მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 9 » თაფლის უარყოფითი მხარე ---ანანო ანთაძე
12:52 PM
თაფლის უარყოფითი მხარე ---ანანო ანთაძე
ჩემს ახლობელთან ვიყავი სტუმრად. ისე ვისხედით, რომ ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. ჩვენს შორის, მჟავისგან ამოჭმულ მაგიდაზე, რამოდენიმე ჭიქა ეწყო. ერთი სავსე იყო შაქრით, მეორე ფქვილით, მესამე თაფლით და მეოთხე წითელი წიწაკით. ქალი მიმტკიცებდა, რომ ყველაზე ლამაზი შაქარი იყო. მე კი აღშფოთებული ვეუბნებოდი ”არა , როგორ გეკადრება თაფლია ყველაზე ლამაზი. დიდი დიდი ფქვილმა გაუწიოს კონკურენცია.” - თავს იქნევდა უარყოფის ნიშნად და იმეორებდა ”შაქარი”. მე ვუთხარი ”თაფლი” და მაინც, გინდა თუ არა შაქარიო. მე ისევ -” თაფლი”. ჭიქა აიღო და გადაისხა თავზე თაფლი. მეც მივბაძე და დავიყარე შაქარი. ამ კამათში მისი ქმარი შემოვიდა , ცოცხალი, უშნო ქათმით ხელში და გაბრაზებულმა ცოლს, თაფლიან თავზე ქათამი დაადო. ქათამი ქალის თმას მიეკრო ფრთებს აფართხალებდა და ქათმისთვის ჩვეულ ენაზე კიოდა. მასპინძელმა მის ზევით მდებარე ქათამს გასაჩუმებლად რამოდენიმეჯერ თავში ჩაარტყა და ყავა შემომთავაზა. მე დაბნეულობისგან დავეთანხმე. ის ქურასთან მივიდა და მკითხა თაფლით გინდა თუ შაქრითო. მე ვუპასუხე -” ყავაში აუცილებლად შაქარი უნდა ჩაყარო , თორემ ორი ყავისფერი სითხის ერთმანეთში არევა კუდუსუნის ძვლის ტკივილს იწვევს.” ქალმა და ქათამმა ერთობლივად , გეგონებოდა დიდი ხნის მეგობრები იყვნენო , ისეთი ამაზრზენი და ხმამაღალი სიცილი დაიწყეს, რომ შიშისგან გავშეშდი. თვალებით დავაშტერდი ქათმის მომთვინიერებლის უზარმაზარ პირს. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ ადამიანს შეეძლო ტუჩების ერთმანეთისგან ასე დაშორება. 

მოულოდნელად მის პირის ღრუში შევსრიალდი. ბევრი ვისრიალე უსიამოვნო სითხეებით სავსე მილებში და თავი წითელ ტბაში ამოვყავი. იქ ტივი შევნიშნე და მასზე ავძვერი. არ ვიცი ცვლილებას რამდენი დღე ველოდებოდი , რამე უნდა მომეფიქრებინა . მუცელი უკვე შიმშილისგან მტკიოდა, კიდევ რამდენიხანი გავძლებდი იმ არაადამიანურ და თან ძალიან ადამიანურ ადგილას.

გადავწყვიტე სხეულის ექსკურსიაზე წავსულიყავი. ტივზე ისე დავჯექი, გეგონებოდა ცხენზე დასკუპდაო. ფეხებს კი, მუხლებამდე მღვრიე სითხეში ჩაყოფილს, აქეთ-იქით ვაქნევდი. გავხდი ტივის მოტორიც და გიდიც. მალე ისე პროფესიონალურად ვამოტორებდი, რომ ერთი ორგანოდან მეორეში გადასაადგილებლად სულ რამოდენიმე წამი მჭირდებოდა. მოვიარე არტერია , სისხლძარღვები, გული, ელენთა , სწორნაწლავი და ა.შ. დედამიწაზე ახალი ადგილების აღმომჩენელთან ერთად ექიმიც გავხდი. როდესაც ქალს რამე ასტკივდებოდა, მე მას ჩემებური მეთოდით ვკურნავდი, ასე ვიკვებებოდი კიდევაც. ოპერაციების დროს გაუგებარი მიზეზით ვნაყრდებოდი. 

როდესაც გარესამყარო მომენატრებოდა, კუჭში შევიდოდი და იქაური სუნების საშვალებით ვიხსენებდი ფერად-ფერად, გემრიელ, მრავალფეროვან ჩემთვის უკვე სიცოცხლის სიმბოლოებს.

ზუსტად კუჭში მივხვდი ნოსტალგია რითი ცოცხლობდა. ის ადამიანის გულის ისეთ ნაწილს ჭამდა, რომელიც მას არ გააჩნდა. მარტო ნოსტალგიამ იცის ეს საიდუმლო და მე გამანდო, რადგან კი არ მჭამდა, არამედ მკენკავდა. ნელ-ნელა ვეღარ ვახერხებდი კარგი განწყობილების შენარჩუნებას. სხეულში ცხოვრება შეუძლებელი ხდებოდა. აღარც ჭამა მინდოდა . ის კი სულ არ მაინტერესებდა ჩემი მონათმფლობელი ავად გახდებოდა თუ არა. ამიტომ ექიმობაც დავივიწყე. ის დღე კი უფრო და უფრო მზიზღდებოდა, როცა ჯიუტად თაფლის მხარეს ვიდექი. თვითონ თაფლი კი, მაინც უფრო ლამაზად მიმაჩნდა. 

ბოლოს გადავწყვიტე, რომ გამოსავალი მეპოვა და ჩავფიქრდი. დიდი პროპორციებით გამომუშავებული ფიქრის შემდეგ, მივხვდი, რომ მე კი არ ვიყავი მასში, არამედ ის იყო ჩემში და სხეულის ისეთ ადგილს მიაგნო, სადაც ჩემი გრძნობების და შეგრძნებების მართვა შეეძლო. 

ზუსტად ვიცოდი, რომ ასეთი ყოფა იმ წამსვე დამთავრდებოდა, როდესაც ერთ (ვიღაცისთვის) უმნიშვნელო წინადადებას ვიტყოდი :” ვაღიარებ, რომ შაქარი ბევრად უფრო ლამაზია ვიდრე თაფლი!” 

მაგრამ ვერ ვამბობდი ამ სიტყვებს.

გავიდა წლები და მე ისევ იგივე პოზასა და ფიქრში გაშეშებული ვიმყოფებოდი. შაქრის მოყვარული ქალბატონი კი იცინოდა. ზუსტად ისე, როგორც მაშინ, ჩემი კოშმარი რომ დაიწყო.

ქალი იმის ნებასაც არ მრთავდა რომ მემოძრავა. არაფერი შემეძლო იმის მეტი, რომ პირში მოგროვებული ნერწყვისგან ბუშტები მებერა. ერთხელაც, როდესაც ქალბატონს ეძინა, მივხვდი, რომ საკუთარი თავისთვის უნდა მეშველა. მართალია ჩემს სხეულში მობინადრეს ხელი ერთ ნერვში მაინც ჰქონდა ჩაკიდებული, მაგრამ მას ეძინა. ანუ დრო იყო. ტუჩებით ნერწყვის დიდი ბუშტი გავბერე. თავი შიგ შევაძვრინედა ნელ-ნელა ცისკენ გავემართე. ბურთი მიზიდულობის ძალას ებრძოდა და ქარი უძრაობას. საკმაოდ აფრენილი ვიყავი, როდესაც ჩემი ჩანაფიქრის მთავარი გეგმა განვახორციელე.: ვამპირის კბილებით ბუშტი განვგმირე. ქალს გაეღვიძა. ზუსტად ისე კიოდა, როგორც იცინოდა. ჩემს ნერვში ხელი ჩაკიდებული რომ არ ჰქონოდა, მის ამ ორ ქმედებას ერთმანეთისგან ვერ განვასხვავებდი. 

გავიფიქრე : ნეტავ მაშინ, ყავა რომ შემომთავაზა, კიოდა თუ იცინოდა?

დავეშვით, დავეშვით, უფრო ჩქარა , უფრო სწრაფად. ჯერ ფეხები მეტკინა, მერე მუხლები, შემდეგ გული, ბოლოს კი არაფერი.
კატეგორია: მოტხრობები | ნანახია: 1012 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: