა - როგორა დგანან დიდი მაღაზიების წინ და გაცრეცილ ჭილის ჩანთაში საწყალი ხალხისათვის ფულს აგროვებენ. ძნელი წარმოსადგენი კი იყო. დედაჩემი იმდენად არა, რამდენადაც ის ორი. მართალია, მამიდაჩემი ქველმოქმედი ქალი გახლავთ - წითელ ჯვარს ეხმარება და ყველაფერი - მაგრამ ძალიან კარგად იცავმს, საქველმოქმედო ფულის შესაგროვებლად რომ დადის, მაშინაც კარგად აცვია, თან ტუჩებსაც იღებავს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩაიცვას მონაზვნის შავი ფლასები და ტუჩებშეუღებავმა საქველმოქმედო მოწყალების შესაგროვებლად იწანწალოს. ახლა სალის დედა! ღმერთო ჩემო! მხოლოდ იმ პირობით ივლის მოწყალების შესაგროვებლად, ყველა ფეხქვეშ თუ გაეგო ამ შეწირვის დროს. ისე თუ ჩაუგდეს ფული და ხმის გაუცემლად გაშორდნენ - არც ყურადღება მიაქციეს და არც არაფერი - ერთ საათში დაანებებს თავს. მოსწყინდება. ჩანთას ვინმეს მიუგდებს და თვითონ რომელიმე დიდებულ რესტორანში შებრძანდება. ამიტომაც მომეწონა ის მონაზვნები. მაშინვე შეატყობდით, მდიდრულ რესტორნებში შემსვლელები არ იყვნენ. და ეს რომ გავიფიქრე - თავის დღეში არ შევლენ მდიდრულ რესტორანში-მეთქი - გლუზე ნაღველი შემომაწვა. ვიცი, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მე მაინც დამწყდა გული.
ბროდვეისკენ გავწიე. ისე, გულის გადასაყოლებლად: რამდენი ხანია იქით აღარ გამევლო. თანაც იქნებ გრამაფონის ფირფიტების კვირადღეობით მოვაჭრე მაღაზიას გადავეყარო სადმე-მეთქი, ვიფიქრე. ფიბისთვის მინდოდა ფირფიტა - `პაწაწინა შერლი ბინსი~. ძალიან ძნელი საშოვნელი იყო. ერთ პატარა გოგონაზეა - ორი წინა კბილი მოსძვრება და შინიდან აღარ გამოდის, რცხვენია. პენსიში მოვისმინე ეს სიმღერა. ვიღაც ბიჭს ჰქონდა ზემო სართულზე. მინდოდა გამომერთმია - ვიცოდი, რომ ფიბი ჭკუას კარგავდა - მაგრამ არ მომყიდა. შესანიშნავი ფირფიტა იყო, ძველისძველი, ოცი წლის წინათ ემღერა ზანგ მომღერალს - ესტელ ფლეტჩერს. დიქსილენდურად უქცევს, როგორც საროსკიპოებში და იმიტომ არ არის გულისამაჩუყებელი. აბა თეთრკაბიან ქალს ემღერა! მიანაზებდა და მიაკნავებდა ხმას. ეტყობა, იცოდა თავისი საქმე იმ ესტელ ფლეტჩერმა. იშვიათად მომისმენია ასეთი კარგი რამე. ვიფიქრე, კვირაობით მოვაჭრე რომელიმე მაღაზიაში წავაწყდები და ვიყიდი-მეთქი. მერე პარკში წავიღებდი, ფიბი თითქმის ყოველ კვირა-დღეს დადის საციგურაოდ პარკში. ვიცოდი, სად შეიძლებოდა მისი ნახვა.
გუშინდელივით აღარ ციოდა, მაგრამ მზე მაინც არ გამოჩენილა და ვერაფერი სასიამოვნო იყო ქუჩაში წრიალი. თუმცა ერთმა რამემ კი გამახარა. ჩემს წინ მთელი ოჯახი მიდიოდა - მამა, დედა და ასე, ექვსი წლის ბიჭი. ეტყობოდა, ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ. ღარიბები ჩანდნენ. მამას პრიალა ნაცრისფერი ქუდი ეხურა - ღარიბი ხალხი საგარეოდ იხურავს ხოლმე ასეთ ქულს. ცოლ-ქმარი თითქმის თავისთვის მიდიოდა, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და ბავშვს ყურადღებასაც არ აქცევდნენ. ღმერთივით ბიჭი იყო. ტროტუარზე კი არ დადიოდა - პირდაპირ ქუჩაში გადასულიყო და ტროტუარის გასწვრივ მიაბიჯებდა. ცდილობდა სწორი, გაუმრუდებელი ხაზით ევლო, - ასე იციან ბიჭებმა, - თან მთელი გზა რაღაცას ღიღინებდა თუ ზუზუნებდა. ფეხი ავაჩქარე - აბა რას მღერის-მეთქი. `ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში~... ამას მღეროდა. პატარა წრიპინა ხმა ჰქონდა. მაშინვე შეატყობდი, რომ თავის გასართობად წამოეწყო ეს სიმღერა და სხვა ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. ირგვლივ მანქანები დაჰქრიან, ისმის მუხრუჭების განუწყვეტელი ხრჭიალი, მშობლები კი ყურადღებასაც არ აქცევენ ბავშვს, და ისიც არხეინად მიაბიჯებს ტროტუარის გასწვრივ და მიიმღერის - `ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში~... ერთბაშად გულზე მომეშვა, ნაღველი გადამეყარა.
ბროდვეიზე ისე ირეოდა ხალხი, რომ ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა. კვირადღე იყო, თორმეტიც არ შესრულებულიყო, მაგრამ ხალხს უკვე გვერდს ვერ აუქცევდი. კინოში მიეშურებოდა ყველა - `პარამაუნტისკენ~, `ასტორისკენ~, `სტრენდისკენ~, `კაპიტოლისკენ~ და რა ვიცი კიდევ რამდენი ფეთიანი ადგილია. სულ მორთულ-მოკაზმულები გამოსულიყვნენ - კვირადღე იყო! მით უფრო შემაზრზენია! მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, რომ აშკარად შეატყობდი, გული ელეოდათ კინოს სანახავად. შეხედვა მზარავდა პირდაპირ. მესმის, როცა სხვაგან არსად არა გაქვს წასასვლელი და იძულებული ხარ კინოში წახვიდე, მაგრამ კინოზე რომ გელევა გული და თან კისრისტეხითაც გარბიხარ, რაც შეიძლება მალე მივიდეო, ესა მსპობს. მილიონი კაცი რომ დგას ძაღლის მოთმინებით ბილეთის რიგში, და რიგს კუდი ეგერ, ჰე, სადა აქვს... ეს მიშლის ხოლმე ნერვებს. ჰოი, ბიჭო, ვეღარ გავიკვლიე გზა ამ ოხერ ბროდვეიზე! მაგრამ ბედმა კი გამიღიმა: პირველივე ფირფიტების მაღაზიაში ვიშოვე `პაწაწინა შერლი ბინსი~. ხუთი დოლარი დამცინცლეს, რადგან ძნელად საშოვნი ფირფიტა იყო მაგრამ სულაც არ დამნანებია. ჰოი ბიჭო, როგორ გავბედნიერდი ერთბაშად! ერთი სული მქონდა, მანამ პარკში მივიდოდი და ჩემს ფიბის გადავცემდი ამ ფირფიტას.
გამოვედი თუ არა ფირფიტების მაღაზიიდან, იქვე აფთიაქი შემხვდა და შევედი. ვიფიქრე, მოდი ერთი ჯეინს დავურეკავ და გავიგებ არდადეგებზე თუ ჩამიოვა-მეთქი. ავტომატში შევედი და დავურეკე. სამწუხაროდ, დედამისმა მიპასუხა და მილი დავუკიდე. სადა მქონდა მაგის წილადობილის თავი. დიდად არ ვკარგავ ჭკუას გოგოების დედებთან ტელეფონით ლაპარაკზე. თუმცა კი უნდა მეკითხა, ჯეინი შინ თუ არის-მეთქი. რა დამაკლდებოდა! მაგრამ დამეზარა. გუნებაზე უნდა იყო, რომ ამისთანა საქმე გააკეთო.
ახლა ის ოხერი თეატრის ბილეთები უნდა ამეღო. გაზეთი ვიყიდე და გადავხედე - სად რა გადიოდა. რაკიღა კვირა იყო, სამ სპექტაკლზე მეტს არ აჩვენებდნენ. ავდექი და ორი პარტერი ავიღე `მე ვიცნობ ჩემს სატრფოს~-ზე. მგონი საქველმოქმედო სპექტაკლი იყო, თუ რაღაც ამნაირი. დიდად არ ამომდიოდა მზე ამ პიესაზე, მაგრამ სალის ამბავი ვიცოდი, ეს ხომ მანჭვა-გრეხვის დედოფალია - როგორც კი გაიგებდა, რაზე ავიღე ბილეთები, სულ ნერწყვები მოადგებოდა, რადგან ამ სპექტაკლში ლანტები მონაწილეობდნენ.
დახვეწილი და მშრალი სპექტაკლები უყვარდა სალის. ახლა, მით უმეტეს ლანტებიც გამოდიოდნენ და ყვეველაფერი. მე არ მიყვარს. მართალი თუ გინდათ. საერთოდ, თეატრსაც ვერ ვეწყობი დიდად. კინოს, რაღა თქმა უნდა, სჯობია, მაგრამ არც ის უქნია ღმერთს. ჯერ ერთი, რომ მსახიობებს ვერ ვიტან. ადამიანებს აღარა ჰგვანან, სცენაზე რომ გამოვლენ. თუმცა თავი ისე უჭირავთ, თითქოს ძალიანაც ჰგვანდნენ. ზოგი კარგი მსახიობი გამოერევა - ცოტათი დაემსგავსება კაცს, მაგრამ ისე მაინც არა, რომ დაგაინტერესოს და გაგართოს. თანაც, მართლა კარგი მსახიობი თუ გამოვიდა, თვითონვე იცის თავისი ფასი და ეს კი ყველაფერს აფუჭებს. ავიღოთ თუნდაც სერ ლორენს ოლივიე. `ჰამლეტში~ მინახავს. შარშან დ.ბ.-მ წაგვიყვანა მეცა და ფიბიც. ჯერ საუზმით გაგვისმასპინძლდა, მერე კი კინოში შევედით. ადრევე ენახა ჩემს ძმას, და ასე აქებდა საუზმის დროს, რომ ერთი სული მქონდა, მანამ ვნახავდი. მაგრამ მაინცდამაინც არ მომწონებია. ვერ გამიგია, რას გიჟდებიან ასე ამ ლორენს ოლივიეზე. დიდებული ხმა აქვს, ისედაც ჩამოსხმული ბიჭია, თვალს ვერ მოაშორებ - როცა დადის ან ხმალში ებრძვის ვინმეს, მაგრამ დ.ბ.-მ რომ ჰამლეტი აგვიწერა, ისეთი სულაც არ არის. გენერალს უფრო ჰგავს, ვინემ გულდამძიმებულსა და დარტყმულ ტიპს. მთელს სურათში ყველაზე კარგი ის იყო, რომ ოფელიას ძმა - აი ის ბიჭი ბოლოს ჰამლეტს რომ ებრძვის ხმალში - სადღაც მიემგზავრება და მამამისი კიდევ გაუთავებელ დარიგებას მოჰყვება. მანამ მამამისი დარიგებებს აძლევს, ოფელია მაიმუნობას დაიწყებს - ხან ხანჯალს ამოაცლის ძმას ქარქაშიდან, ხან გამოაჯავრებს, ეს ბიჭი კი დგას და ცდილობს თავი ისე დაიჭიროს, თითქოს ძაან გულისყურით უსმენდეს მამამისის პრუტუნს. ეს მართლაც დიდებულია. ძალიან მომეწონა. მაგრამ ამისთანა ადგილები ბევრი როდია. ფიბის მარტო ის მოეწონა, ჰამლეტი რომ ძაღლს თავზე ხელს უსვამს. სასაცილოც არის და კარგი რამეცო, თქვა, და მართალიც იყო. უსათუოდ უნდა წავიკითხო ეს პიესა. მთელი უბედურება ის არის, რომ მე თვითონ ვკითხულობ პიესებს - მსახიობს ყურს ვერ ვუგდებ, სულ იმის მოლოდინში ვარ, აბა როდის მოჰყვება მანჭვა-გრეხას-მეთქი.
ბილეთები რომ ავიღე, ტაქსი დავიჭირე და პარკისკენ გავწიე. მეტროთი უნდა წავსულიყავი, ფული ცოტაღა დამრჩა, მაგრამ ერთი სული მქონდა, მანამ ამ ოხერ ბროდვეის მოვშორდებოდი.
პარკიც საზიზღარი იყო., სიცივე იმდენად არაფერი, მაგრამ მზე ჯერაც არ ამოსულიყო და კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავდი - მხოლოდძაღლების ნაკვალევს თუ შენიშნავდი, და პაპიროსის ნამწვავებსაც იმ ადგილას, საცა ბერიკაცებს უყვართ ხოლმე ჯდომა. ბაღის გრძელი სკამები სველი ჩანდა - რომ დავჯდე, სულ ამოვილუმპებიო, იფიქრებდი. გული მოგეწურებოდა. არ ვიცი რატომ და, შიგადაშიგ ტანში ჟრუანტელი მივლიდა. სულაც არ იგრძნობოდა შობის დღესასწაულის მოახლოვება. საერთოდ, არაფრის მოახლოებაც არ იგრძნობოდა. მე მაინც გავსწიე სასეირნო მოედნისაკენ, რადგან ფიბის ამ ადგილებში უყვარს თამაში. ორკესტრის მახლობლად დასრიალებს ხოლმე. სასაცილო კია - ბავშვობაში მეც აქ ვციგურაობდი.
მივადექი მოედანს, მაგრამ ფიბი ვერ ვნახე. რამდენიმე ბავშვი ციგურებით სრიალებდა, ორი ბიჭი ბურთს თამაშობდა, ფიბი კი არსად ჩანდა. ერთი გოგონაშევნიშნე, სწორედ ფიბის ტოლა, სკამზე ჩამომჯდარიყო და ფეხზე ციგურებს იმაგრებდა. ვიფიქრე, იქნებ ფიბის იცნობს და იცის კიდეც, ახლა სად არის-მეთქი. მივედი, გვერდზე მივუჯექი და ვკითხე.
- ფიბი კოლფილდს ხომ არ იცნობ?
- ვისა? - ჩამეკითხა გოგო. შარვალი ეცვა და ერთი ოცამდე სვიტრი. ეტყობოდა, დედამისს მოექსოვა - ულაზათოდ ადგა ტანზე, გამოფლაშკული ჰქონდა.
- ფიბი კოლფილდს. სამოცდამეთერთმეტე ქუჩაზე ცხოვრობს. მეოთხე კლასშია. აი იმ...
- თქვენ იცნობთ ფიბის?
- ჰო. ძმა ვარ მისი. იცი, სად არის?
- მისს ქელონის კლასში სწავლობს?
- არ ვიცი. მგონი კი.
- მაშ მუზეუმში იქნებიან. ჩვენ წარსუკლ შაბათს ვიყავით, - მითხრა გოგონამ.
- რომელ მუზეუმში?
გოგონამ მხრები აიჩეჩა.
- არ ვიცი, - თქვა მან, - მუზეუმში იქნებიან.
- ვიცი, მაგრამ, სურათებიან მუზეუმში, თუ საცა ინდიელები არიან იქა?
- საცა ინდიელები არიან.
- დიდი მადლობელი ვარ - ვუთხარი მე. ავდექი და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ დღეს კვირა იყო.
- დღეს ხომ კვირაა! - ვუთხარი გოგონას.
მან შემომხედა.
აჰ, მაშ არ იქნება იქ.
ძალიან გააწვალა ციგურების დამაგრებამ. ხელთათმანები არა სცმია, არც არაფერი და სულ გათოშილ-გაწითლებული ჰქონდა ხელები. წავეშველე. ჰოი, ბიჭო, რამდენი წელიწადია, ციგურების გასაღები არა მჭერია ხელში. მაგრამ მაინც არ მეუცხოვა. კიდევ ორმოცდაათი წელი რომ გავიდეს და უცებ კუნაპეტ სიბნელეში შემომაჩეჩო, ხელადვე მივხვდები, რა არის. მადლობა მითხრა, როცა დავუმაგრე. მშვენიერი გოგონა იყო - საყვარელი და თავაზიანი. ძალიან სასიამოვნოა, ამისთანა პატარა გოგონას ციგურებს რომ დაუმაგრებ და ის თავაზიანად გეტყვის მადლობას. თითქმის ყველა ბავშვი თავაზიანი და საყვარელია. ნამდვილად. ცხელ შოკოლადზე ან რამეზე ხომ არ დამეწვევიტ-მეთქი, ვკითხე, მაგრამ არაო, მადლობელი ვარო. ამხანაგს უნდა შევხვდეო.
პატარა ბავშვებს სულ ასე მოსდგამთ - მუდამ ამხანაგები ელოდებიან. გაგიჟდები კაცი.
მართალია კვირა დღე იყო, არც ფიბი მეგულებოდა მუზეუმში, ამინდიც ასეთი ნესტიანი და საძაგელი იდგა, მაგრამ მე მაინც გადავჭერი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმისკენ გავემართე. ვიცოდი, რომ ამ მუზეუმს გულისხმობდა ციგურებიანი გოგონა. მთელი ასავალ-დასავალი ვიცოდი ამ მუზეუმისა. ფიბიც იმ სკოლაში შეიყვანეს, საცა მე ვსწავლობდი პატარაობისას, და მუდამ იქ დავჰყავდით ხოლმე სკოლიდან. ერთი მასწავლებელი გვყავდა - მისს ეიგლეტინგერი - შაბათი არ გამოერეოდა, რომ იქ არ წავეყვანეთ. ხან ცხოველებს ვათვალიერებდით, ხანაც ინდიელების მიერ უხსოვარ დროში გაკეთებულ სხვადასხვა ნივთებს. ჭურჭლეულიო, ჭილის კალათებიო, და ათას ამისთანა რაღაცეებს. რამდენს გავიხსენებ, იმდენი გული გამიხალისდება. ახლაც კი. მახსოვს ექსპონატების დათვალიერებას რომ მოვრჩებოდით, დიდ დარბაზში შეგვიყვანდნენ და კინოს გვაჩვენებდნენ. კოლუმბი. მუდამ კოლუმბი უნდა ეჩვენებინათ - როგორ აღმოაჩინა ამერიკა, რამდენი ღიჭინი დასჭირდა, რომ ფერდინანდისა და იზაბელასთვის ხომალდის შესაძენი ფულები დაეცინცლა, მერე მეზღვაურები როგორ აუჯანყდნენ და რა ვიცი. კოლუმბი ვის რაში აინტერესებდა, მაგრამ თავშესაქცევად შაქარყინული და კევი მოჰქონდათ, თანაც დარბაზში მუდამ სასიამოვნო სუნი იდგა ხოლმე. ისეთი სუნი იდგა, გეგონებოდა გარეთ წვიმააო, - კიდეც რომ არ ყოფილიყო წვიმა, - შენ კი ზიხარ შენთვის არხეინად, მშრალად, ქვეყნად ყველაზე უფრო მყუდრო ადგილზე. გაგიჟებით მიყვარდა ეს ოხერი მუზეუმი. მახსოვს, ჯერ `ინდური ოთახი~ უნდა გაგვევლო, მანამ დიდ დარბაზში შეხვიდოდი. თვალს ვერ გაუწვდენდი, იმსიგრძე ოთახი იყო, და უსათუოდ ჩურჩულით უნდა გელოაპარაკათ. კლასს მასწავლებელი მიუძღოდა წინ, ბავშვები წყვილ-წყვილად შეჰყავდათ. ჩემთან მუდამ ერთი და იგივე გოგო იდგა - გერტრუდა ლევინი. უსათუოდ ხელი უნდა ჩაეჭიდა - ხელი კი სულ ოფლიანი რა რაღაცნაიროი წებოვანი ჰქონდა. ქვის იატაკი ეგო და რამე კენჭი რომ გჭეროდა და დაგვარდნოდა, ისე გაიტკაცუნებდა, სულ გააყრუებდა იქაურობას. მასწავლებელი მაშინვე გააჩერებდა კლასს, მობრუნდებოდა და ნახავდა, რა მოხდაო. თუმცა გაბრაზებით თავის დღეში არ გაბრაზდებოდა მისს ეიგრეტინგერი. ჩაუვლიდი უსაშველოდ წაგრძელებულ ინდურ საომარ კარჭაპს - სამი კადილაკი რომ ჩაგემწკრივებია, იმსიგრძე მაინც არ იქნებოდა. ამ კარჭაპში ოცამდე ინდიელი იყო, ზოგი ნიჩბებს უსვამდა, ზოგიც ისე იდგა და მრისხანედ იყურებოდა აქეათ-იქით. სახე ყველას საომარ ყაიდაზე ჰქონდა მოხატული. კიჩოზე ერთი ნიღბიანი ინდიელი იჯდა - მოჩვენებასა ჰგავდა. იმათი ჯადოქარი იყო. იმის დანახვაზე შიშის კანკალი ამიტანდა, მაგრამ მაინც მომწონდა. ხელს თუ ახლებდი რამეს - ან ნიჩაბს ან სხვა რამეს, ერთ-ერთი დარაჯი მაშინვე გეტყოდა, `ხელს ნუ ახლებთ, ბავშვებო~, მაგრამ პოლიციელივით ხომ არ დაგიღრიალებდა - ისე გეტყოდა, ტკბილად და ალერსიანად. მერე ჩაუვლიდი მინის დიდ ყუთს, რომელშიაც ინდიელები ისხდნენ. ჯოხები ეჭირათ ხელში და ცეცხლის გასაჩაღებლად ამ ჯოხებს ერთმანეთს უხახუნებდნენ, იქვე ერთი ქალი ჩაცუცქულიყო და ჩულსა ქსოვდა. ეს დედაკაცი წინ იყო გადმოხრილი და მკერდიც უჩანდა და ყველაფერი. ჩვენ გაფაციცებით ვუყურებდით ხოლმე, გოგოებიც კი, რადგან პატარები იყვნენ და ჩვენზე დიდი მკერდი არც იმათ ჰქონიათ. ბოლოს, ზედ დარბაზის შესასვლელთან, ხელმარჯვნივ, ერთი ესკიმოსი იჯდა პატრა ტბის პირას და თევზს იჭერდა. ორი თევზი უკვე დაეჭირა და ხელმარჯვნივ ეწყო. ჰოი, ბიჭო, რამდენი მინის ყუთი იდგა ამ მუზეუმში! მაგრამ ეს რაა - ზემო სართულში უნდა გენახა. აგერ ირმები დაწაფებიან წყაროს. იქით ზამთარი დამდგარა და ფრინველები სამხრეთისაკენ მიფრინავენ. შენკენ უფრო ახლო ფიტულები ჰკიდია მავთულზე, იქით კი, უკან, პირდაპირ კედელზეა მიხატული ჩიტები. მაგრამ ყველა ცოცხალსა ჰგავს და ასე გგონია, მართლაც სამხრეთისკენ მიფრინავენო. თავს თუ დაღუნავ და ქვემოდან ახედავ, მოგეჩვენება, კიდევ უფრო ჩქარა მიჰქრიანო. მაგრამ ამ მუზეუმისა ყველაზე უფრო ის მომწონდა, რომ ადგილს არაფერს არ უცვლიდნენ. ყველაფერი უცვლელად იდგა. ასიათასჯერ რომ მისულიყავი, ესკიმოსი ისევ ისე იდგა ტბასთან ჩამჯდარი და ორი თევზი ჰყავდა დაჭერილი, ფრინველები ისევ სამხრეთისაკენ მიფრინავდნენ, ირმები კვლავინდებურად წყაროს დასწაფებოდნენ - ისეთივე ლამაზი რქები, იმნაირივე წვრილი ფეხები, - ის მკერდგაღეღილი ინდიელი დედაკაციც იმგვარადვე ჩაცუცქული, ჩულის ქსოვაში გართული. შეცვლილს ვერაფერს ნახავ. მხოლოდ შენ იქნები შეცვლილი. განა იმას ვამბობ, მოხუცდები ან რამე ასეთი-მეთქი. სულაც არა. მაგრამ შეცვლილი მაინც იქნები: ან ახალი პალტო გეცმევა, ან იმ ბავშვს, რომელიც შენს გვერდით იდგა, ქუნთრუშა ეჭირვება და ამიტომ სხვასთან იქნები დაწყვილებული ან მისს ეიგლეტინგერის ნაცვლად ახალი მასწავლებელი გეყოლება, ან არადა დედ-მამა წაიკიდებოდნენ დილით და იმათი ჩხუბი გექნება მოსმენილი სააბაზანოდან; ან იქნებ ქუჩაში გუბე ნახე და შიგ ბენზინის ცისარტყელა შენიშნე. ერთი სიტყვით, რაღაცნაირად შეცვლილი იქნები - კარგად ვერ გამომითქვამს, რასაც ვფიქრობ. იქნებ შემიძლია კიდეც გამოთქმა, მაგრამ მეზარება.
გზაში ჩემი სანადირო ქუდი ამოვიღე და დავიხურე; კაი მაგარი სინესტე იყო, თან ვიცოდი, რომ ნაცნობი არავინ შემხვდებოდა. მივდიოდი, მივდიოდი, და სულ იმას ვფიქრობდი, როგორ დაჰყავდათ ჩემი ფიბი შაბათობით მუზეუმში, სწორედ ისე, როგორც ერთხელ მე დავდიოდი; როგორ ნახულობდა იმავე ნივთებს, რაც მე უკვე მენახა, და როგორ იცვლებოდა თვითონ ყოველ ნახვაზე. ვერ ვიტყვი, ამის გაფიქრება გუნებას მიწამლავდა-მეთქი, მაგრამ არც ძალიან სასიხარულო იყო. ზოგიერთი რამე არ უნდა შეიცვალოს, ისევ ისე უნდა დარჩეს. უნდა შეიძლებოდეს იმ მინის დიდ ყუთში ჩასმა, რომ თავისთვის დასტოვო და ხელი არ ახლო. ვიცი, რომ შეუძლებელია, და სავალალოც ეგ არის. ერთი სიტყვით, მივდიოდი და ვფიქრობდი.
გავცდი სათამაშო მოედანს, მერე ავდექი და ყურება დავუწყე, როგორ თამაშობდა ორი ბავშვი აწონ-დაწონას. ერთი მათგანი ჩასუქებული იყო და მე გამხდარი ბავშვის მხარე დავიჭირე, ხელი წავაშველე - გავაწონასწორებ-მეთქი, მაგრამ, შევატყე, სულაც არ ეპიტნავებოდა ჩემი იქ ყოფნა, და გავშორდი.
უცებ სასაცილო რამე მოხდა. მუზეუმს რომ მივადექი, ერთბაშად ვიგრძენი, მილიონი დოლარიც რომ მოეცათ, შიგ შემსვლელე არ ვიყავი. გული არ მიმიწევდა - არადა მთელი ბაღი კი გადმოვიარე აქ მოსასვლელად. ფიბი რომ ყოფილიყო, ალბათ შევიდოდი, მაგრამ ფიბი არ იყო. მოვბრუნდი, იქვე მუზეუმის წინ ტაქსი დავიჭირე და `ბალტიმორისკენ~ გავწიე. მაინცდამაინც არ მეხალისებოდა წასვლა, მაგრამ სალის რომ პაემანი დავუნიშნე!

17

ჯერ კიდევ ადრე იყო, როცა იქ მივედი. ტყავის სავარძელში ჩავჯექი, ზედ ვესტიბიულის საათის ქვეშ, და გოგოებს ავუწყე ცქერა. სკოლები უკვე დათხოვილი იყო და ქვეყნის გოგოს მოეყარა თავი - ზოგი იჯდა, ზოგი იდგა, ბიჭებს ელოდებოდნენ, ზოგს ფეხი ფეხი გადაედო, ზოგს დაშვებული ჰქონდა ფეხები, ზოგს ღმერთივით კანჭები ჰქონდა, ზოგს - საძაგელი, ზოგი მშვენიერი ჩანდა, ზოგი - საზიზღარი, თუკი კარგად გაეცნობოდი. ცუდად კი ნუ ჩამომართმევთ და, მართლაც რომ კარგი საყურებელი იყო. თუმცა, ამავე დროს ერთგვარი ნაღველიც შეგიპყრობდათ, რადგან თავიდან ვერ მოიშორებდით ფიქრს - ნეტა ამდენ გოგოს რა ეშველებაო. მერე რა ეშველებათ, სკოლებსა და კოლეჯებს რომ დაამთავრებენ? მეტი წილი ალბათ ვიღაც შტერებს მისთხოვდება. იმისთანა ვაჟბატონებს, რომელთაც თავიანთი ოხერი მანქანის მეტი არაფერი ახსოვთ და სულ ის აკერიათ პირზე - ერთი გალონი ბენზინით ამდენი და ამდენი მილი გავიარეო. იმისთანა ვაჟბატონებს, რომელთაც გოლფი ან პინგპონგისნაირი ბითურული რამე თუ მოუგე, პატარა ბავშვებივით გაიბუზღებიან. ყოვლად ბილწ ვაჟბატონებს, იმისთანებს, რომელთაც თავის დღეში წიგნი არა სჭერიათ ხელში. გულისგამაწყალებელ ვაჟბატონებს... აქ კი სიფრთხილე მმართებს. გულისგამაწყალებელი ზოგს როგორ ესმის და ზოგს როგორ. მე პირადად ვიბნევი ხოლმე ამ საქმეში. ნამდვილად. ელექტრონჰილში მე და ერთი ბიჭი - ჰარის მაკლინი - თითქმის მთელი ორი თვე ვცხოვრობდით ერთად, ერთ ოთახში. ძალიან განათლებული ბიჭი იყო და ყველაფერი, მაგრამ იმისთანა გულისგამაწყალებელ ტიპს ჯერაც არავის შევხვედრივარ. საშინელი წრიპინა ხმა ჰქონდა და ენას ერთის წუთითაც არ დააყენებდა. სულ ლაქლაქებდა და ლაქლაქებდა. მაგრამ ერთხელაც არ წამოცდებოდა იმისთანა რამე, შენთვისაც საინტერესო ყოფილიყო. ერთ რამეს ვერ წაართმევდი - ისე უსტვენდა ძაღლიშვილი, რაც თავი მახსოვს, იმისთანა არაფერი გამიგონია. აგერ ლოგინს იშლის, ან კარადაში კიდებს რამეს - ყველაფერს კარადაში ჰკიდებდა ხოლმე, მაგიჟებდა პირდაპირ - და თან უსტვენს, თუკი თავისი წრიპინა ხმით ლაქლაქში არაა გართული. კლასიკური რამეების სტვენაც შეეძლო, მაგრამ უფრო ხშირად ჯაზს უსტვენდა. ისე სასიამოვნოდ და ლაღად დაუსტვენდა ნამდვილ ჯაზურ სიმღერას, მაგალითად `თუნუქის სახურავს~, - მანამ ტანსაცმლის დაკიდებაში იყო გართული, - რომ პირდაპირ ჭკუას დაკარგავდი. რა თქმა უნდა, მისთვის ერთხელაც არ მითქვამს, დიდებულად უსტვენ-მეთქი. ანკი როგორ უნდა უთხრა კაცს პირში - დიდებულად უსტვენო. მაგრამ სწორედ ამ სტვენის ეშხით თითქმის მთელი ორი თვე ვცხოვრობდი მასთან ერთად ოთახში, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი გულისგამაწყალებელი იყო, ლამის ჭკუიდან შეგშლიდა კაცს. ერთი სიტყვით, ძნელია თქმა, ვინ არის გულისგამაწყალებელი. იქნებ სულაც არ დაგწყდეს გული, ამისთანა თავისმომაბეზრებელ ვაჟბატონებს დიდებული გოგო რომ მისთხოვდეს. ბოლოს და ბოლოს, ვის რას უშავებენ, არიან თავისთვი და ჩუმ-ჩუმად. იქნებ ყველა მათგანი დიდებულად უსტვენდეს... რას გაუგებ! ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი.
ბოლოს როგორც იქნა, სალიც გამოჩნდა კიბეზე. მაშინვე დაბლა დავეშვი და შევეგებე. მშვენიერი ჩანდა. ნამდვილად. რაღაცნაირი შავი პალტო ეცვა და ბერეტიც შავი ეხურა. საერთოდ, ქუდს იშვიათად იხურავს, მაგრამ ახლა ეს ბერეტი ძალიან უხდებოდა. სასაცილო ის იყო, რომ თვალი მოვკარი თუ არა, მაშინვე გადავწყვიტე, ცოლად შევირთავ-მეთქი. გიჟი ვარ, აბა რა. არც კი მომწონდა მაინცდამაინც და უცებ ცოლად შერთვა არ გადავწყვიტე! ნამდვილად გიჟი ვარ, ვაღიარებ!
- ჰოლდენ! როგორ გამეხარდა შენი ნახვა. მთელი საუკუნე აღარ მინახიხარ! - იმნაირი როხროხა ხმა ჰქონდა, რომ ცოტათი შეგრცხვებოდა კიდეც გარეშე ხალხისა. იმას კი არაფერიაკლდებოდა. ისეთი ლამაზი იყდო, მაგრამ მაინც ჩამწყვეტდა ხოლმე გულს.- მეც ძალიან გამეხარდა შენი ნახვა, - მართლაც გამეხარდა, - რას იქ, როგორა ხარ? - ვუთხარი მე.
- დიდებულად. დავაგვიანე, არა?
არა-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ ათი წუთი მართლაც დააგვიანა. რა მოხდა მერე! მთელი ეს კარიკატურები, `სეტერდეი ივნინგ პოსტი~ რომ ბეჭდავს ხოლმე - ბიჭები რომ აყუდებულან კუთხეში და დაგვიანებული გოგოების მოლოდინში ცხვირი ჩამოუშვიათ - თავიდან ბოლომდე მიქარვაა. გოგო იყოს ლამაზი და დაგვიანებას რა თავში ვიხლი.
- ახლა კი ვიჩქაროთ, - ვთქვი მე, - ორზე და ორმოცზე იწყება.
დავეშვით კიბეზე და ტაქსის გაჩერებასთან გავედით.
- რაზე მივდივართ? - მკითხა მან.
- არ ვიცი. ლანტები თამაშობენ. სხვაგან ვერ ვიშოვე ბილეთები.
- ლანტები! რა დიდებულია!..
აკი გითხარით, ლანტების გაგონებაზე გაგიჟდება-მეთქი.
თეატრშიმისვლამდე, ტაქსში რამდენჯერმე ვაკოცეთ ერთმანეთს. ჯერ უარზე იყო, იმიტომ რომ ტუჩებიჰქონდა წათხიპნილი, მაგრამ მე რას დამიდგებოდა, ვაცთუნე! ორჯერ ისე დაამუხრუჭა მანქანა გადასასვლელზე, ლამის ძირს გავიშხლართე. ეს ოხერი შოფრები, კი არ უყურებენ, სად მიდიან, რას შვრებიან. ახლა ჩემი სიგიჟეც ნახეთ. ჩახუტებული რომ მყავს და ცოტათი შევუშვი ხელი, მიყვარხარ-მეთქი ვეუბნები. ტყუილი ვუთხარი, რაღა თქმა უნდა, მაგრამ იმ წუთას მართლაც ასე მეგონა. გიჟი ვარ. ღმერთმანი, ნამდვილი გიჟი ვარ.
- ო, ჩემო ძვირფასო, მეც მიყვარხარ - თქვა მან და სული არც კი მოუთქვამს ისე დასძინა - ოღონდ სიტყვა მომეცი, რომ თმას მოუშვებ. ასე მოკლედ ახლა აღარვინ იკრიჭავს. ამისთანა მშვენიერი თმა მაინც არ გქონდეს!
მშვენიერი თმა! მომსპო კაცი.
არც ისეთი ცუდი გამოდგა ეს სპექტაკლი, ადრე ნახული სპექტაკლების მიხედვით რომ ვვარაუდობდი. თუმცა მაინც საძაგლობა იყო. ერთი ცოლ-ქმრის ამბავი გვაჩვენეს. ბარე ათასი წელი ეცხოვრათ ერთად. დასაწყისში ახალგაზრდები არიან. ქალის მშობლებს არ უნდათ, ამ ბიჭს მიათხოვონ შვილი, მაგრამ მაინც თავისას გაიტანს გოგო. მერე თანდათანობით ბერდებიან და ბერდებიან. ქმარი ომში მიდის, ქალს კი ერთი ლოთი ძმა ჰყავს. მაინცდამაინც ვერ დამაინტერესა. ეგეც მე ვიდარდო, ოჯახში ვინმე მოუკვდებათ თუ რა დაემართებათ?! მსახიბები დადიოდნენ სცენაზე და მეტი არაფერი. ცოლ-ქმარი კარგები იყვნენ - ჭკუამახვილებიც და ყველაფერი - მაგრამ იმდენად ვერც იმათ დამაინტერესეს. ისე დაიწყო და გათავდა სპექტაკლი, რომ სულ ჩაის თუ რაღაც ოხრობას სვამდნენ. რამდენჯერაც ახადეს ფარდა - ან მსახურს შემოაქვს ჩაი, ან ცოლი უსხამს ვინმეს. წარამარა შემოდიან და გადიან. ალფრედ ლანტი და ლინ ფონტანი მოხუცი ცოლ-ქმრის როლში გამოდიოდნენ, და ძალიან კარგებიც იყვნენ, მაგრამ მე დიდად არ მომწონებია. თუმცა აკი ვამბობ, ვერავინ ვერ შეედრებოდა. არც ჩვეულებრივ ხალხსა ჰგვანდნენ და არც მსახიობებს. ვრე გამომითქვამს. ისე თამაშობდნენ, რომ ეტყობოდა შეგნებული ჰქონდათ, რა ბრწყინვალე მსახიობებიც არიან. განა კარგები არ იყვნენ - საქმეც ის არის, მეტისმეტად კარგები იყვნენ. ჯერ ერთს არ დაემთავრებინა სიყტვა, რომ ახლა მეორე მივარდებოდა და სხაპასხუპით მიაყრიდა სათქმელს. ნამდვილი ხალხის ლაპარაკსა ჰგავდა - ერთმანეთს აღარ აცლიდნენ. უბედურება ის იყო, რომ მეტისმეტად ემსგავსებოდნენ ხალხს, სუკლ პირში სწვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. ცოტათი იმ ერნის ჩამოგავდნენ, გრინვიჩ-ვილეჯში პიანინოზე რომ უკრავს. მეტისმეტად კარგად რომ აკეთებ რამეს, თუ ამასთან მუდმივი კონტროლიც არ გაუწიე თავს, ცოტა სხვაგვარად გამოგივა, გამოსაჩენად და ეს უკვე აღარ ვარგა. მაგრამ მთელს სპექტაკლში მაინც ის ორი გამოირჩეოდა - ლანტებზე მოგახსენებთ - ეტყობოდათ, რომ ტვინს ამოძრავებდნენ. რაც მართალია, მართალია.
პირველი მოქმედების შემდეგ სხვა ვაჟბატონებთან ერთად ჩვენც პაპიროსის მოსაზევად გავედით. აბა იქ უნდა შეგეხედათ. თქვენს დღეში არ გებნებათ ნახული იმდენი მანჭვა-გრეხა. თამბაქოს კვამლში გახვეულან და ხმამაღლა ლაპარაკობენ პიესაზე, რათა ყველამ გაიგონოს და მიხვდეს, რა ჭკუისკოლოფებიც არიან. ერთი ბითური კინომსახიობი იდგა ჩვენს გვერდით, ისიც პაპიროსს აბოლებდა. გვარი არ მახსოვს, მაგრამ საომარ ფილმებში მუდამ ერთი როლი აქვს: ზედ ბრძოლის დაწყების წინ ვაჟკაცობა უმტყუნებს და ფერფური მისდის. ქერა გოგო ახლდა, ღმერთივით გოგო. თავი ისე ეჭირათ, თითქოს ამქვეყნიური დიდება მოყირჭებული ჰქონოდეთ, ეს ბიჭი თითქოს არც კი ამჩნევდა, რომ ხალხი მას შეჰყურებდა. თავმდაბალი გახლდათ! ჰოი, რა სასაცილო იყო! სალის ბევრი არა ულაპარაკნია, შიგადაშიგ წამოისროდა ხოლმე ლანტების ქებას: ლაპარაკის თავი სადღა ჰქონდა, სულ იმანჭებოდა და იგრიხებოდა. უცებ, ფოიეს იქითა მხარეს ვიღაც კოხტა-პრუწას მოჰკრა თვალი, ძველ ნაცნობს. თაგვისფერი კოსტუმი ეცვა იმ ვაჟბატონს და უჯრულა ჟილეტი. დიდი ვინმე კი ბრძანდება. არისტოკრატი. კედელს მიჰყუდებოდა და უღმერთოდ ქაჩავდა პაპიროსს. შეხედავდი, გული აგერეოდა. სალი კი წარამარა იმეორებს:
- სადღაც კი გავიცანი ეს ბიჭი.
ასე იცოდა ხოლმე - საცა არ უნდა წაგეყვანა, უსათუოდ გადაეყრებოდა ვინმე ნაცნობს, ან მოეჩვენებოდა ნაცნობიაო ისე დაიჟინა, რომ თავი მომაბეზრა და ბოლოს ვუთხარი:
- თუკი ასე იცნობ, რატომ არ მიხვალ და გულიანად არ გადაკოცნი?! გაეხარდება.
საშინლად აიტკიცა, ასე რომ ვუთხარი. ბოლოს, როგორც იქნა შენიშნა იმ კოხტა-პრუწამ, მოვიდადა გამარჯობა უთხრა. უნდა გენახათ, როგორ მიესალმნენ ერთმანეთს. ოცი წლის უნახავები გეგონებოდათ. პატარაობისას ერთ აბაზანში უბანავიათო, იტყოდით. დიდი დოსტები არ აღმოჩნდნენ! გული აგერეოდათ. სასაცილო კი ის იყო, რომ სულ ერთხელ შეხვდნენ ალბათ ერთმანეთს, რომელიმე ბითურულ საღამოზე. სიხარული დორბლები რომგადმოყარეს, სალიმ მეც გამაცნო. ჯორჯი ერქვა - გვარი აღარ მახსოვს - ენდოვერში სწავლობდა. დიდი ვინმე კი ბრძანებულა! ერთი უნდა შეგეხედათ, სალიმ რომ ჰკითხა, პიესა როგორ მოგწონსო. ესეც ერთ-ერთი იმ ვაჟბატონთაგანი გამოდგა, დიდის ამბით რომ მოემზადებიან პასუხის გასაცემად და ადგილს გაითავისუფლებენ ირგვლივ. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ვიღაც ქალს პირდაპირ ფეხზე არ შეადგა! საწყალს ალბათ სულ დაუჩეჩქვა თითები. თვითონ პიესა შედევრი ვერ არისო, ამოშაქრა, მაგრამ ლანტები, რა თქმა უნდა, ნამდვილი ანგელოზები არიანო. ანგელოზებიო! ეშმაკმა დალახვროს. ანგელოზები! არ მომსპო კაცი! მერე მოდგნენ და თუკი ვინმე ჰყოლიათ საერთო ნაცნობი, ყველა ახსენეს. ამისთანა სულელური ლაქლაქი ჩემს დღეში არ მომისმენია. სხაპასხუპით ასახელებდნენ სხვადასხვა ქალაქს და მერე იქ მცხოვრებ ნაცნობებს იხსენებდნენ. ლამის გული ამერია, მანამ მოქმედება დაიწყებოდა. არ გეხუმრებით. მეორე შესვენებაზე ისევ არ განაახლეს თავიანთი გულისამრევი ლაპარაკი! სულ ახალ-ახალი ქალაქები გაიხსენეს, სადაც სხვა მათი ნაცნობები ცხოვრობდნენ. მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ ამ კოხტა-პრუწა ვაჟბატონს ხმაც ისეთი მიკნავებულ-მინაზებული აღმოაჩნდა, მეტისმეტად გადაღლილი და სნობისტური. ქალივით წრიპინებდა. გოგოს წართმევასაც არ მოერიდება ეს ნაბიჭვარი! ერთი პირობა ვიფიქრე, ალბათ ტაქსში ჩაგვიჯდება და გამოგვყვება-მეთქი, რადგან მთელი ორი კვარტალი ფეხით გამოგვყვა სპექტაკლის დამთავრების შემდეგ. მაგრამ მასავით კოხტა-პრუწებს უნდა შეხვედროდა, კოკტეილის დასალევად შევიპირეო, თქვა. წარმოვიდგინე, როგორ სხედან სადმე ბარში, ბითურულ უჯრულა ჟილეტებში გამოწკეპილან და თავიანთი გადაღლილი სნობისტური ხმით სპექტაკლებს, წიგნებსა და ქალებს აკრიტიკებენ. მომსპეს და გამათავეს ამ ვაჟბატონებმა.
სალიც კი შემეზიზღა, ტაქსში რომ ჩავსხედით: მთელი ათი საათი რანაირად უსმინა იმ კოკობზიკა ენდოვერელ ნაბიჭვარს! ვიფიქრე, ახლავე შინ მივიყვან-მეთქი - მივიყვანდი კიდეც - მაგრამ უცებ მეუბნება:
- დიდებული აზრიმ მომივიდა! - სულ ასეთი დიდებული აზრები არ მოსდიოდა! - მოიხედე, - მითხრა მან, - შინ რა დროს უნდა მიხვიდე სადილისთვის? ძალიან არ გეჩბარება? განსაზღვრულ დროს მიდიხარ ხოლმე?
- მე? არა. როცა მინდა, მაშინ მივალ. - ჰოი, ბიჭო, ამაზე მართალი ჩემს დღეში არაფერი მითქვას. - რა იყო?
- რადიო-სიტიში წავიდეთ და ვიციგურაოთ.
ამისთანა გენიალური აზრები მოსდის ყოველთვის.
- რადიო-სიტიში ვიციგურაოთ? ახლავე გინდა?
- ერთი საათით, ან ცოტათი მეტით? არ გინდა? მაშინ...
- როდის გითხარი, არ მინდა-მეთქი. წავიდეთ. თუკი მართლა გინდა.
- შენც გინდა? თუ არ გინდა, ნუ მომერიდები. ჩემთვის სულერთია, სად წავალთ.
დიახ, როგორ არა!
- იქ ისეთი მშვენიერი საციგურაო კაბები ქირავდება, - თქვა სალიმ, - ჯენიტ კალცმა გამოიტანა იმ კვირას.
ამიტომაც მომასო ფეხი. ერი სული ჰქონდა, მანამ იმ მოციცქნილ კაბას ჩაიცვამდა და თავის გამოსკუპულ უკანალს გამოაჩენდა.
წავედით. ჯერ ციგურები მოგვცეს. მერე სალიმ გამოიტანა ის პატარა ლურჯი კაბა, რომელშიაც ყველაფერი მოუჩანს ადამიანს. მოუხდა კი, რაც მართალია, მართალია. თავიდანვე იცოდა, რომ მოუხდებოდა. აბა რა გგონიათ! სულ წინ მიმიძღოდა განგებ და თავის კოხტა უკანალს მიბზეკდა. მართლაც კოხტა რამე იყო, რაც მართალია,მართალია.
მაგრამ სასაცილო ის იყო, რომ მთელს იმ ოხერ მოედანზე ყველაზე უბადრუკი მოციგურავეები ჩვენ აღმოვჩნდით. ყველაზე უბადრუკი! ჰოი, რა დღეში ვიყავით! ისე ამოუტრიალდებოდა ხოლმე სალის კოჭები, რომ სულ ყინულზე ეხახუნებოდა. მარტო სასაცილო როდი იყო, ალბათ საშინლად სტკიოდა კიდეც. მე პირადად მტკიოდა, მტკიოდა, მკლავდა კაცს! დიდებული სანახავი კი ვიქნებოდით! მთელი უბედურება კი ის იყო, რომ იქვე, სულ ცოტა ორასი უქნარა აყუდებულიყო - საქმე არაფერი ჰქონდათ, იდგნენ და უყურებდნენ, როგორ ეცემოდა ხალხი.
- არგინდა, შევიდეთ და რამე დავლიოთ? - ვუთხარი ბოლოს.
- ამისთანა დიდებული აზრი დღეს შენ არ მოგსვლია. - მაშინვე დამეთანხმა. მოკვდა საწყალი. მხეცობაა, აბა რა არის! მართალი თუ გინდათ, შემეცოდა კიდეც.
წავიძვრეთ ეს ოხერი ციგურები და ბარში შევედით. აქ წინდების ამარა დაჯდებოდი, დალევდი და მოციურავეებსაც დაინახავდი. დავსხედით თუ არა, სალიმ ხელოთათმანები წაიძრო და მე სიგარეტი მივაწოდე. მაინცდამაინც ბედნიერი არ ჩანდა. ოფიციანტიც მოვიდა. ერთი კოკა-კოლა სალისთვის დავუკვეთე - მაგარ სასმელს არ სვამდა - და ერთი სოდიანი ვისკი ჩემთვის. მაგრამ უარი მითხრა ძაღლისშვილმა და მეც კოკა-კოლა მოვატანინე. მერე ასანთის გაკვრას მოვჰყევი. ასე დამჩემდა. ზოგჯერ მომიხუსტურებს, - ამოვიღებ ასანთს, გავკრავ და როცა სულ დაიწვება და ხელში დაჭერა აღარ შეიძლება, საფერფლეში ვყრი ხოლმე. ნერვიულობამ იცის.
უცებ სალი მეუბნება.
- მოიხედე. წინასწარ უნდა ვიცოდე. ჩემთან არ მოხვალ, შობის ხეს არ მომართვევინებ? ახლავე უნდა მითხრა.
ეტყობოდა კოჭების ტკივილმა გაამწარა.
- აკი მოგწერე, მოვალ-მეთქი. ბარე ოცჯერ მკითხე. მოვალ, უსიკვდილოდ მოვალ.
- დანამდვილებით მინდა ვიცოდე. - თქვა მან და აქეთ-იქით თვალების ცეცება დაიწყო.
უცებ ასანთს თავი გავანებე და სალისკენ გადავიხარე. ზოგი რამე მქონდა სათქმელი.
- მოიხედე, სალი, - მივმართე მე.
- რა იყო? - ვიღაც გოგოს მიშტერებოდა, იქითა კუთხეში.
- გულის მოყირჭება თუ გამოგიცდია როდისმე? - ვკითხე, - აღარფერი რომ არ გინდა; თუ ის არ გააკეთე, რაც გულით გწადია, ყველაფერი გბეზრდება! გიყვარს, მაგალითად, სკოლა და ამისთანები?
- დიდი თავისმოსაბეზრებელი კია.
- არა, მერას გეკითხები: თუ გძულს-მეთქი. საშინელი თავისმომაბეზრებელი რომაა, ეს მეც ვიცი,| მაგრამ თუ გძულს-მეთქი, აი რა მინდა გკითხო.
- სიძულვილით არ მძულს, მაგრამ რაღაცნაირად...
- მე კი მძულს. ჰოი, ბიჭო, როგორა მძულს! - ვთქვი მე, - განა მარტო სკოლა. ყველაფერი მძულს. ნიუ-იორკიც მძულს. ტაქსები მძულს. მედისონ ავენიუს ავტობუსებიც მძულს - კონდუქტორები რომ მოდგებიან და ღრიალებენ, უკანა კარებიდან ჩადითო. ეს კოხტა-პრუწა ვაჟბატონებიცა მძულს, ლანტებს რომ ანგელოზებს ეძახიან. გარეთ რომ გინდა გამოსვლა და უსათუოდ ლიფტით რომ უნდადაეშვა, ესეცა მძულს; ბრუკის სამკერვალოში რომ შებრძანდებიან ვაჟბატონები და კოსტუმების მოზომებას აღარ ათავებენ, ესეც მძულს, ხალხი რომ მოდგება...
- რა გაყვირებს! - მითხრასალიმ.
რა სისულელეა, სულაც არ მიყვირია.
- ახლა მანქანები! - განვაგრძე მე თითქმის ჩურჩულით, - როგორ კარგავენ ჭკუას ამ მანქანებზე. ოდნავ რომ გაიფხაჭნოს, დარდით ღამეები აღარა სძინავთ, სულ იმის ტრაბახში არიან -ერთი გალონი ბენზინით ამდენი და ამდენი მილი გავიარეო; მანქანის ყიდვას ვერც კი ასწრებენ, რომ ხელად ახალი თავსატეხი უჩნდებათ - როგორმე უახლეს გამოშვებაზე გადაგვაცვლევინაო. მე კი ძველი მანქანებიც არ მიყვარს. სულაც არ მეპიტნავება. ცხენი მირჩევნია. ცხენს ადამიანური რაღაც მაინც აქვს. ცხენს ბოლოს და ბოლოს...
- ნეტა რას ლაპარაკობ!.. რას მიედ-მოედები...
- იცი რა გითხრა - მივმართე მე - შენ რომ არ იყო, მე ახლა ნიუ-იორკში არ ვიქნებოდი. შენ რომ არ მახლდე თან, ჯანდაბაში გადავიკარგებოდი. ტყეში გავვარდებოდი, ან სადმე ოხრობაში. შენ მიჭერ, შენ გამო ვარ აქ.
- რა კარგი ხარ! - თქვა მან. მაგრამ ხელადვე შეატყობდი, რომ საუბრის შეცვლა უნდოდა.
- ერთი ვაჟების სკოლაში უნდა შეგიყვანონ, და მაშინ ნახავ. აბა სინჯე, - ვუთხარი მე, - სულ თვალთმაქცებით არის გატენილი, სწავლითაც იმიტომ სწავლობენ, რომ ცოტა გამოიქექონ და ერთ მშვენიერ დღეს ის ოხერი კადილაკი შეიძინონ. დიდის ამბით რომ გარწმუნებენ - გინდა წააგოს ჩვენმა გუნდმა, გინდა მოიგოს, ჩვენთვის სულერთია, არას ვინაღვლებთო! და მთელი დღეები ცარიელი ყბედობა - გოგოებზე, დალევაზე, ხვევნა-კოცნაზე. ყველას თავისი ბინძური ბანდა ჰყავს და იმათთან ტრიალებს. კალათბურთელები ცალკე დაძრწიან, კათოლიკები - ცალკე, ეს დაწყევლილი ინტელექტუალისტები - ცალკე, ბრიჯის მოთამაშეებიც თავისთვის არიან, იმ ბითურულ `წიგნის ყოვლეთვიური კლუბის~ მკითხველებიც კი ცალკე მიიწევენ. ძალიანაც რომ მოინდომო, წესიერად გამოლაპარაკება...
- კარგი ერთი, აბა რას ამბობ! - შემაწყვეტინა სალიმ, - ბიჭები იმდენ რამეს სწავლობენ, ხოლმე სკოლაში!..
- გეთანხმები! გეთანხმები, რომ ზოგი მართლაც ბევრ რამეს სწავლობს. მაგრამ მე რა ვისწავლე? ჰა? ამას მოგახსენებდი. სწორედ ეს მაწუხებდა. იოტის ოდენა არაფერი მისწავლია. ცუდად არის ჩემი საქმე. ძალიან ცუდად.
- მართლაც ცუდად არის.
უცებ რაღაცამ გამკრა თავში.
- მოიხედე, - ვუთხარი მე, - რაღაც მოვიფიქრე. არ გინდა აქაურობას მოვშორდეთ? ჰა, რას იტყვი? გრინვიჩ-ვილეჯში ერთ ბიჭს ვიცნობ, მანქანას გვათხოვებს ორიოდე კვირით, ერთად ვსწავლობდით სკოლაში, ათი დოლარი ვასესხე, ჯერაც არ გადაუხდია. იცი რა ვქნათ, ავდგეთ და ხვალ დილითვე მასაჩუსეტისაკენ გავსწიოთ, იქიდან ვერმონტს ჩავალთ, სულ მოვივლით იქაურობას. დიდებული ადგილებია, - რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ვღელავდი და ვღელავდი. ის კი არა და სალისკენ მივიწიე და ხელში ვწვდი. შტერი ვარ, აბა რა ვარ! - არ გეხუმრები, - განვაგრძე მე - ას ოთხმოც დოლარამდე ფული მაქვს ბანკში. დილით, გააღებენ თუ არა, მივალ და გამოვიტან, მერე იმ ბიჭს გავუაროთ და მანქანა გამოვართვათ. არ გეხუმრები. მანამ ფული გაგვითავდება, ვიყოთ ასე, საზაფხულო კარვებში ვიცხოვროთ. ფული რომ გაგვითავდება, სადმე სამსახურს ვიშოვი, დავსახლდეთ მდინარის პირას, უფრ მოგვიანებით დავქორწინდებით კიდეც და ყველაფერი. ზამთარი რომ დაგება, შეშას მე თვითონ დავჩეხავ. ღმერთივით მოვეწყობით. დამიჯერე. რას იტყვი? გამომყვები? გაბედე.
- რას ამბობ, როგორ იქნება! - ხმაში წყენა შევატყვე.
- ვითომ რაო? რატომაც არა!
- ნუ მიყვირი, თუ შეიძლებოდეს, - მითხრა მან.
რა სისულელეა. ყვირილი არც მიფიქრია.
- რატომ? რატომ არა?
- იმიტომ, რომ არ შეიძლება. მორჩა და გათავდა. ჯერ ერთი, პატარები ვართ. ფული რომ გაგვითავდება და სამუშაოსაც ვეღარ იშოვი, მაშინ რა უნდა ვქნათ?! ამაზე რატომ არ ფიქრობ?! ხომ დავწყდით მშივრები! ეგ ისეთი ფანტაზიაა, რომ არც კი ღირს...
- სადაური ფანტაზიაა! სამსახურს როგორ ვერ მშოვი. შენ ფიქრი ნუ გაქვს, მაგისი დარდი ნუ შეგაწუხებს. რა მოგივიდა? არ გინდა გამომყვე? თუ არ გინდა, ეგეც მითხარი.
- განა მაგას ვამბობ! სულაც არ, - მითხრა სალიმ. მაგრამ უკვე შევატყე, რომ შემძულდა, - რა გაჩქარებს, მაგისთანებისთვის ქვეყნის დრო გვექნება. ჯერ კოლეჯში შედი, მერე, ვნახოთ, თუ ვიქორწინებთ... გასასეირნებელ ადგილებს რა გამოლევს შენ ჯერ...
- არა. არსადაც არ წავალთ. არც გასასეირნებელი ადგილებია და არც არაფერი. ყველაფერი შეიცვლება, - ვუთხარი მე. ისევ ძაღლის გუნებაზე დავდექი.
- რაო? - ჩამეკითხა, - ვერაფერი ვერ გავიგე. ხან მიყვირი, ხან კი...
- არა-მეთქი! კოლეჯში რომ შევალ, არავითარი გასასეირნებელი ადგილები აღარ იქნება. კარგად დაუფიქრდი. მაშინ ყველაფერი შეიცვლება. უნდა ავიკითდოთ ჩემოდნები და ბარგი-ბარხანა და ლიფტით უნდა დავეშვათ. ყველას უნდა დავურეკოთ და გამოვემშვიდობოთ; მერე საცა არ მივალთ, ყოველი სასტუმროდან ღია ბარათები უნდა ვგზავნოთ. მე სამსახურში უნდა მოვეწყო სადმე და ფულები ვხვეტო. ან მანქანით ვივლი სამსახურში ან მედისონ ავენიუს ავტობუსით, გაზეთებს ვიკითხავ, სულ ბრიჯის თამაშში ვიქნები გართული, საღამოობით კი კინოებში ვივლი. რაც ბითურული მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ქრონიკები გამოვა, ყველაფერს ვნახავ. ქრონიკები. ღმერთო დიდებულო. ჯერ დოღს აჩვენებენ, აგერ ქალი შამპანურის ბოთლს გემს ესვრის, მერე შიმპანზეს შარვალს ჩააცმევენ და ველოსიპედზე შესვამენ. არა, ყველაფერი შეიცვლება. შენ კი არ გესმის, რას გეუბნები.
- იქნებ მართლაც არ მესმოდეს. ან იქნებ შენ თვითონ არ გესმოდეს, - მითხრა სალიმ. უკვე ვეღარ ვიტანდით ერთმანეთს. აშკარა იყო, რომ მასთან სერიოზულ ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა. ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, რატომ წამოვიწყე-მეთქი.
- წადი ერთი შენი... - ვუთხარი მე.
ჰოი, ბიჭო, გაწიწმატდა, მაგრამ რა გაწიიწმატდა. ვიცი, რომ დავაშავე, არ უნდა მეთქვა, არც ვეტყოდი, მაგრამ რომ აღარ მომეშვა. გოგოებთან ჩემს დღეში არ დამცდენია ამისთანაგინება. ჰოი, ბიჭო, რა გაწიწმატდა! გადავიქაჩე დ მოვყევი ბოდიშებს, მაგრამ ვინ მოგისმინა. ის კი არა და, ტირილიც ამოუშვა. ცოტა არ იყოს შევცბი - ვაითუ ადგეს და ყველაფერი მამამისს ჩაუკაკლოს-მეთქი. მამამისი ერთი ბრუჩუნა ნაბიჭვარი იყო, ჩემზე მაინცდამაინც არ ამოსდიოდა მზე, ძალიან ხმაურიანიაო, სალისთვის უთქვამს ერთხელ.
- მაპატიე, ნუ მიწყენ, - აღარ ვეშვები სალის.
- გაპატიო! გაპატიო! ჰმ, რა სასაცილოა! - ისევ ტიროდა, და ერთბაშად გული მეტკინა, რატომ შევაგინე-მეთქი.
- წამოდი, შინ გაგაცილებე. არ გეხუმრები.
- მადლობელი ვარ. თვითონაც გავიგნებ გზას. მართლაც გიჟი ყოფილხარ, თუ იმას ფიქრობ, რომ სახლამდე მიგაცილებინებ თავს. მთელს ჩემს სიცოცხლეში არც ერთ ბიჭს არ უკადრებია ჩემთვის ამისთანა სიტყვები.
ძალიან სასაცილო კი იყო, რომ დაუფიქრდეს კაცი, და უცებ ისეთი რამე გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა. გამეცინა. მაგრამ მტრისას, ისეთი როხროხა და შტერული სიცილი მაქვს. კინოში ან სადმე რომ ვიჯდე ჩემივე თავის უკან, უსათუოდ გადავიწეოდი წინ და ჩემს თავს ვეტყოდი, გეყოფა, მოკეტე-მეთქი. ამან კიდევ უფრო გააცოფა სალი.
ერთხანს ვუტრიალე და ვუბოდიშე, მაგრამ არ გატყდა. თავიდან მომწყდიო, დაიჟინა. ბოლოს მართლაც მოვშორდი. ჩემი ფეხსაცმელები და ტანსაცმელი გამოვიტანე და წამოვედი. მარტოკა მივატოვე. არ უნდა მიმეტოვებინა, მაგრამ ყელში ამომივიდა.
მართალი თუ გინდათ, ისიც კი არ ვიცი, რაში დამჭირდა მთელი ეს ლაპარაკი. რას წამოვიწყე მასაჩუსეტსა და ვერმონტში გამგზავრების ამბავი. აქეთ რომ შემომხვეწნოდა, მაშინაც არ წავიყვანდი. ანკი ვინ წაიყვანდა. მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ მართლაც გულით ვთხოვე, წავიდეთ-მეთქი. აი ეს არის ყველაზე უფრო საშინელი. გიჟი ვარ ნამდვილად.

18

საციგურაო მოედნიდან რომ წამოვედი, შიმშილი ვიგრძენი. ბუფეტში შევუხვიე და შვეიცარული ყველის სენდვიჩი და რძის კოქტეილი გეახელით, მერე სატელეფონო ჯიხურში შევედი. ერთს კიდევ დავურეკავ ჯეინს და გავიგებ, შინ თუ არის მეთქი. მთელი საღამო თავისუფალი ვიყავი და ვიფიქრე, მოდი დავურეკავ, შინ თუ დამიხვდა, ან საცეკვაოდ წავიყვან ან სხვაგან სადმე-მეთქი. რამდენი ხანია ვიცნობდი და ჯერაც არ მეცკვა მასთან. ისე, ერთხელ კი ვნახე მისი ცეკვა. ძალიან კარგი მოცეკვავე ჩანდა. ეს იყო ოთხ ივლისს, კლუბში. მაშინ იმდენად დაახლოებული არ ვყოფილვარ და აღარ ჩამოვაშორე თავის თავის ბიჭს. ერთ საშინელ ტიპს ახლდა - ელ პაიკს, სოუტის სტუდენტს. არც იმას ვიცნობდი ხეირიანად, მაგრამ სულ საცურაო აუზის მახლობლად წრიალებდა და იქა ვხედავდი. რაღაცნაირი თერი ნეილონის საცურაო ტრუსიკი ეცვა და მუდამ კოშკურიდან ხტებოდა ხოლმე. დილიდან საღამომდე სულ ასე ხტებოდა, რაღაც ძველებური, ბითურული მანერით. მეტი არც არაფერი შეეძლო, მაგრამ თავი ბრწყინვალე მოცურავედ მოჰქონდა. ცარიელა კუნთები და არც ერთი ნამცეცი ტვინი! ერთი სიტყვით, ჯეინი მასთან ცეკვავდა იმ საღამოს. ვერ გავიგე კი რატომ. ვერასდიდებით ვერ მივხვდი. მერე, როცადავუახლოვდი, ვკითხე, ელ პაიკისთანა კუდაბზიკა ნაბიჭვართან რას დადიხარ-მეთქი. კუდაბზიკა სულაც არ არისო, მითხრა. პირიქით, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვსო. ეტყობოდა, რომ ეცოდებოდა. სხვის დასანახად კი არ აკეთებდა ნამდვილად ეცოდებოდა, ახირებული ხალხია ეს გოგოები. ვინმე ოხერი ნაბიჭვარი თუ უხსენე - თუნდა მთლად გლახაკი იყო, თუნდა მეტისმეტად ცხვირაბზეკილი - რამდენჯერაც არ უნდა უხსენო, სულ იმას გაიძახიან, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვსო. იქნებ მართალიც იყოს, მაგრამ ეს რას უშველის - ნაბიჭვარი მაინც ნაბიჭვარადვე რჩება. გოგოები! ვერასდიდებით ვერ გაუგებ, რას ფიქრობენ. ერთხელ რობერტა უოლშის ოთახის ამხანაგი გავაცანი ერთ ჩემს მეგობარს, ბობ რობინზონს. იმას კი მართლაც ჰქონდა ეს საკუთარი თავის დაუფასებლობა. მშობლების ერცხვინებოდა, იმიტომ რომ სულ ასე ლაპარაკობდა მისი დედა და მამა - `მაგას უნდათ~, `იმას უნდათ~ და ამისთანა სისულელეებს. თან მდიდრებიც ვერ იყვნენ მაინდამაინც. მაგრამ თვითონ არ ყოფილა ურიგო ყმაწვილი. პირიქით, ძალიან კარგი ბიჭი იყო. რობერტა უოლშის ამხანგს კი სულაც არ მოუვიდა თვალში, იბღინძებაო, რობერტასთან თქვა.
რატომ, არ იკითხავთ? იმიტომ, რომ ბიჭს შემთხვევით წამოსცდენია, სადისკუსიო გუნდის კაპიტანი ვარო. ერთი ბეწო იაღლიში და იმ წუთში - იბღინძებაო, მიაკენრა.
მთელი უბედურება ის არის, რომ ბიჭი თუ მოსწონთ გოგოებს, რაგინდა ნაბუშარი იყოს, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვსო, ამბობენ, ხოლო ერთხელ თუ აითვალწუნეს, ღმერთივით ბიჭიც რომ იყოს, არასრულფასოვანიც და ყველაფერი, მაინც ცხვირსა ბზეკსო, იტყვიან.
ერთი სიტყვით, კიდევ დავურეკე ჯეინს, მაგრამ არავინ მიპასუხა და იძულებული გავხდი, მილი დამეკიდა. მერე უბის წიგნაკი გავშალე და მისამართები გადავათვალიერე. ვინ ოხრობასთან შეიძლება საღამოს გატარება-მეთქი. მაგრამ უბედურება ის იყო, რომ სულ სამი ნომერი მეწერა შიგ: ჯეინისა, მისტერ ანტოლინისა - ეს იყო ჩემი მასწავლებელი ელქტონ-ჰილში - და მამაჩემის სამსახურის ტელეფონი. მავიწყდება ხოლმე ნომრების ჩაწერა. ბოლოს ავდექი და კარლ ლიუსს დავურეკე. ამ ბიჭმა ჩემი იქიდან წამოსვლის შემდეგ დაამთავრა ჰუტონის სასწავლებელი. ჩემზე სამი წლით უფროსი იქნებოდა, და დიდად არც მყვარებია, მაგრამ ძალიან ჭკვიანი იყო - მთელს ჰუტონში ყველაზე კარგ მოწაფედ ითვლებოდა - და ვიფიქრე, იქნებ სადილზე დამეწვიოს და ცოტა ჭკვიანურ რამეს ვილაპარაკებთ-მეთქი. საინტერესო ამბების მოყოლა იცოდა ზოგჯერ. ერთი სიტყვით, დავურეკე. კოლუმბის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ 65-ე ქუჩაზე ცხოვრობდა და ვიცრდი, რომ ახლა შინ იქნებოდა. სადილად არა მცალიაო მითხრა, ათ საათზე კი, თუ გინდა, უიკერ ბარში მოდი, 54-ზე, რამე დავლიოთო. ეტყობოდა, ძალიან გაუკვირდა ჩემი ხმის გაგონება, იმიტომ, რომ ერთხელ სქელ-დუნდულა მანჭია დავუძახე.
ათ საათამდე სადმე ხომ უნდა მომეკლა დრო, და მეც რადიო სიტისკენ გავწიე, კინოს საყურებლად. ამაზე დიდი საშინელება რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ იქვე ახლოს იყო და ბევრი ფიქრისა და რჩევის თავიც აღარ მქონია.
მე რომ მივედი, ის ბითური დივერტისმენტი უნდა დაეწყოთ. როკეტის მოცეკვავეები სასაცილოდ იმანჭებოდნენ - ხომ გინახავთ როგორ ცეკვავენ ხოლმე, რომ ჩამწკრივდებიან და ერთმანეთს წელზე შემოხვევენ ხელს. მაყურებლები შეშლილებივით უკრავდნენ ტაშს. ჩემს უკან ერთი ტიპი იჯდა, წარამარა ამას ჩასჩიჩინებდა თავის ცოლს: `იცი, ეს რა არის? უდიდესი სიზუსტით ცეკვავენ~. მომსპო კაცი! ცეკვას რომ მორჩნენ, ერთი სმოკინგიანი ვაჟბატონი გამოხრიგინდა გორგოლაჭებით, დახრიგინებდასცენაზე, პაწაწინა მაგიდების ქვეშ თითქოს რაღაცას დაეძებდა და თან ოხუნჯობდა. ძალიან მარჯვედ კი დასრიალებდა და ყველაფერი, მაგრამ გემო მაინც ვერ ჩავატანე, რადგან წარმოვიდგინე, რამდენს იწვალებდა ამის ვარჯიშში. სისულელე იყო. საერთოდ, ვატყობდი, რომ გუნებაზე ვერ ვიყავი. ამ ვაჟბატონს შემდეგ საშობაო წარმოდგენა გვაჩვენეს: აი, ყოველწლიურად რომ მართავენ ხოლმე რადიო სიტიში. გამოლაგდნენ და გამოლაგდნენ ყუთებიდან ანგელოზები. ვიღაცეებმა ჯვარცმა გამოასვენეს, სცენაზე დაატარებდნენ და ყველანი ერთად - ბარე ათასი კაცი - მღეროდა: `მოდით, მოგროვდჟით მორწმუნენო!~ შეშლილებივით ბღაოდნენ. დიდ ამბავში იყვნენ. ვიცი, რომ ეს წმინდა რელიგიურ ცერემონიად არის მიჩნეული და ძალიანაც მოსწონთ, მაგრამ ღვთის წინაშე, მე ვერც რელიგიურს ვხედავ მასში რამეს და ვერც მოსაწონს; სადაური რელიგიაა - ხროვა-ხროვად დაჯლიგინობენ მსახიობები სცენაზე და ჯვარცმას დაათრევენ. როცა ყველაფერს მორჩნენ და კვლავ თავიანთი ყუთებისაკენ დაიძრნენ, ზედვე ეტყობოდათ, რომ ერთი სული ჰქონდათ, მანამ ადამიანურად ჩამოჯდებოდნენ და პაპიროსს გააბოლებდნენ. შარშანაც ვნახე ეს, სალი ჰეისთან ერთად, და სალი აღტაცებული გაიძახოდა, რა დიდებული რამეაო, კოსტუმებიც მოეწონა და ყველაფერი. მე ვუთხარი, ქრისტეს რომ ენახა ეს უბადრუკი კოსტუმები და საერთოდ რაც აქ ხდება, საწყალს ალბათ გული აერეოდა-მეთქი. შენ ღვთისმგმობელი და ათეისტი ხარო, სალიმ მითხრა. ალბათ, ვარ კიდეც. ერთი რამე კი მართლაც მოეწონებოდა იესოს - დიდ დოლზე დამკვრელი. რვა წლის ვიქნებოდი, პირველად რომ ვნახე ის ბიჭი და მას შემდეგ სულ მახსოვს. მშობლები რომ წაგვიყვანდნენ ხოლმე მე და ელის, ჩვენ წინ გადავსხდებოდით, ორკესტრს მივუახლოვდებოდით და იმ ბიჭს ვუყურებდით. იმისთანა დოლზე დამკვრელი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. მართალია, მთელი იმდროის განმავლობაში სულ ერთი-ორჯერ უწევს დოლზე დარახუნება, მაგრამ უქმად მჯდომსაც სულ არ ეტყობა მოწყენა. სამაგიეროდ, მისი ჯერი რომ დადგება, ისე გემრიელად და ლაზათიანად დაუკრავს!.. სახეზედაც შეატყობ, რა გაფაციცებით უკრავს. ერთხელ, ვაშინგტონში რომ წაგვიყვანა მამაჩემმა, ელიმ იმ ბიჭს ღია ბარათი გამოუგზავნა, მაგრამ სანაძლეოს ჩამოვალ, რომ არც მიუღია. მაშინვე ვგრძნობდით, რომ მისამართი არ იყო სწორი.
გათავდა საშობააო წარმოდგენა და ის ოხერი კინოც დაიწყო. ისეთი საძაგელი რამე იყო, თვალი ვეღარ მოვაშორე. ერთი ინგლისელია, ალეკი ჰქვია, გვარი არ მახსოვს, ომში წავა და ჰოსპიტალში მეხსიერებას დაჰკარგავს. გამოვა ჰოსპიტალიდან, ხელში ჯოხი უჭირავს, საცოდავად მოჩლახუნობს, მთელს ლონდონს შემოივლის, მაგრამ თავისი ვინაობა არ იცის! სინამდვილეში ჰერცოგია, მაგრამ არ ახსოვს და რა ქნას. მერე უცებ ერთ უბრალო, შეუხედავ ალა გოგოს გადაეყრება. ავტობუსში ადის ის გოგო და ქარი ქუდს მოსტაცებს. კაცი წაავლებს ქუდს ხელს და მისცემს. ავლენ ავტობუსში, დასხდებიან და ჩარლზ დიკენსზე გააბამენ საუბარს. ორივეს საყვარელი მწერალი აღმოჩნდება. ის კი არა და, ამ კაცს თურმე თან დააქვს `ოლივერ ტვისტი~. ასევე გოგოსაც. ცოტაც გაწყდა, გული არ ამერია. მოკლედ, იქვე შეუყვარდებათ ერთმანეთი, იმიტომ, რომ ორივენი ჩარლზ დიკენსზე კარგავენ ჭკუას და კაცი საგამომცემლო საქმეებში ეხმარება ქალს. გამომცემელია ეს ქალი, მაგრამ კარგად ვერ მისდის საქმე, რადგან ერთი ლოთი ძმა ჰყავს, და რასაც მოგებას ნახულობენ, სულ ის უფლანგავს. ძაან გაბოროტებულია ეს კაცი, ქალის ძმა, ომში თურმე ექიმი იყო. ახლა ისე მოშლია ნერვები, რომ ოპერაციას ვეღარ აკეთებს და მთელი დღე ხარივით სვამს, თუმცა ჭკვიანი კაცი კია და ყველაფერი. ბოლოს ეს ჩვენი ალეკი წიგნს დაწერს, ქალი გამოუცემს, ბლომად ფულს მოხვეტავენ, და ის არის ჯვარიც უნდა დაიწერონ, რომ უცებ საიდანღაც მეორე ქალი გამოჩნდება, მარსია. ეს მარსია ადრე თურმე ალეკის შეყვარებული იყო, მანამ ბიჭი მეხსიერებას დაჰკარგავდა. ერთხელ, მაღაზიაში რომ დგას ალეკი და წიგნზე ვიღაცეებს ავტოგრაფებს უწერს, ეს ქალი შევა და იცნობს. ქალი ეტყვის, შენ ნამდვილი ჰერცოგი ხარ და ყველაფერიო, მაგრამ ალეკს არა სჯერა და არასდიდებით არ მიჰყვება დედის სანახავად. დედამისი თურმე ღამურასავით ბრმა ყოფილა. მაგრამ მეორე ქალი, შეუხედავი რომაა, ძალათი გააგდებს. ძაან კეთილშობილი ქალია და ყველაფერი. ერთი სიტყვით, წავა ეს კაცი. მაგრამ მეხსიერება მაინც არ დაუბრუნდება. აგრე თავისი დიდი დანიური ძაღლი შეახტება, დედამისი სახეში ატაკებს თითებს, სათამაშო დათუნიასაც გამოუტანენ, ბავშვობისას თვითონ რომ თავით ფეხებამდე ლოკავდა ხოლმე... მაგრამ არა და არა, მეხსიერება არ უბრუნდება. ბოლოს, ერთ დღეს ბიჭები კრიკეტს თამაშობენ ეზოში და კრიკეტის ბურთი უცებ არ მოხვდება ამ კაცს თავში! იმავე წუთში დაუბრუნდება მეხსიერება, შევარდება სახლში, დედას შუბლზე აკოცებს და ყველაფერი. ისევ ჰერცოგი გახდება, იმ შეუხედავ ქალს, თავისი გამომცემლობა რომ აქვს, სულ გადაივიწყებს. ბოლომდე მოგიყვებოდით ამ ამბავს, მაგრამ ვაი თუ გული ამერიოს. იმის შიში კი არა მაქვს, შთაბეჭდილება არ გაგიფუჭოთ-მეთქი. ან კი რა არის აქ გასაფუჭებელი. მოკლედ, ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ალეკი იმ შეუხედავ ქალს შეირთავს, ლოთი ძმა ნერვებს დაიმშვიდებს და ალეკის დედას თვალების ოპერაციას გაუკეთებს, სინათლეს დაუბრუნებს, მერე ლოთი ძმა და ძველი მარსია შეიყვარებენ ერთმანეთს. სულ ბოლოს ყველანი დიდ სუფრას უსხედან და სიცილით მუცელზე იფხრიწებიან, რადგან ის უშველებელი დანიური ძაღლი, შემოვარდება და ლეკვებს შემოათრევს. აქამდე ალბათ ყველას ხვადი ეგონა ის ძაღლი, თუ რა ვიცი, რა აცინებდათ. რაღა დამრჩენია სათქმელი. გულისარევა თუ არ გინდათ, ამ სურათს ნუ ნახავთ.
ყველაზე უფრო იმან მომსპო და მომანელა, რომ ერთი ქალი იჯდა ჩემს გვერდით - უყურებდა ამ ბითურ სურათს და სლუკუნებდა. რაც უფრო მეტი სიყალბე გამოჩნდება ეკრანზე, მით უფრო მაგრად ამოუშვებდა ხოლმე ქვითინს. ერთი შეხედვით იფიქრებდი, ძაან გულჩვილია და იმიტომ მოსდის ასეო, მაგრამ გვერდზე მეჯდა და ჩემი თვალით ვნახე, რა გულჩვილიც ბრძანდებოდა. თან შვილი ახლდა, მოსწიყნდა ამ პატარა ბიჭს მთქნარება აუტყდა და ჩააცივდა დედას - საპირფარეშოში წამიყვანეო. თავი მოიკლა და არ წაიყვანა. ჭკუას არიგებდა - ნუ წრიალებ და წესიერად მოიქეციო. რაღა მგლის გულჩვილობა და რაღა იმისი. ამ ბითურულ სურათებს რომ უყურებენ და ზლუქუნებენ, ღაპაღუპით ჩამოსდით თვალებიდან ცრემლები - გამოიყვანეთ და ნახავთ, ათიდან ცხრა მაინც ნაბიჭვარი და გულბილწი თუ არ აღმოჩნდეს, არ გეხუმრებით.
კინო რომ დამთავრდა, უიკერ ბარისაკენ გავწიე, კარლ ლიუსს უნდა შევხვედროდი. მივდიოდი და ომზე ვფიქრობდი. საომარ ფილმებს რომ ვნახავ, სულ ასე მემართება ხოლმე. ომში რომ წამიყვანონ, ალბათ ვერ ავიტან. ვერასდიდებით ვერ ავიტან. გაწვევისთანავე თუ გესროლეს და მოგკლეს, ან რამე გიქნეს, კიდევ არა უშავს, მაგრამ ჯერ უნდა გაწანწალონ და გაწანწალონ ჯარში. ყველაზე დიდი საშინელება ესაა. ოთხი ოხერი წელი გაატარა ჩემმა ძმა დ.ბ.-მ ჯარში. ომშიც იყო, - კონტინენტზე გადასხეს და ყველაფერი, მაგრამ, მგონი ომზე უფრო ჯარში ყოფნა ეჯავრებოდა. პატარა ბიჭი ვიყავი მაშინ, მაგრამ მაინც მახსოვს. შვებულებით რომ ჩამოვიდოდა, დაეგდებოდა ლოგინზე და იწვა. სასტუმრო ოთახშიაც კი იშვიათად გამოვიდოდა. მერე ევროპაშიაც გადაიყვანეს, ფრონტზეც მოხვდა, მაგრამ არც დაჭრილა და არც არაფერი, ის კი არა და თოფიც არავისთვის უსვრია. მთელი დღეები ვიღაც კოვბოის გენერალს დაატარებდა შტაბის მანქანით. სხვა არაფერი ჰქონია საქმე. ერთხელ მე და ელის გვითხრა, კიდეც რომ ყოფილიყო საჭირო სროლა, არც კი ვიცოდი, ვისთვის მესროლაო. რაღა ფაშიტების არმია და რაღა ჩვენი - სულ ნაბიჭვრებით იყო გატენილიო. მახსოვს, ელიმ ჰკითხა, ეს ომში ყოფნა ცოტათი მაინც თუ გამოგადგება, როგორც მწერალს, დასაწერ მასალას თუ გაძლევსო. დ.ბ.-მ ელი გაგზავნა და ლექსებით აჭრელებული საბეისბოლო თათმანები მოატანინა: ვინ უფრო კარგად წერს ომზე - რუპერტ ბრუკი თუ ემილი დიკინსონიო, ჰკითხა. ემილი დიკინსონიო, ელიმ ეპასუხა. მე თვითონ ბევრი არაფერი მესმის ამეებისა, ლექსებს მაინცდამაინც ვერ ვეწყობი, მაგრამ ეს კი დანამდვილებითვ ვიცი: ჯარში რომ ავეწვიე და იქ ეკლისთანა და სტრედლეიტერისთანა, თუნდა იმ მორისისთანა, ვაჟბატონებს გადავყროდი, იძულებული ვყოფილიყავი, მათთან ერთად მწკრივში მევლო და მეცხოვრა, უსათუოდ ჭკუიდან შევირყეოდი. ერთხელ ბოი სკაუტების რაზმში ვიყავი ჩაწერილი, სულ ერთი კვირით, და პირდაპირ გული მერეოდა. როცა მწკრივში ჩემს წინ მდგარი ბიჭის კისერს ვუცქერდი. სულ იმას გვიჩიჩინებდნენ - კისერში უყურეთ თქვენს წინ მდგარსაო. კიდევრომ დაიწყოს ომი, თავს გეფიცებით, მირჩევნია, მაშინვე გამიყვანონ და დამხვრიტონ. ხმასაც არ გავიღებ. დ.ბ.-ზე ვარ გაბრაზებული: ხომ ასე სძულს ომი, შარშან ზაფხულს აიღო და `მშვიდობით, იარაღო~ არ წამაკითხა! დიდებული წიგნიაო. ვერ გამიგია რა. იქ ერთი კაცია გამოყვანილი, ლეიტენანტი ჰენრი - ღმერთივით ბიჭიაო, დაუჟინიათ. ჩემი ძმისა მიკვირს - ჯარი და ომი ასე ეჯავრება და ყველაფერი, ეს პრანჭია ბიჭი კი მაინც მოსწონს. ერთი სიტყვით, მე ის ვერ გამიგია, როგორ შეიძლება კაცს ამისთანა ბითურული წიგნიც უყვარდეს და რინგ ლარდნერიც, ანდა `დიდ გეტსბიზე~ ჰკარგავდეს ჭკუას. დ.ბ.-ს ეწყინა, ეს რომ ვუთხარი ჯერ ღლაპი ხარ და რას გაიგებო. მაგრამ არა მგონია, ასე იყოს. მაშ რინგ ლარდნერი და `დიდი გეტსბი~ რატომღა მომწონს-მეთქი, მე ვუთხარი. `დიდ გეტსბიზე~ ჭკუას ვკარგავდი. გეტსბის რა შეედრება. კაცური კაცია, ვაჟკაცი. ისე, ძალიან კარგი ჰქნეს, რომ ატომური ბომდი გამოიგონეს. კიდევ რომ დაიწყოს ომი, ავდგები და პირდაპირ იმ ბომბზე დავჯდები. ჩემით, კი არავის ვკითხავ. ღმერთმანი. არ ვხუმრობ.
კატეგორია: სათვგადასავლო რომანები | ნანახია: 896 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: